Tuesday, September 18, 2012

ღია წერილი საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს ილია მეორეს




ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სსრკ–ის დანგრევას ქართველი საბჭოთა ყაიდის ათეისტი ადამიანისგან მორწმუნე ჰომოსაპიენსად „გარდაქმნა“ მოჰყვა. მაგრამ მოხდა არა სიღრმისეული შეცვლა, არამედ - „პერესტროიკა“ ნამდვილი კათარზისისა და იმ ფუნდამენტური პრინციპების რეალური გათავისებისა და ცხოვრების ღერძულ კრედოდ ჩამოყალიბების გარეშე, რომელიც ადამიანს არა ფორმალურად მორწმუნედ, რომელიც რელიგიურობის გამოხატვის რიტუალებსა და ატრიბუტიკას ნევროტულად თვალის ჩინივით უფრთხილდება; არა ერთად წირვაზე მოსიარულე მრევლად თუ მრევლის წევრად, რომელიც მარხვის დღეებში ხორცს არ ჭამს, მაგრამ მზადაა თანამოქალაქეს ქრისტეს სახელით თავში ჯვარი ჩასცხოს, სახლი და ბიბლია გადაუწვას; არა მამაკაცად, რომელიც ქალს კომფორტის შემქმნელ საშუალებად აღიქვამს, მაგრამ თუ ეს კომფორტი „სათანადო“ სტანდარტის არაა, ქალზე ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობს; არა ქალად, რომელიც მორჩილად ითმენს პატრიარქალური იდეოლოგიის მიერ მის „რა ჯგუფში“ „კანონზომიერად“ გამწესებას, მენსტრუაციის დროს ეკლესიაში დაუშვებლობასა და „ცოდვილი თავის“ თავსაფრით დაფარვას, მაგრამ საეკლესიო ელიტის წინ ქართულ მოდერნიზებულ სამოსში დეფილეს აწყობს; არა მეუღლედ, რომელიც მესამე და მეტი შვილის ყოლას თქვენი ნათლიად ყოფნის პერსპექტივით შეგულიანებული გადაწყვეტს (სხვათა შორის, რომ არა მენსტრუაცია, მესამე კი არა, არც პირველი გაჩნდებოდა), შემდეგ კი შვილის რჩენის ტვირთს საზღვარაგრეთ წლობით მომუშავე არალეგალის სტატუსის მქონე, ასაკოვანი დედის მხრებს აჰკიდებს, არამედ ღირსების, მოვალეობის გრძნობისა და გადაწვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის მქონე არაინფანტილურ, თავისუფალ პიროვნებად, ჰუმანისტად გადააქცევს. ადამიანად, რომელსაც გაცნობირებული აქვს ე.წ. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები – სიყვარული, სათნოება, თანაგრძნობა, ერთგულება, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, თანასწორობა, ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობები. გნებავთ ამას დასავლური ღირებულებები დაარქვით, გნებავთ – ქრისტიანული, გნებავთ – მხოლოდ მართლმადიდებლური. წმინდა წერილი გვამცნობს, რომ ზოგადად ადამიანი (და არა მარტო მამრობითი სქესის წარმომადგენელი) ღმერთმა თავის სახედ და ხატად შექმნა. მსოფლიო ისტორიამ გამოიარა ღვთის მდედრობითი სქესის ხატებისადმი არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის ბრუტალური ეპიზოდები: ინდური სატი, მკერდის იაპონური გადახვევა, აფრიკული კლიტეროქტომია, ტერფების ჩინური წესით შებანდვა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ტრადიციად ქცეული ზღვრული სადიზმისა და ქალის არასულიერ, „მეორე სქესის“ მქონე იდენტობის გამყარების თეორიების უაღრესად სამარცხვინო და ყოვლად დასაგმობი პრაქტიკა. სამწუხაროდ, ზოგიერთი რიტუალი დღესაც ძალაშია. ჩვენს მეზობლად ჩეჩნეთის ხელმძღვანელი მიზოგინი მამაკაცების მიერ „ამორალურად“ შერაცხყული ქალების მკვლელობას მხარს უჭერს; ეგვიპტეში ქვრივს ცოლის გარდაცვალებიდან 6 საათის განმავლობაში ცხედართან ნეკროფილური „სასიყვარულო ურთიერთობის“ დამყარების უფლება ეძლევა; ავღანეთში პედოფილია ოფიციალურადაა დაკანონებული; ჩინეთსა და უზბეკეთში ქალის იძულებითი სტერილიზაცია ერთული შემთხვევა არაა; ათასობით კი არა ათიათასობით ქალი იღუპება, სახიჩრდება, გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგსა და სექსმონობაში, მათ შორის სექსტურიზმში ჩათრევის გამო; ომის დროს ქალის გაუპატიურების პრაქტიკა ეპიდემიური ხასიათის ძალადობა გახდა. ფაქტია, რომ ცივილიზირებულ სამყაროში ამგვარი სქესობრივი მიკუთვნებულობით განპირობებული ძალადობა კრიმინალად მოიაზრება (ომის დროს ქალის გაუპატიურება სამხედრო დანაშაულთანაა გაიგივებული), მაგრამ არანაკლებ შემაშფოთებელია ამ ყველაფრის მიღმა არსებული „უწყინარი“ იდეოლოგია, ღმერთის სახელით ადათ–წესად ჩამოყალიბებული, მწყობრად დაწერილი შეხედულებათა