Tuesday, May 27, 2025

ქართველი ლევიათანი და აპოკალიფსი ახლა

 

„დედა მიყვებოდა ისტორიას ბაქია კურდღელსა და კუზე. იდიოტი კურდღელი დარწმუნებული იყო, რომ არავინაა მასზე სწრაფი და მართალიც იყო, რადგანაც როცა გასწრებაზე დარბოდა, ყოველთვის იმარჯვებდა. ტყის ბინადრები ამ მდგომარეობას მშვიდად ეგუებოდნენ. კურდღელი კი სულ დარბოდა და თან ყველას შთააგონებდა, რომ სხვები არაფერს წარმოადგენენ.



ერთხელაც კუმ განაცხადა, რატომაც არა, ვცდი კურდღელს გავასწროო. კურდღელი ტყვიასავით გავარდა, კუმ კი მხოლოდ მტვერი ჩაყლაპა. მერე კურდღელს გართობა და დასვენება მოუნდა, გაჩერდა და ჩაიძინა. მას უფრო მეტ ხანს ეძინა, ვიდრე საჭირო იყო. როცა გაიღვიძა, მიხვდა, რომ ყველაფერი წააგო. კურდღელი გავარდა, მაგრამ კუმ უკვე გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ბრბო გიჟივით აყვირდა.


საღამოს კუ თავის ოჯახში ვახშმობდა და პატარებს უყვებოდა, თუ როგორ გაიმარჯვა კურდღელზე. იგი შვილებს ეუბნებოდა – არასდროს დანებდეთ, ყოველთვის წინ იცოცეთ და ნებისმიერ ბარიერს გადალახავთ.


უცებ ჩაქუჩ მომარჯვებული კურდღელი კარს ამტვრევს. იგი ჯერ დედის თვალწინ კუს შვილებს თავს უჭეჭყავს, მერე კი მასაც კლავს. და როცა ამ პატარა ოჯახს გაანადგურებს, კურდღელი მაგიდასთან ჯდება და მათ ვახშამს ჭამს. ყველაფერს… ბოლო ლუკმამდე. იმიტომ, რომ კურდღელი ყოველთვის იმარჯვებს“.


ეზოპეს ოპტიმისტური იგავის ამ პესიმისტურ ინტერპრეტაციას ამერიკელი რეჟისორის კრეიგ ზობელის ძალიან წინააღმდეგობრივ ფილმში – „ნადირობა“ (2020) მთავარი გმირი ქალი, სახელად კრისტალი, გვიყვება.


ფილმი, ზოგადად, აშშ-ის შიდა პრობლემებზე, ლურჯებისა და წითლების, ულტრამემარცხენე-ულტრამემარჯვენეთა ხან მწვავე და ხანაც ქრონიკულ დაპირისპირებაზეა; გაჯერებულია ანტიუტოპიის, დისტოპიის, ჰორორის სულისკვეთებითა და ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“ პერსონაჟებით. აკი ღრუტუნებს კიდეც მოულოდნელად ბუჩქებიდან გამოვარდნილი ვარდისფერი გოჭი სახელად „ორუელი“. ფილმის პოლიტიკური ფაბულა ქართულ რეალობას ყველაზე ნაკლებად მიესადაგება, მაგრამ „ნადირობის“ ზოგიერთი ეპიზოდი მაშინვე გამახსენდება ხოლმე, როგორც კი თვალწინ ბრუტალური უსამართლობის, ძალადობის, კორუფციის, შეუმწყნარებლობის დოკუმენტური კადრები თუ პირდაპირი ეთერი ჩნდება.




კადრი ფილმიდან „ნადირობა“


„ნადირობის“ სცენარის მიხედვით მკვლელები სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების საფუძველზე მათ მიერ შერჩეულ ადამიანებს იტაცებენ, მიზანში ამოღებითა და სნაიპერული გასროლით/მოწამვლით/განადგურებით ერთობიან/ქულებს იწერენ, ნაძირლების მმართველი ელიტა კი დაბანაკებულია ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ შტატად (ხორვატია არკანზასის მაგივრად) ინიღბება.


მთავარი გმირი ქალი შეცდომით მოიტაცეს, იგი „ხელსაყრელი მსხვერპლის“ სეხნია იყო, არადა სამხედრო ოფიცერი აღმოჩნდა, რომელიც ერთადერთია, ვინც გადარჩება. განა იმიტომ, რომ პატიოსანი გადასახადების გადამხდელია, მხოლოდ კანონით თუ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოვალეობით სარგებლობს, ღვთისმოშიში/მორწმუნე ან კარგი მოქალაქე ათეისტია, ყველაზე მაღალი IQ აქვს, კეთილი სამარიტელია, მორალურ სიცხადესა და სოლომონისეულ სიბრძნეს ერთმანეთისგან ასხვავებს, მაჰათმა განდის არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის ადეპტია ანდა ხავერდოვანი თუ ფერადი რევოლუციების, ვაცლავ ჰაველის წიგნის „ძალა უძალოთას“ (1978) სულისკვეთების გამზიარებელი.


არა.


გადარჩება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებზე სხარტია, სწრაფი, დეტალებს პარანოიდალურად აკვირდება, არ ტყუვდება, ხაფანგს შიფრავს, მეხსიერებას არ უჩივის, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაწვრთნილია, გაბრაზების მუხტს არ აგდებს, გადაწყვეტილებას წუთში კი არა, ნახევარ წამში იღებს და იარაღს პროფესიულად ფლობს. რაც მთავარია, მტრულ გარემოში, ჯუნგლების კანონის ტერიტორიაზე კარგად ორიენტირებს. მოკლედ, ეს კერკეტი კაკალი თითქმის უნივერსალური ჯარისკაცია. მისი ამოცანაა გაიგოს – „არიან თუ არა ისინი ისეთი ჭკვიანები, რომ სულელები ითამაშონ, თუ ისეთი სულელები, რომ ჭკვიანები ითამაშონ“.


არადა გერმანულ და ინგლისურენოვან კულტურებში კურდღელი აღდგომის, ახალი ცხოვრების, გაზაფხულისა და გამრავლების სიმბოლოა, ზოოლოგიის კანონებით კი იგი საკუთარი თავის გადარჩენაზე მოფიქრალი („ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი“), უწყინარი, ვეგეტარიანელი ცხოველია და თავად წვრილფეხა – მსხვილფეხა ნადირის სამიზნე.


მაგალითად, მოტივირებული მოძალადის, მწევრის (ძაღლის), მგლის, არწივის. ფილმში კი ეს, ერთი შეხედვით, „წმინდა უბრალოება“ ჩვეულებრივი ცივსისხლიანი მასობრივი მკვლელი ხდება და თან მოკლულების ნაჯაფის ქურდიც, ერთგვარი პერვერტი მაროდიორი, რომელსაც გვამების გარემოცვაში მადა არ ეკარგება. პირიქით.


ჰო, კიდევ. გამძაფრებული სმენისა და მარდი კიდურების გარდა, მას უნივერსალური “სახელოსნო იარაღი” – ჩაქუჩი აქვს. ჩაქუჩი კი ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ არასდროს გაბედო შეეჯიბრო ჩაქუჩიანს… თუ მის იარაღზე უფრო ძლიერი თუ არა, თანაფარდი მაინც არ გაქვს. არადა, წესით, კუს კურდღელზე (მტაცებლებზეც) გაცილებით მეტხანს უნდა ეცოცხლა – ასიდან ორას წლამდე.


ალან პაკულას ფილმში „სოფის არჩევანი“ (1982), რომელიც უილიამ სტაირონის ნოველის ადაპტაციაა, მთავარი გმირი სოფი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვეა. მას ორი შვილი ჰყავს – ჯენი და ევა. ჰოლოკოსტ გამოვლილი და დაწვას გადარჩენილი ქალი ამერიკაში ემიგრირებს და ცდილობს ნორმალური გახდეს… მაგრამ შეუძლებელია ენით აუწერელი ტკივილის დავიწყება. იქ, „წინა ცხოვრებაში“ ბანაკის ზედამხედველი კაცი სოფის არჩევანის გაკეთებას აიძულებს – ორი შვილიდან ერთ-ერთი გაზის კამერაში გაუშვას… და სოფი „ირჩევს“, თუ საერთოდ შეიძლება ამ კონტექსტში სიტყვის “არჩევანი” მოხმობა.




კადრი ფილმიდან „სოფის არჩევანი”


მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული კინოსურათი მხოლოდ ჰოლოკოსტზე (რომელსაც ექვსი მილიონზე მეტი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა) არაა, არამედ ზოგადად, სამყაროს ყველაზე მთავარ უსამართლობაში – ომში მყოფი/ნამყოფი ადამიანების “მშვიდობიანობის დროს” ცხოვრების ტრავმაზე, ფსიქიკურ ზემოწყვლადობაზე, მოუშუშებელ ჭრილობებზე და სადისტური რეჟიმის მსახურზე, ჭანჭიკზე, რომელიც ფილმში უსახელ-უგვაროა და მხოლოდ ეპიზოდურად ჩანს. ამ უკანასკნელს თითქოს ადამიანის გარეგნობა აქვს, მაგრამ რეალურად ყველაფერია ადამიანის გარდა… იგი „ჩვეულებრივი“, ფანტასმაგორიული სიდიდისა და სიმძიმის ბოროტებაა.


ამ ჭანჭიკზე ჩინით უფროსი კი სადღაც ახლო-მახლო, ჰოლოკოსტის ეპიცენტრის გვერდით, „სუფთა სინდისით“, ჩვეულებრივი ობივატელის დღის წესრიგით ცხოვრობს. მარტინ ამისის იგივე სახელწოდების ნოველის საფუძველზე რეჟისორ ჯონათან გლეიზერის მიერ გადაღებული ფილმი „ინტერესის ზონა“ (2023) ნაციზმის “ორიდალურობის” პორტრეტია.


აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის მიმდებარე ტერიტორიას „ინტერესის ზონა“ ეწოდებოდა. რეალური ისტორიის მხატვრული ინტერპრეტაცია აუშვიცის სიკვდილის კონვეიერის რეალური კომენდანტის, რუდოლფ ჰესის ოჯახის, ცოლისა და ხუთი ქალიშვილის მეშჩანური ცხოვრების ეპიზოდებს აჩვენებს: ფანჯრის მიღმა ჩიტები ჭიკჭიკებენ, მწვანე ბაღში ყვავილები იფურჩქნებიან, ბავშვები მდინარეში ჭყუმპალაობენ, მშობელი გოგონებს ძილის წინ ცნობილ გერმანულ ზღაპარს უყვება, ბაღის მცენარეებიც მოვლილია და ჰოსები ქათქათა ფერებში გამოწყობილ სტუმრებსაც კარგად მასპინძლობენ. ორდინალური ოჯახი, “არაფერი განსაკუთრებული”, თუ არ ჩავთვლით, რომ მისი სახლის კედლებს მიღმა “ჩვეულებრივი აპოკალიფსია” – ხან დახვრეტილი ადამიანების კივილი ისმის, ხან მასობრივად ამობუგულთა უკანასკნელი ამოძახილი და ხრიალი, გაზის კამერების საკვამლე მილიდან კი დამწვარი ადამიანების ფერფლი იფანტება. მდინარეში, სადაც გოგონები ერთობიან, ადამიანის განადგურების ბრძანების ზედმიწევნით პროფესიულად შემსრულებლებს “საწარმოს ტექნიკური ხარვეზი” გაეპარებათ ხოლმე – ადამიანის სხეულის სისხლიანი ნარჩენები ამოტივტივდება…





კადრი ფილმიდან “ინტერესის ზონა”


რეალური რუდოლფ ჰესი მკაცრ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა, მერე კი ჰიტლერის თანამოაზრე გახდა. ჰოლოკოსტის ერთ-ერთი შემოქმედის სახლში ხან მოკლული ებრაელების ნივთები ინახებოდა, ხანაც – გაუმჯობესებული კრემატორიუმის შეძენაზე ხელმოწერილი დოკუმენტი. ისე, ეს კაცი ოჯახის მუჭუჭია, უყვარს შვილები და მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ნიურნბერგის პროცესზე „ჩვეულებრივ ფაშისტს“, რუდოლფ ჰოსს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დასდეს ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც მან 93 წლის ასაკში თავის ჩამოხრჩობით დაასრულა.


