Saturday, June 6, 2015

ლევან მინდიაშვილის "უნებური არქეოლოგიური სუიტები"







ბრუკლინის ინტრენსიურად ჯენტრიფიცირებულ უბანში, ბუშვიკში The Vazquez Building–ში მხატვარ ლევან მინდიაშვილის გამოფენა Suites for Unintended Archeology გაიხნსა. ავტორმა სახელწოდება სიტყვების ირონიული გადათამაშებით ამგვარად თარგმნა – "უნებური არქეოლოგიური სუიტები".





სიტყვას "სუიტა" ინგლისურად რამდენიმე მნიშვნელობა აქვს და იგი სასტუმროს ნომერს/საცხოვრებელ სივრცესაც ნიშნავს და ასევე – მცირე ზომის მუსიკალურ ნაწარმოებთა ჯგუფსაც, – ამბობს ლევან მინდიაშვილი, – ამ პროექტით მინდოდა როგორც ჯენტრიფიკაციის მზარდი პრობლემებისა და უკვე ლამის ყოვლისმშთანმთქველ სამშენებლო/დეველოპერული პროცესებისთვის გამესვა ხაზი, ასევე – ჩემი ნამუშევრების უფრო ინტიმური, შინაგანი მხარისთვისაც. იმის გამო, რომ თითქმის ყველა ჩემი ნახატი/კომპოზიცია პირად გამოცდილებებს თუ ისტორიებს ეფუძნება, მინდოდა, რომ მათი მნიშვნელობა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო.


თქვენ ამბობთ, რომ "საჯაროსა და პრივატული სივრცეს" იძიებთ. როგორ?




დღესათვის უფრო ცხადი ხდება, რომ თავად მნიშვნელობა "პრივატულისა" და "საჯაროსი" შეცვლილია, ხოლო ზღვარი მათ შორის – ძალიან გამჭვირვალე და მყიფე. ამის საილუსტრაციოდ თუნდაც სოციალური ქსელების ერთი თვალის შევლებაც საკმარისია. იქ აბსოლუტური სიზუსტით შეგვიძლია შევიტყოთ ჩვენი "მეგობრის" ნებისმიერი ნაბიჯი, მოქმედება, შეხვედრა, ადგილმდებარეობა და ა.შ.




მახსოვს, რომ ჩვენ წინა საუბარში თქვენ აღნიშნეთ გამჭვირვალე შენობები, რომლის მიღმადაც თავისუფლად შეგვიძლია მივადევნოთ თვალი ადამიანთა მოქმედებებს, იქნება ეს კაფე, ოფისი თუ სპორტული დარბაზი. წმინდა ეკონომიკური თვალთაზრისითაც ურბანულ სივრცეებში სულ უფრო მცირდება საჯარო, "ფაბლიქ" სივრცეები, მძლავრი სამშენებლო კომპანიების მიერ კი მათი სრულად ათვისების მცდელობები სულ უფრო ძლიერდება. ცხადია, ჩვენს ცნობიერში, ჩვენს პირად, ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეებში ამგვარი "შემოჭრა" დიდ გავლენას ახდენს, ჰოდა, ჩემი ინტერესიც ზუსტად ამ ცვლილებებს ეფუძნება. მე ვცდილობ თვალი მივადევნო ამ ტენდენციებს, დავაფიქსირო ანდა შევაფასო. რადგანაც ეს დინამიურად განვითარებადი პროცესია, ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე რაიმე ზოგადი დასკვნების გამოტანა, ალბათ, შეუძლებელია. 


დიდ ქალაქებში ადამიანებს თავიანთი "ამოჩემებული" ადგილები აქვთ...




მეც მაქვს ამგვარი ადგილები, რომლებსაც პერიოდულად ჩავუვლი ხოლმე და ფოტოებს ვუღებ. ასე ვთქვათ, ჩემს არქივს და, მოგვიანებით მათ ბაზაზე, ჩემს ნამუშევრებს ვქმნი. თუმცა ხშირად ის ადგილი ან სახეშეცვლილი მხვდება, ან კი საერთოდ აღარ არსებობს. ისე გამოდის, რომ მე ჩემივე ინსპირაციის წყაროს უნებური არქივარიუსი ვხდები, რადგანაც კონკრეტული ადგილებისა თუ შენობების მასალა და ისტორია მიგროვდება.


როგორ მოქმედებს მხატვარზე, როგორც თქვენ ამას უწოდებთ, "სახლის იდეა" და ჯენტრიფიკაცია?



ყველა ადამიანზე განურჩევლად მათი პროფესიისა, ეს ორივე პროცესი, ალბათ, ერთნაირად მოქმედებს. დღეს მთელი მსოფლიო მუდმივად გადაადგილდება - ზოგი იძულებით, ომების, ეპიდემიების, ბუნებრივი კატასტროფების ან თუნდაც მზარდი ფასების გამო; ზოგიც ნებაყოფლობით - უკეთესი მომავლის იმედით ან გაუმჯობესებული პირობების გამო. დასკვნა ერთია - ერთ კონკრეტულ ადგილას მიკუთვნებულობის იდეაც, ისევე როგორც ზემოთ ნახსენები სხვა ფაქტორებიც - უკვე მოძველებული და შეცვლილია.




რაც შეეხება ჯენტრიფიკაციას: ესეც ერთი მხრივ, ქალაქის აქტიურობაზე, მის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს, მის ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს; მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანთა დიდ ნაწილს აიძულებს მათთვის უკვე ხელმიუწვდომელი ადგილი მიატოვოს და უფრო იაფი საცხოვრებელი/ტერიტორია ეძებოს.



როგორია თქვენი "ადგილმონაცვლეობის" პერსონალური ისტორია?



მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება, როცა კი ამის საშუალება მომეცემა ხოლმე, ვეძებ ადგილს/გარემოს, სადაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებასა და გაზრდას შევძლებ. ჯერ იყო გერმანია, შემდეგ – ბუენოს აირესი, ახლა – ნიუ იორკი. რა თქმა უნდა, ყოველი ცვლილება ჩემ ნამუშევრებზე გავლენას ახდენს, რადგან ყოველი ცვლილებით უფრო მეტს ვიგებ, მეტს ვფიქრობ და კიდევ უფრო მეტის შეცნობა მინდება.





29.05. 2015

netgazeti.ge

No comments:

Post a Comment