კომპლექსი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას რელიგიურ და კულტურულ ლეგიტიმაციას უქმნის. ამიტომაც მნიშვნელოვანია სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა და გამკლავება, რაშიც, უდაოდ, სასულიერო პირებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ამისთვის კი სულაც არაა საჭირო ფემინიზმის არაერთი მიმდინარეობის, მისი ისტორიისა და განშტოებების ნიუანსების ცოდნა. ამისთვის საჭიროა თანასწორობის იდეისა და ელემენტარული სამართლიანობის განცდა, რომელიც გენდერულ მგრძნობელობასაც მოიზარებს, რადგანაც თუ ღმერთისთვის დაბადაბით ყველა ადამიანი თანასწორია (იმედია, ასე ფიქრობთ), მღვდელთმსახურები არ უნდა ყოფდნენ ღვთის ხატებს სქესობრივი ნიშნით, არ უნდა ქადაგებდნენ, რომ ქალი „მამაკაცის ნეკნის წარმოებულია“ ან „კაცის მორჩილია“ და არ უნდა მანიპულირებდნენ ბიბლიური შინაარსის არქაული ეპიზოდებით „სხვა ადამიანის“ (ქალი წმინდა წიგნებში „სხვად“, „უცხოდ“ აღიქმება) დასაკნინებლად. მითუმეტეს იმ ეპოქაში, რომელიც გამოქვებულსა და ინკვიზიციას დიდი ხანია გასცდა და ახლა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი აუდიოვიზუალური მასალის (სამების საკათედრო ტაძრიდან – ქადაგებისაც) პირდაპირ ეთერში თვალის მიდევნებაა შესაძლებელი, მათ შორის – სხვა პლანეტებზე მომხდარის. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების კოლექტიური ე.წ. ჰუმანური განვითარების დონე საინფორმაციო თუ სხვა ტექნოლოგიების განვითარების ტემპს ადეკვატურად ვერ უწყობს ფეხს.

 საზოგადოების პროგრესულობა არა მარტო სიკვდილით დასჯასა და ევთანაზიასთან დაკავშირებულ მტკივნეული დებატებით თუ მიღებული გადაწყვეტილებებით განისაზღვერება, არამედ „მაწანწალა ძაღლისადმი“ დამოკიდებულებითაც, მაშინაც კი, როცა ბრაზილიაში, კოლუმბიასა და გვატემალაში „მაწანწალა ბავშვებს“ ქუჩაშივე ხვრეტენ. როცა რეალობა ამგვარ სასტიკ სურათს გვიხატავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაითავისონ თანასწორობისა და არაძალადობის პრინციპების, როგორც მაქსიმას აუცილებლობა. მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება თუ ეკლესია ამ პრინციპებს არ იზიარებს და მითუმეტეს სქესობრივი ნიშნით განპირობებულ განსახვავებას იერარქიულობის დასამკიდვრებლად იყენებს. ამიტომ, პირადად ჩემთვის, ადამიანთა თანასწორობის კონცეფციის თქვენეული გაგება გასაკვირი და მიუღებელიცაა, კრიტიკის სურვილი და უნარი კი სულაც არ ეფუძნება ზოგად აბსტრაქტულსა და უსაგნოდ ნაფიქრს. აი, თუნდაც ავიღოთ „ერის გამრავლებისთვის“ თქვენს მიერ ინიცირებული ოჯახში მესამე ბავშვის მონათვლის პრაქტიკის დანერგვა და მასთან დაკავშირებული მასობრივი საეკლესიო რიტუალი. მე თეოლოგი არა ვარ და ჩემი მწირი ცოდნის გამო არ შემიძლია საუბარი რელიგიათმოცოდნეების მიერ აპელირებული თუ აპრობირებული არგუმენტებით. მაგრამ ვიცი, რომ ნათლობა ერთ–ერთი შვიდ საეკლესიო საიდუმოებათაგანია, რომ ბავშვის სულიერ მამობაში თუ დედობაში ყველა ნათლია თანასწორია, რომ ნათლობა/ნათლიად ყოფნა დიდი პასუხიმგებლობაა. მაგრამ ლოგიკურად თქვენი საეკლესიო უმაღლესი იერარქიული მდგომარეობა, რომელიც ლამის საეკლესიო ბომონდის სინონიმად გადაიქცა, სხვა ნათლიებს „სუბორდინირებულ“ მდგომარეობაში აყენებს, რადგანაც, გამოდის, რომ წყვილის წინა ორი შვილი „გამოჩენილი“ ნათლიების ხათრით არ ჩასახულან. მართალი გითხრათ, ეს საბჭოთა პერიოდის ცრუათეიზმ – ცრუქრისტიანობას მაგონებს, როცა უბრალო მოკვდავი ადამიანი ავტორიტეტიან კომუნისტთან, პარტიულ ჩინოვნიკთან საკუთარი შვილის მონათვლის საბაბით „დამოყვრებას“ ცდილობდა. რახან თქვენი ნათლულების არმიის რიგითები უკვე ლამის ათეულ ათასს აღწევს, ასევე სავსებით ლოგოკურია ის, რომ თქვენ, პირადად არც იცნობთ თქვენს სულიერ შვილებს და არც მათი სახელ–გვარი იცით, რაც თავისთავად ნათლობას, როგორც „მეორედ დაბადების“ საკრალურობას ოდენ მექანიცისტურ–კონვეირულ რიტუალად გადააქცევს; რასაც, ასევე ჩემი არც ისე სუბიექტური აზრით, არანაირი კავშირი აქვს რეალურ რწმენასთან. ხოლო ის, რომ მოსანათლი ბავშვები უპირობოდ ჯვარდაწერილთა საბუთის მქონე მშობლების შვილები უნდა იყვნენ, დაბადებით ადამიანის თანასწორობის პრონციპსაც