ვალტერ ბენიამინი ამბობდა, რომ „ისტორია ნაწევრდება არა ისტორიებად ( მონათხრობებად), არამედ – ხატებად“. ამ კონცეფციის შესაბამისად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მეხსიერება თავისთავად ვიზუალური ფენომენიცაა, რომელიც „ვიზუალურ ისტორიას“ ქმნის და ამ ფენომენს, ბუნებრივია, ტვინის ფუნქციებთანაც აქვს უშუალო კავშირი. ამ მხრივ ადამიანის სხეული (გვამი) და მისდამი დამოკიდებულება ისტორიულ – ვიზუალური დოკუმენტია, რომელიც ამავე დროს ერთგვარ „კულტურულ კომუნიკატორად“ ან წარმომადგენლად შეიძლება აღვიქვათ. ამ მხრივ, სამწუხაროდ, ქართველი კულტუროლოგების, ისტორიკოსების, სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების განსჯის მიღმა რატომღაც ყოველთვის რჩება სხეულისა და მასზე განხორციელებული მანიპულაციებისა და ძალადობის თანამდეროვე „ესთეტიზაციის“ პროცესი. ამ მხრივ, ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს მამაკაცისა და ქალის სხეულის მედიური რეპრეზენტაციის ეპიზოდების განხილვა. მაგალითად, თუნდაც დამხობილ დიქტატორ კადაფისა და სილიკონით დაძეძგილი „ვარსკვლავის“ კიმ კარდაშიანის „მედიათანაარსებობა“. ეს უკანასკნელი თავისი უკანალის სხვადასხვა რაკურს–ჩვენებით არასოდეს იღლება. ამ ორის სხეულის ფოტო ამერიკული ბეჭდური გამოცემის ერთ გვერდზე იყო განთავსებული და, მართალი გითხრათ, კონტრასტს კი არა სრულ ჰარმონიულ, ვიზუალურ კომპლექსს ქმნიდა. რასაკვირველია, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კონტექსტით, ფორმითა და პოლიტიკური „დრაივით“. ამ მხრივ ქალებიცა და მამაკაცებიც ისტორიას, ცივილიზირებულობასა და ჰუმანიზმს სწორედ რომ თავიანთი სხეულებით წერენ....
რამდენიმე ხნის წინ ნიუ იორკის დაუნთაუნის ერთ მუზეუმი „სხეულების გამოფენა“ გაიხსნა. ეს გამოფენა უფრო მეტად ანატომიის ან სასამართლო მედიცინის პერფორმირებულ გაკვეთილს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ საგალერეო დარბაზებში განთავსებული ექსპონატების რიგს. კუნთები, მყესები, სახსრები, ნერვები, სისხლძარღვები, გაგლეჯილი კუნთოვანი მასა, გაშეშებული სხეულების დაჭიმული ბოჭკოები, შეღებილი ფილტვები, გული, ღვიძლი, ტვინი, საშარდ–სასქესო სისტემა.... გამოფენა მართლაც შთამბეჭდავი იყო. სხეულის მაცოცხლებელი სისხლის „მოძრაობა“; საკვების „მოგზაურობა“ საჭმლის მომნელებელი სისტემის ლაბირინთებში, ჩანასახის „განვითარება“ და ა.შ. ერთგვარი გაშეშებული ხელოვნური დინამიზმი. მაგრამ „ფიზიკური“
შთამბეჭდაობის გარდა ამ გამოფენას სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა. რომ სხეული სხვა არაფერია გარდა . . . თავად სხეულისა, გვამისა... და როცა მის გულსა და ტვინში სისხლი და ნერვი არ პერფორმირებს, იგი უბრალოდ ცხედარია – კუნთოვანი და სხვა ქსოვილების რთული გროვა; იგი მის მფლობელის სამშვინველისა თუ სულის ცხოვრებაზე დიდად არაფერს ამბობს. გამოფენის მისიის ანოტაცია გვაუწყებს, რომ ამ სამასზე მეტი ექსპონატისა და ცალკე აღებული „ნაჭრის“ გამომზეურების მიზანი ჩვენი საკუთარი სხეულის უკეთ გაცნობა, ინტიმურის გასაჯაროება და ანატომიის შინაგანი სილამაზით ტკბობააო. თუმცა, პირადად მე, ამგვარმა განმარტებამ შესაბამისი „სიმშვენიერის“ განცდის განწყობა ვერ შემიქმნა. არადა თავიდან მეგონა და ბოლოშიც ასეთივე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მულაჟების სანახაობის დედააზრი დაახლოებით ასეთია: რაც გვაქვს (ვგულისხმობ სხეულს) იმთავითვე გვამია. გამოფენის კურატორს ისიც ვკითხე, ქალის (გაცილებით მეტად) და მამაკაცის (გაცილებით ნაკლბად) სხეულში სილიკონისა და სხვა შემცველობის იმპლანტების „ისტორიის“ შესახებ ექსპოზიციის შექმნას ხომ არ აპირებთ – თქო? რაზეც კურატორმა გვარიანად გაიცინა; მიპაუხა, რომ სილიკონებისთვის და პლასტიკური ქირურგიის რეკლამისთვის სილამაზის კონკურსები და ჰოლივუდი არსებობსო, მაგრამ გმადლობთ, გავითვალისწინებთ თქვენს წინადადებასო...
