Saturday, September 22, 2012
"მკრეხელური" მართლმადიდებლობა?
პირველი ჩემი ცნობისმოყვარული, იგივე „მკრეხელური“ კითხვა, რომელიც რელიგიას შეეხებოდა, ძალიან მიამიტურ-ფიზიოლოგიურ– რუტინული იყო: დადიან თუ არა მამა ღმერთი და ძე მისი, იესო ქრისტე ტუალეტში. ეს ის პერიოდია, როცა მეგონა, რომ მასწავლებლები ზებუნებრივი არსებანი იყვნენ და იქ არ დადიოდნენ, სადაც მეფეებიც კი თავისი ფეხით შეაბიჯებდნენ ხოლმე. მერე, ასაკთან ერთად, საკმაოდ არამიამიტური, „მწვალებლური” კითხვების რაოდენობამ კოსმოსური სიჩქარით მოიმატა, მაგრამ პასუხის გამცემი გარშემო არავინ იყო. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცხადად სწორედ მაშინ „აღმოვაჩინე“, რომ (შე)კითხვის დასმის უნარი, წიგნის (წა)კითხვასთან ორგანულ კავშირშია. როცა სსრკ დაინგრა, ხოლო ქუჩაში, ხის „ლატოკებზე“, დეილ კარნეგის „როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“ და ფროიდის „დოსტოევსკი და მამისმკვლელობა“ რუსულად ნათარგმი ტექსტების გვერდით ერთ სქელ წიგნში მოთავსებული ძველი და ახალი აღთქმის ქართულენოვანი სრული ტექსტი გაჩნდა, ვიყიდე და შესაშური სიბეჯითით თავიდან ბოლომე წავიკითხე. კითხვის დასრულებისას რვეულში კი არა, რვეულებში ჩანიშნული შეკითხვათა და ჩანიშნული, ჩემთვის გაუგებარი ადგილების რაოდენობამ გვარიანადაც შემძრა. გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად მაშინ „ქებათა–ქება სოლომონისა“ მომეწონა. უფრო სწორად, სოლომონის ოდა სიყვარულისადმი. ყველაზე ლამაზი „სტროფები“ კი ზეპირადაც კი დავისწავლე. ვიცოდი, რომ მწამდა. უფრო სწორად, ვგრძნობდი, რომ აგნოსტიკოსი არ ვიყავი, მაგრამ ამავე დროს მინდოდა ღმერთის, ასე ვთქვათ, „კონსტრუქციული ოპოზიცია“ ვყოფილიყავი, მასთან „დიალოგი“ გამემართა. მინდოდა, ეს რწმენა ცოცხალი ყოფილიყო, ჯანსაღი ირონიით ნაკმაზი, რადგან რატომღაც ვფიქრობდი, რომ ღმერთსაც თავისებური იუმორის გრძნობა ჰქონდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი კითხვები („პერსონალური“ მოძღვრისადმი დასმულიც კი) საუკეთესო შემთხვევაში, უპასუხოდ რჩებოდა ან საგნის მცოდნენი ჩემთვის გაუგებარ ენაზე მიხსნიდნენ, უარესში – ჩემს ღრმა ცოდვიანობას მიეწერებოდა. აპრიორი, რომ ცოდვიანი და უბადრუკი ვიყავი, ეს თავიდანვე „შემაგნებინეს“. ეკლესიის ჭერქვეშ ხუთჯერ (ორჯერ ჩემი ახლობლების თანდასწრებით) სასულიერო პირთაგან ძალზედ უხეში პასუხის, ფაქტობრივად, შეურაცხყოფის ადრესატიც გავხდი. შეკითხვის გამო. ერთი ამბის ნარატივი კი სავსებით არამიამიტურია. მოწამეთაში ნათლობის დროს (მე ერთადერთი მდედრობითი სქესის ნათლია გახლდით) ნათლობის ისედაც ძვირი „ტაქსა“ მღვდელს რატომღაც ეცოტავა და დამატებით 50 ლარის შეგროვება პირდაპირ, ყოველგვარი ქარაგმის გარეშე მე, ქალს, და არა მამაკაცს, მიბრძანა. თან დასძინა, რომ როცა შევაგროვებდი, რომელიმე მამაკაცისთვის გადამეცა, მას კი საკურთხეველში მისთვის მიეტანა, რადგან . . . ოდეს იყო ქალი საკურთხევლის დირეს გადააბიჯებდაო. ქალის ფული სასაკურთხევლე იყო, სხეული – არა . . . მეორე ისტორია კი გლდანის ერთ ეკლესიაში ჩემი თანდასწრებით „გათამაშდა“. ახლობელმა მოძღვარს სახლის კურთხევა სთხოვა. რისთვის, რატომო? – იკითხა მღვდელმა. ქალმა უთხრა: ჩემი შვილი უეცრად ქმარმა მიატოვა, ცუდადაა ძალიან, ორი კვირაა საწოლიდან ვერ დგება, არ ჭამს, ხმას არ იღებს. დღეს უცებ დაილაპარაკა და რატომღაც ბინის კურთხევა მთხოვაო. რაზეც მოძღვარმა მიუგო: მე ხომ არ ვიცი, იქნებ ღირსიც იყო მიტოვებისო, ეტყობა გაბოზდაო (ვციტირებ) და მაგის სურვილზე ვიაროო? . . .
გულწრფელად მიკვირდა, რეალური ცოდვის ჩადენა კი არა, უბრალოდ კითხვის დასმა, რომელიც პირადად ჩემთვის ფიქრის, კრიტიკული აზროვნების პროცესთანაა დაკავშირებული, რატომ უნდა გამხდარიყო ჩემი „არასწორი არსის“ მიმანიშნებელი? და თუნდაც მკრეხელური ყოფილიყო ის შეკითხვა ან მკრეხელი ვყოფილიყავი? სასულიერო პირს ხომ მხოლოდ სათნოებითა და მოთმინებით უნდა ეპასუხა და არ უნდა განვესაჯე? რელიგიურ თუ საერო სიტუაციაში დასმული ნებისმიერი შეკითხვა ჩემ მიმართ აგრესიას იწვევდა, ანდა სინანულს იმის გამო, რომ „ისეთი ჭკვიანი არ ვარ, როგორსაც ხალხს თავს ვაჩვენებ“. კეთილმოსურნენი კი უამრავ რელიგიურ ლიტერატურას მთავაზობდნენ. მთავაზობდნენ ასევე თავიანთ მოძღვრებსაც. ერთმანეთისთვის აღსარების კარგი მიმღები მოძღვრის რეკომენდაცია ისეთივე ჩვეულებრივ ბონ–ტონად გადაიქცა, როგორც კარგი სტომატოლოგის გვარ–სახელის მოპოვება. ჰოდა, სწორედ მაშინ, საუკუნეების მიჯნაზე, მოყვარულის დონეზე თეოლოგიით ჩემს დაინტერესებასა და, საერთოდ, რელიგიური მიმდინარეობის ნიუნსებში ჩაღრმავების სურვილს საბოლოოდ დაესვა წერტილი. ამას, ბუნებრივია, თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა. და ეს არ შეეხებოდა მხოლოდ მართლმადიდებლობას ან ზოგადად – ქრისტიანობას. არამედ – ყველა რელიგიურ მიმდინარეობას. თანაც მივხვდი, რომ იმისათვის, რომ მწამდეს, სულაც არ მჭირდება შუამავლები. მითუმეტეს, ჩემს თვალში „დისკვალიფიცირებულები“.
10 წლის წინათ ნაცნობთა წრეში მინი–გამოკითხვა (14 ადამიანი გენდერული ბალანსის დაცვით. საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენენ.) ჩავატარე, თუ როგორ მოხდა მათი გაეკლესიურება. აქ და ამჟამად სიტყვათშეთანხმებას „ღვთის მორწმუნეობას“ შეგნებულად არ მოვიხსენიებ და ამას თავისი არგუმენტირებული მიზეზები აქვს. ბუნებრივია, ამ ზედაპირულ გამოკითხვას სიღრმისეულ ანალიზზე პრეტენზია არა აქვს. ექვსმა მათგანმა მიპასუხა, რომ სსრკ–ის დამხობის შემდეგ დამოუკიდებლად, სხვათა ჩარევის გარეშე ღმერთის უცებ (4) და თანდათან (2) იწამა; ერთმა, რომ მისი წინაპარი მღვდელი იყო, ხოლო მეორემ – მღვდლის მზარეულიო და, შესაბამისად, რწმენა ოდითგან გენეტიკურად მოგვდევსო; ერთს მონაზვნად უნდოდა აღკვეცა, მაგრამ გათხოვდა და ამიტომაც – გადაიფიქრა; ერთს ეკლესია მეზობლად ჰქონდა და უბრალოდ დაინტერესდა, რა ხდებოდა შიგნით. დანარჩენები კი ეკლესიაში მოსიარულე თანამშრომლებსა და მეგობრებს გაჰყვნენ, მოძღვარი „აიყვანეს“ და ღმერთის ასე იწამეს. ჩემი ბოლო კითხვა კი ასეთი იყო: აქვს თუ არა რომელიმეს ძველი და ახალი აღთქმა თავიდან ბოლომდე წაკითხული და დაებადათ თუ არა რაიმე შეკითხვა და რამდენი? თოთხმეტივე შემთხვევაში პასუხი, ფაქტობრივად, იდენტური იყო: „ამხელას რა წაგვაკითხებს? ეგ მღვდლებსაც არა აქვთ წაკითხული და ნორმალურად გაგებული.“ ან „რომ გწამდეს, ამისთვის სულაც არაა აუცილებელი, ბიბლია წაიკითხო“. ათმა კი მიპასუხა, რომ თუ მართლა გწამს, კითხვა არც უნდა დაგებადოს, რადგან რწმენა ლოგიკას არ ექვემდებარება, ხოლო ნებისმიერი კითხვა ადამიანის ურწმუნოებას ადასტურებსო. ჩემი ხუმრობანარევი რეპლიკა იმის თაობაზე, რომ ღმერთი, მე მგონი, კოლექტიური ჰალუცინაციის ან აუტოტრენინგის ნაყოფი არააა, უარეს გაღიზიანებას იწვევდა. რამდენადაც სასაცილოდაც არა უნდა მოგეჩვენოთ, ორჯერ ყველაზე ეკლესიურებთან (რიტუალების, მათ შორის მარხვის, საკუთარი ჯანმრთლეობისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე, დაცვის ფანატები). კამათი იმით დასრულდა, რომ ნაძლევი დამიდეს, რომ ღმერთი არსებობს . . . თან დასძინეს, რომ ჩემი „სკეპტიციზმით“ ბედნიერების განცდას ვიკლებ . . . ანუ, ერთი სიტყვით, უბედური ვარ (ეტყობა, ამიტომაც უბადრუკი) და ასეთად დავრჩები . . . თუ არ გამოვსწორდები.
საქართველოში საბჭოურ – ათეისტური თუ ნახევრად ათეისტური იდეოლოგიის და „ოპიუმ დლია ნაროდას“ ხან მწვავედ და ხანაც ქრონიკულად ძაგების პროცესის „მართლმადიდებლური“ იდეოლოგიით ჩანაცვლებას არასამთავრობო სექტორის ბუმის მიქცევ–მოქცევის ტალღები დაემთხვა. თუ შესაძლებელია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ენჯიოების, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახების წარმოქმნის პროცესზე თვალის ქრონოლოგიურად მიდევნება, სამაგიეროდ საშუალო სტატისტიკური პოსტსაბჭოელის გაეკლესიურების ისტორიები (ბუნებრივია, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა ჩართვით), მაგალითად, თუნდაც ისტორიოგრაფიის ერთ–ერთი მიმართულების – „(ქალთა) ზეპირი ისტორიების“ სტილში, სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება. არც სოცოილოგიამ, არც ხელოვნებამ და არც ისტორიამ ტრანსფორმაციის ეს ძალიან საინტერესო პროცესი არ და ვერ შეგვინახა. არადა, არა მარტო წმინდა სოციოლოგიური, არამედ კულტურულ – ისტორიული გადასახედიდან ამ პროცესის აღწერა ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული იქნებოდა. თუნდაც „ტოტალური გამართლმადიდებლობის“ პროცესის ნათელი თუ ობსკურანტული პერიოდების, წერტილების, ტრიგერების დასაფიქსირებალად. თუმცა ძალიან ზედაპირულ–სქემატურად ჩემ მიერ შეგროვებული მწირ ემპირიულ (ბლიც–გამოკითხვა) მასალაზე დაყრდნობით (მათ შორის ჩემს პირად გამოცდილებაზეც), რამდენიმე მოვლენის გამოყოფით პოსტსაბჭოური ქართული რელიგიური „მონაკვეთ – ვექტორ – ბისექტრისის“ გახაზვა მაინცაა შესაძლებელი: ეროვნული მოძრაობის დროს ადამიანთა ცხოვრებაში რელიგიური შემადგენელის მომძლავრება (9 აპრილი), რომელსაც მაშინ „რელიგიისკენ შემობრუნებასაც“ უწოდებდნენ და ეკლესიების აღსადგენად ფულის შეგროვება (ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან ეს ძალიან კარგად მახსოვს); სამოქალაქო ომის დროს ილია მეორის სამხედრო საბჭოს გვერდით დგომის გამო საპატრიარქოსა და ზოგადად ეკლესიისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენა; „ბნელი 1990 – იანების“ დროს „ნათელი ეკლესიის“ „გაახალგაზრდავება“ – ახალგაზრდების „გამრევლება“; რომის პაპის ჩამოსვლასთან დაკავშირებული „ცოდვიანობის“ ვნებები; კონკორდატის გაფორმება; მამა ბასილ მკალავიშვილის, რელიგიური თავისუფლების დამცველებისა და სამართალდამცავთა ურთიერთობა; მამა ბასილ კობახიძის მიერ ეკლესიაში კორუფციის მხილება, მისი განკვეთა ეკლესიისგან და ამ ობსტრუქციაზე საზოგადოების რეაქცია; რელიგიურად ნეიტრალური დროშის ჯვრებიანით ჩანაცვლება; საერო მედიაში პრომართლმადიდებლური „ელემენტების“ მომძლავრება და რელიგიური „ყვითელი მედიის“ შექმნის პროცესი; საეკლესიო ქონების რესტიტუციის პრობლემა; სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტების პროტესტი; ქვეყნის პროდასავლური მიმართულების ფონზე ეკლესიის აშკარა, დაუფარავი და წინააღმდეგობრივი მცდელობა, ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეებში (მათ შორის მონარქიის აღდენის თემა), რაც ორმხრივ (მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო) სახეირო სტრატეგიის არსებობის ნოყიერ ნიადაგზე მიმდინარეობს; სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ხაზინიდან (მათ შორის არამართლმადიდებელი მოქალაქეების გადასახადებით) მართლმადიდებლობაში ფულის დაბანდება; ეკლესიების რესტავრაციისა და მშენებლობის ბუმი . . .
საქართველოში რელიგიური, უფრო სწორად, ორთოდოქსული ისტერია, როგორც სინდისისა და გამოხატვის თავისუფლება, და მისი მიზეზ–შედეგობრივი კავშირი ცალკე ღრმა და მასშტაბური კვლევის საგანია. ბუნებრივია, ისტერიას, როგორც სერიოზულ დაავადებასაც და სიმპტომსაც, გადასულს უნარ–ჩვევაში, არანაირი კავშირი აქვს სახელმწიფოებრივ და სამოქალაქო, ღია საზოგადოების მშენებლობასთან. თუმცა შესაძლებელია, მხოლოდ იმ ასპექტით, რომ ორივე „დომინოს პრინციპს“ ემსგავსება. როგორც ბენჯამინ დიზრაელი ამბობდა– „ეკლესია რომ არა, ვერაფერს გავიგებდით ებრაელების შესახებ“ . . .
რელიგიური თემით, ცნებებით „სამოთხე–ჯოჯოხეთი (სოდომ – გომორა)“, „წმინდანი–ცოდვილი“, „უბიწო – მწვალებელი“, „ანგელოზი – სატანა“ სპეკულირება კარგი საბაბი გახდა იმისთვის, რომ მავანს „ტაბუახდილი“, „ცინცხალი“ მტრის ხატი გამოეცხო და სწორედ ამ რელიგიურ შეხედულებებს ამოფარებული შეუწყნარებლობა და სხვადასხვა ფობიების სათნოება ექადაგა. მეგონა, რომ შეუწყნარებლობის „ეპიზოდებს“ მხოლოდ ეროვნულ ნიადაგზე არსებულ ტაძრებში მოვკრავდი ყურს. სამწუხაროდ, არც უცხოეთში არსებული ქართული ეკლესიებია ამისგან თავისუფალი. ჯვრით უფლებამოსილ მქადაგებლებს კი ბლომად ჰყავთ მსმენელიცა და დამჯერებელიც. მასებით მანიპულირება ინფორმაციული (რელიგიური, მაგიური, მისტიფიკაციური, „კეთილშობილურად ცრუ“ და სხვა) ფრაგმენტაციის მეთოდით წარმატებით ხორცილდება. შორიდან დამზერით საქართველო ხანდახან გლამურული მართლმადიდებლობით შენიღბულ ულტრარელიგიურ ქვეყანას ჰგავს, რომელმაც ეს გზა იმიტომ აირჩია, რომ „პატარაა“, რომ „თვითმყოფადობა მხოლოდ ამ გზით შენარჩუნდება“, რომ მხოლოდ „ასე გადავრჩებით“, მხოლოდ ასე „გავბრწყინდებით“. არგუმენტირებულად არ კონკრეტდება, რას, როდის და როგორ უნდა გადავურჩეთ. აქვე, ბუნებრივია, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი „ულტრაობა“ ძალიან შორსაა ისეთი სამხედრო – ფუნდამენტალისტური რეჟიმებისგან, როგორებიცაა, მაგალითად, „ჰამასი“ პალესტინაში, ანდა „ჰესბოლა“ ლიბანში.
დაახლოებით 6–7 წლის წინათ, 8 მარტს, ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელმა მალხაზ სონღულაშვილმა ერთი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, საუცხოო და მნიშვნელოვანი რამ „ჩაიდინა“. იყიდა ლამაზი, გრძელი, წითელი ვარდები და თბილისის ცირკის წინ მდგომ ყველა მეძავ ქალს („ცირკის ბოზებად“ წოდებულებს) დაურიგა. ჩემთვის, როგორც თეოლოგიისგან შორს მდგომი ადამიანისთვის და ფემინისტისთვის, სასიამოვნო აღმოჩენა გახლდათ ის, რომ ამ ევანგელისტ–ბაპტისტურ ტაძრებში „ქალთა ხელშემწყობი ჯგუფები“ არსებობენ. სწორედ იმ დღეებში ამ ჯგუფის შეხვედრაზე დამპატიჟეს, სადაც ქართველ ევანგელისტ– ბაპტისტ ქალთა სამოქმედო გეგმასაც გავეცანი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, 8 მარტის „ცირკის ვარდებზე“ და ევანგელისტ ქალთა ინიციატივებზე მომცრო ზომის ჩანახატი დავწერე და იმ გაზეთში მივიტანე, რომელთანაც იმ პერიოდში ვთანამშრომლობდი. სტატია გაზეთის გვერდში უკვე ჩაიდო (ანუ მკითხველი მას მეორე დღეს წაიკითხავდა), როცა უბრალოდ იმ საღამოს სხვა მასალაც მივიტანე. რედაქტორმა მითხრა, რომ ჩემი სტატია ნომერში მიდის და კორექტურის შემდეგ, მაინც გადახედეო. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჯობდა ქალბატონი კორექტორი ცხოვრებაში საერთოდ არ გამეცნო. ჩემი და შავებში ჩაცმული კორექტორის შეხვედრა, რბილად რომ ვთქვათ, ფრიად უსიამოვნოდ წარიმართა და როგორც იმ წლებისთვის (არ ვიცი, ამჟამად რამდენადაა ეს „მიღებული“) იყო დამახასიათებელი, მან ჩემს კისერზე ჯვრის ჩვენება მომთხოვა. რაზეც მკაცრი და კატეგორიული უარი მიიღო. მომთხოვა, აი, ისე, ქვეყნის სტუმარს საბაჟოზე ან საზღვარზე პასპორტს რომ სთხოვენ. ამას მოჰყვა ძალიან დაძაბული საუბარი, კონფლიქტი, რომლის დროსაც ყველაზე რბილი ეპითეტი, ჩემ მიმართ ნასროლი, გახლდათ „მასონიზმის პროპაგანდისტი“ და „მწვალებელი“. ამგვარი შემკობა მხოლოდ იმის გამო დავიმსახურე, რომ აბსოლუტურად უწყინარი სტატია „არატრადიციული რელიგიის“ წარმომადგენლის ქმედებას ეხებოდა. აქვე მინდა დავძინო არა თავის მართლების მიზნით, არამედ ინფორმაციისთვის, რომ საერთოდ არ ვიცნობ ამ მოძრაობას (მასონობა) და რატომღაც დიდად არც მაინტერესებს. „საუბრისას“ კორექტორი, ფაქტობრივად, ისტერიულ გულყრამდე მივიდა, მთელი რედაქცია იმ ოთახში შეიყარა, ხმამ და ემოციამ უაღრესად ზღვრულ ნიშნულს მიაღწია. რახან კორექტორის ჯანმრთელობას მართლაც სერიოზული საფრთხე შეექმნა და ეს „დიალოგი“ ცუდად შეიძლება დასრულებულიყო, ამიტომ სტატია გვერდიდან ამოღებულ იქნა. თავს არ შეგაწყენთ ჩემი ფემინისტური შეხედულებების გამო „ანტიეროვნულობის“ იარლიყის მოწებების ზოგჯერ სასაცილო და ზოგჯერ არც ისე სასაცილო ჩემი პირადი „ზეპირი ისტორიების“ კოლექციით. თანაც ეს უკვე მონათესავე, მაგრამ მაინც სხვა თემიდანაა.
2011.02.10
netgazeti.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment