Thursday, March 29, 2012

ნანა


   
"33 წლის გავხდი და ყველაზე ახალგაზრდა ჩემს ოჯახში მე უნდა მოვკვდეო“– იმ დღეს ასე მითხარი.  „არა – მეთქი“ – შეგეპასუხე. სასომიხდილად. ორივემ ვიცოდით, რომ ეს ასე არ იყო. სექტემბრის იმ დღეს კუთხეში მიდგმულ თეთრზეწრიან საწოლზე ჩონჩხად ქცეული იწექი. თეთრ ბალიშზე შენი ლამაზი და ჭკვიანი თავი ისე იდო, ნაკაცებსაც კი არ ტოვებდა. სახე დაპატარავებულიყო და ბალიშზე თითქოს მხოლოდ დიდი თაფლისფერი თვალები მოძრაობდნენ. გრძელი წამწამებით და შენთვის ჩვეული, ოდნავ გაკვირვებული მზერით. და შენი ხმა. ზუსტად ისეთი, როგორიც ადრე გქონდა. ადრე, როცა პუტკუნა და ხალისიანი იყავი.  არ მითქვამს, რომ ბავშვს ველოდებოდი. ჯერ არ მეტყობოდა. ყველაფერი ვარდისფერი მეცვა. რა კარგი თეთრი ფერიაო, მითხარი. რა კარგად გამოიყურებიო. არ მითქვამს, რომ თეთრი არაა. საწოლთან საზამთროს ნაჭრები იდო. თეფშიც თეთრი და ზედ ეს საზამთროც თეთრად მომეჩვენა. კარებში პატარა ძმიშვილები იდგნენ და შორიდან გიყურებდნენ. მოდი, ვჭამოთო, მითხარი. ძმიშვილს თეფშების და ჩანგლების მოტანა დაავალე. გულის რევის შეგრძნება საიდანღაც წამოვიდა. ვიცოდი, რომ არ უნდა მეტირა... არ შეიძლებოდა. ახლავე, ხელს დავიბან –მეთქი... აბაზანა სულ თეთრი იყო. მგონი, წყალიც... პროფილში დავდექი, ხომ არ მეტყობა – თქო , შევისუნთქე. მეგობრებმა ვიცოდით, რომ სიტყვა „შვილი“, „ბავშვი“ შენში  ტკივილს იწვევდა. რაღაც ისეთს, რაც სიტყვით აუწერელია. სიტყვა „ფეხმძიმობაზე“ კი ტუჩის კუთხეები ქვევით გეშვებოდა და ისეთი გამომეტყველება გქონდა, რომ ცოტაც და ასლუკუნდებოდი კი არა, აღრიალდებოდი.  ამიტომაც ვერიდებოდით შენთან ერთად მეგობრის ბავშვის მონახულებას. მითუმეტეს, ახალშობილის.
      1992 წლის იანვარი. შენი გათხოვება არც გაგვიგია. ყველას დაგვიმალე.  იმ კაცს ძველით ახალ წელს, საკუთარ დაბადების დღეზე გაჰყევი. როგორ ამბობენ? აა, ჰო. გაბედნიერდი. გაგირიგეს. 17 თუ 20 წლით უფროსი იყო. ქალაქ ქუთაისი სასიძო. არც კი მოგვეცი შანსი, რომ შენთვის ჩვეულებრივი კითხვა დაგვესვა. ვინაა და როდის შეიყვარე,  როდის მოასწარი – თქო? მოგვიანებ გკითხე და ასე მიპასუხე: უბრალოდ, თქვეს, რომ კარგი კაციაო. მადლობელი იყავი თუ მოეწონეო. დალაგებული და საქმიანიო. გერმანული იცისო. ექიმი ქალი რძლად ძალიან უნდოდათო. მხოლოდ სამჯერ შეხვდი. შენთვის მხოლოდ ეს უთქვამს: „კაი გოგო ხარ, კაი გაზრდილი,  ზრდილობიანი, კაი შვილებს გამიზრდიო“... კი, კარგი გოგო იყავი. სკოლასა და ინსტიტუტშიც ძალიან კარგი. როგორც გუშინ ისე მახსოვხარ: ხუთოსანი, ჭკვიანი, მეგობრული, იუმორის გრძნობით, ლამაზი, კარგი დიასახლისი. სამუსიკო სასწვალებლშიც კარგად სწავლობდი. ჩვენი სტუდენტობის დროს გარეთ საშინელი დრო იყო.  შავი და უსიყვარულო. სასოწარკვეთილი... სასოწარკვეთის გამოც კი ვერ  ვერ შეიყვარე.  ძალიან ცდილობდი, მაგრამ ძალიან უბედური იყავი. ფაქტობრივად, სახლში დასაძინებლად მოდიოდა. ერთხელ წამოგცდა კიდეც, საწოლში არც კი ვიცი არის თუ არა ჩემს გვერდითო. უცხო სტუმარიაო...   ძალიან მარტო გრძნობდი თავს. მაგრამ შენიანებს არ უყვებოდი. ჩვენც, მეგობრებიც ვდუმდით. ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდი. დედ–მამას გული ეტკინებაო. იყავი იქ, საიდანაც თავქუდმოგლეჯილი გამოქცევა გინდოდა. ვიცი, გინდოდა. თანაც ძალიან. მაგრამ სხვა გზა არ იყო. ასე ფიქრობდი. ესაა ჩემი ბედიო. არა, მეთქი! კიო. შვილი მაინც მყავდესო. მერე თბილისში გადმოხვედით და ქმრის ნათესავის ბიჭების მეორე დედა გახდი. პირველ დედას ამდენი არ ეცალა. მუშაობდა. შენ კი მოცლილად გთვლიდნენ, რადგანაც შენი შვილები არ გყავდა. არ მოგკიდა ხელი მეუღლემ და ცალკე არ წაგიყვანა...  თუნდაც ნახევაროთახიანში. თავისიანებს გამსახურა. ბავშვები სიგიჟემდე შეგიყვარდა. ჰო, გითხრეს, მაინც არ მუშაობო... არადა ძალიან ადვილად შეეძლოთ შენთვის სამსახურის პოვნა. სამაგიეროდ, მათთან ბინის ქირას არ იხდიდით. და ისევ გახდი კარგი დიასახლისი. მაგრამ დრო და დრო მაინც  ვერ ასრულებდი ამ „მისიას“. რადგანაც ათასგვარ ოფიციალურად აღიარებულ სამკურნალო თუ ექიმბაშურ წამლებს სვამდი, რათა დაფეხმძიმებულიყავი. მხოლოდ შენ დარბოდი ექიმებთან და სახალხო მედიცინის ქურუმებთან. ქმარი იუკადრისობდა. ჩვენს გვარში ყველა კაცი ნაყოფიერ–ეფექტიანი იყოო...  გეჩხუბებოდი, თავს იკლავ – თქო. აკი, სამჯერ მოხვდი კიდეც რეანიმაციაში. ერთხელ ისეთი რამ დაგალევინეს, რომ  რამდენიმე საათით დაბრმავდი.  მეგონა, რომ ვერასოდეს დამინახავდი. ვერასოდეს გაახელდი შენს უცნაურად ოდნავ გაოცებულ თვალებს. შენს ოჯახს სიმსივნით დაავადების არა ერთი ისტორია ჰქონდა, ამიტომ მეც და შენც ვიცოდით, რომ ამგვარი მცდელობებით რისკს ათჯერ ზრდიდი...ჰოდა, იმიტომ მითხარი იმ დღეს, რომ ყველაზე ახალგაზრდა შენ მიდიოდი.
       ქმრისთვის ბავშვის აყვანაც შეგითავაზებია. იმან, სხვის ნაბიჭვარს სახლში როგორ მოვიყვანო, შენ სულელი ხომ არ ხარო!? თუ ქალი ხარ, კეთილი ინებე და ქალის ფუნქცია სათანადოდ შეასრულეო. შვილისთვის და გვარის გამგრძელებლისთვის გითხოვეო. სადაა „შეპირებული“ გაბერილი მუცელიო?! ბოლოს მაინც გაეყარეთ ერთმანეთს... ვიცოდი, რომ დღეს თუ ხვალ ასე მოხდებოდა. დედაშენმა ვერ გადაიტანა, დეპრესიაში ჩავარდა. იმას დარდობდი,  ისე მაინც მომკვდარიყო, რომ შენი ავადმყოფობის ამბავი არ სცოდნოდა.  დედა თავის თავს ადანაშაულებდა, რომ ამ კაცზე მითხოვება „დაგაძალა“... მშობელმა რამდენიმე თვით „გაგასწრო“... განქორწინება კი რა უღმერთოდ, მწარედ და უსაშველოდ გვიან იყო. გაყრის შემდეგ სამსახურიც იშოვე, თბილისში ბინაც იყიდე, ახალი საქმე და ახალი მეგობრები გაგიჩნდა. მაგრამ მეუბნებოდი, რომ საშინლად მარტოდ გრძობ თავს, როცა ცარიელ სახლში ბრუნდები; რომ როცა მამაკაცები გაიგებენ, რომ უშვილობის გამო ქმარი გაგშორდა, არავის უნდიხარ... ამბობდი, რომ მოცარტის მოსმენა და დაკვრა მშველისო. ჩაბნელებულ და ცივ სახლში  ინსტრუმენტს საათობით უჯექი. სანთლის შუქზე, საბანშემოხვეული მოცარტიანას აწყობდი. დედაშენი მის უკანასკნელ დღეებში ისევ შენს დაოჯახებაზე ოცნებობდა. ერთხელ მახარა, რომ თურმე შენმა ინსტიტუტელმა ძველმა სიყვარულმა  დაგირეკა კიდეც, რომ აუცილებლად კიდევ ერთხელ გათხოვდები და შვილი გეყოლება. რამდენჯერ მოვედი თქვენთან, დედაშენი ახალ ამბად სწორედ  ამას მიყვებოდა. და მეც ვეუბნებოდი: „რა კარგია. რასაკვირველია, უდაოდ, სხვაგვარად არც კი შეიძლება იყოს. ყველაფერი კარგად იქნება.  რასაკვირველია, აბა, სხვაგვარად როგორ? მხოლოდ კარგად. მხოლოდ ასე“...
     მერე ქალთა არასამთავობო ორგანიზაცია დავაარსე და საათობით გარწმუნებდი, რომ გამოგვივა, რომ ფემინიზმი უფრო მეტია, ვიდრე ქალთა პოლიტიკური მოძრაობა. რომ  ქალი არაა მხოლოდ საშვილოსნო ანდა კარგი დიასახლისი. რომ უნდა გადავარწმუნოთ ისინი, ვისაც ასე ჰგონია. რომ უფრო მეტი ვართ, ვიდრე „მეორე ნახევარი“ ანდა ფერტილობის უნარიანი საშვილოსნო. რომ იმიტომ ვართ კარგი, ღირებული, თავისუფალი, რომ სწორედ ისეთები ვართ, როგორებიც ვართ.. ორგანიზაციის საბუთებზე ერთად დავრბოდით. იმ საბედისწერო ზაფხულს ისრაელში ფემინისტებისთვის მოწყობილ საზაფხულო სკოლაში გავემგზავრე.  შენთვის უამრავი საინტერესო ამბის მოყოლა მინდოდა. იმედი მქონდა, რომ რადიო „თავისუფლების“ ქალთა პროგრამისთვის ისრაელიდან, სადაც წამ და უწუმ ტერორისტები ადამიანებს კლავდნენ, ჩემს მიერ მომზადებულ გადაცემაში გაიგონებდი ერთ მნიშვნელოვან რამეს: იქაც კი, სადაც ომია, სადაც ადამიანებს კლავენ, ქალი სწავლობს თუ როგორ შეცვალოს სამყარო და ამ „საგანს“ სხვებსაც ასწვალის.  შენ არ მწერდი... ჩამოვედი და დამხვდი შეცვლილი. არ გამომივიდა ფემინიზმიო, მითხარი. ბევრს ვეცადე ამ ქვეყნად და არაფერი გამომდისო... კიბო მაქვსო. გვიანი ყოფილა ჩემთვისო... არა მეთქი, მაშინაც გითხარი. და ორივემ ვიცოდით, რომ ეს ასე არ იყო.  გაგეღიმა, ფემინიზმი უჩემოდაც გაძლებს...  ხომ ხედავ, მეგობარო, ზედმეტი ვარ ამ სამყაროსთვის, არც დედა ვარ, არც ცოლი და ჩემი მშობლები ბებია–ბაბუა ვერ გავხადეო...
   იმ დღეს, როცა ყველაფერი თეთრად გეჩვენებოდა, ვიცოდი, რომ უკანასკნელად გხედავდი და ისიც ვიცოდი, რომ ჩემს თავს არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ვაპატიებდი თუ ჩემი ნანასნაირები უჩინრად გაქრებოდნენ და არავის ეცოდინებოდა მათი გაქრობის მიზეზი... გაქრებოდნენ ისე, რომ არაფერს შეცვლიდნენ.

3 comments:

  1. სიტყვები არ მყოფნის თქო, რომ დაგიწერო სისულელე იქნება. ყელში მაწვებიან ბოღმის ბურთულებად, ფემინიზმი რად დაგვჭირდებოდა კაცური კაცები, გაგებული ცოლი რომ მართო სამზარეულო საძინებელს შორის მოსიარულე არსებად წაარმოუდგენიათ, ამისთანა მეორე ნახევრები რომ გვყოლოდა თქო ღრიალი მინდება, ვითომ ჩემსას არ შევადარებ, მაგრამ ნანასაგან განსხვავებით მუცლის გამობერვის პროცედურამ უმტკივნეულოდ ჩაიარა!!
    თითქოსდა საქართველოსათვის ჩვეულებრივი ამბავია ქალი სახლში დასვაო, ექიმი რაღად გინდათ თქვე დალოცვილებო შეჭამეთ გოგო.
    რა ვქნათ გავიბრძოლოთ თქო ჭორიკნების და გველების ბუდეში დაბადებულებმა როგორ ხარ? -კითხვის მერე არ თხოვდები რომ არის ნომერი მეორე. არ გახდები ფემინისტი ?..
    სანამ პიროვნების პატივისცემას არ ვისწავლით ნანასნაირები ყოველთვის იარსებებენ. . .
    ია, ფეხზე ავდექი და ტაში დაგიკარი თვალცრემლიანმა. . .

    ReplyDelete
  2. dzalian shemdzra tqvenma statiam tumc es realobaa es chventan xdeba sadgac axlos arian isev aseti moazrovne xalxi dzalian shemecoda ubeduri gogo sheecira sxvis axorebad da qedmaglobas ... feminizmze bevri itqva da daicera aris mgoni aqac ukve organizacia maseti vnaxe mati aqciebi inetshi kargia rom sheiqmna da daicavs qalta uplebebs ?aq xom bevristvis qali sachiroa rogorc statiashi iyo agcerili. tumca ramdenadaa es qveyana amistvis mzad ramdenadaa xalxi aset ganvitarebistvis mzad anda miigebs ki am yvelapers ise rogorc statiashia agcerili ? dasavluri kultura da ganvitareba albad isev shorsaa ...ubralod droa sachiro da scori informacia da yvelaze mtavari saqartvelo xom dzveli tradiciebis qveyanaa aseti ram pativsacemi da migebuli albad ar iqneba.

    ReplyDelete
  3. ნატალია
    გული მეტკინა კი არა, ამტკივდა...
    ბევრი რამ არის ჩვენი მენტალიტეტიდან ამოსაძირკვი.

    ReplyDelete