Sunday, December 11, 2011

მოკალათების რევოლუციონრები, „ზუკოტი პოინტ“ და უკანასკნელი ვუდსტოკელი


დროის მიხედვით ორმა პარალელურმა მოვლენამ – ამერიკელი მემარცხენე ახალგაზრდების მიერ წამოწყებულმა „კლასობრივმა ომმა“, რომელიც “უოლ სთრითის ოკუპაციით“ გახდა ცნობილი და სტივ ჯობსის გარდაცვალებამ ზამიატიანის ცნობილი ანტიუტოპია გამახსენა, რომელშიც პირადად მე ერთი „მარტივი“ კონცეფცია დავინახე: სახელმწოფოსა და კორპორატიულ (უკვე ანტიკორპორატიულსაც) კულტურას აქვს რაღაც საერთო. და ეს საერთო არის „იდეალური ართავისუფლების“ შექმნის მცდელობა. თუმცა ვინ იცის, შეიძლება სწორედაც ესაა გზა „იდეალური თავისუფლებისკენ“ თუ არა, მისი არსებობის წინაპირობისკენ მაინც. დიდი ხნის წინ, როცა ყველაზე დიდი უტოპია – ქრისტიანობა (და არა მარტო) იქმნებოდა, ალბათ, არავის ეგონა, რომ იგი ეგრერიგად მხატვრული ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმიჯებით, სიმბოლოებით, მითებითა და როლებით ზღვრულად მანიპულირებადი იქნებოდა. პატრიარქალური კულტურის მიერ ნაშობი ეს ხატები კი ტკივილამდე ნაცნობი და მშობლიური აღმოჩნდა: კეთილი ჩვენიანები (რაინდები) და ბოროტი სხვისიანები (ნაძირლები), მორალურად მაღალი ღარიბები (მუშა, გლეხი) და მორალურად მდაბალი მდიდრები (კაპიტალისტი, კორპორაციის პრეზიდენტი/გამგეობა), ღვთიურები (წმინდა) და არაღვთიურები (სატანისტური), ინდივიდუალისტური სამოთხე და მექანიცისტური ჯოჯოხეთი, ადამიანური ბუნება და „ხელოვნური გონი“, კარგი (სიმპო) ბიჭები და ცუდი (არასიმპო) ბიძები, „ვარსკვლავური ომები“ და „ოჯახური პრობლემები“, ლამაზები და მახინჯები, გლობალისტები და ანტიგლობალისტები, კაპიტალისტები და კომუნისტები, მემარცხენეები და მემარჯვენეები და ა.შ. უსასრულოდ სრულ დემონიზაცია–საკრალიზაციამდე.

XX და XXI საუკუნემ წინა საუკუნეების ფსიქოდელია, „ნონ–ფიქშენი“ და „სამეცნიერო–ფანტასტიკა“ რეალობად აქცია, ზღვარი უტოპიასა და ანტიუტოპიას შორის წაიშალა და ამ ზღვრის წაშლის ერთ–ერთი ყველაზე ნათელი და, ალბათ, თანამედროვეობის ყველაზე ორდინალური და თვალშისაცემი, ერთგვარი კლასიკურიცა და პოსტმოდერნული, ისტორიული, პოლიტიკურად მემარცხენე პოპულისტური კიჩი – მაგალითი სწორედ ათიოდე დღის წინ აღმოვაჩინე. მოძრაობამ „დაიპყარი უოლ სთრითი“ ფეისბუქზე თავისი ჯგუფი თუ „ფეიჯი“ გახსნა. მერე ინეტში ნავიგაციის დროს ამ მოძრაობის ვებ – გვერდიც დავლანდე. თავიდან ეს ვიღაც „იუმორა“ ანცების ნამოქმედრად შეიძლება მოგჩვენებოდათ, მაგრამ – არა. ყველაზე წარმატებული, პოპულარული კორპორაციის, მილიარდიანი კაპიტალის მფლობელი მარკ ცუკერბერგის ვირტუალურ პროდუქტში კორპორაციების მოძულე „მეამბოხე“ ახალგაზრდები „მოთავსდნენ“, უფრო სწორედ – მოკალთდნენ. პირადად ჩემთვის სიტყვა „მოკალათება“ ამ კონტექსტში უფრო ადეკვატურია, რადგანაც იგი კომფორტთან, ერთგვარ საშუალო სტატისტიკური სათბურის პირობებთან ასოცირედება. მერე ეს ახალგაზრდები „სუპერმეგაკორპორაცია“ სახელად სილიკონის ველში, იგივე გუგლში ვებგვერდის სახით ჩაეწერნენ, უფასოდ ტვიტერ – ლინკენდენ – ფეისბუკ–სკაიპობენ და ასევე კორპორაციელი „ეფლის“ დამფუძნებლის სტივ ჯობსის მიერ შექმნილი „გაჯეტებით“ მათივე საკომუნიკაციო და საექსპრესიო საშუალებების შემქმნელების არსებობას, კაპიტალს, მათ „გაუმაძღარ“ იდეოლოგიას, ზეგავლენასა და ზოგადად „კაპიტალისტურ სულს“ აპროტესტებენ. „რევოლუციონერებმა“ თავიანთ მემარცხენე პრეზიდენტსაც მოუწოდეს: „ძმავ და მეგობარო, ერთი ეს უოლ სთრითის ღიპიანი ბიძები დაგვიფრინეო“. არადა, ობამამ როგორ უნდა დაიფრინოს ეს სქელჯიბიანები, როცა რომ არა ეს კორპორაციები, რომ არა უოლ სთრითის მილიონერ–მილიარდერები ტელევარსკვლავი ოფრა უინფრის თამადობით, რომ არა სილიკონის ველის კაპიტალის, რესურსებისა და კავშირების მხარდაჭერა, იგი პრეზიდენტი უბრალოდ ვერ გახდებოდა. ახლახანს ობამამ წინასაარჩევნო მარათონისთვის სწორედ მათი შემწეობით სხვა კონკურენტებზე უფრო მეტი თანხა, 70 მილიონი შეაგროვა და იმედოვნებს, რომ მდიდრები თავიანთ ჯიბეებს უფრო ინტენსიურად დაიბერტყენ. საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში პარტიები (მმართველი თუ არამმართველი, დიდი თუ პატარა) ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, არამედ – მხოლოდ კერძო შენატანებით. ჯორჯ სორისი, რომელიც, ფაქტობრივად, სწორედ ვალუტის საბირჟო სპეკულაციებით, მათ შორის უოლ სთრითზე, გამდიდრდა და გახდა ის, რასაც/ვისაც დღეს „სოროსს“ უწოდებენ თავისი „ღია საზოგადოებების“ ქსელით, ახლა სწორედ იმ სტუდენტებსა და ახალგზარდებს აფინანსებს (ორგანიზაცია „Move On” -ის საშუალებით 5 მილიონი დოლარი უკვე გადაურიცხა მათ), რომლებიც საზიზღარი არაჩვენიანი სქელჯიბიან ზვიგენთა ვნებებს აპროტესტებენ, მაგრამ საყვარელი ჩვენიანი სქელჯიბიანი კეთილი სამარიტიელების, სოროსისა და კიჩისტი ურის მსგავსი ტიპების საბირჟო და „სამხატვრო“ ინტერესებზე დუმან. რადგან ამათაც გაუგიათ ერთი „უტყუარი ჭეშმარიტება“: სააქაოში სელექციურ, „იუზერულ“ პროტესტს, ლოგიკასა და ეშმაკობას კარგი შედეგი მოაქვს. საიქიოდან კი ჯერ არავინ დაბრუნებულა, რათა იქაურ „მოკალათებაზე“ ამომწურავი ინფორმაცია გაგვიზიაროს. მთავარია, ყველაზე მოდური რამ – სოციალური სამართლიანობა მოითხოვო. ამერიკა გენიალურად პლასტიური ქვეყანაა. იგი გარდა ბედნიერების კონსტიტუციური უფლებისა, თითოეულ მოქალაქეს „პარალელურ“ ბენდნიერებას, იგივე უცილობლად ერთმანეთზე გადაჯაჭვულ უფლება – პასუხისმგებლობას ანიჭებს/აკისრებს. ეს ქვეყანა პირადი პასუხისმგებლობისა და იღბლის სცენაა. კონსტუტუციის პირველი შესწორება თითოეულ მოქალაქეს პერსონალური თუ კოლექტიური კონსერვატიზმ –ლიბერალიზმის გარდა, არაძალოდობრივი აბსურდისა და მებრძოლ სულში შეფუთული კონფორმიზმის, ორმაგი სტანდარტისა და კონიუნქტურის გამოხატვის უფლებასაც აძლევს. დავაკონკრეტებ, აშშ–ის თითოეულ მოქალაქესა და მწვანე ბარათის მფლობელს. თუმცა, არალეგალებიც არ უშინდებიან სამოქალაქო უფლებების გამოყენებას. თავიდანვე გავიფიქრე, რომ პროტესტი აუცილებლად გადაიქცევა პერფორმანსად, ვუდსტოკის ანტიპოდ სუბსტანციად, როცა ადამიანებს იდეა კი არა, არამედ უბრალო პრინციპი „ხოროშო სიდიმ“ აერთიანებთ; ქართულ სუფრაზე სმის უკულტურობის მსგავს „პოინტად“, დესერტად ერთმენთისადმი მეტ–ნაკლები სიმპათია – ანტიპათიის მირთმევით. კიდევ, ისიც გავიფიქრე, რუსული რევოლუციების თანმდევი ტრადიციული „ბეი ჟიდოვ!“ ვინმემ არ წამოაყრანტალოს – მეთქი. ჰოდა, ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი. წითელ მაისურში გამოწყობილი მაოისტი სლავოი ჟიჟეკი მთლად ჯავშანტრანსპორტიორზე არა, მაგრამ პატარა ტრიბუნაზე მაინც შეხტა და „კლასობირივად“ იქადაგა, მათ შორის ფრაზებით „არ გიყვარდეთ თქვენი თავი“ და „ჩვენ აქ კარგ დროს ვატარებთო“, თან პროლეტარების ბელადივით ხელს წინ კი არ იშვერდა, არამედ მარჯვენით რევოლუციური ფერის მაისურს ნერვიულად ისწორებდა. მისი მომხრეებიც თოთოეულ მის „ისკრას“ მანტრასავით კოლექტიურად იმეორებდნენ. პროტესტანტებმა იქვე მედია – ცენტრი გახსნეს, გაზეთს უშვებენ (კეთილი ბიძის მიერ ნაჩუქარი ფულით), არტ – პერფომანსებს აწყობენ, „ბოდი არტით“ ერთობიან, ქველმოქმედი მილიონერ–მილიარდერ კორპორაციელების მიერ შექმნილი საჯარო ბიბლიოთეკა კი სამართლიანობისთვის მებრძოლთათვის იქვე სკვერში წიგნებს წასაკითხად თუ საჩუქარად ურიგებს; რიგდება საბნები, საკვები, კონდომები, შპრიცები. რახან „კალბასას“ თავისუფლებასთან და თანასწორობასთან უშუალო, უწყვეტი და დიდი ხნის კავშირი აქვს, საკვებზე სპეციალურად შევჩერდები. აღმოჩნდა, რომ უოლ სთრითთან ახლოს პროტესტანტების მიერ ოკუპირებულ „ზუკოთი პარკთან“ (Zuccotti Park) მოქმედმა პიცერიებმა კარგად გამართეს თავიანთი ბიზნესი. ხმა დაირხა, რომ სოროსი და სხვა ბიძები დღეში 300 დოლარამდე უხდიან „რევოლუციონრებს“, რათა კარგად იკვებონო და თან ჯიბის ფულიც დარჩეთო. გამოქვეყნდა იმ მენიუს შემადგენლობაც, რომელითაც სასტუმრო „შერატონის“ ძვირადღირებული მზარეული და უიქენდებზე მისი დამხმარე 12 მზარეული პროტესტანტების გასტრონომიულ სურვილებს აკმაყოფილებენ. აღმოჩნდა, რომ საკვებით მომარაგების უსტაბაშია ვინმე პასტორი ლეო კარლო, რომელიც შეთავსებით წარმატებული კერძო მეწარმეცაა. მას თავისი რესტორანი თუ სამზარეულო აქვს. ძალიან ჰიპური სახელწოდებით „ყველაფრის დამძლევი სიყვარული“. საკვები მზადდება მხოლოდ „ორგანიკ“ პროდუქტებით. სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად. რატომაც, არა? პროტესტანტობა კარგი ბიზნესია. სხედან და თან თავიანთ ლეპ–ტოპებზე (მაინც დავძენ, რომ ეს უკანასკნელნიც კორპორაციების მიერ შექმნილი პროდუქტია) ღილაკებს აკაკუნებენ და სოციუალურქსელობენ. „სასაცილო“ ისაა, რომ ოკუპაციის საველე პირობებში ზოგიერთმა უკომპომ კომპიანებს კომპები მოჰპარა, ამიტომ გუშინწინ სამართლიანად შეწუხებულმა ერთ –ერთმა ორგანიზატორმა სტუდენტებსა და მათ თანამგრძნობთ განუცხადა: „ძმებო და მეგობრებო, რასა ჰგავს ეს? განა, ჩვენ ამისთვის შევიკრიბეთო?!“ მე რომ იქ ვყოფილიყავი, ვეტყოდი: “დიახაც, ამისთვის. „სამართლიანობის ოქტომბრულ–რევოლიციური კონცეფცია“ გულისმობს იმას, რომ ის, რაც სხვას აქვს, წართმეულ–მოპარულ იქნას და გადაეცეს იმას, ვისაც იგი არა აქვს, რათა მესამემ, რომელსაც ასევე არა აქვს ის, რაც პირველს აღარ აქვს და აქვს მეორეს, მოჰპაროს იმას, ვისაც უკვე იგი აქვს, ანუ მეორეს, თუმცაღა, თავიდან ეს კომპი, სულაც პირველის საკუთრება იყო და . . . ასე დაუსრულებლად“. მერე რამდენიმეს ისიც გაახსენდა, რომ ეს ებრაელები რაღაც საეჭვოდ მდიდარი ხალხია ამ ამერიკაში (მიკვირს, ებრაელი ჯორჯ სოროსი ამას უყურადღებოდ როგორ ტოვებს). რამდნიმე დღის წინ კი ამერიკის კომუნისტურმა და ნაცისტურმა პარტიებმა (არის ამერიკაში ამდგავარი პარტიები) „ოკუპანტებს“ მხარი დაუჭირეს და უფრო ცხადიც გახდა, თუ სადაა დამარხული სამართლიანობის მოკვეთილი თავი... 
იქ, სადაც „დემონს“ (ამ შემთხვევაში კაპიტალიზმს) რაიმე საპირწონე, ღირებული ფილოსოფიით კი არა, არამედ მხოლოდ ლიტონი, „საკრალური“ ლოზუნგი Make Love, No War –ით ებრძვიან, კაიფი, სექსი და მსოფლიოს ხსნის განცდით გამოწვეული ბოჩოლას აღტკინება და შესაბამისი ორგაზმიც უნდა იყოს. კლიშე რა კლიშეა თუ არ განმეორდა და არ გამყარდა. ლოზუნგები პლაკატებზე კი ასეთია: „კაპიტალიზმი კრიზისია!“, „ჩვენ ვიბრძვით თანასწორობისთვის, სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის!“, „ჩვენ 99 % ვართ!“, „მდიდრებს უფრო მეტი უნდა გადაახდევინო!“, „უოლ სთრითი კრიმინალია!“ და მისთანანი. ეს სიტყვები პირადად ჩემში არც ისე სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს. ყოველ შემთხვევაში, გულაგგამოვლილი ქვეყნის ყოფილი მოქალაქის ყურს ეხამუშება. ჩემში სიტყვა „უნდა“ ყოველთვის იწვევდა და იწვევს წინააღმდეგობრივ განცდებს ერთი ორდინალური, მაგრამ ეგზისტენციალური საკითხის გამო: სად მთავრდება „უნდას“ ზღვარი? გასაგებია, სადაც იწყება. მაგრამ, სად ან როდის მთავრდება იგი? „ვალი მონობაა“! განაცხადეს იმ სტუდენტებმა, რომლებმაც უნივერსიტეტში სასწავლებლად ბანკიდან ვალი აიღეს. პროტესტანტებმა, საზიზღარ ბანკებს არ დავუბრუნებთ ვალსო! ჰო, მაგრამ, ამ ბანკებმა თავის მხრივ ეს ფული სული წმინდისგან ხომ არ აიღეს? ეს თანხა უბრალო მოკვდავი ამერიკელების საბანკო შენატანებია. ეს „გადაგდება“ კიდევ ჩვენს ბნელ 1990 – იან წლებს მაგონებს. აშშ–ში უფასო უმაღლესი განათლება არასოდეს ყოფილა (აქ, ბუნებრივია, არ იგულისხმება სკოლა, რომელიც ყველასათვის აუცილებელი და უფასოა). და საერთოდაც, ამ სამყაროში არც არაფერია უფასო. ყოველთვის ვიღაც რაღაცას იხდის. ამ შემთხვევაში – ხაზინა. მაშინ იქნებ უფასო უმაღლესო განათლების მოთხოვნები წამოეყენებინათ, მაგალითად, განათლების სამინიტროს შენობის წინ? მადლობა ღმერთს, თუ ამ ქვეყნის დამფუძნებლებს, რომ ეს სსრკ არაა, ეს სხვა ქვეყანაა. თუმცა, ლოს ანჯელესში „ოკუპანტების“ ერთმა თანამებრძოლმა უკვე ისროლა არაპარლამენტარისტული ლოზუნგი: მაჰათმა განდიმ ვერც ვერაფერს მიაღწიაო, ამიტომ ესენი (მდიდრები) ძალით უნდა დავამხოთო. თითქმის „ასრულდა“ ტროცკის დიდი ხნის წინანდელი ოცნება „მსოფლიო რევოლუციის შესახებ“. კოპწიამონარქისტულ ბრიტანეთში ამერიკელი პროტესტანტების თანამებრძოლები ცეცხლის წაკიდებით „გაერთვნენ“, იტალიაშიც საფინანსო დაწესებულებებს „არაბელისიმურად“ დაუარეს, მაგრამ, ინგლისის ძმაკაც ამერიკაში ბედნიერების კონსტიტუციური უფლების „იმპლემენტაცია“ ავრორის არაჰიპურ გასროლას სერიოზულად არავინ მოიაზრებს. წინა და ამ საუკუნეში სისხლიანი რევოლუციებისადმი ლტოლვა უფრო ევროპა– აზია –აფრიკის ჟანრია.


ნტიკორპორაციისტები სიამოვნებით ჩნდებიან იმ კაპიტალისტი მედია – მაგნატების კუთვნილი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რომლებიც ლამის ჭიპლარითაა მიბმული უოლ სთრითზე; ისინი კორპორაცია CNN – ის ან FOX News –ის ეთერში გამოსვლაზე ანდა მედია – კორპორაციების New York Times ის ან New York Post – ს პროტესტის ნიშნად უარს არ ეუბნებიან. არავის უთქვამს ზემოხსენებული „მედიელებისთვის“: „დაახვიეთ მაქედან/აქედან, თქვე კაპიტალიზმის ჯიბის ჟურნალისტებოო!“. ყველაფერი ცივილიზრებულ – კულტურულ – კონფორმისტულაა. ქვეყნის ბიუჯეტის გამამდიდრებელი უამრავი ტურისტი და მსოფლიოს დედაქალაქის სტუმრები უოლ სთრითის მოვლენა „ზუკოტი პარკს“ და „ფაინენშელ დისტრიქტის“ ბიძების მოწინააღმდეგე მოსეირნე, კარვებსა და ცელოფნების ქვეშ მძინარე, მოსექსავე თუ მომღიმარ პროტესტანტებს სურათებს დიდი სიამოვნებით უღებენ. თან ხმამაღლა ესალმებიან. თავად უოლ სთრითზე კი აუცილებლად ამ ქუჩის სიმბოლოს ხარის „ფალოსს“ – ზე ხელის შეხებით აფიქსირებენ ღია სურვილს – გამდიდრდნენ, იყვნენ წარმატებულნი. ანუ ჩვენებურად, ხვავი და ბარაქა უწყვეტად „მოედინოს“. დარწმუნებული ვარ, ამ პროტესტანტებს შორისაც იშვიათ ვინმეს არ ექნება ხარის რეპროდუქციულ ორგანოზე „იღბლის“ ნიშნად ხელი მოთათუნებული. აქაურხარისეული იღბალი კი რას ნიშნავს? არა მარტო ხელფასზე ცხოვრებას, კარგ „ბონუსებიან“ სამსახურს, ანდა მეგამილიონის ლატარეში ჯეკ პოტის – 500 მილიონის მოგებას, არამედ უოლ სთირთსა და საბირჟო ფონდების მსგავს დაწესებულებებში საკუთარი ფულის სარფიან ინვესტირებასაც. ამერიკაში 2 წლის წინანდელ სიტუაცისათან შედარებით, როცა უმუშევრობამ ლამის 15 პროცენტს მიაღწია, ახლა უკეთესი მდგომაროებაა (9,1 პროცენტი), ახალგაზრდებს შორის კი ლამის 50 %–ს აღწევს. არაკვალიფიცირებული სამსახურები არის, მაგრამ მოპროტესტე ზოგიერთ უნივერსიტეტდამთავრებულებს არ უნდა დროებით მაინც საათში 7$ –ად მუშაობა მძღოლად, გამყიდვლად, დამლაგებლად, ძიძად, მიმტანად, მტვირთავად, მეეზოვედ, მებაღედ. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ იციან: „ზუკოტი პარკში“, სადაც სძინავთ, ვიღაც უფასო ცხელ სუფს მიუტანთ; ხოლო სახლში დედ–მამა უფრო გემრიელ წვინიანს დაახვედრებთ. არ უნდათ „ცუდი“ სამსახურები და ამიტომაც ამ „შავ“ ბაზარს არალეგალები იკავებენ. ამიტომაც „ამერიკული შემოდგომის“ რევოლუციონრები უფრო სიბარიტებსა და ცუდი გემოვნების სნობებს ჰგვანან. სამსახურებს ითხოვენ, მაგრამ აპროტესტებენ იმ კორპორაციების „ღორმუცელობას“, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან. ცნობილია, რომ უოლ სთრითის ერთი მუშაკი ქვეყანაში ორ სამუშაო ადგილს ქმნის. არადა ლამის გაქრონიკებული რეცესიის პირობებში მილიონრების ქუჩაზე ათასობით მოსამსახურემ, ბროკერმა დაკარა თავისი ადგილი. ამერიკის სამუშაო ბაზრის ლამის 80 პროცენტს კერძო მსხვილი, საშუალო, პატარა თუ უწვრილესი ბიზნესითაა შექმნილი. ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები იმით განსხვავდებიან სხვათაგან, რომ ლამის დაარსებიდან სახელმწოფო სერთიფიცირებულ ექიმ პრეობრაჟენსკის მარმარილოს იატაკიან სამუშაო ოთახსა თუ საოპერაციოში თავისი სუფთა, არც ისე სუფთა თუ ჭუჭყიანი ჩექმებით არ იჭრებოდა, ანდა ჰომოსაპიენსები პანიკოვსკის მსგავსად არ გაჰყვიროდნენ: “დაი მილიონ!“, არ ელოდებოდნენ ციდან „დოლარების ცვენას“; სადაც ყველა დღე შაბათი არაა; სადაც სამუშაოს ძებნისას ადამიანი ძალიან მოქნილი უნდა იყოს და დედ–მამასა და სახელმწიფოს ხელებში არ უნდა შესცქეროდეს სამუშაოს, ჯიბის თუ ოჯახის რჩენის ფულის საშოვნელად; სადაც ადამიანი სამსახურს დასდევს შტატიდან შტატში; სადაც „მამიკოს“ ბიჭის, იელის უნივერსიტეტის სტუდენტი დილის 4 საათზე დგება, რათა ნაგვის მანქანების სადგომზე მიქანდეს და ამ მანქანის რომელიმე მძღოლს დამხმარედ მიუჯდეს. „ჯულიარდის“ ვოკალის განყოფილების ჩემმა ნაცნობმა სტუდენტმა გოგონამ, როცა დედას ხელოვნურთვლებიანი ვერცხლის სამაჯურის საყიდელი ფული სთხოვა და მან არ მისცა, წავიდა მეტროში, თავისი შეუდარებელი ხმით (მოგვიანებით ლა სკალაში გაიარა სტაჟირება) „კატებიდან“ იმღერა და სამაჯურის ფული კი არა, მგონი ზედ საყურეების, გულსაბამისა და ნაყინის ფულიც იშოვა. სხვათა შორის, დედამისი ყოფილი ძველი ჰიპია, რომელსაც ნარკოტიკების ჭარბდოზირების გამო ორი ძმა გარდაეცვალა. პირველი ქმარი ასეთვე ჰიპი–ნარკომანი ჰყავდა, რომელმაც მოწიფულობისას სამშენებლო ბიზნესს მიჰყო ხელი; ეს კაცი „აზრზე მოვიდა“, მეორედ იქორწინა და ბიზნესშიც წარმატებას მიაღწია. ჩემი ნაცნობი მომღერლის დედის მეორე ქმარი კი მილიონერია, ავიკოკომპანიის მფლობელი. ესეც ყოფილი ჰიპი. ახლა საერთაშორისო ბიზნესტურებს გეგმავს, „კოკას“ დიდი ხანია სათოფეზე არ ეკარება. თავის შვილებსა და შვილიშვილებსაც არ აკარებს.

როგორც საქართველოში ამბობენ, ამერიკელები ვირივით (არადა ამერიკელები ხარს ადრიან თავის სამუშაო რიტმს) მუშაობენ და სხვებისთვისაც სამუშაო ადგილებს ქმნიან... შეიძლება, თუნდაც ყოველმა მეათასემ კრეატიულობით სტივ ჯობსს ვერ აჯობოს, მაგრამ მაინც . . . პირადად ჩემთვის , რბილად, რომ ვთქვა „უცნაურია“ ინეტ – ჰაკერების მოწოდება დაბლოკონ საბირჟო ინტერნეტრესურსები მაშინ, როცა თავადაც ამ რესურსებს „პროფესიულად“ იყენებენ. 2 წუთით კიდეც შესძლეს, ისევე როგორც ადრე კომპანია „ეფლის“ დაჰაკერება. პროტესტანტებს შეუერთდნენ მძღოლების, ექთნების, მასწვალებლებისა და სხვათა პროფკავშირები, რომლებიც, როცა „კაი დრო იყო“, უოლ სთრითის ოპერაციებისა და ბირჟის ფინანსური თამაშების გამო იქ „გაბირჟავებული“ თავიანთი საპენსიო ფონდებისთვის სტაბილურად, როგორც მინიმუმ, 8 პროცენტიან მოგებას იღებდნენ. ამჟამად უოლ სთრითზე პროფკავშირების საპენსიო პროგრამებში 187 მილიარდი დოლარი დევს. ანუ, როცა ქვეყნაში ეკონომიკა ყვაოდა და პროფკავშირებს გვარიანი მოგება ჰქონდათ, მაშინ არავის ახსოვდა ამ „ხარის ქუჩის“ ბინადართა მზაკვრობა. როგორც კი სახელმწიფოს გაუჭირდა, ფულიანი ქუჩა მოყვარეების სიიდან ამოიშალა და მტრებისაში გადაბარგდა. გამახსენდა ჩემი ბავშვობისდროინდელი ინდური ფილმი „დისკოს მოცეკვავე“. სანამ მოცეკვავე კაცი კარგად მღეროდა და აუდიტორიას ართობდა, თაყვანისმეცმელთა ჯარი სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცებოდა; როგორც კი იგი სცენიდან „ფანებს“, მგონი, საპატიო მიზეზის – დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტრესის გამო, ჯეროვნად ვერ გაახურებს, ლაყე კვერცხებს დაუშენენ. 


