Sunday, December 24, 2017

ფერწერა და პლანეტარული ტემპერატურის ტრანსფორმერი გიზო ვაშაკიძისგან




მეცნიერი და მხატვარი გიზო ვაშაკიძე შარშან, ნიუ იორკის არტ-ექსპოზე გავიცანი. წელს მას უკვე არაერთი გამოფენა ჰქონდა ჩელსიში, სადაც ჯგუფურ ექსპოზიციაში სხვა ამერიკელ მხატვრებთან ერთად მისი ნამუშევრები: „იმედის მატარებელი”, „იაფოს ქუჩა“ და „პარიზი“ იყო წარდგენილი. ფერწერის გარდა იგი სხვა საქმითაცაა დაკავებული, განათლებით გეოგრაფი გიზო ვაშაკიძე რამდენიმე სამეცნიერო მინოგრაფიის ავტორია.





„ბავშვობაში, თბილისში, საკომისიო მაღაზიებში ხშირად დავდიოდი“ – მიყვება მხატვარი, „–კარგად მახსოვს ვაკეში, უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე ასეთი მაღაზია, სადაც განა რაიმეს საყიდლად შევდიოდი, უბრალოდ, იქ დრო და დრო ფერწერული ტილოები მოჰქონდათ. დღემდე არ ვიცი რა მიზიდავდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რასაც ვხედავდი, სწორედ ეს უნდა მეკეთებინა. პირველი ნახატი ჩვიდმეტი წლის ასაკში დავხატე პირდაპირ ჩემი ოთახის კედელზე. ჩემი ჯარში ყოფნისას კი ეს ნახატი ახალი შპალერის ქვეშ მოჰყვა. ჩემ ბედად, მეზობლად ცნობილი ქართველი მხატვარი ალექსანდრე მიქაძე ცხოვრობდა, მისი რეკომენდაციით „თვითნასწავლ მხატვართა კავშირში” გავერთიანდი და მონაწილეობა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაშიც მივიღე. მას მერე ბევრი წელი გავიდა.

– მხატვრობის პარალელურად თქვენ პირამიდებსა და ტორნადოებს იკვლევდით…

– ჩემი პირველი სამეცნიერო კვლევა (2000) ეგვიპტური პირამიდებისა და ტორნადოს ურთიერთკავშირს მიეძღვნა. ვინაიდან უნივერსიტეტის გეოგრაფია – გეოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე 1989 წელს, მეტეოროლოგიაში გარკვეული ცოდნა მქონდა და ეს უძველესი შენობები მეტეოროლოგიური კუთხით შევისწავლე. ჩემი თეორიის მიხედვით ძველი ეგვიპტელები, თეთრი ფერის პირამიდით ტორნადოს პირამიდის თავზე წარმოშობას ხელოვნურად ხელს უწყობდნენ. სავარაუდოდ, ძველმა ეგვიპტელებმა ამ მეტეოროლოგიური მოვლენის წარმოქმნის მექანიზმი ბუნებრივ კლდეებზე დაკვირვებით შეისწავლეს, შემდეგ კი ააგეს ხელოვნური კლდე, რომელსაც ჩვენ „პირამიდას“ ვეძახით. ამ შენობით ძველ დროში, მაშინ, როდესაც პირამიდას პირვანდელი სახე ჰქონდა (ანუ თეთრი ქვით იყო მოპირკეთებული), ხდებოდა ტემპერატურის არათანაბარი განაწილების შექმნა მკვეთრი ნახტომით – ცივი ცენტრი ცხელ გარემოში. ეს გარემოება კი ხელს უწყობდა ტორნადოს მაპროვოცირებელი ღრუბლის შექმნას. ვინაიდან ტორნადოს საგნების შეწოვისა და ცაში ატაცების უნარი აქვს, ძველი ეგვიპტელები იმედოვნებდნენ, რომ ქარბორბალა პირამიდაში დასვენებულ ფარაონის სულს ღვთაება რასთან აიტაცებდა. ამ კვლევას გაეცნენ და მხარი დაუჭირეს გამოჩენილმა მეცნიერმა, პროფესორმა არჩილ ხანთაძემ და აკადემიკოსმა გიორგი გალიცინმა. მათი ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, თსუ-ის ასპირანტურაში ჩავაბარე. ჩემი მეგობრის, ბაჩანა ადამიას დახმარებით ნაშრომი 2003 და 2004 წლებში ქართულ და რუსულ ენებზე სამეცნიერო მონოგრაფიის სახით, ხოლო 2014 წელს – ინგლისურ ენაზე სახელწოდებით – „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისთვის“ გამოიცა.







– ცხადია, კვლევისას ეგვიპტურ დამწერლობასაც უნდა გაცნობოდით ….

– ასეც მოხდა. ჩემ თეორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი სწორედ იეროგლიფებია, პირამიდის ტექსტებში (ეს არის ტექსტები პირამიდის ქვედა ბლოკებზე), მივაგენი იეროგლიფების ჯგუფს, რომელშიც პირამიდაც ხატია და მის გვერდზე კი ტორნადოს საწყისი ფაზა. სწორედ ამას ამტკიცებს ჩემი თეორიაც, რომ პირამიდა წარმოადგენდა ტორნადოს საწყისს ანუ ხელისშემწყობ შენობას. სხვა ტექსტებშიც მივაკვლიე ტორნადოს ფაზების ჩანახატებს. ამდაგვარად უძველეს ხელნაწერებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. ამის გამო 2006 წელს გეოგრაფი გია სოფაძე და კინორეჟისორი დავით გოგუძე დამიკავშირდნენ და მაჩვენეს ქვებზე არსებული უცნაური წარწერები, რომლებიც საქართველოს მაღალმთიანეთის შენობებში იყო ჩაყოლებული. მათ შემომთავაზეს მემუშავა ამ ნახაზების განმარტებაზე. 



დავინტერესდი სხვაგანაც თუ იყო რაიმე მსგავსი ნახაზები ქვებსა და კლდეებზე. ინტერნეტში მოვიძიე მსგავსი პიქტოგრამები (ნახაზები ქვაზე), რომელიც დედამიწაზე ოდითგანვე არსებობს: რუსეთში, თურქეთში, ესპანეთში, იტალიაში, ეგვიპტეში, მექსიკაში, პერუში და ა.შ. პიქტოგრამების სიმრავლემ გამიადვილა ნახაზებისგან ინფორმაციის განმარტება.






ხევსურეთში არსებული პიქტოგრამები.

2009 წელს გიორგი ბოჭორიშვილის დახმარებით წიგნები: „ციური ექსპრესი” და შემდგომ მისი გაგრძელება – „ფესტოსის დისკო, გზავნილი გალაქტიკიდან“ გამოვეცი. ამ წიგნებში ილუსტრირებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული პიქტოგრამები და მათში დაშიფრული ინფორმაციის განმარტებები. ჩემი აზრით, ამ უცნაურ ნახაზებში ფიქსირდება არამიწიერი გეომეტრია, კერძოდ, რიგ ნახაზში მოცემული ფიგურა ჩაკეცილ მდგომარეობაშია, ანუ ნახაზი არის ორგანზომილებიანი, მაგრამ თუ მას გაშლი, იგი სამგანზომილებიანად გარდაიქმნება და ამით გასაგები ხდება ზედ დატანილი ინფორმაცია. გაშლა კი ნახაზზე არსებული პირობითი ნიშნების მიხედვით ხდება. ასეთი ტიპის ნახაზები არ ჯდება მიწიერი გეომეტრიის გამოცდილებაში. ანუ იმ გეომეტრიის გამოცდილებაში, რასაც ჩვენ სკოლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში ვსწავლობთ.


– ამ ნახაზებიდან რა ინფორმაცია ამოიკითხება?

– ამ ნახაზებიდან ამოკითხული ინფორმაციის მიხედვით, ვარსკვლავთაშორის სივრცეში მოძრაობენ პლანეტები, რომლებიც დროდადრო ვარსკვლავებს უახლოვდებიან და განეშორებიან. სწორედ ამ შორსმავალი პლანეტებით ისარგებლეს უცხო ცივილიზაციებმა და დედამიწაზე რამდენიმე ექსპედიცია განახორციელეს. ჩემ წიგნში ასეთი პლანეტები „შორსმავალი პლანეტის“ სახელით მოვიხსენიე.

– ეს თემა ფანტასტიკის ჟანრს ჰგავს.

– როგორც ყველა სიახლე, აღნიშნული ნაშრომი საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო. იყვნენ მხარდამჭერებიც და სკეპტიკოსებიც და ისეთებიც, ვინც ეს სიახლე ფანტასტიკის ჟანრად მონათლა.

მოდით მოვლენების განვითარებას მივყვეთ. თან აუცილებლად გავითვალისწინოთ ის, რომ ამ თემაზე მუშაობა 2006 წელს დავიწყე, 2009 წელს კი ნაშრომი წიგნად გამოვეცი. დაახლოებით 2011 წლიდან ინტერნეტსივრცეში და ჟურნალებში ჩნდება სტატიები, სადაც ასტროფიზიკოსები აღფრთოვანებით გვიყვებიან იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყნის ასტრონავტებმა ვარსკვლავთაშორის სივრცეში აღმოაჩინეს პლანეტები, რომლებიც მოძრაობენ და რომლებიც არ განეკუთვნებიან ამა თუ იმ ვარსკვლავთა სისტემას ანუ არ მოძრაობენ ვარსკვლავის გარშემო, მაგალითად ისე, როგორც დედამიწა.

ზოგმა მეცნიერმა ასეთი პლანეტები მოიხსენია როგორც „მოხეტიალე პლანეტები“, ზოგმა როგორც „ობოლი პლანეტები“. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემ ნაშრომში მე ამ პლანეტებს „შორსმავალი პლანეტები“ დავარქვი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვინ რას დაარქმევს მათ, არანაირი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე ჩემი წიგნი 2009 წელს გამოვეცი, ანუ რამდენიმე წლით ადრე დავაფიქსირე ასეთი პლანეტების არსებობა, ვიდრე ამერიკისა და სხვა კოსმოსურმა სააგენტოებმა.

ფეისბუკზე უცნობმა მეგობარმა მომწერა იმის თაობაზე, რომ ჩემი თეორია გამართლდა, ვინაიდან კოსმოსურმა სააგენტოებმა ე.წ. „მოხეტიალე პლანეტების“ არსებობა დააფიქსირეს და გაუკვირდა, რომ მე არსად ვარ ნახსენები. ჩემი პასუხი ასეთი იყო; „მე კი არა, შუმერული ცივილიზაცია გააქრეს ამ სტატიებში– მეთქი”.



– საიდუმლო არავისთვისაა, რომ ამგვარი პლანეტების არსებობას უძველესი ცივილიზაციებიც აღნიშნავდნენ…

– შუმერებმა იცოდნენ ამ პლანეტების არსებობა. მათ ეპოქაში დედამიწას მოუახლოვდა პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე ცოცხალი არსებანი დაეშვნენ. ეს იყო ის ექსპედიციები, რომელთა ნახაზებიც ჩემს წიგნშია განმარტებული. შუმერებმა, იმისთვის, რომ მომავალ ცივილიზაციებს, ანუ ჩვენ გვცოდნოდა ეს ამბავი, ინფორმაცია ქვებზე ამოტვიფრეს. მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს ის, რომ ისეთი „უცნაური ცივილიზაცია“, როგორიც ჩვენ ვართ, პირველწყაროს არ მოიხსენიებდა. შუმერებმა პლანეტას, რომელიც დედამიწას მოუახლოვდა და რომლიდანაც ექსპედიცია დედამიწაზე დაეშვა, „ნებირუ“ დაარქვეს.

– ანუ პირველწყაროს მოხსენიება „გამორჩათ”?

– გამორჩათ ან უბრალოდ არ შეიტანეს. პირადად მე, ჩემ წიგნებში შუმერული ცივილიზაციის მიერ დატოვებული ინფორმაცია მოვიხსენიე, რადგანაც ეს, როგორც მინიმუმ, ეთიკის საკითხია. წიგნში მათი მოხსენიებით ხაზი გავუსვი, რომ ე.წ. „მოხეტიალე პლანეტები“ მე კი არ აღმომიჩენია, ამ ცოდნის პირველწყარო შუმერები იყვნენ. ვარსკვლავთაშორის სივრცეში „მოხეტიალე პლანეტების“ არსებობის აწ უკვე სანდო წყაროს (ასტრონავტების მიერ) დადასტურებით ჩემ წიგნში არსებული თეორიის ნაწილი გადამოწმებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ანუ „შორსმავალი პლანეტები“ მართლაც არსებობენ.



– მედიასივრცეში არსებობს პოპულარული ენით მოთხრობილი ისტორიები ამ „ექსპედიციების” ნაკვალევზე, თუმცაღა მაინც ისმის კითხვა, მეცნიერულად ექსპედიციების ყოფნა დედამიწაზე როგორ შეიძლება გადამოწმდეს?

– ეს აუცილებლად გადამოწმდება, ასტრონომების მიერ კავშირგაბმულობის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლოა ერთ დღეს დამყარდეს კავშირი უცხო ცივილიზაციასთან, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ვარსკვლავთაშორისი ექსპედიციების არსებობა – არ არსებობის ფაქტი და ყველაფერი გაირკვევა. ჩემი თეორია არ განეკუთვნება ისეთ თეორიათა რიცხვს, რომელიც შემოწმებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება დროს. მე, მაგალითად, არ ველოდი, რომ 2009 წელს გამოცემული წიგნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის „შორსმავალი პლანეტების” არსებობა სულ რაღაც ორ წელიწადში გადამოწმდებოდა.

– კოსმოსიდან ემიგრაციასა და ფერწერას რომ დავუბრუნდეთ…

– ერთი წელია რაც საცხოვრებლად ამერიკაში გადმოვედი. ეს დიდი ქვეყანაა და შესაბამისად უფრო ფართო ასპარეზია როგორც შემოქმედებისთვის, ასევე მეცნიერული კვლევებისთვის. თუმცა რაც უფრო დიდია ქვეყანა, მით უფრო დიდია კონკურენციაც. აღსანიშნავია, რომ აქ ძალზედ მოწესრიგებულია ბევრი საკითხი და მიზნის მიღწევის შესაძლებლობებიც. ამის დასტურად შემიძლია მოვიყვანო ის შეთავაზებები, რომელიც ნიუ იორკის სხვადასხვა გალერეებიდან მომივიდა. მონაწილეობა მივიღე ჯგუფურ გამოფენებში. ნახატებს, რომლებიც გამოფენაზე უნდა გამეტანა, მე არ ვარჩევდი, არამედ – გალერისტები. აქვე მინდა ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებაც გამოვხატო. ზოგადად ფერწერისადმი აქაურების დამოკიდებულება რთულია და, ზოგ შემთხვევაში ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს სიახლე არ მიყვარს. არა, ეს ასე არაა, არა ერთი აბსტრაქცია თავადაც დამიხატავს. უბრალოდ ფერწერული ტილოს დანიშნულება ჩემი გაგებით ისაა, რომ ის ადამიანების საცხოვრებელ, სამოღვაწეო თუ საარსებო სივრცეში უნდა არსებობდეს და არა მის გარეთ. ზოგიერთი უცნაური მიმდინარეობა, მე ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია ადამიანურ გარემოსთან.


გიზო ვაშაკიძის ნამუშევარი


გიზო ვაშაკიძის ნამუშევარი


გიზო ვაშაკიძის ნამუშევარი

– რას ფიქრობთ მეცნიერებისა და ხატვის ნათესაურ კავშირზე?

– ჩემთვის შემოქმედებითი პროცესი არაა მხოლოდ ფერწერა, არამედ– მეცნიერებაც. ამიტომ მე არ მიჭირს მეცნიერებაში იგივე პროცესის ძიებაზე უმალ გადავეწყო. ახლის შექმნის სურვილი ეს ისაა, რაც შემოქმედებით პროცესს ბადებს. მხატვრობაში ყველაზე მეტად მიყვარს იმპრესიონისტული სტილი, რომელიც ფერთა მრავალფეროვნებითა და შეხამებით გამოირჩევა. ეს მე სიმშვიდეს მძენს და, მგონი, მნახველზეც ზემოქმედებს. სიმშვიდე ეს არის უსიტყვო, შინაგანი ემოცია, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ამ ორმა საქმიანობამ იმდენად ორგანულად გადაკვეთა ერთმანეთი, რომ მე ხატვასაც რაღაც დოზით მეცნიერებას ვუწოდებ. ანუ ხატვა, იმ უნარ –ჩვევების მატარებელ ცოდნასაც მოითხოვს, რასაც – მეცნიერება.



– ცნობილია მათემატიკისა და მუსიკის ორგანული კავშირი.

– მეცნიერული კვლევის გარკვეულ სეგმენტში ხატვის ცოდნა არა მარტო საჭიროა, არამედ აუცილებელიც. მაგალითად, იდეოგრაფიკა (ანუ ნახატით იდეის გადმოცემა) ეს არის ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუალება. იდეოგრაფიკული წერის საშუალებითაა შექმნილი ეგვიპტური იეროგლიფები, პიქტოგრამები, რომლებიც დედამიწის ყველა მხარეში გვხვდება, მათ შორის, საქართველოს მაღალმთიანეთში, თუშეთსა და ხევსურეთში. უძველესი ცივილიზაციების მიერ შექმნილ ამ ნახატებიდან ინფორმაციის ამოკითხვა რომ მოვახერხოთ, საჭიროა ხატვის უნარ–ჩვევები, ვინაიდან ამოცანის შესასრულებლად აუცილებელია ჯერ დავადგინოთ გრაფიკულად რა არის გამოსახული ჩვენს წინაშე, შემდგომ – თუ რა სიმბოლური დატვირთვისაა ესა თუ ის ფიგურა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ გვეძლევა საშუალება ამოვიკითხოთ ის, თუ რა ინფორმაცია დაიტანა ძველმა ცივილიზაციამ ამ ფიგურებით. ამიტომ ვთვლი, რომ ხატვა და მეცნიერება ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, ავსებს.





– ამერიკელ მეცნიერებს აქ მიმართეთ?

– ამერიკის მეტეოროლოგიის საზოგადოებას წერილობით მივმართე, გავუგზავნე ნაშრომები და ქართველი და ევროპელი მეცნიერების დახასიათებები. იმისთვის, რომ კარგად გარკვეულიყვნენ ჩემს სამეცნიერო ნაშრომებში, საიტი sciencegiz.comშევქმენი, სადაც ყველა სამეცნიერო მონოგრაფია, სამეცნიერო ექსპერიმენტები, სემინარები, ვიდეო და აუდიო მასალები და ჩემი ფერწერული ნამუშევრებია გამოფენილი. ამერიკის მეტეოროლოგიურმა საზოგადოების წევრებმა დადებითად შეაფასეს ნაშრომები, გამოხატეს დაინტერესება და „ამერიკის მეტეოროლოგიური საზოგადოების” წევრად მიმიღეს.

– თქვენ გაქვთ ნაშრომები ტორნადოებზე. აშშ–ში რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს თქვენს თეორიას?

– ამერიკისთვის ტორნადო და ზოგადად, ისეთი მავნე მეტეოროლოგიური მოვლენები, როგორიცაა ტროპიკული ციკლონები თუ სხვდასხვა ტიპის ქარიშხლები, დიდ პრობლემას წარმოადგენს. ტორნადოს მცირე ციკლონსაც ეძახიან, რადგან ორივეს გააჩნია ე.წ. „თვალი“, რის გარშემოც ჰაერი ძალზედ სწრაფად ბრუნავს. განსხვავება მათ შორის არის გაბარიტებში. აშშ-ში აგვისტოდან იწყება ქარიშხლების სეზონი, წელს ატლანტიკის ოკეანეში დაბადებულმა ციკლონებმა: „ჰარვეიმ“ და „ირმამ“ სამხრეთ შტატებს – ტეხასსა და ფლორიდას დიდი ზარალი მიაყენეს. ქარიშხლების სიძლიერე მეოთხე და რიგ შემთხვევებში, მეხუთე კატეგორიასაც კი აღწევდა. აღნიშნული ციკლონები ტორნადოების თანხლებით შეიჭრნენ ამერიკის კონტინენტზე, რასაც მოჰყვა დიდი წყალდიდობები. მატერიალურმა ზარალმა 180 მილიარდ დოლარს მიაღწია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ათ წელზე მეტია რაც აშშ–ში ამ სიძლიერის ციკლონები არ ყოფილა.

ამ დროისათვის ახალი ციკლონები ძალას ისევ იკრებს. აი, ასეთ დიდ პრობლემას წარმოადგენს ამერიკაში ქარიშხლები.

ამჟამად ვმუშაობ სამეცნიერო სტატიაზე, რომელშიც აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მინდა ჩემი ხედვა წარვადგინო. ვფიქრობ, რომ სწორედ გლობალური დათბობა იქცა ძლიერი ქარიშხლების კატალიზატორად. მეტ სიცხეს, მეტი ტენი ააქვს ჰაერში, ეს კი არის მკვებავი ციკლონებისა და ტორნადოების. გლობალური დათბობა ასევე ხელს უწყობს წყალდიდობებსა და ხანძრების გაჩენას ტყეებში. ეს უკანასკნელი პრობლემა კი წელს საქართველომაც შეიგრძნო. გლობალური დათბობა არის მზის ჭარბი ენერგიის დაგროვება დედამიწაზე. თუ შევძლებთ ნამატი ენერგიის განეიტრალებას, ეს სასიკეთოდ შეეხება ყველა ზემოჩამოთვლილ პრობლემას. ამჟამად ვმუშაობ მეთოდზე, რომლითაც შესაძლოა დედამიწაზე არსებული ნამატი ენერგიის განეიტრალება, ანუ შესაძლებელია გლობალური დათბობის, როგორც მინიმუმ, შეჩერება.

–ეს როგორაა შესაძლებელი?

– საჭიროა რამდენიმე ასეული სადგურის აშენება, რომელიც იმუშავებს ნამატი ტემპერატურის გაბათილებაზე. პლანეტარული ტემპერატურის დაწევა შეუწყობს ხელს როგორც ციკლონებისა და ტორნადოების შესუსტებას, ასევე წყალდიდობებისა და ხანძრების შემცირებას. ყველაზე საინტერესო კი ამ მეთოდში ის არის, რომ ამ სადგურების მუშაობაში მზის ბატარეები უნდა იქნას გამოყენებული, მზის ენერგიამ უნდა იმუშაოს მზისავე ჭარბი ენერგიის გასანეიტრალებლად. ანუ ასევ ვთქვთ, მისსავე საწინააღმდეგოდ. უფრო კონკრეტულად აღნიშნული მეთოდი სამეცნიერო სტატიაში იქნება აღწერილი.

– არც ისე დიდი ხნის წინათ პარიზში გლობალური დათბობის საკითხზე კონფერენციაც გაიმართა…

– ეს მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო, სადაც განიხილავდნენ იმ მავნე გაზების გაფრქვევის შემცირებას, რომელიც ხელს უწყობს სათბური ეფექტის გაძლიერებასა და შესაბამისად, ტემპერატურის ზრდას. აუცილებელია, რომ ამ საკითხს საერთაშორისო საზოგადოებამ, სამეცნიერო და პოლიტიკურმა წრეებმა ძალზედ დიდი ყურადღება დაუთმოს.

მზის სისტემაში გვაქვს სამწუხარო მაგალითი. მეცნიერების აზრით, ჩვენს მეზობელ პლანეტებზე სიცოცხლე არსებობდა და სწორედ გლობალური დათბობითა და გადახურების გამო იქ სიცოცხლე შეწყდა. ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე; მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპერტები აღიარებენ, რომ დედამიწაზე ჩნდება ნამატი ენერგია ტემპერატურის სახით. ეს კი ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ ე.წ. სათბურის ეფექტის გაძლიერებას ბრალდება. იმართება საერთაშორისო კონფერენციები გლობალურ დათბობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. კამათობენ, არის თუ არა გლობალური დათბობა ადამიანის ფაქტორით გამოწვეული, თუ ეს ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ შედეგად რას ვიღებთ? კონფერენციების, შეხვედრებისა და სხვადასხვა კონვენციების მიუხედავად დათბობა არ ჩერდება. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ადამიანი გადავა ალტერნატიულ ენერგოწყაროებზე, რომელიც ჰაერში მავნე გაზებს აღარ გააფრქვევს. მაგრამ, რეალობა სხვაა. უახლოეს პერიოდში ადამიანი არ აპირებს ასეთი წარმოებების შეჩერებას, ვინაიდან ეს წარმოებები ქვეყნების ეკონომიკისთვის, სოციალური აუცილებლობისთვის სჭირდებათ. ამას უნდა შევეგუოთ, ეს არის ფაქტი, ესაა მოცემულობა.

ჩემი აზრით, იმისდა მიუხედავად გლობალური დათბობა ადამიანის ბრალია, ბუნების ბრალია, თუ ორივესი ერთად, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ სიცოცხლე დედამიწაზე, ჩვენ უნდა დავარეგულიროთ ტემპერატურა იმ რეალობაში, რომელშიც ვართ. ენერგიის ალტერნატიული წყაროების პოვნა (რაც ჩანაცვლებს ნავთობს, გაზსა და ქვანახშირს) ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურად უახლოეს პერიოდში ტემპერატურის გაბათილების საკითხებზე ჩვენ პრაქტიკული სამუშაოები აუცილებლად უნდა ჩავატაროთ.

06.12.2017
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment