მანჰეტენის გულში მდებარე ლეგენდარული არტსივრცე Tawn Hall-ი (1921) ქალაქის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ადგილია, რომელიც ერთგვარად მსოფლიო დედაქალაქის “იდეოლოგიას” ინახავს. ფემინისტების, ამერიკელი სუფრაჟისტების მიერ დაარსებულ და იმხანად ცნობილი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ შენობას ფუნდამენტი საგანმანათლებლო მიზნებისთვის ჩაეყარა, თუმცაღა ამ დარბაზს, გარდა სამოქალაქო აქტივისტების შეკრებებისა, ახსოვს რიჰარდ შტარუსი, პაბლო კაზალსი, პოლ რობსონი, რუთ სენ–დევი, სერგეი რახმანინოვი, მარიან ანდერსონი, ისააკ სტერნი, ბილი ჰოლიდეი, დიუკ ელინგტონი, ნინა სიმოუნი, იგორ სტრავინსკი, ბობ დილანი, ჯოან ბაეზი, მარიან ფეიტფული, ჯერი ლი ლუისი, ნატალი კოული , მუსიკოსების გარდა კი, ამერიკული კინოხელოვნების არაერთ ვარსკვლავთან შეხვედრა.
ჰოდა, ამ “ტაუნჰოლელი” მეგაპერსონებისა და ისეთი მუსიკალური ანსამბლების, როგორიცაა თელონიუს მონკის ბენდი და სხვა, სიას ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანიც” (2000) შეემატა, რომელმაც ახლახანს თავისი ამერიკული ტური დაასრულა.
“ტაუნჰოლის” 1500-ადგილიან, სავსე დარბაზში ბისზე “ბასიანელებს” ქართული ხალხური მუსიკის პირველი მსმენელებიც იძახებდნენ. ქართულმა საგალობლებმა, “წინწყარომ”, “მრავალჟამიერმა”, განსაკუთრებით კი გურული კრიმანჭულის გამყინავმა ხმამ თავისი “ტერიტორია” სამუდამოდ დაიკავა იქ, სადაც ოდესღაც რასობრივი დისკრიმინაციის მიუღებლობაზე მსჯელობდნენ, მოგვიანებით კი – ჩარლი პარკერი და დიზი გილესპი ბიბოპს ერთად ასრულებდნენ.
„ბასიანის“ კონცერტი “ტაუნჰოლში”. ია მერკვილაძის ფოტო
„ბასიანის“ კონცერტი “ტაუნჰოლში”. ია მერკვილაძის ფოტო
“ბასიანისთვის” ეს არაა ნიუ იორკული დებიუტი. მსოფლიო დედაქალაქი მათ 2010 და 2012 წლებში “ლინკოლნ ცენტრში” გამართულ ფესტივალებზე მასპინძლობდა. ამერიკულმა ტურმა, რომლის ორგანიზატორია რეზო გაბრიაძის თეატრისა და ნინო ანანიაშვილის პრომოუტერი David Eden Productions–ია, აშშ–ის არაერთი ქალაქი მოიცვა: სტენფორდი, ბერკლი, სანტა მონიკა, სანტა ბარბარა (კალიფორნია), ისტონი (პენსილვანია), ჩამფეინი (ილინოისი) და აუსტინი (ტექსასი).
***
პარალელურად ნიუ იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში – ShapeShifter Lab-ში, აშშ-ში მოღვაწე, წარმატებული პიანისტი და კომპოზიტორი, Yamaha-ს არტისტი გიორგი მიქაძე საკუთარ ბენდთან და ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად ნოვატორულ პროექტზე მუშაობდა.
Voisa – ასე ქვია იმ უნიკალურ პროექტს (მენეჯერი თამარ მიქაძე), რომლის ხელმძღვანელი გიორგი მიქაძეა. ქართველმა არტისტმა სპეციალურად ანსამბლ „ბასიანისა“ და საკუთარი ბენდისთვის შექმნა ექვსი კომპოზიცია: „შიოლა“, „ზეზვა და მზია“, „ოდოია“, „მარებელი“, „ბიბა“, „ვოისა“, რომელშიც ჩვეული ოსტატობით შეძლო ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვრისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების ჰარმონიული სინთეზი, შედეგად კი ახალი, უპრეცედენტო მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა. ფაქტობრივად, ეს არის სხვადასხვა ჟანრის ერთობლივი, უნიკალური, სრულიად ახალი მუსიკალური კონცეფცია. “ვოისა” წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკისა და ჯაზის, ფანკის, ფიუჟენის, ჰიფ-ჰოფის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური, მიკროტონალური მუსიკის მიმდინარეობები. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ პროექტისათვის გიორგიმ მოიწვია OKayplayer-ის არტისტი, ბერკლის კოლეჯის პროფესორი, ჰიფ-ჰოფერი, DJ რეიდარ ელისი, რომელიც თანამშრომლობას სიამოვნებით დათანხმდა.
პროექტის ავტორმა “ვოისას” განხორციელება დიდი ხნის წინათ ჩაიფიქრა. მან ასევე ზუსტად იცოდა, რომ იდეის ხორცშესხმა მხოლოდ ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად უნდა შემდგარიყო. გიორგი მიქაძეს ამ ანსამბლის წევრებთან დიდი ხნის შემოქმედებითი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. როგორც თავად ამბობს, ქართული ხალხური მუსიკა ძალიან ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს და Voisa სწორედ ამგვარი დამოკიდებულების მაგალითია. პროექტის განხორციელება ShapeShifter Lab-ში გადაწყდა, ტერიტორიაზე, რომელიც ექსპერიმენტული, არაორდინალური და ნოვატორული პროექტების დაბადების ადგილი არაერთხელ გამხდარა.
Shapeshifter Lab. ია მერკვილაძის ფოტო
Voisa–ს განხორციელება საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ფონდი წლების მანძილზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა-პოპულარიზაციისათვის აქტიურად იღწვის. პროექტი 2016 წლის დეკემბერში დასრულდება და მსმენელს არა მხოლოდ მუსიკის მოსმენის, არამედ კლიპის ნახვის საშუალებაც მიეცემა. სამომავლოდ კი აღნიშნული მუსიკალური პროდუქციის პოპულარიზაცია და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე გატანა იგეგმება. პროექტის პარტნიორებია: ShapeShifter Lab, Yamaha Artist Services, საქართველოს ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ფოლკლორის ეროვნული ცენტრი.
***
“საკონცერტო პროგრამის გარდა “ბასიანი” შტატების უნივერსიტეტების სამუსიკო ფაკულტეტებზე მასტერკლასების ჩასატარებლად მიიწვიეს“, – ამბობს “ბასიანის” დირექტორი, მომღერალი ზურა წკრიალაშვილი.
„სტუდენტები მსოფლიო მუსიკის პროგრამით ქართული ხალხური მუსიკის კულტურასაც სწავლობენ და ცხადია, ჩვენი მრავალხმოვანებაც მათი ინტერესების სფეროში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ერთსაათიანმა მასტერკლასებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მსმენელები გულგრილი არ დაუტოვებია, მეტიც, თავიანთ შთაბეჭდილებებს აღფრთოვანებულები გვიზიარებდნენ. რაც შეეხება “ბასიანისა” და გიორგი მიქაძის ერთობლივ პროექტს: მე და გიორგი დიდი ხანია ვმეგობრობთ, თბილისის კონსერვატორიაში ერთად ვსწავლობდით: ის – საფორტეპიანოზე, მე – საგუნდოზე. ქართული ხალხური და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების გაერთიანების სურვილი გიორგის იდეა გახლავთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაგვიზიარა მე და ანსამბლის ხელმძღვანელ გიორგი დონაძეს. ჩვენ, ცხადია, ამ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტით მაშინვე დავინტერესდით. ვიმედოვნებ, რომ იგი მსმენელის მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს და სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის მუსიკალური სავიზიტო ბარათი გახდება.”
***
გიორგი მიქაძემ ჯერ კიდევ ბერკლის კოლეჯში სწავლისას შექმნა კომპოზიციები: “ქართველი მწყემსი”, “ზღაპრის შემდეგ”, “მუშვანი”, “ნანა”, “აზამატი”, “შიოლა”, “საჭიდაო” და, როგორც თავად აღნიშნავს, აშშ-ში ჩამოსვლის პირველივე დღეებიდან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ხელოვნების, ისტორიისა და მისი უნიკალური ფოლკლორის პოლულარიზაციას ეწევა.
“მუსიკალურ ლაბორატორიებში მუშაობისას იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ჩემმა ირანელმა მეგობარმა მილადმა ჩონგურზე დაკვრა სამ დღეში ისწავლა და Berklee Performance Center-ში “ქართველი მწყემსი” ბრწყინვალედ დაუკრა“ – მიყვება გიორგი, „– ამ ახალ პროექტში კი წარმოშობით პალესტინელმა პერკუსიონისტმა სულ რაღაც ერთ დღეში შეისწავლა ქართული დოლი და გასაოცარი პროფესიონალიზმით შეასრულა რამდენიმე კომპოზიცია.
„ვოისას“ განსახორციელებლად დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდი. გამოგიტყდებით და ეს იყო ჩემთვის ბეწვის ხიდზე გავლა, ვინაიდან საქმე მქონდა უნიკალურ ქართულ ფოლკლორთან და მის არაჩვეულებრივ შემსრულებელ ანსამბლ „ბასიანთან“. კომპოზიციებზე მუშაობისას მაქსიმალურად ჩავდე ჩემი შესაძლებლობები, ენერგია და გამოცდილება. თუ როგორი პროექტი შევქმენი, ამის შეფასება პროფესიონალი მსმენელისათვის მიმინდვია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი დონაძეს, ზურა წკრიალაშვილს, ანსამბლ „ბასიანის“ და ჩემი ბენდის თითოეულ წევრს. მათ შეზღუდულ დროში პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს. მადლობა ყველას, ვინც ამ უნიკალური პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა”.
ShapeShifter Lab. ია მერკვილაძის ფოტო
პროექტის ჩასაწერად გიორგი მიქაძემ ბრაზილიელი პერკუსიონისტი ნეგა სანტოსი მოიწვია, რომელიც ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებულია და “რივერ დანსში” უკრავს.
“ქართული მუსიკისგან ძალიან ძლიერი ენერგია მოდის. მანამდე ქართულ ფოლკლორს საერთოდ არ ვიცნობდი. იგი გიორგიმ გამაცნო. მე მისი ფეისბუკის გვერდის მეშვეობით ქართულ კომპოზიციებს მუდმივად თვალს ვადევნებ. მადლობელი ვარ, რომ გიორგიმ ამ საინტერესო პროექტში ჩამრთო. პერსკუსიის ტალღებიც სწორედ ქართველი მომღერლებისგან ავიღე. მართლაც ძალიან ლამაზი და უჩვეულო ხმოვანებაა და, ცხადია, ამან თქვენს ქვეყანაში სტუმრობა კიდევ უფრო მომანდომა. თან ისედაც საქართველოთი ბევრი აღფრთოვანებული ადამიანი მინახავს” – ამბობს ნეგა სანტოსი.
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment