Tuesday, December 26, 2017

ცხრა ქართველი დრამატურგის პიესა ნიუ იორკში – ქართულ – ამერიკული თეატრალური ზეიმი





„ქართულ – ამერიკული თეატრალური ზეიმი” ნიუ იორკის ზაფხულის დასამახსოვრებელი სახელოვნებო მოვლენების ნუსხაში უდაოდ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. პირველად, შეიძლება ითქვას, და არა მხოლოდ „საქართველო – ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის” ისტორიაში, ამ ტიპის საერთაშორისო არტღონისძიება სწორედ აშშ-ის ტერიტორიაზე გაიმართა და მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ლიტერატურული, სარეჟისორო, სამსახიობო თუ სხვა ტალანტების ჩვენება, არამედ ზოგადად ქართველი თანამედროვე დრამატურგიის ამერიკელი ხელოვნების მოყვარულთა წინაშე წარდგენა და ამავე დროს საქართველოსთვის მტკივნეული თემის – ომის, ოკუპაციის, დაკარგული ტერიტორიების არსებობის აღნიშვნაც. უფრო სწორედ, ამერიკელი მაყურებლის ერთგვარად ინფორმირებაც. მცოცავი საზღვარი, პუტინი, აფხაზეთი, მტრის ხატი, უნდობლობა და ამ ლოკალურ თუ ისტორიულ კატაკლიზმებში ადამიანების ბედ–იღბალი, სიყვარული, გულგრილობა, ემპათია, მარტოობა, სევდა, ამპარტავნება, უსუსურობა, გაწბილება, სიკვდილი, იმედი. სპექტაკლებისა თუ ლიტერატურული კითხვების დროს ჩემს თავს იმაზე ვიჭერდი, რომ ერთი შეხედვით, „თემის უცხოობის” მიუხედავად, როგორი ორგანული შეიძლება იყოს ქართული ნარატივი არაქართულენოვან გარემოში და თარგმანში სულაც არ იკარგებოდეს.

ფესტივალს მასპინძლობდა მყუდრო და კომპაქტური არტსივრცე Teatro Circulo (1992), რომელიც დაარსების დღიდან ესპანურენოვანი სცენარისტებისა და ავტორების ნაწარმოებების პერფორმანსების ადგილია. წელს კი რამდენიმე კვირა Teatro Circulo-მ ქართველ ხელოვანებს უმასპინძლა. უფრო სწორედ, სცენაზე მიმდინარე მოქმედების თუ ლიტერატურული კითხვის შემქმნელთა შორის ყველაზე ცოტანი ქართველები იყვნენ, დანარჩენნი კი ამერიკისთვის, კერძოდ კი, ნიუ იორკისთვის დამახასიათებელი სიჭრელე.

ცხრა ქართველი დრამატურგის ნაწარმოებიდან ორის პიესა – ლაშა ბუღაძის „შეყვარებული ნავიგატორი” (რეჟისორი ადამ ნაითი) და თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტი” (რეჟისორი ბეკი ბაუმოული) დაიდგა და მასში ამერიკელი მსახიობები თამაშობდნენ. დანარჩენი ავტორების ტექსტებს ასევე ამერიკელი მსახიობები კითხულობდნენ.












„სათამაშო პისტოლეტი“

იყო ქართული კერძები (ნიუ იორკის რესტორანი „ოდა ჰაუსი”), ქართული ღვინო (Corus Imports), ქართული ხალხური მუსიკა და ინტერპრეტაციები ფოლკლორულ თუ ქალაქურ რომანსებზე (ილუშა ცინაძე და მისი ბენდი; ნინი ხვედელიანი და ქართული გუნდი „ზეკარი”), თეატრის კედლებზე ძველქართული კალიგრაფიით შესრულებული ტექსტები და საქართველოს ისტორიის ამსახველი ილუსტრაციები „ლიტერატურის ინსტიტუტიდან”, ხოლო თავად საპერფორმანსო დარბაზში – მხატვარ ლადო ფოჩხუას ნამუშევრები. ცხრა დრამატურგიდან მხოლოდ დათო ტურაშვილი დაესწრო მისი „რკინის ფარდის” კითხვას, რომლის რეჟისორი გახლდათ კრის ლევინი. იგი ამავე ფესტივალზე ლაშა ბუღაძის „პუტინის დედის” შემსრულებელი არტისტიც იყო და ირინა გაჩეჩილაძის მიერ რამდენიმე თვის წინ ნიუ იორკში დადგმულ სპექტაკლში – “ჰამლეტი. ვერსია“ ჰორაციოს როლის შემსრულებელიც.

Teatro Circulo –ში მაყურებელი გაეცნო დათა თავაძის „დედა ომს“ (რეჟისორი რიჩარდ ავენი), რეზო კლდიაშვილის „პილონს“ (რეჟისორი ჯაიკობ ტაიტუსი), ნესტან კვინიკაძის „მეგობრებს“ (რეჟისორი ლიზ თალერი), ბასა ჯანიკაშვილის „დიქტატურას“ (რეჟისორი ჯასთინ იორიო), გურამ ბათიაშვილის „არწივის ფრთებზე“, ნინო ხარატიშვილის „ლივ შტაინს”, თამარ ბართაიას „კაბის დღიურს“, ლაშა ბუღაძის „პუტინის დედას” (რეჟისორი ირინა გაჩეჩილაძე). დადგმული სპექტაკლებიცა და ლიტერატურული კითხვები საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთგვარი სევდიანი ანარეკლები იყო: რეალობისა და გამოგონილი სამყაროს შეუთავსებლობა; არტისტის ოცნება, სიყვარული, გაყოფილი გზები და ამ გზების გადაკვეთა; ჯონ სტეინბეკის „ტორტილა ფლეტის“ ქართული ინტერპრეტაცია; ომში წასული კაცების საყვარელი ქალების მიუსაფრობა; მონსტრის დედის წუწუნი გავლენიანი შვილის ყოლის მიუხედავად, გაუსაძლის, უკბილო ყოფასა და მარტოობაზე; ყოველდღიური რუტინა, ხელფასი, მორალური არჩევანი; ტოტალიტარული რეჟიმი და უნდობლობა; ახლადშექმნილი სახელმწიფო, კანონი და დამნაშავე; ხელოვნება, პირადი ტრაგედია და ცხოვრებისეული ცვლილებები; მავთულხლართები და სიყვარული/არსიყვარული; კაბა, როგორც ერთი ადამიანის ცხოვრების მემატიანე და ახალი ცხოვრების დასაწყისი…




მსახიობი კრის ლევინი. “პუტინის დედა”.




































მსახიობი სარინ მონი უესტი. “კაბის დღიური”.

რეჟისორმა ირინა გაჩეჩილაძემ, რომელიც „ქართულ – ამერიკული თეატრალური ზეიმის“ კურატორიცაა და სპექტაკლების კოსტიუმების დიზაინერიც, 2007 წელს ფონდი Red Lab (იგივე Red Lab Productions. „წითელი ლაბორატორია”) მას შემდეგ დაარსა, რაც საქართველოში მოსკოვიდან დაბრუნდა. მან მოსკოვში, „რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში “ მაგისტრის ხარისხი ოპერისა და დრამატული თეატრის რეჟისურაში მიიღო. გარდა ამისა, ირინა გაჩეჩილაძეს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებშიც აქვს და დღემდე ოცნებობს, რომ ამ ფონდმა კულტურული დიპლომატიის მისია აქტიურად შეასრულოს. პირველი პროექტი ირინამ 2009 წელს სომხეთში, ერევნის ოპერაში განახორციელა და იქ მოცარტის ოპერა „დონ ჯოვანი“ დადგა. ეს იყო ერთგვარი ქართულ-სომხური დრამატურგიული სინთეზი, სადაც საქართველოს ირინა გაჩეჩილაძე წარადგენდა. რეჟისორი ამბობს, რომ მისი მიზანი იყო ეს დადგმა თბილისში ჩაეტანა, წარმოდგენაზე ქართველი და აზერბაიჯანელი მომღერლები დაეპატიჟებინა, რათა ოპერის ფრთის ქვეშ ამგვარი ტიპის მშვიდობიან თანამშრომლობას საფუძველი სწორედ კავკასიაში ჩაჰყროდა.

