Saturday, June 6, 2015

ბექა, ბექას მეგობრები და "ირიდიუმი"




ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ბექა გოჩიაშვილი და მისი მეგობრები უკვე მეორედ სტუმრობენ "ირიდიუმს" – ბროდვეიზე განლაგებულ, ნიუ იორკის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯაზკლუბს, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ ლეგენდარული მუსიკოსების მასპინძლობით, არამედ იმ ახალგაზრდა ჯაზხელოვანთა კონცერტებითაც, რომლებიც იმ ასაკში არიან, როცა "ლეგენდარულობას ეძიებენ". იქ, სადაც ლეს პოლი კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს გამოდიოდა, რომლის ფოტოები და გიტარა კლუბის კედლებზეა, გაზაფხულის ერთ საღამოს ბექასა (ფორტეპიანო და ელექტროპიანინო) და მისი მეგობრების (დერილ ჯონსი - ელექტრობასგიტარა, ჯასტინ ტაისონი - დასარტყამი ინსტრუმენტები, ჯალილ შო - ალტსაქსაფონი და რასარ ამანი - ვოკალი, რეპი) მუსიკაც გაისმა. სხვათა შორის, " ირიდიუმი" ლეს პოლის ფონდის მნიშვნელოვანი ფინანსური დონორია. კონცერტი An Evening with Beka Gochiashvili and Friends კვირა დღეს ზედიზედ ორჯერ გაიმართა. საღამოს რვა საათზე მოსულმა მუსიკის მოყვარულებმა იგივეს მოსმენა ღამის ათ საათზეც მოინდომეს. მოგვიანებით კი იმის მსურველებიც გამოჩნდნენ, რომ იმ დღესვე, უფრო სწორად – უკვე მეორე დღის, მძიმე ორშაბათის დილას მესამედაც ჯაზზე დოზირება დამართოდათ.



შედარებით ახალგაზრდა, 21 წლის "ირიდიუმი", რომელიც ცნობილია, როგორც "თაიმს სქვერზე" ამერიკული 1920–30 – იანების "უდარდელი დღეების" ატმოსფეროს იდიალური შემქნელი "ბეისმენტი", ზედგამოჭრილი აღმოჩნდა იმ ერთგვარი ინოვაციისთვის, რომელიც ცოცხლად პირველად შარშან "ბლუ ნოუთ ჯაზ ფესტივალზე" მოვისმინე. ესაა რეპისა და ჯაზის შერწყმა: ბექა გოჩიაშვილის, სხვა ინსტრუმენტალისტებისა და კალიფორნიელი რეპერის რასარ ამანის ერთობლივი მუსიკალური პერფორმანსი, რომელიც მხოლოდ პირველი ჰანგებიდან გეჩვენება კონტრაპუნქტად, მერე კი ამ ჟანრების მკვეთრი განსხვავებულობა ძალიან მალევე ქრება.

ნიუ იორკის "მიწისქვეშა" სამუსიკო ექსტრიმი, ნახევრად ხუმრობით, ლამის ბობოქარი "მძიმე როკის" აკუსტიკას ქმნიდა, თუმცა არასოდეს გტოვებდა იმის განცდა, რომ ეს თხემით ტერფამდე ჯაზია. მუსიკოსები ამოსუნთქვის საშუალებასაც გვაძლევდნენ. მაგალითად, მაშინ, როცა ბექამ და მისმა მეგობრებმა პოლ მაკარტნის My Valentine ძალიან საინტერესო და მელოდიური ინტერპრეტაციით შეასრულეს. იმ დღეს იქ დამსწრე ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო თავად ბექას მიერ დაწერილი კომპოზიციების მოსმენა.



ლეგენდარული ჯაზკლუბი ბექა გოჩიაშვილსა და მის მეგობრებს გაზაფხულის ბოლო დღეებშიც უმასპინძლებს.







25.03.2015
24 საათი

No comments:

Post a Comment