Thursday, November 10, 2016

“ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ნიუ იორკის მულტიმედიურ არტკაბარეში








(Le) Poisson Rouge ნიუ იორკის მულტიმედიური არტკაბარეა, რომელიც რამდენიმე წელია ქართველ მუსიკოსებს მასპინძლობს. ამას წინათ ქართველი და უცხოელი არტისტების არაფორმალური გაერთიანების – “ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” (რომელიც ხუთი წელია არსებობს) ეგიდით სწორედ ამგვარი კონცერტი – David Aladashvili and Co გაიმართა, რომელზეც ქართველმა არტისტებმა სტუმრებს ქართული მუსიკა წარუდგინეს.

სცენაზე პიანისტმა დავით ალადაშვილმა, მეცო-სოპრანომ ნატალია ქუთათელაძემ და ჩელისტმა ლიზი რამიშვილმა ლაღიძის, არაყიშვილის, გაბუნიას, მაჭავარიანის, ჩუბინიშვილისა და ცინცაძის ნაწარმოებები შეასრულეს. გარდა ამისა, ამერიკაში მოღვაწე ქართველი კომპოზოტორის გიორგი ოუკლის ნაწარმოების ანონსიც მოვისმინეთ პიანისტის ინგა ქაშაკაშვილისა და ლიზი რამიშვილის შესრულებით.

დავით ალადაშვილი ამბობს, რომ მოძრაობა “ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ოცდათხუთმეტ წლამდე არტისტის საქველმოქმედო გაერთიანებაა, რომელიც კონცერტებისგან შემოსული თანხით მხარს იმ ადამიანებს უჭერს, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება; ასევე იწვევს სპონსორებს ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა, მაგალითად, “აუტიზმის საერთაშორისო დღე”, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების დაეხმარება.

“ახალგაზრდა ქართველი არტისტების ეს მოძრაობა ლეიკემიით დაავადებული ბავშვის, სოსოს სახელს ატარებს, რომელიც გარდაიცვალა,“ – ამბობს დავით ალადაშვილი. – „ეს ჩვენი ერთგვარი მესიჯია, რათა ხელოვანი ადამიანები საერთო პრობლემის დასაძლევად გავერთიანდეთ. “ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” წევრები არიან ანიტა რაჭველიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ლიზი რამიშვლი, მარიამ როინიშვილი, “საქართველოს სიმფონიეტა”, გარდა ამისა, მხატვრები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებიც. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები ნიუ იორკში ყოველწლიურად ქართული კლასიკური მუსიკის ფიუჟენს მოვაწყობთ, რაც აშშ–ში ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების უფრო ფართოდ წარდგენას ხელს შეუწყობს. ჩვენი მიზანიც ხომ ესაა – დამწყები ხელოვანების კარიერა წავახალისოთ და ამ მოძრაობაში თავად ისინიც ჩავრთოთ.”

20.10.2016
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment