Thursday, September 19, 2019

მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს 11 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები – გაეროს წევრები აგვისტოს ომზე




“11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას” ,– განაცხადა 7 აგვისტოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა კახა იმნაძემ.

მისივე თქმით, ” რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და საქართველოს ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში”.




კახა იმნაძის ბრიფინგი გაეროში. ფოტო: ია მერკვილაძე/ნეტგაზეთი

ელჩმა თავის გამოსვლაში დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, რომლის კულმინაცია რუსეთ-საქართველოს ომი და შედეგად, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია გახდა.

“რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით და ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს . ამ მიზნით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას”, – განაცხადა იმნაძემ.




კახა იმნაძის ბრიფინგი გაეროში. ფოტო: ია მერკვილაძე/ნეტგაზეთი

კახა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევებზე, მათ შორის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღნიშნა, რომ ზემოხსენებულ საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებამ შესაძლებელი გახადა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე. მისივე თქმით, “მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას დიალოგისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის გზით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, რისი დასტურიცაა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

თავიანთ გამოსვლებში ავსტრალიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტუვას, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინისა და შვედეთის წარმომადგნელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს და დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და გაეროს წესდების პრინციპებს. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.




სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გაეროში. ფოტო: ია მერკვილაძე/ნეტგაზეთი

პოლონეთის წარმომადგენლობა:– (პოლონეთი აგვისტოში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა): – მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მძიმეა. მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ უშიშროების საბჭოში გაიმართება სხდომა, სადაც სხვა საკითხების ნაწილში ჩვენი მოთხოვნით (აშშ, ბელგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი) გაიმართება საქართველოში არსებული მდგომარეობის განხილვა. ნათელია, რომ ვითარება უცვლელია – რუსეთი აგრძელებს სამხედრო მექანიზმების გამოყენებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რამაც ნებისმიერ დროს შეიძლება მიგვიყვანოს ღია სამხედრო კონფლიქტამდე. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეშფოთებული ვართ საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის მცდელობით.”

აშშ-ის წარმომადგენლობა: – აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვრენეტიტის მიმართ. ღრმად ვართ შეშფოთებული რუსული მხარის მიერ ოკუპაციის გაგრძელებით. აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების საფუძველზე. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მკაცრად ვგმობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, განათლებისა და სოციალური მომსახურების მიღების შეზღუდვას, ასევე გატაცებებსა და მკვლელობებს.

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა: – მნიშვნელოვანია, რომ 11 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები ყველას გავხსოვდეს. დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და მისცეს შესაძლებლობა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბებას. დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტიტის მიმართ. ღრმად შეშფოთებული ვართ ე.წ ბორდერიზაციის ინტენსიფიკაციით. მივესალმებით საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მოვუწოდებთ რუსეთს ამ ინიციატივის შეფერხებისგან თავი შეიკავოს.

ლიეტუვას წარმომადგენლობა: – 11 წლის წინ უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და შეიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ 2008 წელს ამ ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოების მოზომილმა რეაგირებამ წაახალისა მსგავსი ქმედებები და ახლა ჩვენ გვაქვს მსგავსი ვითარება უკრაინაში – XXI საუკუნეში, შუაგულ ევროპაში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მკაცრად დაგმონ მსგავსი ქმედებები. ამავდროულად, მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევებს კონფლიქტის მოგვარების გზაზე. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო ინსტიტუტებს უფრო მეტი ჩართულობისაკენ. ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მხარდაჭერას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართ. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც სცნეს ეს ორი რეგიონი, უკან წაიღონ ეს აღიარებები და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა: – ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ 11 წელი გავიდა და ძალზედ სამწუხაროა, რომ საერთაშორისო სამართლისა და 12 აგვისტოს შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი არა მარტო აგრძელებს იქ ყოფნას, არამედ ამ ტერიტორიებზე სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, ე.წ ბორდერიზაციით, გამშვები პუნქტების დახურვითა და უკანონო დაკავებებით იზღუდება გადაადგილების თავისუფლება; ასევე კვლავ შეზღუდულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების უფლება. ევროკავშირი შეშფოთებულია ფატალური ინციდენტებით (ოთხოზორია, ტატუნაშვილის საქმეები), დამნაშავეების დაუსჯელობით და მოუწოდებს ამ საქმეების ყოვლისმომცველი გამოძიებისა და სამართლიანობის აღდგენისაკენ. ევროკავშირი 1999 წლიდან აგრძელებს საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მხარდაჭერას, ამ ეტაპზე ევროკავშირის მონიტორინგის მისია ერთადერთია, რომელიც საქართველოში იმყოფება. ევროკავშირი მიესალმება ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.

ირლანდიის წარმომადგენლობა: –აუცილებელია, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ გაეროში. ჩვენც, როგორც პატარა ქვეყნის წარმომადგენლები, ვთვლით, რომ მულტილატერალიზმი და წესებზე დაფუძნებული წესრიგი ჩვენი მთავარი ბერკეტია და აუცილებელია, რომ ეს საკითხი გაეროს დღის წესრიგში იყოს. ჩვენ მხარდაჭერას საქართველოსადმი კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ.

