Thursday, November 10, 2016

აშშ არჩევნების წინ




8 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატებში ქვეყნის ისტორიაში 45-ე პრეზიდენტს აირჩევენ. ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი – აშშ-ს არჩევანის გაკეთება ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს. როგორია რეიტინგი წინასაარჩევნოდ და რა ცვლილებებს ელის ამერიკელი ამომრჩეველი? – „ბათუმელები“ ამ და სხვა თემებზე ფსიქიატრს, „ნეტგაზეთის“ ბლოგერს, ია მერკვილაძეს ესაუბრა, რომელიც წლებია აშშ-ში, ნიუ იორკში ცხოვრობს.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბოლო მონაცემებით ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს? და, ზოგადად, არჩევნების შედეგი ემთხვევა თუ არა რეიტინგს?

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში (27 ოქტომბერი – 3 ნოემბერი) აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი ინსტიტუტის „გელაპის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რეიტინგი ორ კანდიდატს შორის ასე გადანაწილდა: დემოკრატი ჰილარი კლინტონი – 42%, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი – 34%. როგორც წესი, რეიტინგები ემთხვევა არჩევნების შედეგებს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, 2000 წელს ჯორჯ ბუშის გამარჯვება ერთგვარი მოულოდნელობა იყო და თანაც დღეისათვის პოლიტიკურ წრეებში უფრო ხშირად გაისმის უკმაყოფილება „ამომრჩეველთა კოლეგიის“ არსებობის გამო, კერძოდ კი მისი არქაულობის შესახებ.

ამომრჩეველთა კოლეგია შეიქმნა მაშინ, როდესაც აშშ-ში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ადამიანებს საარჩევნო ყუთებამდე მისვლა უჭირდათ და ამიტომაც, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საკუთარ ხმას, საკუთარი ქუჩისა, ოლქის თუ შტატის წარმომადგენელს ანდობდნენ. ბუში – ალ გორის დაპირისპირებაში ბუშმა გაიმარჯვა ამომრჩეველთა კოლეგიით, თუმცა სახალხო ხმა დემოკრატ კანდიდატს ეკუთვნოდა. აშშ-ის ყველა შტატზე სულ 538 ამომრჩეველია (კოლეგიის წევრი) და, ზოგადად, ის კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინც 270 და მეტ ხმას მოაგროვებს. ამ არჩევვნებზე წარმოდგენილია „ლიბერტარიანული პარტიაც“, თუმცა მისი რეიტინგი იმდენად მინიმალურია, რომ მედიის ყურადღება მისი კანდიდატის მიმართ, ფაქტობრივად, არ არსებობს.

რა ცვლილებებს ელის ამერიკელი ამომრჩეველი ტრამპის ან კლინტონის არჩევის შემთხვევაში? რა არის მათი მთავარი გზავნილები?

ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა ე.წ. „ობამაქეა“, რომელიც ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პროგრამაში წამყვანი პუნქტი იყო და რომელიც დაპირებისამებრ, როგორც ობამა ამბობდა, „სატელეფონო გადასახადზე იაფი უნდა ყოფილიყო“, ასეთი სულაც არ აღმოჩნდა. მან თავად სამედიცინო წრეებში, საშუალო ფენაში და არა მარტო, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. იმ ადამიანს, ვისაც არ სურდა მასში ჩართვა, ყოველწლიურად 500 დოლარის ჯარიმას აკისერებდა, რაც იმთავითვე არღვევდა ამერიკულ ფუნდამენტალურ ღირებულებას – არჩევანის უფლებას.

ტრამპმა თავის პროგრამაში განაცხადა, რომ ის „ობამაქეასგან“ ქვეყანას გაათავისუფლებს. მისი პროგრამის სტაბილურობაზე რთულია საუბარი, რადგანაც საპრეზიდენტო კანდიდატის საჯარო სიტყვების მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, მას მერე, რაც ტრამპი წინასაარჩევნო რბოლაში ჩაერთო, თავისი პროგრამის 19 პუნქტთან დაკავშირებით 109-ჯერ შეცვალა დამოკიდებულება, რაც, ბუნებრივია, მოყოყმანე ამომრჩეველის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს.

ცნობილია, რომ რესპუბლიკელებს „თეთრი ისტებლიშმენტი“ უჭერს მხარს. ტრამპი საუბრობს მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად კედლის აშენებაზე (ამაზე უფრო ადრე კლინტონიც საუბრობდა), ტერორისტული საფრთხის შემცირების გზით მუსლიმების აშშ-ში შემოსვლის შეზღუდვაზე (ობამას მმართველობის დროს აშშ არაბული ქვეყნებიდან უპრეცენდენტოდ ბევრ მიგრანტს იღებს); ჩინეთთან იმპორტის შეზღუდვაზე თავად ამერიკულ ბაზარზე საწარმოთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით და ასევე, მექსიკიდან ამერიკული სამუშაო ადგილების დაბრუნებაზე. რესპუბლიკელების პოზიცია აბორტებისა და ერთი სქესის ქორწინების მიუღებლობის გამო ამერიკულ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს და მათ მოძველებული ე.წ. „ტრადიციული ღირებულებების“ მატარებელ პარტიის იმიჯს უქმნის. ეს, ცხადია, ახალგაზრდა თაობის მხარდამჭერების სიმცირეს ნიშნავს. თუმცა, წლების წინ კლინტონი „მართებულად“ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას თავად აცხადებდა. ჰილარი კლინტონის მხრიდან, რომელიც თავის თავს ფემინისტს უწოდებს, ცოტა უცნაურია ამ თემაზე საუბარი – მისი მეუღლის, ბილ კლინტონის „რომანტიკულ თავგადასავალებს“ თუ გავიხსენებთ.

ცხადია, დემპარტიას შეუძლია მეინსტიმულ მოძრაობებს, გნებავთ, საზოგადოებრივ კონიუნქტურას, რომელიც პროგრესულ იდეებს ეფუძნება, ნაბიჯი აუწყოს. რესპუბლეკელები, როგორც იტყვიან – „მძიმე არტილერიაა“ ამ მხრივ. ბარაკ ობამას გამარჯვება რვა წლის წინათ, სწორედ სილიკონის ველის თაობასთან დამეგობრებით იყო გამოწვეული.

კომპიუტერული ტექნოლოგიები და ზოგადად სოციალური ქსელების მრავალფეროვნება გლობალიზაციის წამყვანი ფაქტორებია; დონალდ ტრამპი კი, ამ შემთხვევაში იმ კლასის ხმაა, რომელთა ბიზნესი გლობალიზაციის გამო დაზარალდა და რომელსაც უნდა ააღორძინოს ერთგვარი “ამერიკული ნაციონალიზმი” და ძველი ამერიკის, უფრო სწორედ, მისი ძველი სიდიადის დაბრუნება. აკი, მისი სლოგანიც ასეთია – “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”.

ორივე კანდიდატი მრეწველებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერას გეგმავს. კლინტონს უნდა ბიუჯეტის ხარჯზე შექმნას 25-მილიარდიანი ფონდი (იგი მდიდრებისთვის კიდევ უფრო აპირებს გადასახადების გაზრდას), რომელიც მრეწველობას მხარს დაუჭერს, ტრამპი კი 500 მილიარდის ჩადებას აპირებს „ერის პურში“, ოღონდ დემპარტიისგან განსხვავებით არა გადასახადების გაზრდით, არამედ სახელმწიფო რეგულირების დონისა და გადასახადების შემცირებით. თუ კლინტონისა და ტრამპის პოზიცია სოციალურ დამხარებებსა და სადეკრეტო შვებულებების, ავადმყოფობის გამო აღებული დღეების დაფარვისა და იარაღის კონტროლთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად მსგავსია, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ დემპარტია უკვე დიდი ხანია „იარაღის თავისუფალი გაყიდვის“ მოწინააღმდეგედ პოზიციონირებს. განსაკუთრებით ეს ნიუტაუნში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გახდა ცხადი.

ალბათ, აშშ-ის არც ერთ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის თემით მანიპულირება არ ყოფილა ასეთი საჯარო, როგორც 2016 წლის არჩევნებზე. ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას, სწორედ მისი უწყების ინიციატივით დაიწყო ე. წ. „გადატვირთვა“. რეალობამ აჩვენა, რომ რუსეთთან საერთო ენის გამოძებნა, როგორც წესი, რთული კი არა, შეუძლებელი ამოცანაა. ამიტომაც კლინტონი ყირიმის ანექსიის შემდეგ დაჟინებით ითხოვს რუსეთისთვის სანქციების გაფართოებას; ერთგან ისიც კი თქვა, რომ „პუტინს სული არ აქვს, რადგან კგბ-ს აგენტი იყო“, ხოლო ტრამპს “პუტინის სათამაშო უწოდა”.

აი, ტრამპი კი, რომელმაც, როგორც ჩანს, რუსეთთან მიმართებაში კარგი მრჩეველიც არა ჰყავს, ლამის კლინტონის რვა წლის წინანდელი შეცდომის დაშვებას აპირებს და ბუშის არ იყოს, “ისევ უნდა მას (პუტინს) სულში ჩახედოს”. არადა, ობამა – მაკქეინის საპრეზიდენტო რბოლის დროს, სწორედ რესპუბლიკელი კანდიდატი იყო “პუტინის თვალებში” მონათესავე სულის ძიების ცხარე მოწინააღმდეგე. თუნდაც იმიტომ, რომ ცნობილია – ჯონ მაკქეინი ვიეტნამში „კაგებემ“ აწამა. რუსეთთან მიმართებაში საგაერო კურსის განხილვისას, ასევე არ უნდა იყოს იგნორირებული ის, რომ სკანდალურად ცნობილ “კლინტონის ფონდს” კორუფციაში ადანაშაულებენ, კერძოდ კი ურანის მწარმოებელ რუსულ კომპანიასთან. როგორც კი ამ ფონდის საქმინობასთან დაკავშირებით ატყდა მედიასკანდალი, ბილ კლინტნმა განაცხადა, რომ იგი “პირველი ჯენტლმენის” პოზიციის დაკავებამდეც დატოვებდა ამ ფონდის გემგეობის ხელმძღვანელის პოსტს.

ეს არჩევნები გენდერულად ყველაზე სენსიტიურია. კანდიდატების მედია ომში ყველაზე ძლიერ ტოქსიკურ იარაღად გამოიყენება არა, ზოგადად, ქალთა უფლებებისადმი დამოკიდებულება, არამედ ქალის მიმართ დამამცირებელი სექსუალური შინაარსის ქარაგმები, ვერბალური მესიჯები, შეფასებები. კლინტონის ბიოგრაფიაში მონიკა ლევინსკის სკანდალიდან დაწყებული, ვიდრე არასრულწლოვანის გამაუპატიურებლის ადვოკატამდე, არაერთი გენდერულად მაკომპრომიტირებული ფაქტია. თუმცა, ტრამპის მაჩოისტური „ბლაბლაბლა“ უფრო გამაღიზიანებელია ყურისთვის, ვიდრე კლინტონის წარსული, რომელიც ტრამპისგან განსხვავებით თეთრ სახლში უკვე ცხოვრობდა. მითუმეტეს, რომ აშშ, კერძოდ კი ჰოლივუდი დიდი ხანია ქალ პრეზიდენტს ნატრობს. ეს კარგად ჩანს რობ ლურის სატელევიზიო სერილში Commander in Chief (2005-2006), სადაც აშშ-ის ქალი პრეზიდენტის როლს ჯინა დევისი თამაშობს.

.წ. „იმეილების სკანდალი“ რას ნიშნავს და რამდენად მოახდინა ამ ამბავმა გავლენა წინასაარჩევნო პროცესებზე? რატომ გაჩნდა ეს თემა მედიაში ხელახლა, თქვენი აზრით?

აშშ-ის ისტორიისთვის „იმეილების სკანდალი“ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სკანდალად ითვლება, რადგანაც მსოფლიოს ლიდერი ქვეყნის, ფაქტობრივად, მესამე პირი საერთაშორისო მიმოწერას საკუთარი და არა სამსახურეობრივი იმეილიდან ახორციელებდა. ეპოქაში, როცა თინეიჯერ ჰაკერსაც [აღარ ვსაუბრობთ „ვიკილიქსის“ აქტორებზე] შეუძლია თავდაცვის უწყების საიტი გატეხოს, ხოლო ქვეყანა ყოველ დღე ტერორისტული საფრთხის ქვეშაა (FBI-იმ ოფიციალუარდ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს სამ შტატში, მათ შორის, ნიუ იორკში, ტერაქტია მოსალოდნელი), საკუთარი იმეილის გამოყენების „ქეისი“ სახელმწიფო კი არა, საერთაშორისო მნიშვნელობის დანაშაულია. ამავე დროს, შეცდომის აღიარების მაგივრად, კლინტონმა ამ იმეილებს “შვილის ქორწინებისთვის” ან „გოლფის სათამაშო“ გზავნილები მიაწერა, რითაც საკუთარი თავი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

იმეილების საქმის განახლება განპირობებული იყო იმით, რომ კლინტონის პირად სერვერზე იპოვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას მისი ასისტენტის, ჰუმა აბედინის ქმრის, ენტონი უინერის კომპიუტერიდან გაგზავნილი წერილები. ენტონი უინერი ყოფილი კონგრესმენია, რომელმაც თავისი პოსტი დატოვა, როგორც ამას აქ უწოდებენ „მრავალჯერადი სექსტექსტინგის“ გამო, როცა თავის სასირცხო ადგილის იმიჯები რადენიმე ასეულ ქალს ერთად გაუგზავნა.

პირველი სკანდალის შემდეგ ფეხმძიმე ჰუმა აბედინი ქმარის გვერდით იდგა, როგორც მისი მხარდამჭერი. როცა უინერმა თავისი „ახირება“ კიდევ გაიმეორა, ცოლი მას გაშორდა. იმოქმედებს თუ არა ეს ჰილარის რეიტინგზე? – არა მგონია, რადგანაც ჰილარი დემპარტიის უპირობო ლიდერი თავიდანვე გახდა, იმის მიუხედავად, რომ გამოძიება ბენგაზისა და იმეილების თემაზე პროცესში იყო. ეს არჩევნები, ალბათ, ყველაზე იმიჯმეიკური და მედია ორთაბრძოლაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

რომელი სოციალური ჯგუფები უწევენ მხარს ტრამპს და რომელი – კლინტონს?

ყველაზე მეტი მხადარმჭერი კლინტონს ჰყავს აფრო –ამერიკულ თემში და როგორც ამბობენ, ლათინოსებშიც. ასევე, ცხადია, სექსუალურ უმცირესობებში. მიუხედავად იმისა, რომ ობამამ დაპირებისამებრ ვერ შეძლო ქვეყნის ტერიტორიაზე მათთვის ლეგალური საბუთების მინიჭება, როგორც აქ ამას უწოდებენ “ამნისტიის განხორციელება”. თუმცა მან მაინც გაატარა რამდენიმე ძირეული ცვლილება, მათ შორის, ე.წ. არალგალურად მყოფთა შვილებისთვის სწავლის უფლებისა და დაფინანსების მოპოვების უზრუნველყოფა.

ტრამპის მხარდამჭერად თვლიან საშუალო კლასს უმაღლესი განათლებით, რომლის ბიზნესი ანდა ბიზნესის მომავალი ამერიკული “ეკონომიკური არასტაბილურობის” მსხვერპლი გახდა და მათ, ვისაც აღარ სჯერა ობამას ძველი სლოგანის – „დიახ, ჩვენ შეგვიძლია”.

ამბობენ, რომ ობამას პოლიტიკის შედეგია ტრამპის მაღალი რეიტინგი. ეს თემა განიხილება აშშ-ში?

ცხადია, ობამას არაპრინციპული პოლიტიკის შემდეგ აღმოსავლეთში, ისრაელთან ბუნდოვანი დამოკიდებულება თუ შიდა ეკონომიკური პრობლემები, როცა ამერიკის ვალმა რეკორდულ მაჩვენებელს – 20 ტრილიონზე მეტ დოლარს მიაღწია, როცა ბიუჯეტის უზარმაზარი თანხები წამგებიანი კომპანიების/ბიზნესის მხადაჭერას მოხმარდა, ამერიკელებს უნდათ რეალური ცვლილებები, თუმცა, იმასაც გრძნობენ, რომ კლინტონი ობამას პოლიტიკის გამგრძელებელი იქნება, ანუ შემდეგი ოთხი წელი, ფაქტობრივად, ობამას მესამე ვადა იქნება. მეორე მხარეს კი არის ტრამპი, რომელიც ეკონომიკის ორპროცენტიანი ზრდის პირობებში, საუბრობს ისეთ გეგმაზე, რომელიც აშშ–ის ეკონომიკას 3–4 პროცენტით გაზრდის. იგი უცნაური ვარცხნილობის კოლორიტული მოთამაშეა, რომელიც მართლაც შევიდა აზარტში, ამავე დროს პრორესპუბლიკური ტელევიზიის ცნობადი ქალი ჟურნალისტის კითხვებმა დააფრთხო და რომელიც ისევე არაპოლიტკორექტულად საუბრობს, როგორც დიდი ტოლერანტობით ვერგამორჩეული კოვბოი არაგლამურულ ბარში ვისკიანი ჭიქით ხელში. არჩევნები აქ ტელეშოუების სცენარით მიმდინარე სანახაობაა, პერსონათა იმიჯებისადმი განწყობაა მნიშვნელოვანი და არა მათი რეალური პლატფორმა. ეს ბუნებრივია, იმ ამომრჩევლებს ეხებათ, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა.

რა განწყობაა იმ ეთნიკურ ქართველებს შორის, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს აშშ-ში? თქვენი დაკვირვებით, ვის უჭერენ ისინი მხარს?

ქართველებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისი ოჯახის წევრები და მეგობრები არალეგალურად იმყოფებიან შშ-ში ან ჩამოსვლას/დარჩენას აპირებენ, ცხადია, ტრამპის პოზიცია დამაშინებელია. იგი აშშ-ში უსაბუთოდ მყოფთათვის ერთგვარი „განკითხვის დღის“, ანუ დეპორტაციის ინიციატორად აღიქმება. საქართველოში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე კი ოჯახის, საკუთარი თავის გადარჩენის შანსს ქართველები ემიგრაციას უკავშირებენ და თუ ადრე ეს საბერძნეთი ან რუსეთი იყო, ახლა ამგვარ „მაშველ რგოლად“ აშშ განიხილება. ამიტომაც ისინი კანადიდან, ფლორიდიდან, მექსიკიდან საზღვარს უკანონოდ კვეთენ და ხშირად საემიგრაციო ანდა ფედერალურ ციხეში ხვდებიან. საქართველო მათ სხვა არჩევანს არ უტოვებს.

აშშ-ში დასრულდა ობამას პრეზიდენტობის ხანა. საზოგადოება კმაყოფილია მისი პრეზიდენტობით? რა არის ის, რამაც ყველაზე მეტად გაუცრუა იმედი მის ამორჩეველს?

ინტერნეტი სავსეა სხვადასხვა გამოკითხვებით, რომელიც ბარაკ ობამას “ყველაზე ცუდი პრეზიდენტის” ტიტულს ანიჭებს. მახსოვს, რომ პირველი აქტი, რომელსაც მან ხელი 2009 წელს მოაწერა, იყო დოკუმენტი თანაბარი ანაზღაურების შესახებ, თუმცა, მამაკაცისა და ქალის ანაზღაურებებს შორის განსხავავება შტატების მიხედვით კვლავ არსებობს. ეკონომიკის მხრივ ობამას მმართველობის პერიოდი ვერ დაიკვეხნის დიდი აღმავლობითა და დაპირებების შესრულებით. არც გუანტანამოს ციხე დახურულა და არც ტერორიზმის საფრთხე შემცირებულა მშვიდობის დარგში ნობელიანტის “ტკბილად მოუბარი” პოლიტიკის მიუხედავად. კუბისათვის ემბარგოს მოხსნა და კომუნისტურ რეჟიმთან “საერთო ენის” გამოძებნის პოლიტიკა ამერიკელების დიდი ნაწილს არ მოსწონს, რადგანაც ამ ქვეყანაში ბევრი პოლიტპატიმარი ჰყავთ, ხოლო იქედან გამოქცეული დისიდენტები თუ აქტივისტები ისევ უბრალო გადასახადების გადამხდელების საზრუნავი გახდებიან.

ამერიკელების რაღაც ნაწილმა უკვე ხმა მისცა წინასწარ, 8 ნოემბრამდე, რადგანაც ეს დღე სამუშაო სამშაბათია და საქმე წინ წაიგდო. მალე ბიუ იოლაიმონის “ბანქოს სახლის” ახალი სეზონი დაიწყება და ამერიკელები უკვე მერამდენედ გაიფიქრებენ – რა კარგია, რომ ფრენკ ანდერუიდი მხოლოდ მხატვრული პერსონაჟია.

7.11.2016
გაზეთი "ბათუმელები"



No comments:

Post a Comment