ამერიკელი „ოკუპანტები“ არაბული გაზაფხულის მოწყობით იმუქრებიან და ამ „რევოლუციას“ „ამერიკული გაზაფხული“, ხოლო გაკოტრებული საბერძნეთის მეამბოხეებს „ძმებს“ უწოდებენ. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ სილიკონის ველის თაობას ბერძნული სახელმწიფოს მოწყობის მოდელი მოეწონოთ: მოკლე სამუშაო დღით, სამთვიანი შვებულებითა და ბიზნეს – სექტორში სახელმწიფოს მაქსიმალური კონტროლით, ანდა, თუნდაც ეგვიპტეში მუბარაკის ჩამოგდების სცენარი რამენაირად ჯდებოდეს „ამერიკული ოცნების“ ასრულების პროექტში. და თუ უოლ სთრითი კრიმინალი მაფიოზების გროვაა, მაშინ, როგორც მინიმუმი, კარვების ქალაქი თეთრი სახლის წინ უნდა გაიშალოს, რადგან სწორედ დღევანდელმა ადმინისტრაციამ მისცა ხაზინიდან გაკოტრების ზღვარზე მისულ ბანკებსა და საწარმოებს მილიარდობით „ბეილაუთები“ ანუ, ფაქტობრივად, ეკონომიკამ ამერიკულ ანტიმონოპულურ საბაზრო პრინციპს გადაუხვია.

სიტყვა „ოკუპაცია“ ჩემში ცუდ მოგონებებს იწვევს. იგი არ ნიშნავს პოლიტიკური თუ სამოქალაო უფლებებისთვის ბრძოლას, არამედ – ვიღაც არასასურველის გაგდებისა და მისი ადგილის დაკავებას. ქონებრივი სამართლოანობის მოთხოვნა კი ჩემი და ჩემი ოჯახის საბჭოურ მეხსიერებაში სულ სხვაგვარი ელფერისაა. მას განკულაკება ჰქვია, რომელსაც, როგორც წესი, გაციმბირება–გაგულაგება მოჰყვებოდა. თუ აშშ–ში სავალუტო ოპერაციები უკანონო, ანუ კრიმინალია, და თუ მდიდრები, რომელთა ხარჯზეც (ამერიკის მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი დაბალი შემოსავლის გამო, ფაქტობრივად, გადასახადს არ იხდის) ივსება არა მარტო შტატის თუ ფედერალური ხაზინა, არამედ დახმარებისხელგაწვდილი ქვეყნების ბიუჯეტიც (საქართველოსიც, სხვათა შორის), დაბალშემოსვლიანი ოჯახის მქონე სტუდენტები გრანტებს იღებენ, არსებობენ მუზეუმები, ბიბლიოთეკები და უფასო საავადმოყოფოები, ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციები, გაერო და თუ უოლ სთრითის ხალხი დასაჭერია, ხომ არ ჯობს საპროტესტო აქციები პოლიციის ოფისების, „IRC“ -ის (სამსახური, რომელიც კერძო პირებისა და ბიზნესის შემოსავლებს აკონტროლებს), FBI -ის (გამოძიების ფედერალური ბიურო) ან სასამართლოების წინ მოეწყოს? ანდა ვერაგი „თეთსაყელოიანების“ შესახებ ჟურნალისტური გამოძიებები აწარმოონ და არგუმენტად არა მარტო მემარცხენე ოლივერ სთოუნის ფილმი „უოლ სთრითი“ მოიშველიო? აი, თუნდაც, ამგვარ თემაზე: ნიუ იორკის კანონით პარკებში სიგარეტის მოწევა გვარიანი ჯარიმით ისჯება და თანაც პარკები 24 საათი ღია სულაც არაა. „ზუკოტი პარკში“ კი ფსევდოჰიპებისთვის ყველაფერია დასაშვები. ამას წინათ გაზეთმა „უოლ სთრით ჯოურნალმა“ სკანდალური სტატია გამოქვეყნა. ვიღაც პოლიტიკოსებს (გვარ–სახელები არ იყო მითითებული) ამ პარკის მფლობელთათვის დაურეკავთ, სიგარეტის და ნარკოტიკის მოწევისთვის არაფერი უთხრათო, მემარცხენეები არ შეაწუხოთო. ანუ კანონზე თვალი დახუჭეთო. ამას წინათ „ზუკოტი პარკში“ მომიტინგეებს სთხოვეს: „თუ შეიძლება დროებით აბრძანდით, თქვენს მიერ დატოვებულ ნაგვის მთებს გავიტანთ, ე მანდ ანტისანიტარია არ აბობოქრდესო, მეეზოვეებსაც გაახლებთო და მერე ისევ წამოწექითო“. . . გრძელცხვირა ჟურნალისტებმა მაშინვე გაიგეს,თუ რამდენი დაუჯდა ეს მერიას, იგივე ხაზინას. „კეთილიო – კიდევ კარგი უპასუხეს. – დალაგების უფლებას მოგცემთო, არაა პრობლემაო. . .“ გუშინწინ კი ფოტოც გაჩნდა: ერთი პროტესტანტი ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ზედ პოლიციის მანქანზე იკმაყოფილებს. პოლიციელები – ადგილიდან არ იძვრიან. რას იზამ, როცა კონიუნქტურაა „მატ პორიადკა“...

ჩემი არც ისე ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში საკმარისზე მეტი რევოლუციები, ომები და მიტინგები მინახავს და ერთ რამეში დავრწმუნდი: ამგვარი პროტესტის შედეგად ხეირობენ არა ისინი, ვინც საპროტესტო პლაკატებით აქეთ – იქეთ დარბიან ან თვეობითა და წლობით მთავრობის სასახლეების წინ კონსტიტუციის პირველი შესწორების თანახმად, აპრტოტესტებენ იმას, რასაც პროტესტის საგნად სუბიექტურად თუ ობიექტურად თვლიან; არამედ ისინი, ვინც კაბინეტებში ზის, ძალაუფლება აქვს/ელანდება, სწორ მარკეტინგულ–ბირჟულ – ქუჩისგამოყენების ტაქტიკურ გათვლებს აკეთებს. თანაც, სულაც არაა აუცილებელი, რომ მისი დღის წესრიგი პროტესტანტთა გულისა და სულის ნადებს ემთხვეოდეს. ამერიკაში ყველაზე მდიდრების კორპორატიული შემოსავალი 35 და მეტი პროცენტით იბეგრება, ქვეყნის მთავარი მენეჯერი და პროტესტენტები „უბრალო და ბრალიანი მდიდრების“ კიდევ დამატებითი 5 თუ მეტი პროცენტით დაბეგვრას ითხოვენ. მაგრამ თუ მდიდარს წაართმევ, თუნდაც რობინ ჰუდური „ლეგიტიმური“ ენთუზიაზმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ნაალაფავი უცილობლად ღარიბის ჯიბეში მოხვდება. უცნაურია, რომ ადამიანები, რომლებიც ამგვარი მემარცხენე ტალღის მეშვეობით ხელისუფლებში მოდიან, მერე უცებ საარაკოდ მოკლე პერიოდში მდიდრდებიან და რატომღაც თავინთ ფულს ყველაზე სარფიანად სწორედ ისინი აბანდებენ, თანაც ისეთ ადგილებში, რომელიც მთლად უოლ სთრითი თუ არაა, მას ტყუპისცალვით მაინც ჰგავს. აი, ავიღოთ აშშ –ის კონგრსის ექს – სპიკერი, დემოკრატი ნენსი პილოსი. როგორც კი პოლიტიკაში მოვიდა, მისი ქმარი პაული მაშინვე მილიონერი გახდა... ამას წინათ გვარიანი სკანდალი აგორდა. პაულ პილოსიმ ერთი სავაჭრო ოპერაციით 25 მილიონიანი მოგება ნახა, მაგრამ საგადასახადოს მხოლოდ 12 –ჯერ ნაკლები თანხა აჩვენა. ჰოდა, ნენსიმ მემარცხენე პროტესტანტებს გასძახა: „ ღმერთი გფარავდეთო!“ ანუ ღმერღთთან ერთად მეცა და ჩემი მეუღლეც თქვენთან ვართო. ნუ, თქვენსავით ვერ დავწვებით/ვერ წამოვწვებით მანდო, ჩვეთვის ეს უხერხულიაო, მაგრამ თქვენთან გვიგულეთო, კლასობრივო ძმებოო. რამდენიმე დღის წინ პროტესტნტებმა განაცხადეს, რომ მილიონერ–მილიარდერების წინააღმდეგ მშვიდობიან ჯვარისნულ მსვლელობას ვაპირებთო და ფულის ტომრებს ზედ სახლის ჭიშკართან გავაგონებთ ჩვენს რევოლუციურ ერთ–ორ ტკბილ სიტყვასო. ინტერესით ველოდებოდი, როდის მიუკაკუნებდნენ პაულ პილოსის სამუშაო კარს. მაგრამ, არა. გადაიფიქრეს. მაინც რაა ეს შერჩევითი სამართალი – სამართლიანობა. საერთო დოვლათით სარგებლობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ „პირველი ჩვენება“ – ვითომმემარცხენეობა, გადახედვას არ ექვემდებარება. ჰო, კიდევ, პილოსის ქმარს რევოლუციონრების დასალოცად არ სცალია, რადგან იგი უფრო მნიშვნელოვანი საქმით – ფულის შოვნით, ბიზნესითაა დაკავებული. ცოლი კი სოციალური სამართლიანობისთვის „იბრძვის“ და მგონი დოლარზე წარწერილი „In God We Trust”–ზე დახედვა იმისთვის სჭირდება, რომ ღმერთის არსებობა გაახსენდეს. ექს სპიკერის მემარცხენე შეხედულებები კი მიმიკირიაა, ნაცადი შირმა.

ამერიკაში დიდ ხანია კაპიტალიზმი მისი კონსრევატორული განსაზღვრებით აღარ არსებობს ღიპიანი, ნეკზე ოქროსდიდბეჭდიანი მონსტრი მონათმფლობელი პლანტატორებით, ანგარებიანი ძია სემითა და სიქაგაცლილი „ნიგერი“ მონებით. სხვათა შორის, ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ 1981 წლიდან ცხოვრობს ერთი ქრონიკულად მომიტინგე ქალბატონი სახელად კონცეფსიონ პიკოტო... თავის პერსონალურ კარავში. და ყველაფერს აპროტესტებს: აბორტებს, ატომურ იარაღს, ისრაელს, ვიეტნამს, ავღანეთს, ერაყს; თუ ოვალურ კაბინეტში მემარჯვენე პრეზიდნეტია, მის მემარჯვენეობას; თუ მემარცხენეა – მის მემარცხენეობას. კარავთან სურათების დიდი დაფა აქვს. ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან აქვს ფოტოები გადაღებული. რომელიღაცა ჩინოვნიკის სამუშაო კაბინეტი გეგონება. განსახვავება კაბინეტის დიზაინსა და უჩარჩოო სურათებშია. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია, ყოველ შემთხვევაში ჩემთან საუბარში ისეთი ფამილიარული იყო, მაშინვე ხაჭაპურისა და საცივის მისართმევად საქართველოში დავპატიჟე. რაც მთავარია, თავის საცხოვრებელ ფართში კარგად მოეწყო (არაფერს იხდის). საკვები უფასოდ აქვს, რამდენიმე ტელეფონიც აჩუქეს, „აიფონიც“ კი. ინტერნეტი კეთილმა ხალხმა ჩაურთო. ამიტომაც ის ფეხს არსად იცვლის. რისთვის? ამბობენ, ღამეს ახლო – მახლო სასტუმროში სძინავსო. სასტუმროს ფულსაც უხდიან. ერთი სიტყვით, „ამერიკელი რევოლუციონერის“ ოცნება. 

დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ბირჟა მეტ–ნაკლებად ნომირებულ თამაშის წესებზეა აგებული. და ეს წესები ჭადრაკის თამაშის წესებს სულაც არ ჰგავს. იგი წმინდა წყლის სპეკულაციაა. ავანტურისტული, რადგან ხშირად საპნის ბუშტებით ვაჭრობას ჰგავს. სადაც წაგება ისეთივე ნორმაა, როგორც – მოგება. თუ კაზინოში შედიხარ, ბუნებრივია, იმ იმედით, რომ მოიგო და არა – წააგო. და თუ წააგე, იქ კრუპიეს ან ღმერთს, რომელსაც მოგებას ავედრებდი, ნუღარ დაადანაშაულებ, რადგანაც ეს ის შემთხვევაა, როცა ვერც ადვოკატს დაიქირავებ, ვერც „ჰუმან რაითს ვოტჩში“ ან სტრასბურგში იჩივლებ. თუმცა ანათემაზე გადაცემის უფლება გრჩება. და კიდევ უფლება დეპრესიაში უვადოდ ჩავარდნისა და ამ სამყაროს ამაობეთა ამაოებაზე და სუპერაბსურდზე წუწუნისა და ცხარე ცრემლით ტირილის . . .

***

გუშინწინ „ზუკოტი პარკში“ წავედი. მინდოდა ჩემი თვალით მენახა და „გამეხსენებინა“ ის, რაც ასე მიყვარს. იქნებადა მეგრძნო ვუდსტოკის თუნდაც მოჩვენება, თუნდაც კონტური. თუნდაც წყვეტილი ხაზებით... ის, რაზეც ამდენი წამიკითხავს, ამდენი ვიცი, სიზმარშიც მინახავს. ვიფიქრე, მგონი, ეს ბოლო შანსია, თუნდაც მისი ძალიან, ძალიან მკრთალი აჩრდილი დავინახო, შევეხო, რადგანაც უცნაური სევდით მენატრება ის, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, რომლისაც ბავშვობაში ასე ჯიუტად მჯეროდა და ახლაც მწამს. ვუდსტოკის სულის – ზეიმის, რომელიც ყოველთვის ჩემთანაა. რაღაცნაირი სევდიანი, ჩარლის ღიმლივით მიამიტი და ჯიმი ჰენდრიქსის გიტარასავით დრამატულ–ტემპერამენტიანი. რომელსაც, როცა ასე უსაშველოდ დიდ, თვალთმაქც, უსამართლო სამყაროში ძალიან მარტო გრძნობ თავს და არავის ესმის შენი, თავისუფლად შეგიძლია შენს საკუთარ ენაზე გამოელაპარაკო. ის კი ყოველთვის მოგისმენს, გაგიგებს, იმიტომ კი არა, რომ ყოველთვის ახალგაზრდად დარჩა, როგორც ჯენის ჯოპლინი. არა. უბრალოდ, იმიტომ, რომ რაღაც ენით აუწერელ ერთობას, სიყვარულსა და რომანტიზმს ასხივებს და მისი სული არაა კონფორმისტულად მოკალათებული. არამედ იყო, არის და იქნება სიყვარულის რევოლუცია. თუნდაც, სამდღიანი. თუნდაც ილუზორული.

„ზუკოტი პარკში“ ადამიანებს შორის დავდიოდი და ვკითხულობდი პლაკატებს, მათ შორის იყო ცხოველთა უფებადამცველებისაც – „თავისუფლება ცხოველებს!“. თუმცა მაინც ვერ მივხვდი „ოკუპანტებს“ ფაუნასთან რა კავშირი ჰქონდათ. მერე „ეფლის“ „აიფოდის“ ყურსასმენები გავირჭვე ყურებში, „ალუზიის“ გასამყარებლად ჯონ ლენონის „Across the Universe” მოვძებნე და ლამის ხუთჯერ მოვისმინე. არა, ერთი და იგივე მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ... და ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ ამ „ანტიზაბრისკი პოინტის“ სივრცეში თვალით სტივ ჯობსის სურათს დავუწყე ძებნა… და გამახსენდა, რომ სტივი „აიფოდის“ ფოტოალბომში მქონდა... უფრო სწორედ, მყავდა...


სტივ ჯობსი „ბიტლების“ წევრს უფრო ჰგავდა, ვიდრე კორპორაციელ ბიზნესმენს. ჯინსები, „სნიკერსები“ და შავი „როლინგი“. ჯონ ლენონის სათვალეებით. გამხდარი ბიჭი. ჰიპი მეზობელი სადარბაზოდან... თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ინსინუაციებისგან... მისი „ვაშლები“ ნაცვასახელებით იწყებოდა „მე“Phone, „მე“Pod. თითოეული ადამიანიდან, პიროვნებიდან „წამოსული“ სხივებიო. ეს თეთრი ყურსასმენების „თასმები“ რაღაცნაირად ლოდინისგან გათეთრებულ, დახლართულ პლასტიკატის ძარღვებს ჰგვანან. ჩანთაში, ჯიბეში ყველას ეხლართება და პირველ 1 წუთს ყოველთვის მის განხლართვას ანდომებ. სტივი არავის არაფერში ავალდებულებდა. მხოლოდ, საკუთარ თავს. არავის არაფრის წართმევას არ მოუწოდებდა, არ ითხოვდა, „მოსყიდულ“ პიცას არ ჭამდა. პირიქით, ამბობდა „ყოველთვის მშიერი იყავითო“. იგი ნამდვილი რევოლუციონერი იყო სევდიანი თვალებით, რომელიც მომავალს ქმნიდა. ადამიანებს ერთმანეთს აკავშირებდა, ასე მგონია, იმ საოცნებო ვუდსტოკს აგრძელებდა, რომელსაც თავისი ენით ესაუბრებოდა... ვაშლით ხელში. ახალი ფილოსოფიის, იდეოლოგიის დამფუძნებელი, რომელიც იმას კი არ ფიქრობდა, რომ ვაშლი ვინმესთვის მოეპარა ანდა გაუთავებლად ეანალიზებინა, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან ჩაეკბიჩა; დაინახა, მოწყვიტა, აიღო, დააგემოვნა და შექმნა სრულიად ახალი თავისუფლება, სასუნთქი ჟანგბადი და მარტოობაც. „ეფლის“ რელიგია. საკუთარი სახლის ეზოში ვაშლის ხეები დარგო. ჯოან ბაეზი ძალიან უყვარდა. LSD –ის თაობა იყო. სიკვდილს ბუდისტურად შეხვდა. ამბობენ, ტკივილგამაყუჩებლების გარეშეო. სიკვდილი და მისი მოლოდინი სტივის ყველაზე დიდი მეგობრები გახდნენ.

ამ დღეებში ბროდვეიზე მაიკლ დეიზის დიდი ხნის წინათ დაგეგმილი მონოსპექტაკლი „სტივ ჯობსის აგონია და ექსტაზი“ აჩვენეს. ჯობსისა და ზოგადად ადამიანის დამოკიდებულბაზე „გაჯეთებსა“ და საერთოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ანუ იმაზე, რასაც ადამიანი საკუთარ თავს სხვებთან და სამყაროსთან საურთიერთოდ უქმნის. დიდ თავისუფლებასა და ამავდოულად დიდ ართავისუფლებაზე. იმაზე, რომ შეუძლებელია აჯობო იმას, რაც ნებისმიერ რევოლუციაზე ძლიერია და მუდმივთა შორის მუდმივია. მშვიდობით, სტივ. მომიკითხე ვუდსტოკელები...


28.10.11
shokoladi.ge






No comments:

Post a Comment