რატომღაც მგონია, რომ სიტყვა „ბუნკერი“ ბუნკერული ძირის გამო „უმწეო–შემწეს“ წარმომავლობისაა და თავისი რეპუტაციით გუნება–განწყობის გამფუჭებელ, ლამის უცენზურო სიტყვათა რიგში თავსდება. ამავე დროს იგი ქვეყნის ისტორიის ერთგვარი ერთგული თანმდევი და ნოეს კიდობანისმაგვარი „კონტეინერია“: მონარქის, კრემლის, კაგებეს, რაიხსტაგის, მშობლიური მთავრობის სასახლის, მსოფლიოს სახელმწიფო და პარტიზანი ტერორისტების, ატომური ომისგან და რევოლუციებისგან თავდაცვის, დასავლური და აღმოსავლური ტიპის ბუნკერები: ხუთვარსკვლავიანები, საშუალოდ და ძალიან მოკრძალებულად კეთილმოწყობილები და ხრუშჩოვკა – ბუნკერები. და კიდევ რკინის ყუთები ბორბლებზე, რომელშიც ორდინალური ნაგავი – საკვების ნარჩენები, გამოუსადეგარი ნივთები იყრება; რომელშიც მშიერი ჰომოსაპიენსები იქექებიან, რადგანაც ბუნკერში ქექვის თავისუფლება კონსტიტუციითა უზრუნველყოფილი... როგორც გამოხატვის, საკვების მოპოვებისა და გადარჩენის უფლება. და რომელშიც ადამიანთა „სიყვარულის“ გვერდით მოვლენას, არაორდინალური ნაგავს – ბავშვებს ყრიან. ნაგავთან ერთად. არა, ეს ბუნკერები გაზის კამერებს არ ჰგავს. გაცილებით კომპაქტურია და თან კვირაში ერთხელ საყოფაცხოვრებო სიბინძურისგან იცლება. ზოგ ქვეყანაში კი ადამიანებმა ცოტა თუ ბევრი იფიქრეს, იმსჯელეს, ადგნენ და ამგვარი „საბუნკერო“ ახალშობილების გადარჩენის საშუალებები მოიფიქრეს: სპეციალური სახლები, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა და სადაც არასასურველი არსება „ერთი თუ მეტი ფანჯრის პრინციპით“ შეუძლიათ ისე „შეაცურონ“, რომ მომყვანის ვინაობით არავინ დაინტერესდება. უბრალოდ მოვიდნენ, დატოვონ, ზურგი შეაქციონ და წავიდნენ თავის გზაზე. ასე ჯობს. კი, ნამდვილად ასე ჯობს, ვიდრე სრულიად უსუსური არსებები ქალაქის რომელიმე უბნის ქუჩის ჩიხში მწერების, თაგვებისა და მაწანწალა, მშიერი ძაღლების საჯიჯგნად ეგდონ ... თუმცა ძაღლიცაა და ძაღლიც... ადამიანიცაა და ადამიანიც...
რამდენიმე თვის წინათ პოპულარული ამერიკული ტელესერიალების მსახიობმა ნიკ სანტინომ თავი მოიკლა. საქმე იმაშია, რომ მისი ბინის მეპატრონეები და მეზობლები ვერ ეგუებოდნენ ზოგადად შენობაში ცხოველებისა და კერძოდ სანტინოს ბინაში 5 წლის ასაკის, ზომით დიდი პიტბულის ცხოვრებასა და ქცევას. მსახიობი საცხოვრებელი დასახლების მენეჯმენტის გადაწყვეტილებას დაემორჩილა და... თავისი ოთხფეხა მეგობარი როკო ევთანაზიის გამოყენებით სამუდამოდ დააძინა. მაგრამ მოგვიანებით თავისსავე დაბადების დღეს თავადაც ისე მიიძინა, როგორც – როკომ. სიკვდილის წინა წერილში კი ნიკ სანტინომ დაწერა: „დღეს მე ჩემს საუკეთესო მეგობარს ვუღალატე, ჩემი საუკეთესო მეგობარი დავადუმე. როკო მენდობოდა, მე კი იგი გავაწბილე. მან ეს არ დაიმსახურა“.
დასავლეთ აფრიკის ერთ პატარა სახელმწიფო განაში, ერთ პატარა ფერმაში ძაღლი დაიკარგა. საღამო ხანს მეპატრონე შეშფოთდა, როცა შეამჩნია, რომ ოთხფეხა მეგობარი შინ არ დაბდუნდა. ამიტომ რამდენიმე ადამიანის თანხლებით მის ძებნას შეუდგა და იპოვა კიდეც... მისი ძაღლი ადამიანს დარაჯობდა. ხიდის ქვეშ ვიღაცას ჭიპლარიანი, ცოცხალი ახალშობილი მიეგდო, ძაღლმა კი იგი აღმოაჩინა, შემოეხვია და სხეულით გაათბო...
ივნისი 10, 2012
shokoladi.ge
No comments:
Post a Comment