Monday, February 10, 2020

რომის სტატუტი და ანგარიში – “10 წელი აგვისტოს ომიდან”




2-7 დეკემბერს ჰააგაში “რომის სტატუტის” (1998) წევრი ქვეყნების რიგით მე–18 გენერალური ასამბლეა იმართება. სახელმწიფოების მიერ ამ საერთაშორისო კონვენციასთან მიერთება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) იურისდიქციის აღიარებას ნიშნავს. თავად “რომის სტატუტი” საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დამფუძნებელი შეთანხმებაა, რომლის წევრი 122 ქვეყანაა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ ხუთ წევრთაგან კი – მხოლოდ ორი: საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. რუსეთმა სტატუტს 2000–ში ხელი მოაწერა, მაგრამ რატიფიცირებამდე საქმე არ მივიდა. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ კი, როგორც კი პროკურორის ოფისმა ყირიმის ანექსიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, პუტინმა ხელშეკრულებიდან გასვლის ბრძანება გასცა.




სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველი მუდმივმოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტია, რომლის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი გენოციდში, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ედებათ. მართლმსაჯულების საერთშორისო სასამართლოსგან (ICJ) განსხვავებით (რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს), იგი სახელმწიფოთაშორისო დავებს არ განიხილავს და სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგენის საკითხზე მსჯელობს.




გენასამბლეა სასამართლოს მთავარი სათათბირო და პოლიტიკური ორგანოა და შედგება ყველა წევრი – სახელმწიფოს წარმომადგენლისგან. თითოეულ წევრ-სახელმწიფოს ერთი ხმა აქვს, ხოლო გადაწყვეტილებების მიიღება კონსესუსით ხდება. ასამბლეა სამი წლის ვადით თავმჯდომარეს, ორ ვიცე-თავმჯდომარეს ირჩევს და წელიწადში ერთხელ იკრიბება. ასამბლეა ირჩევს მოსამართლეებს, პროკურორს, იღებს სასამართლოს ბიუჯეტს, ამტკიცებს მნიშვნელოვან ტექსტებს მაგალითად, ასეთია „პროცესის და მტკიცების წესები“. სასამართლოს წესდება ნებას რთავს ასამბლეას სრული შემადგენლობის 2/3 – ით მოსამართლეები ან პროკურორი თანამდებობიდან გადააყენოს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ამ პიროვნებამ სერიოზული გადაცდომა ან ამ წესდებით გათვალისწინებულ მოვალეობათა სერიოზული დარღვევა ჩაიდინა. ანუ თუ მან დაარღვია “პროცესისა და მტკიცების წესებით” განსაზღვრული ფუნქციები ან მას არ შესწევს უნარი შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. გენასამბლეა ანგარიშებს იღებს როგორც სახელმწიფო უწყებისგან, ასევე – არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. წელს გენასამბლეაზე 12 ქეისს განიხილავენ: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (ორი ქეისი), ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კენია, ლიბია, მალი, უგანდა, სუდანი, ბანგლადეში და საქართველო.




2019 – ის გაზაფხულზე აშშ–მ სასამართლოს მთავარი პროკურორის ფატუ ბენსუდას მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე შესაძლო ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების დაწყების შესახებ გაკეთებული მოთხოვნის შემდეგ სასამართლოზე აქტიური შეტევა და პოლიტიკური წნეხის განხორციელება დაიწყო. ეს გახლდათ პრეზიდენტ ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში იმდროინდელი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ოფიციალური და პირდაპირი კრიტიკული განცხადებები პროკურორის ოფისის წინააღმდეგ და ბოლოს მთავარი პროკურორისთვის და ოფისის რამდენიმე წარმომადგენლისთვის აშშ-ის ვიზის გაუქმება და გაეროში არშეშვება. პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით აშშ–მ ასევე დაბლოკა ავღანეთის მიერ შეტანილი სარჩელი და სასამართლო იძულებული იყო განსახილველად იგი არ მიეღო. არადა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, შექმნილია იმისთვის, რომ სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულებები გამოიძიოს და დაადგინოს დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის ხარისხი.




როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ სასამართლოში ამჯერად გამოძიების მიმდინარე ქეისებს შორისაა აფრიკის 11 და საქართველოს ერთი ქეისი. უკანასკნელი განხილვა იყო დაახლოებით სამი კვირის წინ, როცა წინასაპროცესო პალატამ დააკმაყოფილა პროკურორის ფატუ ბენსუდას მოთხოვნა და ამის შედეგად გამოძიება დაიწყო მიამარში/ბანგლადეშში როჰინგას (მუსლიმი მოსახლეობა) წინააღმდეგ განხოციელებული დანაშულებებთან დაკავშირებით. საქართველოს ქეისის გამოძიება წინასაპროცესო პალატის მიერ მხოლოდ 2016 წლის იანვარში დამტკიცდა, თუმცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს შესაძლო დანაშაულებების საკითხის წინასწარი შესწავლის დაწყების თაობაზე განცხადება პროკურორმა კონფლიქტის მიმდინარეობისას 2008 წლის 14 აგვისტოს გააკეთა.




სასამართლო დამნაშავეს თავად ვერ აპატიმრებს, ის მხოლოდ დაპატიმრების სანქციას გასცემს, ხოლო სტატუტის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, რომ მათი შესაძლებლობების ფარგლებში დააკავონ და დაკავებულები სასამართლოს გადასცენ. ყველაზე გახმაურებულია 2009 წელს იმჟამინდელი სუდანის სახელმწიფოს მეთაურის ომარ ალ ბაშირის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ბრძანება დარფურში ჩადენილი დანაშაულებების საფუძველზე. ალ ბაშირი არ დაუპატიმრებიათ. სუდანში წელს სამხედრო გადატრიალება მოხდა და ამჟამად მიდის განხილვა, გადასცენ თუ არა დაკავებული პრეზიდენტი სასამართლოს.




საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომლის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის გამო შექმნილ მდგომარეობას სისხლის სამართლის სასამართლო იხილავს ანუ საქართველოს სიტუაცია 2008 წლის ომის შემდეგ პროკურორ ფატუ ბენსუდას შესწავლის საგანი გახდა. ეს პირველი ეტაპია, შემდეგ ეტაპზე, როგორც წესი, პროკურორი გამოძიების დაწყებას ითხოვს.




ამა წლის 12 აპრილს გაზეთში “ნიუ იორკ თაიმსი” გამოქვეყნდა სამი ჟურნალისტის სტატია სათაურით “ჰააგის სასამართლომ ავღანეთში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიებაზე უარი თქვა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ–მ გაუუქმა ვიზა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, რადგანაც იგი ავღანეთში სამხედრო დანაშაულებათა გამოძიებას აპირებდა. “ვიზის გაუქმება, რომელიც დაადასტურა ფატუ ბენსუდას კანცელარიამ, იყო შეურაცხმყოფელი ადამიანის უფლებების დამცველთათვის და ეს ქმედება აღინიშნა, როგორც აშშ–ის უპრეცენდენტო ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, რომელიც ორი ათეული წლის წინ გენოციდის, სამხედრო დანაშაულებათა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებათა გამოსაძიებლად შეიქმნა”. – აღნიშნულია სტატიაში.




საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch თავის ორ პუბლიკაციაში “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავღანეთს ტოვებს” და “ხარვეზების აღმოსაფხვრელად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა სჭირდება” (17.07.19 – 17 ივლისი რომის სტატუტის ანუ მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეა) შეშფოთება გამოთქვა “ავღანეთის ქეისის” გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ “შექმნიდან 21 წლის მერე ICC –ს უფროა საჭირო, ვიდრე მისი დამფუძნებლები ფიქრობდნენ”; რომ “გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთაგან მე–16 ეხება მშვიდობას, სამართლიანობასა და ძლიერ ინსტიტუტებს. სასამართლო, როგორც რომის სტატუტის ცენტრალური ნაწილი, მე–16 მიზნის მიღწევისთვის აუცილებელია, რადგანაც იძიებს მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულებებს და ამით კანონის უზენაესობასა და მსხვერპლთათვის სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფას ხელს უწყობს.”




საქართველო ამ შემთხვევაში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება, რადგანაც გამოდის, რომ იქმნება პრეცედენტი, როცა არაწევრ ქვეყანას (მაგალითად, აშშ–ს ან რუსეთს) შეუძლია ჩაერიოს გამოძიების პროცესში და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გავლენა მოახდინოს. რასაკვირველია, ავღანეთისა და ჩვენს ქეისებს შორის საგნობრივი განსხვავება რეალურად არსებობს. საქართველოსთან დაკავშირებით სასამართლომ პროკურორისთვის გამოძიების მანდატი დაამტკიცა. ავღანეთის შემთხვევაში, გამოძიების მანდატის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ანუ ჩვენ შემთხვევაში, პროკურორის ოფისი უკვე აგროვებს ნივთმტკიცებულებებს, რათა კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნით სასამართლოს წარუდგინოს. ავღანეთი კი წამგებიან მდგომარეობაშია. ამის გამო ეჭვის ქვეშ შეიძლება დადგეს სასამართლოს ლეგიტიმურობა და ქმედუნარიანობა. რუსი ჯარისკაცების/ გენერლების დანაშაულში მხილების შემთხვევაში რუსეთი შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ სასამართლო მართულია, რომ ის არაა დამოუკიდებელი, მისი გადწყვეტილება არაფრად ფასობს და სასამართლოს წამოაძახოს – აი, ამერიკა ჩაერია და დაბლოკა გამოძიება, ასეთ სასამართლოსგან რა სამართლის პრინციპებს უნდა ველოდოთო…




საქართველოში გამოძიების პროცესი ჭიანურდება და არაა გამორიცხული, რომ ამასობაში მოწმე გარდაიცვალოს ანდა ნივთმტკიცებულება გაქრეს. შესაძლებელია სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც აღმოცენდეს: მაგალითად, პროკურორის ოფისის შეზღუდული რესურსები; გამომძიებლების ტერიტორიაზე მომხდარი შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად არდაშვება; რუსები, დიდი ვარაუდით კი არა, დაზუსტებით გამოძიებასთან არ ითანამშრომლებენ. ამ პირობებში, გამომძიებლებმა ძალიან კარგად და დეტალიზირებულად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ უხარვეზო ქეისი შეკრან და დეტალიზირებულად დაადგინონ კავშირი დანაშაულის ფაქტსა და კონკრეტულად პიროვნების პასუხისმგებლობას შორის. ცხადია, გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის თავხედობისა და რესურსების მოცულობა და ისიც, რომ პროცესი შეიძლება ძალიან გაჭიანურდეს.




მოარული ხმები დადის იმაზეც, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში შეიძლება გახდეს რომის სტატუტის წევრი. ჯერჯერობით კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უკრაინამ 2014– ში მიმართა სასამართლოს პოლიტიკური დეკლარაციით, რომლის საფუძველზეც მთავარმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სიტუაციის წინასწარი შესწავლა დაიწყო. დღეისათვის კი პროკურორის ოფისი სწავლობს ავღანეთის, კოლუმბიის, გუინეას, ერაყი/ გაერთიანებული სამეფოს, ნიგერიის, პალესტინის, ფილიპინების, ვენესუელისა და უკრაინის ქეისებს და თუ ოფისი გადაწყვეტს, რომ აუცილებელია სრულფასოვანი გამოძიების დაწყება, იგი სასამართლოს გამოძიების დაწყების სტატუსის მისაღებად მოთხოვნას გაუგზავნის.




***




2019 წლის 17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის ექვსმა წევრმა ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ფონდის “ღია საზოგადოება” მხარდაჭერით ანგარიში სახელწოდებით “ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მომზადებისას საქართველოს მასშტაბით 36 დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 2400 დევნილი ოჯახი გამოიკითხა. გამოკითხულთა უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აშენებულ სპეციალურ კოტეჯებში, ყოფილი სასწავლო დაწესებულებისა და სამხედრო დანაყოფების ტერიტორიაზე ცხოვრობს. ანგარიშის შედეგად გამოიკვეთა, რომ დევნილები, განსახლების პირობებში, ომიდან ათი წლის შემდეგაც რთულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. დევნილთა პრობლემები დასახლებების მიუხედავად იდენტურია. ყველაზე მეტ სირთულეს გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები, სამუშაო ადგილების არარსებობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების შეუძლებლობა ქმნის. დევნილთა დასახლებებში ასევე, მძიმეა ყოველდღიური პირობები ტრანსპორტირების, საგზაო თუ საირიგაციო ინფრასტრუქტურის, სამედიცინო სერვისებზე, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო. 









ანგარიში სახელწოდებით – “ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“




ანგარიშში ჩანს, რომ დაზარალებულთა ნაწილს საერთოდ არ გააჩნია ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ამ სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ, ხოლო დაზარალებულთა მეორე ნაწილს არასწორი წარმოდგენა აქვს სასამართლოს შესახებ და მათი მოლოდინი ძირითადად სასამართლოსგან კომპენსაციის მიღებას ან სახლში დაბრუნებას უკავშირდება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების დაწყებიდან დღემდე სამ წელზე მეტი გავიდა. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემად რჩება სასამართლოს პროკურორის ოფისის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებისა და დაზარალებული თემისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობა. გარდა ამისა, გამოძიება მნიშვნელოვნად ჭიანურდება თითქმის ყველა იმ სიტუაციასთან შედარებით, რომელიც სასამართლოს ამ დრომდე განუხილავს. გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე ათ წელზე მეტი გავიდა, ამ პერიოდში კი არაერთი დაზარალებული გარდაიცვალა და მტკიცებულებები განადგურდა. ანგარიშმა ასევე გამოავლინა, რომ საქართველოს ეროვნული საგამოძიებო ორგანოები აგვისტოს ომიდან ვიდრე დღემდე მხოლოდ დაზარალებულთა მცირე რაოდენობას დაუკავშირდა, შესაბამისად დაზარალებულთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებისა და აღნიშნულ პროცესში მათი უფლებების შესახებ. გარდა ამისა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის უარი თანამშრომლობაზე. ცხადია, ასეთ პირობებში მაღალია რისკი, რომ პროკურორის ოფისის მიერ სრულყოფილი გამოძიების წარმოება ვერ მოხერხდება.




ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო სამართლიანობის” ხელმძღვანელი ნიკა ჯეირანაშვილი ამჟამად ჰააგაში, რომის სტატუტის ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება.









ნიკა ჯეირანაშვილი




“– საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველო სასამართლოში ქართველი მოსამართლის ნომინირებას მოახდენს”. – გვითხრა ნიკა ჯეირანაშვილმა. –” ჰააგის სასამართლოს არასოდეს ჰყოლია ქართველი მოსამართლე. შემდეგ ასამბლეაზე გვექნება განსაკუთრებული შესაძლებლობა დავიკავოთ საპატიო ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს, დაახლოებით 5-6 თვე, რადგანაც ნომინირება მომავალი წლის ივნის-ივლისში უნდა მოხდეს და მანამდე კი მნიშვნელოვანი პროცესია გასავლელი.

რა სტადიებია ამისთვის საჭირო?




პირველ რიგში უნდა შეიქმნას სასამართლოში კანდიდატურის ნომინირების წესები, რომლებიც უზრუნველყოფს კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე და სამართლიან პროცესს. უნდა შეიქმნას კანდიდატის შესარჩევი ორგანო, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელად ჩ შერჩევის პროცედურებს ჩაატარებს. ეს ორგანო უნდა მოიცავდეს სასამართლოს, იურიდიული წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წარმომადგენლებს. ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი კანდიდატის ნომინირებისგან, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა მთავრობის მოხელედ, ან მთავრობასთან ასოცირდება. ამასთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ კვალიფიციურ კანდიდატებს, რომლებსაც შეიძლება არ აქვთ პოლიტიკური კავშირები, ექნებათ ნომინირების თანაბარი შანსი.

გენასამბლეაზე გეგმავთ თუ არა საქართველოს თემის ხაზგასმას?









ნიკა ჯეირანაშვილი




ასამბლეის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაწყობთ სპეციალურ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს მიეძღვნება. ღონისძიებაზე საერთაშორისო საზოგადოებას წარვუდგენთ სრულ ინფორმაციას 2008 წლიდან დღემდე რუსეთის მხრიდან ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ჰააგის სასამართლოს მიერ წარმოებულ გამოძიებაზე.

რა ბედი ელის “ავღანეთის ქეისს”?




ავღანეთის შემთხვევაში სააპელაციო განხილვები ხვალ იწყება და შესაძლებელია არსებულ რეალობაშიც კი გამოძიების დაწყების მოწმენი გავხდეთ.

03.12.2019
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment