Tuesday, February 25, 2025

„მე ამერიკული საზოგადოებრივი აზრის იმედი მაქვს“ – ინტერვიუ დეივიდ სატერთან















ინტერვიუ ამერიკელ ისტორიკოსთან, ჟურნალისტ დეივიდ სატერთან.

როგორ მოხდა, რომ XXI საუკუნეში სრულიად განსხვავებული ისტორიის, კულტურისა და გამოცდილების ქვეყნებმა, მაგალითად, რუსეთმა, ჩინეთმა, ვენესუელამ საერთო გამონახეს, თავიანთი ქსელი შექმნეს; დასავლეთს, დასავლურ ღირებულებებს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთისგან რეპრესიული მეთოდებიც გადაიღეს…

ჩემი აზრით, შეცდომაა იფიქრო, რომ ისინი ძალიან განსხვავებულები არიან.

ამ ქვეყნებში არის ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელსაც ძალაუფლების დაკარგვა არ უნდა და ესმის, რომ დემოკრატიული პრინციპები მის არსებობას ემუქრება. ამის საფუძველზე ეს ჯგუფები ერთიანდებიან, რადგანაც მათ საერთო ინტერესები აქვთ. ისინი ერთიანდებიან იმისთვის, რომ დემოკრატიული ქვეყნების ზეწოლა მათზე შეამცირონ, შესაბამისად, მათი გაერთიანება ჩვეულებრივი ამბავია.

დიახ, ამ ქვეყნებს განსხვავებული ისტორიულ-კულტურული მოცემულობა აქვთ, მაგრამ დიქტატურა სხვადასხვა პირობის საფუძველზე განსხვავებულ ქვეყნებში შეიძლება წარმოიქმნას და სწორედ ესაა, რაც ჩვენ ახლა გვაქვს. არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც აერთიანებთ ხელისუფლების რეპრესიული სტილი და ესმით, რომ მათთვის დასავლეთის წინააღმდეგ ერთად მოქმედება მომგებიანია. სარგებელი არა მარტო ფულია, არამედ ხელისუფლების შენარჩუნება, რომელიც სამომავლოდ მათი გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

სსრკ-ის დანგრევისა და ე.წ. ფერადი რევოლუციების შემდეგ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, გვირაბის ბოლოში თითქოს შუქი გამოჩნდა. მაგრამ როგორ მოახერხა პრორუსულმა ძალამ, მაგალითად, „კაგებეს“ პროექტმა ბ. ივანიშვილის სახით, ისეთ ქვეყანაში, რომელმაც 9 აპრილი და აგვისტოს ომი გადაიტანა, გაემარჯვა? უკრაინაში კი – იანუკოვიჩს?

რთული საკითხია. იდეალურ სამყაროში ადამიანები ღირებულებებზე კონცენტრირდებიან. მაგრამ სამყარო იდეალური არაა.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ადამიანს ფოკუსი ადვილად ეცვლება, განსაკუთრებით მატერიალური ინტერესების გამო.

მე სწორედ ის მაშინებს, რომ ადამიანებმა დაკარგეს განცდა – თუ როგორი მნიშვნელოვანია შეინარჩუნო ცივილიზაციური ღირებულებები – დემოკრატია, სამართლიანობა, თავისუფლება. ამიტომაც ისინი ავტოკრატიას, დიქტატურას ემორჩილებიან და ეს ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, მათ შორის, ცხადია, რუსეთშიც.

საქართველოში ეფექტიანი პროპაგანდა გაჩაღდა და ამავე დროს ადამიანებს ომის შეეშინდათ. ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ქართველები ივანიშვილს იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ჰგონიათ – ივანიშვილი ომს აარიდებთ.

2014 წელს უკრაინაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე დასავლეთმა ერთგვარად თვალები დახუჭა…

იმიტომ, რომ ასე ცხოვრება უფრო ადვილია. ამით დასავლეთს პრობლემისგან თავის არიდება უნდოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, პრობლემის გადავადება გამოუვიდა.

ეს დასავლეთისთვის ტიპურია.

რატომ არ ჰქონდა რეაგირება დასავლეთს 1999 წელს რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების რუსეთსავე სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ აფეთქებებზე? ანდა რატომ არ იყო მწვავე რეაქცია რუსების მიერ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე? სწორედ ესაა პრობლემა. რატომ? იმიტომ, რომ ეზარებოდათ, ინტელექტუალურად მზად არ იყვნენ და, შესაბამისად, არ შეეძლოთ.

2008 წლის ომის შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო ე.წ. “გადატვირთვის” პოლიტიკა, რომელიც სრული კატასტროფით დასრულდა…

ცხადია, ეს იყო დიდი შეცდომა. საქართველოში შეჭრის შემდეგ ამ “გადატვირთვამ” რუსეთს სხვა ავანტიურების განსახორციელებლად მწვანე შუქი აუნთო.

როგორ ფიქრობთ, დასავლეთს თავიდანვე უნდოდა ამ ომში უკრაინის გამარჯვება თუ მხოლოდ ერთგვარად მხარდაჭერის კამპანიაში მონაწილეობა ოლიმპიური პრინციპით – „მთავარი გამარჯვება არაა, არამედ – მონაწილეობა”.

ფაქტია, რომ დახმარება არ იყო საკმარისი, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა.

მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი აქ არის რუსეთთან ატომური კონფრონტაციის შიში. დასავლეთი არ იყო მზად რისკზე წასულიყო, რისკის გარეშე რუსეთის დამარცხება კი რთულია.

რისკში მე ასევე ვგულისხმობ უფრო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს, რომელსაც რუსეთზე რეალური გავლენა ექნებოდა.

დღევანდელი დასავლური დემოკრატიების საფუძველი არის ანტიკორუფციული და მაქსიმალური გამჭვირვალების დღის წესრიგი. ამ ფონზე როგორ მოხდა, რომ რუსმა ოლიგარქებმა (მათ შორის, ივანიშვილმა), წარმატებით აწარმოეს ბიზნესი დასავლეთში და ლონდონიდან ვიდრე მაიამიმდე უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინეს?

საქმე იმაშია, რომ დასავლეთს ამ შემოსავლის დაკარგვა არ უნდა. დასავლეთის საკანონმდებლო ნორმები ამ ოლიგარქებს კარგად იცავს.

ცხადია, ადამიანს აქვს უფლება იყიდოს უძრავი ქონება, თუმცა ცხადი ისიცაა, რომ ყოველთვის დადგება იმის საკითხი, თუ როგორ შეაჩერო ავტოკრატიების ფული იმ პირობებში, თუ შეჩერების მექანიზმები სუსტია.

ოლიგარქები დასავლეთში ფულს ათეთრებენ, ინვესტიციებს აკეთებენ. ამ დროს კი საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ გააკეთო ისეთი რამ, რაც ეკონომიკურად შენთვის დამაზიანებელია. ეს ნიშნავს შემდეგს: თქვენ უნდა შეეცადოთ ბევრი იმუშაოთ სწორედ იმისთვის, რომ მოიკლოთ ის სარგებელი, რომელიც გინდოდათ, რომ გქონოდათ. ეს, ცხადია, კონფორმიზმია და გამდიდრების ვნებაც.

დროთა განმავლობაში ამ ოლიგარქების მიერ დასავლეთში ამუშავებული ბიზნესები მათივე პრობლემა გახდება. მგონია, რომ ვისზეც სანქციები არ იყო დაწესებული, იმათაც მიაგნებენ. დრო გვიჩვენებს თუ ვის მისწვდება სანქციები.

11 სექტემბრის მერე პუტინი თითქოს დაუახლოვდა ამერიკას, დასავლეთს და ე.წ. “ანტიტერორისტულ კოალიციაში” გაწევრიანდა. არადა მთელი მისი მმართველობის საფუძველი სწორედაც რომ ტერორიზმი იყო, მიზანი კი ევროკავშირისა და ნატოს დასრულება. ატომური იარაღით შანტაჟის ფონზე რა პერსპექტივა აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა?

უკრაინელების განმათავისუფლებელი ბრძოლა ამავე დროს საქართველოსთვის ბრძოლაცაა. მხოლოდ მაშინ, როცა ამ ომში რუსეთი დამარცხდება, რუსეთის სათავეში სხვა ადამიანები მოვლენ. უკრაინა უნდა გაწევრიანდეს ნატოში და ეს შესაძლებელია, თუ დასავლეთს ამისთვის ნება და ძალა ექნება. მაგრამ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და გაეროში აშშ-ის პოზიციის გამო მართალი გითხრათ, არ ვიცი რა ვთქვა და რა გავაკეთო.

გავრცელდა ინტერპრეტაცია, რომ ტრამპმა ეს ევროპის გამოსაღვიძებლად თქვაო…

ანუ გამოდის, რომ ტრამპმა უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვა, რათა ევროპას გაღვიძებოდა? ძალიან რთულია ამის ანალიზი. ერთი რამ ნათელია: როცა საუბარია პუტინზე, ყველაფერი ცხადზე ცხადი უნდა იყოს, თუ რა უნდა პუტინს და კიდევ – არანაირი თამაშები პუტინთან! რადგანაც პუტინის მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე თამაშებია.

პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ საპასუხოდ არ ვითამაშებთ და ომი დასასრულებელია! მოულოდნელად რეალური გახდა ბზარი ევროპასა და აშშ-ს შორის, რომელიც შეიძლება გაღრმავდეს, თუ ტრამპი ამგვარ რიტორიკას გააგრძელებს. მაგრამ მე ამერიკული საზოგადოებრივი აზრის იმედი მაქვს; იმ ადამიანების, რომლებსაც სამართლიანობის განცდა აქვთ და მათ ამაზე მწვავე რეაქცია ექნებათ. ანდა თავად პუტინს შეიძლება ჰქონდეს რეაქცია მისი გაუმაძღრობის გამო. მან შეიძლება ძალიან ბევრი მოითხოვოს და ამით იგი ტრამპს აზრის შეცვლას აიძულებს.

XX საუკუნის ბოლოს ამ წინააღმდეგობრივ სამყაროში ინტერნეტი იყო თავისუფლების ყლუპის სიმბოლო, ახლა კი იგი დევნის, დეზინფორმაციის ხელსაყრელი იარაღი გახდა. ამას ხელოვნური ინტელექტიც დაემატა. მაგალითად, ჩინურ ChatGPT-დან ამოღებულია ტიანანმენის მოედნის მოვლენები.

ცხადია, ინტერნეტს კარგის გარდა ცუდი ასპექტებიც გაუჩნდა. ინტერნეტით ადამიანის კონტროლის მექანიზმები ძლიერდება, ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და გავარჩიოთ ყალბი და ჭეშმარიტი.

ცხადია, ინტერნეტს ვერ დავხურავთ. მაგრამ სად წაგვიყვანს ეს ტოტალური კონტროლი, არავინ იცის. ვფიქრობ, ეს ჩვენ ხელშია, რადგან ჩვენ ადამიანებად ვრჩებით ინტერნეტით თუ უინტერნეტოდ. და ამ ზერთულ დროს, ძველმა და ახალმა თაობამ, სწორედ ჩვენ უნდა დავიცვათ სიმართლე, საკუთარი თავი და ცივილიზაციური სტანდარტები.

ფოტოზე: დეივიდ სატერი

25.02.2025

netgazeti,ge

No comments:

Post a Comment