Tuesday, September 18, 2012

ვის ეშინია ადმირალ – გენერალ ალადინის ?



Happy Birth Day to You, Ms. President… ლამის მერლინ მონროს მსგავსად წარმოთქვა ორგზისოსკაროსანმა „გოგონამ ერთ მილიონად“, მსახიობმა ჰილარი სუანკმა და ხელის მოჩრდილვის გარეშე კადიროვის მარჯვენიდან ერთი მილიონი დოლარი აიღო, ისევე როგორც – ჟან კლოდ ვან დამმა. ამ უკანასკნელმა კი ჩეჩნეთის პრეზიდენტს სიყვარულიც აუხსნეს – I Love You-ო. არადა არა ერთმა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, მათ შორის Human Rights Watch –მა ჩეჩნეთის ლიდერის კადიროვის დაბადების დღის აღსანიშნავად გამზადებული არტისტების გუნდი მუსიკოსების ვანესა მეისა და სილის (Seal) ჩათვლით ჩეჩნეთში გამგზავრებამდე ოფიციალურად გააფრთხილა, რომ ამ კაცთან სტუმრობა იგივე იქნებოდა, რაც პინოჩეტის, ალ – ქაიდას ხელმძღვანელების, სამხრეთ აფრიკის რასისტული მთავრობის გართობისთვის გარჯა.

„განა შესაძლებელია მერაია ქერის, ნელი ფურტადოს, ბიონსესა და 50 ცენტის (რეპერი – ი. მ.) სირცხვილის დავიწყება, რომლებიც კადაფის ოჯახისთვის პერფორმირებდნენ და ამისთვის მილიონობით დოლარი აიღეს?“ – განაცხადა Human Rights Foundation– ის ხელმძღვანელმა თოლ ჰალვორსენმა. ეს 2011 წლის შემოდგომის „სახელოვნებო ვნებებია“. 2010 წლის ზამთარში კი ბიონსემ კადაფის ვაჟის მუტასიმის მიერ მოწყობილ წვეულებაზე ნახევრად შიშველმა იმღერა–იცეკვა–გაერთო–გაართო და ამაში ორი მილიონი დოლარი აიღო. ალბათ, ჩადრში “გამოწყობილი” ქალებისა და საერთოდ ლიბიელი ხალხისადმი პატივისცემის ნიშნად. იმ ლაღ საღამოზე ბრძანდებოდნენ ჰოლივუდის სხვა „სელებრითებიც“: ბიონსეს რეპერი მეუღლე ჯეი–ზი, ლინდსი ლოჰანი, ჯონ ბონ ჯოვი, ასევე „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი პოლ ალენი და ტოპ – სამოდელო სააგენტოების ტოპ – გოგონები. რამდენიმე წლის წინ კადაფისთვის ენრიკე იგლესიასაც დაუძაბავს მემკვიდრეობით ბოძებული ხმოვანი იოგები. კადაფის რეჟიმის თაობაზე შემეცნებითი სახის ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მერაია ქერიმ თავისი საქციელი უცებ მოინანია და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მისი მიამიტობის ბრალია, რომ უფრო ყურადღებით უნდა იყოს იმათ მიმართ, ვინც არტისტებს მომსახურებას უკვეთავს. სხვათა შორის, კარგი წამოცდენაა: მუსიკა თავის შოუბიზნესიანად, როგორც რიგითი, მეტ–ნაკლებად ძვირი მომსახურეობის სფერო, მსმენელი კი უბრალოდ მსმენელი აღარაა, არამედ მომხარებელი, „იუზერი“. მოგვიანებით მერაიამ ადამიანის უფლებებზე სიმღერაც დაწერა და ფონდიც Save the Day შექმნა. სილი კი აღშფოთდა: თავი დამანებეთ, მე მუსიკოსი ვარ, მეტი არ მესმის – არ მომეთხოვება და საერთოდაც, მე კადიროვს კი არა ჩეჩენ ხალხს ვუმღეროდიო. თუმცა არ დაუკონკრეტებია იმ „ფართიზე“ ან ჩეჩენი ხალხი სად დალანდა ან სულაც ვის გულისხმობდა „სუპერკოდური“ სიტყვა „ხალხის“ ქვეშ. ვან დამის მუსკულებმა კი, როგორც ჩანს, ნათესაური სული იგრძნეს და გადაწყვიტეს კადიროვის კუნთებისთვის ბიცეფს–ტრიცეფსული სოლიდარობა გამოეხატათ და ამიტომ მისი პატრონის პირით განაცხადეს: ჩვენ კიდევ ჩავალთ კადიროვთანო. ჰილარი სუანკმა კი ვაი ეს რა მომივიდაო, ამიტომ ამ ფულს ქველმოქმედებაზე აუცილებლად დავხარჯავო. არადა ჯერ არც ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას სუანკისგან რაიმე სახის თანხის მიღება არ დაუდასტურებია. სამაგიეროდ, ევა მენდესმა, კევინ კოსტნერმა და შაკირამ კადიროვისეულ მარაქაში გარევა არ მოინოდმეს. ჰოდა, ყოჩაღ მათ. და კიდევ ვანესა რედგრეივს, რომელსაც „პუტინის თვალებში ჩახედვა“ სულაც არ დასჭირვებია, რათა ჩეჩნეთის უბედურება და ოფიციალური დიპლომატიური ენით არაღიარებული გენოციდი დაენახა.


ურიგო არ იქნებოდა ადამიანის უფლებების დამცველებს დროულად ეაქტიურათ მაშინ, როცა შერონ სტოუნი (მოგვიანებით „აგვისტოს 5 დღითა“ და პატრიარქთან შეხვედრით ატირებული), მიკი რურკი, ალენ დელონი, ორნელა მუტი, ჟერარ დეპარდიე, გოლდი ჰოუნი და სხვანი თითქოსდა რუსი ონკოდაავადებული ბავშვების დასახმარებლად, ფაქტობრივად, პუტინს ეწვივნენ. თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ კინოვარსკვლავებს ისიც კი არ სცოდნიათ, რომ იქ რაიმე სახის თანხა გროვდებოდა. მერე ეს მითიური ფული უცებ გაჩნდა, მერე გაქრა, მერე კვლავ საიდანღაც გამოჩნდა და მერე ისევ სადღაც გაქრა. არადა ამ და სხვა უამრავი კეთილი საქმის კეთება ქვეყნის პრეზიდენტისა და მმართველი თუ არამმართველი პარტმუშაკების ჩარევის გარეშეც სავსებით შესაძლებელი იყო. „დამპალი დასავლეთის“ არანომენკლატურული მსახიობები ნომენკლატურული ჩინოვნიკ–კაგებეშნიკს ტაშს უკრავდნენ და ამით საუკუნის კიჩს ზღვრული კარიკატურულობით პერფორმირებდნენ. პუტინმა ჯერ ჩეჩნები „ზამოჩილ ვ სორტირე“, მერე კი ამერიკული სიმღერა Bluebbery Hills (მოცვის გორაკები) წაიმღერა.



კიდევ კარგი, რომ ამ სიმღერის შემსრულებლები ლუი არსმტრონგი და ელვის პრესლი ცოცხლები აღარ არიან... თუმცა „მოცვის გორაკებს“ „ლედ ზეპელინიც“ ასრულებდა და ურიგო არ იქნებოდა სწორედ მათი შესრულების ფონზე 2004 წელს ბესლანის N 1 სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის კინოდოკუმენტები ეჩვენებინათ იმ 186 ბავშვის ერთობლივი ფოტოს თანდართვით, რომლებიც ამიერიდან სამუდამოდ ერთად მოიხსენიებიან. ეს ისე, მხატვრულ–დოკუმენტური კონტრასტული დრამატურგიის შესაგრძნობლად... არადა არავის გახსენებია ბესლანი, სადაც სწორედ რომ რუსეთის მოქალაქე, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების კბილა პატარები უმოწყალოდ ამოხოცეს და თან „მოცვის“ მოყვარული რუსი შემსრულებლის უშუალო მონაწილეობით კი არა, ხელმძღვანელობით. რასაკვირველია, საქართველოსთვის არავის სცხელოდა. თუმცა ვინ იცის, პუტინს „სულიკო“ ქართულად რომ წაიმღერებინა, იქნებ მავანს შერონ სტოუნივით ორი თითით V (Vicrory – გამარჯვება) ეჩვენებინა, როგორც ეს მან რუსი პრემიერის, ამჟამად კი პრეზიდენტის ხმის გაგონებისას გაბადრული სახით გააკეთა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლამის წელიწადში ერთხელ თეთრი სახლის ფანჯრებში ბრედ პიტის დალანდავაა შესაძლებელი; ყოფილი „ბიტლელი“ პოლ მაკარტნი პრეზიდენტის ცოლს „მიშელს“ სცენიდან უმღერის; შონ პენი და ოლივერ სთოუნი კი ვენესუელელი ჰუგო ჩავესით არიან აღფრთოვანებულნი... ჰოლივუდი დიდი ხანია ცნობილია თავისი მემარცხენეობით და ამიტომაც პოლიტიკასთან პოპ არა მხოლოდ პოპკულტურისტების ამგვარი დაახლოება მემარცხენულ მეინსტრიმს, წესით, არ უნდა ეკადრებოდეს. მაგრამ ჩვენს თუ უცხოელ „სულის ინჟინრებს“ ისეთივე მარკეტინგული ტაცების რეფლექსი აღმოაჩნდათ, როგორც უოლ – სთრითის „ზვიგენებს“, რომლის წინააღმდეგ მემარცხენეებად წოდებული „ოკუპანტები“ იბრძვიან. მაგრამ რადგანაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მოსახერხებელი და ტევადი მცნებაა, არაუფლებამოსილებას მათ ვერავინ დასწამებთ.
წელს ოსკარების გადაცემის ცერემონია არა მარტო შავ–თეთრი კინოს ნოსტალგიის ნიშნით წარიმართა, არამედ, ჩემი აზრით, ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდითაც, რომელიც რატომღაც კინოსამყაროს მოყვარულთა ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა. კინოაკადემიამ თავისივე გაერთიანების წევრს, მსახიობსა და რეჟისორს საშა ბარონ კოენს კინოთეატრ „კოდაკში“ დიქტატორის (კოენის ფილმი „დიქტატორი“. კომპანია Paramount Pictures) კოსტუმში მოსვლა აუკრძალა იმ მოტივით, რომ ამგვარი ანტურაჟი მიუღებელია; რომ ეს მისი ფილმის რეკლამა იქნებოდა (კოენი ოსკაროსან ფილმ Hugo-შიც მონაწილეობს და ცერემოანიაზე დასწრების ლეგიტიმური უფლებაც ჰქონდა). არადა მსახიობები ხომ თავიანთი ფილმების მოსიარულე რეკლამა არიან, ნებისმიერი ანტირეკლამა კი ყველაზე კარგი რეკლამაა. ისიც დაუჯერებელია, რომ ფილმის უფრო მეტად გასაჯაროვება ან მსახიობის ტანსაცმელი აკადემიის წევრების გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენას მოხდენდა. საქმე იმაშია, რომ ყოფილი „ბორატი“ მარაზმატიკ ადმირალ – გენერალ ალადინის როლს თამაშობს. იგი აღმოსავლელი დიქტატორების, ზოგი მოკლულისა და ზოგი ცოცხალის კრებითი სახეა თავისი კარიკატურული პრიმიტივიზმითა და იდიოტიზმამდე მიყვანილი კლოუნადა – სისასტიკით. კინოაკადემიის მიერ დაწესებულ „სანქციას“ მსახიობმა „დიქტატორულად“ უპასუხა: არ გაგახარებთო, ერთგან კი ჰილარი სუანკს „შეახსენა“, რომ ქალმა ორი მილიონი დოლარი აიღო მისგან პაემნის სანაცვლოდ, ქალმა კი მუხანათურად უკან ერთი „პენიც“ კი არ დაუბრუნა... 
  

ბოლოს აკადემიამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას პატივი სცა და კოენი თავისი თანმხლები ორი ქალით (ქარაგმა კადაფის სხეულის მცველი ქალების სპეცრაზმზე), რომლებიც სამხედრო ფორმაში იჯგიმებოდნენ, მაინც გამოჩნდა. ალადინს ხელში ერთ–ერთი „კიმ ირ სენის“ ფერფლიანი ურნა ეჭირა. თან დასძინა, რომ ამას ჰოლი ბერის მკერდს დავაყრიო, თუმცა მერე გადაიფიქრა და ტელეარხის Entertainment (სანახაობა) წამყვან მამაკაცს გადააფრქვია. მერე წითელი ხალიჩის სქელკისერა დაცვა გამოჩნდა და დიქტატორი ბორატი ქალებითურთ ჰოლივუდელებისთვის უსაფრთხო ალაგს გადაიყვანეს... ბუნებრივია, ყველამ იცოდა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარის ნაწილი იყო, ისევე როგორც სამი წლის წინ, როცა MTV –ის ცერემონილაზე ჭერიდან დაშვებული ანგელოზოსფრთებიანი კოენი ემინემს დაეჯახა და ზედ დაეცა. მაყურებელთა უმრავლოსეობამ ეს ინციდენტი სერიოზულად აღიქვა. სინამდვილეში კი მფრინავისა და დაზარალებულის როლები დიდი ხნით ადრე იყო დელეგირებული, რაც მოგვიანებით გახდა ცნობილი.


კოენისთვის აღმოსავლელი დიქტატორის კოსტუმში გამოჩენის აკრძალვა ბევრმა ამერიკული კარიკატურული პოლიტკორექტულობის გამოვლენად მიიჩნია, რომელიც უკვე იმდენად გროტესკულია, რომ მის გამოსახატავად მხოლოდ საშა ბარონის კლოუნადა ნამდვილად არაა საკმარისი; მერე ჩარლი ჩაპლინის „დიდი დიქტატორიც“ გაიხსენეს და ისიც წარმოიდგინეს თუ რა მოჰყვებოდა წითელ ხალიჩაზე მსახიობი ჰიტლერის ფორმაში რომ წარმდგარიყო. იქნებოდა თუ არა ეს ჰოლოკოსტის „რეკლამად“ აღქმული?... ზოგმა ცივი ომისა და რკინის ფარდის პერიოდი ინატრა, როცა პოლიტიკა მეტ–ნაკლებად შავ–თეთრი იყო, როცა ბრიტანელი უინსტონ ჩერჩილის სიტყვები (ფულტონში სიტყვით გამოსვლა) სსრკ–სა და სტალინზე პირდაპირი იყო და სწორედაც ამიტომაც იყო კორექტული: „არაფერს ისე არ აფასებენ ისინი, როგორც ძალას და არაფერს ისე არ იგდებენ აბუჩად, როგორც საომარ სისუსტესო“ . . .


ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის იყო ამ ქვეყნის ყველაზე დიდი კოზირი. როცა ბრუკლინის მუზეუმში ერთმა აფრიკელმა მხატვარმა ღვთისმშობლის ხატი პორნოფოტოებით, სპილოს ექსკრემენტებითა და ბისერით მორთული გამოფინა, ბუნებრივია, ამგვარმა ხატმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მემარცხენე და ზოგადად ლიბერალურმა საზოგადოება ამ მხატვრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების სადასაცავად დაირაზმა. როცა 2006– ში ფილმმა „კუზიანი მთის“ სამმა ოსკარმა მორალისტების, კოსნერვატორებისა და ჰომოფობების აღშფოთება გამოიწვია, საზოგადოება კვლავ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მიემხრო. მაგრამ როცა კინოაკადემიის ხალიჩაზე აღმოსავლელი დიქტატორების უწყინარი დაცინვის დრო დადგა, მაშინ აკადემიის ლამის 5765 – ვე წევრმა მხარი ცივი ომის პოლიტკორექტულ–ვარდისფერბაფთიან ვერსიას დაუჭირა. ერთი სიტყვით, შოუ გრძელდება და ამიტომაც შემდეგ Happy Birth Day to You, Ms. President –მდე...


მარტი 9, 2012


shokoladi.ge

No comments:

Post a Comment