მახსენდება „ალ – ქაიდას“ თავკაცის ბინ ლადენის ანდერძი, სადაც იგი თავის შვილებსა და შვილიშვილებს ჯიჰადს უკრძალავს და სთხოვს: „წადით ამერიკასა და ევროპაში, მიიღეთ კარგი განათლება. თქვენ უნდა ისწავლოთ, მშვიდობიანად იცხოვროთ და არ გააკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებ ან ვაკეთებდი“. მართალი გითხრათ, გამიკვირდა. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს ადამიანურობის ნაკუწი ჰქონია – შვილებისადმი დამოკიდებულება. ძალადობის სისტემაც კი ხანდახან „გამონაკლისებს“ უშვებს, აქილევსის ქუსლიც ჰქონია... რაღაც ჰქონია დასაკარგი. ღირებული. და აქვე ტელევიზორი კვლავ ახალ ამბავს ტრანსლირებს: ორი წლის წინ 25 დეკემბერს ამსტერდამ–დეტროიტის ავიარეისზე ნიგერიელ ტერორისტს უმარ მუტალაბს ასაფეთქებელი ნივთიერება საცვალში ჰქონდა დამალული. ჰოდა, რომ არა ერთ–ერთი მგზავრის სიყოჩაღე, ახლა სამყაროში 290 ადამიანით ნაკლები იქნებოდა. თავად ტერორისტიც არ იქნებოდა ცოცხალი. მისი თვითნაკეთი „ბომბი“ საცვალშივე აფეთქდა და, ბუნებრივია, მამაკაცს სასქესო ორგანო დაუზიანა. სასამართლოზე მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ადვოკატმა გააპროტესტა. სამართალმა არ იმუშავა, პრინციპში, ამ შემთხვევაში რეალურად ფიზიკური ზიანი ხომ მხოლოდ ტერორისტმა მიიღოო... საინტერესოა, რა არგუმენტით გააპროტესტებდა იურისტი განჩინებას, იმ დღეს იმ თვითფრინავში მისი შვილი რომ მჯდარიყო... ცხადია, „პროფესიონალის მუნდირი“ ამგვარ სენტიმენტებს გამორიცხავს, მაგრამ მაინც...
ასე 10 წლის წინ 20–25 ადამიანს შორის პორნოგრაფიისადმი დამოკიდებულების თაობაზე ბლიც–გამოკითხვას ვატარებდი. მახსოვს, რომ ჩემს ჩეჩენ მეგობარ ალისაც მივმართე. იგი ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ჩეჩნეთში გადასვლის მიზნით გვსტუმრობდნენ, მეგზურობას უწევდა. ალის ისინი საზღვარზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩეჩნეთში გადაჰყავდა და როცა უკან ბრუნდებოდა (ყოველ ჯერზე მეგონა, რომ ვეღარ ვნახავდი) მოკრძალებით, ოლიმპიური ლაკონურობით ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში მონაწილეობის ისტორიებს ისე მიყვებოდა, რომ გული მიჩერდებოდა. უფრო ამ ცივი, ოლიმპიური ლაკონურობის გამო: მესროლა. ვესროლე. სისხლისგან დაიცალა. მიწაზე დაეცა. დახვრიტეს. ააფეთქეს. მოკლეს. მეგონა მომკლა. დამჭრეს. წავათრიე. ჩემს თვალწინ აფეთქდა. ტყვიმ ყურთან გამიწუილა. . . მეუბნებოდა, ომის მერე 50 კგ. დავიკელიო... არადა ისეთი სიფრიფანა იყო, იფიქრებდი, ნეტავი, თუნდაც „ნაკლული“ ხუთი ათეული კილოგრამების დამატებით „კალაშნიკოვი“ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ამ მაჩოს როგორ ეჭირა – თქო. მის ქვეყანაში ქალის სტატუსის თემას აქ არ განვავრცობ... ჰოდა, ვკითხე პორნოზე რა აზრის ხარ– თქო? კითხვა არ გაკვირვებია. მითხრა, რომ მხოლოდ ერთხელ უყურა, გული აერია. თან გაუფიქრია: ნუთუ იმ ქალს, რომელიც იქ თამაშობს, მშობელი ან შვილი არ ჰყავსო? მისი პასუხი ყველაზე განსხვავებული იყო... პორნო – მამაკაცებზეც ვკითხე: განა, მამაკაცზე იგივე არ უნდა გაიფიქრო – თქო? არაო, ქალი უფრო დამცირებული ჩანსო... მამაკაცს რა უჭირსო, მაგრამ, აი, მამამ, რომელიც თავის შვილს ასეთ ფილმში ნახავს, თავი უნდა მოიკლასო... ვკითხე, „ოჯახის ღირსების“ შესანარჩუნებლად, გოგოც ხომ არ უნდა მოკლან, მამამ ცოლიც ხომ არ უნდა მიაყოლოს–თქო? არაო...
ბავშვობაში მეგონა, რომ მონობა, ფეოდალიზმი, ტოტალიტარიზმი, აბსოლუტიზმი, ფუნდამენტალიზმი და ნებისმიერი ძალადობრივი „იზმი“ თუ „ისტობა“ მსოფლიოში ვერასოდეს დამრკვიდრდებოდა, ადამიანს დაჩაგრულის ადგილას განა საკუთარი თავი, არამედ საკუთარი შვილი, თუ შვილი არა ჰყავს, ძმისშვილ – დისშვილი ან შვილიშვილი რომ წარმოედგინა. აი, მაგალითად, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია. რას გადარჩებოდა მსოფლიო და კერძოდ, საქართველო, ამ რევოლუციის თავკაცებს თეთგვარდილებისა და კომუნიზმის სხვა მტრების ადგილას თავისი შვილები რომ წარმოედგინათ; ვლადიმერ პუტინს თავისი ერთი ქალიშვილი – ელზა კუნგაევას ადგილას; მეორე ქალიშვილი – საქართველოს დაბომბვის დროს რომელიმე სოფლის მინდორში: ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში – სლობოდან მილოშევიჩს; რუანდაში – ტუტსისა და ხუტუს ტომებს; თბილისში – სანდრო გირგვლიანის მკვლელებს; თავისი შვილები – ბავშვი–თვითმკვლელების მწვრთნელებს (ასეთებიც არსებობენ), თუმცა ვინ რას უწყის ამ უკანასკნელთა ფსიქოლოგიის შესახებ? ... ანდა როცა მთვრალი ადამიანი მანქანის საჭეს უჯდება, ანდა როცა ფალსიფიცირებულ წამალს ამზადებს ანდა როცა კაცი ქალს აუპატიურებს ანდა როცა სხვისი ქონების „ძმურად“ გაყოფას ითხოვენ ანდა როცა ღალატობენ ანდა როცა ცილს სწამებენ, კლავენ ან სიკვდილით სჯიან... და ასე დაუსრულებლად. გაცვეთილ მაქსიმაში „არ გაუკეთო სხვას ის, რაც შენ არ გინდა გაგიკეთონ“, წინადადების ბოლოს ოდნავ შევასწორებდი –„შენს შვილს არ გინდა გაუკეთონ“... თუმცა არამიამიტურად ისიც ვიცი, რომ ეს პრინციპი ყველა შემთხვევაში არ მუშაობდა და არც იმუშავებს. ავიღოთ, თუნდაც ომის დროს ბავშვების ცოცხალ ფარად გამომყენების პრაქტიკა (ბუნებრივია, არ შევუდგები მამა ღმერთისა და ძე მისის ურთიერთმიმართების თეოლოგიურ დისკურს–დისკუსიას), მაგრამ იქნებ ჰუმანურობისა და სამართლიანობის ეს უძველესი კანონი მოძველდა და ახლა სულ სხვაგვარ სენტენციად უნდა ტრანსფორმირდეს? აქ არაა საუბარი კოსმიური მეგაპრობლემების გადაწყვეტაზე ანდა ცივილიზიაციური არმაგედონის შეჩერებაზე. საუბარია არაა სიყვარულისა და თავისუფლების პერსონალურ გეტოებზე, სამყაროს გაგების შინაგანი თუ გარეგანი სიმბოლოების დინამიკაზე, არამედ სულ სხვა სახის ერთობაზე, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ინდივიდუალური კაბინეტები, კოლექტივისტური ერთობები, პოსტმოდერნისტული თამაშები თუ პოლიტიკური რეჟიმები თავისი საპროტესტო მოძრაობებით. მსოფლიო ისტორიამ, განსაკუთრებით კი XX საუკუნემ და XI – მაც გვაჩვენა, რომ ადამიანი თავის სიცოცხლეს უნიკალურად ღირებულებად არ განიხილავს, მაგრამ შვილისას – კი ... უფრო სწორედ, იქნებ კი...
ადამიანს „სჭირდება“ მტერი, სხვა, განსხვავებული, არამოყვარე, შორებელი ან გამოგონილი მტრის შვილი, რათა თავისი „საზღვარი მონიშნოს“, შემოღობოს, იდენტიფიცირდეს, სხვასაც მოუნიშნოს, განმანძილდეს „უსაფრთხო დისტანციაზე“, არ დაემართოს „ფსიქიატრიული დაავადება“ – საკუთარი „მეს“ გადღვებვა, უსაზღვროობა, სხვაში გახსნა, დაკარგვა, აორთქლება, როცა ერთგავრად სუბიექტ–ობიექტის აღრევა და გასადავება ხდება. არადა ის, რაც ადამიანს ემპათიის, თანაგრძნობით, თანაგანცდით ემართება სრულიად უნიკალური, მისტიკურია და ხორციელ ჰუმანისტად აყალიბებს. და არავინ იცის, როგორ უნდა მოხდეს ამ თანაგანცდის გადანაწილება – დოზირება. ლევი ბრიუელის ტერმინი Participation Mystique (მისტიკური თანამონაწილეობა) გარკვეულწილად მართებულია ამ კონტექსტში ყოველგვარი ფსიქოანალიტიკური ან მორალისტური ჭინთვების გარეშე. ადამიანი, რომელიც ბავშვს სნაიპერული იარაღის მიზანში იღებს არის . . . სამყარო ადამიანების გარეშე. შავი ლაქაც კი არაა და არც წითელი წერტილი. ჩემთვის ასევე წარმოუდგენელია, როცა სიკვდილით დასჯის პროცედურას მინის კედლის უკან ცნობისმოყვარე აუდიტორია – მისი სიკვდილის მოწმე – მნახველები ჰყავს...
შარშან სექტემბერში, როცა მსოფლიოს დიდი და პატარა სახელმწიფოების ლიდერები გაეროს ტრიბუნიდან ერთმანეთს ჯოჯოხეთისა და სამოთხის დეფინიციაში ეჯიბრებოდნენ, ამერიკაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ჯორჯიის შტატში სიკვდილით ტროი დევისი დასაჯეს. მან 1989 წელს რესტორნის დაცვაში მომსახურე პოლიციის ოფიცერი მოკლა. ვერც განჩინების იურიდიული გზებით მრავალგზის გასაჩივრებამ და ვერც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამართულმა ქუჩის საპროტესტო აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო. სისხლის სამართლის სარანგები არ დაიღალნენ და არ შედრკნენ.
1993 წელს, მინესოტას შტატში 16 წლის ოშეა იზრაელმა წვეულებაზე ატეხილი ჩხუბის დროს დედისერთა, 20 წლის ყმაწვილი ლარაიმიუნ ბაირდი თავში გასროლით მოკლა... მას მერე რაც მოკლულის დედამ მერი ჯონსონმა ყველა არსებული და არარსებული, ამქვეყნიური და იმქვეყნიური ტანჯვა გაიარა, მან გადაწყვიტა თავისი შვილის მკვლელი ციხეში მოენახულებინა და ერთადერთი კითხვა დაესვა: რატომ, რისთვის მოუკლეს შვილი... მკვლელისა და მოკლულის დედის შეხვედრა შესდგა. ქალი მას მერე ციხეში ხშირად მიდიოდა და ბოლოს ლარაიმიუნის მკვლელს, რომელმაც მოინანია, შეუნდო, აპატია. მაგრამ, განა დაივიწყა. აპატია. ჰოდა, 2011– ში ციხიდან გამოსული ოშეა სწორედ მისი მპატიებლის გვერდით დასახლდა. სექტემბერში კი ამერიკული ტელევიზიით გამოსვლისას ისინი ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და საუბრობდნენ ღმერთზე, სიყვარულისა და პატიების ნიჭზე. ახლა იმ ქუჩაზე, სადაც ეს ორი ადამიანი ცხოვრობს, მათ მხოლოდ ერთი კედელი ჰყოფთ. ოშეა ქალს დედას უწოდებს, მერი ჯონსონი ოშეას კი – თავისი სულიერ შვილს. და სულ ატარებს გულსაკიდს, რომლის წინა მხარეზე დედა - შვილის გამოსახულებაა, უკან კი – ადამიანის, ვისაც ეპატია...
No comments:
Post a Comment