ოქტომბრის თვეში მსოფლიოს განა ყვითელმა, არამედ სწორედაც რომ არაყვითელმა მედიამ მკვდარი მუამარ კადაფის სხეული სრულიად მსოფლიოს წარუდგინა. დასასიხლიანებული, მომაკვდავი პოლკოვნიკი ვიღაცას მობილური ტელეფონის კამერით გადაუღია. მერე გამარჯვებულები ადამიანის ხორცის ნაგლეჯის ფონზე იარაღასხმულნი პოზირებდნენ, ფოტოებს იღებდნენ. მერე ხმა გავრცელდა, რომ დიქტატორის გვამზე „უკნიდან“ საომარი ბასრი იარაღით იძალადეს, დაასაჭურისეს, მერე სადღაც დაასვენეს, უფრო სწორედ, დააგდესო. გვამის ხრწნისგან შეწუხებულები ცხვირზეცხვირსახოცაფარებული ვიზიტორები კი „მას“ გარშემო უვლიდნენ. ალბათ, „სუნის“ დასამასხოვრებლად. გამარჯვების კიჩური სურნელიც ერთგვარად ისტორიული არტეფაქტია. საუკუნეების წინ მოკვეთილი თავები, მოჭრილი კიდურები, დანაწევრებული სხეულები, კუნთების ნაფლეთები, სარზე თუ ჯვარზე გაკრული გალურჯებული ცხედრები არა მარტო „სამართლის“ აღსულების ლეგიტიმაციის, გამარჯვებულის სიძლიერის საპატიოობისა და ზეობის, არამედ დაშინებისა და ფიზიკური ძალის, უნივერსალური ჯარისკაცი – მაჩოს ყოვლისშემძლეობისა და „არაფემინობის“ დემონსტრაციაც გახლდათ. ერთგვარი ნიშანი იმისა, თუ როგორ სძლევს ერთი ადამი („ზეადამი“) მეორე ადამს („ქვეადამს“).რა შესაძლებლებლობის დიაპაზონი აქვს ცოცხალ „კარგ“ ადამს (აქ მედიასაც ვგულისხმობ) მკვდარ „ცუდ“ ადამსა ზედა. არა სიმბოლურად, არამედ სწორედაც რომ არასიმბოლურად. აქ საუბარი არაა იმაზე, თუ რისი ღირსი იყო მტარვალი კადაფი, როგორი დიქტატორი იყო იგი; უნდა დაეპატიმრებიათ თუ არა ანდა რა გზით უნდა აღესრულებინათ სამართალი, რომელის გარეშეც „მშვიდობა არ არსებობს“. არადა უაღრესად პრინციპული და, გნებავთ, მორალური მნიშვნელობა აქვს სწორედ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას – სამედიცინო ფაქტს: ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეული აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალურ, ოდენ კუნთების მასად გადაიქცევა, რომელსაც არც თავის დაცვა, არც თავდასხმა არ ძალუძს. უბრალო მიზეზის გამო. ის გვამია. ორდინალური, ჩვეულებრივი, უძალო გვამი. ისევე როგორც ფარაონის მუმია ანდა ლენინის მავზოლირებული სხეული. არც მეტი და არც ნაკლები. მხოლოდ – გვამი, რომელიც ვერც სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს იგრძნობს რაიმეს და ვერც ბრუტალური შეურაცხყოფის დროს.
2007 ის ახალი წლის დღეებში ერთ–ერთმა ამერიკულმა გაზეთმა თავის პირველსავე გვერდზე სადამ ჰუსეინის ეგზეკუციის დღეს საკანში გადაღებული მისი სურათი გვაახლა. სოლიდური გაზეთის ფურცლიდან მხოლოდ ქვედა საცვალსა და წინდებში შემოსილი ჰუსეინი იდგა და სასიკვდილოდ წესრიგდებოდა. მერე ჰუსეინის ჩამომხრჩვალი თავიც „დაგვიმოწმეს“. გამოხდა ხანი და ახლა ბინ ლადენის ცხედრის ჩვენების დროც დადგა. მისი მკვლელობის შემდეგ კი სახელმწიფო დებატები იმის შესახებ გაიმართა: „ეგზეკუტორ“ მხარეს უნდა ეჩვენებინა თუ არა ნომერ პირველი ტერორისტის გვამი. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ – არა. მაგრამ მსოფლიო მედიის „ფანტაზიორები“ ამან ვერ და არ შეაჩერა. ინერნეტსივრცეში მაინც გაჩნდა ფოტოშოპური „შედევრები“. როგორც ჩანს, ადამიანები მხოლოდ იმის შემდეგ დაკმაყოფილდნენ, როცა გამარჯვება თუ გამარჯვების ისტორია ვიზუალიზირდა ანუ მტრის „გაგვამებით“, ნეკროფილური რიტუალით დაგვირგვინდა. ამგვარი დოკუმენტური მასალის შექმნის ვნება კი იმას მოწმობს, რომ მედიის მიერ ნებსით თუ უნებლიედ კონსტრუირებული ინფორმაციული დისკურსები კვლავ და კვლავ ბადებენ „ძალადობრივ სიტუაციებს“ და, როგორც ჩანს, ჩვენი ტოლერანტული, მულტიკულტურული, დასავლურად პოლიტკორექტული, გენდერულად მგრძნობიარე მედია და არა მარტო მედიასივრცე თავადვე იწვევს აბსოლუტურად უმოტივო და, ერთი შეხედვით, არაუტილიტარისტულ დაუნდობლობას, გულქვაობასა და ულმობლობას. ფაქტია, ეს ძალადობა და მისი ხატები კარგად იყიდება. ამ გზაჯვარედინზე კი სამართლიანობისათვის, განთავისუფლებისათვის მებრძოლთა და უსამართლოთა, სხვათა დამონებისთვის ხმალამოღებულთა ინტერესები ერთგვარად იკვეთება და ისინი სინქრონულად სწორედ იმ „საძმოს“ წევრები ხდებიან, რომელიც, ძალადობის მუდმივმოქმედი, ცოცხალი ქრესტომატიაა. თუნდაც მხოლოდ ვიზუალური, მაგრამ უცილობლად – პოლიტიკური და კულტურული.
***
ნიუ იორკის ქუჩებში საგაზეთო ჯიხურებს თვალს ერთხელ მაინც თუ შეავლებთ, 50 გლამურული ჟურნალიდან 45 – ზევე აუცილებლად დაინახავთ ნახევრად ტიტველი, უნაოჭო და პლასიტიკუოპრაცებით „კორეგირებული“ ქალების ფოტოებს. დანარჩენ ხუთზე კი – ძარღვებამოვარდნილი, ბიცეფს–ტრიცეფსდაბერილი, ნაოჭიანი მამრობითი სქესის არსებებს, რომლებიც მკერდაბერილი ევების დასაკმაყოფილებლად მზად არიან. ბოლო 3–4 წელია დუნდულა კუნთების სილიკონით დატუმბვის პლასტიკური ოპერაცია „დიდ მოდაშია“, რაც სხეულის ამ სრულიად ჩვეულებრივი ადგილის აბსოლუტურად არაბუნებრივ „გამობურცულობას“ აძლევს. აღარაფერს ვამბობ მკერდის „აზვირთების“ ქრონიკულ ბუმზე. სილიკონიზაციაც ერთგვარი „გვამური“ პროცესია, ქალზე გამარჯვების ვიზუალურ – მანიპულატორული ისტორია; სხეულში გვამის, ნეიტრალური სუბსტანციის შეყვანა, რომელიც მის მფლობელზე აბსოლუტურად არაფერს ამბობს, გარდა, ასევე სილიკონიზირებული სტატუსის მიღწევის მცდელობისა. იგი თითქოს ცოცხალს სიცოცხლეს ჰპარავს, „აცელოფანებს“, „აგვამებს“. დიდი ხნის წინ სრულიად ამერიკულ ნაციონალურ ღონისძიებაზე, ამერიკულ „სუპერბოლზე“ ჯასთინ თიმბერლეიკისა და ჯენეთ ჯექსონის დუეტის დროს მომღერალმა მამაკაცმა ვითომდა ხელის შემთხვევითი მოძრააბით ქალს მკერდი გაუშიშვლა. იდეალური ფორმის სილიკონის ძუძუ კარგად გაიყიდა, „სუპერბოლის“ თამაშზე უკეთესად. თავისთავად ამ ქალის შიშველი მკერდი ნამდვილად არ გამოიწვევდა შოკს, მის გაშიშვლებაში მამაკაცის ხელი რომ არ ჩარეულიყო. საფეხბურთო შოუ ქალის მკერდმა „მოიპარა“... მამაკაცის ხელით.
***
არც ისე დიდი ხნის წინათ საპატრიარქოში ერის სულიერების მამების თვალწინ „ეროვნულებში გამოწყობილებმა“ ქართველმა გოგონა მოდელებმა, არადეკოლტირებულ–არამინიკაბებით შემოსლებმა ჩაიარეს. “სილუეტების“ ეს დეფილე – ექსპოზიცია შავ ანაფიორიან – ჯვრიანი მამაკაცების თვალწინ პერფორმირდა. ალბათ, საპატრიარქოს აზრით, ეს მაღალ–მაღალი ნარჩევი, „არიული“ სხეულის პატრონი მდედრობითი სქესი ის პოტენციური დედები არიან, ვინც მესამე შვილი უწმინდესაა და უნეტარესს მასობრივ – „პოპკულტურულად“ უნდა მოანათლინონ. ამ ჩვენების დროს ძალიან ნათელად დაიხატა ერთი მუდმივმოქმედი „წყალგამყოფი“: სად დგას ქალი თავისი რეპროდუქციული ფუნქციით, როგორც ეროვნული ტრადიციების (მართლმადიდებლური რწმენა და ა.შ.) კონტეინერ–სხეული, რელიგიურობის რეციპიენტი და სად – უნივერსალური მამა (მამები), რწმენის დონორი (დონორები), რომლებსაც კადაფის ბედი არასოდეს ელოდებათ, რადგანაც ისინი ამ ქალის სხეულებით არიან დაცულნი (სხვათა შორის, კადაფის ქალი მცველების დიდი გუნდი ჰყავდა). სილამაზის კონკურსები და ზოგადად სხეულთა „სტატუსების“ ამგვარი ურთიერთმიმართების კონსტრუირება და სტანდარტიზაცია კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ ძველი თუ ახალქართული (და არა მარტო) მამაკაცური იდენტობის, გმირის ჩამოსაყალიბებლად სწორედ ქალის სხეულია პოლიტიკურად და კულტურულად ყველაზე ხელმისაწვდომი საზოგადო რესურსი. ხოლო თუ კაცურ შერკინებაში სუპერმენებს ოდისევსსა და ციკლოპს ანდა თესესსა და მინოტავრს შორის რომელიმე დამარცხდება, დამარხცხებული ძირსდაცემული კადაფივით ლეშად უნდა იქცეს და „დასაჭურისდეს“, რადგან დამარცხებული მამაკაცის „ბრწყინვალე გვამი“ ლეგიტიმურად „ამის ღირსია“; იგი ევას არ და ვერ „მიიღებს“. დამარცხებულის ქალები კი სხვა მამას, სხვა „პატრონს“ უნდა გადასცენ ანდა პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად აზიის „ფრანცუჟანკებად“ გადაიქცნენ, რათა კვლავ პატრიარქალური გემოვნების კანონებს დაემორჩილონ. „მადლობა ღმერთს“, პლასტიკური ოპერაციების ინდუსტრია არასოდეს გაკოტრდება სილიკონისა და სასილიკონო სხეულების დეფიციტის გამო.
ნოემბერი 12, 2011
shokoladi.ge
No comments:
Post a Comment