უკრაინის წარმომადგენლობა: – ეს შედარებით მოკლე ომი რუსეთის მხრიდან კარგად დაგეგმილი გრძელვადიანი პროვოკაციების, პოლიტიკის და კრემლში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. ახლა საქართველოში მხოლოდ ევროკავშირის მისიაა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომის შემდგომ საქართველოში გაეროსა და ეუთოს მისიების მანდატი შეწყვეტილ იქნა არა საქართველოს, არამედ რუსეთის ძალისხმევების შედეგად. ეს ნათლად განსაზღვრავს, ვინ არის პასუხისმგებელი დღეს არსებულ ვითარებაზე. რუსეთმა დაიწყო სამხედრო მომზადება 2008 წლამდე ბევრად ადრე. ვგმობთ რუსეთის მიერ ხელოვნური აღიარებების პოლიტიკის გაგრძელებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მცდელობებს. ძალების გაყვანის, დემილიტარიზაციის, დეოკუპაციისა და 2008 წლის შეთანხმების შესრულების გარეშე ჟენევის დისკუსიები შედეგის მომტანი ვერ იქნება, მიუხედავად თბილისის ყველა ინიციატივისა და ძალისხმევისა. რუსეთი პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ვალდებულია მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებელი შესვლის შესაძლებლობა. მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის უპირობო მხარდაჭერას.

ესტონეთის წარმომადგენლობა: – ძალზედ შემაშფოთებელია, რომ 11 წლის შემდეგაც კონფლიქტის მოგვარება ვერ ხერხდება. საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიებზე სამხედრო შეიარაღების ზრდა და მიმდინარე წვრთნები, ამ ტერიტორიების ინტეგრაციის მცდელობა, ბორდერიზაცია და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მნიშვნელოვნად აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ნებისმიერ ძალისხმევას და არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის დისკუსიები გაგრძელდეს, სადაც მიღებული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გადაწყვეტილებები მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით. სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს ჩატარებული ე.წ საპარლამენტო არჩევნები და 25 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილი ე.წ არჩევნები ართულებს ვითარებას და კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტის მოგვარებას. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ვერ დავივიწყებთ 2008 წლის მოვლენებს.

კანადის წარმომადგენლობა: – ვფიქრობთ, რომ გაყინული კონფლიქტის განსაზღვრება ამ შემთხვევაში მიუსადაგებელია იმიტომ, რომ ფაქტია, ეს კონფლიქტი საქართველოში არავისთვისაა გაყინული. ადგილი აქვს ყოველდღოურ დარღვევებს და ძალადობის ფაქტებს. მივესალმებით, არსებული ვითარებისდა მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძალისხმევებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ინიციატივას. ეს არის ყველასთვის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობის კარგი მაგალითი. ასევე მივესალმებით უშიშროების საბჭოში ამ საკითხის განხილვას, მადლობა პოლონეთს ამ ინიციატივისათვის.

ავსტრალიის წარმომადგენლობა: – 11 წლის წინ ჩადენილი აგრესიის ეს აქტი საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს აკნინებს და შემაშფოთებელია ყველა ჩვენგანისათვის. ავსტრალია არ სცნობს საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. ვგმობთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების შექმნას და ამ რეგიონების იზოლაციის მცდელობას. შეშფოთებული ვართ ამ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების გაგრძელებული ყოფნით. ვეთანხმებით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მოთხოვნას ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელებისა და შესაბამისი მექანიზმების დაუყოვნებლივ დაშვების აუცილებლობის შესახებ. ასევე აუცილებელია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების უფლების უზრუნველყოფა. ყოველივე აღნიშნულის ფონზე, განსაკუთრებით მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხრივ საქართველოს მთავრობის მუდმივ ძალისხმევას.

შვედეთის წარმომადგენლობა: – გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მოხარულები ვართ, რომ ვართ ივნისში საქართველოს შესახებ გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი. მივესალმებით შერიგების პოლიტიკას და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს. ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევების ფაქტებსა და 2008 წლის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო. აქ უკვე ითქვა და გვინდა დავეთანხმოთ, რომ ევროკავშირის მისიის საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნებისა და დაძაბულობის განსამუხტად. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მისიის მხარდაჭერა. აუცილებელია ამ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საერთაშორისო მექანიზმების დაშვება. ამ საკითხის განხილვისათვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ფორმატი, იქნება ეს ნიუ იორკი, ბრიუსელი თუ ჟენევა.

მოლდოვის წარმომადგენლობა: – ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და მოლდოვაში არსებული მსგავსი მდგომარეობის გათვალსწინებით მინდა დავაფიქსირო ჩვენი მხარდაჭერა ყველა იმ განცხადების მიმართ, რომელიც დღეს მოვისმინეთ და რომელიც სახელმწიფოების სუვერენიტეტს და გაყინულ კოფლიქტებში ადამიანის უფლებების საკითხებს ეხება.გამოვთქვამთ წუხილს ჩვენს ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო შევიწროების (Military Oppression) გამო და გავაგრძელებთ გენერალურ ასამბლეაში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერას.

თურქეთის წარმომადგენლობა: – თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობას და გვწამს, რომ კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ მხრივ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას და ჟენევის პროცესში კონსტრუქციული მიდგომის გაგრძელებისაკენ მოუწიდებს.

09.08.2019
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment