Monday, February 10, 2020

„თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“ – აქცია ნიუ იორკში, გაეროში რუსეთის წარმომადგენლობასთან




19 დეკემბერს, ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, ნიუ იორკში მცხოვრები ქართველები გაეროში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობასთან შევიკრიბეთ და უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლება მოვითხოვეთ.

სუსხიან საღამოს, – 5 გრადუს ყინვაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის ცინიკურ ფრაზას – “ქართველებო, ხომ არ გცივათ?”, “ჰაეროვან კოცნასა” და მოპიკეტეებზე მომართულ სათვალთვალო კამერებს საკადრისი პასუხი და ჟესტი დახვდა. წესისამებრ, პიკეტს თვალს პოლიციაც ადევნებდა და შეკრების მიზეზით ინტერესდებოდა.

„ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებს კრემლი უმაგრებს ზურგს და სწორედ ამიტომაც ჩვენ რუსეთის საელჩოსთან შევიკრიბეთ“ – განაცხადა პიკეტის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ნიუ იორკში გამომავალი გაზეთის “ცნობის ფურცლის” გამომცემელმა დავით შუბლაძემ.

„ვაჟა გაფრინდაშვილი „საზღვრის” გადაკვეთას არ აღიარებს, რაც არსებული პირობებში მართლაც დიდი გმირობაა. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ გაფრინდაშვილი ექიმია, ექიმის პროფესია კი რეალურ თუ არარეალურ საზღვრებს არ სცნობს. სამაჩაბლო საქართველოა და არც ერთი ჭკუათმყოფელი ქართველი “ბორდერიზაციას” არასოდეს შეეგუება. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სამოქალაქო თავდადების მაგალითს – ვაჟა გაფრინდაშვილს! საქართველოს მთავრობისგან კი კაგებეს ქართველი ტყვის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს მოვითხოვთ და ამავე მოთხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობასაც მივმართავთ!“ – განაცხადა დავით შუბლაძემ.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.














20.12.2019
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment