ნიუ იორკის ცენტრში მდებარე ნეორენესანსული Bohemian National Hall–ი XIX საუკუნის ბოლოს აშენდა და თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც ჩეხური და სლოვაკური კულტურის წარდგინების ადგილი. ნახევარი საუკუნის წინ ნიუ იორკმა მას ისტორიული ძეგლის სახელი მიანიჭა. შენობის სივრცეში განსაკუთრებული ადგილი დიდი ჩეხი კომპოზიტორის ანტონინ დვორჟაკის ხელოვნებისა და მისი ამერიკული მემკვიდრეობის არქივს ეთმობა. "ბოჰემიურ დარბაზებში" არაერთი საინტერესო გამოფენა, კონცერტი, პერფორმანსი თუ ფილმის ჩვენება ეწყობა. ამჯერად "ბოჰემიურმა დარბაზებმა" ქართველ ხელოვანებსაც უმასპინძლა, რომელთა ნამუშევრების ჩვენებაც "კერამიკისა და მინის ბაზრობის" ფარგლებში გაიმართა. გამოფენილი ნაკეთობებისა თუ მასალის კატეგორიები შემდეგი გახლდათ: საჩუქარი, სუვენირი, სამკაული - საიუველირო ნაკეთობები, დეკორი (ჭურჭელი, აქსესუარები), ტექსტილი, კერამიკა, მინა, ლითონი, ტყავი, ბუნებრივი ბოჭკოები (სელი, აბრეშუმი და სხვა), სარეკლამო სუვენირები, ქაღალდი, სახლის აქსესუარები. ექსპოს ორგანიზატორების ხელშეწყობით შეიქმნა კარგი პირობები ყველა სახის გამომფენთათვის: ინოვაციური, კულტურული მემკვიდრეობის, სოციალური მეწარმეობის განვითარებისა თუ საქმიანობის ეკონომიკური წახალისების. ექსპო ერთდროულად მნიშვნელოვანია, როგორც კულტურული, ასევე სავაჭრო - სამრეწველო თვალსაზრისითაც. ყველა პროდუქტი წარმოშობის ქვეყნის მიერ გამოიფინა.
2015 წელს საქართველო ამგვარ საერთაშორისო ბაზრობა–ფესტივალზე პირველად წარსდგა. "ბოჰემიურ ნაციონალურ დარბაზში" ქართული გამომცემლობა "მინიატურის" ხელმძღვანელის ქეთევან ლაზარიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ნიმუშები იყო გამოფენილი. ბაზრობაზე საქართველოს საპრეზენტაციო სივრცეს „საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანა“ ეწოდა. ქეთევან ლაზარიშვილის თქმით, ქართული ნაკეთობების ამგვარი პროექტით წარმოჩენა ჩვენი ქვეყნის მიმართ მეტი ინტერესის გაღვივების საწინდარია.
ქეთევან ლაზარიშვილი: – "კერამიკისა და მინის ბაზრობაზე" წარდგენილი ნამუშევრები იშვიათი და ამავდროულად უნიკალურია, როგორც თავისი მნიშვნელობით, ასევე მხატვრული ღირებულებით. ასეთი საერთაშორისო ფესტივალი საუკეთესო გზაა ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გასაცნობად. სწორედ ამიტომაც შეირჩა პროექტის ამგვარი სახელწოდება „საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანა“. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის, როგორც ქვეყნის, ასევე სტენდზე წარმოდგენილი ნივთების მიმართ ინტერესს, რაც სამომავლოდ შესაძლოა წარმოების მხრივ თანამშრომლობაზეც აისახოს.
ქართულ სტენდზე წარმოვადგინეთ საქართველოს ოქროს ფონდის ძვ. წ. აღ.-ის უნიკალური ნიმუშების ასლები ახალგორის, თრიალეთისა და ვანის გათხრებიდან; კოლხური კულტურის იშვიათი ლითონის ნაკეთობები; ძველი ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრები, კერამიკა, ქართული სუვენირი, ფაიფური, მინანქარი, ნაქარგობები, ქართული სამოსის უნიკალური ნიმუშები, რომელიც წარმოადგენს საქართველოს, როგორც მრავალეროვანი ქვეყნის კულტურის სახეს თავისი ევროპული და აზიური გავლენებით. ბუნებრივია, ამგვარი ნაირსახოვნება სხვა ერებთან თანაცხოვრების გავლენით საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიულ ნივთებზეც წარმოჩინდა.
გამოფენაში მონაწილეობდნენ: მაია გაბადაძე, გიგიშა პაჭკორია, ანა ფარცვანია, რობინზონ იმერლიშვილი, ნანა ალადაშვილი, გიორგი როსტიაშვილი, გიორგი კობალაძე, ნიკა აბელაშვილი, ინგა ლაზარაშვილი, თენგიზ ჭოლოკავა, ეკა გეგუჩაძე, გიორგი ეთერია, სიმონ ჭელიძე, ლევან ჯამალაშვილი, დავით ნავერიანი, მაია მელქაძე, ქეთო წიკლაური, ლუკა მარტიროსიანი, მზია შავთელაძე, იოსებ პატარაია, ინგა დანელიანი, დავით დავითაია, უშანგი ქადაგიშვილი, კომპანია "ჯეი ენდ ე ჯორჯია" და თბილისის სამხატვრო აკადემიის ლაბორატორია „ლურჯი სუფრა“.
24 საათი.
No comments:
Post a Comment