Monday, February 22, 2016

ის, რასაც ვერ ვხედავ





ჯონ ბრამბლიტის ნახატები ექვსი წლის წინათ შემთხვევით აღმოვაჩინე. მას მერე თვალს შეძლებისდაგვარად ვადევნებ. ამას წინათ ჯიმი ჰენდრიქსი დაუხატავს. ცოცხალი არასოდეს უნახავს, უბრალოდ ფოტოდან გადახატა. ჯიმის თვალები არ უჩანს, შავ “პენსნეშია” და სახე ფერადი აქვს. ნახატს ჰქვია „მე ვხედავ ბლუზს”. აი, ახლა სიტყვა „თვალები“ დავწერე და დავაფიქსირე, რომ ჯონისთვის მხედველობის ორგანოს აღმნიშვნელ სიტყვას სულ სხვაგვარი დატვირთვა აქვს. ჯონი ბრმაა. არა, განა მხოლოდ მხედველობადქვეითებული. საერთოდ ვერაფერს ხედავს. და ბუნებრივია, ფოტოსაც ვერ ხედავს. უფრო სწორედ, ხედავს, მაგრამ სულ სხვაგვარად, ვიდრე ისინი, ვისაც მხედველობის პრობლემა არა აქვთ. იგი ადამიანის სახეებს მხოლოდ თითებით „ხედავს“. ისევე, როგორც სხვა ყველაფერ დანარჩენს და ისევე, როგორც საღებავებს, ფურცლებს, ფუნჯებს. იმასაც ამბობს, რომ ბრმებს შორის სუიციდის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. მაგრამ თავად თვითმკვლელობაზე არ უფიქრია. უეცრად დაბრმავდა. აი, გათენდა და ... ვეღარაფერი დაინახა. მანამდე კი, სანამ, როგორც თავად ამბობს, „სრულ წყვიდიადში განთავსდებოდა“, ხელოვნებას ყოველთვის თავის ნაწილად აღიქვამდა. მაგრამ არ ხატავდა. დაბმავებიდან შემდგომი ერთი წელი – არაფერი. უფრო სწორედ, ვერაფერი. მერე ერთ საღამოს უბრალოდ იატაკზე დაჯდა, ფურცლები და ზეთის საღებავები დაილაგა და ხატვა დაიწყო. იმ ღამეს ლამის ასჯერ დაიწყო და ნახატი ამდენჯერვე დახია – დაჭმუჭნა. ამბობს, რომ თვალები წესრიგში აქვს, უბრალოდ მის თავში მოხდა ისეთი რამ, რის გამოც ტვინი ხატებს ვეღარ „პროდუცირებს“... ოცდაათი წლის ასაკში ეპილეფსიის გართულების გამო, სინათლე ვეღარ დაინახა. თუმცა დასძენს, რომ ყველაფერი მის გარშემო ფერადოვანია და ამიტომაცაა მისი ნახატები ასეთი ფერადი. მე თუ მკითხავთ, ჭყეტელა ფერადიც. მაგრამ არაგამაღიზიანებელი ...



ჯონმა ყველაფერი იცის შიშზე, დეპრესიაზე, სიგიჟეზე და სასოწარკვეთაზე. დეპრესია მისთვის – ყველაზე უარესი შავია. სრულ წყვდიადში მანამ იმყოფებოდა, სანამ არ აღმოაჩინა, რომ ხედავს. მისი თვალები მისი თითებია. ის შეხებით გრძნობს ფერებს, საღებავებსა და მენატურეების სახეებს. ასე დახატა მეუღლე, შვილი, ნაცნობები და უცნობები. მისი პორტრეტები ლამის ფოტოგრაფიული სიზუსტისაა... მისი სიყვარული ჯეკია. ჯონი ჯეკის უწოდებს „ქალს, რომელიც ბრმა მხატვარს ცოლად გაჰყვა“... ჯონი აწყობს გამოფენებს, არაერთი პრესტიჟული პრიზის მფლობელია და თან ჩვეულებრივ სკოლაში თვალხილულ ბავშვებს ასწავლის იმას, თუ როგორც იგრძნონ ფერი და საღებავი. ბავშვებს თვალებზე ყელსახვევს აფარებენ და ისინი გუაშის თუ აკვარელის საღებავებში თავიანთ პატარა თითებს ხალისიანად ატყაპუნებენ. ჯონის თითები ყველაფერს გრძნობენ. ჯონისთვის ფერი არის გემო, ფერი არის გრძნობა და ფერი არის სიცოცხლე. „უკვე აღარ მეშიანია“ – ამბობს ჯონი. სანამ დაბრმავდებოდა, არასოდეს დაუხატავს. რადგანაც ეშინოდა. ახლა ვერ ხედავს და ხატვის არ ეშინია. თოთხმეტი წელია, რაც მხედველობა დაკარგა...ეპილეფსია კვლავ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ბედნიერია, რადგანაც იცის, თუ როგორ იყოს აქ და ამჟამად. იგრძნოს წამი.



ეს თითქმის დაუჯერებელი ისტორია მაშინ გამახსენდა, როცა ნიუ იორკში ამჯერად ბრმა ფოტოგრაფების გამოფენები მოეწყო. პრინციპში, ამგვარი რამ დიდი ხანია ეწყობა. 1998 წლიდან. არა მარტო მუზეუმებში, არამედ წიგნის მაღაზიებშიც. ვიცი, რომ ჯონ ბრამალტი კომპიუტერული, არც ისე რთული ილეთის საშუალებით ფოტოპიქსელებისგან 2D განზომილებაში ადამიანის სახის გამოსახულების შექმნის „მარტივ“ მეთოდს ფლობს, რომელშიც ჩემი არატექნიკური ტვინი ჯერ კარგად ვერ ერკვევა. მაგრამ ფაქტია, რომ მას შეუძლია ფოტოდან პორტრეტი გადახატოს. ჯონმა სწორედ ასე დახატა ჰენდრიქსიც – მუსიკოსი, რომელიც ბავშვობიდან ძალიან უყვარს. ჯიმი ნატურაა, რომლის სახესაც მხატვარი ვერასოდეს შეეხება, ამიტომაც მან აქაც იპოვა გამოსავალი – ფოტოპიქსელებმა მას ჰენდრიქსის სახის შუქ–ჩრდილები გამოუსახეს.

***

ერთხელაც ვზივარ Rubin Museum of Art - ში და სცენაზე ორი ადამიანის საუბარს ყურადღებით ვუსმენ. ერთი ცნობილი ამერიკელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ საქსია , მეორე კი – წარმატებული ფოტოგრაფი ჯონ დაგდეილი. ჯონი ბრმა ფოტოგრაფია. ოლივერი კი ექიმი და მწერალი. მშვიდად ზის, მისი ვიზავის შინაგანს სახალხოდ იკვლევს და ავრცობს თემას იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდება ადამიანის ხედვა. უცნაური დიალოგია მედიკოსსა, რომლის ბესტსელერის მიხედვით ოსკაროსანი ფილმი „გაღვიძება“ (1990. რეჟისორი პენი მარშალი.როლებში:რობი უილიამსი და რობერტ დენირო) გადაიღეს და ორმოცდაათ წელს გადაცილებული ფოტოხელოვანს შორის, რომელიც ინსულტის შედეგად 32 წლის ასაკში დაბრმავდა, 25 წლის წინათ კი შიდსის დიაგნოზი დაუდგინეს. თან მუზეუმის აურაც საკითხის არსის გარკვევაში ხელს გვიწყობს. აშშ–ში ეს ერთადერთი საგამოფენო სივრცეა, რომელიც მთლიანად ჰიმალაის რეგიონს ეძღვნება. გარშემო ტიბეტური, ჩინური, ინდური ხელოვნების უნიკალური კოლექციები გატრუნულან. ოფიციალურად კი ამ საჯარო „დისკუსიას“ ასე ჰქვია – „საუბარი არაფერზე“. არადა უსამართლობაა ასე უწოდო მსჯელობას იმაზე, თუ როგორ იბადება საკუთარი ხედვა, რას ნიშნავს ცვლილება, როგორ ვქმნით ჩვენსავე ტვინს, რას ვხედავთ მაშინ, როცა არაფერს თუ ვერაფერს ვხედავთ და როგორ შეიძლება სიბრმავემ გაგვანათლოს...



ჯონი დაგდეილის ფოტოები მე-19 საუკუნითა და იმ დროინდელი დეკორატიული ხელოვნებითაა შთაგონებული, მაგრამ როგორ ხედავს იგი ამ საუკუნეს? და ამ კითხვას თავადვე პასუხობს: მან მხედველობა თავის გულსა და ცნობიერებაში აღმოაჩინა. ამბობს, რომ ადამიანები მის ფოტოებზე იმიტომაც არიან მშვიდად, რომ იგი ფოტოებს „ფლეშით“ არასოდეს იღებს. ჯონი ოდნავ ხედავს. ცალ თვალში ვიწრო ნახევარმთვარეს, რომელიც პროგრესულად ვიწროვდება. რასაკვირველია, ჰყავს ასისტენტები, რომლებიც ეხმარებიან. მისი ფოტოები განთავსებულია ისეთ არტსივრცეებში, როგორიცაა "მეტროპოლიტენ მუზეუმი" და "უიტნი მუზეუმი". დაგდეილმა არც ისე დიდი ხნის წინათ ფოტოგრაფიის საკუთარი სკოლა დააფუძნა და ოცზე მეტი პერსონალური გამოფენა მოაწყო, მნახველებს კი უბრალოდ არ სჯერათ, რომ ეს "ნახატები" იმ ადამიანის გადაღებულია, ვისთვისაც ჯანმრთელი თვალი „სამუშაო ინსტრუმენტი“ დიდი ხანია არაა. "ჩემი სტილი შეიცვალა მას მერე, რაც დავბრმავდი. ახლა მე მაქვს სიცხადე, რომელიც ადრე არ მქონდა. ჩემი ფოტოგრაფიული ხედვა ახლა უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე" - ამბობს ხელოვანი.



***

ფოტოგრაფმა ბენჯამიმ პეიჯმა თავისი ძველი მეგობარი ქალი გადაიღო. მას იგი არასოდეს უნახავს. ამიტომ ქალის თავს შავი ლაქა დაადო.

ვიქტორინ ფლოიდ ფლადის ავტოპორტრეტი 1960 – იანი წლების ამერიკული კინოფანტასტიკის მოტივებითაა შთაგონებული. ამ ფილმებში ბავშვებს, რომლებიც უცხოპლანეტელებისგან იბადებოდნენ, ძლიერი ინტელექტი და დიდი მანათობელი თვალები ჰქონდათ.

ჯონ გარდერის მხედველობის დაქვეითება ჯერ იდევ ბავშვობიდან დაეწყო. იგი ახლა მხოლოდ შუქსა და სიბნელეს არჩევს.

მერიონ შეპარდმა თავისი თავი ყოველდღიურობის ქალღმერთად გადააქცია –ავტოპორტრეტი შექმნა ყვავილებით, ცოცხით და კიდევ რაღაცეებით. დაჯდა და ფოტო ასევე უსინათლო ფოტოგრაფს გადააღებია.

დონალდ მარტინესი როცა ფოტოს იღებს, თვალებს ხუჭავს, რადგანაც თვლის, რომ თვალები მას ხელს უშლის.

ფოტოგრაფებს ჯგუფური ნამუშევრებიც აქვთ. მაგალითად, თვალდახუჭული, შავ ნისლ –ბურანში გახვეული მამაკაცების სახის ფოტოების სერია.

ერთ მშვენიერ დღეს ამ და კიდევ არაერთი უსინათლო ფოტოგრაფის ნამუშევრების გაერთიანება მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ მარკ ანდრესმა გადაწყვიტა. მან მხედელობადაქვეითებული და სრულიად ბრმა ფოტოგრაფების ნამუშევრები ერთ საიტზე http://www.seeingwithphotography.com/ განათავსა. ამბობენ, მხედველობის არმქონენი, რომლებსაც, ფაქტობრივად, ორგანო ატროფირებული აქვთ, მაინც არჩევენ სინათლეს და სიბნელესო. ბრმა ფოტოგრაფებს ასისტენტები ეხმარებიან – ისინი კამერის ფოკუსს აყენებენ და ობიექტივში კომპოზიციას ირჩევენ, მერე ჩაბნელებულ ოთახში ობიექტივის სახურავს ღიად ტოვებენ და გადასაღები საგნის კონტურის გარშემო ფარნის სინათლეს ამოძრავებენ. ფოტოგრაფი ამ დროს ობიექტივს მანათობელ საგანს უმიზნებს. იქმნება ფოტო, რომელზეც ის აისახება, რაც განათებული იყო.



თავად მარკი მხატვრების ოჯახში დაიბადა. დედა პორტრესტია, ხოლო მამა აბსტრაქციების მხატვარი. როგორც თავად ამბობს, დეკუნინგის, ალეჩინსკისა და მატისის სტილში. მარკი თითქმის თხუთმეტი წელია ფოტოარტს იმ ადამიანებს ასწავლის, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვთ.


– რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტის შექმნა?





– ვკითხე მარკს.

- ამ ხნის განმავლობაში მე ბევრს ვფიქრობდი სიბრმავეზე და ვცდილობდი ჩემს სასწავლო კლასებში სხვადასხვა პროექტების, იდეების განხორციელებას. უცებ, სიტუაცია მხედველობადაქვეითებულ ადამიანების მომსახურებასთან დაკავშირებით შეიცვალა: ბანაკების, საკითხავი მოწყობილობების, კლასების, (რომელსაც მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია უნდა განეხორციელებინა) ფუნქციონირება ფინანსების არქონის განო შეწყდა. წლების განმავლობაში მე ამ ადამიანების პატივისცემა ვისწავლე, მათ დასახმარებლად კი უნდა მესაუბრა იმათთან, ვინც არ იცოდა რაა სიბრმავე. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ ხანგრძლივ პროექტზე მუშაობა, რომლის ნაწილიც სწორედ ეს საიტია. ეს უკვე არ იყო ჰობი. ჩვენი მიზანი განსხვავდებოდა სხვა არტისტების მიზნებისგან. უნდა მოგვეძებნა გზა, როგორ შეგვექმნა ნამდვილი, აღმაფრთოვანებელი, დაფიქრების მასტიმულირებელი სახელოვნებო ნიმუშები და მაყურებლისთვის წარგვედგინა.




– ამ პროექტში რაა ყველაზე შთამბეჭდავი?




– ყოველთვის გაკვირვებული ვარ იმით, რასაც ვაკეთებთ. ვმუშაობთ, სტილს ვავითარებთ. ჩვენი საიტის ახალ წევრებს მოაქვთ ახალი იდეები და მეთოდები, რომელიც მერე ფოტოჯგუფების მიერ ვრცელდება. რაც დრო გადის, პროექტის წევრები უფრო დამოუკიდებელნი ხდებიან.




– ამ ფოტოგრაფების ნამუშევრები ძირითადად შავ–თეთრია. შავი და თეთრი – ეს ერთში განლაგებული ორი პოლუსია?




– როცა კითხულიბთ სინათლისა და სიბნელის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ თქვენ სიბრმავის გამოცდილებაზე მეკითხებით. უნდა გვახსოვდეს, რომ სიბრმავეს სხვადასხვა ფორმები აქვს. ზოგიერთისთვის ეს გონების სიბრმავეა. თვალები მუშაობს, მაგრამ გამოსახულება შეცვლილი, დამახინჯებული, ანდა ტვინიდან წაშლილია. სხვებისთვის კი თვალები ფუნქციას კარგავს, მაგრამ ტვინი ვიზუალური ხატების შექმნას აგრძელებს. მხედველობის არეში ნაცრისფერი ღრუბელი ან ფერების მოცირკულირე მასა მოძრაობს ანდა საერთოდ არაფერი ჩანს. არც შავი, არც თეთრი. არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში ვიზუალური ხატის გამოცდილება არასოდეს ჰქონიათ.





– როგორ იპოვეთ ფოტოგრაფები?




– ეს მათ გვიპოვეს ჩვენ, ბევრიც ჩვენი ჯგუფის წევრებმა აღმოაჩინეს. ბრმისთვის იყო ფოტოგრაფი ძალიან უცნაური პროფესიაა და ამიტომაც არაერთი ჩვენთან უბრალოდ ცნობისმოყვარების დასაკმაყოფილებლად მოვიდა. რაც შეეხება ფოტოგრაფიაში ბრმა ქალისა და კაცის ხედვას, მათ ხელწერას ვერ განვასხვავებ.





– გაქვთ წარმოდგენა თუ როგორ ცხოვრობენ ისინი და რა სახის პრობლემები აწუხებთ?




– მე მაქვს მხოლოდ ზოგადი წამოდგენა და ვიცი, რომ მათი ცხოვრება ძალიან რთულია. ბრმებს მუდმივი შიშები და წანააღმდეგობები აწუხებთ. მაგალითად, თუნდაც მეტროში. ჩვენ, ნორმალური მხედველობის მქონენი მეტროში ჭყლეტას ვერ ვიტანთ, ამგვარი რამ გვაშინებს კიდეც. ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რას გრძნობენ ამგვარ სიტუაციაში ბრმები. ერთხელ ჩვენი ჯგუფის წევრი ჯონ გარდერი მეტროს რელსებზე დავარდა, ზემოდან კი ვიღაცამ დაუყვირა: "დაიცადე, დახმარებას დავუძახებო". როცა მატარებელს ყოველ წამს შეუძლია გადაგიაროს, ეს დიდი ვერაფერი შველაა. თუმცაღა ჯონი სხვების დახმარების გარეშე წამოდგა და თავი გადაირჩინა.





















21 თებერვალი 2016
24 საათი





No comments:

Post a Comment