1961 წელს გაზეთმა The New York Times-მა თავისი კორესპონდენტი, ებრაელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი ჰანა არენდტი იერუსალიმში “ჰოლოკოსტის არქიტექტორის”, ადოლფ აიხმანის პროცესზე დასასწრებად გააგზავნა. ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ აიხმანი ამერიკელებმა ტყვედ აიყვანეს, მაგრამ იგი გაქცევის შემდეგ გაუჩინარდა: ხან პატიოსან ფერმერად გადაიქცა და ხანაც – მგზნებარე მორწმუნედ. “მოსადმა” გაიგო არგენტინაში მისი ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ ნაცისტი დამნაშავის დაპატიმრებას არ ჩქარობდა… პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო. რომ არა აიხმანის მსხვერპლის, დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვის ლოთარ ჰერმანის პრინციპულობა და აქტივიზმი, ჰოლოკოსტის “დამსახურებული მოღვაწე” დაუსჯელი დარჩებოდა.


ჰანა არენდტი გაკვირვებული იყო იმ სასამართლოზე ტყვიაგაუმტარი მინის იქეთ როგორი ჩვეულებრივი გარეგნობის “ადამიანი” იჯდა, რომელსაც, სხვათა შორის, ცოლ-შვილი ჰყავდა. “მასში არაფერია ავბედითი” – წერდა ჰანა არენდტი.


მოგვიანებით ჰანა არენდტმა გამოსცა წიგნი “აიხმანი იერუსალიმში: ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე” (1963), ტექსტი იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანი გაუცნობიერებლად თუ ცნობიერად ბოროტების ხაფანგში, კრიტიკული აზროვნების უუნარობის თუ არარსებობის შემთხვევაში როგორ კარგავს ჰომოსაპიენსობის ნიშან-თვისებებს, დეჰუმანიზდება და მონსტრად, ეშმად გადაიქცევა.


პასუხი კი მარტივია – ეს ხდება ყოველგვარი ზებუნებრივი ძალის ჩარევისა და “საშინელებათა ფილმების” ჟანრის სპეცეფექტების გარეშე: პირში ეშვების, კუდუსუნზე ეშმაკის კუდისა და კანიბალისტური მადის გარეშე (თუმცა ამის მაგალითებიც არსებობს).





ჰანა არენდტის წიგნის – “აიხმანი იერუსალიმში: ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე” – გარეკანი


პათეტიკის სფეროდანაა კითხვა – როგორ ხდებიან მოცარტის, გალაკტიონის, გაუდის მოყვარულები ღვთის/ადამიანის ხატად გაჩენილები ჩვეულებრივი მხეცები, აბელისა თუ უცხოს მკვლელები; როგორ უქრებათ დამოუკიდებლად ფიქრის, სინდისის ქენჯნისა და თანაგრძნობის (თუ ჰქონდათ ოდესმე) უნარი და ებმებიან ინდივიდუალური/ კოლექტიური დანაშაულის ჯაჭვში, სადაც ძალადობა, უგვანი საქციელი, არქაიკა, დესტრუქცია, არაკომპეტენტურობა, მიზანთროპია, მხუთავი გაზი, უსამართლობა, უსინდისობა ნორმალიზებულია და წახალისებული; ხოლო სიკეთე, თავისუფლება, იდეალიზმი, პროგრესი, კომპეტენცია, ემპათია, ჟანგბადი, სინდისიერება, სამართლიანობა დემონიზებული, მარგინალიზებული და დასჯადია.




პასუხი კი ასეთია – ჩვეულებრივად. ხანდახან თანდათან, ეტაპობრივად, შეუმჩნევლად, ხანაც – ერთბაშად და ხილულად.


ამერიკელი ებრაელი გერმანისტი და სამხედრო ფსიქოლოგი გუსტავ გილბერტი ნიურნბერგში პროცესის დროს გერმანიაში მიიწვიეს, სადაც იგი სასამართლოზე არა მარტო ფაშისტური გერმანიის მაღალჩინოსნების თარჯიმანი იყო, არამედ ციხეში შერაცხადობის ექსპერტიზისთვის მათ ფსიქოტიპებსაც სწავლობდა და დღიურსაც აწარმოებდა („ნიურნბერგის დღიურის” პირველი ნაწილი 1947 წელს დაიბეჭდა). მან სასამართლოზე მისცა ჩვენება/ექსპერტიზა, რომელიც რუდოლფ ჰესის შერაცხადობას ადასტურებდა.





ნიურნბერგის სასამართლო პროცესი


მოგვიანებით გილბერტმა გამოსცა წიგნი “დიქტატურის ფსიქოლოგია: ნაცისტური გერმანიის ლიდერების გამოკვლევის საფუძველზე”, რომელშიც მან ადოლფ ჰიტლერის პორტრეტი ნიურნბერგში ფიურერის ხელქვეით სამხედროებთან საუბრის შედეგად შექმნა. 1961 წელს გუსტავ გილბერტი იერუსალიმში ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესზე დაიბარეს. ფსიქოლოგმა ჩვენების მიცემისას ახსენა, რომ რუდოლფ ჰესი ებრაელების განადგურებას სხვა მაღალჩინოსანს აბრალებდა, ეს უკანასკნელი კი – ჰოსს. ფსიქოლოგმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც გახლდათ რუდოლფ ჰესის ხელით დაწერილი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელთა განადგურების პროცესის აღწერილობა… დახოცილ-დამწვართა რაოდენობის თანდართვით.


“ბრალდებულებთან მუშაობისას (ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე 1945-1949 წლები) მე ბოროტების ბუნებას ვიკვლევდი და მგონია, რომ მის განსაზღვრებასთან ახლოს მივედი. ესაა თანაგრძნობის ნაკლებობა. ეს არის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც აკავშირებს ყველა ბრალდებულს – თანამემამულეებისადმი თანაგრძნობის ნამდვილი უუნარობა.


ბოროტება, ვფიქრობ, არის თანაგრძნობის არარსებობა“ – წერდა გუსტავ გილბერტი.


იგი ადამიანის გადაგვარებისა თუ განადამიანების მიზეზად უკონტროლო ძალაუფლებასა და იდეოლოგიურ ინდოქტრინაციასაც ასახელებდა.


ჰანა არენდტმა ბოროტების ბანალურობაზე დაწერილ ნაშრომში სწორედ გუსტავ გილბერტის მიერ აღწერილი ნაცისტების ფსიქოპორტრეტები გამოიყენა.



გუსტავ გილბერტი აიხმანის სასამართლო პროცესზე იერუსალიმში





***


2025 წელს საქართველოში სასამართლო დარბაზში ბადრაგი/მანდატური, რომლის სამსახურებრივ ფორმაზე მიმაგრებულია (ისევე როგორც, პოლიციელის) საქართველოს სიმბოლო სამკერდე/სამხრე ნიშნად, ანტიპუტინისტური მშვიდობიანი აქციის მონაწილის სასამართლოზე დამსწრე გოგონას ზურგზე მოფარებული საქართველოს დროშის მოხსნას უბრძანებს…


არადა იმავე დარბაზში მოსამართლის სკამის უკან ქართული დროშებია, ისევე, როგორც შენობის შიგნით სართულებზე თუ გარეთ. აქციის ერთ-ერთი აქტივისტის დაპატიმრებისთვის მისულმა პოლიციამ კი საქართველოს დროშა ნივთმტკიცებად ამოიღო.


არადა მოგვიანებით ამ დაზომბირებულთა “ბოსები” 1921 წლის თებერვალში სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპული ქართველი იუნკრების საფლავებზე მგზნებარე “პატრიოტულ სიტყვებს” საქართველოს სახელმწიფოს მოფრიალე სიმბოლიკის ფონზე ამბობდნენ, მათი მომხრეები სოციალურ მედიაში გიორგი კვინიტაძის, მარო მაყაშვილის ფოტოებს აზიარებდნენ, შვილებისთვის სასწავლებლად/ დასასვენებლად კი დასავლელ ქვეყნებს და არა რუსეთს ან ვენესუელას ირჩევდნენ.


და ზუსტად ამ დღეს, 25 თებერვალს, როცა საუკუნეზე მეტი ხნის წინათ რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობა (მაგრამ არა იდეა) დიდი ხნით ჩაკლა, ათწლეულების ამ შენელებულ დოკუმენტურ უწყვეტ კადრებში თუ მანკიერ წრეში ხედავ, თუ როგორ უეცრად თუ მდორედ, ეს თანდაყოლილი თუ შეძენილი ლაქიობა, დამღუპველი ვაჭრუკანობა, რეჟიმის კანონების უდრტვინველად შემსრულებლობა მტერთან “უბრალო” კოლაბორაციონიზმში კი არა, არამედ – “ჩვეულებრივ მტრობაში” გრძელდება/ გადაიზრდება.


არავინ იცის იმ ბოლშევიკურ – სტალინისტური სადისტური რეჟიმის, დიდი ტერორის ჭანჭიკების, აღმასრულებელი მანქანების/კონვეიერების, საშუალო, დაბალი ჩინების თუ უჩინოთა სახელ-გვარები (თუმცა ხელფასისა და პრემიების გაგება, ალბათ, შესაძლებელია), რომლებიც უბრალოდ ბრძანებას ანუ „კანონს“ პირნათლად ასრულებდნენ – დღეში ათობით და ასობით უდანაშაულო ადამიანს, “ხალხის მტრებს” კეფაში ხვრეტდნენ და ეს მათი ჩვეულებრივი სამსახურებრივი, ანაზღაურებადი რუტინა იყო. სამუშაო საათების შემდეგ კი ხრუშჩოვკის ბინაში თუ დახვრეტილი კულაკის „კომუნალკად“ გადაქცეულ საცხოვრებელ ფართზე ახალშობილ შვილს ეფერებოდნენ ანდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყავარჯნიანს ადგილს უთმობდნენ.


სხვადასხვა მონაცემებით, დიდი ტერორისა და გულაგის მსხვერპლი ხუთ მილიონამდე ადამიანი გახდა, აქედან ერთი მილიონზე მეტი – დახვრიტეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ციფრები რეალურთან თუნდაც მიახლოებული სტატისტიკის მაჩვენებელი არაა.


დღემდე არავინ იცის (“თანამებრძოლის” გარდა) და არც არავინ დაინტერესებულა/გამოუძიებია 1992 წლის 2 თებერვალს 16 წლის მედროშე მამუკა ტერაშვილს აორტაში პირდაპირი დამიზნებით ვინ ესროლა.


ვერავინ ვერ ან არ გამოიძია კვირა დღეს იმ დამრბევ დაჯგუფებას რამდენი სნაიპერი ჰყავდა და ზოგადად, “იმ დღის ბალანსზე” რამდენი სნაიპერული იარაღი/ტყვია გამოიყენეს?


სასოწარკვეთასა და იმავდროულად ზღვრულ სიბრაზეს ბადებს იმის გაცნობიერება, რომ შესაძლოა მკვლელი ახლა ვინმე მაღალჩინოსანი, ბიზნესმენი ან სასულიერო პირია ან არც ერთი და არც მეორე და “ჩვეულებრივი მოქალაქეა” დამსახურებულ პენსიაზე, რომელმაც მის მიერ მოკლულის დასისხლიანებული პერანგი “კანონის აღსრულებიდან” 33 წლის შემდეგ ტელევიზიით დაინახა, პირდაპირ ეთერში მისი თითის მოძრაობით სიცოცხლე გამოსალმებულის დედაც “გაიცნო”… მერე კი თავისი შვილიშვილი “მაკდონალდში” წაიყვანა, სადაც მაგიდასთან აიფონის სქროლვისას ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბის პოსტები მეასედ დაალაიქა/დააგულა, საქართველოს დროშის “ემოჯიც” მიახატა და “ზღაპრის ბოლო კეთილიაც” წაიღიღინა. ალბათ თავში გაუელვა “სამართალმა პური ვერ ჭამა..”, მაგრამ ამასობაში ამინდის პროგნოზით დაინტერესდა და ამგვარად მისთვის ეს თემაც ამოიწურა, ისევე როგორც, 1992-ში “პროფესიული მოვალეობის შესრულების” მეორე დღეს ან სულაც, თვალის ერთ დახამხამებაში.


არანაირი ნიშნები ე.წ. შიზოიდური ფსიქოპათიის ანდა “ჩიკატილოობის” (სერიული მკვლელი ანდრეი ჩიკატილო).


უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტსა და მასთან მომუშავე ბავშვთა უფლებების რწმუნებულზე დაპატიმრების ბრძანება გასცა. მიზეზი – სამხედრო დანაშაული – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება, რომელსაც ოფიციალურად – “დეპორტაცია” ჰქვია. ამგვარი ორდერი პუტინისთვის არც ჩეჩნების გენოციდის, არც “ბესლანის” ტრაგედიის შემდეგ არ გამოიცა, არც ანწუხელიძის მკვლელობის შემდეგ, არც მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების, არც ჩვენი დროის “აპოკალიფსი ახლა” – ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელების გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტის სერიების შემდეგ.


საქართველოში არავინ იძიებს სსრკ-ის არსებობის დროსა და მოგვიანებით, ყალბი საბუთებით, ვითომ გარდაცვლილი, სინამდვილეში კი სამშობიაროდან გატაცებულ – მოპარული ბავშვების საქმეებს. მოძალადე “არ იყო ცუდი ადამიანი”, არ იყო ბავშვების მტაცებელი ძველბერძნული მითოსის ალქაჯი ჰელო… თუ არ ჩავთვლით, იმას, რომ ახალნამშობიარებ ქალებს და მთელ ოჯახს ახალშობილებს სამშობიაროშივე “უკლავდნენ” და ჰყიდდნენ. უბრალოდ თეთრი ხალათი ეცვათ, ზოგს ჰიპოკრატეს ფიციც ჰქონდა დადებული… ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლები. ამ თემის აქტუალობამ საქართველოში რამდენიმე თვე იარსება და მერე – მიჩუმდა/ჩაიკარგა.


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წელს, 1991-ის სექტემბერ/ნოემბრიდან დაწყებული სამოქალაქო ომის პოლიტიკური და სამოქალაქო შეფასება შემოიფარგლა ფრაზებით – “რას დაამსგავსეს რუსთაველი”, “რა უქნეს სამეგრელოს”, “ზვიადი ქალებმა დაღუპეს” და მისთანანით. მერე ისევ დაიწყო ქართული კარმის, ქართული სიურეალიზმის ჟანრის (დიდუბის პანთეონში პაოლო იაშვილიც და ჯაბა იოსელიანიც განისვენებენ) კანონების ამოქმედება.


ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ მთავრობაში მოხვდნენ მოძალადე გოგა ხაინდრავაც და პუტჩისტებისგან ტყვიებით დახვეტილი გურამ აბსანძეც…


გამოხდა ხანი და “სისხლიანი ცხრა წლის ნაციონალების” დროინდელი ლევან მურუსიძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსანდრე ჭიკაიძე, მიხეილ ჯანელიძე “ქართულმა ოცნებამ” “შეიკედლა” და დააწინაურა. სულ ახლახან კი, 9 აპრილის მემორიალის წინ (რომელსაც სისხლიანი დარბევისა და თვალების დათხრის ავტორ-თანამონაწილეები წელიწადში ერთხელ ყვავილებით ამკობენ) “გავრილოვის ღამის” (2019) მომწყობი მინისტრი გიორგი გახარია, ცხადია, ფაქტობრივად, მეორე დღესვე პრემიერად დააწინაურეს, მოგვიანებით მოიშორეს და ისიც “მოულოდნელად” ოპოზიციური პარტიის ლიდერად მოგვევლინა.





1989 წლის 9 აპრილს დაღუპულები


წინა საუკუნის ორი მსოფლიო ომის, ბოლშევიკური გადატრიალების, ჰოლოდომორის, გულაგის, ჰოლოკოსტის, ერთი – ატომურის, ამ საუკუნის სისხლიანი კატაკლიზმების (რუსეთის საქართველოსთან შვიდდღიანი და უკრაინასთან სამწლიანი და ა.შ.), ცივი და ცხელი ომის შემდეგ კვლავ მწვავედ დადგა საკითხი:


როგორ, რა კრიტერიუმით ისაზღვრება თავისუფალი სამყაროს ფასეულობა? – არა იმით “სკანდინავიურ სამოთხესთან მსგავსებით”/”ჰუმანური განვითარების/ “ბედნიერების ინდექსით” თუ რომელ საფეხურზეა დანარჩენი ქვეყნები, არამედ იმით, თუ როგორ შეუძლია თავი დაიცვას სამხედრო და ეკონომიკურ ველზე.


ორ სამყაროს – NATO-ს წევრებსა და არაწევრებს ერთი, პირობითად რომ ვთქვათ, ფუნდამენტური განმასხვავებელი ნიშანი აქვთ. NATO-ს წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში მოქალაქეებმა პლებისციტის საფუძველზე უარი თქვეს სახელმწიფოსგან, ყოველგვარი ანგარების გარეშე ყოველთვიურად ნაჩუქარ თანხაზე, მეორე მხარეს მყოფები კი “იოლი და უფასო ფულის” ანკესზე ადვილად წამოეგნენ და მალევე წააგეს როგორც საკუთარი თავი, ისე – ქვეყანაც. ამჯერად არ განვიხილავ რადიკალურ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კულტურათა განსხვავებას, არამედ – პრინციპს, როგორც ასეთს.


არის თუ არა მოძალადის შეკავება (თავდაცვა, ტერორიზმის, აგრესიის პრევენცია) ძალადობის (ოლიგარქიის, ავტოკრატიის, დიქტატურის) პრობლემის აღმოფხვრის საშუალება თუ პირიქით – ძალადობის ტირაჟირება ანუ ერთგვარად საპირისპირო ეფექტის გამომწვევი?


საკმარისი შანსი და უნარი აქვს თუ არა ცივილიზაციას ძალადობის ტრაექტორია შეცვალოს საგანმანათლებლო მისიონერიზმით, “ექიმები/რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-თი, კულტურა-ხელოვნებით, წერა-კითხვის გავრცელებით, მგლობისა და ცხოვრების მორალურ და სხვა ასპექტებზე საჯარო და არასაჯარო დებატებით, ანტიჯაყო ლექციებით, ტრენინგებით ტოლერანტობაში, გენდერსა და კონფლიქტოლოგიაში და მასლოუს სამკუთხედის დაკმაყოფილებით?


როცა გეოპოლიტიკური თუ შიდაპოლიტიკური ჯოჯოხეთი ემუქრება ადამიანის ფუნდამენტურ თუ არაფუნდამენტურ უფლებებს, ხოლო საკითხი ასე დგას – დივიზიები, კალაშნიკოვები, ბალისტიკური იარაღი VS სიტყვები, კალმები, მიკროფონები, რა დარჩენია საღად მოაზროვნე ჩვეულებრივ მოკვდავს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ნინო წილოსანი ეუბნება: “პუტინისგან, ოკუპაციის გარდა, არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც – უკრაინისგან.”


ამგვარი ცინიზმისა და მზაკვრობის გათვალისწინებით გადარჩენის რა სტრატეგიას უნდა მიმართოს ადამიანმა?


საბრძოლო სპორტით დაკავდეს, საკუთარი “ციხე-სიმაგრე” უსაფრთხოების ყველა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვოს, პარტიზანული ომი დაიწყოს, ემიგრაციაზე იფიქროს თუ მონების/მანქურთების მოთხოვნად სერვისებში დაკავდეს?


ისტორიული გამოცდილება და მსოფლიო წესრიგი გვიჩვენებს, რომ არა მარტო რეპრესიული რეჟიმებისადმი წინააღმდეგობა, როგორც მორალური კატეგორია, არამედ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბეწვის ხიდი გადის, როგორც ინდივიდუალურ, ჯგუფურ, ქუჩის წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქტივობაზე, არამედ იმათზეც, ვისაც ფიზიკური ძალით შეუძლია დაიცვას ის, რასაც ცივილიზაციური ღირებულებები ჰქვია, მათ შორის, მოძალადესთან შედარებით ფიზიკურად სუსტის არსებობის უფლება.


და აქ არაა საუბარი მხოლოდ NATO-ს ყბადაღებულ მეხუთე პუნქტზე, როგორც გადამრჩენ მფარველ ქოლგაზე, მუშტებიან დემოკრატიაზე, დემოკრატიის გრიმასების აცილების უნარზე (ისტორიულად არაერთი მტარვალი სწორედაც რომ უმრავლესობით აირჩიეს) ან ბეტმენის/სპაიდერმენის მსგავს გმირებზე.


ქვის ხანისა და სხვა ისტორიული ფორმაციებისგან ვიდრე


“ყველაფრის დამრეგულირებელ ბაზრამდე”, კოსმოსში გაფრენამდე და გულის ტრანსპლანტაციამდე მუდმივი და აქტუალურია შემდეგი – აქვთ თუ არა სუსტებს, მათ შორის, ფიზიკურად სუსტებს, “განკიცხულებს”, “დამცირებულებსა და შეურაცხყოფილებს” მხოლოდ ფიზიკურად არსებობის კი არა, სამართლის პოვნისა და საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად რეალიზების უფლება – საშუალება?


ვიცით, რომ ხანდახან მას, ვინც ომს იწყებს ან დრეზდენის გაცამტვერება ელის და, ცივილიზაციისთვის საუკეთესო შემთხვევაში, ნიურნბერგის პროცესი, ან ისტორიული განკითხვა (რომელიც აქ და ამჟამად მსხვერპლისთვის დიდი ნუგეში ვერაა), ხოლო ის, ვინც თავს ვერ იცავს – “კიტოვანის არტი”, “ჯაბას/მურუსიძის სამართალი”, “სიგუას დიეტა”, “არაპროპორციულ” ომში სიკვდილი და ტერიტორიის დაკარგვა, არაქართველი/ქართველი მტრის მიერ ქართული საუკუნოვანი კულტურული ძეგლების ჩამოშლა, წაბილწვა, გადაღებვა, გადარუსება, აფეთქება (საყდრისი), დანგრევა (გელათი); ამის ნათელი მაგალითია სულ ახლახან “ისლამური სახელმწიფოს” მიერ მოწყობილი ტერორის გარდა, სირიის კულტურული მემკვიდრეობის მოსრა, თან ვანდალიზმის პროცესის ფოტო და ვიდეომტკიცებულებით.


ნათქვამია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, ხოლო ისტორიას ომში გამარჯვებული კაცები წერენო… ეს არა მარტო „ოპორტუნისტული კონსტანტაა“, არამედ – მწარე რეალობაც.


სხვაგვარად, XX საუკუნის მეორე თუ სულაც პირველი ბოროტება – სტალინისტური სსრკ (1945), მოგვიანებით კი რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ვერ გახდებოდა და მუდმივ წევრად დღემდე როგორ დარჩებოდა?


ცნობისთვის, გაერომ სამშვიდობო საქმიანობისთვის ნობელის პრემია 2001 წელს მიიღო. ან ნონსენსის რომელი ქვეჟანრია 1939 წელს ადოლფ ჰიტლერის ნომინაცია ნობელის პრემიაზე… მშვიდობის დარგში? დინამიტის შემქმნელი შვედი ალფრედ ნობელის რეპუტაცია იმ წელს გადარჩა. ეს საპატიო ჯილდო არავის ერგო. თუმცა მომდევნო წლებში ამ კატეგორიის ჯილდოს მიმღებნი ნობელიანტი დედა ტერეზას გვერდით არანაირი ფიზიკური თუ არაფიზიკური კანონების დაცვით უნდა აღმოჩენილიყვნენ. მაგრამ … აღმოჩნდნენ.


ლუის კეროლის ზღაპარში “ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში” (1865) იმისთვის, რომ კურდღლის სოროში ჩავარდნილმა მთავარმა გმირმა ტოტალიტარულ სისტემას, აბსურდულ ზმანება-ცხოველებს, ანთროპომორფიზმსა და სიმბოლოებს თავი დააღწიო, საკმარისია… გაიღვიძოს და მერე მიხვდება, რომ ეს კოშმარი მხოლოდ ბანქოს კარტებია.






ილუსტრაცია ლუის კეროლის წიგნიდან „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”


ქართულ რეალობაში იღვიძებ (თუნდაც გვიან ან ძალიან გვიან), მაგრამ კვლავ ის სურათი გხვდება, რომელიც არაკეთილმოსურნეს მიერ ნაკარნახევმა სცენარმა შემოგთავაზა. თითქმის ისევე, როგორიც ჰაროლდ რამის კომედიურ ფილმშია სახელად “ვირზაზუნას დღე” (1993).


***


ბრუტალური პატრიარქატი არ და ვერ აღიარებს, რომ პირადი არის პოლიტიკური და პოლიტიკური პირადია.


1989 წლის 9 აპრილს დაღუპული, მოწამლული და დასახიჩრებული გოგონებისა და ქალების დამუნათებით – “ამ დროს ქალს ქუჩაში რა უნდოდა” ვიდრე 2025 წლის ქალთა თვემდე – ქალების სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფითა და წამოძახებით “ქალის სახე გაქვს დაკარგული!”.


თუმცა “კანონის აღმსრულებელს” არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა ამ სახეში – ევას, თამარ დედოფალს, ნესტან-დარეჯანს, კრავაი ჯაყელს, ოთარაანთ ქვრივს, ბარბარე ყიფიანს, ქრისტინე შარაშიძეს, მარო მაყაშვილს, მარგო ხევისთავს, ნათია ბაშალეიშვილს, ანა კალანდაძეს, ნონა გაფრიდაშვილს, ირინა ენუქიძეს, ზოია კურტანიძეს, მარიამ სიჭინავას, ლალი მოროშკინას, თეა წულუკიანს, მონა ლიზას, მადამ ბოვარის, მარია სკლადოვსკაია – კიურის, დოდო გუგეშაშვილს, ვენერა ობოლაშვილს თუ კიმ კარდაშიანს.






ქრისტინე შარაშიძე – მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი


ცხადია, აქვე განსხვავება აუცილებლად უნდა აღინიშნოს.


იმ ავბედით დღეს საბჭოთა უნიღბო მილიცია ცდილობდა მომიტინგეები დაეცვა, გადაერჩინა ისე, როგორადაც შეეძლო.


დღევანდელი ქართველი პოლიციელის ფიცში არის ამგვარი პუნქტი: “ვფიცავ… დავიცვა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია”.


რეალობა კი ასეთია – ოდესღაც „ქალის კულტის“ ქვეყანაში პირდაპირ ეთერში ვნახეთ საპროტესტო აქციის მონაწილე მაკო გომურის ამოთხრილი თვალი და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის კისერში გადამტვრევის მცდელობა, თან ეს ყველაფერი სადამსჯელო ოპერაციის დაწყების მაცნის – ქალის ხმის ფონზე: “მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება… გთხოვთ მოარიდოთ წესრიგის დამყარების ადგილს ბავშვები, ქალები და მოხუცები”.


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 33-34 წლის შემდეგ სამშობლოს ერთგულებაზე ფიცდადებული, შავნიღბიანი შსს-ელები ზუსტად იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სცემენ, ძვლებს უმტვრევენ, აგინებენ იმათ, ვისზეც, წესით/ფიცით უნდა იზრუნონ. ფიზიკურად უსწორდებიან, აშანტაჟებენ, ეკონომიკურ სანქციებს ადებენ იმათ, ვინც მათ ხელფასს უხდის, მათ მშობლებს მკურნალობს და მათ შვილებს ასწავლის. დასდევენ, აშინებენ თავიანთი შვილისა და შვილიშვილების ტოლებს, მეზობლებს, ნაცნობებსა და უცნობებს.





სპეცრაზმი აქციაზე – თბილისი, 2024 წელი


საქართველოში პუტინიზმისგან გადარჩენის ის მყიფე შანსი, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე გვქონდა, მარნეულში, ლამის ერთი თავსაფრიანი მამაცი გოგონას გამბედაობაზე იყო დამოკიდებული. დამოკიდებული იყო “რეკომენდებულ” ბუტკაში არშესულ ქალზე, რომელიც ფილმის – “ნადირობა” – გმირი კრისტალი არაა, არც სუპერგმირი Wonder Woman-ია და არც ბეატრის კოდი “მოკალი ბილიდან”. მაგრამ მის ხელში საქართველოს საუკუნოვანი ოცნების სიმბოლომ – ევროკავშირის დროშამ წყლის ჭავლს სოლიდარული კაცების ზურგით გაუძლო, ისევე, როგორც წყლის ჭავლთან “მოცეკვავე” გოგონას საქართველოს უტარო დროშამ.



ნანა მალაშხია, ქალი ევროკავშირის დროშით საპროტესტო აქციაზე


სანამ დასავლეთში საქართველოს წარადგენს ქალი პრეზიდენტი, რომელიც ომის დაწყებას მსხვერპლს, თავდამცველს და არა აგრესორს, თავდამსხმელს აბრალებს და ვინ დაეძებს მისი გენდერული მგრძნობელობის ნიუანსებს, თავად ემიგრანტთა ოჯახის წარმომადგენელი, სამშობლოდან შორს გადახვეწილთა ბედ-იღბლით დიდად არ დაინტერესებულა;


სანამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საეკლესიო ოფიციოზისა და მისი ხელქვეითების ასრულებადი ოცნება დიდი შავი ჯიპები გადაჭედილი დოლარის მსხვილ-მსხვილი დასტებით (ოქროს ზოდებიც შეიძლება) და საყოველთაო ობსკურანტიზმია;


სანამ ე.წ. სამართალდამცავი სისტემა ერთი უნამუსო “კოლეგა” მუტრუკის “მუნდირის ღირსებას” ანუ ლოყას (რომელიც ქალმა ჟურნალისტმა შეურაცხყოფის პასუხად “გაუწითლა”) შვიდ ცრუმოწმე პოლიციელის, ამდენივე ბადრაგისა და უსამართლო მოსამართლეების მთელი სპეცრაზმით ისე დაჰფოფინებს, როგორც “ეროვნულ მეობას” (აკი დგას კიდეც ქუთაისში “მეობის” ძეგლი);



მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ბათუმის საქალაქო სასამართლოში


სანამ უფრო მეტი ძალოვანი მამა გაბრიელის ნეშტის გადასვენებაში იყო ჩართული, ვიდრე საზღვრის დაცვასა თუ სტიქიასთან ბრძოლაში;


სანამ მავანი “რიტორიკის გადალაგებას” “გაგებით მოეკიდა”, ამჟამად სანქცირებულმა ყოფილმა პარლამენტარმა “ქართული ოცნებიდან”, პროფესიით იურისტ-ეკონომისტმა (იგი აშშ-ში “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“ სწავლობდა), რომელიც საქართველოში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა, ბექა ოდიშარიამ მის მაკრიტიკებელ ქალ პარლამენტარებს “მოუტ***ნელი ქალების სინდრომიანები” უწოდა, ჟურნალისტ ქალს კი “მისი საქათმის დაოკება” მოსთხოვა, ამასობაში ქართველმა ლევიათანმა მეტასტაზებისა და ათასგვარი დაავადების ხარჯზე თავისი თავისა და სხვების განადგურება “ბუმბერაზი” თიხის ფეხების ბაკუნით განაგრძო.


ეს “ჯენტლმენი” და შეთავსებით “ხალხის მსახური” ოდიშარია, რომელიც, ალბათ, ოჯახში 3, 8 მარტს, წმინდა ნინოს დღეებს აღნიშნავს და ქალების სადღეგრძელოებს სვამს, დიასპორის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ ემიგრანტ ქალებსა და კაცებს აჯილდოებდა და საზღვარგარეთ წასულების დიდ რესურსზე, მათ შორის, დემოგრაფიულზე, საუბრობდა.


არადა ამასობაში ფეხმძიმე ნინო მექსიკის საზღვრით აშშ-ში ორი მცირეწლოვანით ლამის ხოხვით გადმოვიდა… ქართველების ფეისბუკის ჯგუფში “მექსიკის გავლით აშშ-ში” (60 ათასი მიმდევარი) მეორე ფეხმძიმემ ლალიმ მას ჰკითხა: “მუცელი ჯერ არ მეტყობა… მაქვს იმის შანსი, რომ საზღვარზე მაშინვე ციხეში კი არ მიკრან თავი, არამედ “წითელი ჯვრის” ბანაკში გამიშვან? ფეხმძიმობის ტესტი თან წამოვიღო თუ იქ ექნებათ? ჩემს გოგოსთან ერთად რომ წამოვიდე, არის მეტი შანსი, რომ ხელ-ფეხზე ბორკილები არ დამადონ? რას მირჩევდით?”. ნინო კი პასუხობს: “რას კარგავ, წამოდი. ოღონდ გრიშკა გადამყვანს არ ენდო, გამიფრთხილებიხარ, დიდ ფულში გადაგაგდებს. მაგრამ იცოდე, რომ ძალიან რთული გზაა, თუ აქ ახლობელი არ გყავს, გაგიჭირდება… მე ამერიკაში დედა მყავს, 23 წელი აქაა. ფეხმძიმობის ტესტს პუნქტში მოგცემენ. თუ გოგო პატარაა, არ დაგაშორებენ, ორივე ბანაკში მოხვდებით, წამოიყვანე…”


28.03.2025

netgaeti.ge

No comments:

Post a Comment