უგულებელყოფს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით, ქვეყნის „დემოგრაფიული პრობლემის“ (შესაბამისად – მრევლის რაოდენობის გაზრდის) გადაწყვეტის პარალელურად იქვე მეორე პრობლემაც წარმოიქმნა. დილემა იმის თაობაზე, შეუძლიათ თუ არა ერთი ნათლიის ნათლულებს ერთმანეთთან ქორწინება, შესაბამისად – „გამრავლება“. ვფიქრობ, ეს საპატრიარქოს გაუაზრებელი პოლიტიკის დამსახურებაცაა, რადგანაც შობადობისადმი ამგვარი „პრაგმატულ–სულიერი“ მიდგომა ამ ინსტიტუციასა და წმინდა სინოდს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან აიძულებს გამონაკლისის დასაშვები სპეციალური დირექტივები და ბრძანებულებები გამოსცეს. ამ შემთხვევაში მხოლოდ კათალიკოს–პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინების ნებადართულობის (წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება) აღნიშვნით, რაც ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ჩემი აზრით, აბსოლუტურად წარმოუგენელია მესამე ადამიანის, თუნდაც თქვენებრ უწმინდესისა და უნეტარესის ინსპირაციით ღვთის სახისა და ხატის ქალის „ბინძურ“ საშოში ჩასახვა.

 ამგვარივე ნონსენსური უთანასწორობის თვალშისაცემი ჟესტი გახლდათ წლების წინ საპატრიარქოს მიერ თბილისში რომის პაპის ქადაგებაზე მხოლოდ „რჩეულთა“ დასწრების ნებართვის გაცემა. თუ ღმერთი სიყვარულია და თუ "არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ" (გალ.3,28), მაშინ არა მარტო სხვა საკითხების განხილვისას, არამედ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე მსჯელობა ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“ ერთ–ერთ ცნობილ ფრაზას არ უნდა დაემსგავსოს: „ყველა (ცხოველი) თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი (ცხოველი) – სხვებზე მეტად თანასწორი“. 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებული კვლევის თანახმად ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს თავის თავს, ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

 სახელმწიფოსა თუ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მოქმედების მასტიმულირებელი სტატისტიკის გარდა, თქვენსავე მრევლში ამ „ყოველი მესამის“ ყოლა ერთგვარ მორალურ პასუხიმგებლობასაც გაკისრებთ, რადგანაც ჩემზე უკეთ უწყით კეთილი სამარიტიელის ამბავი. მოყვასის მხარდასაჭერად ანდა ღმერთთან „საშუამდგომლოდ“ განა მხოლოდ ლოცვების გაძლიერება ანდა მარხვაა საჭირო, არამედ ძალიან ელემენტარული რამ: დახმარებამდე პრობლემის დანახვა და გაცნობიერება. მათ შორის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესის, როგორიცაა ზოგადად და კონკრეტულად გენდერული უთანასწორობის, სექსიზმის „მორალისტური“ თუ პოპკულტურული პროპაგანდა. ყოველდღიური ცხოვრება და მეტადრე მედია – სივრცე ბეჯითადაა „დაკავებული“ ქალის ხატის დამაკნინებელი ტილოების, პორტრეტებისა და შტრიხების შექმნით. ამიტომაც ათმაგად ძალიან საშიში და შემაშფოთებელია, როცა თქვენ, მართლმადიდებელთა მწყემსმთავარი, ფაქტობრიოვად, ქალის მეორეხარისხოვნებას ქადაგებთ და თან სად – ოჯახში, სადაც ცოლ–ქმარს შორის ურთიერთობის არც ისე მარტივი დრამის გარდა, მოზარდი თაობისთვის ადამიანთა ურთიერთობის ყველაზე მყარი, ჯიუტი და ძნელადშესაცვლელი მოდელი ყალიბდება. ამით ნებსით თუ უნებლიედ ისედაც საუკუნეების განამვლობაში ქალისადმი უტილიტარისტულ დამოკიდებულების გამამყარებელი ხდებით. და არა მხოლოდ ქალისადმი, არამედ – ზოგადად, მოყვასისადმი, ადამიანისადმი. როგორც ქალებს არ უნდათ იყვნენ მხოლოდ პროფესიონალი „მომსახურე პერსონალი“, რომლებსაც ღვთის „მომხმარებელი თვალი“ ჭოგრიტით დასცქერის და შარვლის ჩაცმასა და ბავშვის საკეისრო კვეთით გაჩენას (დეკანოზ ბასილ ახვლედიანის დიდაქტიკა) გმობს, ასევე თქვენც არ უნდა გსურდეთ მრევლის წევრი განურჩევლად მისი სქესისა ღმერთსა და ეკლესიას ისე აღიქვამდეს, როგორც მაღაზიაში მყიდველის მიერ შეთვალიერებულ სასარგებლო „საქონელს“; სადაც რაც უფრო ბევრჯერ „შეირბენ“, ეზიარები, ეკლესიას დიდ თანხას ანდა თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებას შესწირავ, მით უფრო ხარისხიანად ცხონდები ანდა ზეციურ სასუფეველში ყველაზე პრესტიჟულ ადგილს დაიმკვიდრებ. 

 მთელს მსოფლიოში გავრცელებულია და საქართველოშიც არა ერთხელ დაფიქსირებულა სელექტიური აბორტი, როცა ჩანასახის განვითარების ადრეულ სტადიაზე მისი სქესის (როგორც წესი, ეს მდედრობითი სქესია) გაგებას ნაყოფის მოშორება მოჰყვა. იტყვით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება, ჩვენთან „ლეკვი ლომისა სწორია“. გიპასუხებთ, რომ მსოფლიოს ზემოჩამოთვლილი ვანდალიზმის გამოცდილება სწორედაც რომ ძალიანაც გვეხება და რომ ზაზუნას ძუ თუ ხვადი „ლეკვი“ სულაც არაა სოციალურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად ლომის თანასწორი და ამგვარი იერარქიის „ბუნებრიობა“ სწორედაც რომ გენდერული უთანასწორობის საეკლესიო კონცეპტმაც დაამკვიდრა. ქალზე ძალადობის ნორმად აღქმა კი ნათლად და დემონსტრატიულად გვიჩვენებს თუ რა მოჰყვება რეპრესირების იდეოლიგიას, რომელიც რელიგიურ მოძღვრებაშია შეფუთული, განსაკუთრებით, როცა რეპრესირების სამიზნე ქალია, რომლის მომსახურე სხეული ძველი აღთქმიდან „ცოდვის ჭურჭლად“ მოიაზრება; სადაც ქალი ან ცოლია, ან მენელსაცხებლე დედა ან ქრისტეს საცოლე ან უმანკო ჩასახვის ადგილი (ღვთისმშობელი) ან მეძავი (მარია მაგდალინელია). მამაკაცს კი ოჯახის გარეთ უფრო მაღალი მისია აკისრია – სიკვდილ–სიცოცხლის. მაგალითაც, კაენისა და აბელის. არადა საბოლოო ჯამში ხომ სწორედ შინ თუ გარეთ ძალადობა და ძალადობისადმი ადამიანის დამოკიდებულების ფენომენი იყო/არის ტრიგერი ქვაკუთხედი, რის გამოც არაერთი რელიგიური მიმდინარეობება შეიქმნა/იქმნება. მათ შორის – ქრისტიანობა. ამა წლის 29 აპრილის ქადაგებაში თქვენ ბრძანეთ, რომ: "ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ თანასწორობაა, თანასწრორია ცოლი და ქმარი. საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი - ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია". სამწუხაროდ, ეს სიტყვები დაუფარავი სექსიზმია, რომლის განმარტებას ბიბილია, ბუნებრივია, არ იძლევა. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იგი არ არსებობს. სექსიზმს არა აქვს სახელმწიფოებრივი, რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი საზღვრები. ისევე როგორც სიყვარულს, სიქველესა და სათნოებას. მოკრძალებულ იმედს ვიტოვებ, გაცნობიერებული გაქვთ, რომ შეუძლებელია XXI საუკუნეში ბიბლიური ტექსტების არაჰერმენევტიკული და ფუნდამენტალისტური გაგების პრიმატით აპელირება. იმედია, სახარებისეული მოწოდება „თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე“ (მათე 18:9) მორწმუნეთაგან პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება და მრევლის წევრი თვალებდათხრილი არ ივლის სამსახურსა და ეკლესიას შორის, რადგანაც თუ ადამიანმა მხედველობა ამგვარი ექსტრემალური გზით დაიზიანა, იმდენ სარჩო–საბადებელს ვერ მოიპოვებს, რომ ეკლესიაში დასანთები სანთლის ფულიც იშოვოს და ბიუჯეტშიც თანხა შეიტანოს; მათ შორის თქვენი საზღვარგარეთ მკურნალობისა და სხვა საეკლესიო მსხვილმან–საშუალო–წვრილმან მიწიერი და ზეციური საქმეეების მოსაგვარებლად. ეს სახელმწიფო თანხა კი, ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სოლიდური თანხაა და იქ ჩემი (მე შარვლით დავდივარ და ჩემი შვილი საკეისრო კვეთით გაჩნდა) და ათიათასობით ქალის შრომით ნაშოვნი ფულიცაა. მათ შორის ემიგრაციაშიც, რომელიც ისეთივე რთული გამოცდაა ადამიანის ფსიქიკისთვის, როგორც ქალის სხეულისთვის – გაუტკივარების გარეშე მშობიარობა, თანაც მაშინ, როცა საკეისრო კვეთა პირდაპირი სასიცოცხლო ჩვენება და აუცილებლობაა. იმედია, იცით, რომ საქართველოს საზღვრებში თუ საზღვრებს გარეთ ქართული ეკლესიების დაფუძნებასა და არსებობაში ქალებს არანაკლები წვლილი მიუძღვით, ვიდრე – კაცებს. და თუ ქალისა და კაცის მიერ ნაშოვნ ფულს სქესი არ მოესინჯება და იგი საეკლესიო ბუღალტერიის ზიარჭურჭელში ხვდება, რატომ უნდა უნდა დელეგირებდეს ეკლესია ფეხის დაბანის პროცედურის შემსრულებელთა როლებს? თქვენ ბრძანეთ, რომ „უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ადამიანის ბედნიერება არის, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა. მაგალითად, მეუღლე, ქმარი მოვიდა სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, შენ უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შენ უნდა შესთავაზო საჭმელი და სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს." მაგრამ რატომღაც სიტყვათშეთანხმება „ერთმანეთის სიყვარული“ ჯეროვნად არ გაანმარტეთ და არ დაამატეთ, რომ „მაგალითად, მეუღლე, ცოლი მოვიდა სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, უნდა შესთავაზოს საჭმელი და სითბო უნდა აჩვენო შენს ცოლს“. თუნდაც ეს ქალი დიასახლისი იყოს, რადგანაც დიასახლისობა ანუ ოჯახის წევრების თვითრეალიზაციისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნაც არის სამსახური. ოღონდ – შინ. ქალისადმი ამპარტავნული დამოკიდებულება მამაკაცსაც აკნინებს, რადგანაც მას დომინანტი მაჩოს როლს არგებს, სიყვარულისა და მზრუნველოების გამოხატვის უუნარო ნახევრადზომბირებულ არსებად წარმოაჩენს. ის, რაც თქვენ ბრძანეთ, სხვა არაფერია თუ არა ღმერთისთვის იერარქიის დამწესებელის ფუნქციის მინიჭება, რომელიც ბრძანებს და აწესებს სუბორდინაციასა და მბრძანებელ–მორჩილის ურთიერთობის ფორმას, რაც, ჩემი აზრით, რელიგიასა და ამ რელიგიის მიმდევრების ცნობიერებაში ფარისევლობის, ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებისკენაა მოწოდებული. ამგავრი „საეკლესიო ლოგიკით“ ის, რაც მამაკაცისთვის უნდა გაკეთდეს, ქალისთვის – დაუშვებელია. ალბათ, იმიტომ, რომ ქალმა ე.წ. „ქალური ბედნიერება“ უნდა „დაიმსახუროს“. 

ამავე დროს ეკლესია დუმს, როცა ლამის ნახევარმა საქართველომ იხილა დოკუმენტური კარდები მკერდზე ჯვარდაკიდებული, დაცვით უზრუნველყოფილი მღვდლის უსაქციოლობისა, როცა ეს უკანასკნელი მარხვის დროს სანთლების გამყიდველი, ავადმყოფი შვილის პატრონი დედა ცრლემლებამდე მიიყვანა და დახლზე დაწყობილ საგნებზე „საპატრიარქოს ლიცენზია“ მოსთხოვა... თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია გადასახადების ამკრები სახელმწიფო სტრუქტურა იყოს, რომლის თანამშრომელმა უაქციზო ალკოჰოლიანი სასმელის გამყიდველი კრიმინალური ქმედების ჩადენისას წაისწრო და უფლებამოსილია ბოთლებიც ჩამოართვას და დააპატიმროს კიდეც. თუმცა სახელმწიფო მოხელე ქონების კონფისკაციამდე და დაპატიმრებამდე ვალდებულია ეჭვმიტანილს მისი დაპატიმრების მიზეზი აცნობოს და პროცედურული „მირანდას უფლებების“ ციტირება დაიწყოს. თუ სამართალდამცავი ასე არ მოიქცევა, ამას ზემდგომი ორგანოსგან კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყევბა. მაგრამ გაჭირვებულ, უდანაშაულო ქალს, რომელიც შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის (თქვენ ქადაგებაში დედის როლზე ისაუბრეთ), რაც უფულოდ, მოგეხსენებათ, ზღაპრებშიც კი შეუძლებელია; როცა დედა მშობლის მოვალეობას ასრულებს და შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მაგრამ ამ მოვალეობის შესრულებას სასულიერო პირისგან შეურაცხყოფა მოსდევს, ეს ძალიან ბევრ პასუხგასაცემ კითხვას ბადებს. ამ შემთხვევაში ჩემი და, ვიმედოვნებ, არა მარტო ჩემი აზრით, პირველი, რითაც ღვთის მორჩილი მსახური უნდა დაინტერესებულიყო, ეს იყო: ქალის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეძლებისდაგვარად მისი რეალური დამხარების გზების მოძიება. საღმთო წერილის „დამრღვევ“ მხევალს კი არც კი გენემარტა ქრისტეს ათი მცნებიდან კონკრეტულად რომელი დააღვია და სახარების რომელი თავ/პარაგრაფს არ სცა შესაბამისი პატივი. ურიგო არ იქნებოდა, რომ ამ პედანტურმა „ფინანსურმა პოლიციელმა“ ყურად იღოს თქვენი 29 აპრილის ქადაგება, სადაც თქვენ ბრძანებთ: „მე არაეთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ყოფილა ასეთი ოჯახი, სადაც დედა – მამა ასწვალიდა თავის შვილებს ქველმოქმედებას და აგზავნიდა ქუჩებში, რომ ქუჩებიდან მოეყვანათ გაჭირვებული ადამიანები. ოჯახში ბანდნენ, აცმევდნენ, ახალ ტანსაცმელს, საჭმელს აჭმევდნენ, თანაც გაატანდნენ თავის სახლში. აი, ეს ნადვილი ქრისტიანობაა. ამაშია მთელი შინაარსი სახარებისა“. . . შეხსენება არ გჭირდებათ იმისა, რომ საქართელო საერო ქვეყანაა, სადაც ეკლესია სახელმწოფოსგან გამიჯნულია. რასაკვირველია, თქვენი ქადაგება, არც კონსტიტუციაა და არც ადმინისტრაციული ზეწოლის იარაღი, მაგრამ საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის, თქვენი პოპულარობის თუ ავტორიტეტის, შესაბამისად ზეგავენის ძალას თუ გავითვალისწინებთ (ერთხელ ადამიანის უფლებების დამცველის საპატიო წოდებაც კი მოგენიჭათ), იგი ქალის მეორეხარისხოვნების მომხრეებისთვის (განსაკუთრებით, მართლმადიდებელი ფანატიკოსებისთვის, რომელებიც არც ისე ცოტა არიან წმინდა სინოდსა თუ სხვა საეკლესიო იერარქიაში) ე.წ. დისკრიმინაციის „აგენტებისთვის“ წონიან სამანიპულაციო ბერკეტად შეიძლება გადაიქცეს. ღმერთისა და ზოგადად სამყაროს ფალოცენტრული სათვალეებით შეფასება, ბიბლიის ქალთამოძულეობითი ციტატების მოშველიების ერთ–ერთი „გვერდითი მოვლენაა“ სანაგვეზე ნაპოვნი ახალშობილები, როცა საბაბითა და უსაბაბოდ ისტერიულად პირჯვარისგადამწერთა საზოგადოება მხოლოდ ქალს აკისრებს პასუხიმგებლობას, არადა ძალიანაც კარგად იცის, რომ ბავშვის „შესაქმნელად“ მხოლოდ ქალის მენსტრუაცია სულაც არაა საკმარისი. ამიტომ ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, თქვენს ქადაგებაში უაღრესად მწვავე სოციალურ თემებს შეხებოდით და მიგეთითებინათ იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ქალსა და მამაკაცს სქესობრივი ურთიერთობის დროს თანაბრად, სწორედაც რომ თანაბრად ეკისრებათ; გესაუბრათ არა მხოლოდ რწმენის საკრალურ ასპექტებზე, არამედ ძალიან კონკრეტულ „აქ და ამჟამად“ ცხოვრებისეულ თემებზე, რადგანაც ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომელსაც საზოგადოებრივი დამოკიდებულება და ქალისა და მამაკაცის სტერეოტიპული როლური განაწილება ბავშვის მოხჩობა–გადაგდებას აიძულებს და ამას მხოლოდ „ნიუსებში“ გასახმოვანებელ კრიმინალად აღიქვამს; რადგანაც თქვენ მხოლოდ მამრობით სქესის მართლამდიდებლების საკათალიკოს–პატრიარქი არა ხართ, ამიტომაც თქვენი ხმა და მოსაზრება არ უნდა იყოს მხოლოდ მამაკაცის ხმა და მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ტიტულის შემადგენელი ერთ–ერთი სიტყვა „პატრიარქია“, რაც ბერძნულად „მამას“, „ბატონს“, „ძალაუფლებას“ ნიშნავს. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ არც არზობრივად და არც გულისმიერად არ ეთანხმებით ჯვარდაუწერელი ბიოლოგიური მშობლებისა და მონათვლის რიტუალის არჩატარების გამო მკვდარი ნაყოფისა თუ ჩვილების ჯოჯოხეთში გამწესების „მოწოდებასა“ თუ „ვარაუდს“. თქვენ თქვენს ქადაგებაში აღნიშნეთ, რომ „ძალიან დიდი პასუხისმგობლობა აკისრია დედას, ბედნიერია ის ოჯახი, სადაც მშვიდი დედაა, სადაც დედა სწირავს თავს თავის ოჯახს და თავის შვილებს ზრდის სარწმუნოებით, სასოებით, სიყვარულით“, მაგრამ კვლავ „გამოგრჩათ“ ბავშვის მამა, რომლის ბავშვის აღზრდაში ოჯახური თუ სამოქალაქო წვლილი მისი მამაკაცური ჰორმონებითა და სექსუალური სიჯანსაღით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მამაკაცი არაა მხოლოდ სპერმატოზოიდი. რაც შეეხება „თავის შეწირვას“. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოდან ემიგრაციაში 1 058 300 ადამიანია წასული, რაც უხეში გათვლებით იმას ნიშნავს, რომ ლამის თითოეული ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც „ადგილზე“ არ იმყოფება. მე მგონი, საიდუმლო არაა, რომ ქართული ემიგრაცია ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა. ამ რიცხვის გენდერული შემადგენელი უცნობია, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, დარწმუნებული ვარ, რომ ემიგრანტთა 90 თუ არა, 80 პროცენტს სწორედ ქალები შეადგენენ. ყოველ შემთხვევაში – აშშ–ში. ეს ის ქალები არიან, რომლებმაც ქვეყანა შიმშილსა და სიკვდილს გადაარჩინეს, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენა–რესტავრაციისთვის თანხა არ დაიშურეს, უცხოეთში მოსამსახურეებად მუშაობისას კაცებსაც და ქალებსაც ფეხებს ბანენ და სამშობლოში ოჯახის გაეკლესიუებულ წევრებს ბიბლიის, სანთლისა და ნათლობის ჯვრის საყიდელ ფულსაც უგზავნიან. ისინი სწორედაც რომ ქვეყნის „პატრიარქების“ მიერ „შექმნილ“ ბედს არ დაემორჩილნენ და ოჯახისა და ქვეყნის გადასარჩენად შორს გადაიხვეწნენ. ვიმეორებ – სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ მათი და მათი ახლობლების ოჯახის წევრები დიდი და მცირე სიდიდის მართლმადიდებელი ეკლესიის შესასვლელთან ანდა სუპერმარკეტებთან ქუჩაში მოხეტიალე მიუსაფარი ბავშვების მსგავსად მოწყალებას არ თხოულობენ და ლუკმა – პურის სამათხოვროდ კარდაკარ არ დაეხეტებიან. ასე, რომ მათ არ სჭირდებათ პასუხისმგებლობის ანდა ახლანდელი „სტატუს ქვოს“ შეხსენება. მათი თავგანწირვა ჭეშმარიტად უმაგალითოა, ხოლო ის რა მიზეზითაც სარჩო–საბადებლის ძიებაში გადაიხვეწნენ, სწორედაც რომ სახელწოფოსა თუ ეკლესიაში გაბატონებული კორუფციის; სუსტსა და ძლიერზე პატრიარქალურ – დიქოტომიური შეხედულების, მათ შორის – სუსტისა და ძლიერი სქესის არქაული განსაზღვრებითაცაა განპირობებლი.

 სამწუხაროდ, საპატრიარქო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არანაირად რეაგირებს ზოგიერთი საეკლესიო პირის აბსოლუტურად ობსკურანტულ და ბოდვით–ფსიქოპათურ მოსაზრებებზე ქალის რაობის შესახებ და არა მარტო ამ საკითხთან დაკავშირებით, რითაც ეკლესიასა და საზოგადოებას შორის „რკინის ფარდას“ აგებს. ამის ნათელ მაგალითად არქიმანდრიტ შიო გაბრიჩიძის „სიბრძნე“ გამოდგება . . . მდედრობითი სქესის სიბინძურის შესახებ. ამგვარ „მარგალიტებს“ არავინ მიაქცევდა ყურადღებას, ეს ადამიანები თავიანთი რეგრესიული შეხედულებების გასავრცელებლად ლექციებს რომ არ კითხულობდნენ, წიგნებსა და ჟურნალებს არ გამოსცემდნენ და „ცოდვის მორევში ჩავარდნილი სოდომ–გომორა დასავლეთის“ მიერ შექმნილ ინეტრნეტსა და ტექნიკის სხვა ახალი თუ უახლესი მიღწევებით მშვენივრად არ ოპერირებდნენ. ორივე წმინდა აღთქმაში, რომელიც თუ არ ვცდები, 40 მამაკაცი – ნარატორის მიერაა დაწერილი, არაერთი ფემინოფობური თავი, პარაგრაფი და სენტენციაა. ბიბლიის შემადგენელი ყველაზე ძველი წიგნი, რამდანადაც ვიცი, ჩვ. წ.–აღ. – მდე XIII საუკუნიდან, ხოლო „ახალი აღთქმა“ – ჩვ. წ.–აღ. –ით I საუკუნიდან იღებს სათავეს. თავს არ შეგაწყენთ იმის შეხსნებით, თუ ვინაა საქართველოში ქრისტიანობის შემომტანი და რა ადგილი უჭირავთ ქალებს ბიბლიურ სცენებში. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ ბიბლიის დაწერიდან ძალიან დიდი დრო გავიდა, ადამიანთა ტვინებსა და საზოგადეობაში ბევრი რამ მინიმალურად თუ მაქსიმალურად შეიცვალა. შეიცვალა ოჯახში „ფულის შემომტანი“, ქალის როლი საზოგადოებაში და, ღმერთის რწმენის ტაძრის ანუ ეკლესიის ფულისადმი, ფუფუნებისადმი, წვრილი, საშუალო თუ მსხვილი კაპიტალისადმი დამოკიდებულებაც. ზემოხსნებულ ქადაგებაში თქვენ ბრძანეთ, რომ „დღეს ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს როგორ მოიხვეჭონ ფულები, ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს უცხო ენებს და სხვადასხვა საქმიანობას, მაგრამ მთავარს არ ვასწვლით და ჩვენ ვასწავლით ძირათადად იმას, როგორ უნდა იყოს ამ ქვეყნად ბედნიერი და ბედნიერებას ხედავენ მატერიალურ სიუხვეში და უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის ბედნიერება არის უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის საიყვარული, ერთმანეთის პატისვისცემა“. 

ადრინდელ ქადაგებებში თქვენ ემიგარნტებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებთ, 29 აპრილს კი „დიდების ხატი“, რომელსაც უცხოეთში გადახვწეილთა დაბრუნებას შესთხოვენ, აკურთხეთ. ერთი შეხედვით, ეს სამწყსოს ბედზე გლობალური მზრუნველობის გამოხატულებაა; მეორე მხრივ კი, ამგავრი მზრუნველობა არაფრითაა გამაგრებული და ამიტომაც მხოლოდ ცარიელ პათეტიკად აღიქმება. მითუმეტეს, როცა საპატრიარქოს საზღვარგარეთ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების სურვილი, მაგრამ თანხა არა აქვს და ეს საქმე ისევ სახლში მოსაბრუნებელ გადახვეწილთა მხრებს აწვება. ერთის მხრივ, ეკლესია ყველა „უძღებ შვილს“ რაც შეიძლება მალე უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებს და მეორეს მხრივ, საზღვარგარეთ ძვირადღირებულ ქართულ საეკლესიო პროექტებს განიხილავს. არადა, უცხოეთში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა, განურჩევლად ეროვნებისა. მზადაა კი ეკლესია მილიონზე მეტი ადამიანის დაბრუნებისას საპატრიარქოს ჯიბეში ტრანსფერისთვის გამზადებული სახელწიფო საბიუჯეტო 25 თუ მეტ მილიონ ლარზე უარი თქვას, რათა ეს თანხა ამ ადამიანების რეინტეგრაციას მოახმაროს? ფაქტობრივად, ეს თანხა ხომ ამ ადამიანების გამოგზავნილია და იქნებ სწორედ ასე მოხდეს მათი ღვაწლის უკუგება? მზადაა კი საპატრიარქო „კეისარს კაისრისას“ არ დაემსგავსოს; ფულზე, პომპეზურობაზე და „მატერიალურ სიუხვეზე“ უარი თქვას და სწორედ პირადი მაგალითით ასწვალოს თავის შვილებს, ნათლულებს სააქაოს უპირველესი ჭეშმარიტების რაობა? მზადაა კი ეკლესია თავის რიგებში მომსახურე ობსკურანტებს კუთვნილი ადგილი მიუჩინოს ანდა განათლებისკენ მოუწოდოს? მზადაა კი ეკლესია გიგანტურ სამშენებლო პროექტებზე უარი თქვას და შეგროვებული თანხით უმწეო ადამიანებს რეალურად დაეხმაროს, ბევრს სიცოცხლეც კი გადაურჩინოს? ძალიან მარტივი მიზეზის გამო: რადგანაც ცნობილია, რომ ღმერთმა თავის სახედ და ხატად არა ეკლესიისთვის და მისი ეზოსთვის განკუთვნილი მიწა, ქვა – რკინა – ბეტონი – მეტალო – პლასტმასი, ამბიონი, საეკლესიო ზარები, ოქროს ჯვარი და სამარხვო კერძები კი არა, არამედ ადამიანი შექმნა.

07.05.2012
azrebi.ge

No comments:

Post a Comment