Tuesday, September 18, 2012

ოჯახის დეკონსტრუქცია და FUCK EURO – 2012




დედის დღე, რომლის აღნიშვნის ტრადიცია აშშ–ში 1908 წლიდან არსებობს, ამერიკელებმა მაისის თვის მეორე შაბათს იდღესასწაულეს. ამ დღემ დედისთვის, ცოლისთვის, შვილიანი გელფრენდისთვის ბოტოქსის ინექციაზე, კბილის იმპლანტებსა და ტანსაცმელ–აქსესუარებზე გამოცხადებული ფასდაკლების კომერციული რეკლამების; ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტის წინმსწები „წამოცდენის“ გამო ობამას მიერ „დროზე ადრე“ ფედერალურ დონეზე გეი – ქორწინების დაკანონების მხარდაჭერის განცხადების; სადო–მაზოხისტური, ეროტიკულ – ფანტასტიკური ბესტსელერის „გრეის 50 ჩრდილის“ ავტორის ერიკა ლეონარდ ჯეიმსის გაცნობის; სექსისტური ჟურნალის „კოსმოპოლიტენი“ წინააღმდეგ მიმართული „ანტიკოსმო“ კამპანიისა და ე.წ. „მიჯაჭვული მშობლობის“ ავ–კარგიანობის მწვავე განხილვის ფონზე ჩაიარა. ეს უკანსკნელი საკამათო მას მერე გახდა, რაც ჟურნალმა Time გარეკანზე ახალგაზრდა დედის ფოტო განათავსა, რომელიც ნიშნის მოგების პოზაში დგას. სკამზე მეძუძურის სამი წლის შვილია, რომელიც დედის რძეს მიირთმევს და ცალი თვალით ჩვენ გვიყურებს. საზოგადოება სამად გაიყო. ერთნი იმაზე მსჯელობდნენ, რომ დედამ პატარას ნებისმიერი რეგისტრის წამოტირებისას თუ კრუსუნის დროს ყველაფერი უნდა იღონოს, რათა შვილმა არ იტიროს/იკრუსუნოს, ძუძუ ჩაუდოს პირში და ამდაგვარად კვება გააგრძელოს იმ ასაკამდე, სანამ ბავშვს დედის რძის მიღების სურვილი აქვს; მეორენი აცხადებდნენ, რომ ქალმა თავისი თავი არ უნდა დაიდანაშაულოს თუ წამის მეასედში „სპაიდერმენივით“ შვილთან ვერ გაჩნდა, ხოლო დროის თუნდაც უმნიშვნელო ნაწილი ხანდახან მაინც საკუთარ თავსაც დაუთმოს, რაც ურიგო საქმე არაა, რადგანაც დედობამდე იგი ჩვეულებრივი ადამიანების რიგებში ირიცხებოდა; მესამენი ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და მზრუნველობის თუ ჰიპერმზრუნველობის აუცილებლობის დოზები ადგილზევე, სიტუაციისდამიხედვით უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება „ანტიკოსმოს“: ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევის თანახმად არასრულწლოვანი გოგონებისთვის ამ „რბილი პორნოს“ ჟურნალს საკმადო ხისტი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება შეაუძლია, რადგანაც გარდა იმისა, რომ იგი მოზარდი გოგონას სხეულის სექსუალიზირების აშკარა პროპაგანდისტია, ძალიან ხშირად გამოცემის ფურცლებზე განთავსებული სტატიები და ვიზუალური იმიჯები მოზარდებისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის მომტანიცაა – იწვევს საკვების მიღების მოშლას, კუჭ–ნაწლავის სხვადასხვა დაავადებებს, დეპრესიასა და ნევროზებს. მათ შორის დისმორფობიას. მიზეზი ერთია: გოგონები საკუთარი „მახინჯი“ და „შეუსაბამო“ სხეულის მორგებას დიეტებისგან გატანჯული არასრულწლოვანი მოდელებისა და ფოტოშოპში შექმნილ ხატებზე ცდილობენ.

წინა კვირას ერთსქესიანი ქორწინების მომხრეები სამოქალაქო უფლებების გამარჯვებასა და გეიწყვილების სახელმწიფოს ეკონომიკური დამოკიდებულებების სუბიექტრად (საერთო საბანკო ანგარიში, დაზღვევა, ქონების განაწილება–დამემკვიდრება, მეუღლის საავადმყოფოში მონახულების, ბავშვის შვილად აყვანის უფლება და ა.შ.) გახდომას ზეიმობდნენ; მოწინააღმდეგე კონსერვატორები ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის ისედაც მორყეული ფუნდამენტის საბოლოოდ მოშლაზე ალაპარაკდნენ, სამღვდელოება – მორალზე (თუმცა გამონაკლისებიც იყვნენ); დემოკრატთა მოწინააღმდეგეთა „ბანაკმა“ ანუ რესპუბიკელებმა პრეზიდენტს შეახსენეს, რომ იგი არც ისე დიდი ხნის წინათ კანონიერ ქორწინებად მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირს აღიარებდა და არ ითხოვდა „ქორწინების დაცვის აქტის“ (DOMA –Defense of Merriage Act) გადახედვას, რომელიც 1996 წლიდან ბილ კლინტონის ხელმოწერით არსებობს. ობამას დროს ასევე გადაიხედა მისი თანაპარტიელ კლინტონის მიერ 1993 წელს ხელმოწერილი პოლისი „არ იკითხო, არ უთხრა“ (DADT – Don’t Ask, Don’t Tell), რომლის მიხედვითაც ჯარში მსახურების დროს ლჯბტ თემის წარმომადგენლებს უფლება ჰქონდათ არ ეპასუხათ მათ სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ზემოხსენებული დადგენილების რევიზიისას კი ამ ადამიანებს თავიანთი სექსუალური იდენტობის შესახებ ყოველგვარი დაფარვის გარეშე შეუძლიათ ისაუბრონ. ამიერიდან ქვეყნის დაცვის სამსაურში, ისევე როგორც, მედიცინასა თუ სხვა დარგებში, მნიშვნელობა მიენიჭება არა ადამიანის სექსუალურ პრეფერენციას, არამედ პროფესიულ ცოდნასა და უნარ–ჩვევებს.


15 მაისი ოჯახის საერთაშორისო დღეა, რომელსაც ამერიკა დიდის შეშფოთებით შეხვდა. აშშ–ში პირველ ქორწინებათა 50 პროცენტიანი, მეორე – 60–70 პროცენტიანი განქორწინებით სრულდება. მესამეჯერ ოჯახის შექმნის მცდელობას კი განქორწინების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. სპეციალისტების აზრით, სექსუალურმა თავისუფლებამ, კონტრაცეპტივების მოხმარების დიდმა არჩევანმა და ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრებისადმი ლიბერალურმა დამოკიდებულებამ ოჯახის, როგორც ტრადიციული ღირებულებების მატარებელი ინსტიტუტის საჭიროების მიმართ ადამიანს პასუხიმსგებლობის გრძნობა შეუსუსტა. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ გეიქორწინების ნებადართულონისგან გამოწვეული აჟიტაციის პერიოდის გასვლის შემდეგ, ჰომოოჯახს ისეთივე პერიპეტიები შეიძლება გადახდეს, როგორიც – ჰეტეროს ანუ სავსებით შესაძლებელია გეი – ოჯახი, ისეთივე „შერყევის“ სტადიამდე მივიდეს, როგორც – ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი არა სამოქალაქო, არამედ ე.წ. კანონიერი სიყვარული.


წელს 15 მაისი გაეროს მიერ სამსახურში მოვალეობებისა და ოჯახის პასუხისმგებობების დაბალანსებულად განაწილების იდეის ეგიდით წარიმართა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სწორედ ასე განაცხადა: „ჩვენი მიზანია მსოფლიოს დასაქმებულ ადამიანებს ოჯახებისთვის ფინანსურ და ემოციური მხარდაჭერაში დავეხმაროთ და ამავე დროს საზოგადებას მის სოციალურ–ეკონომიკური განვითარებაში შევუწყოთ ხელი“. თუმცა ამ ბრტყელ–ბრტელ სიტყვებს არაფერი კონკრეტული არ მოჰყოლია და ვერც მოჰყვება, ასე რომ ეს მიმართვაც პოლიტიკოსის წინასაარჩევნოდ სამუშაო ადგილების შექმნის დაპირებას დაემსგავსა. მსოფლიოში 200 მილიონი ემიგრანტია, 650 მილიონს ზრდასრულ ადამიანს კი თავიანთი ქვეყნის დატოვება სურს. ძირითადად, ეკონომიკური მიზეზის გამო, თუმცა არავინ იცის სოციო – ეკონომიკური იღბლის ძიებაში სამშობლოს გარეთ რამდენი ოჯახის ერთი დაქორწინებული წერვია გასული, საშუალოდ რამდენი წელია საჭირო სამშობლოში დატოვებულ ოჯახთან გასაერთიანებლად და ახალ ალაგს მოწყობისას რამდენი ქმნის მეორე, ხანდახანაც მესამე ოჯახსაც. საიდუმლო არაა, რომ ადამიანების გარკვეული კატეგორია ემიგრაციის სამიზნე ქვეყნებში გადაადგილებისას თავის პირველ მეუღლეებს შორდება და მეორედ ერთი პრაგმატული მიზეზის გამო – უცხო ქვეყანაში ლეგალური სტატუსის მოსაპოვებლად ქორწინდება.


აშშ–ში სოციალური სამართლიანობის პოლიტიკამ და „ადამიანური სახის კაპიტალიზმმა“ რესურსების განაწილების დემოგრაფიულად მარკირებული უსამართლობის სივრცე შექმნა. „ბეიბი ბუმერების“ ეპოქის შემდეგ, მაშინ, როცა საშულაო და მაღალი კლასის წარმომადგენელს, რომელსაც მაქსიმუმ ორი შვილი ჰყავს, დაძაბული სამუშაო ბაზრის პირობებში სახელმწიფოს ხაზინას მაღალ გადასახადებს უხდის, სწორედ მის კისერზე „ეკიდებიან“ დაბალი და ძალიან დაბალი შემოსავლის მქონენი, მაგალითად, მორმონთა სექსტის წარმომადგენლები, სადაც მრავალცოლიანობის პრაქტიკა არსებობს, რაც, ფაქტობრივად, 60–70 და მეტი შვილის ყოლას გულისხმობს. ამგვარი, ჩემი აზრით, არა ოჯახი, არამედ ჰარამხანა „გვარის გამგრძელებლებითურთ“ დამოუკიდებლად, სახელმწიფოს სოციალური შემწეობის გარეშე ფიზიკურად ვერ იარსებებს. ამიტომაც გამოდის, რომ სწორედ „ვირული შრომისა“ და საგადასახადო დაბეგვრის გამო ერთ ან ორ შვილზე „გაჩერებული“ საშუალო კლასის წარმოადგენელი მორმონთა მრავალრიცხოვან ოჯახს კი არჩენს, მაგრამ, ფაქტობრივად, საკუთარ ვალდებულია საპენსიო ასაკამდეც პერმანენტულად მათ მონაგარს ხელი გაუმართოს. ამავე დროს, ღმერთმა დაიფაროს და მისი შტატი კალიფორნიასავით არ გაკოტრდეს, თორემ ოჯახსა და სახელმწიფო ბიუჯეტში „ფულის შემომტანის“ მიერვე საპენსიოდ დაგროვილი თანხა შეიძლება „ადგილზე“ არ აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ დღეში ერთდოლარშემოსავლიანი ქვეყნიდან, მაგალითად, მექსიკიდან ემიგრაციის „არალეგალური ვექტორი“ აშშ –ისკენაა მიმართული და ამ ნაკადს მექსიკისთან საზღავრზე აგებული „ჩინური კედელი“ დიდად ვერ შველის. ამავე დროს ბოლო 5 წლის განმავლობაში 4 ათასზე მეტმა ამერიკელმა უარი თქვა აშშ–ის მოქალაქეობაზე. როგორც, წესი, ესენი „თეთრკანიანები“, როგორც ამბობენ, ამერიკის ყველაზე წარმატებული და შეძლებული ფენაა. სწორედ ის ფენა, რომლის ხარჯზეც ბიუჯეტი ივსება და სოციალური სიკეთის „ძმური“ გადანაწილების სისტემა ფუნქციონირებს. აშშ –ის მოსახლეობის აღწერის სააგენტოს ცნობით 2050–ისთვის აშშ–ში „ევრო–ამერიკელების“ რაოდენობა პროცენტულად მოიკლებს.


ოჯახის საერთაშორისო დღეს ამერიკა მისთვისვე შოკისმომგვრელი ცნობით შეხვდა. ბიზნესი, რომელიც თავისი კაპიტალიზაციით ფეისბუკსის კონკურენტების რიგში შეიძლება ჩადგეს არის... სექსუალური სათამაშოების წარმოების ბიზნესი, რომლის ბრუნვამ წინა წელს 52 მილიარდი დოლარი შეადგინა. თავი რომ დავანებოთ ამ ციფრის თანმდევ „თავისუფალ“ ასოციაციებს, ამასთან დაკავშირებით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ადამიანის ცხოვრების წესი შეიცვალა, უფრო „კომფორტული“ გახდა, იგი თავს აღარ იწუხებს „ნამდვილი სიყვარულის“ ძიებით, რომელსაც ურთიერთობის აგების „უნარ–ჩვევა“, გული, გონება და ლიბიდო სჭირდება. ახალი ზელანდიის ვიქტორიის უნივერსიტეტის მკვლევარების იან იომენისა და მიშელ მარსის ნაშრომის „რობოტები, მამაკაცები და სექს–ტურიზმი“ მიხედვით 2050 წლისთვის პროსტიტუცია ჰიგიენურად უფრო „სუფთა ბიზნესი“ გახდება, რადგანაც მეძავის როლი ანდროიდ–მანქანას დაეკისრება, სათამაშოები კი სპეციალური ანტიბაქტერიული პლასტიკისგან დამზადება, რაც შიდსისა და ვენერიული დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალება გახდება. მამაკაცებს კი რეზინის ქალის ფიგურის სხვადასხვა ზომის, კანის, თმის, თვალის ფერისა და ჭირილის შერჩევისას ბრალეულობის განცდა „მოშორდებათ“, რადგანაც ამ შემთხვევაში ისინი უბრალოდ უსულო „ბიომასას“ იყიდიან, ისარგებლებენ და დამშვიდდებიან. ასე, რომ, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ნეორეალისტური ანტიუტოპია გველოდება.


სხვადასხვა კვლევის შეჯამებით დღეს–დღეობით მსოფლიოში 40 მლნ. მეძავი „მუშაობს“; 10 მამაკაციდან ერთი სექსმუშაკი ქალის მომსახურებით სარგებლობს (ჩინეთში ოთხიდან–ერთი), 22 ქვეყანაში პროსტიტუციას კანონი არეგულირებს, თუმცა ისეთ ქვეყნებში, სადაც იგი აკრძალულია, პროსტუტუციაზე სახლმწიფო, ფაქტობირვად, თვალს ხუჭავს. მაგალითად, ინდოეთში – 2,3 მილიონი მეძავია, აშშ–ში – ნახევარი მილიონი. სამხრეთ აფრიკაში ქალები საათში 1 დოლარად ჰყიდიან თავიანთ სხეულს, მაშინ, როცა ეკონომიკურად წელგამართულ ქვეყნებში „ექსკორტის“ ელიტარული კადრების მაქსიმალური შემოსავალი ერთ საათში შეიძლება 10 000 დოლარსა და მეტსაც შეადგენდეს, ხოლო ინფორმაცია მათი მომსახურეობის ნიხრის შესახებ ელექტრონული მედიის საშუალებით სრულიად გამჭირვალეა. ნიუ იორკის გუბერნატორმა ელიოტ სპიცერმა, რომელიც თავისი „ფალოკრატულობის“ გამო იძულებული გახდა ეს თანამდებობა დაეტოვებინა, მეძავს საათში 5 500 დოლარი გადაუხადა. სამაგიეროდ, „მისი ქალი“ წამყვანი გამოცემის ბლოგერი გახდა, სპიცერი კი – ასევე წამყვან ტელეარხზე – გადაცემის წამყვანი.


ესპანეთში ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებისა და უმუშევრობის მაღალი დონის გამო „პროსტიტუციის შესწავლის კურსები“ გაიხსნა, სადაც 100 ევროდ შესაძლებელია „კამა–სუტრის“ პრაქტიკული უნარ–ჩვევების გათავისება. თუმცა სახელმწიფომ საჯარო ადგილებში იგი აკრძალა და ჯარიმა 3 000 ევრო არა მარტო „უძველესი პროფესიის“ წარმომადგენელს, არამედ მის კლიენტსაც დაუწესა. გარდა „ნებაყოფლობითი“ პროსტიტუციისა უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს სექსტრეფიკინგი, რომელშიც ძალიან დიდი ფული – 58 მილიარდი დოლარი ტრიალებს. ეს უკანასკნელი ნარკოტიკების ტვირთბრუნვის შემდეგ უკანონო ბიზნესის რეიტინგში მეორე ადგილზე დგას. დღეისათვის სხვადასხვა გათვლებით 2,5 მილიონი ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლია; სამიდან ორი კი აღმოსავლეთ ევროპიდანაა, მათ შორის – უკრაინიდან. რასაკვირველია, სექსტრეფიკიორები უმუშევრად დარჩებიან თუ მამაკაცები უსაფრთხო რეზინის თოჯინების გამოყენებაზე მასობროვად გადავლენ . . .


სექს–ტურიზმი, როგორც ფენომენი, კარიბის ავზის ქვეყნებში სექსგართობის მიზნით მარტოხელა მამაკაცებისა და ქალების საკუთარი ქვეყნის გარეთ მოგზაურობის აღმნიშვნელი გახდა. სხვათა შორის, ამგვარი „მომლოცველობის“ ადგილად შავი ზღვაც აღიქმებოდა. რუსულ „ვიკიპედიაში“ ქალი – სექსთავგადასავლების მაძიებლების მიერ დანიშნულების „ქვეყნებად“ აფხაზეთი და საქართველოა მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სსრკ–დან ქალები „სოლნეჩნაია გრუზიაში“ ქართველ ჟიგოლოებსაც უხდიდნენ გასამრჯელოს ანდა ქართველი მამაკაცის ეგო რომ არ „შევურაცხვყოთ“, ასე ვიტყვით – „თანაბარხალისიანად გულაობდნენ“...


მიუხედავად იმისა, რომ კარიბის ავზის ქვეყნები, აფრიკის შემდეგ შიდსის სტატისტიკის ძალიან მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, სექსტურისტები სწორედ ამ ქვეყნებში მიემგზავრებიან. მსოფლიოში სექსტურიზმში 2 მილიონამდე ბავშვია ჩართული, რაც „დროის სასიამოვნოს გაყვანის“ ბიზნესს კიდევ უფრო მძიმესა და ამაზრზენ სახეს სძენს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი უკრაინაში განა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ სრულიად ევროპაში შიდსით დასნებოვნების ყველაზე მაღალი ნიშნულით ხასიათდება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 25 წლამდე გოგონებისა და ქალების ინფიცირების სიხშირე, რომლის უშუალო მიზეზი უსაფრთხო სექსის წესების დაუცველობაა.

აღმოსავლეთი ევროპის ტერიტორიაზე უკრაინული ორგანიზაცია Femen ერთ–ერთი ყველაზე აქტიურ ქალთა ჯგუფია, რომელიც 2012 –ში უკრაინასა და პოლონეთში ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატს, როგორც სექსტურიზმის მომავალ „მექას“ უკვე დიდი ხანია აპროტესტებს და სახელმწიფოსგან ქალის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ქმედითი ზომების მიღებას მოითხოვს. თუმცა მათ რიგებში პროსტიტუციის ლეგალური ბიზნესის ქვეყნის – გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვერ იქნება, რადგანაც მას მხოლოდ უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს პოლიტიკური დევნის საკითხი აინტერესებს და არა იმათი, ვინც ტიმოშენკოს ვერც პოლიტიკური და ვერც ეკონომიკური კაპიტალით შეედრება. სამწუხაროდ, შიდსის „რეიტინგის“ გარდა ჩვენმა მოძმე უკრაინამ სხვაგვარი „პოპულარობაც“ შეიძინა. ეს ქვეყანა ევროპის სექსტურიზმის ცენტრად გადაიქცა. სოციოლოგების კვლევის მიხედვთ შარშან მეძავეთა რიგებს 50 ათასი უკრაინელი ქალი შეემატა. უკრაინელი ქალის, როგორც ყველაზე ლამაზისა და მისაწვდომის იმიჯმა ათიათასობით ფასიანი სექსის მყიდველი მამაკაცი მოიზიდა, რამაც, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტი „ტურიზმის ინდუსტრიისგან“ ამოღებული ფულით გაამდიდრა. ფაქტობრივად, უკრაინელი ქალი და სექსტურიზმი სახელმწიფოსთვის მომგებიანი „ინვესტიცია“ გახდა. დედაქალაქის სპეციალურად ტურისტებისთვის შექმნილ რუქებზე პროსტიტუტთა ექსკორტის საკონტაქტო ინფორმაციაა დატანილი, ინტერნეტი კი სავსეა „მარტოსული“ უკრაინელი ქალების გაცნობის საიტებით. უკრაინაში ჩამოსულ სტუმრებს სექსმომსახურეობას აეროპორტის შენობაშივე ათასგვარ „მასაჟის კაბინეტებს“ შეფარებული სუტენიორთა „სააგენტოები“ სთავაზობენ. სხვადასხვა შემოსვალის მქონე მამაკაცებისთვის უკრაინასა და ზოგადად ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთჯერადი სექსი გარდა სიიაფისა ამავე დროს ეგზოტიკის ელემენტის შემცველიცაა, რადგანაც „უდაოდ საინტერესოა“ დააგემოვნო „რკინის ფარდის“ იქეთ მოსახლე, ყოფილი სსრკ–ის წარმომადგენელი, რომლის იმიჯი სტალინის, გულაგის, „ვოდკისა“ და კაგებეშნიკი პუწინის ეგზოტიკული „კოქტეილისგან“ შედგება.

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ სპორტული ჩემპოპნატები სექსტურიზმის ყველაზე მისაზიდი ადგილებია. UEFA-ს წარმომადგენლები არც უარყოფენ, რომ ისევე როგორც 2008–ში ავსტრიასა და შვეიცარაში გამართული ჩემპიონატების მსვლელობისას, 2012–ში გულშემატკივრებსა და არა მარტო მათ კონდომებს უფასოდ ურიგებდნენ და შოდსის/აივ ინფექციის პრევენციის თაობაზე საინფორმაციო სახის კამპანიებს გამართავენ. სავარაუდოდ ამგვარი რამ 4 წლის შემდეგ საფრანგეთშიც იქნება მოსალოდნელი. ტოტალური ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა ასობით მილიონი ადამიანი უმუშევარია, ხოლო მილიონობით ბავშვი შიმშილი კვდება, საფეხბურთო ჩემპიონატზე ბილეთისა და მოგზაურობის ფუფუნების სახსრების მქონეთა მოლოდინში მოწყვლადი „გენდრული ჯგუფი“ – აღმოსავლეთ ევროპელი და მათ შორის ყოფილი სსრკ–ელი ქალები „სულმოუთქმელად“ ისეთი დიდი მოვლენის მოლოდინში არიან, როგორიცაა ოლიმპიადა ანდა UEFA-ს ეგიდით გამართული შეჯიბრებები. ამიტომ მაშინ, როცა საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის ასანთებლად ემზადებოდნენ, უკრაინაში ორგანიზაცია Femen– ის წევრმა იულია კოვპაჩიკმა კიევში დამოუკიდებლობის „მაიდანზე“ გამოფენილი UEFA –ს თასთან მიახლოება შესძლო, პროტესტის ნიშნად წელზევით გაშიშვლდა და კვარცხლბეკიდან საფეხბურთო „ტროფეი“ ძირს გადამოაგდო. სხეულზე მას FUCK EURO – 2012 ეწერა. Femen–ი მიშელ პლატინის ევროსუტენიორს უწოდებს და აცხადებს, რომ 2012 – ში მრავალი უკრაინელი ღარიბი ქალის სექსტურიზმში ჩათრევის ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ ეს საფეხბურთო ჩემპიონატი იქნება.


***


ამერიკულმა დედის დღემ კიდევ ერთი, ოჯახის „საჯანსაღის გამოცდის“ გაკვეთილის დასრულების ფონზე ჩაიარა. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის კოლუმბიაში ვიზიტით გამგზავრებამდე პირველი პირის უშიშროების სამსახურის მუშაკები უსაფრთხოების ზომების მისაღებად და სიტუაციის დასაზვერად ამ ქვეყანაში უფრო ადრე ჩაფრინდნენ, თუმცა პირდაპირი მოვალეობის შესრულების ნაცვლად თავისი დისლოკაციის ანუ სასტუმროს ნომერში მეძავეები გამოიძახეს. კოლუმბიაში პროსტიტუცია ლეგალურია. ამიტომაც, როცა კლიენტმა სექსის შემდეგ ერთ–ერთ სექსმუშაკს სასაცილო თანხა, 48 დოლარი არ გადაუხადა, ქალმა სავსებით ლეგიტიმურად პოლიციას გამოუძახა და „ქალის დეგუსტაციის“ საქმეც სკანდალურად გასკდა. ვაშინგტონი და სრულიად აშშ პრეზიდნეტის სარანგების არაპროფესიონალიზმით (სექსმუშაკები რომელიმე მტრული ქვეყნის ჯაშუშები შეიძლება ყოფილიყვნენო) აღშფოთდა, თან ამ „ქეისს“ ზედაპირზე სხვა უამრავი კორუფციული „გართობის შემთხვევების“ ამოყრა მოჰყვა, როცა გადასახადების გადამხდელების ფული ჩინოვნიკების შვებულების „გასახალისებლად“ დაიხარჯა. კოლუმბიელი ქალების დეგუსტატორი „უშიშარი მამაკაცები“ სამსახურიდან დაითხოვეს, დანარჩენენს ეთიკის ნორმების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს და ამგვარი ინცინდენტების პრევენციისთვის უშიშროების სამსახურში უფრო მეტი ქალის დასაქმებაზე იბჭეს. მამაკაცები სექსუალურად“ დაკმაყოფილებულნი, მაგრამ უმუშევრად და ცოლთან/გელფრენდთან პრობლემების შექმნის პროცესში აღმოჩდნენ, „ჩამორჩენილი“ ქვეყნის შვილს, კოლუმბიელ მეძავს კი დაკარგული ფული აუნაზღაურდა და მედიავარსკვლავიც გახდა . .


შვედეთში (პროსტიტუცია ლეგალიზებულია, მაგრამ დაუშვებელია მეძავის მომსახურეობით სარგებლობა), სადაც სქესთა თანასწორობის სამინისტრო არსებობს, სწორედ სახელმწიფო სცნობს პროსტიტუციას ქალის დისკრიმინაციის ფორმად და არა მხოლოდ რომელიმე ფემინისტური არასამთავრობო ორგანიზაცია. კრიმინალის აღმოჩენის შემთხვევაში კი ჯარიმით არა სექსმუშაკი, არამედ მისი „პროფესიის“ მომხამრებელი ისჯება, რის გამოც ამ ქვეყანაში სხვადასხვა გათვლებით პროსტიტუციის დონე სამჯერ დაეცა. რამდენიმე წლის წინათ, როცა შვედეთში სწორედ ზემოხსენებულ სამინისტროში მომუშავე სპეციალისტების ლექციას ვისმენდი, კითხვების დასმის დროს ერთი „უმნიშვნელო“ დეტალი მოვყევი: რამოდენიმე დღით ადრე საღამო ხანს სტოკჰოლმის ცივ ქუჩებში მე და ჩემი მეგობარი ვსეირნობდით და ერთ–ერთ მაღაზიაში შევედით. იქ დახლს იქით მდგომმა აღმოსავლური გარეგნობის მამაკაცმა, რომესაც ჩვენი უცხო ენა მოესმა და გაიგო რომელი ქვეყნიდან ვიყავით (რასაკვირველია, საქართველოს „რაშა“ უწოდა), მაშინვე, ერთი შეხედვით ხუმრობით, ჩვენთვის კარგი სამსახურის შემოავაზებაზე ქარაგმით, შვედეთში დარჩენა გვირჩია. პირველად ეს ყურადღების მიღმა დავტოვეთ მანამ, სანამ „მასპინძელმა“ იგივე არ გაიმეორა. ჰოდა, როცა ეს ლექციაზე მოვყევი, ლექტორმა არ ჩათვალა იგი ჰაერზე წამოსროლილ ინფორმაციად, არამედ მაშინვე საქმიანად დამიწყო კითხვების დასმა, მაღაზიის ადგილმდებარეობისა და გამყიდვლის გარეგნობის აღწერით, რადგანაც მისი აზრით, არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის ტრეფიკინგში „ჩათრევის“ მცდელობას, გადაბირებას. ბოლოს კი განგვიცხადა, რომ იმ მაღაზიის დასაზვერად დღესვე თავის თანამშრომელს დღესვე გაუშვებდა.


12 წლის წინათ ორთაჭალაში „ლეგალური“ ბუნაგი საუნა „პოსეიდონი“ ფუნქციონირებდა. ამბობდნენ, რომ იგი ქალაქის მესვეური ბეზნესმენის საკუთრება იყო. მისი არსებობის შესახებ, ალბათ, ვერაფერს გავიგებდი, რომ არა ერთ ნაცნობ მაღალჩინოსნისგან ინტერვიუს აღებისას წამოყრანტალება იმის თაობაზე, რომ მისი სამინისტრო საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ვიზიტორების გუნდს ელოდება; რომ რამდენიმე დღეში სტუმარ მამაკაცებს საქართველო უნდა გააცნოს, სვეტიცხოველში წაიყვანოს, ჯვარზე აიყვანოს, რესტორანში აქეიფოს, ხოლო თუ „პოსეიდონის“ გოგონებს არა უშავთ (ეს მას წაინასწარ უნდა დაეზვერა), ეს სტუმრები კაცურად გაართოს; რომ სწორედ დღეს უნდა ნახოს ამ მამაკაცებს საქართველოს უკეთ გაგებაში „არარუსული გარეგნობის ქალები“ გამოადგებიან თუ არა. ჩემი ჟურნალისტური გრძელი ცხვირის გამო მოვიგონე თითქოს ორთაჭალისკენ მივდიოდი და თუ გზად გამიყვანდა, ძალიან დამავალებდა. ასე რომ საღამო ხანს უნებლიედ „პოსეიდონში“ საუნის მამაკაც ადმინისტრატორთან გოგონების სამუშაო გრაფიკის განხილვას დავესწარი. „დავესწარი“ ხმამაღლა ნათქვამია, რადგანაც „მამაკაცურ საუბარს“ მე არ გამაკარეს, თუმცა შორიახლო ვუყურებდი თუ როგორი გაგებით მოეკიდა „პოსეიდონისტი“ დამკვეთის წინადადებას. იმ პერიოდში საქართველოში პროსტიტუციის შესახებ ვწერდი და ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დახმარებით თბილისის „ცოდვის ადგილებში“ მდგომ „მარია მაგდალინელებს“ ვხდებოდი და ინტერვიუებს ვიწერდი. ორიოდე დღის შემდეგ, შუაღამეს, როცა „პოსეიდონში“ უფასო კონდომებისა და შიდსი/აივ ინფექციის პრევენციის ბუკლეტების დასარიგებლად მივედით, ამჯერად ქალმა ადმინისტრატორმა ჯერ იუარა დაწესებულების „ბალანსზე“ „სექსკადრების“ ყოლა, მერე კი, როცა საიდენტიფიკაციო ბარათების ჩვენებისას დარწმუნდა, რომ რეკეტიორი სამართალდამცავები არ ვიყავით, გვკითხა რისი შეთავაზება შეგვეძლო. წასვლისას ორგანიზაციის წარმომადგენელმა „პოსეიდონს“ კონდომებისა და ბუკლეტების დიდი შეკვრა მაგიდაზე დაუტოვა. იმავე ღამეს ცირკთან მარტოდ დგომ მეძავეს გავესაუბრე, რომელიც დეტალების გარეშე მისი ბოლო კლიენტის – უკრაინელი მამაკაცის შესახებ მიყვებოდა. მას ქალი სასტუმროში წაუყვანია, კარგად უჭმევია, კონდომიც გამოუყენებია და როცა გაუგია, რომ ქალს შვილი ჰყავს, უფრო მეტი გადაუხდია, ვიდრე თავიდან შეთანხმებულან. ცოლიანი იყოო, ბეჭედი ეკეთა ხელზეო. სამი დღით იყოო ჩამოსულ მივლინებაშიო, უბრალოდ აინტერსებდა „ქართველი ქალი“ როგორ იყო მოწყობილიო... მე კი აღარ მიკითხავს თუ რა შთაბეჭდილებით დატვირთული წაბრძანდა სამშობლოში უკრაინელი სექსტურისტი...


ორი წლის წინათ შვედეთში სახელმწიფო მოხელეებისთვის მივლინებაში ყოფნისას თუ საზღვარგარეთ მუშაობისას ქცევის კოდექსის შესაქმნელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ევრო გამოყო. ეს კოდექსი მოიაზრებს ქვეყნის წარმოადგენლების სათანადოდ ანუ ეთიკურ–არაეთიკურად მარკირებული ქცევის დარეგულირებას, რაც უშუალოდ დაკავშირებულია მივლინების ქვეყანაში სექსმომსახურების ყიდვის ალბათობასთან. იყო უამრავი შემთხვევა, როცა, ეკონომიკურად შეძლებული ქვეყნის წარმომადგენლები, მაგალითად, გაეროს ცისფერჩაფხუტიანი მამაკაცები აფრიკის ქვეყნების ქალების სასოწარკვეთილი თუ კატასტროფული ეკონომიკური გაჭირვებით სარგებლობდნენ, მაგალითად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ფაქტობრივად, პროსტიტუცია, სხეულის ყიდვა–გაყიდვაც ხომ სწორედ სოციო–ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური სტატუსების ურთიერთმიმართების სივრცის მოქმედი პირია. რაც შეეხება ჩემი ნაცნობი მაღალჩინოსნის პროტეჟეებს: რასაკვირველია, დავინტერესდი ხაჭაპურისა და ხვანჭკარის უშუალო გავლენის გარდა სტუმრები სამშობლოში კიდევ რა „ემოციით“ დაბრუნდნენ. მან მიპასუხა, რომ „პოსეიდონის“ ქალები ფიზიკურად შეათვალიერა, არ მოეწონა და ამიტომ სტუმრებს სხვები, უფრო „საკაიფო ქალები“ უშოვა; შესაბამისად ქალებმა საქართველოს დამთვალიერებლების შექებაც კი დაიმსახურეს. აკი უთქვამთ კიდეც: ქალებიც კარგი გყოლიათო. ჰო კიდევ, ნარიყალას ტაძარი რატომღაც უფრო მოსწონებიათ, ვიდრე – მამა დავითი, რას გაუგებ მაგათ გემოვნებას, ალბათ, თბილისის ხედის გამოო. მაგრამ ხედები იქეთ იყოს, ჩვენს მართლმადიდებლობას მაგარი პატივი სცეს და ცოტა ხნით სიონში ქადაგებასაც კი დაესწრნენო..





მაისი 29, 2012


shokoladi.ge

No comments:

Post a Comment