Saturday, June 6, 2015

გიორგი ჯანიაშვილის Exit Your Flesh




ბრუკლინის ერთ–ერთ პრესტიჟულ უბანში Park Slope, რომელიც მუზეუმებით, პერფორმანსის ადგილებით, ბიბლიოთეკების ქსელითა და ბოტანიკური ბაღითაა ცნობილი, ავანგარდისტული არტსივრცე ShapeShifter Lab მდებარეობს. "მაქციას ლაბორატორიის" ერთ–ერთი თანამფლობელია ლეგენდარული ამერიკელი საქსაფონისტისა და კომპოზიტორის ჯონ კოლტრეინის ბასისტის ჯიმი გარისონის შვილი, ასევე ბასისტი მეთიუ გარისონი (უკრავდა ჯო ზავინულთან, ჩაკა ჰანთან და ჰერბი ჰენკოკთან). როგორც მეთიუ გარისონი ამბობს, ამგვარი ტერიტორიის შექმნა მისი ოცნება იყო; ისეთი ადგილის, სადაც ხელოვნების სხვადასხვა დისციპლინები ერთად იარსებებდნენ. ნიუ იორკის ცივი გაზაფხულის ერთ საღამოს, ShapeShifter Lab–ში ქართველი კომპოზიტორის, მულტიმედია არტისტისა და რეჟისორის გიორგი (გიო) ჯანიაშვილის ელექტროაკუსტიკური მუსიკისა და ვიდეოარტის მულტიმედიური სპექტაკლი Exit Your Flesh (გამოდი შენი სხეულიდან) გაიმართა.

ჯანიაშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. მან თრინითი ლაბანის მუსიკისა და ცეკვის კონსერვტორიაში (ლონდონი) კომპოზიციის განხრით ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მიიღო. შარშან გიორგი ჯანიაშვილმა ნიუ იორკში თანამედროვე მუსიკის კლუბში Spectrum გამართულ კონცერტში “სივრცეების უსაზღვროობა” (ელექტრონული/კონკრეტული მუსიკა კვადროფონული საუნდ სისტემისთვის) მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ფორტეპიანოს პარტიას ცნობილი თანამედროვე პიანისტი მარია ნემცოვა ასრულებდა. კიდევ უფრო ადრე კი “ბლექჰიიზის დაბრაზში” (ლონდონი) გ. ჯანიაშვილის ნაწარმოები “ბატონი ბაღლინჯო მისეირნობს ქუჩაში” მეგაფონისთვის და ორკესტრისთვის (ტექსტი: ვლადიმერ მაიაკოვსკი) აჟღერდა, რომელსაც თრინითი ლაბანის ორკესტრი (დირიჟორი ჯ. ტილბრუკი) ასრულებდა.

გიორგი ჯანიაშვილი და მეთიუ გარისონი ერთმანეთს ქართველმა მუსიკოსმა, როგორც მეთიუ მას უწოდებს, ფანტასტიკურმა პიანისტმა გიორგი მიქაძემ გააცნო. მეთიუ გარისონი ამბობს, რომ იგი ძალიან დაინტერესდა გიო ჯანიაშვილის ხელოვნებით, მისი ხმოვანი ძიებებით, რომელიც ვიზუალურ ხატებსა და ვიდეოჩანაწერს კარგად ერწყმება. "გიომ აკუსტიკური ხმის სიხშირეების სხვადასხვა დიაპოზანი მოგვასმენინა. აქამდე ამგვარი რამ ShapeShifter Lab –ში არასოდეს გაჟღერებულა. სიხშირეებისა და დროის მისეუმა შერჩევამ წარმოდგენა ძალიან ემოციური გახადა. Exit Your Flesh ძალიან შთამბეჭდავი ნამუშავარი იყო. მე ვფიქრობ, რომ ელექტრონული მუსიკისა და ვიდეოარტის კავშირი ჯერ კიდევ თავის ჩვილობის პერიოდშია და მას დიდი მომავალი აქვს. ეს სფერო ღიაა ძიებებისთვის, მათ შორის, აპარატურის /პროგრამული უზრუნველყოფის იმდაგვარად გამოყენებისთვის, როგორადაც ამას მხატვარი შეიგრძნობს."– ამბობს ამერიკელი მუსიკოსი.

პერფორმანსი Exit Your Flesh, რომელიც ჩაბნელებულ სცენასა და დარბაზში გაიმართა, სავსე იყო სამყაროს აქაური და ინფერნალური ხმებით: დაბადების, დაბანის, სიკვდილის, წყლის წვეთების დაცემის, სექსის, დაძაბულობის, ქარიშხლისა და სხვა დამანგრეველ ვნება – სტიქიების "ბგერების" ამოხეთქვით, გამოსახულებებით, რომელსაც სადღაც უმისამართოდ მიჰყავდი და ხანხდახან შენი უკან დაბრუნება ავიწყდებოდა. ალბათ, ასე ჟღერს ტკივილებისა და გათავისუფლების ხმები... ის, რაც არასოდეს გასვენებს და ის, რაც დაბადებამდე ანდა მზის სინათლის ხილვისთანავე გაიგონე, არ და ვერ გახსოვს და ისიც, რაც ფინალისთვისაა შემონახული...

გიორგი ჯანიაშვილის შემოქმედება მოიცავს ინსტრუმენტულ, ვოკალურსა და ელექტროაკუსტიკურ მუსიკას, მულტიმედიურ კონცერტებს, მულტიმედიურ მუსიკალურ თეატრს/ოპერასა და ფილმს/ვიდეო არტს; ასევე საუნდ არტს, პერფორმანს არტს, ინსტალაციას; თანამედროვე ცეკვის, თეატრის, ფილმისა და საგამოფენო მუსიკას. გიორგიმ თავისი ნამუშევრები წარადგინა საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, ჩეხეთსა და აშშ-ში. მას მიღებული აქვს დაკვეთები მსოფლიოში სახელგანთქმული ალტისტისგან რივკა გოლანისგან; საქართველოს ეროვნული გამოფენისთვის პრაღის პერფორმანს – დიზაინისა და სივრცის XII კვადრიენალესთვის; ლონდონის ანსამბლისთვის "ქომა ვოისი"; მხატვარ თორნიკე აბულაძისგან; დიზაინერ/მხატვარ დავით ჯანიაშვილისგან. იგი მუშაობდა ფესტივალებისთვის: არტისტერიუმ – 5; "სუროგატული ქალაქები"; "ქონლონ ნანქაროუს" მუსიკა; "შეუძლებელი ბრწყინვალება"; "ქეიჯის მიღმა" (ჯონ ქეიჯის ასი წლისთავის აღსანიშნავად); "თბილისის თანამედროვე მუსიკის საღამოები"; "თბილისის არტ-ფართი". მისი ნაწარმოებები შეასრულა საქართველოს ფილარმონიულმა ორკესტრმა (დირიჟორი ნ. რაჭველი), რივკა გოლანისა და თრინითი ლაბანის სინფონიეტამ (დირიჟორი ნ. პენდელბერი), თრინითი ლაბანის კამერულმა ორკესტრმა (დირიჟორი გ. როუზი) და ა.შ. გ. ჯანიაშვილმა სემინარები საკუთარი შემოქმედების შესახებ ბერკლის სამუსიკო კოლეჯსა და თრინითი ლაბანის კონსერვატორიაშიც ჩაატარა.

ჯანიაშვილი არის საქართველოს პრესტიჟული "წინანდლის პრემიის" ლაურეატი მუსიკის დარგში (2015) მულტიმედიური კონცერტისთვის - "მდუმარე ნისლი: მარტინ ჰაიდეგერის შემდეგ" ფორტეპიანოსთვის, ვიდეოსთვის და საუნდისთვის (2014). ამა წლის ათ ივნისს კი ნიუ იორკში კამერული ანსამბლის Either/Or ფესტივალზე, როცა სცენა ცნობილ ამერიკელ პიანისტს ენთონი კოულმნეს დაეთმობა, ქართველი მუსიკოსის ნაწარმოების "მდუმარე ნისლი: მარტინ ჰაიდეგერის შემდეგ" ამერიკული პრემიერაც შედგება

01.02.2015
24 საათი








No comments:

Post a Comment