Saturday, June 6, 2015

გერშვინის კონკურსის ქართველი გამარჯვებულები

წელს ბრუკლინში მდებარე ლიბანის მარონიტების ღვთისმშობლის (კათოლიკურ) ეკლესიაში გაიმართა გერშვინის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი (27 აპრილი – 3 მაისი), რომლის კონკურსანტებს შორის ქართველებიც გახლდნენ. ქართველი იყო ჟიურის ცხრაკაციან შემადგენლობაშიც – მერაბ ებრალიძე, ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, რომელიც ათი წელია ნიუ იორკში ცხოვრობს და აშშ–ში ჩამოსვლის დღიდან აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. ჟიურის წევრობისთვის ნიუ იორკის შტატს ეწვივნენ მუსიკოსები იტალიიდან, ავსტრალიიდან, მექსიკიდან, სამხრეთ კორეიდან, კუბიდან, რუსეთიდან. დანარჩენები აშშ–ში მოღვაწე მუსიკოსები გახლდნენ. კონკურსი (პრეზიდენტი ამერიკელი პიანისტი მაიკლ ბულიჩევ–ოკსერი) ოთხ კატეგორიაში წარიმართა: პიანისტები, ვოკალისტები, ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტალისტები. სულ კონკურსში ასზე მეტი მუსიკოს – შემსრულებელი მონაწილეობდა.



გერშვინის კონკურსის მონაწილეები სამ ასაკობრივ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი: უმცროსები – 7–12 წლის მუსიკოს – შემსრულებლები, რომლებიც ათწუთიანი პროგრამით უნდა წარსმდგარიყვნენ; საშუალო ასაკის – 13 – 17 (15 წუთიანი პროგრამა); უფროსები – 18–36 წლის (30 წუთიანი პროგრამა). კონკურსში 18 ქვეყნის 58 პიანისტ–შემსრულებელი იღებდა მონაწილებას: უფროსი ასაკის – 38, საშუალო ასაკის – ათი და უმცროსიც – ათი. პიანისტებში უფროსების კატეგორიაში სამი ქართველი წარსდგა: ერთ–ერთი აქ მოღვაწე – ანა ღლიღვაშვილი; საშუალო ასაკიანებში – ორი და უმცროსებში – სამი. საქართველოდან კი სულ ათი მუსიკოს–შემსრულებელი ჩამოვიდა. ფინალურ ტურში კი პიანისტებში 38 მონაწილე მოხვდა, აქედან ქართველი – რვა.


გრან–პრი, რომელიც 10 000 დოლარს შეადგენდა, წინა წლისგან განსხვავებით, არავის გადაეცა. მეორე პრემია და ლაურეატის წოდება უფროსების კატეგორიაში გადაეცა ანი ყიფიანს, რომელმაც ეს პრიზი თემურ მუსტაკიმოვთან (ტემპელის უნივერსიტეტის დოქტორანტი და მრავალი კონკურსის ლაურეატი) ერთად აიღო; გიორგი გიგაშვილსა და სალომე კაბოსნიძეს გადაეცათ მესამე პრემია (ლაურეატის წოდებითურთ) საშუალო ასაკის კატეგორიაში. უმცროსებში: მარიამ ყარყარაშვილს პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა; ელისაბედ ჩოგოვაძეს – მეორე პრემია და ლაურეატის წოდება; დავით წივწივაძეს მესამე პრემია და ლაურეატის წოდება; გვანცა ქობალიას კი – დიპლომანტის წოდება და სპეციალური პრიზი უფროსების კატეგორიაში.


ვოკალისტებში ნინი შერმადინბმა ორი სპეციალური პრიზი აიღო. ასევე დიპლომანტის წოდება მიენიჭა ნიკა კოლხიდაშვილს (ვოკალი, აშშ). ჩასაბერი ინსტრუმენტების კატეგორიაში აღინიშნა ჰობოისტი თბილისიდან ნიკო მაჭავარიანი – მესამე პრემია და ლაურეატის წოდება. ხოლო ამერიკაში მოღვაწე მუსიკოსმა ირაკლი შარაძემ კი საუკეთესო აკომპონიატორის ტიტული მიიღო.

ქართველების გუნდს ჩამოჰყვა ერთ–ერთი გამარჯვებულის, ანი ყიფიანის (ამჟამად იგი მოსკოვის კონსერვატორიაში ელისო ვირსალაძის კლასში მესამე კურსზე სწავლობს) პედაგოგი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ნუცა ჭირაქაძე, რომლის თქმით, საწმუხაროდ, კონკურსანტებისთვის არც ისე იდიალური პირობები იყო შემქნილი, რადგანაც ხანგრძლივი მგზავრობისგან დაღლილებს სათანადო პირობები არ დახვდათ, მათ შორის, არც სარეპეტიციო დარბაზები, რაც, თავის მხრივ, კონკურსის ხარისხზე აისახა.


– უსამართლოდ მოექცნენ ანი ყოფიანს, რომელსაც უფრო მეტი ეკუთვნოდა, ვიდრე მეორე პრემია. – ამბობს ნუცა ჭირაქაძე, – მე გული დამწყდა არა მარტო საორგანიზაციო ხარვეზების გამო, არამედ – ჟიურის გადაწყვეტილების გამოც. თუმცა კონკურსის არსიც, ალბათ, ესაა... ამ კონკურსზე თბილისის ნიჭიერთა ათწლედმა, როგორც ყოველთვის, თავისი სერიოზული განაცხადი გააკეთა. ამჟამადაც იქ ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი სწავლობს, რომლებსაც ყურადღებას აქცევენ და ისინიც მთელს მსოფლიოში გვასახელებენ. ისევ ანი ყიფიანს გამოვყოფდი – წელს იგი უკვე სამი პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა. იგი მექსიკაში, ესპანეთსა და აშშ–ში გამარჯვებულად დასახელდა. ნიუ იორკში ანი მექსიკიდან ჩაფრინდა, სადაც გასტროლები ჰქონდა და მასტერლასებიც ჩაატარა.


მერაბ ებრალიძე პირველად გახლდათ ჟიური წევრი. იგი ამბობს, რომ კონკურსზე ქართველების მაღალი საშემსრულებლო დონე აშკარა იყო, ხოლო ამ კონკურსის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მასში ოცდაათ წელს გადაცილებულებიც მონაწილეობდნენ.

***

გერშვნის კონკურსანტთა გალა კონცერტამდე (რომელიც ეკლესიაში გაიმართა) ცოტა ხნით ადრე იმავე დღეს მანჰეტენზე Estonian Hous -ში მერაბ ებრალიძის ორგანიზებით გაიმართა საქართველოდან ჩამოსული ქართველი მუსიკოს – შემსურლებლების კონცერტი. კონცერტზე ჩამოვიდნენ აშშ–ში მცხოვრები სხვა ქართველი შემსრულებლებიც და მაესტრო მ. ებრალიძის სტუდენტებიც. ქართველ პედაგოგს ბრუკლინში თავისი კერძო სტუდია აქვს, სადაც ჯერ კიდევ საქართველოში 24 წლის ასაკში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში დაწყებულ პედაგოგიურ მოღვაწეობას აგრძელებს. მისი ქართველი მოსწავლეები აშშ–ის ფარგლებში გამართული არაერთი კონკურსის გამარჯვებულები არიან. მათ შორისაა ლონგ აილენდის ნორჩ შემსულებელთა კონკურსის პრიზიორებიც. ამ კონცერტზე დაუკრეს ებრალიძის ქართველმა სტუდენტებმაც: 13 წლის ვიქტორია ბაიარდმა და 11 წლის ანა მანიამ, რომელიც ა.წ. –ის 5 ივლისს "კარნეგი ჰოლში" ლაურეატების გალა კონცერტზე ჰაიდნისა და დებიუსის ნაწარმოებებს შეასრულებს.











































15.05.2015
24 საათი.

No comments:

Post a Comment