– „იდეალისტი და მეოცნებე ვიყავი“, – ამბობს ირინა გაჩეჩილაძე, „არა თუ სომხების და აზერბაიჯანელების თანამშრომლობა არ შედგა, საქართველოში თავად დადგმაც კი ვერ ჩავიტანე. შემდეგ 2010 წელს, თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში პუშკინის პოემა „ონეგინი“” ორ ენაზე წარვადგინე. ეს იყო ჩემი მცდელობა, მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც დღესაც ასე მწვავად გრძელდება, რუსულ ლიტერატურაზე უარი არ გვეთქვა. არსებობს უამრავი რუსულენოვანი კარგი ნაწარმოები/პიესა, ხელოვნებას ხომ ეროვნება არა აქვს. ის მსოფლიოს ეკუთვნის. იყო სხვა საერთაშორისო პროექტებიც: საოპერო დადგმა ლონდონში (ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი”), რამდენიმე დრამატული სპექტაკლი ნიუ იორკში ,მათ შორის ჩეხოვის „თოლია“, სადაც მთავარ როლს, სტივენ სპილბერგის შვილი, სოიერ სპილბერგი ასრულებდა.

– როგორ გაჩნდა „ქართულ–ამერიკული თეატრალური ზეიმის” იდეა და რითაა იგი გამორჩეული სხვა თეატრალური ფესტივალებისგან?

– რამდენადაც ვიცი, ქართული დრამატურგიის ფესტივალი საქართველოს საზღვრებს გარეთ არ ჩატარებულა. ეს პროექტი პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ამერიკელებმა ქართული დრამატურგიის არსებობის შესახებ გაიგონ, დაინტერესდნენ და ეს იყოს მათთვის ქართველი მწერლების ნამუშევრების სხვა თეატრებშიც დადგმის მოტივი. ეს ფესტივალი იმავდროულად კულტურული დიპლომატიაცაა. როდესაც ადამიანებს შენი კულტურისადმი ინტერესს აღუძრავ, მეტიც, მოხიბლავ, ისინი შენი ქვეყნის მიმართ უფრო მეტი ყურადღებითა და ინტერესით განეწყობიან. ვფიქრობ, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ჩვენს მიმართ ამერიკელების პოზიტიური დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ფესტივალით კი საქართველოსადმი კეთილგანწყობას კიდევ ერთი წვეთი შევმატე. ვიმედოვნებ, რომ აშშ–ში ქართველი დრამატურგების მიმართ ინტერესი აუცილებლად გაიზრდება და არაერთი ქართული პიესაც დაიდგმება. ასევე ვცდილობ, დავაინტერესო აქაური გამომცემლობები, რათა მათ ქართული პიესების თარგმანები გამოსცენ. შედეგად კი ქართველი ავტორების არაჩვეულებრივი ნამუშევრები აქაურთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

– ფესტივალის ორგანიზებისას რა სახის პრობლემები გქონდათ? ვინ გეხმარებოდათ?

– ცხადია, უპრობლემოდ არაფერი კეთდება. უბრალოდ, ამ პრობლემებს ოპერატიულად მოგვარება უნდა და, მოდი ასე ვთქვათ, ფესტივალი საკმაოდ შრომატევადი რამ აღმოჩნდა. მეხმარებოდა ადამ ნაითი.

– როგორ შეირჩა პიესები დასადგმელად? მსახიობების, რეჟისორების კასტინგი როგორ ჩატარდა?

– მე მივწერე არაერთ ქართველ დრამატურგს, რომელთაგან მხოლოდ ცხრამ მიპასუხა და თავიანთი ინგლისურად ნათარგმნი პიესები გამომიგზავნა. შემდეგ შევკრიბე ამერიკელი რეჟისორების გუნდი, რომლებმაც ეს პიესები წაიკითხეს და თავად შეარჩიეს თუ რომელ პიესას ვინ დადგამდა. მსახიობები კი სხვადასხვა თეატრებიდან მოვიწვიეთ, რათა ამ ფესტივალის არსებობის შესახებ უფრო მეტ თეატრს გაეგო. ფესტივალზე ძალიან ბევრი ამერიკული თეატრი დავპატიჟეთ.

– ამ ფესტივალზე პიესების ლიტერატურული კითხვა ძალიან ორგანული პროცესი აღმოჩნდა…

– პიესის დადგმისას ლიტერატურული კითხვები ჩვეულებრივი პროცესია. ამ დროს მაყურებლის წინაშე ნაწარმოები ვერბალურად ცოცხლდება. თუ ამას კარგი მსახიობები და რეჟისორი აკეთებს, მაშინ შედეგი შთამბეჭდავი იქნება. ლიტერატურული კითხვები თბილისშიც იმართება. 2007 წელს რუსთაველის თეატრში ქართული პიესების ლიტკითხვების ფარგლებში მეც დავდგი პიესა – ბესო ხვედელიძის „მელოტთათვის”.

– საქართველო თეატრალური რეჟისორი ქალების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის. რატომ, როგორ ფიქრობთ?

– მართალაც, კინოში ბევრად მეტი ქალი რეჟისორია. მართალი გითხრათ, არ მიფიქრია მიზეზზე, თუ რატომა ქართულ თეატრში ნაკლები ქალი რეჟისორი.

***

მაიკლ პროპსტერი დადგმის – „ჰამლეტი. ვერსია” პრემიერაზე გავიცანი. იგი სპექტაკლში გულდენსტერნის როლს ასრულებდა. ქართულ–ამერიკულ თეატრალური ფესტივალი გაიხსნა „შეყვარებული ნავიგატორით”, სადაც მაიკლი მთავარი მოქმედი გმირის, როსტომის როლს ასრულებდა. ჩემი აზრით, ეს სპექტაკლი რეჟისურითა თუ სანახაობრივი სტილით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.














„შეყვარებული ნავიგატორი“

– რა სახის განცდაა, როცა შექსპირსეულ–აკუნინინსეული ტრაგედიიდან გადახვედით ავტომობილის ნავიგატორის ხმაზე შეყვარებული ქართველი კაცის როლზე?

– „ჰამლეტი. ვერსია” ჩემთვის ფანტასტიური გამოცდილება იყო და ძალიან გამიხარდა, როცა დავინახე, რომ იგი მაყურებელმა ასე კარგად მიიღო. მე „ჰამლეტამდე” ირინასთან და ადამ ნაითთან არასოდეს მიმუშავია. მათ ერთად არაჩვეულებრივი მსახიობების, დიზაინერების გუნდი შეგვკრიბეს. ამ უნიჭიერეს ადამიანებთან ურთიერთობა იყო მართლაც სიხარულით სავსე სამუშაო.

როცა ადამმა დამირეკა და მაცნობა, რომ „შეყვარებულ ნავიგატორში” მასთან ერთად ვიმუშავებდი, მე სიხარულისგან შევხტი. ყოველთვის მომწონდა მისი ნამუშევრები, თუმცა როცა სცენარი წავიკითხე, მართალი გითხრათ, ავღელდი და ცოტა არ იყოს, შევშინდი კიდეც. ვკითხე, თქვენ გინდათ, რომ მე სცენაზე ოთხმოცდაათი წუთი უსხეულო ხმასთან ვისაუბრო? კეთილი… მაგრამ ადამს ჩემი ძალების სჯეროდა და მისმა დარიგებებმა მუშაობის ეს პროცესი, მეტსაც ვიტყვი, უფრო წარმატებული გახადა, ვიდრე „ჰამლეტში”. ირინამ და ადამმა მართლაც კარგად იციან, როგორ შეკრიბონ არტისტების პროფესიული გუნდი, რომელიც ამ გამოცდილებას საინტერესოს ხდის როგორც მაყურებლისთვის, ასევე არტისტებისთვის.

– რა იცოდით ქართული თეატრალური ისტორიის შესახებ?

– მართალი გითხრათ, საქართველო ნელ–ნელა სწორედ ირინას საშუალებით გავიცანი. ვიცოდი, რომ ეს იყო ყოფილი სსრკ–ის რესპუბლიკა, მაგრამ სხვა ბევრი არაფერი გამეგო. თუმცა ახლა, ცოტა არ იყოს, დავვაადდი საქართველოთი და ვცდილობ მეტი გავიგო თქვენზე და თქვენს კულტურაზეც. წარმოდგენის შემდეგ ბევრ ამერიკელ მეგობართან მისაუბრია პიესებზე, საქართველოსა და იმ კულტურაზე, რომელიც ამ პიესებში წარმოჩინდება. ამ ფესტივალმა აქაურთა ცნობიერებაში საქართველო მართლაც შემოიყვანა; იმ ადამიანების თვალსაწიერში, ვინც დადგმებსა და აქ გამართულ მუსიკალურ წარმოდგენებს დაესწრო. დედაჩემმა უბრალოდ იყიდა ბორის აკუნინის წიგნი მას მერე, რაც „ჰამლეტი. ვერსიაზე“ არაერთი რეცენზია წაიკითხა.

– რითაა თქვენთვის „შეყვარებული ნავიგატორი“ დასამახსოვრებელი?

– „შეყვარებული ნავიგატორი“ ესაა პიესა, რომელსაც მე ყოველთვის დავაფასებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მანქანაში ოდესმე GPS – ნავიგატორს გამოვიყენებ, ეს ამბავი აუცილებლად გამახსენდება. იმედი მაქვს, რომ ამ პიესაში თამაშის შანსი სამომავლოდაც მომეცემა და იგი სხვა თეატრების სცენაზეც დაიდგმება, როგორც ეს აშშ–სა და სხვა ქვეყნებში ხდება.

„შეყვარებული ნავიგატორის“ ისტორია უნივერსალურია და მასთან ემოციური ბმა მაშინვე შემექმნა (არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი). საუბარია უპასუხო სიყვარულზე, ვნებაზე და, რაც მთავარია, ადამიანებთან კავშირის ძიებისას მარტოობასთან ურთიერთობაზე. ეს ძალიან სპეციფიური თემაა და ის, რომ ეს ქართული ნარატივია, მას კიდევ უჩვეულოს ხდის. პიესას აქვს სტილი, რომელიც მე მანამდე არ შემხვედრია და რომელიც მიყვარს. საქართველოს კატაკლიზმების ფონზე ქართველი კაცის, როსტომის თავგადასავალი ამ ამბავს კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს სძენს.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩემი გრძნობები გამოვხატო. უბრალოდ მინდოდა ირინასა და ადამს ვუთხრა, რომ მათ არაჩვეულებრივი ფესტივალი მოაწყვეს და მადლობა მათ, რომ მონაწილეობის შანსი მომცეს. სასცენო მენეჯერები თუ შემსრულებლები ძალიან ნიჭიერი ხალხი აღმოჩნდა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ქართველებს, რომლებიც დადგმებს დაესწრნენ და ასეთი თბილები, კეთილები და გულუხვები იყვნენ. ამას მე არასოდეს დავივიწყებ.

* * *

„ჩემთვის ქართული თეატრის ისტორია რობერტ სტურუასა და რეზო გაბრიაძის შესახებ ცოდნას ეფუძნებოდა“ – მითხრა რეჟისორმა ადამ ნაითმა, – “არ ვიცოდი, თუ რაოდენ მრავალფეროვანი, ყველანაირი სტილისა და ფორმის შესანიშნავი დრამატურგები ჰყოლია საქართველოს. ქართული თეატრი საოცრად მდიდარი თეატრალური სცენაა, რომელიც ღირსია უფრო მეტი საერთაშორისო პროდუქციით იყოს წარმოდგენილი.




ირინა გაჩეჩილაძე და ადამ ნაითი

როცა Red Lab–ის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა გაჩეჩილაძემ ამ ფესტივალის ორგანიზება გადაწყვიტა, ორივემ რამდენიმე ავტორის არაერთი შესანიშნავი სცენარი წავიკითხეთ. ლაშა ბუღაძის „შეყვარებულმა ნავიგატორმა” მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება, რადგანაც ვიგრძენი, რომ პიესის სამყარო ძალიან ახლობელია – ესაა ადამიანებს შორის სამუშაო ადგილზე დისტანციის თემა და ამავე დროს რეალური კავშირის წყურვილი. ეს პიესაა, რომელიც საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთის შესახებ რეალურად მოგვითხრობს. და თან ძალიან სასაცილოცაა.

– თქვენთვის რა ახალი ინტონაციები აღმოჩენეთ?

– იყო საუბრის პატერნები და ხუმრობები, რომელსაც წმინდა წყლის ქართული შეიძლება ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ თემები უნივერსალურია, პიესაში იგრძნობა, ასე ვთქვთ, მისი წარმომავლობის ადგილი. მე ეს მომწონს. მე მიყვარს პიესები, რომელსაც ნაცნობ და უცნობ ადგილებში გადავყავარ. პიესას ეს იმიტომ შეუძლია, რომ იგი კარგადაა დაწერილი და მკითხველიცა და მაყურებელიც მოგზაურობაში მიჰყავს.

– სიტყვა „ლაბორატორია” ექსპერიმენტსაც ნიშნავს. რა სახის ექსპერიმენტის ავტორი გახდით და როგორ?

– პიესას აქვს სხვადასხვა ადგილი, სადაც იგი თამაშდება. ბევრი სცენა ავტომობილშია. ჩვენ ვექსპერიმენტატორობდით იმაზე, თუ როგორ გადადის მთავარი გმირი თავისი მანქანიდან ოფისში, მამის სახლში ისე, რომ სცენას არ ტოვებს. ამის შედეგია ერთ ჭავლად მიმდინარე რეალობა, უწყვეტობა, რომელიც ძირითადად მთავარი გმირის რეალობის განცდას ასახავს და რომელიც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ისე გადაადგილდება, როგორც სიზმარში. ასევე მომწონს, თუ როგორ იქმება ორმხრივი სივრცე აუდიტორიასა და სცენას შორის. ეს ერთგვარ ლაბორატორის ჰგავს, სინჯარაში მოთავსებული მთავარი გმირითა და აუდიტორიით, რომელიც თვალს ადევნებს იმას, თუ როგორ რეაგირებს გმირი პიესის მოვლენებზე.



– ამ ფესტივალმა რა სახის გამოცდილება შეგძინათ?

– ეს იყო ძალიან განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ძალიან მადლობელი ვარ იმის, რომ არა მარტო ქართულმა, არამედ ამერიკულმა თემმაც მხარი დაგვიჭირა. მომწონს, რომ ბევრი მაყურებელი ფესტივალის სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრო და თავისი შვილები, მეგობრები მოიყვანა. ამ ფესტივალის დაწყებამდე ჩვენს მსახიობებს საქართველოს შესახებ მინიმალური ცოდნა ჰქონდათ, ახლა კი ისინი და მეც, ცხადია, საქართველოს მეგობრები გავხდით! იშვიათი რამაა, როცა თეატრი ადამიანების ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. მე ვგრძნობ, რომ ჩვენ ამგვარის შექმნა შევძელით.

– გიყვარდეს თეატრი XXI –ში – რას ნიშნავს თქვენთვის?

– მე მიყვარს თეატრი და მიყვარს სიყვარული. ვფიქრობ, რომ ყველა თეატრი სიამოვნებისთვის უნდა არსებობდეს. და იმასაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ცხოვრებაში სიამოვნებისთვის უნდა არსებობდეს. ღვინო, მუსიკა, სიმღერა, თეატრი, სიყვარული. ჩვენი წარმოდგენები ძლიერი სანახაობა იყო და, იმედი მაქვს, რომ სპექტაკლებმა ადამიანებს სიამოვნება მიანიჭა. ირინა გაჩეჩილაძე და მე პიესების დადგმასა და აუდიტორიასთან საუბარს კვლავ გავაგრძელებთ. ჩვენ ისეთი დიდი იმპულსი მივიღეთ, რომ, ცხადია, მის კულტივირებას გავაგრძელებთ. ამას გარდა შემოდგომაზე მე საქართველოში მივემგზავრები – ცხოვრებაში პირველად!


































14.09.2017
netgazeti,ge

No comments:

Post a Comment