ნიუ იორკში კვირადღის საღამოს საშემოდგომო განწყობის ყველაზე შესაბამისი ადგილი კლუბია, სადაც მოულოდნელად სწორედ იმ მელოდიას აღმოაჩენ, რომლითაც დიდი ხანია დადიხარ, მაგრამ არ იცი ნოტების რა თანმიმდევრობით წაიმღერო. ჰოდა, აღმოვაჩინე კიდეც. Rockwood Music Hall –ის მყუდრო სივრცეში ანანა კეის (ანანა კაცაძე, ვოკალი, ქიბორდი) და ირაკლი გაბრიელის (ირაკლი გაფრინდაშვილი, გიტარა) სიმღერა “ნაიარევი შენს გასახსენებლად” (Scar to Remember You By). კომპოზიტორმა და ტექსტის ავტორმა ირაკლი გაბრიელმა ეს სიმღერა დიდი ხნის წინ მოფიქრებული ოცი სხვადასხვა კუპლეტისგან, ანანას, თავისი მეუღლის გაცნობამდე დაწერა და მას მერე ყოველთვის ცვლიდა. მერე კოლეგებთან დაუკრა, მათ კი სტრიქონები დაუმატეს. წვლილი ამ სიმღერის შექმნაში ლეგენდარული ჯგუფის – The Waterboys წევრმა მაიკ სკოტმაც შეიტანა.
ანანას და ირაკლის ბენდი 2014 წელს შეიქმნა. ჰყავთ მესამე წევრი, გიტარისტი სემ ფელდმანი.
ია მერკვილაძის ფოტო
ანანა სამი წელია ნიუ იორკშია, ირაკლი – კიდევ უფრო მეტი ხანია. მანამდე იგი ნორვეგიაში, ინგლისსა და გერმანიაში ცხოვრობდა. ერთმანეთი საქართველოში, 2012 წელს გაიცნეს, თბილისშიც უკრავდნენ ჯგუფის “სანდა” წევრებთან ერთად. აშშ–ში 2013-ში ჩამოვიდნენ, ერთად გამოსვლა კი 2014 წელს დაიწყეს. მათი პირველი ერთობლივი სიმღერა “შენ ლოს ანჟელესში ძალიან დიდხანს იყავი” (You’ve Been in LA Too Long) ბათუმში შეიქმნა. მაიკ სკოტმა მათ ტექსტი გამოუგზავნა, ანანამ და ირაკლიმ კი მუსიკა დაწერეს.
ირაკლი გაბრიელის თქმით, მისი და ანანას ემიგრაციის მიზეზი ომი და სიყვარულია, ემიგრაცია კი “გაორებული/გაპობილი ცის” ფენომენივითაა…
“დასაწყისში იტალიური ფილმი “პური და შოკოლადი” მახსენდებოდა,“ – ამბობს ირაკლი. „– თუ მაინც და მაინც ემიგრაცია გიწევს, ისევ სჯობს ინტეგრირდე და სადაც გადახვედი, იმ საზოგადოების წევრი გახდე და არა ილუზიასა და ნოსტალგიაში გადავარდე… ემიგრაცია რთული და მძიმე პროცესია. შეიძლება დასაწყისში უცხო ქვეყანა ძალიან მომხიბვლელად მოგეჩვენოს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ხვდები, რომ შორიდან ყველაფერი იდეალურად ჩანს და შენ ყველგან საკუთარი პრობლემებითა და შენი ბარგით ჩადიხარ.”
როგორ ჩამოაყალიბეთ ბენდი და თქვენს სტილს როგორ დაახასიათებდით? – ვკითხე ანანას.
ჩვენი მუსიკა, ალბათ, უფრო ხშირად ძირითადად აკუსტიკურია. მე – ქიბორდზე, ირაკლი და სემ ფელდმენი – გიტარაზე უკრავენ. ორი წლის განმავლობაში ცოცხლად ვუკრავდით, სტუდიაში მუშაობის დროს კი ჩვენს შემადგენლობას ვაფართოვებდით, ვამატებდით რა სხვადასხვა ინსტრუმენტებს და რიტმულ სექციებს. 2016 წელს გამოვუშვით ჩვენი სადებიუტო ალბომი სახელად “ის, ვისაც შეგრძნება შეუძლია” (Sentient), რომელშიც ხუთი სიმღერა შევიდა. მას შემდეგ გადავწყვიტეთ ინსტუმენტალისტების დამატება, რადგანაც ჩვენი ჩანაწერების გაცოცხლება სათანადო ჟღერადობით გვინდოდა.
ჩვენი სტილის დაკონკრეტება თითქოს ყოველთვის გვიჭირს, რადგან ვფიქრობთ, რომ რაიმე ერთ მიმდინარეობას არ მივეკუთვნებით. ჩვენი საავტორო ნაწარმოებები არაერთი სხვადასხვა ჟანრის ერთობლიობაა (კლასიკური როკი, ფოლკი, Singer-Songwriter) და ეს ჩვენს აუდიო ჩანაწერებში, მგონი, საკმაოდ ცხადად ისმინება. თითოეული სიმღერისთვის კონკრეტული მუსიკალური სტილის არჩევა ძალიან ორგანული პროცესია – სიმღერა რომ იწერება, იგი თითქოს თვითონვე გვკარნახობს არანჟირებას, ინსტრუმენტალიზაციას და აქედან გამომდინარე – სტილსაც. ვიტყოდი, რომ სიმღერა თვითონვე ქმნის თავის პატარა სამყაროს, სადაც ყველაფერი ჰარმონიულია. დისონანსიც კი.
რა არის თქვენთვის ნიუ იორკი?
სრული და აბსოლუტური სიგიჟე, რომლისგანაც განუწყვეტლივ ყველას რაღაც აზრის გამოტანა გვიწევს, შემდგომ კი მისგან – ჩვენი პირადი რეალობის გამოძერწვა. მუსიკოსისთვის და ზოგადად ხელოვანისთვის ნიუ იორკი ნამდვილი ოცნებაა: ყველა ჟანრის საუკეთესო არტისტები ან აქ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ან ხშირად ჩამოდიან. ასე რომ, ნებისმიერ საღამოს შეიძლება პატარა კლუბშიც კი მსოფლიო დონის მუსიკოსების, როგორც იტყვიან, ვარსკვლავების მოსმენა; ხშირად მათი გაცნობაცა და ხანდახან – თანამშრომლობაც. ქალაქი თვითონ ორგანული არსებაა, დიდი და ძლიერი, დაუნდობელი და კეთილიც და მასში შეუძლებელია ადამიანმა თავმდაბლად არ იგრძნოს თავი…მეორე მხრივ, ცხოვრების ტემპი შეიძლება საკმაოდ სტრესული იყოს, მაგრამ როგორც არტისტისთვის და მუსიკოსისთვის, კლიშეს თუ გამოვიყენებ, ნიუ იორკი “ოცნებების ჭაა”, საიდანაც წყლის ამოტანას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება.
თქვენი საყვარელი მუსიკოსები?
გააჩნია მუსიკას რომელ დღეს, დღის ან ღამის რომელ საათზე უსმენ. დილით ბობ მარლი ან ანეთა ფრანკლინი; შუადღით – დეივიდ ბოუი; საღამოს – ბობ დილანი; ღამით ლეონარდ კოჰენი, ძილის წინ კი – ნინო როტა. ხვალ შეიძლება პირიქით იყოს, ანდა მთელი დღე მხოლოდ ბიბი კინგს დაეთმოს. გვიყვარს პოლ მაკარტნი. კლასიკიდან ბეთჰოვენი მიყვარს, ირაკლის – ბახი.
თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
როგორც აქაურები იტყვიან, “აწმყოში იმდენი გვიდევს თეფშზე”, თუ კარგად დავგეგმავთ, მომავალი თავის თავს ისედაც მიხედავს“. “თუ გინდა ღმერთი გააცინო, შენი მომავალი გეგმები მოუყევიო”, ეს, მგონი, ვუდი ალენის ერთ-ერთი ფილმიდანაა და ერთი ცნობილი ანდაზაც ამას გვეუბნება. რამდენიმე დღეში ბარში – Sidewalk NY – გამოვალთ. ზოგადად გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი მუსიკა ჩავწეროთ და გავაგრძელოთ საავტორო კონტენტის შექმნა, ისევე როგორც მათი ცოცხლად შესრულება. შემდეგ კი – “კე სერა, სერა”.
გააჩნია მუსიკას რომელ დღეს, დღის ან ღამის რომელ საათზე უსმენ. დილით ბობ მარლი ან ანეთა ფრანკლინი; შუადღით – დეივიდ ბოუი; საღამოს – ბობ დილანი; ღამით ლეონარდ კოჰენი, ძილის წინ კი – ნინო როტა. ხვალ შეიძლება პირიქით იყოს, ანდა მთელი დღე მხოლოდ ბიბი კინგს დაეთმოს. გვიყვარს პოლ მაკარტნი. კლასიკიდან ბეთჰოვენი მიყვარს, ირაკლის – ბახი.
თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
როგორც აქაურები იტყვიან, “აწმყოში იმდენი გვიდევს თეფშზე”, თუ კარგად დავგეგმავთ, მომავალი თავის თავს ისედაც მიხედავს“. “თუ გინდა ღმერთი გააცინო, შენი მომავალი გეგმები მოუყევიო”, ეს, მგონი, ვუდი ალენის ერთ-ერთი ფილმიდანაა და ერთი ცნობილი ანდაზაც ამას გვეუბნება. რამდენიმე დღეში ბარში – Sidewalk NY – გამოვალთ. ზოგადად გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი მუსიკა ჩავწეროთ და გავაგრძელოთ საავტორო კონტენტის შექმნა, ისევე როგორც მათი ცოცხლად შესრულება. შემდეგ კი – “კე სერა, სერა”.
25.10.2016
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment