Tuesday, December 13, 2016

“შეწყვეტილი სამოთხე” ჩინურად





უკვე ორი ათეული წელია ნიუ იორკში კულტურული ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი არტფორუმი – “ლინკოლნ ცენტრის ფესტივალი” ტარდება. ამ წლების განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს კარგი შანსია არა მარტო აზიური კულტურის სიახლეების გასაცნობად, არამედ უკვე კარგად ნაცნობი არტისტების ძველი რეპერტუარის “გასამეორებლადაც”.


წელს ფესტივალმა შექსპირის სიკვდილიდან ოთხასი წლისთავი აღნიშნა და მაყურებელს სპექტაკლები: “ვენეციელი ვაჭარი” (მთავარ როლში ჯონათან პრაისი) და ბალეტი “ზამთრის ზღაპარი” (ქორეოგრაფი ქრისტოფერ უილდონი) შესთავაზა. ცნობილმა თანამედროვე იაპონურმა თეატრმა Takarazuka კი ბროდვეის ცნობილი შოუს – “ჩიკაგოს” მისეული ინტერპრეტაცია წარადგინა: ყველა როლს მხოლოდ ქალები ასრულებდნენ და თან – იაპონურ ენაზე. ვერ ვიტყვი, რომ ამგვარმა ლინგვისტურ – გენდერულმა ექსპერიმენტმა სანახაობის ხარისხზე ანდა “ექსტრაორდინალურობის” კატეგორიაში გადანაცვლების შანსზე დადებითად იმოქმედა. ბობ ფოსი, რბილად რომ ვთქვათ, ბედნიერი ვერ დარჩებოდა.


პირადად ჩემთვის კი ნებისყოფისა და, გნებავთ, მუსიკალური ტოლერანტობის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა 650 წლის დაძველების ჩინური თეატრის Kanze Noh Theatre მიერ დადგმული მეთექვსმეტე საუკუნის რომანის “შეწყვეტილი სამოთხის” მუსიკალური ვერსიის მოსმენა. UNESCO-ს მიერ მსოფლიო საგანძურად აღიარებულ ჩინური ოპერის ხელოვნებას Kunqu (გამოითქმის, როგორც “კუინ ჩუ”) ექვსასი წლის ისტორია აქვს. Kunqu-ს საოპერო ჟანრი მომღერლისგან არა მარტო სიმღერას, არამედ ცეკვასაც მოითხოვს და ზოგადად კლასიკური ჩინური ბალეტი ხომ ჟესტიკულაციურია, პანტომიმურია, იგი ხელოვნურად შექმნილი სასცენო ენაა და ეყრდნობა ჩინური სიტყვების ტონალობათა სპექტრს, როცა თითოეული სიტყვა საკუთარი “მელოდიის” მფლობელია. XXI საუკუნეში კი ჩინური ოპერა ცდილობს არქაული ტრადიციებისა და დასავლური კლასიკური მუსიკის ტენდენციების შეზავებას, რაც, ცხადია, მარტივი ამოცანა არაა. გამოუცდელი მსმენელისთვის, რომელიც კარგად ვერ ერკვევა ზოგადად ჩინურ საოპერო ხელოვნებაში, კერძოდ კი ჩინური თანამედროვე ოპერის სპეციფიურობაში, საკმაოდ პრობლემატურია ზოგადად ხმოვანების “არასტაბილურობის”, გნებავთ, “ქაოტურობის” აღქმაც და “არამელოდიურობის” ხანგრძლივობის “გაძლებაც”; მითუმეტეს, ჩინური დადგმის ტიპებში გარკვევა: ესაა Xiqu (ტრადიციული თეატრი. გამოითქმის, როგორც “ჰსი–ჩუ”) თუ პეკინური ოპერა (გათანამედროვებული Xiqu). ჩემი თავი კი იმაზე დავიჭირე, რომ ოთხმოცდაათწუთიანი ერთაქტიანი ინსტალაციური სპექტაკლის პირველი ნახევარი საათის შემდეგ ყური გარემოებას დანებდა, შეეგუა სიზმარი – ლიბრეტოს ეგზოტიკას და ზოგადად არიის, როგორც ერთი მელოდიის არსებობის ფორმის, დასავლური ოპერის ჩარჩოს დეკონტრუქციას. ალბათ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა ანდა იმიტომაც, რომ უბრალოდ მაინტერესებდა, როგორ დასრულდებოდა “არაცისქვეშეთის” სცენაზე ამ “უცხოს” ინტეგრაციის მცდელობა.






“შეწყვეტილი სამოთხე” პირველად 2015 წელს იტალიის ქალაქ სპოლეტოში გამართული მუსიკალური ფესტივალის ამერიკული ანალოგის Spoleto Festival USA (სამხრეთ კაროლინა) მიმდინარეობისას წარადგინეს. “ულტრათანამედროვე ახალგაზრდა კომპოზიტორი”, “აზია–ამერიკელ კომპოზიტორთა შორის ერთ–ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მუსიკოსი” – ასე უწოდეს “შეწყვეტილი სამოთხის” მუსიკის ავტორს ჰუანგ რუოს (ლუქსემბურგის კომპოზიტორთა კონკურსის გამარჯვებული), რომელმაც ეს ოპერა სპეციალურად ცნობილი ჩინელი სოპრანოსთვის ციან ისთვის დაწერა. ეს მომღერალი მთავარ როლს ასრულებდა ასევე ჩინურ ოპერაში “პეონის პავილიონი”, რომელიც 1999 წელს ისევ “ლინკოლნ ცენტრის“ ფესტივალმა წარადგინა. ოპერა მინგების ძლევამოსილი დინასტიის (1368–1644) დროს დაიწერა – დაიდგა, იგი ყველაზე ცნობილ ჩინურ Kunqu სანახაობათა რიცხვს მიეკუთვნება და დასავლური სამოთხის მითის აზიურ ვერსიად მოიაზრება.


“შეწყვეტილი სამოთხის” მოქმედება ედემში თამაშდება, უფრო სწორედ – ინსტალირდება, ინტერიერი ულტრამინიმალისტური დეკორაციაა, მხოლოდ შავ–თეთრი ფერებით, ვარდისფერი აისითა და ციცინათელების ფარფატით, მასალად – ქაღალდი და კუთხოვანი ფორმის ტანსაცმელი. კონცეფციისა და დეკორაციების ავტორი მხატვარი ჯენიფერ უენ მაა, რომელიც მსოფლიოს ჩინეთის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიის დიზაინით დაამახსოვრდა, ახლა კი ნიუ იორკში ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, რომ დეკორაცია ერთადერთი საგანი იყო, რაზეც ყურადღების კონცენტრირება მეტ–ნაკლებად შემეძლო. და თან “საქმეც გამოვნახე” – მომღერლების ტონებსა და პენტატონიკებს შორის მსახიობების ოდნავ შესამჩნევი მოძრაობისა და ლამის სტატიური სცენოგრაფიის ჰერემენევტიკით დავკავდი.


“შეწყვეტილი სამოთხის” კომპოზიტორი ამბობს, რომ ჩინური ენის სული მხოლოდ სიტყვებში არაა, არამედ სიტყვებს შორის არსებულ სივრცეშია და ამიტომ შეეცადა ამ სიტყვებს შორის “ხიდები, ნაბიჯები, ბილიკები და შემაღლებები გადაეჭიმა”. “ამ ხმოვან ბაღში სამოთხეცაა, რომელიც ჩინური ოპერის განსხვავებული შრის სახით თანაარსებობს“ – აღნიშნავს ჰუნგ რუო.






„ქალისთვის დაწერილი მუსიკა შეიქმნა Kunqu ოპერის ესთეტიკის შთაგონებით, აჩვენებს ქალის ძიებებსა და ტრანსფორმაციას, თამაშს, ოცნებას, ხიბლს, ენერგიას და ყველაფერ ამას შესაბამისი მუსიკალური სიტყვები ახლავს, რომელიც მოიცავს ქარისა და ციცინათელების რხევის, მგლების ყმუილისა და ცდუნების სატყუარას ნაზავს, რომელიც სინამდვილეში სამოთხის მომღერალ ნგრევას წარმოადგენს და რომელიც ბოლოს მელნის ტყლაპოდ გადაიქცევა. ბოლოს ქალი საკუთარ თავს ვნებაზე დადებული შეზრუდვისგან ათავისუფლებს და მღერის უბრალო, მაგრამ ძლიერ არიას მაშინ, როცა ორკესტრი მელნის გუბის წვეთების ექოს გამოსცემს. მხოლოდ ახლა შეუძლია ქალს თავისუფლად დახატოს ის სამყარო, რომელიც მას წარმოუდგენია“ – ამბობს ჰუნგ რუო.



“შეწყვეტილი სამოთხის” ლიბრეტო ასე იწყება: ჩაბნელებული სცენის ფონზე უსახელო, თეთრპერანგიანი ქალი სიზმარში ვნების ეიფორიაშია, მიუწვდომელ იდეალს ეძებს; მალევე აღმოაჩენს, რომ სრულიად მარტოა და არც ის იცის, ეს იდეალი სად ეძებოს. მერე ხედავს გასასვლელს, საიდანაც ქარი ეძახის და ამ “კარში” დიდი მოლოდინებით შეაბიჯებს. იქ კი უფოთლებო, შიშველი ხე დახვდება, რომლის გარშემო შავი ბაღია. ახალი სივრცით მოხუბლულს ნანახის ვინმესთვის გაზიარება უნდება. მის გარშემო სამყაროს “ელემენტები” ჩნდებიან: ქარი, ჰაერი, ოთხი მიმართულება, სინათლე, ცეცხლი, მგელი და სიყვარული. ციცინათელები ქალს ეთამაშებიან და მისი ხმის ვიბრირების შესაბამისად დაფრინავენ. მერე უცებ “ელემენტები” ერთდებიან და კაცად გადაიქცევიან. ქალი ამ ახალ არსებას თავისი ახალგაზდობის ხორცშესმად აღიქვამს და მასთან ერთად მღერის. კაცი კი უეცრად მისგან მიდის და ქალი ისევ სევდიანდება – მას მწუხარება ანგრევს. მერე ცვლილებებს ეგუება, ხე კი ნელ – ნელა იზრდება. “ელემენტები” ისევ ერთდებიან და მგლის სულად გადაიქცევიან. ქალს შავი ბაღი მჭიდროდ გარშემოერტყმება და ისიც მგლებთან ცეკვას იწყებს იმის ნიშნად, რომ თავისი ინსტინქტებისთვის აყოლა და ტაბუების დავიწყება შეუძლია. ხე ისევ იზრდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალი ახალი გამოცდილებისთვის მზადაა. მელნის წვეთების ხმასთან ერთად ბაღი ძვირფასეულობად გადაიქცევა, სადაც ელემენტები ქალს მბზინვარე თეთრ ყვავილზე მიუთითებენ. ქალი ყვავილში შედის და გრძნობს, რომ მცენარეში ის სამოთხე იპოვა, რომელსაც ყოველთვის ეძებდა. იგი ბედნიერია, როგორც იქნა მისი სიზმარი გაცხადდა. “ელემენტები” იავნანას უმღერიან და ქალი ისევ იძინებს. მაგრამ ედემის ბაღის ბინადარს ამ ექსტაზში ყოფნა მალე ბეზრდება და ცდილობს ყვავილს თავი დააღწიოს. იგი აცნობიერებს, რომ ვნების ტყვეა და ამჯერად ილუზიების მსხვრევას ცდილობს. ამასობაში ხეს ნაყოფი გამოსხმება. ქალი ყვავილსა და სამოთხეს თავს დააღწევს, ნაყოფი იხლიჩება და გარშემო ყველაფერი შავი ფერფლით იფარება.


შარშან ნიუ იორკში “შეწყვეტილი სამოთხე” “მეტროპოლიტენ მუზეუმის” იმ განყოფილებაში აჩვენეს, სადაც ჩვენს წელთაღრიცხამდე აგებული ეგვიპტური ნაგებობია განლაგებული და რომელიც საუკუნეების წინ მხოლოდ საკულტო მსახურების კი არა, არამედ – მითოლოგიური სანახაობების ტერიტორია იყო. ცხადია, ეს ადგილი შემთხვევით არ იყო შერჩეული. ისიდასა და ოსირისის გამოსახულებებიან სცენას იულიუს კეისარი, ვესტები და პრეტორიანელებიღა აკლდა. ეგვიპტურ თაღებქვეშ თითქოს უფრო ადვილი იყო ერთი სამყაროს ორი მითის – “ედემისა” და “პავილიონის” – გადახლართვა, სადაც არქეტიპული სცენარი ისევ და ისევ ქალს უბრუნდება, რომელიც სამოთხიდან იმისთვის გარბის, რომ უკან დაბრუნებაზე იოცნებოს.



30.11.2016


netgazeti.ge

No comments:

Post a Comment