2015 წლის 29 აგვისტოს, იმ დღეს, როცა ინგრიდ ბერგმანს დაბადებიდან ასი წელი შეუსრულდებოდა, ნიუ იორკში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა (MoMA) გენიალური შვედი მსახიობის მონაწილეობით ფილმების სერია წარადგინა. 29 აგვისტო ბერგმანის გარდაცვალების დღეცაა. ბუნებრივია, რომ პროგრამა ფილმით “კასაბლანკა” (1942) გაიხსნა, “შემოდგომის სონატით” (1978) კი – დაიხურა. პრინციპში ჩემთვის “ბუნებრივი” იქნებოდა ბერგმანიადის “შემოდგომის სონატით” დაწყება, რადგანაც თინეიჯერის ასაკს ჯერ არმიღწეულს ეს ქალი სწორედ ამ ფილმით მხოლოდ მე არ გამიცნია. ისიც მახსოვს, თუ როგორ შემაშინა მან. ამის რეალური მიზეზი, ცხადია, არ არსებობდა, მაგრამ მაინც ისეთი ბავშვისთვის, რომელიც ფილმის ზეგავლენის ქვეშ დიდხანს რჩება და თავის ფანტაზიებს უსადაგებს, “სონატა” “ცივ შიშს” იწვევდა და მოწიფულობის ასაკშიც არასოდეს გამჩენია მისი მეორედ ნახვის სურვილი. მსახიობზე კი ჩამომიყალიბდა წარმოდგენა, რომ ის იყო “ყინულის დედოფალი”, რომელსაც შვილები განა “უბრალოდ” არ უყვარდა, არამედ სძულდა კიდეც.
ამჯერად ის, რომ MoMA–ში ამერიკელი მაყურებლისთვის განკუთვნილი ცამეტი ფილმის რეტროსპექტივა შერჩეული იყო არა პროფესიონალი კინომცოდნე–კურატორების, არამედ ინგრიდ ბერგმანის შვილების მიერ, რომლებიც თავად წარადგენდნენ ფილმებს და თითქმის ყოველი ჩვენების წინ დედის ორმოცდაათწლიან კინოკარიერას მიმოიხილავდნენ, “შემოდგომის სონატის” “ჰეპი ენდურ” ფინალად მომეჩვენა. არც ერთ შვილს დედა სახელითა და გვარით არ მოუხსენიებია, არამედ სიტყვით Mom (ჩვენებურად “დედიკო”). ევროპიდან ყველანი – პია ლინდსტრომი, ინგრიდ როსელინი, რობერტინო როსელინი და იზაბელა როსელინი ჩამოვიდნენ იმისთვის, რათა ბერგმანის მონაწილეობით გადაღებული ფილმები MoMA–ს პროგრამისთვის სახელად “ინგრიდ ბერგმანი: საუკუნოვანი ზეიმი” წარედგინათ და დედის პორტრეტი მცირედი შტრიხებით შეევსოთ. მაგალითად, ინგრიდ როსელინიმ ფილმის – “დოქტორ ჯეკილი და მისტერ ჰაიდი” (რეჟისორი ვიქტორ ფლემინგი. 1941) დაწყებამდე განაცხადა, რომ ინგრიდ ბერგმანს ამ სურათში ჯეკილის შეყვარებული უნდა ეთამაშა, მაგრამ დედამისის დაჟინებული თხოვნა იყო, რომ მას ამ კაცის მსხვერპლის, აივი პეტერსონის (რომელსაც ეშმაკად გადაქცეული მთავარი გმირი აწამებს) როლი შეესრულებინა.
ნაყოფიერი იყო ინგრიდ ბერგმანის იტალიაში გამგზავრებაც, სადაც ნეორეალიზმის პიონერის, რობერტო როსელინის ხუთ ფილმში ითამაშა და ეს ფილმები დღეს მოდერნისტული კინოს შედევრებადაა მიჩნეული. იტალიაში მას როსელინი შეუყვარდა (როგორც თავად ამბობს, “რობერტო არ ჰგავდა კაცებს, რომლებსაც მანამდე იცნობდა”) და ცოლად გაჰყვა. ამ “მოვლენამ” კი მსახიობის გარშემო პურიტანულ ამერიკაში “მოსკანდალო” მითქმა–მოთქმა გამოიწვია. თუმცა ამაზე დიდხანს არ უმსჯელიათ, რადგანაც ახალმა ფილმებმა ბერგმანის ნიჭზე უფრო მეტი თქვა, ვიდრე გამკიცხავმა “საზოგადოებრივმა აზრმა”, თუმცა მაშინ ფიქრობდნენ, რომ ბერგმანის ეს “უზნეო საქციელი” მის კარიერაზეც იმოქმედებდა.მას მერე, რაც ერთმა ამერიკელმა სინემატიკოსმა ინგრიდ ბერგმანის მონაწილეობით ფილმი “ინტერმეცო” (1936) ნახა, მისი აშშ–ში მიწვევა გადაწყვიტა. ასე გადაიქცა “ვიქტორიანული ეპოქის” გოგონას მიმსგავსებული იმიჯი ჰოლივუდის, როგორც აქ ამბობენ, Sweetheart-ად.
MoMA-ში იზაბელა როსელინი ყვებოდა: “დედაჩემი საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა და ეს ბედნიერი და ამავე დროს სევდიანი დღეცაა. საოცარია, რომ ჩემი მშობლები ასი წლის გახდნენ, ისინი ყოველთვის ჩემთან არიან. მახსოვს როგორ ვიეჭვიანე, როცა მამამ მომითხრო, თუ როგორ იმოგზაურეს მათ პირველად ერთად თვითმფრინავით, როგორი იყო მათი პირველი ჭექა–ქუხილი და როგორ გადალახა დედამ ოკეანე პირველად გემით კი არა, თვითმფრინავით. მე ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი საოცარი მოგზაურობებით სავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ ისინი”.
ფილმის პროდიუსერმა და ერთ–ერთმა სცენარისტმა სტინა გარდელმა აღნიშნა, რომ “როცა ფილმის გადაღება დაანონსდა, ყველაზე მეტად მის მიმართ ინტერესი აშშ–სა და საფრანგეთში გამოიხატა, მაგრამ არა ინგრიდის სამშობლოში. თუმცა, როგორც კი ფილმი შვედეთის კინოთეატრებში გამოჩნდა, შედეგი ფანტასტიკური იყო. ის ხუთ კვირაში ასორმოცდაათმა ათასმა ადამიანმა ნახა. ფილმის ფინანსური მხარდამჭერების ძიების ადრეულ სტადიაზე ჩვენ იმის გათვალისწინებაც მოგვიხდა, რომ ინგრიდ ბერგმანი უფრო “საზღვარგარეთ მოღვაწე” მსახიობი იყო, ვიდრე, თუ შეიძლება ასე ითქვას – შვედეთის ტერიტორიაზე და როცა ფილმი წარმატებული აღმოჩნდა, რასაკვირველია, შვედები ალაპარაკდნენ – ჩვენ გვიყვარს ინგრიდ ბერგმანიო. ინგრიდი მამაცი ქალი იყო. პირადად ჩემთვის მისი ცხოვრებაზე ფილმის გადაღება იყო საჩუქარი, დიდი სტიმული. მე მყავს ორი შვილი და ამავე დროს ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მინდა ჩემი ოცნებები ახდეს. ინგრიდს ჰქონდა, ასე ვთქვათ, მოდენისტული გრძნობები ბიოლოგიურთან და არაბიოლოგიურთან დაკავშირებით. მიკვირდა იმისა, თუ როგორი თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრობდა, თითქოს იგი 2015 წლის კბილა იყო”.“ბერლინის კინოფესტივალზე (2011) ჩემ გვერდით ჟიურის თავჯდომარე იზაბელა როსელინი იჯდა,” – გვითხრა დოკუმენტური ფილმის “ინგრიდ ბერგმანი მისი სიტყვებით” რეჟისორმა სტიგ ბიორკმანმა (ვუდი ალენზე, ინგმარ ბერგმანსა და ლარს ფონ ტრიერზე დაწერილი წიგნების ავტორი), რომელმაც წელს თავისი ნამუშევარი ნიუ იორკის 53–ე კინოფესტივალზე წარადგინა. “– მან გადმომხედა და მითხრა: “სტიგ, მგონი, დროა დედაზე ფილმი გადავიღოთ, მალე მისი დაბადებიდან ასი წლისთავი შესრულდება და მეც… გადავიღე”. ეს სურათი მწერლისა და კინოკრიტიკოსის სტიგ ბიორკმანისთვის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ფაქტობრივად, პირველი სრულმეტრაჟიანი კინონამუშევარია.
***
ორსაათიანი ფილმი აგებულია ინგრიდ ბერგმანის ავტობიოგრაფიულ (1979) წიგნზე, ასევე უესლიანის უნივერსიტეტის (კონექტიკუტი, აშშ) არქივში არსებულ მასალებსა და ფილმების: “სტრომბოლისა” (1950) და “მოგზაურობა იტალიაში” (1954) სცენებს გარეთ დაფიქსირებულ ფოტო–ვიდეოდოკუმენტებზე, როცა ინგრიდ ბერგმანი თავად იღებდა.
სტიგ ბიორკმანმა აღნიშნა, რომ “ფილმში უნიკალური ეპიზოდია, როცა სამი მეგავარსკვლავი – ლივ ულმანი, სიგურნი უივერი და იზაბელა როსელინი ინგრიდ ბერგმანის შესახებ ერთად საუბრობენ. ამ ფილმში ჩემთვის ყველაზე საყვარელი ეპიზოდი კი ისაა, როცა ინგრიდი ამერიკაში ბრუნდება (მას ცოტა ეშინოდა დაბრუნებისა იმის გამო, რომ რობერტო როსელინიზე დაქორწინების შემდეგ მას რეპუტაციაშელახულ ქალად თვლიდნენ), მაგრამ მაინც იღიმოდა. ხოლო როცა თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისას ჰკითხეს – ნანობდა თუ არა იმას, რაც გააკეთა, ინგრიდმა ასევე ღიმილითვე უპასუხა, რომ არ ნანობდა და დასძინა: “მე მხოლოდ იმაზე ვნანობ, რაც ჯერ არ გამიკეთებიაო”. ეს ინგრიდისთვის ძალიან დამახასიათებელი პასუხი იყო”.
***
შვიდჯერ ოსკარზე ნომინირებულ, სამგზის ოსკაროსან და სამგზის ჟანა დ’არკ შვედ მსახიობზე გადაღებული ფილმი ასე იწყება: “მე ვარ ინგრიდი. ეს არის ჩემი ამბავი”. გახმოვანებითა (ინგრიდს შვედი მსახიობი და მოცეკვავე ალისია ვიკანდერი ახმოვანებს), მუსიკით (კომპოზიტორები – ბიტანელი მაიკლ ნუმანი და შვედი პოპმუსიკოსი ევა დალგრენი) ფილმის ავტორებს არა მხოლოდ ინგრიდ ბერგმანის სამყაროში, არამედ ჰოლივუდის, იტალიისა და შვედეთის წინასაუკუნოვან კინო თუ ყოფითი ცხოვრების სცენებში შევყავართ და უნებურად სინემატოგრაფის ამა თუ იმ შედევრების შექნის ისტორიის მოწმენიც ვხდებით. ინგრიდის, რომელიც მორიდებული, მორცხვი ადამიანი იყო, ცხოვრების ბევრი დეტალი, ალბათ, უცნობი დარჩებოდა, რომ არა თავად მთავარი მოქმედი გმირის ვნება, ყველაფერი შეეგროვებინა. მათ შორის, ცრემლებისგან დასველებული განქორწინების საბუთები, ძველი პასპორტები თუ Lace Valientine–ები (მაქმანებიან–გულებიან–ყვავილებიანი ბარათი, რომელსაც ვალენტინობის დღეს შეყვარებულები ერთმანეთს უგზავნიან).ფილმი, რომელიც წელს კანის კინოფეტსივალზე აჩვენეს (განყოფილება – “კანის კლასიკა”/პრიზი “ოქროს თვალი”), ვანკუვერის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი მაყურებელთა ხმებით “ყველაზე პოპულარული დოკუმენტური ფილმის” პრიზით დააჯილდოვეს, შედგება აქამდე უცნობი ვიდეომასალისგან, ასევე- ამონარიდებისგან წერილებიდან, ინგრიდის დღიურებიდან (იგი დღიურს ბავშვობიდან აწარმოებდა),ინტერვიუებიდან და მისი შვილების მოგონებებიდან.
ფილმში პია ლინდსრომი, ინგრიდ ბერგანის შვილი პირველი ქორწინებიდან, თავის და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ მის პრეტენზიასაც “ახმოვანებს”, რომ ყველა ბავშვს უნდა, დედა უფრო მეტ დროს მასთან ატარებდეს. იზაბელა როსელინი ამბობს, რომ დედამისი “მართლაც გამბედავი ადამიანი იყო, რადგანაც შეეძლო კოსმეტიკა მოიშორებინა და სხვებისისთვის ეჩვენებინა, თუ როგორია სინამდვილეში”… დაბოლოს, ინგრიდ ბერგმანის სიტყვები: “მე ბევრს არ ვითხოვ. მე, უბრალოდ, ყველაფერი მინდა.”
02.01.2015
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment