Monday, September 24, 2012
ქართული ნაციონალური ოცნების ჰიპ–ჰოპ ფობია
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფაქტობროვად, ყველა მოძმე რესპუბლიკამ ნაციონალური იდეის/პროექტის მშენებლობის პროცესი მეტ–ნაკლები სიმძაფრით გაიარა. ბუნებრივია, მისი თანმდევი მოვლენები იყო და არის წარსულის გახსენება (ჩვენებური „აუღებელი“ ბაზალეთის ტბის ფსკერის ბინადარზე ოცნებითურთ), ისტორიის რაინდული რომანტიზაცია–გაფეტიშება, უზენაესი მისიის შეგრძნების იდეოლოგია და დღევანდელობაზე ომგამოვლილი წარსულიდან მორჩენილი აუხდენელი ოცნებების კომპენსატორული პროეცირება. ბუნებრივია, ნაციონალურ „დეველოპერულ კომპანიას“ გენდერული როლების მატრიცა, როგორც ორგანული შემადგენელი, ყველგან თან დაჰყვება. ამგვარი პროექტის წარმატება ქალის დაწერილი თუ დაუწერელი ხატების გარეშე წარმოუდგენელია. „ისტორიულად“ ქალის კულტის ქვეყანაში ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახოვან ფაზაში, ანუ 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპული გოგონების/ქალების ერთგვარი სიტუაციური კულტიც კი გაჩნდა, როცა ყველა სრულწლოვანმა და არასრულწლოვანმა, გოგონამ/ქალმა თუ ბიჭმა/მამაკაცმა იმ ღამით რუსის ჯარის მიერ დაჩეხილი თუ გაგუდული გოგონებისა და ქალების სახელები და გვარები ზეპირად იცოდა. ქუჩებს მათი სახელები დაერქვათ, სახლში მათი შავარშიაშემოვლებული სურათები იდო. მამაკაცები გაიძახოდნენ: „ქალები, გოგონები (მომავალი დედები) დაგვიხოცეს, ამათი დედა!“; ამას მოჰყვა 1991 –92 წლების სამოქალაქო დაპირისპირება და ომი, სადაც ქალებს ვერბალურად თუ ფიზიკურად უკვე არა რუსი როდიონოვი, არამედ „ეროვნულები“: „ნაციონალური გვარდია“, „მხედრიონი“ და ჩვენი „ინტელიგენცია“ შეურაცხყოფდა. მერე ქვეყანას მოშივდა–მოწყურდა, შეცივდა და შემდგომ „თურქეთის ქალებად“ წოდებულებმა ამავე ჯარის ჯარისკაცებს მაიონეზი და „დუბლიონკები“ ჩამოუტანეს; მერე კი გზა დასავლეთისკენ გაიხსნა, საითკენაც უმეტესად ქალები დაიძრნენ... ოღონდ არ და ვერდაბრუნებულები, თუმცა უკვე „მოდერნიზირებულები“ – „ევროპასა და ამერიკაში“ გაჭრილი ფანჯრებიდან სამშობლოში ჯიპებისა და ბოლო თაობის კომპიუტერების გამომგზავნი, შვილების ფასიანი სკოლებისა და უნივერსიტეტების დამფინანსებლები; მათ შორის, საკუთარი ქმრებისა და მათი ახალი ცოლების შეუღლების ქორწილ–თაფლობის თვეებისაც კი. უნებლიეთ, რასაკვირველია. მარად დედებისთვის ახალდაქორწინებულებს „კურთხევაც“ კი არ უთხოვიათ... და ქართველმა ქალებმა სამშობლოს ისტორიის შექმნასა და აღმშენებლობაში ასე და ამგვარად თავისი წვლილიც შეიტანეს.
რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეა: სახელმწიფოებრივი მშენებლობა ანდა რომელიმე ისტორიული ფორმაციის ეტაპი ყოველთვის ხასიათდებოდა ფემინოფობიით/მიზოგინიით (აქ არ იგულისხმება მხოლოდ დახურული საზოგადოებიდან ღიაზე გადასვლის სამშობიარო ტკივილები). ხან „კულტურულად“ შენიღბული (სარეცხი ფხვნილების რეკლამა და სილამაზის კონკურსები) და ხანაც – ზღვრულად ვულგარული ( ქალი – ლუდის დესერტი; ქალი – ძველი, იგივე ნახმარი მანქანის ალეგორია) სექსიზმით. მაგრამ რადგანაც სექსიზმი ლოკალურად თუ გლობალურად ჯერჯერობით სოციალურ პერვერსიად არაა შერაცხული, ამიტომაც საზოგადოება აშკარა თუ შეფარულ სექსიზმზე მეტ–ნეკლები სიყრუით რეაგირებს. უფრო სწორად, არ რეაგირებს. ტოტალიტარული რეჟიმი თავისთავად სოციალური პერვერსია იყო და განა მარტო სოციალური? იგი სექსუალური, გენდერული პერვერსიაც გახლდათ. აქ უპრიანია ვახსენოთ საზოგადოების აღქმელობისა და მგრძნობელობის სელექციური უნარი. გულაგის საშინელებათა დაგმობისა და გაკიცხვის ფონზე, წითელი ტერორის ავტორების და შემსრულებლების სექსუალური მადა, ორგიები, ქალებზე ძალადობა დიდად არასოდეს გაკიცხულა, რადგანაც „ქალის ანატომია მისი ბედისწერაა“ და ამ ბედისწერის სისრულეში მოსაყვანად პატრიარქატს სულაც არ სჭირდება ნებართვის აღება, ან რაიმე დახვეწილი პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენება – გამოგონება. მიჩუმათებულია მეორე მსოფლიო ომისა და ზოგადად ომების დროს ქალზე ძალადობა და თუნდაც ის არასრული სტატისტიკა, რომელიც ამ მხრივ დღეისთვის არსებობს. ოფიციალურად აღიარებულ მტერზე რომ არაფერი ვთქვათ, ეროვნულ ბოლშევიკ მაჩოებს მშვიდობიან პერიოდში სასურველი ქალის დაუფლება ნაკლად არ ეთვლებოდათ, რადგანაც დაუფლების, კონტროლის საკითხი, როგორი პრიმიტიული, გარდამავალი ეტაპის ან მოდერნიზირებულიც არ უნდა იყოს საზოგადოება, ომის და მშვიდობიანობის დროსაც ძალისა და ძალაუფლების, სტატუსისა და იდენტობის კონცეფციის „ღერძული დაავადებად“ რჩება. თანამედროვე, მეტნაკლებად ლიბერალურ საზოგადოებაშიც არანაკლებადაა შესამჩნევი სოციალურ–კულტურული, გნებავთ, პოლიტიკური სტატუსის დამკვიდრების მცდელობა სხვისი დაკნინების (ამ შემთხვევაში ქალის) ხარჯზე, მაგრამ ამგვარ საზოდოებაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე „ვერ გაიქაჩები“, თუ შენს C.V. – ში სექსიზმის „ქეისები“ იყო... ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება მოდარაჯე ძაღლის ფუნქციას ასრულებს და ის, რაც არასკანდალურია მეეზოვისთვის, პოლიტიკური პოსტის მაძიებლისთვის პოლიტიკური პერსპექტივის სამუდამოდ დამკარგავი შეიძლება გახდეს. სილამაზის კონკურსის მფლობელი პოლიტიკურად უმწიფარი დონალდ ტრამპი თავად გამოეთიშა პოლიტიკურ ასპარეზს. მის ამ საპრეზიდენტო ტაკიმასხარაობას სერიოზულად არც არავინ განიხილავდა... თუმცა ამერიკულ პოლიტიკურ სპექტრში სილამაზის კონკურსების მონაწილენი კანტიკუნტად არიან, მაგრამ ამას ახალგაზრდობითა და უმწიფრობით ხსნიან, ხოლო პოლიტიკურ ასპარეზზე შებიჯებისას აცნობიერებენ, რომ სექსიზმი პოლიტიკური კოზირი ვერ იქნება. არამედ, პირიქით – წამგებიანი ნაბიჯი.
1990 წელს რეპის ამერიკულმა ჯგუფმა Geto Boys ერთი ფემინოფობური „სონგი“ იმღერა, რომლის ტექსტი დაახლოებით კი არა, სწორედ ასე ჟღერდა: „იგი ტიტველია და მე მოთვალთვალე ტომი ვარ,/ მისი სხეული ლამაზია და ამიტომაც მე ვფიქრობ, გავაუპატიურო იგი“. როგორც ჩანს, ამ ბიჭების აზრით, ქალი, არც მეტი არც ნაკლები, გასაუპატიურებელი მეძავია. რეპერები ერთადერთნი არ არიან, ვინც ქალის შეურაცხყოფას აჰიპ–ჰოპებენ. 1976 წელს „როლინგ სტოუნზმა“ გამოუშვა ალბომი „შავი და ცისფერი“, რომლის პრომო – სურათზე გაკოჭილი და შავად დალაქავებილი ქალი ეხატა. ანდა რად ღირს ამავე ჯგუფის სექსისტური ჰიტები: „ჩემი დიდი თითის ქვეშ“ და „სულელი ქალი“... თავი რომ დავანებოთ პორნოსაიტების თურმე ყველაზე ხშირად ყურებად კატეგორიებს (ქალზე ძალადობა, უშვერი სიტყვებით სექსუალური მეძიებლობა, გაუპატიურება, პედოფილია, ინცესტი და სხვა ბრუტალური სცენები), ინეტში მომრავლდა თამაშები, სადაც მოთამაშეს შეუძლია ანიმაციურ გოგონას/ქალს კვალდაკვალ სდიოს, აწვალოს, გახადოს, სცემოს და „იხმაროს“ თუნდაც მეტროში, ანდა სადაც მოესურვება. ძნელად წარმომიდგენია, ამგვარი „თამაშის“ მთავარ გმირად ქალი გამოიყვანონ. ჰო, კიდევ: ქალზე სექსუალური ძალადობის ინტერნეტთამაშები ჯერჯერობით ომობანას ჩამორჩება... ეტყობა, გაუპატიურებით გართობა მოკვლით გართობას რეიტინგით ჯერ ვერ შეწვდა. უდავოდ, გამარჯვებული მასკულინობის კონსტრუირებისთვის ძირს გაგორებული და სისხლში ამოსვრილი კაცი უფრო პრესტიჟულ – ოპერატიული ხერხია. აბა, ქალის შეურაცხყოფას რა უნდა... დიდი ამბავი...
ჩვენს სამამულო ესტრადასაც შეუძლია ფალოცენტრიკი მომღერლებით დაიკვეხნოს: კარგად მახსოვს ამჟამად სადღაც გამქრალი ლექსენის ყვითელპრესული აღიარებები, სადაც იგი ნებისმიერი ქალის გაჟიმვის უნარს დიდი ბრავადით აღწერდა და მერე კი თურმე ქალს იქვე მიატოვებდა, რადგანაც ქალი „ამით მოწურული იყო“ და ამ გარემოებათა გამო ეს ჩვენი ველურჟინიანი კაცი „ძაან მაგარი“ ხდებოდა. რაგორ? როგორ და ჩვენს „გეტო ბოი“ ლექსენს მაგრობაზე მხოლოდ მისი ფალოსისხელა პრეტენზია ჰქონდა და ამ პრეტენზიის სიცოცხლისუნარიანობას უპირველესად საკუთარ თავს უმტკიცებდა. ამას წინათ კი ქართულ „ესტრადაზე“ ახალი „მაგრობა ბიჭი“ – ბერა გამოჩნდა. იგი საკუთარ თავს „ახალ თაობას“ უწოდებს: კაი მამის შვილი, კაი დედას (როგორც თავად ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, ცოლი მოტყუებით მოიყვანა) სიმღერ–სიმღერ რომ ემადლიერება და თანაც თბილისიდან პარიზის გავლით შტატებში ჩამსვლელი, მამის რუსული რესურსებით „ამერიკულ დროზე“ მყოფია. არა, ბერა რუსულს არაფერს ახსენებს, უფრო თავის სასქესო ორგანოს შესაძლებლოებებსა და ვიზუალურ ჰალუცინაციებს: „სხვადასხვა ქალს ვხედავ თითო თვალშიო“. საწყალმა ლექსენმა ამდენი ვერ გაქაჩა ვერც მამით და ვერც სექსით „დილის ექვსამდე“ (ეს ბოლო ფრაზა ბერას კომპოზიცია „ჰიპ–ჰოპ ვალსიდანაა“). თანაც ლექსენის ნახმარი „ბერას ნახმარს“ (ვციტირებ) როგორ შეედრება? ბერას ერთ–ერთ მოძრაობას ორი „საგნის“ ჩვენება ახლავს – ახლახან დასაკუთრებულ თუ დასასაკუთრებელ ქალს მანქანა ცვლის. რაღა გადაადგილების საშუალება და რაღა მდედრიო.
ბერა გვახსენებს: მამაჩემის შვილი ვარო, თანაც „ორმაგი ფასი დაადეთ ბერას ნახმარსო“, თან ხელით შარვლის უბისკენ უთითებს, რომ სურათი უფრო ცხადი გახდეს და არსებულ საქმეთა ვითარებაში ეჭვი არავის შეგვეპაროს. არადა ლოგიკურად, ვინაიდანაც და რადგანაც მამას პრეზიდენტობა სურს, თან თავის თავზე (უცნაურია, რომ ივანიშვილი ამგვარ ფრაზებში „ჩვენ“ ნაცვალსახელს არასოდეს იყენებს) დემოკრატიის მშენებლობის პროცესს სრულად იღებს, ხოლო ჰიპ–ჰოპ ვალსისტი და პუბერტატის ასაკს გადაცილებული მისი შვილი ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი პრომოუტერია თუ პარტიულ ყრილობაზე, თუ პატრიარქთან შეხვედრაზე, ვფქირობ, მთლად „ერთი ღამის ერთგულებაზე“ (ვციტირებ) სიმღერა და კონცენტრირება არა ღირს. „ქართული ოცნება“ ხომ ერთ ღამეზე მეტს გვპირდება. თანაც ეს ოცნება ხომ ღვთისმშობლის წილხვედრ, უწინდელ ქალის (ქართლის დედის) კულტის ქვეყანაში უნდა განხორცილედეს. ბერა მღერის: „ნამდვილი მირჩევნია ყალბ ქალიშვილსო“, ანუ ვისაც მამაჩემის შვილი შეეხება (ბერა „სიმღერაში“ საკუთარ თავზე მესამე პირშიც „მღერის“), როგორც მინიმუმ, ექსპერტიზაგავლილი კადრი უნდა იყოსო. როგორც ჩანს, მამისგან განსხვავებით, შვილი უფრო მეტი ამბიციურობითა და პატივმოყვარეობით გამოირჩევა, რადგანაც, როგორც დიდი მამა გვპირდება: განურჩევლად ყველას გიყიდოთო, ამის საშუალება მაქვსო, ოღონდ სანამ დროა, მოდითო, გადმოდითო, გამოირბინეთ ჩემკენო; შვილმა კი – ჩემთან მხოლოდ ქალწულებრივი კდემამოსილების მქონეებს გექნებათ „ნამდვილი ცხოვრება, ნადვილი გართობა, პრადა, არმანიო“. სამამულო არაფერი დაუსახელებია. თუნდაც „ავთანდილი“ . . . არა, უკავრავად, ავთანდილი ბადრი პატარკაციშვილის სახელს ახლობლურად უკავშირდება. ეტყობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ქართული მოდის ბრენდის კანდიდატურა დაიბრაკა. ერთი სიტყვით, ბერამ ჩემი ფალოსის წყალობა ქალწულობით დაიმსახურებაო: თქვენ, ქალებო, იქალწულეთო, მაგრამ, აი, მე, კაცი ამერიკულ დროზე ვიქნებიო. აგერ ამერიკული დროის მტკიცებუელბაც: ბერას რიჰანასთან სურათი გადაუღია. ეს ის რიჰანა არაა, მისმა ბოიფრენდმა, მომღერალმა კრის ბრაუნმა რომ სცემა და მომღერლის დასიებულ–გალურჯებული სახე მთელმა მსოფლიომ რომ იხილა? ამ „ინციდნეტს“ სრულიად ამერიკაში ოჯახურ ძალადობაზე დიდი დებატები მოჰყვა. მაგრამ ქალმა იგივე გააგრძელა. აბა, კიდევ ერთი, ოღონდ ეპოქის სუპერმენის – ფროიდის მოსაზრების ქალის თანდაყოლილი მაზოხიზმის გარეშე კაცური საქმე იგივე ბიზნესი როგორ გამოვა? ფილმი და კლიპი როგორ შეიქმნება? აგერ რიჰანა ემინემთან დუეტში მეგობარ მამაკაცს ეუბნება: „ მე მიყვარს, თუ როგორ მატყუებო“ და დიდი ვნებით მღერის That’s All Right, Because I Like the Way Its Hurts (You Lie) .არაუშავსო, მე მიყვარს, როგორ მტკენო და როგორ მატყუებო. კლიპის ლიბრეტო კი ასეთია– კაცი ქალს ღალატობს. ქალი საქმეს ურჩევს. კაცი ბრაზდება, თან უხსნის, რომ სუპერმენი ვარო, რა ვქნა, გენაცვალე, ბუნებამ კაცად გამაჩინაო; კი გიღალატეო, მაგრამ ეს რანაირადო, რატომ მიდიხარ ჩემ გამო, მე ხომ კაცი ვარო და ა.შ. ბოლოს ქალს გაარტყამს. ფინალში კი ყველაფერი იწვის. დოლარების გარდა (ეს უკვე ჩემი ინტრეპრეტაციაა). რადგანაც იგი (დოლარები) ბანკში თუ მის გარეთ საიმედო ადგილსაა დაბანდებული. რიჰანას ფულის თავზე ცვენის პრობლემა არა აქვს. არც მის ბოიფრენდს. არც ცემამდე და არც ცემის შემდეგ. ერთი სიტყვით, ამერიკელ რიჰანას თავი რომ დავანებოთ, ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, თანაც, თავზე არ გვაცვივა ეს ვალუტა, როგორადაც არ უნდა ვატრიალოთ ეს ერთადერთი სააზროვნო ორგანო. ამიტომ, პაჭკა–პაჭკა დოლარების მოსავალზე მაინც ვიოცნებოთ. აი, ისე, ერთ ქართულ სიმღერაში რომ იყო. ოღონდ ბერამ, ამას დამსახურება უნდაო. არადა, მართალია ეს ჩვენი ოცნების ახალგაზრდა სარანგი – ივანიშვილების სუპერსექსუალურ–პოლიტიკური ცნობიერება–ქვეცნობიერის გამომხატველი. და საერთოდაც: რით არაა ეს ყველაფერი „ქართული ოცნება“?
„ქართული ოცნება“ არაა პირველი „პარტიული“ ფანტომი, რომელიც ამდაგვარი სახელწოდებით წარსდგა. თუ ოდესმე მეცნიერების ახალი დარგი „ოცნებალოგია“ დამკვიდრდა, ჩვენი პარტიული გაერთიანებები მეწინავე ადგილებს ნამდვილად დაიკავებენ. „მრგვალი მაგიდა“ ასევე რაინდული ეტიმოლოგიის იყო. მერე რა, რომ იგი ბრიტანელი მეფე არტურისა და მისი მრგვალი მაგიდის რაინდების „ასლი“ იყო. იქ ქალს არაფერი ესაქმებოდა. უბრალოდ, ერთგულება მოეთხოვებოდა. ალბათ, ქალწულობაც. მერე „მოქალაქეთა კავშირი“ გაჩნდა. ეს სიტყვა „კავშირი“ ჩემთვის არაამნეზიურ სიტყვათშეთანხმებას „საბჭოთა კავშირს“, ალბათ, სამუდამოდ „დაუკავშირდა“. ერთი სიტყვით – საძმო. მერე გაჩნდა მოძრაობა, ოღონდ ნაციონალური. მერე იშვა „იმედი“ ერთმოსახელე ტელევიზიით (ამჯერად იგი სულ სხვას ეიმედება), ამას წინათ კი – ბაზალეთური რეფრენი ტიტულით „ქართული ოცნება“. მთლად ამერიკული ოცნებასავით არაა, მაგრამ – მაინც. ჰო, კიდევ: მთელი ამ „მოკლე ისტორიის“ მანძილზე ქართველი სუპერმენები თავის კარიერას სილამაზის კონკურსების ფონზე იმკვიდრებდნენ. წინა საუკუნის 80 – იანების ბოლოს თბილისის ფილარმონიის სკონცერტო დარბაზში გამართული არაგლამურული კონკურსებიდან (მაშინ რუსეთშიც ეს კონკურსები ახალი ხილი იყო და ამიტომაც იგი ჩვენებმაც „მოიფიქრეს“) სააკაშვილის პრომოუტერი რუსთავი 2 – ის „შეფის“ ეროსი კიწმარიშვილის ცოლის ბიზნესამდე. კიწმარიშვილი აღარაა რუსთავი 2 – ზე, მაგრამ ფემინოფობური მეინსტრიმი ხომ არის და თანაც უკვდავია. იტალიაში სამოდელო ბიზნესში ჩასატრიალებლად გასამგზავრებელი ქართველი გოგონების ზომა–წონაზე უფრო საკაიფო – ოცნებური რაღაა? აბა, ვის რაში აინტერესებს კოლუმბიის უნივერიტეტში ქართველი ქალის სასწავლებლად გამგზავრება (ცნობისთვის, სხვათა შორის, ასეთები მოგვეპოვებიან) თუნდაც ქართული მოდერნიზმის შესასწავლად? მოდელები კი უფრო კარგად თხოვდებიან. მათ შორის პოლიტიკოსებზე. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლისთანავე „ქართული იმედის“ მამამ ბადრი პატარკაციშვილმაც დააფინასა რაღაც მაგდაგვარი, სადაც გამარჯვებულ ლამაზმანს ბრილიანეტიბიანი დიადემა უნდა რგებოდა. მაგრამ ეს იმედი ცუდად გაცრუვდა. არაჰეპიენდურად. მერე სილამაზის კონკურსის ჟიურიში პირველი ლედიც შეიყვანეს. მერე ლამაზი და ჯვრებითმორთულტანსაცმლიანი მოდელები პატრიარქის წინ გაატარეს. უჩვენეს, აკურთხებინეს. აკი აკურთხა კიდეც. მერე პრეზიდნეტმა ეს სამოდელ – სააგენტოწვივებიანი გოგონები საბაჟოზე დავაჯინოთო, რათა ჯანსაღკბილებიანი ღიმილი რაღა სახლში და ლოკალურ პოდიუმზე, ბარემ სამშობლოს საკეთილდღეოდ აფრქვიონო, სადაც საჭიროაო. ახლა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რომელსაც თავისი ბიუჯეტით ფორმალურად მთელი საქართველოს ყიდვა შეუძლია, თავისი ქალწულებითა და არაქალწულებით. ამის შემხედვარე სააკაშვილმა მასე არ უნდაო, ივანიშვილს ვითომ გადაუჯოკრა, ლაზიკას ავაშენებ(თ)ო, ანუ „ქართული ოცნება“ vs. ლაზიკაო. ჭაობზეო (ნეტავ იქ ხომ არ გადაინაცვლა ბაზალეთის მუმდივმა და მოუხელთებელმა მკვიდრმა?), ლაზიკა ხომ თავად იქნება ქართულ ოცნებაო. ოღონდ უფრო ჭეშმარიტიო. სავარაუდოდ, იგი სილამაზის კონკურსების, ქალწული და არც ისე ქალწული გოგონების ადვილად შოვნის ადგილად გადაიქცევა – მშობლიური ლას–ვეგასი მწვანე დოლარების წვიმიანი სეზონით და „ნაშების“ გადახალისებით. ბერა კი „იბერიის გაბრწყინებამდე“ გლობალური გაჟიმვის აქციას და საოცნებო ორგაზმს გვპირდება. ალბათ, გაბრწყინების მერეც. არა უშავს. „ოქროს ბიჭუნა“ გაიზრდება. ახლა „ბინ–ბინ ბლა“–ს რეფრენად კი მღერის, მაგრამ დადგება დრო: ოცნება ახდება – იბერია გაბრწყინდება, საქართველო ნატოში და კიდევ სხვაგანაც შევა და ა.შ. და ბერას მისი აქტუალური პრობლემა– „მინდა ფული დავხარჯო, ვფიქრობ რაში“– შეიძლება გაუძლიერდეს, ანდა სულაც მოეხსნას, რადგანაც, რაც არ უნდა იყოს, კაი დედ–მამის შვილმა (აკი ამბობს კიდეც „ბოსი ვარო“, „ბერას ადგილი პირველიო“) იცის, სად, რა, როდის, რამდენი ჩადოს. და იქნებ ამ ჩვენმა „კაი ყმამ“ სცენაზე ენრიკე იგლესიასავით ვინმე უგვარ–უჯილაგო–უფულო ქართველ გოგონას საქველმოქმედოდ აკოცოს კიდეც (ეს გოგონა კი ამ გზით „გასელებრითდეს“, სამშობლოსავით გაბრწყინდეს) და ვინ იცის, იქნება ეს ჰიპ – ჰოპ ვალსი თუ განდაგანა, კარგადაც გამოგვივიდეს...
2012.01.11
netgazeti.ge
Labels:
პუბლიცისტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment