Saturday, September 22, 2012

ნამდვილი მამაკაცები ქალებს არ ყიდულობენ


შარშან, 17 დეკემბერს, ბრიტანეთში სექსმუშაკების საერთაშორისო კავშირის (International Union of Sex Workers - IUSW) ინიციატივით სექსმუშაკების ძალადობისგან დაცვის დღე აღნიშნეს. IUSW-ის წევრები არიან როგორც ბრიტანეთში მოქმედი პროსტიტუციური „ინსტიტუტები“ – მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მუშაობის ხარისხოვნების ასამაღლებლად მეძავეებს ინგლისური ენის კურსებსაც სთავაზობენ – ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს გარეთ დარეგისტრირებულები – გერმანიის, ავსტრიის, ბრაზილიის, არგენტინის, ტაილანდის, ურუგვაის, ახალი ზელანდიის „უძველესი პროფესიის“ წარმომადგენლებიც. IUSW იცავს როგორც ადგილობრივი, ასევე მიგრანტი სექსმუშაკების, პორნოინდუსტრიის „მსახიობების“, სატელეფონო და ვებკამერის, ბორდელების, ქუჩის, ჯგუფური და ინდივიდულური „ბიზნესის“,  ექსკორტსერვისების მსახურებს,  როგორც ორივე სქესის, ასევე ბი–ჰომო–ტრანსორიენტაციის  წარმომადგენლებს. ორგანიზაციის წესდება გვაუწყებს, რომ იგი სექსმუშაკების ადამიანის, სამოქალაქო და სამუშაო უფლებებს იცავს, იბრძვის მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისა და პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციისთვის, არჩევანის თავისუფლებისთვის და ამ უფლების პატივისცემისთვის. ისინი აწყობენ კონფერენციებს, სემინარებსა და ტრენინგებს. ერთი სიტყვით, IUSW სექსმუშაკთა პროფკავშირია. აქ წლიური საწევრო 138 ევრომდეა, ხოლო მათთვის, ვინც კვირის განმავლობაში პროსტიტუციით მხოლოდ 20 საათი და ნაკლები დროა დაკავებული – 78 ევრო.

არ არის ახალი, რომ ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია საზაფხულო პროსტიტუციის სეზონი „ყვავის“, როცა ხანგრძლივი არდადეგების დროს აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი სსრკ–ისა და სხვა უფრო მარგინალური სივრცის მოქალაქეები ეკონომიკურად უფრო ძლიერ ქვეყნებში სექსთავგადასავლებისთვის იმისთვის ჩადიან, რათა მოგროვებული თანხით სტუდენტური ბინის ქირა, დენის, ინტრენეტისა და სწავლის თანხის გარკვეული ნაწილი ნაღდი ფულით დაფარონ. საერთოშორისო კონვენციებით დაცული გადაადგილების თავისუფლება ერთგვარ სტუდენტურ სექს–ტურიზმად, სხეულისა და „სექსის უნარით“ ვაჭრობის ბიზნესად გადაიქცა. ამჯერად ეკონომიკურად წელგაუმართავ ქვეყნებს ფინანსურად არც ისე შეჭირვებული ქვეყნებიც შეუერთდნენ. მაგალითად, ბრიტანეთი. ამ ქვეყნის „სტუდენტური ეროვნული გაერთიანების“ ცნობით, სტუდენტები პროსტიტუციის გარდა იძულებულნი არიან, სამედიცინო ექსპერიმენტებშიც მიიღონ მონაწილეობა, სადაც მათ ანაზღაურებას სთავაზობენ. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და განათლების სფეროს ხარჯების შემცირების გამო სულ უფრო მეტი სტუდენტი იძულებულია ეკონომიკის ისეთ ჩრდილოვან სექტორში ჩაერთოს, როგორიცაა სექსბიზნესი. ამას წინათ კინგსთონის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ბოლო 10 წლის განამვლობაში იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც იცნობენ იმ თანაკურსელებსა თუ მომავალ კოლეგებს, რომლებიც სწავლის საფასურისთვის პროსტიტუციის ინდუსტრიაში ჩაერთვნენ, 3–დან 25 პროცენტამდე გაიზარდა.... IUSW იმ მომავალი პედაგოგების, პროგრამისტების, დირიჟორების, კულტუროლოგებისა და ექიმების უფლებებსაც იცავს, რომლებიც დღისით „ალმამატერში“ ლექციებს ესწრებიან, საღამოობით კი საკუთარი სხეულით ვაჭრობენ, რათა თავიანთი მომავალი უზრუნველყონ, პროფკავშირის საწევრო გადაიხადონ, მოგვიანებით კი პროფესიული თვითრეალიზაციისა და ქვეყნისათვის მსახურების საშუალებაც მიეცეთ. და თუ ვინმე იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და ამავე დროს ნახევარ განაკვეთზე სექსმუშაკად მსახურობს, არაა გამორიცხული, IUSW–ის იურიდიული კონსულტანტიც გახდეს. ბუნებრივია, მას ხელფასი სწორედ ამ ორგანიზაციის საწევროს მოსაკრებიდან გადაეხდება.


მეძავთა რიგებში ახალი ტიპის ჰეტერა–გეიშა–კურტიზანების, უფრო სწორად, Think Tank კომპიუტერიზებულ– მოდერნიზებული თაობის, რომლის კულტი განათლებაა, გაჩენის ცნობამ კვლავ გაამძაფრა პროსტიტუციის ლეგალიზება–არალეგალიზების თემის გარშემო არსებულ აზრთა დაპირისპირება. ბუნებრივია, აქ ქალისა და მამაკაცის პროსტიტუციაც მოიაზრება, მაგრამ, როგორც წესი, პატრიარქალურ საზოგადოებაში მეძავად ითვლება ის, ვისაც ფულს უხდიან (როგორც წესი, ქალი) და არამც და არამც შემკვეთი (როგორც წესი, მამაკაცი), რომელიც სქესობრივი აქტის ისეთივე პროტაგონისტია, როგორც ნაყიდი სხეულის პატრონი. მაგრამ მეძავად მხოლოდ ქალს თვლიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ფული/ ძალაუფლება დელეგირებს ერთჯერადი თუ მეტი სქესობრივი კონტქატის როლებს. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ჟურნალისტისთვის და ფემინისტისთვის, დიდი ხანია ცნობილია სექსბიზნესის ლეგალიზაციის ათობით კი არა ლამის ასობით ყველა პრო და კონტრარგუმენტი, მათ შორის სექსმუშაკების რეპრესირების ისტორიული მაგალითები (სსრკ–ში მეძვეების საკონცენტრაციო ბანაკის შექმნის მცდელობა). ამიტომ ამჯერად მინდა შევეხო ერთ ფრიად მნიშვნელოვანსა და პრონციპულ საკითხს – ძალაუფლება/ ფული/ ძალადობის დისკურსს. თავი რომ დავანებოთ „სუტენიორების ინსტიტუტის“ გამყარებისთვის (როგორც წესი, ამ საქმის მენეჯერები მამრობითი სქესისანი არიან) ნოყიერი ნიადაგის შექმნას. ის, რომ არსებობს ქალის სხეულის გაყიდვის ლეგიტიმაციის სამედიცინო, სოციალურ–ეკონომიკური, გნებავთ, კულტურული პროარგუმენტები, კიდევ ერთხელ და, ვინ იცის, მერამდენედ, ადასტურებს ქალის რეპრესირების პრაქტიკების მექანიზმებისა თუ სისტემების უკვდავობასა და მრავალფეროვნებას, რომელიც ძალიან კარგად ჯდება არა მხოლოდ „ძალაუფლების ფსიქიკურ ცხოვრებაში“ (ჯუდით ბატლერი), არამედ ფიზიკურშიც, თავისი მთელი ინტიტუციების ქსელით, პროფკავშირებითა და ბიუჯეტში შენატანის ფორმალიზებით. ქალისა და მამაკაცის პროსტიტუცია ფეისბუკში, სხვა სოციალურ ქსელებსა და გაცნობის საიტებზე დამკვიდრდა, როგორც კლიენტისა და სექსმუშაკის პირდაპირი კავშირის დამყარების გზა, სუტენიორის გარეშე, როგორც ამ „საქმის წარმოების“ ყველაზე ოპტიმალურ–ოპერატიული ხერხი. არაფერს ვამბობ ათასობით კი არა ათიათასობით ვებგვერდისა და პორტალის არსებობაზე, რომლის საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში ქალს „მიაგნო“, შეუკვეთო – გამოიწერო, მაგალითად, როგორც ეგზოტიკა, გნებავთ, იმ ქვეყნის ნაციონალური კერძის უფრო ღრმად დაგემოვნების მოტივით, რომელიც პირის წკლაპუნითა და ენის რეცეპტორების დაკმაყოფილებით დესერტად მიირთვი. მაგალითად, ჩინურ რესტორანში კარგი სადილის შემდეგ პორნოსაიტზე ჩინელი ქალების ცალკე „განყოფილების“ პორნო – აპეტაიზერად შეთვალიერებაა შესაძლებელი და მერე ჩინელი ქალის „შეკვეთა“... იქვე, რომელიმე სტრიპტიზბარიდან, „მასაჟის სალონიდან“ ან ბუნაგიდან. და ასე ინდოელი, კორეელი, რუსი, ლიტველი, პოლონელი, იტალიელი, დიდ თუ პატარამკერდა, დიდ თუ პატარადუნდულა, ბრუტალურ სექსზე თუ პეტინგზე თანახმა, უფროსი თუ უმცროსი, აქტიური თუ პასიური, ნასვამი თუ ფხიზელი, ქერა თუ შავგვრემანი, გამხდარი თუ მსუქანი, აფრო–ამერიკელი თუ თეთრკანიანი. ანდა ყველაფერი ერთად, ერთგვარი „ასორტი–ბრიგადა“ და ა.შ. რასაკვირველია, სასქესო ასოს შესაძლებლობებისა და ჯიბის გადახდისუნარიანობის მიხედვით.


საზოგადოების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით პროსტიტუციის ლეგიტიმაციაზე სერიოზული მსჯელობა პატრიარქატის ერთ–ერთი ძველი ფორპოსტია, რადგანაც ამგვარი დისკურსი ორბიტაზე ქალის იდენტობის შემადგენლად ძალადობის თუ ძალადობაზე მოთხოვნის „ნატურალურ“ კომპონენტს აბრუნებს. რასაკვირველია, იტყვიან, რომ ეს ქალის არჩევანია, რომ ეს არ არის ტრეფიკინგი, არ არის ძალადობა და სწორედ ამაშია ამ უხილავი ხაფანგის მუხანათობა. იმისთვის, რომ დაინახო ამგვარი მიდგომის ფემინოფობური მიზანტოპულობა, არაა აუცილებელი მაინც და მაინც ფემინიზმის რომელიმე მიმდინარეობის ნერვი გიგიღიზიანდეს, ანდა იყო უიმედოდ მიამიტი იდეალისტი. ამისთვის სამკარისია სოციალური ნერვი, სოციალური მგრძნობელობა, სოციალური სამართლიანობის განცდა. თუნდაც სამართლიანობის ყველაზე ელემენტარული გრძნობა, რომელსაც არ ფარავს „ინტელექტუალურ–პრაგმატულ–უტილიტარისტული“ ფსევდორაციონალური განსჯა და „რეალპოლიტიკა“. ქალის სხეულის გაყიდვის პირადი არჩევანისეული „ლიბერალიზმი“ არის „ლიბერალური ძალადობა“, გნებავთ, „ლიბერალური მიზოგინია“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა „გასაყიდად მზადმყოფთა“ მობილიზაცია პაქტრიარქატის, როგორც კულტისადმი მსხევრპლშესაწირად. და, რაც მთავარია, ამგვარი მიდგომა მამაკაცსაც არაჰომოსაპიენსურ „მდგომარეობაში“ აყენებს. ქალთა უფლებების გაეროსა და ევროკავშირში დაფიქსირებამდე, სუფრაჟისტებისა თუ ქალთა მოძრაობის სხვა ძველი თუ ახალი თაობის ფემინისტების მცდელობა იქითკენ იყო მიმართული, რომ ქალებს პატრიარქალური ნარატივები და მათი ქვეტექსტები ნათლად წაეკითხათ, თანაც არა ჩურჩულით, არამედ ხმამაღლა და თან გაეპროტესტებინათ – გაეკრიტიკებინათ–შეეცვალათ იგი არა სადღაც საკუჭნაოს ჩაბნელებულ კუთხეში, ანდა ცრემლებით დასველებულ ბალიშზე, არამედ ღიად, საჯაროდ, პოლიტიკურ ტრიბუნაზე... ქალის მიერ საკუთარი სხეულის გაყიდვის „პროჩოისული“ პოზიციის დამცველები, ფაქტობრივად, ქალის სხეულს კონტროლისა და ეკონომიკური რეგულირების სფეროში აგდებს, როცა ბატონყმური/ მონური „კონტრაქტი“ განაგებს არა მარტო ისტორიული ფორმაციის სახელწოდებას, არამედ გენდერისა და ზოგადად სქესთა შორის ურთიერთობის ფორმების არსებობასაც. ქალში სულის არსებობა, მგონი, კვლავ „საჭიროებს“ ჰეგელისეული მონის დიალექტიკის ეგზისტენციალური სტადიების „აღიარებას“. როცა XXI საუკუნეში განათლებისა თუ თბილი ფეხსაცმლის ქონის, ანდა ცხელ ზაფხულში კონდინციონერის ჩართვის სურვილი ამერიკელ თუ ევროპელ სტუდენტს და არა მარტო მას – მომავალი საშუალო ფენის წარმომადგენელსა თუ სახელმწიფო გადაწყვეტილების მიმღებს კოლეჯში თუ უმაღლესში სწავლის სურვილის შეუსაბამო გადახდისუნარიანობა ქუჩაში ანდა ბორდელში აგდებს, დროა, საუბარი დავიწყოთ „ცივილიზებული“ მონათმფლობელური თუ ბატონყმური ურთიერთობის რეინკარნაციაზე; როცა ბატონი, მფლობელი ისევ ისაა, ვინც თანხას იხდის (მუსიკასა და ქალს უკვეთავს), მონა კი ის, ვინც არაფრისმქონეა (მღერის, უკრავს, ცეკვავს და „იძლევა“) და თან ისეთ უფლებადაცვით პროფკავშირშია გაწევრიანებული, რომლის საწევროსაც ერთი–ორი ფასიანი „კოპულაციით“ დაფარავს. პროსტიტუციის ლეგიტიმაცია, მისი ლეგალიზაციის მცდელობა კი კვლავ ცხადად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია, მაგალითად, საზღვრებიდან ძალიან შორს აწარმოოს ომი, რომელიც მას დღეში 1 მილიარდი უჯდება, მაგრამ, ამავე დროს, გამოხატვისა და შრომის თავისუფლების ეგიდით სახიფათო „გენდერული თამაში“ ითამაშოს, რომელსაც ყოველთვის მოუძებნის რაციონალურ მარცვალს და მეინსტრიმში მოაქცევს, ბიუჯეტი კი ქალის დისკრიმინაციის ან მარგინალიზაციის ხარჯზე შეივსება, რათა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისთვის დაკარგული ვალუტის კომპენსირება ანდა საკუთარი საზღვრებიდან შორს დემოკრატიის/ლიბერალური ღირებულებების ექსპორტი არ შეწყდეს. პარადოქსი კი ისაა, რომ ამ ლიბერალურ ღირებულებებში სწორედ რომ ქალთა უფლებების დაცვაც მოიაზრება.


ქალის განდევნის ფალოცენტრული პოლიტიკა თანამედროვე ინტერგოგონებსა და „პატარა ვერებს“ მარია მაგდალინელის „ხატში“ აბრუნებს, სადაც მხოლოდ უზენაესის – ქრისტეს, ბუდას, მოჰამედის, სუპერმენის ან ზოგადად მამაკაცის (ძლიერის, სულგრძელის და ა.შ.) წყალობა თუ იხსნის ქალს პირველყოფილი თუ არაპირველყოფილი ცოდვისგან, გამოასწორებს, სწორ გზაზე დაყენებს და იგი მხოლოდ ასე თუ გადარჩება, როგორც გარი მარშალის ფილმში „ლამაზი ქალი“, სადაც მეძავის პრობლემას მდიდარი და კეთილი, თანაც ოპერის მოყვარული, შეყვარებული ბიძა წყვეტს, ანუ მხოლოდ უფლისწულს (მამაკაცს) შეუძლია კონკია (ქალი) დედოფალი გახადოს. დედოფალი, რომელსაც, თუ საჭირო გახდა, მის წარსულს ყოველთვის შეახსენებენ და მის „კუთვნილ ადგილზე“ მოსვამენ. მაგრამ თუ მონარქია დაემხო და თან ამას ეკონომიკური რეცესია დაემატა, არაა გამორიცხული, მეფე საკუთარი ცოლის სუტენიორად მოგვევლინოს, ანდა გულისსწორი ცარიელი ჩანთებით თურქეთში მიმავალ იმ ავტობუსამდე მიაცილოს, რომელიც მას უკან სავსე ჩანთებს ჩამოატანინებს.


ამას წინათ ნიუ იორკში ბორდელის მფლობელი „ქალბატონი“ დააპატიმრეს, რომელმაც ამ „წარმატებული ბიზნესით“ 5 წლის განამლობაში 5–6 მილიონზე მეტი დოლარი იშოვნა. ცნობილია ისიც, რომ მანჰეტენელ მეძავებს უფრო მეტს უხდიან, ვიდრე ბრუკლინელებს, თუმცა ესეც სექსმუშაკის ბედ–იღბალზეა დამოკიდებული. მართალი გითხრათ, ამ ყველაფერში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ის, რომ პოლიცია ამ ბუნაგს მთელი 5 წლის განმავლობაში მწყემსავდა. რატომ იცდიდნენ ამდენ ხანს? არავის გამოუთვლია, პოლიციელების ამგვარ „მოთმინებას“ რამდენი საბიუჯეტო დოლარი შეეწირა. ხომ არ ჯობდა ამ თანხის უფრო ოპტიმალურად, თუნდაც განათლებაზე დახარჯვა? დარწმუნებული ვარ, დაქირავებული მძარცევლ/მკვლელების ბანდა რომ აღმოეჩინათ, პოლიცია მილიონჯერ უფრო ოპერატიული იქნებოდა – შემდგომ ბანკს, მსხვერპლს, გვამს არ დალოდებოდა... მაგრამ იქ, სადაც უძველეს პროფესიას პრაქტიკულად ხელს უწყობენ და „პატივს სცემენ“, 5 კი არა, 10 და მეტი წელიწადიც შეიძლება დაიცადო, რადგანაც ცნება „პროსტიტუცია“ არ ითვლება სახელმწიფო მნიშვნელობისა და გაეროს „უშიშროების საბჭოს“ დონის საკითხად.


ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ერთი და იგივე სამუშაოებში ქალს 17,5 პროცენტით ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცს. გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრის მცდელობები კვლავ აწყდება სახელმწიფოს – ფულისა და ძალაუფლების კვლავმწარმოებლის – ტოტალურად/ ტოტალიტარულად მომხმარებლურ მანკიერ წრეს, რომელიც, ბუნებრივია, პირველყოფილ, გამოქვაბულის სტადიას გასცდა და რეფორმირდა და რაფინირდა: პოლიტიკა თავად გახდა შოუ – სექსბიზნესი, სადაც სახელმწიფოსა და ინდივიდის უფლებების აღრევა გლამურიზებული ძალადობისა და ესთეტიზებული მარგინალურის „ვინეგრეტს“ ემსგავსება; სადაც პროსტიტუცია (მათ შორის, პოლიტიკური) უნდა არსებობდეს, რათა მაჩო –სახელმწიფომ თავისი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი ერთ–ერთი ფუნქცია შეასრულოს – იხმაროს ის, ვინც სახმარის, მოწყვლადისა და უსუსურის მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ განა უფასოდ? თუ ფული გადახდილია, „ქეისიც“ დახურულია.

12 წლის წინათ პრაღაში გახლდით, სადაც ქალთა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ვესტუმრე. ერთ–ერთი გახლდათ სექსმუშაკების სამედიცინო დახმარების ცენტრი, სადაც ქალებს გინეკოლოგიურ შემოწმებას უფასოდ უტარებდნენ და უსაფრთხო სექსისკენ კონდომებისა და კონტრაცეპტივების დარიგებით მოუწოდებდნენ. მაგრამ, ამას გარდა, მათ ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, მაგალითად, არტთერაპია უტარდებოდათ. ერთ–ერთს დავესწარი კიდეც. საქმე იმაშია, რომ ჩეხეთში ბოშათა პროსტიტუცია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ჰოდა, ერთ–ერთი ბარის (როგორც წესი, მეძავეების თავშეყრისა თუ პოვნის ადგილი) ტერიტორიაზე გათამაშდა სექსმუშაკის მიერ დაწერილი სცენარით დადგმული სპექტაკლი, რომელშიც „ძველი პროფესიის“, ოღონდ არაპროფესიონალი მსახიობები თამაშობდნენ, ხოლო მათგან ნახევარზე მეტი ბოშა იყო. „ლიბრეტო“ ძალიან უბრალო იყო. მეძავი გადაწყვეტს ნორმალური სამსახურის პოვნას, თავს ანებებს ქუჩას, სიძნელეებს სხვათა დახმარებით გადალახავს და ოჯახსაც ქმნის. ორგანიზატორების ცნობით, ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ამგვარი მოკრძალებული მცდელობისა და არასამთავრობო სექტორის არაფორმალური ჩართულობით მართლაც მოხერხდა ამ ადამიანების სექს–ინდუსტრიიდან „გამოგლეჯვა“. თუმცა ამავე ორგანიზაციაში მითხრეს, რომ ჩეხი სტუდენტი გოგონებისა და ბიჭების საზაფხულო პროსტიტუციისგან დაცვა, ფაქტობრივად, არ შეუძლიათ, რადგანაც ეს პრობლემა არასამთავრობო სექტორის შესაძლებლობებს სცდება.

შარშან მედიასა და ინტერნეტ – სივრცეში ამერიკელი მსახობების დემი მურისა და მაშინდელი მისი მეუღლის ეშთონ კითჩერის მიერ დაარსებული ანტიტრეფიკინგული, ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის სოციალური რეკლამა გაჩნდა. სარეკლამო რგოლში ჰოლივუდელები– შონ პენი, ეშთონ კითჩერი და ჯასთინ თიმბერლეიკი, ასევე, ევა ლანგორია და სხვები– ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან. სლოგანი კი ასე ჟღერს: „ნადვილი მამაკაცები გოგონებს არ ყიდულობენ“. მართალი გითხრათ, შონ პენი, როგორც ამბობენ, თავის ცოლებთან ურთიერთობისას დიდი ჯენტლმენობით არ გამოირჩეოდა; ეშთონმა კი, არც აცია და არც აცხელა, თავის ცოლს დემი მურს უღალატა. აი, სწორედ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, როგორც 2–3 წლის წინ ევა ლანგორია მისმა „მოსიყვარულე“ მეუღლემ. ჰოდა, ჩემი აზრით, კონკრეტულად ამ სოციალური რეკლამისთვის ეს კაცები მთლად იდეალური გმირები არ არიან, მაგრამ რაც არის, ეს არის. არადა, გამოდის, რომ „ნამდვილი მამაკაცის“ დეფინიციაში, მთავარია, პედოფილია არ ჩაჯდეს, რაც ისედაც დასჯადი ქმედებაა (ავღანეთსა და მისდაგვარ ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით), სხვა მხრივ, „რაც გინდა იყოს“, ანუ დეკლარირებულია სასქესო ორგანოს სრული თავისუფლება. მაგრამ საკითხი მაინც ამგვარად შეიძლება დაისვას: თუ სრულწლოვანი მდედრობითი სქესის სხეულს იყიდი, გხდის თუ არა ეს მამაკაცად, რომელიც არის ნამდვილი? დაბოლოს: კი, ასეა – „ნამდვილი მამაკაცები გოგონებს არ ყიდულობენ“. და არც ქალებს...


2012.03.27


netgazeti.ge



No comments:

Post a Comment