Sunday, February 7, 2016

საქველმოქმედო კონცერტი ჯონ უერდმანის ოჯახის დასახმარებლად




ნიუ იორკში, წმინდა იოანეს ევანგელისტურ ლუთერანულ ეკლესიაში ქართული სიმღერის ანსამბლმა – “სუფრული” (ხელმძღვანელი კარლ ლინიქი) – სიღნაღში მცხოვრები ჯონ უერდმანისა და მისი მეუღლის ქეთევან მინდორაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართა. შარშან მათ ოჯახს უბედურება დაატყდათ თავს – სახლი ხანძარმა შეიწირა. უამრავი უნიკალური არტეფაქტი, მათ შორის, ჯონის ნახატებიც დაიწვა.

“ჯონი ჩემი მეგობარია, დიდი ხანია ვიცნობ. ადრე იგი თბილისში თავადაც მღეროდა ჩემს უცხოელთა გუნდში “ოქროს სტუმრები”. ქეთევან მინდორაშვილს და მის ანსამბლს “ზედაშე” კარგად ვიცნობ. რამდენიმე თვის წინათ ჯონი ამერიკაში ვნახე, “ზედაშე” გასტროლებზე აქ ჩამოვიდა და იელის უნივერსიტეტში მათ კონცერტსაც დავესწარი. ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს… ხანძრის ამბავი მაშინვე გავიგე. რასაკვირველია, მძიმე დანაკარგია – ჯონი მეღვინეა, მხატვარია, მისი სამხატრო სტუდია დაიწვა, ყველა ნახატი განადგურდა. სხვა მეგობრებიც აპირებდნენ საქველმოქმედო აქციების გამართვას და ამ ინიციატივას მეც შევუერთდი. გადავწყვიტე, რომ “სუფრული” კონცერტზე “მრავალჟამიერის” ათ სხვადასხვა ვარიანტს შეასრულებდა. მანამდეც მქონდა ეს იდეა, ახლა კი ეს პროგრამა ჯონსა და მის ოჯახს მივუძღვენით.

ჩვენ გვინდა, რომ მრავალჟამიერ იყოს ჯონის ოჯახი. მიუხედავად უმძიმესი სიტუაციისა, ისინი ყოჩაღად არიან, მომავლის იმედიც აქვთ. მათ მეგობრებიც ეხმარებიან, როგორც ფინანსურად, ასევე – ფიზიკურად. ჯერჯერობით მათ სახლკარი არა აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ეს პრობლემა მოგვარდება. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჯონი და ქეთევანი ორ შვილთან ერთად 2017 –ის ახალ წელს ახალ სახლში შეხვდნენ” – ამბობს კარლ ლინიქი.

06.02.2016
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment