Thursday, September 19, 2019

მარიო ვარგას ლიოსა ბორხესზე, დემოკრატიაზე და იმაზეც, თუ რატომ არა ვართ გამოქვაბულში




“ფრთხილად იყავით ჩემთან. მე კიბორჩხალასავით ვარ, ვგიჟდები დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობაზე. ხელს მკრავთ? ავდგები და შეგიყვარებთ” (“კაპიტანი პანტალეონი და მისი სპეცმომსახურების ასეული”.1973)… ამ სიტყვების ავტორი ჩემგან ზუსტად სამი ნაბიჯის მოშორებით იჯდა. ნახევარი საათით ადრე კი ქალაქის ცენტრში, მეხუთე ავენიუზე მდებარე ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ჭერქვეშ ჩემ მარჯვნივ განლაგებული სკამების წყობის მეორე მხარეს სალმან რუშდი “მომიჯდა”. საჯარო ბიბლიოთეკის განცხადება ყოველთვის გაფრთხილებს – თუ გინდათ სცენასთან ახლოს იყოთ, ბილეთი ადრე უნდა იყიდოთ და ადრე მოხვიდეთო… კიდევ უფრო ადრე, გაცილებით ადრე, წინა საუკუნის 80-იანებში სწორედ ამ ბიბლიოთეკაში მარიო ვარგას ლიოსა (1936) იჯდა და ამერიკულ არქივებსა თუ წიგნებში კითხულობდა ცნობებს ირლანდიელ პატრიოტზე, რომელიც ბრიტანელებმა 1916 წელს ჩამოახრჩვეს. ახლაც, როცა სცენაზე ბიბლიოთეკის საჯარო პროგრამების დირექტორს პოლ ჰოლდენგრაბერს ესაუბრება, ახსენებს რაღაც წიგნს, რომელიც აშშ-ში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მასთან მიმოწერაში პირველ მისალმებაშივე სთხოვა. ეს წიგნი, როგორც მტკიცებულება, ახალი ტექსტის დასამთავრებლად ძალიან მჭირდებაო. პასუხად კი მიიღო, რომ ბიბლიოთეკას, როგორც ინსტიტუციას, თავისი წესები აქვს, წიგნი ანტიკვარულია და თუ ბატონი ლიოსა აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, შეიძლება მოიძებნოს კიდეც… ან მისი შემდეგი ჩამოსვლისთვის. “და მაინც, ეს წიგნი არის აქ თუ არა? კატალოგში ხომ გაქვთ?” – სცენიდან დაჟინებით იკითხა ლიოსამ. ჰო, მართლა. ამ სცენაზე მარიო ვარგასამდე, როგორც მინიმუმ, კიდევ ოთხმა ნობელიანტმა ისაუბრა – ორჰან ფამუკი, ვოლე შოინკა, ტონი მორისონი და გიუნტერ გრასი, რომელსაც ნორმან მეილერი ესაუბრა. რაზე? ცხადია, ლიტარატურაზე და ისეთ “მომიჯნავე” თემაზე, როგორიცაა პოლიტიკა და სამოქალაქო საზოგადოება.




სალმან რუშდი ლიოსასთან შეხვედრაზე ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში. ფოტო: ია მერკვილაძე

იმ დილას, სანამ ლიოსა, ჩემი აზრით, ნობელიანტურ ლექციაზე არანაკლებ შემეცნებითად ისაუბრებდა, ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნების კოლექციები, სამკითხველო დარბაზები დაუთვალიერებია და ის ადგილიც უნახავს, სადაც ოდესღაც იჯდა და კითხულობდა. ამ ბიბლიოთეკას ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებაზე. აღნიშნა კიდეც, რომ “ბიბლიოთეკა კულტურის გამოხატულებაა. აქ არიან მხატვრები, მწერლები; ისინი, ვისაც თავისი საქმის სჯერა და ვინც ცხოვრებასა და საზოგადოებას ამდიდრებს. წარსულში სწორედ ეს იყო კულტურის იდეა. ახლა სხვა დროა. არადა ბიბლიოთეკა გამოხატავს იმას, თუ რატომ არა ვართ გამოქვაბულში. ცხოვრობდე თანამედროვე ქალაქში ამგვარი ბიბლიოთეკით, არაჩვეულებრივი პრივილეგიაა. ასევე საინტერესოა აღმოაჩინო თუ რას გამოხატავს ბიბლიოთეკა დღევანდელ დღეს. ყოველ შემთხვევაში XIX და XX სხვა რამეს გამოხატავდა მე ნოსტალგია მაქვს სწორედ ასეთი ბიბლიოთეკების; ბიბლიოთეკების, რომელიც ადამიანის გენიალურობისა და იდეალების ნაყოფია”.

“2010 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში გადაეცემა პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას ძალაუფლების სტრუქტურების დეტალური აღწერისთვის და წინააღმდეგობის, ამბოხისა და პიროვნების დამარცხების ნათელი სურათებისთვის” – ასე დაახასიათეს მოტივი, რის გამოც შვედეთის აკადემიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. “პიროვნების დამარცხების ნათელი სურათი” – ლიოსას არაოპტიმისტური ტრაგედიებისა და მსოფლიო ისტორიის საგებზე ზედგამოჭრილი ფორმულირებაა. მე თუ მკითხავთ, ლიოსას დავაჯილდოვებდი ლათინოამეირკელობის თვალსაწიერ–გემო–სურნელისთვის, “ექშენის” ზღვრული დაძაბულობისთვის და იმისთვის, რომ არასდროს ვყოფილვარ პერუში, მაგრამ ამ ქვეყნის რიტმსა და არავეგეტარიანული სიცოცხლის ტალღებს ისევე ვგრძნობ, როგორც საკუთარს და კიდევ… საკულტო “ქალაქი და ძაღლებისთვის”, რომლის ტირაჟი პერუში დაწვეს და რომლითაც, ფაქტობრივად, საქართველომ გაიცნო.

ჩემთვის ბავშვობიდან ლათინური ამერიკა “ჩვეულებრივი” შტამპების ნაკრები კონტინენტი იყო: ბანანის რესპუბლიკები, რევოლუციები, დიქტატურები, კორუფცია, კარნავალები, უთავბოლო სიყვარული იგივე ველური რომანტიკა, მარქსიზმი და სექსი, დაუსრულებელი სერიალები (მოგვიანებით სილიკონის იმპლანტების ზეიმი); მემაცხენეობიდან მემარჯვენეობაში და პირიქით გადავარდნილების, ვერგამარჯვებული კომუნიზმის, ბრუტალური ძალადობის, დემაგოგი პოლიტიკოსების, ხორხეების, პედროების, ხუანიტა-ხუანების, გაბრიელა-გაბრიელების სახელების თავისი ბორხესით, მარკესით, კორტასარითა და კიდევ რამდენიმეთი. ამათ ხიხინა სახელების სიაში სიტყვათშეთანხმება “მარიო ვარგას ლიოსა” ყველაზე იავნანური, ნაზ-ინტელიგენტურია, მაგრამ რეალურად ამ სახელის პატრონი ყველაზე კარგი საკვებია აუცილებელი შიმშილის დასაკმაყოფილებლად, რომელიც არც გაძღობს, არც გკლავს და არც გაცოცხლებს. თუ მის სახელს ზედსართავ “ლიბერალსაც” დაუმატებ, პირში უფრო დაგიტკბება. თუმცა ლიოსას სახელი არც ისე არახიხინაა. 19 წიგნის ავტორს, პერუსა და ესპანეთის მოქალაქე მარიო ვარგასს “ხორხე” ჰქვია (მის სახელში “პედროც” ურევია) და გამოდის, რომ მისი ჟღერადობაც ლათინოამერიკულობის “საუნდთრეკისთვის” იდეალურია.




მარიო ვარგას ლიოსა (1980)

1990-ში პერუს პრეზიდენტობის ამბიცია ჰქონდა, არადა ირწმუნება, რომ დღემდე საკუთარ თავში თინეიჯერული დაურწმუნებულობა მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, ძალაუფლება კი აშინებს. უთქვამს კიდეც, “მე ყოველთვის პოლიტიკით ვიყავი დაკავებული, მაგრამ მხოლოდ როგორც ინტელექტუალი. ოთხმოციანების ბოლოს ვიფიქრე, რომ დროა თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდე”. და გადავიდა. უფრო სწორედ, აღიარა, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. ვინ იცის, ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ცოცხალ კლასიკოსს, რომელიც თვლის, რომ ლიტერატურა ხელოვნების ყველაზე რთული დარგია და რომლის კარიერა ლათინოამერიკული ლიტერატურის ბუმს დაემთხვა, არჩევნებზე დიქტატორი ფუხიმორი რომ დაემარცხებინა, ორი ათეული წლის შემდეგ წაიკითხავდა თუ არა ყველაზე ძვირადღირებულ ლექციას “კითხვისა და წერის სადიდებელი”, რად გადააქცევდა პერუს და პირიქით, როგორ ლიბერალს გამოძერწავდა მისგან პერუს “ნონფიქშენი”. სავარაუდოდ, ანტიუტოპიაში ლიტერატურული კონსტრუქციის თუ წყობის დამყარებას შეეცდებოდა და, ალბათ, არც გამოუვიდოდა. ალბათ, კი არა, ნამდვილად. უტოპია ხომ მხოლოდ ლიტერატურული ჟანრია და არა – ისტორიული…. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანის უფლებები პრიორიტეტული “ლიტერატურული” განხრა აუცილებლად იქნებოდა. სწორედ ეს იყო ერთხანს მისთვის სიმპათიურ ფიდელ კასტროში დიდი გაწბილების მიზეზი. როცა გაიგო, რომ კუბელი კომანდანტე მის მოწინააღმდეგე გეებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგდებდა. ადგა და წითელი კუნძულის ლიდერს მაშინვე წერილი მისწერა. სხვა მწერლებთან ერთად კასტრო მასაც შეხვდა და… 12 საათი ილაპარაკა. დარწმუნებული ვარ, რომ რარიტეტების მოყვარულები უღირალს გადაიხდიდნენ ამ წერილის მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, მარიო ვარგასს პროექტის “ადამიანი” დიდად არ სწამს, მაგრამ მაინც, ისევე, როგორც თავისი საქმის ყველა ფანატიკოსს , მასაც სჯერა, რომ სამყაროს სწორედ ლიტერატურა გადაარჩენს… და რეალური პროტესტიც. 2017-ში ბარსელონას ქუჩებში ესპანეთის ერთიანობისთვის ათასობით ადამიანი გამოვიდა. მიტინგის მონაწილეები კატალონიელებს ქვეყნის შემადგენლობაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. პოლიტიკოსებთან ერთად აქციას წინ ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა მოუძღვოდა, რომელმაც დასასრულს მანიფესტი წაიკითხა. შეიძლება სულაც ლიოსას დამსახურებაა, რომ კატალონია ისევ იქაა, სადაც მანამდე იყო. ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, შევეცადე წარმომედგინა როგორი პრეზიდენტი იქნებოდა იგი, მაგალითად, საქართველოსთვის. ფანტაზია ძალიან დავძაბე, მაგრამ ჩემი წარმოდგენა მეორე წამსვე ჩამოიშალა.




მარიო ვარგას ლიოსას პიესის აფიშა. ფოტო: ია მერკვილაძე

ლიოსას მკითხველთაგან ყველამ იცის მწერლის უკვე კარგა ხნის წინათ გაცვეთილი ციტატა იმის თაობაზე, რომ კითხვა ხუთი წლის ასაკში დაიწყო და რომ მას მერე მის ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. რაც ჯერ ყველამ არ იცის ისაა, რომ 14 წლის ასაკში დაწერა პიესა “ინკების გაქცევა”, რომელიც დაიდგა კიდეც. ამ პიესაში თავადაც თამაშობდა და ბიბლიოთეკის მასპინძელმა ეს ფოტოც და იმ სპექტაკლის აფიშაც გვიჩვენა. ლიოსამ ბევრი იცინა, როცა გაახსენდა, როგორ ანაკუწებდა თინეიჯერობისდროინდელ ხელნაწერებს თუ იმ ტექსტებსაც, რომელიც არ მოსწონდა და როგორ ინახავდა ფარულად დედამისი გასაქრობად გამზადებულ ფურცლებს… “14 წლის ვიყავი, მეპატიებაო”, დასძინა.




მარიო ვარგას ლიოსას პიესა თეატრის სცენაზე

როგორც კი ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში ქარიზმატული, თეთრთმიანი ნობელიანტი, რომელიც ჩემ წარმოსახვაში თავად უფრო ჰგავდა წიგნისა და ფილმის პერსონაჟს (და ცოტათი მსახიობ სემ ელიოტს, ოღონდ უულვაშოდ) ალაპარაკდა, საიდანღაც მალერის მუსიკა აჟღერდა. ცხადია, არა შემთხვევით. მალერის სიმფონია “აღდგომა” ვარგასის საყვარელი კლასიკა ყოფილა. მწერალმა აღნიშნა, რომ დიდი ნოველის (რომანის) შექმნა ძალიან ჰგავს დიდი სიმფონიის წერას და აღიარა, რომ რაციონალურ ტერმინებში უჭირს ამ განცდისა და პარალელის ახსნა. აქვე დასძინა, რომ წერისას არასდროს უსმენს მუსიკას, რადგანაც სრული სიმშვიდე სჭირდება. აი, კითხვისას, სავსებით შესაძლებელია მუსიკა ჟღერდეს. ნოველის წერა ფილმის შექმნასაც შეადარა და აქვე დათქმაც გააკეთა იმის თაობაზე, რომ მუსიკა დამოუკიდებელია, ერთგვარი სუვერენია. ფილმი კი ასეთი არაა და რეჟისორი რომ ვიყოო, ფილმს დიდი ნოველის საფუძველზე არაფრის დიდებით არ გადავიღებდიო, რადგანაც ნოველა კინოს ყოველთვის დაჯაბნისო.

მარიო ვარგას ლიოსამ ისიც გაიხსენა, თუ როგორ შეუყვარდა მუსიკა. ერთი წლის ასაკში ოჯახი პერუდან ბოლივიაში გადავიდა. იქ მან მშობლების ნაყიდი წიგნი ოპერაზე აღმოაჩინა და სწორედ ამ წიგნში ნანახმა სცენებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რადგანაც მუსიკის თემაში ღრმად შევიდა, პოლ ჰოლდენგრაბერის მიერ ლეპტოპის ეკრანზე ნაჩვენები ნახატი რომელიღაც ოპერის მიზანსცენას მიამსგავსა, არადა ეს ჯონ მილეს ნახატი “პისარო პერუენელ ინკებს ატყვევებს” (1846) აღმოჩნდა. მართალი გითხრათ, საუბრისას რა მოტივით გაჩნდა ამ ტილოს იმიჯი, ვერ ჩავწვდი. 




ჯონ მილეს “პისარო პერუენელ ინკებს ატყვევებს”

მასპინძელმა სიტუაცია შეამსუბუქა, ნახატი შორსაა თქვენგან და, ალბათ, იმიტომ ვერ იცანითო. თუმცა თანამედროვე “მეტოპერის” სცენაზე გათამაშებული ბატალური სცენების ჰოლივუდურ გაქანებას თუ გავიხსენებთ, სრულიად შესაძლებელია აგერიოს. ნახატზე მივიღეთ ლიოსას კომენტარიც, რომ აქ ლათინური ამერიკა ომის ტერიტირიაა, სადაც ბევრი ტრაგედია ხდებოდა; ამას მოაყოლა ისიც, რომ თანამედრივე პერუს მთავრობისა და საზოგადოების კორუმპირებულობის გამო რთულია რეალური დემოკრატიის არსებობა და ისიც აღნიშნა, რომ ეს პრობლემა არა კულტურული, არამედ სოციალურ-ეკონომიკურიაო.

“ლიტერატურა და ისტორია ძმები არიან” – თქვა მარიო ვარგას ლიოსამ. – “როცა უნივერსიტეტში პირველ წელს ვსწავლობდი, ისტორიას ფანტასტიური პედაგოგი მასწავლიდა. მას ჰქონდა განსაკუთრებული ხერხი იმისა თუ როგორ მოეყოლა მოსაწყენი ისტორია ჩვენთვის. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, შეცვალა ჩემი ინტერესი. მე, ცხადია, ლიტერატორად დავრჩი, მაგრამ ისტორიამ ძალიან გამიტაცა. ეს კი იმას ნიშნავს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესორს. მე ამ ადამიანისთვის ხუთი წელი ვიმუშავე. მას ჰქონდა ოქროს ხანის ესპანური ლიტერატურისა და ისტორიის ექსტრაორდინალური ბიბლიოთეკა. მას მერე ძალიან დავუახლოვდი ისტორიას. ლიტერატურასა და ისტორიას ვერ განაცალკავებ ერთმანეთისგან მანამ, სანამ ერთ-ერთს არ მოკლავ. დიდი ნოველები ძალიან ახლოსაა ისტორიასთან. ფოლკნერი ახლოს იყო ისტორიასთან, ისევე როგორც, ტოლსტოი. XIX საუკუნის დიდი ლიტერატორები დიდი ისტორიკოსები იყვნენ”.

როცა ლიტარატურულ სიყვარულზე მიდგა საქმე, დარბაზში, ალბათ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ლიოსა ბორხსს ახსენებდა. თუმცა იმ ხუთ წიგნს შორის, რომელსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდა, არგენტინელი ნობელიანტი არ დაასახელა. ლიოსას ხუთეული კი ასე გამოიყურება: ტოლსტოის “ომი და მშვიდობა”, ფლობერის “მადამ ბოვარი”, ფოლკნერის “აგვისტოს ნათელი”, სერვანტესის “დონ კიხოტი” და იოლსონის “უკანასკნელი გაჩერება”, რომელიც სამჯერ წაიკითხა და რომელმაც, როგორც თავად აღნიშნა, მასზე “არანორმალური შთაბეჭდილება მოახდინა”.

“ბორხესი ყველა დროის დიდი მწერალია, ძალიან ორიგინალური, რომელმაც ჩვენი ენის ტრადიცია შეცვალა და ესპანური ენის გაკვეთილები ჩაგვიტარა, – აღნიშნა მარიო ვარგას ლიოსამ. – “ასეთი დიდი მწერალი ცოტაა. ჩვენ ბევრი სიტყვა გვჭირდება იმისთვის, რომ იდეა აღვწეროთ. ბორხესმა შეცვალა ეს ტრადიცია – მის ტექსტებში მეტი იდეაა, ვიდრე სიტყვა. მე მისგან 1963 წელს ფრანგული ტელევიზიისთვის ინტერვიუ ავიღე. ამ გენიოსთან ერთად მარტო ვიყავი და მის პასუხებს ვისმენდი. ვკითხე რაა თქვენთვის პოლიტიკა და მიპასუხა –” ტრიუმფის ფორმაო”.

ლიოსამ ისაუბრა იმაზეც, თუ ვინ დაეხმარა “დონ კიხოტის” (რომელიც ორ-სამჯერ წაუკითხავს) გაგებაში, რომელიც პირველად სკოლაში წაიკითხა და ვერ გაიგო. ბორხესი არ დამხმარებია, არამედ აზორინის მიერ გაზეთისთვის დაწერილი ჟურნალისტური რეპორტაჟი ლამანჩიდანო. გავიფიქრე, ერთი და იგივე წიგნის წაკითხვის ზუსტი ციფრი როგორ არ უნდა გახსოვდეს, როცა ასეთ რთულ ტექსტს კითხულობ? ალბათ, სხვა ბევრიც ხელახლა წაუიკითხავს-მეთქი… და მართალიც აღმოვჩნდი. აი, რა თქვა ლიოსამ:

“როცა წიგნს ხელახლა კითხულობ, შენ არასდროს იგივე წიგნს არ კითხულობ. წიგნი იცვლება დროში, იგი იგივე არაა დღეს, რაც 4-5 საუკუნის წინ დაწერილი, მაგალითად, “დონ კიხოტი”. წიგნი სხვადასხვა რამეს ნიშნავს დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით თუ დიდ წიგნზეა საუბარი. იგი მოძრაობს ისტორიაში, კულტურაში, გრძნობებში, ამბიციებში, სხვადასხვა დროში. დიდი წიგნები არ ეწინააღმდეგებიან ამ ცვლილებას. როცა ხელახლა კითხულობ, აღმოაჩენ, თუ რამდენი რამ დაკარგე პირველი კითხვისას, რამდენი საიდუმლო ასპექტი ვერ დაინახე და იმასაც, რომ პირველი კითხვისას სრულიად ბრმა იყავი. როცა ახალგაზრდა ვიყავი – არა, მაგრამ ახლა ხელახლა ბევრს ვკითხულობ. თუმცა არასოდეს წავიკითხავდი სარტრს. ახალგაზრობაში მე მისი მჯეროდა და მიმდევარიც ვიყავი. ახლა რომ წავიკითხო, მოვიწყენ და თან არც ერთი მისი სიტყვის არ მჯერა. სჯობს ხელახლა დოს პასოსი (მას ბორხესზე დიდი გავლენა ჰქონდა) წავიკითხო, ვიდრე სარტრი, რომელიც დოს პასოსის იმიტაციაა. სარტრის მიმართ მოწიწების განცდა მაშინ გამიქრა, როცა Le Monde -ში მისი ინტერვიუ წავიკითხე. იგი ამბობდა, რომ აფრიკელმა მწერლებმა უპირველესად ლიტერატურა იმისთვის უნდა შექმნან, რომ რევოლუცია მოახდინონ და დააარსონ ქვეყანები, სადაც ლიტერატურა, როგორც მინიმუმი, მისაღები იქნება. ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ სარტრმა ეს სიტყვები წარმოთქვა. 1966-ში იგი ჩვენ, ახალგაზრდა მწერლებს გვეუბნებოდა, რომ ლიტერატურა საზოგადოების გათავისუფლებაში მონაწილეობაა; რომ პირველი მსოფლიო ომის დროს მწერლებმა იმიტომ უნდა წერონ, რომ სიტყვა მოქმედებაა და შენ შენი წერით ისტორიას ქმნი. ახლა კი განაცხადა, რომ სორეს რევოლუციის მოსახდენად უნდა წერო და იმისთვის, რომ ლიტერატურა მისაღები გახდეს. მას მერე მე სარტრისი პოლიტიკური დამოკიდებულებების კრიტიკოსი გავხდი. მინდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ პირველმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. თუმცა სარტრი მაინც ვნახე ერთ შეხვედრაზე, რომელიც პერუელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს ეძღვნებოდა. “

ლიოსამ ბევრი ისაუბრა გუსტავ ფლობერზე, რომელსაც მამა “იდიოტს” ეძახდა, ხოლო სარტრმა მას “იდიოტი ოჯახში” მიუძღვნა. მალარიაზე, რომელმაც ფლობერი უმწეო გახადა ყველაფრის მიმართ, გარდა ლიტერატურისა და იმაზეც, როგორ დეპრესიაში ჩააგდო ლიოსა იმის აღმოჩენამ, რომ გენიოსად შეიძლება არ დაიბადო, არამედ – გახდე; გახდე დიდი მწერალი და შექმნა შედევრი ყოველდღიური შრომით, დისციპლინით, მიზანზე ტოტალური კონცენტრირებით. მერე გვირჩია წაგვეკითხა ფლობერის წერილები დისწულისადმი, რომელშიც იგი საათების, დღეების რუტინის აღწერით “მადამ ბოვარის” წერის ამბავს ყვება. აქ გამოვტოვებ დოსტოევსკის “ძმებ კარამაზოვებსა” და მწერლის სულში არსებულ ჯოჯხეთთან კავშირის თაობაზე ლიოსას წარმოდგენებს, რადგანც იგი რუს კლასიკოსთან დაკავშირებულ ყველა არსებულ “ჭეშმარიტებებს” იმეორებს.

გული მიგრძნობდა, რომ ბიბლიოთეკის მასპინძელი ტრადიციულად შეეხებოდა თანამედოვე ტექნოლოგიებს, დემოკრატიისა და ტერორიზმის საკითხს ამ თანმიმდევრობით, პასუხებიც დაახლოებით ვიცოდი და არ შევმცდარვარ. ლიოსამ განაცხადა:

“ჩვენ სპეციალისტების ერაში ვცხოვრობთ. ახლა ყველა ხვდება, რომ შეუძლებელია მოიცვა ყველაფერი, ამიტომ ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ ჩვენი მცირედი ნიშით. მე მეხსიერების და არა მანქანების მოყვარული ვარ. საკითხი კი ასე დგას: ვინ ვის აკონტროლებს: ჩვენ – მათ თუ ისინი – ჩვენ. თუ ეს მოხდა და მანქანებმა გაგვაკონტროლეს, მაშინ თავისუფლებას, შემოქმედებითობას დავკარგავთ და სწორედ ეს უნდა გვაწუხებდეს. ადამიანები ავტომატ-რობოტებად გადაიქცევიან და ორუელის კოშმარი რეალობა გახდება. სულაც არ მხიბლავს ის, როცა გგონია, რომ თუ ერთ ღილაკს თითს დააჭერ, მაშინვე სრულ ცოდნას მიიღებ. ეს არაა კარგი, რადგანაც იმდენად გხდის მანქანაზე დამოკიდებულს, რომ შენი ტვინი, მგრძნობელობა, წარმოსახვა და უნარი ქვეითდება”.

ლიოსამ თანამედროვე დემოკრატიასაც დაუსვა დიაგნოზი, როცა თქვა, რომ იგი (დემოკრატია) შიგნიდან იტანჯება, თუნდაც იმიტომ, რომ ჟურნალისტიკა გართობა და ჭორებზე აგებული საქმე გახდა; რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რომელიც ადამიანის უფლებებისა და განსხვავებულების უპატივცემულობას მოჰყვება.

როცა ტერორისტების მიმართ წამების მეთოდების გამოყენების თემას შეეხო (მარიო ვარგასის რომანი “სამეზობლო” (2018), მისმა პასუხმა მომაგონა Washington Post –ში (2005) რუსი დისიდენტის ვლადიმერ ბუკოვსკის პასუხი ჩარლზ კრაუტჰამერს (რომელიც ტერორისტების მიმართ წამებას ამართებდა), რადგანაც პასუხი ლამის იდენტური იყო:

“ძალიან მნიშვნელოვანი გავაცნობიეროთ, რომ თუ დემოკრატიული მთავრობები წამებას ტერორიზის დასამარცხებლად გამოიყენებენ, ეს რეჟიმი აღარ იქნება დემოკრატიული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ომში ტერორიზმმა გაიმარჯვა და დემოკრატია დამარცხდა, რადგანაც მეტი იარაღი არა გაქვს გარდა იმისა, რომ თავად გახდე ტერორისტი. მაგრამ ეს არაა სიმართლე. ეს არის სრული სიცრუე. დემოკრატიას აქვს არა მხოლოდ მორალური, არამედ პოლიტიკური და სოციალური მოვალეობა არ გამოიყენოს ტერორი ტერორიზმის დასამარცხებლად. ეს ბარბაროსობისკენ დაბრუნება იქნება. დემოკრატიულ კულტურას აქვს მორალური პრივილეგია იმისა, რომ, როცა დემოკრატიული საზოგადოება ექსტრემისტების იერიშების წინაშე დადგება, მან ამის მოსაგერიებლად კანონი უნდა გამოიყენოს და კანონს სცეს პატივი. წამების გამოყენება დემოკრატიის საფუძვლებს ანგრევს.”

მე კი მაინც ვკითხავდი, მაგალითად, სულ ახლანდელ ამბავზე (თავი რომ დავანებოთ 2001 –ის 11 სექტემბერს). არიანა გრანდეს კონცერტისას მანჩესტერის არენა თვითმკვლელმა დაბომბა (2017). იმ კონცერტზე მარიო ვარგასის ოჯახის წევრები რომ ყოფილიყვნენ, ხოლო შანსი ყოფილიყო ამ ტერაქტის პრევენციის, დაელოდებოდა თუ არა ვარგასი ღვთის ნებას/გამომძიებლის პროფესიონალიზმის წარმოჩინებას/კანონის ამოქმედებას თუ ეს არჩევანი იმთავითვე ისეთივე ტრაგიკული ჩიხია, როგორიც – “სოფის არჩევანი” (სტაირონის რომანი/პაკულას ფილმი).

მთელი შეხვედრა ველოდებოდი, როდის გაჟღერდებოდა ნაბოკოვის “ლოლიტასთან” დაკავშირებული კითხვა და იმედი მქონდა, რომ მასპინძელი ამ თემას გემრიელ ლუკმად შემოინახავდა და მართლაც… პოლ ჰოლდენგრაბერმა ჰკითხა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ El Pais-ში გამოქვეყნებულ ლიოსას სტატიაზე, სადაც მწერალი ამბობს, რომ “ფემინიზმი ლიტერატურის ყველაზე მთავარი მტერიაო”. მარიო ვარგასი ოდნავ აღშფოთდა კიდეც და მასპინძელს კითხვა გააწყვეტინა: “მე მთელ ფემინიმზე არ ვსაუბრობდი. ფემინიზმს მხარს ვუჭერ, ფემინიზმი პატივსაცემია, მაგრამ სამწუხაროდ, თანამედეროვე ძალიან რადიკალური, ექსტრემისტული და არატოლერანტი ფემინიზმია, რომელიც სწორედ იმ იდეას ანგრევს, რომელმაც ფემინიზმი განავითარა. იგი ბადებს ცენზურას, შეუმწყნარებლობას, რომელსაც წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ სწორედ იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ფემინიზმს მხარს ვუჭერთ. ეს სტატია იყო პასუხი “ლოლიტაზე” (რომელიც, ვფიქრობ, XX საუკუნის დიდი ნოველაა) თავდასხმაზე. ეს ჯგუფი ამბობს, რომ “ლოლიტა” პედოფილურია, გოგონაზე ძალადობაა. მაგრამ არც ერთი დიდი ნოველა არ არსებობს, რომელშიც ჩაგვრა არაა. ლიტერატურა ხომ ადამიანის მხოლოდ კარგ მხარეებს არ აღწერს, არამედ ზოგადად და ძირითადად ცუდ თვისებებს, რაც ადამიანის არსის ნაწილია. და თუ შენ გინდა ლიტერატურა შეასწორო რათა იგი შენი იდეოლოგიის შესაბამისი იყოს, მაშინ გამოდის, რომ შენ ლიტერატურას ჩაგრავ. ინკვიზიციაც იგივეს ცდილობდა და, საბედნიეროდ, დამარცხდა. ყველა რეჟიმს უნდა და ცდილობს, რომ ადამიანის სიცოცხლე დაბადებიდან დასასრულამდე გააკონტოლოს, ხოლო ლიტერატურას განიხილავს მტრად, რომელიც უნდა გააცენზურო.” 




მარიო ვარგას ლიოსას წიგნები ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში, ფოტო: ია მერკვილაძე

მერე მოვისმინეთ ხორხე ლუის ბორხესის ხმა (ნორტონის ლექციების სერიიდან), რომელშიც იგი საუბრობს ადამიანის ოცნებების ერთგულებასა და გარემოებეზე, მწერლობასა და ისტორიაზე. და მერე მარიო ვარგას ლიოსას შეჯამებაც:

“მახსენდება, როცა პირველად, 1963 წელს, ბორხესის ლიტრატურაზე საუბარს მოვუსმინე. იუნოსკომ პარიზში სამი თუ ოთხი სხვადასხვა კულტურისა და ენის მწერალი შექსპირზე სასაუბროდ მიიწვია. მახსოვს იუნესკოს დიდი დარბაზი და პირველი სპიკერი – სტეფენ სპენდერი, რომელიც შექსპირზე ძალიან შთამბეჭდავად საუბრობდა; მეორე გახლდათ იტალიელი ჯუზეპე გორნატი, რომელიც შექსპირის პოემების თავის თარგმანებს კითხულობდა და მერე სცენაზე დამხმარე ადამიანმა ბორხესი გამოიყვანა. იგი ძალიან მოწყვლადი იყო, სრულიად ბრმა, ხოლო მისი ფრანგული – გაურკვეველი. ფრანგები ფიქრობდნენ, ვინაა ეს კაცი, რომელიც შექსპირზე საუბრობდა ძველი ფრანგულით, ძალიან ელეგანტურით, როგორადაც შეეძლო და თან ისე, რომ საფრანგეთი სრულიად გააშეშა. გაუკვირდათ და არ სჯეროდათ, რომ ამ კაცს სამხრეთ ამერიკიდან შეეძლო ესაუბრა ასეთი ორიგინალული იდეებით ასეთი ფრანგულით. და ფრანგებმა, რომლებიც იქ იყვნენ, აღამოაჩინეს ლათინური ამერიკის ახალი სახე; აღმოაჩინეს, რომ ლათინური ამერიკა არ იყო მხოლოდ დიქტატორები, ტერორისტები, ნარკომოვაჭრეები; რომ ლათინოამერიკელი არის ზღვრულად კულტურული და ზღვრულად ორიგინალური ადამიანი, რომელიც შექსპირზე ორიგინალურად საუბრობს. ესაა ლათინური ამერიკა. არა მხოლოდ ტერორიზმი, ბრუტალური დიქტატურა და ძალიან კორუმპირებული დემოკრატია, არამედ ლათინური ამერიკა ბორხესიც შეიძლება იყოს”…

საჯარო ბიბლიოთეკის ამგვარ საღამოებზე მსმენელის კითხვებზე სტუმრის პასუხების გაცემის ტრადიცია დიდი ხანია არსებობს. მაგრამ არა იმ საღამოს. ზუსტად ერთი წუთი, რაც ლიოსას წინ ვედექი და თან საუკუნისწინანდელი ქართული დამფუძნებელი კრების ხუთი პარლამენტარი ქალის ისტორიის ბარათებს გადავცემდი, მოვასწარი მისთვის მეკითხა – თქვენ ერთხელ თქვით, რომ იმიტომ წერთ, რომ ბედნიერი არა ხართ, რომ მწერლობა ბედნიერებისთვის ბრძოლას ნიშნავს. ბედნიერება არ შეიძლება იყოს მწერლობის მოტივი-მეთქი? ბედნიერების დრო არა მაქვსო, მიპასუხა და კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას, მაგრამ მას გარშემო ამოუდგნენ ბიბლიოთეკის ახალგაზრდა ქალი თანამშრომლები , რომლებმაც მწერალი ლამის ძალით, ხელკავით გაიყვანეს… ეუბნებოდნენ, გეჩქარებათო. არადა, ავტოგრაფისთვის იქვე ნაყიდი წიგნით რიგში სულ ბოლოს იმისთვის დავდექი, რომ ჩემი კითხვით არავინ დამეყოვნებინა და არც არავის უკითხავს მწერლისთვის რაიმე. ერთი მე აღმოვჩნდი “ხულიგანი”. ლიოსას გაუხარდა, სავიზიტო ბარათს დახედა და ხელი ჩამომართვა. გული მწყდება, რომ დანარჩენი ვერ მოვისმინე. ამას ლიოსას “მცველ ქალებს” არასოდეს ვაპატიებ, მაგრამ არაუშავს (თავს ვიმშვიდებ), იქნებ მას სადმე, ოდესმე ისევ შევხვდე. ჰოდა, ბედნიერება-უბედურებაზე კვლავ ვკითხავ და იმაზეც, თუ როგორ შეძლო, გაეხადა პერუ “ქალაქად”, რომელიც ყოველთვის შენთანაა.

05.09.2019
netgaeti.ge

No comments:

Post a Comment