Saturday, September 22, 2012

მექანიკური მოქალაქეები





38 წლის გაგა ჩემი მეგობრის ნაცნობის ნაცნობის (სასამართლოში თარჯიმნად იწვევენ ხოლმე) საშუალებით გავიცანი. მისი მიგნება არც ისე ძნელი იყო, გასაუბრებაზე დათანხმება კი – საკმაოდ რთული. ერთი წლის წინ ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. „სტარბაქსში“ ვზივართ. ყავას საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ ახლა ოღონდაც არ გამექცეს, ამ სითხეს ნახევრადსოციალური ღიმილით ვწრუპავ. სატელეფონო საუბარს არ დამთანხმდა. საქმე შეიძლება გამიფუჭდესო. არც დიქტოფონი, მითუმეტეს – ფოტოაპარატი. კალამი და ფურცელი. წყაროს აბსოლუტური კონფიდენციალობის დაცვის ლამის ბიბლიაზე მეასედ დაფიცების, სანდო შუამავლის გვარ–სახელის ათჯერ გამეორების შემდეგ, როგორც იქნა, საქმეზე გადავდივარ. მეშინია, არ გადაიფიქროს. ამიტომ დროს არ ვკარგავ და პირდაპირ ვეკითხები:




–საქართველოშიც გეი იყავი? (ვითომ არ ვიცი, რომ არ იყო).




– ხუმრობ? რასაკვირველია, არა. შემომხედე, ვგავარ?






–როგორ უნდა გეტყობოდეს?–




ვითომ არ იცი. ატლეკილი, აბრიოლინებული, ჟელეიანი თმებით, შემოტკეცილი შარვლით, პრანჭიკელა ქალის მიხვრა – მოხვრით. შარვალი – ელასტიკით და ოდნავ ბავშვური ღიმილით. კაცი რომ ჯინს – ელასტიკს ამოიცვამს, ფრჩხილებზე ლაქვს წაისვამს, გაუთავებლად საყურეებს ეხება, თმებს ისწორებს და ისეთ დეკოლტე – მაიკას ჩაიცვამს, საიდანაც გულ–მკერდზე ბანჯგვლები უჩანს.




–შენ როგორ გეცვა ინტერვიუზე?





(საემაგრაციო სამსახურში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების პროცესის ერთ–ერთი პროცედურა, რომელიც თავშესაფრის მაძიებლის ადვოკატის თანდასწრებით მიმდინარეობს – ი.მ.)

– ნუ, ბრიოლონი არ წამისვამს, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადე, რომ მიხვრა–მოხვრა ცისფრის მქონოდა. ფილმებს ვუყურე. მოვიქეცი ისე, როგორც საქართველოდან ჩემმა ქართველმა და აქაურმა, ამერიკელმა ადვოკატებმა დამარიგეს. მეზიზღებოდა ამის კეთება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.






–რისი კეთება?




–კურტუმოს ქნევა. თამაში. არადა ვერ ვიტან გეებს. საქართველოში ხომ ვერ ვიტანდი, რუსეთში ვცხოვრობდი და იქაც ვერ ვიტანდი, ნაცემიც კი მყავს რამდენიმე. აქაც ხომ ვერ ვიტან და რომ ვუყურებ, გული მერევა. ვცემდი, თფუიი. მაგათი დედა... ბოდიში, დაია, თქვენთან.






–მაინც როგორ და რატომ ვერ იტან?




– კაი რა? მაგრა ვერ ვიტან. მეტრაკეები რა ასატანი არიან?






– გაგა, მაგ ლოგიკით ჰეტეროებს რა ჰქვიათ? შენთვის სულ ერთი არაა, ვინ რას აკეთებს საწოლ ოთახში? ისე, ანალური სექსს ჰეტეროებიც „მისდევენ“...–




– დაია, მაინც და მაინც გინდა, რომ გითხრა, რა ჰქვიათ? არ მომწონს ჰომოები და მორჩა. ქალივით რომ დაიტყლარჭებიან. ნაზი–ლამაზები. მგრძნობიარეები. ეგრევე ვხვდები. საუბარში ეტყობათ. ჩემი ნება რომ იყოს, კი არ მოვკლავდი, სადმე ცალკე კუნძულზე გადავასახლებდი. ანალური სექსი კიდევ ქალთან ვიცი მე. „კრიშიდან“ კი არ ჩამოვვარდნილვარ გუშინ . . .









– და გგონია, რომ ჰომოსექსუალები 24 საათი მხოლოდ სექსით არიან დაკავებული, სექსმანიაკები არიან? მუშაობენ, ადამიანებს კბილებს უპლომბავენ. შენთვის სულ ერთი არაა, კბილს ვინ დაგიპლომბავს, მთავარია კარგად დაგიპლომბოს?–




–არაა სულ ერთი. შეფურთხება მინდება. თფუი ეშმაკს. ბანძები და თახსიერები არიან. სირები. სირობაა. სოდომ – გომორა. ქრისტიანობა არაა ეგ.






– ანუ, როცა გეის ხედავ, მხოლოდ მისი და მისი საყვარლის სექსი წარმოგიდგება თვალსწინ? აი, ბავშვიან ქალს რომ ხედავ, რა წარმოგიდგება თვალწინ? როგორი სექსი აქვს ბავშვის მამას და დედას, თუ უბრალოდ ხედავ ქალს, რომელსაც შვილი ჰყავს ჩახუტებული?–




– გეები არანორმალურები არიან, დაია. ღმერთი დასჯით და მეც ღმერთის მხარეზე ვარ. ბიბლია არ წაგიკითხავს? ღმერთს ვინც არ უყვარს, ის არც მე მიყვარს. არაკაცობა არაკაცობაა. მორწმუნე ვარ. არ მინდა და ძალაა? ღმერთმა ქალი და კაცი გააჩინა და გამრავლდითო, ასე თქვა.









–კი გამრავლდითო, მაგრამ გამრავლებამდე გიყვარდეთ ერთმანეთიო, ასე არაა? კანონს არ არღვევენ. კრიმინალები არ არიან.–




–კრიმინალზე უარესები არ არიან? რად უნდა კანონი მაგას? ყველაფერს კანონში ხომ არ ჩაწერ? დაუწერელიც ხომ არსებობს? კაი, რა, რაებს მეუბნები. კაცობა სად უნდა ეწეროს? დედა–ენაში? კაცობა ბიბლიაში წერია. არ უნდა იყვნენ ჩვენ გვერდით! არაა ეკლესიური. გვარი და ჯილაგი გადაუშენდებათ. სირობაა. თანაც მაგარი.






–ერთი წუთით წარმოიდგინე, ამგვარი ზეწოლის გამო ადმიანმა თავი რომ მოიკლას და შენ გაიგო, რომ სწორედ იმიტომ მოიკლა თავი, რომ დასცინოდნენ და ავიწროვებდნენ?




–რას ჰგვანან. მოიკლავს, აბა, რას იზამს? სასოწარკვეთა ცოდვაა და ცოდვიანია. ავადმოყოფები არიან და ავრცელებენ ათასგვარ უბედურებას.






– მაგრამ ხომ გამოიყენე ცოდვიანი?–




– ეგ სხვაა, ეგ ამასთან არაფერ შუაშია. მირჩიეს და გამოვიყენე. საქმეს ასე სჭირდებოდა. ვითამაშე.






– ჰო, მაგრამ, ხომ გამოიყენე. ამის გამო მიიღე თავშესაფარი, მწვანე ბარათს მიიღებ. მერე ამერიკის მოქალაქეც გახდები. ანუ, მოქალაქეობისთვის სირობა გამოიყენე. ეს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რელიგიურად ცოდვა არაა? საემიგორაციოს თანამშრომელი ბრიოლინიანი ჰომოსექსუალი რომ ყოფილიყო, ინტერვიუზე დისკომფორტს არ შეგიქმნიდა? თუ შენ და შენმა ადვოკატმა ეგეც წინასწარ გაითამაშეთ?




– რას მეკითხები? რატომ ბჟირდები? რატომაა ცოდვა? პიდარასტობაა სირობაა, ჰოდა, ამ სირების გამოყენება, გამაგებინე, რატომაა სირობა? სირი უდან გამოიყენო და მეტიც უქნა. პატიოსნებს რომ იყენებენ, კარგია?






– გაგა, ამერიკის მწვანე ბარათსაც და პასპორტს კი მიიღებ, მაგრამ მექანიკური და არა ნამდვილი მოქალაქე იქნები. ტყუილით დაიწყე ამ ქვეყანის მოქალაქეობა.




– დაია, ვის რაში აინტერესებს ვინ, რა, რით, როდის დაიწყო? არც ამ ქვეყანას აინტერესებს. ვინმე გიჟი–დარტყმულის გარდა. ყველას თავისი გზა აქვს. მთავარია, გაძვრე. გაგიმართლოს. ადამიანივით ცხოვრება მინდა. გამეცინა, „მექანიკური“ რომ ახსენე. მექანიკურს ვინღა ხმარობს? ახლა „ბატარეებია“ „ხოდში“. დაიცალა, დატენი ან გადააგდებ.






– გაგა, სირობის სირად ყოფნის დასადასტურებლად გამოყენება სუპერსირობა არაა? ეს არაა სოდომ – გომორა?




– სირების გამოყენებაა სირობა? საიდან მოიტანე? უნდა გამოიყენო. სირს, აბა, რა უნდა უქნა? რატომ ბჟირდები? უნდა გამოიყენო კი არა, არ მათქმევინო ახლა, დაია, რა უნდა ქნა! ეგეთ გამოყენებას კი ბევრი აკეთებს აქ. ამერიკა ამითაა კარგი. გამოყენების საშულებას გაძლევს. მერე შენგან გადასახადებს იღებს. ქართველები აქ იეღოველობას იბრალებენ და ამ დროს სახლში მართლმადიდებელი ხატები და ილია მეორის სურათები უკიდიათ. როცა „ქეისი“ იკერება, კედლიდან ხსნიან, რამე რომ იყოს. რასაკვირველია, აქაურ მართლმადიდებელ ეკლესიაში სიარულს წყვეტენ. სხვანაირად – როგორ?

ამერიკულ სახელმწიფოს უნდა აჩვენო, რომ აქაურ იეღოველებშიც გაერიე, რომ შენიანების ძებნა დაიწყე. რომ აქ უფრო დაცული ხარ, რათა საქმე „შეიკეროს“ და თავშესაფარი მიიღო.

ცისფერობას იბრალებენ, რადგან საქმეს ასე სჭირდება და ამ დროს გეი არა, ტოროლა. აი, მე. პიდარასტის რა მეტყობა? პოლიტიკურ დევნილობას იბრალებენ, ვითომ დიდი პოლიტიკური აქტივისტები არიან, ყალბ სტატიებს აკეთებენ, ვითომ მაგათზე პრესამ დაწერა, ვითომ სცემეს და ათასი რამ. ეგეთ შეკვეთილ სტატიებზე აქედან საქართველოში მუშაობენ.






–ჰომოსექსუალიზმი რატომ „აირჩიე“?–




–იეღოველობაც ან სხვა რელიგიაც შეიძლებიდა, მაგრამ ადვოკატმა ეს მირჩია. საქართველოში მათ აღარ დევნიან ისე, როგორც მკალავიშვილის დროს. აღარ არიან მოდაში. „სკანდალს“ ვეღარ გააკეთებ. „კრუპნი“ პოლიტიკური დევნილი კიდევ ოქრუაშვილია და ისიც საფრანგეთშია წამოსკუპული.

2008 წლის ომის მერე ვიღაც–ვიღაცეებმა ომის გამო ამერიკაში კი გაიკეთეს პოლიტიკური, მაგრამ მას მერე გავიდა დრო. ოქრუაშვილს კი რა უჭირს? სხვამ იკითხოს, თორემ. მაგას ბლომად გამოუჩნდება მფარველიცა და მხარდამჭერიც. ფულსაც იშოვის, რომ დასჭირდეს.

ჩემნაირმა უპატრონომ და საცოდავმა იკითხოს. მთელი ცხოვრება ჩალიჩში რომ უნდა გავატარო. ძნელია უკვე „პოლიტიკურზე“ სუფთა პოლიტიკურით წახვიდე. ადრე გაცილებით ადვილი იყო. ვერ დაამტკიცებ უკვე. რადგან სიტყვის თავისუფლებაა საქართველოშიო. ორ ქალს ვიცნობ აქ პირადად, რუსები არიან – ლესბოსელობით გააკეთეს. ერთს ვიცნობ კიდევ ქართველს, ჩემზე „ვზროსლია“. მანაც ჩემსავით გააკეთა. კიდევ არიან, რა...






–რა იყო შენს „ქეისში“?




– ამას დაწვრილებით არ მოგიყვები. ნურც მკითხავ. უბრალოდ, მივეკუთვნე გარკვეულ სოციალურ ჯგუფს. უწოდებენ ასე: „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“. უბრალოდ, დავამტკიცეთ, რომ ვითომ თბილისში ორჯერ მცემეს ჩემი „ვიდის“ გამო. ძალიან დამეხმარა საქართველოს პრესაში გამოქვეყნებული ჰომოფობური სტატიები.

აჰა, ეს სიტყვაც კარგად დავისწავლე. აქ ორ – სამ საიტზე დავრეგისტრირდი. რამე რომ ყოფილიყო, საბუთი მქონოდა, რომ გეების „კომუნითის“ წევრი ვარ. ვინ იცის, მტკიცებულება როდის დამჭირვებოდა. სურათები გადავიღე. ვიტყლარჭებით ბიჭები, ვითომ „გეი ფართიზე ვარ“. გეების კლუბების მისამართები მოვიძიე.

სულაც არაა საჭირო, რომ სახელწიფო ოფიციალურად გდევნიდეს, როგორც ეს არაბულ ქვეყნებშია. საკმარისია, მაგალითად, სამსახურში არ მიგიღონ, გცემონ ან დაგცინონ, ან მეზობელმა გამარჯობა არ გითხრას; ან შიდსი თუ გაქვს და სამსახურიდან გაგათავისუფლეს. ჰოდა, ამერიკა ეგეთ „პასტრადავში“ ხალხს იკედელებს.






–შენ იქეთ სცემდი ამათ და ახლა გამოიგონე, რომ შენ გცემდნენ იმავე მიზეზით... „მაგარია“, არა? ყველას გადაუჯოკრე?




– ბევრს ნუ მკითხავ, კარგი? მე რასაც გეუბნები, საკმარისია. მორალის კითხვა არავისგან მჭირდება. საქმეს, ჩემს ოჯახსა და ჩემს მომავალს ასე სჭირდებოდა. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა სათავისოდ იტყუილება და კურტუმოს აქნევს. მე ასე გავაქნიე. სხვამ – ისე. მქონდა შანსი და გამოვიყენე. საბუთების ამბებს ბოლომდე რომ მოვაგვარებ, ამერიკული ბანკიდან სესხს ავიღებ, რაიმე მენეჯმენტის კურსებს დავამთავრებ, კარგ სამსახურს ვიშოვი. ინგლისურს ვსაწავლობ ინტრენსიურად. ამ ქვეყანაში მთავარია საბუთი გქონდეს. მერე მარიფათზეა დამოკიდებული.






–გაგა, ამაყობ მარიფათით, ჰო?




– აბა, რითი ვიამაყო? საქართველოში ფული მე არ მქონდა, მამაჩემი ბასიაკივით თვრებოდა და დედაჩემი, მე რომ ათის ვიყავი, როგორც იქნა გაშორდა. 1995– ში ორჯერ გაგვქურდეს. რა გვქონდა წასაღები, აზრზე არ ვარ. ნარკომანობას ძლივს გადავურჩი. რუსეთში წავედი და კიდევ კარგი ცოცხალი დავბრუნდი. ცემა–ტყეპაში და მოწევაში ვიყავით. სამი წელი ვიყავი იქ და ფული სახლში მარტო ხუთჯერ გავაგზავნე.

ჩემს ძმაკაცს ქალის გამო ჩეჩნებმა დანა გაუყარეს. ჩამოასვენეს დედისერთა ბიჭი და მის კუბოს თვითმფრინავით ჩამოვყევი. თბილისში ბირჟაზე ვიდექი. დიპლომი სად ჯანდაბაში მაქვს, დღემდე არ ვიცი. სმა დავიწყე და ოჯახი დამენგრა. ცოლი გამექცა. ახლა შვილებს გავუკეთებ რაიმეს. ორი მყავს.

ამერიკელ ქალთან ფიქტიურად ხელი რომ მომეწერა, ეს დიდ რისკზე წასვლას ნიშნავდა და იმიტომ შემეშინდა. ჯერ ეს ერთიც, ბევრი ფული დამჭიდებოდა. ხალხი აქ 20 და 30 ათასებს იხდის ამაში. სიმწრით ნაშოვნ ფულს ჰაერზე აგდებს. და მეორეს ერთიც, ფიქტიური ქორწინების დროს არა გაქვს წარმატების სრული გარანტია. უშველებელ თანხას კი დახარჯავ, მაგრამ ამერიკელი „ცოლი“ ან „ქმარი“ შეიძლება არც გამოცხადდეს ინტრევიუზე.

ცისფერობამ კი გაამართლა. უტყუარი იყო. მე ვთქვი, რომ ჩემს სამშობლოში დაბრუნების ძალიან მეშინია. ჩემს სიცოცხლეს და სოციალურ სტატუსს საფრთხე ემუქრება – თქო. არადა რა სოციალური სტატუსი მქონდა, ვინმე ხომ ვერ ამიხსნის? ადვოკატიც ამ საქმეებზე იყო გაწაფული. კატა მომიკლეს და მერე ფანჯარაში შემომიგდეს – თქო. კარგი არგუმენტი აღმოჩნდა. გაგიჟდნენ ამაზე.






–კატა? მართლა?




– არა, კაცო! კატა არა, ტოროლა. ვთქვი, რომ ჰომოფობებმა ჩემი საყვარელი კატა მოკლეს – თქო... კიდევ რაღაც – რაღაცეები.






–რა?




– საკმარისზე მეტი გითხარი.






–ასე 11 –12 წლის წინ ჰოლანდიაში მყოფ ადამიანს ვესაუბრე და მითხრა, ქართველები იქ ცისფერობას პოლიტიკური თავშსაფერი მისაღებად პარტყა–პურტყით იბრალებდნენ და გასდიოდათო...




–ახალი ამბავი! ვიცი ეგ მე. ვინ არ იცის? რა არის შენთვის ამაში ახალი? გცოდნია, დაია და ამდენს რატომ მეკითხებოდი? მთავარია კარგი ადვოკატი გყავდეს. კიდევ ფული გქონდეს, რომ გადაუხადო. კიდევ – კარგად დაიზუთხო როლი. მთავარია მიზანი უნდა გქონდეს და მისკენ უნდა მიდიოდე. ან შენ „გაგტრუპავენ“ ან შენ უნდა „გატრუპო“ ... ეს ჭეშმარიტება ჩემგან გესმის პირველად?






–უბრალოდ, ისე გკითხე. დარწმუნება მინდოდა, რომ ნამდვილად არსებობ. მადლობა, რომ დამელაპარაკე. ჰო, მიზანი ამართლებს საშუალებას, არა?




– ეს ქვეყანა იმისია, ვისაც უმართლებს. წაგებული კი სირდება. სირი ვიყავი და აღარ მინდა სირობა.დაჩმორებას და მთელი ცხოვრება ჩმორად სიარულს ცოტა ხნით ტრაკის ქნევა არ ჯობს? გავაქნიე და გამიმართლა. ჩმორიკი აღარ ვარ.






–ანუ ამაში ღმერთის ნება იყო, არა?



– ეგ რა შუაშია? ჰო, ისე ყველაფერი ამ ქვეყნად ღმერთის ნებაა, დაილოცოს მისი სახელი. რა ვი. იყო, ალბათ. აბა, სხვანაირად, არაფერი ხდება. მას მერე, რაც თავშესაფარი მივიღე, ეკლესიაში სამი დიდი სანთელი დავანთე. მანამდე ჩემს სახელს ლოცვებში მოსახსენიებლად ყველას ვაწერინებდი. შესაწირიც დიდი მივიტანე. ვილოცე. ახლა ხომ დარწმუნდი, დაია, რომ ვარსებობ? ჩემნაირები კიდევ არიან. გინდა გაგაცნო?






–რაიმე განსახავებულს თუ მეტყვიან, კი? ისე სურვილი აღარ მაქვს.




– არაფერს განსხვავებულს. საქმე ყველგან თითქმის ერთნაირად იკერება...






***



დაახლოებით ორი თვის წინ საქართევლოდან, ქართული (პირველი) რადიოდან დამირეკეს და კონკრეტულ საკითხთან – ამერიკაში ქართველი არალეგალების მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი მთხოვეს. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ, ფაქტობრივად, ამ ადამიანების ასი პროცენტი, დაბალკვალიფიციური საქმიანობითაა დაკავებული (მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და სამედიცინო დახმარების საშუალებას), ისიც იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლათ. თუმცა ისიც, ვინც საბუთებს აკეთებს, განა იმისთვის ირჯება, რომ განათლების მიღება (მათ შორის ინგლისური ენის სწავლა) ან თუნდაც თავიანთი დიპლომის „ევალუაცია“ შესძლოს, კარიერა შეიქმნას, „განუსაზღვრელი შესაძლებლობების ქვეყანაში“ თვითრელიზება იგემოს, არამედ იმისთვის, რომ ოჯახის წევრები არა სკაიპით, არამედ „რეალში“ დაინახოს, სახლში ხანდახან მაინც ჩავიდეს; შვილი, ოჯახის სხვა წევრები ამერიკაში ჩამოიყვანოს და ისევ ისე იმუშაოს, როგორც მანამდე, ანუ საბუთებამდე: მოხუცის, ბავშვის მომვლელად, ძაღლების გამსეირნებლად, დამლაგებლად. ბენზინგასამართ სადგურებზე, საპარიკმახეროში, სხვის სახლში; მშენებლობზე – „შავ მუშად“, ტვირთების გადამტანად. 24 საათი, 7 დღე კვირაში. სიცოცხლის ბოლომდე. უფრო სწორედ, სანამ შესძლებს. თავისთავად, ამ პროფესიების საწინააღმდეგო, ბუნებრივია, არაფერი მაქვს, მაგრამ საუბარია წლების განმავლობაში „წინა ცხოვრების“ დროს მიღებული განათლების (უნარ–ჩვევების) ნიველირებაზე, პროფესიული თვითრეალიზაციის შეუძლებლობაზე, ტოტალურ დისკვალიფიკაციაზე; ასევე ამ უკანასკნელთან და კიდევ მრავალ ფაქტორთან დაკავშირებულ როგორც სომატურ, ასევე ფსიქიკურ პრობლემებზე, მათ შორის, ემიგრაციითა და კულტურული შოკით მიღებულ მწვავე სტრესზე (ადაპტაციის სტრესი, ნევროზი, დეპრესია, პოსტრტავმული სტრესული დარღვევა). ისინი ამერიკაშიც არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი შვილის სწავლის ფულის შოვნაში და საქართველოში დარჩენილი ოჯახისა და ნათესავ–მეზობელ–მეგობრების რჩენაში იხარჯებიან. საბუთებიანიც კი, საუკეთესო შემთხვევაში, 1 ან 2 წელიწადში ერთხელ 1–2 კვირით შეიძლება ჩავიდნენ, როგორც აქ ამბობენ, ჭირის დღეზე, „დედ–მამის საფლავზე“. ამისთვის კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ნემსის ყუნწში გაძვრომა უხდებათ. ამ ყუნწის გამო კი ყუნწგამოვლილებს უკვე აღარ უღირთ ის, რისთვისაც ამ აღთქმულ ყუნწში გაძვრნენ. რადგან ფასი ძალიან დიდი და არაპროპორციულია. ლამის პიროვნულად დამანგრეველი. ბევრისთვის კი –სულაც არა „ლამის“. პირადად უთქვამთ. არა ერთს, არა ათს, არა ოცდაათს. არა ორმოცდაათს. გაცილებით მეტს. ბევრი ისეთიც ვიცი, ვისაც სამშობლოში ჩასვლისთანავე ნათესავებისა და უცნობ–ნაცნობების ლეგიონი მისწყდომია და საკუთარი თავისთვის დროზე ადრე, უკან ამერიკაში გაქცევით უშველია. მიზეზი მარტივია: ამერიკიდან ჩემოსულს ფული ბევრი უნდა ჰქონდეს. სამშობლოში „დარჩენილთათვის“ კი აშშ–ის (ქვეყნის, რომლის კონსტიტუციაში ბედნიერება უფლებითი კატეგორიის ცნებადაა დაფიქსირებული) ცოდნისთვის ჰოლივუდის ფილმები, ლარი კინგის შოუ, ტრამპის სასტუმროებისა და ნიუ–იორკში დიდთოვლობის ხედების ჩვენება ჰყოფნით. ჰო, კიდევ – „თაიმს – სკვერი“, ენდი უორჰოლისა და ჯაზ–ბლუზის რამდენიმე ცნობილი სახელის ცოდნა. ამ დროს კი აქ ჩვენებურებს არასრულფასოვანი კვებისა და ათასი სხვა მიზეზის გამო კბილები სცვივათ და „საბუთების გაკეთებას“ ელოდებიან, რათა პირის ღრუს ეს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი შედარებით იაფად საქართველოში შეიკეთონ და თან ემიგრაციის განმავლობაში დაგროვილ დაავადებებს ბოლოს და ბოლოს უმკურნალონ. თუ გვიან არაა, რასაკვირველია. აქაურ ქართულ ეკლესიაში ყველა გეტყვით, რომ ბევრი მათგანი ექიმთან წასვლის მაგივრად, საკუთარ ჯანმრთელობის პარაკლისს უკვეთავს. უფრო იაფია და დასწრებაც (სამსახურს ვერ გააცდენენ) არაა სავალდებულო. ორ ადამიანს, სიმსივნით დაავადებულს, პირადად ვიცნობ. მაინც მუშაობენ, რომ სამსახური არ დაკარგონ, რათა ფული სახლში გააგზავნონ. ტკივილის ბოლო წვეთს ელოდებიან...






პარაკლისები ასევე გადაიხდება საქართველოში გადრაცვლილი ქმრის, ცოლის, დედის, მამის, ძმის, დის, შვილის, შვილიშვილის გამო. ამ და ოდნავ განსხვავებული წესით „დაუსწრებელი“ პანაშვიდები, გასვენებები (მისამართი: მოსავლელი ადამიანის სახლი ანუ სამსახური) ორმოცები, წლისთავები და ხუთიწლისთავებიც გადაიხდება. ათიწლისთავის გადამხდელს ერთს ვიცნობ. შვილზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ახლობლების დაბადების დღეებსა და ქორწილებს პანაშვიდ–წლისთავების მსგავსი წონა არა აქვთ. სიკვდილი აქ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ვიდრე დაბადება. თუნდაც შვილიშვილის.






სურავანდშეყრილებს ჰგვანან ხანდახან. ანდა სუმოისტებს – არაჯანსაღი ცხოვრების წესითა და „ჯანკ ფუდით“ გაფუებულებს. რამდენიმესგან ამგვარი რამაც მოვისმინე: ბოლო წელს იქნებ ჩემთვის ვიმუშაო, აქ პლასტიკური ოპერაცია გავიკეთოო, სპორტზე ვიაროო, ჯანსაღი, „ორგანიკი“ საკვები ვჭამოო; აბა, რას იფიქრებენ აეროპორტში ასეთ დაბერებულ–დანაოჭებულს რომ დამინახავენ? ბოლო–ბოლო ამერიკაში ვიყავი. სირცხვილიაო... მოხუცთან მუშაობის დროს ამავე მოხუცების მიერ ნაჩუქარი, ნახმარი ძველი ტანსაცმელი აცვიათ. წლები გადის და ვალებიდან მაინც ვერ ამოდიან. ამერიკელები კრედიტით ცხოვრობენ, მაგრამ „ქართული ვალი“ სულ სხვა წარმომავლობისაა. ცხოვრება გადის და სამეტყველო რეპერტუარი მწირდება: ყოველდღიური ვერბალური „ტექსტები“ მოსავლელი ბებია–ბაბუაების დღის განრიგისა და შარდის ფერის „ჩარჩოში“ ჩასმული. მეგობართან საუბარიც ამით იწყება და ამით მთავრდება. მათი ოჯახის წევრები კი ბინის რემონტის ხარჯთაღრიცხვის დროს „პატარა წვრილმანს“ ამატებენ, მაგალითად, ასეთს: ვარდისფერი მარმარილოს ბუხარი. ოჯახს ხომ უნდა დაეტყოს, რომ ერთ–ერთი მათთაგანი ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში – ამერიკაშია? ამერიკას არ უყვარს წარუმატებელნი. ჰო, არც სხვებს უყვართ „ეგეთები და ასეთები“. ვალს ვალი ემატება, წელს – წელი, ჩამოცვენილ კბილს – ჩამოცვენილი კბილი, დეპრესიას – დეპრესია, დაღლილობას – დაღლილობა, გაწბილებას–გაწბილება, გახევებას – გახევება, სინანულს–სინანული. სნობობას – სნობობა. რამდენს შეუჩივლია ჩემთვის, განა მხოლოდ ლექსიკის, არამედ თვალსაწიერის შევიწროების სამედიცინო სიმპტომები. სამაგიეროდ, ამერიკული ოცნება ქართულ ოცნებად ითარგმნება. ესენი კი ამ თარგმანში დაკარგული უჩინარნი არიან. ლავიაფანისთვის უინტერესონი თავიანთი ტრივიალური, არაგლამურული, „წვრილმანი“, შეწირული ცხოვრებით და ამით ბედნიერნი, კმაყოფილნი. ამ კმაყოფილების კარგად თუ ცუდად მოთამაშენი. საკუთარ თავს აჯერებენ, რომ ესაა მათი ბედნიერება, მუდმივი სიხარულის განცდა, მაგრამ... დაბლაგვებული. არა მარტო ლავიაფანი, არამედ საზოგადოებაც, არასამთავრობო სექტორიც, ოჯახიც დაყრუვდა და დაბრმავდა. ყველაფერი ერთი–ორი სიტყვით ისეთი ადვილი ასახსენელი გახდა. აქაც და იქაც მიზეზ–შედეგობრივი კავშირი ზუსტად სამ წინადადებაში დაეტევა: „ქვეყანას უჭირს, ოჯახს უჭირს, აბა, სხვა რა გამოსავალია. სხვა რა ქნან (მათ – ის). ჩვენ რა ვქნათ?“. გაზეპირებულია „მამაო ჩვენოსავით“... გარიყულნი და გაყინულნი, რომელთა ცხოვრება ყოველგვარი სოციალურად კრიტიკული კონოტაციის გარეშე აღიქმება. ანუ ითვლება, რომ ეს ასეც უნდა იყოს; წლების განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს; „შეწირულებმა“ კი თავიანთ თავს დააბრალონ – თავად აირჩიეს ეს გზა, ეს მათი ბედია, მათი პირადი და საზოგადო ბედნიერება ხომ ახლობლების, სამშობლოს, დემოკრატიის მშენებლობის ბედნიერება და ბიძაშვილისთვის დროზე გაკეთებული გლანდების ოპერაციით მიღებული კმაყოფილებაა. ცხოვრობენ სხვათა ცხოვრებით, სხვათა სიხარულებით. „არაფერი პირადი“. საქართველოში კი გზას გზა ემატება, ბინას – ბინა, რემონტს – რემონტი, ლიფტს – ლიფტი, სააგარაკე ფართობს – სააგარაკე ფართობი, ჯაკუზის – ჯაკუზი, ჯიპს–ჯიპი, საგზურს–საგზური, ოპერაციას–ოპერაცია, ფასიან განათლებას – ფასიანი განათლება, დიპლომს–დიპლომი, ქორწილს–ქორწილი, „პაეზდკას – პაეზდკა“, შვილიშვილს – შვილიშვილი, პასუხისმგებლობას – პასუხისმგებლობა, საფლავს–საფლავი. „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლისგან“ განხიბლულნი, ჩვენი დროის გმირები, „ეკონომკური“ განსაწმენდლის გამოცდების „ფრიადზე“ ჩამბარებელნი. ამ ქართული წარმატებისა და ეკონომიკური სასწაულის შემადგენელი უჯრედების მოლეკულები და ატომები. გამოწურული საუჯრედე სითხითა და შემოჭმული ბირთვით... საქართველოში კი, ამ „ყველაზე–ყველაზე“ ქვეყანაში, სტალინის ერთი ნაშრომის სახელწოდებისა არ იყოს, „წარმატებისაგან თავბრუსდახვევაა“ თავისი დეკორუფციზაცია – დეკრიმინალიზაცია – დემოკრატიზაცია – დევალვაცია – დეაქტივაცია – დემობილიზაცია – დეზორიენტაცია – დეზინფექცია და სხვა „დეებით“, მათ შორის – დეჰუმანიზაციითა და პარალელურ რეჟიმში „იზაცია“ ბოლოსართებით. მაგალითად, მოდერნიზაცია – ლიბერალიზაციის ჩათვლით.






კვლავ დავუბუნდები ზემოხსენებულ გადაცემას, სადაც ჩემი საუბარი შეეხებოდა ამერიკაში მომუშავე ქართველების, უმთავრესად ქალების, რეალურ მდგომარეობას, მათ პრობლემებსა და იმასაც, რომ, ჩემი აზრით, „კრავთა დუმილი“ ოქრო სულაც არაა. საქართველოში რადიოს სტუდიაში მყოფი ერთ–ერთი სტუმარი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღანელი ქალბატონი დარეჯანი, რომელიც ემიგრაციის საკითხებზე მუშაობს თურმე, ჩემმა სიტყვებმა ძალიან გააღიზიანა. მიზეზი, ალბათ, იმაში მდგომარეობდა, რომ ტრადიციული ქართული სადღეგრძელო არ ვთქვი – მონატრებული მტკვრის ან რიონის ჩუხჩუხზე, იბერიის საბოლოო და შეუქცევად გაბრწყინებაზე და ფქვილი – იქა (საქართველოში), ქატო – აქა–ზე (ამერიკაში და ტრადიციული ემიგრაციის სხვა ქვეყნები). ჩემი და ამ ქალბატონის ეთერს მიღმა საუბარი კი იმით დასრულდა, რომ მან განმიცხადა : გვაცალეთ ცხოვრებაო... („ბატონოს“ გარეშე).






საქართველოში ემიგრაცია სავალუტო ერთულებად კონვერტირდება და „გამოითვლება“. ამერიკიდან, ევროპიდან, ყოფილი სსრკ–დან გამოგზავნილი ფულით. ანუ ტრანსფერით. მითოლოგიზირებული ქვეყანა საბანკო „გაზსადენით“ სამშობლოსთანაა მიერთებული. ემიგრაცია მეწველი ძროხა – ფანტომივითაა, რომელმაც იმისთვის უნდა იარსებობს, რომ სხვას „ცხოვრება აცალოს“ , ანუ აცხოვროს. ერთმა – მეორის ხარჯზე. ეს მეორე კი, რაც უფრო უტყვია, მით უკეთესი. რაც უფრო ბეჯითი და მოქნილია, მით უკეთესი. პირველი კი, რაც შეიძლება დიდი მონდომებით თავის მარჩენალს არ უნდა ამჩნევდეს. რუსეთის „ვსტავანიე ს კოლენ“ ნავთობდოლარებით განხორციელდა, საქართველოსი – ემიგრანტდოლარებით (ევროებით, რუბლებით). მაგრამ თუ პირველი „სუბსტანცია“ ნახშირწყლებისა და სხვა ორგანული ნივთირებების ნარევია, მეორე გაცილებით ფაქიზია – ადამიანის სიცოცხლე, სული–გული, ცხოვრების გზა, განუმეორებელი, წუთისოფლური, წარმავალი. საქმე აბსოლუტურად განსხვავებულ წონით კატეგორიებთან გვაქვს. სოციალურ აზრს საქართველოში არ აინტერესებს „წარმატების“ რეალური, ადამიანური, თუნდაც მახინჯი, ნაცრისფერი სახე. რადგანაც ეს ზეიმი, კარნავალი და ცისარტყელა არაა. ეშმაკისეული დეტალები კი, როგორც უინტერესო ბალასტი, საზოგადოების ინტერესის სფეროს მიღმაა. ანა ახმატოვას ლექსის „ხელობის საიდუმლოებანი“ პროზაული იინტერპრეტაცია რომ მოვიშველიოთ: „რომ იცოდეთ, რა ნაგვიდან იზრდებიან ლექსები (კაპიტალიზაცია, უძრავ–მოძრავი ქონება, ფასიანი სასწავლებელი და ა.შ.), უსირცხვილოდ“... რადგან მახინჯი არაესთეტურია და ამიტომ – ამორალური. ბიწიერს კი რა ხელი აქვს ქართველობასთან? საზოგადოებას არც ის აინეტერესებს, რისა და ვის ხარჯზე ტკბილდების კენწერო და ტკბილდების კი, საერთოდ? იქნებ მწარდების? მაგრამ რახან კლასიკოსმა თქვა... მწარე კი ვერ ჯდება დღევანდელი გლობალური ქართველის პორტრეტში და ეს არ ეხება მხოლოდ ემიგრაციას. პლასტიკური ოპერაციები ახალი ესთეტიკის შემომტანი გახდა. ამიტომაც უკვე პირდაპირ ეთერში კეთდება. და არა მატო საქართევლოში. აღსარებისა და ცრემლების ანუ ოდნავი ტკივილის ან მამა–პაპური ანესთეზიის ფონზე. „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“. სიტყვები „გვაცალეთ ცხოვრება“ სულაც არ იყო შემთხვევით ნათქვამი და აქ არც მხოლოდ ფროიდის „წამოცდენის“ თეორიით შეიძლება დავკმაყოფილდეთ. „ლიტანიობა“ ამ ფრაზით გარკვეულწილად იმის მაჩვენებლია, თუ ვინ ან რა არის პრიორიტეტული საქართველოში. დამყარდა პოსტმეოცესაუკუნის პოლიტიკურ–სამოქალაქო სუბორდინაცია თავისი ეთნიკური კუთხურობით, ერთგვარი ქართული პოპსა: ვინაა პირველი და ვინ – მეორეხარისხოვანი ან სულაც მეცხრეხარისხოვანი. ვის აქვს თვითერალიზაციის უფლება და ვის – არა; ვინ – არის „სხვა“ და ვინ – „ჩვენი“, ვინ უნდა იცხოვროს და ვინ – არა. სად უნდა იყოს ჭირი და სად – ლხინი. ქვეყნის საზღავრს გადაკვეთილი ჭიშკარს იქით აღმოჩნდა. საკუთარ ღობეს იქით კი სრულდება ის, რაც ღობეს აქეთ, საკუთარ სამზარეულოში თუ სასტუმრო ოთახში, განსაკუთრებით სუფრასთან, დეფიციტი არაა. ამიტომ უნდა აცხოვროს (მაცხოვროს) მან – ის (მე). გაგასა და დარეჯანის „ტექსტები“ ამ მხრივ იდენტური დისკურსია. მხოლოდ გამოსაყენებელი, სახმარი ქსოვილია განსხვავებული. ორივე იყენებს, მანიპულირებს, „ალფონსობს“, თავისთვის ჩალიჩობს, მარიფათობს, მოქნილობს, ფსიქოლოგიურად ძალადობს. დიადი მიზნის მისაღწევად ეს „ბიზნესი“ ამართლებს. რაღაა იგი მიზანი, თუ იგი დიადი არაა? საშუალებების გამოყენებაში არც უწინ დაგვიხევია და არც ახლა ვაპირებთ. ამიტომ „ოდნავ“ წინააღმდეგობრივიც მისაღებია, ცივილურია, არაკრიმინალურია, თუმცა „ლაითად“ ძალადობრივი, მაგრამ მოსულა, ამართლებს, თავლდასახუჭია, მისაჩქმალია, წვრილმანია, მოსათმენია, ასატანია, არასათაკილოა, საყოველთაოა, სისტემურ – სისტემატურია.






პოსტპერესტროიკის პერიოდში სსრკ – ს დაშლის დროს ნოსტალგიური ვერბალური „წატირებები“ საკმაოდ ერთფეროვანი და ერთხმოვანი იყო. იგი ძირითადად ეხებოდა იმას, თუ რა კარგად ცუდად, ცუდად კარგად, კარგად კარგად ან ცუდად ცუდად ვცხოვრობდით უწინ. როგორც წესი, საკუთარი მარჯვენით გაკეთებული ბრანწით გახეულ ან არგახეულ ჯიბეში. საფინალო, საკრალური „ფრაზა“ კი ყოველთვის ერთი იყო (ყოველ შემთხვევაში, რაც მე მესმოდა): „რა გვეშველება!?“, სასოწარკვეთის, ნიჰილიზმის, ცინიზმისა და ინერციის სხვადასხვა დოზითა და ტემბრით. მერე დადგა „რა გვეშველება, რა გვეშველებას“ მხოლოდ ფორმალურად, თვალის ასახვევად ძახილისა და მარიფათის, რომელიც მდოვრედ გადავიდა უნარ –ჩვევაში, არაფორმალურად გამომჟღავნების დრო და უფლება. მაგრამ „გვეშველა–გვეშველას“ ხმამაღლა დიდად აღარ გაიძახოდნენ, ქართული ბომონდის კარიკატურული პერსონაჟების გარდა. ზემოდან სტაბილური „ხელფასი“ და მასზე „დანამატები“ აღარ მოდიოდა. საქვეყნო და სასაქონლე „სუპერმარკეტში“ ყველასათვის სამყოფი „საყიდლები“ აღარ იდო. დასწრება– მოსწრება – გადაგდება – მოპარვა ეფექტური იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სასუპერმარკეტე საქონელს მოპოვებაც სჭიდება თურმე. როგორც არაალფონსური მეთოდებით, ასევე აპრობირებული ბარიკადებით, იარაღით, „თავისუფლებით“, ტვინის გამორეცხვა – ზომბირებით, მორალური „ობშიაგით“, „სირების გამოყენებით“, ფარისევლობით, შანტაჟნარევი „გვიშველეთ–დაგვეხმარეთ, თორემ დავიღუპებით და ეს ცუდად მოგიბრუნდებათ!“ ძახილით ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დონეზე . . . გამოჩნდენენ მარიფათობის ჯარისკაცები, ოფიცრები და გენერლები. დამსახურებული მოღვაწეებიც. გაჩნდა რანგების ტაბელიც. არაერთისგან მსმენია ორთაჭალის ავტობუსის სადგურის ტრივიალური სცენა. როგორ აცილებენ ცოლებს ქმრები თურქეთში ერთი თხელი ჩანთით და შემდეგ როგორ ხვდებიან მათ, უკვე სავსე რამდენიმე ჩანთიანებს... იმავე „ეგზისტენციალურ“ სადგურში. ერთ ქალსაც ვიცნობ, გაკვირვებული და სევდიანი მიყვებოდა, როგორ ეჭვიანობდა ქმარი მთელი ცხოვრება, როცა იგი მეზობელთან ან პურზე გადიოდა; როგორი ტანჯვა იყო ეს ქალისთვის, როგორ და ვისთვის ითმენდა ამას და როგორ „მოეხსნა“ კაცს ეჭვიანობა, „სასიკეთოდ“ ტრანსფორმირდა, როცა ქალმა თურქეთიდან ფულიც ჩამოიტანა, ჯინსებიც, საბურავებიც, მაიონეზი და მაცივარიც გაავსო. მათ შორის, ადგილობრივი წარმოების სამარხვო მაიონეზითაც. აკვიატებული კითხვებიც შეწყდა და ქალი გადაადგილების თავისუფლებასაც შესაბამისი პატივი ეცა. „სირი“ კარგად გამოყენდა. ეშველათ. კონცეპტი „გვაცალეთ ცხოვრება“ თითოეულ ცალკე აღებულ უჯრედში ავად თუ კარგად რეალიზდა.






პირადად ჩემი ყური (სხვისაზე თავს ვერ დავდებ) სიტყვას „მამულიშვილი“ დიდი ხანია გადაეჩვია და ჩანაცვლდა – „მოქალაქით“. საქართველოში კარგი ან ცუდი ადამიანის დასახასიათებლად სიტყვა „კარგი ან ცუდი მამულიშვილი“ იხმარება და ეს სიტყვა, ალბათ, „ეპითეტების“ ტოპ–პარადში პირველი თუ არა, სადღაც პირველ ათულში მაინც განთავსდება. მშობლის, დედ–მამისა და შვილის ურთიერთმიმართება, როგორც პატრიოტიზმის თუ ღმერთთან მიმართების „სუბლიმაცია“ , ამჯერად იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც – თავად ამ ტერმინთა „ოქროს ხანა“ ანუ „მამულიშვილისა“ და „მოქალაქის“ ერთ სივრცეში თავსებადობა, თანაცხოვრება–თანამშრომლობა, მათ შორის ადამიანურ ჯუნგლებში ყოველგვარი მემარცხენეობა – მემარჯვენეობა– ცენტრისტულობით ანგაჟირების გარეშე.



***



1928 წელს მაქსიმ გორკიმ გაზეთ „პრავდაში“ პუბლიცისტური სტატია „სსრკ–ის „მექანიკურ მოქალაქეებს“ გამოაქვეყნა. 1962 წელს იბეჭდება ტვინის სიმსივნით დაავადებული ენტონი ბიორჯესის რომანი „მექანიკური ფორთოხალი“ (მალაიზიურ ენაზე სიტყვა „ფორთოხალი“ „ადამიანს“ ნიშნავს), ხოლო 9 წლის შემდეგ ეკრანზე სთენლი კუბრიკის ერთმოსახელე ფილმიც გამოდის. მაქსიმ გორკი თავის სტატიაში იმ ადამიანებს ჩამოთვლის, ვინც მას წერილებს სწერს. ერთ–ერთი ავტორი „ობივატელია, რომელიც მექანიკურად სსრკ–ის მოქალაქე გახდა“. არა მამულიშვილი, არამედ – მოქალაქე. ამდგვარი ბევრი იყო. არის და იქნება.






საბჭოთა საქართველოში და არა მარტო, საღამოობით ჰალსტუხიანი კომუნისტი – ათესიტების შავ „გაზდვადცატჩეტირებს“ მღვდლების სახლებთან დაინახავდით. შვილები მოჰყავდათ მოსანათლად. ყველამ ყველაფერი იცოდა. მაგრამ ფორმალურობა ანუ პოლიშინელი „პოლიტკორექტულობა“ მკაცრად დასაცავი იყო. ღამე – ღმერთს, დღე – კეისარს. ამგვარი სასანგრე თუ მექანიკური ათეიზმი ამას წინათ გაზეთ New York Times - ში ჯო ბეკერის სტატიამ „აშშ შავი სიის ქვეყნებთან ბიზნესის წარმოებას მიესალმება“ გამახსენა. ამერიკაში ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნებთან სასანქციო რეჟიმის გამტარებელი და მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო „აშშ –ის ხაზინის საზღვარგარეთის აქტივების კონტროლის განყოფილება“ გახლავთ. აღმოჩნდა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკული ხელისუფლება, ფაქტობროვად, ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის– ბანკებს, Pepsi, Kraft Food–სა და კიდევ მრავალს შავი სიის ქვეყნებთან ბიზნეს – ურთიერთობის უფლებას აძლევდა. სულ 10 000 – მდე ამდაგვარი ფორმალურად არასანქცირებული და ამავე დროს არაფორმალურად სანქცირებული ლიცენზია გაცემულა. ამერიკამ ირანთან და სხვა, ოფიციალურად მის მიერვე შედგენილ არასაიმედოთა სიაში მყოფ ქვეყნებთან ურთიერთობით მილიარდობით მოგება ნახა. ყველაფერი კი ჰუმანიტარული (სამედიცინოც) დახმარების ეგიდით თეთრდებოდა. თუმცა, არა მგონია, „პოპკორნი“ ანდა ამერიკული ერთ–ერთი კომპანიის ირანიდან ევროპაში გაზსადენის მშენებლობის ტენდერში მონაწილეობა ჰუმანიტარული დახმერების კოდექსში რამენაირად ჯდებოდეს. სტატიაში ასევე საუბარია ტერორიზმის მხარდამჭერ და იარაღის უკანონო ვაჭრობაში შემჩნეულ ორგანიზაციებთან ამერიკული კომპანიების საქმიანი ურთიერთობის შესახებ. აშშ–ის ფინანსთა სამინისტრო ამ პუბლიკაციის წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ გაზეთის რედაქციამ ამ მონაცემების გამოქვეყნების უფლება სასამართლოს ძალით მოიპოვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ავტორი „ვიკილიქსინგით“ კი არაა გართული, არამედ ნამდვილი, საგამოძიებო ჟურნალისტიკით. აქ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა ტრადიციულად პათეტიკურად გვეხსენებინა ორმაგი სტანდარტები, უწესო, ბინძური თამაშები, სამოთხე–ჯოჯოხეთი, მამონას მონობა, ორუელის ორაზროვნება – ორენოვნება და ფრაზა „სასაცილო იქნებოდა, სამწუხარო რომ არ იყოს“. ანდა გვეხსენებინა ამერიკის ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება; ანდა უახლოეს მომავალში რუსეთთან დაგეგმილი ერთობლივი საავიაციო სწავლებები. მაგრამ, ვფიქრობ, ეს აქ უადგილო იქნებოდა, რადგანაც ჰილარი კლინთონმა ჩინეთში ვიზიტისას ცხადად, ყოველგვარი ქარაგმების გარეშე განაცხადა, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებები ამ ჯერზე განხილვას არ ექვემდებარება (ამერიკას მრავალტრილიონიანი ვალი აქვს ჩინეთის), ხოლო მფრინავთა სწავლებები ობამას „პერეგრუზკის“ პოლიტიკას სავსებით შეესაბამება და ამაში არაფერია დამალული. მაგრამ ჯო ბეკერის სტატიის სკანდალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის გადამტანი ქვეყანა, რომელიც უკვე მერამდენე წელია ტერორისტების წინააღმდეგ ორ ომს აწარმოებს; რომელიც ირანზე სანქციების დაწესებას ლობირებს და ამისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, თავად ვაჭრობს ირანთან. თანაც, განა, კანონის გვერდის ავლით? არამედ ოფიციალურად. ლიცენზირებულად. ხაზინაში გადასახადების გადახდით. ანუ მარჯვენამ კარგად იცის, რას აკეთებს მარცხენა. ორი სტრატეგიული პარტნიორი კი ერთმანეთთან „შეთანხმებით“ მოქმედებს. საქართველო ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს, ხოლო ამერიკა – ეკონომიკურს.






თითქმის სამი წლის წინ ნიუ–იორკის შტატის გუბრენატორი ელიოტ სპიცერი თავისი თანამდებობიდან დიდის აურზაურით იმიტომ გადადგა, რომ მის მიერ „ელიტარული“ მეძავის ეშლი დიუპრეს „მოხმარების“ ფაქტი „გასკდა“. აქ, ერთი შეხედვით, არაფერი იქნებოდა დიდად საისტერიკო, რომ არა ელიოტ სპიცერის (მეძავეებში კლინტ N9 – ად წოდებული) მიერ ნიუ–იორკში გაჩაღებული, ხმალამოღებული ომი პროსტიტუციის წინააღმდეგ. თუმცა ელიოტსაც და მის მეძავსაც მეტ–ნაკლებად გაუმართლათ. ელიოტი CNN – ზე წამყვანად და ბლოგერად მიიწვიეს. მისი „რჩეული“ ეშლი კი გაზეთ New York Post – ის კოლუმნისტი გახდა და მომღერლის კარიერისთვის საჭირო ყურადღებაც მიიპყო. გუბერნატორი გადადგება. სახელწიფო – ვერანაირად.



***



„მექანიკური ფორთოხალი“ მეოცე საუკუნის ერთგვარ არქეტიპულ ტექსტად, „აპოკალიფსად დღეს“ იქცა, როცა ადამაინის სული და მატერია შეუქცევადად იხლიჩება. როგორ, რა საშუალებით მოხდება ეს: ტოტალური მოხმარების კულტით, მანიპულირების უწყვეტი კონვეირით, ტყუილ–მართლისა და „სირობის“ წამატებით აღრევით, ინსტინქტების ბოდვით თუ ფასაულობათა ინფლაციით, პრინციპში, შედეგისთვის უკვე არანაირი აზრი აქვს. ფილმში ძალადობა აბსოლუტურად გროტესკულ, ესთეტიზირებულ (ბეთხოვენის მეხუთე სიმფონიის ფონზე) და ამაზრზენ სახეს იღებს. მაგრამ ძალადობას ერთი „მანკიერი“ თვისება აქვს. ძალადობა თავად მოიხმარს იმას, ვინც სხვას მოიხმარს. ფსიქოპათი ალექსი, რომელიც სულაც არაა ხეზე მძრომიალე, არქაული ბარბაროსი ან ე.წ. ველური ტომის წევრი. იგი სილამაზესაც აფასებს და მუსიკასაც გრძნობს. მაგრამ ხელოვნება მას ლამის მითოლოგიური მოძალადედ გახდომისგან სულაც არ დააზღვევს. კანონზომიერია, რომ იგი თავად, მისივე სურვილით ხდება სხვისი მოხმარებისა და ექსპერიმენტის საგანი. ხდება მსხვერპლი. ძალით „გაქრისტიანებული“. მექანიკური მოქალაქე.






XXI საუკუნეში ამგვარი „გაქრისტიანებისთვის“ სულაც არაა საჭირო ფიზიკური, ემოციური ტკივილის ჯოჯოხეთში გაიარო. თუ ალექსის ძირითადი მიზანი ორგაზმი და მისი პოეტიკაა („ფორთოხლის“ ლიტერატურული ვერსია უფრო ოპტიმისტურია), ზემოხსენებული ქართველი გმირებისთვის კი ტრივიალური თუ ექსტრაორდინალური წარმატება (არც უორგაზმობა იქნება), ლელოს გატანა ნებისმიერი ხერხით, რომელსაც კაცი (ქალი) მოიგონებს, მარიფათი ანუ „ცხოვრებაა“. ცხოვრება ადამიანურად ანუ ნორმალურად. ამისთვის კი ცხოვრება უნდა გაცალონ. იმათ (იმან) – ჩვენ (შენ). ამასთან დაკავშირებით მახსენდება სამოქალაქო ომის დროს შევარდნაძის("მოქალაქეთა კავშირი"), როგორც დემითოლოგიზირებული, მაგრამ მაინც გოდოს გამოჩენისგან მავანთა მიერ განცდილი სიხარული, ქართული სისხლიანი რეალითიშოუ და ტოპ – ეპითეტების კორიანტელი: გამოცდილი მელია, მატყუარა, ეშმაკი, თანაც წონიანი პოლიტიკური კაპიტალით. ასეთი გვჭირდება, დაგვილაგებს, გვაცხოვრებს, გზას გვიჩვენებს. . .






ამ და კიდევ სხვა მიზეზთა გამო დღეს ქართულ ტელევიზიას და არა მარტო ქართულს აქცენტი აგრერიგად აქვს გადატანილი კრიმინალურ ქრონიკაზე (ალექსიც, ფაქტობრივად, კრიმინალია). ფიზიკური ძალადობა ხომ ფიზიკურია, აუდიოვიზუალურტაქტილური და მგრძნობელობის სხვა არხებზეც წამიერად მოქმედებს; ხილვადი დრამაა, დასჯადია, წასატირებელია, ეპიზოდურად „ნწუ–ნწუ–ნწუსა“ და „რა გვეშველებას“ საძახებელი. თანაც წყალგამყოფს „ჩვენსა“ და „მათს“ შორის მკვეთრად აჩენს. ანუ ჩვენსა და, ამ შემთხვევაში, კრიმინალ „თეთრსაყელოიანებსა“ და კბილებჩაცვენილ მარგინალებს შორის. საზოგადოების დასამშვიდებლად კი, როგორც ჰეპი – ენდი, „მოლაპარაკე ყუთიდან“ ფერადად, პლაზმურ ან ჩვეულებრივ სატელევიზიო ეკრანზე ვხედავთ, რომ ხელბოკრილდადებულები მართმსაჯულების კიბეებზე აჰყავთ; სიუჟეტის ბოლოს კი აუცილებლად გამოჩნდება დალაგებულსახიანი გამომძიებელი, სწორი სიტყვებით, კოდექსების პარაგრაფებით და დაამშვიდებს მაყურებელს: ყველაფერი საიმედო ხელშია. ესენი – ციხეში, თქვენ – სიმშვიდეში. ცხოვრება შეიძლება. ცხოვრება მშვენიერია.






2000 წელს ეკრანებზე სთივენ სოდერბერგის ფილმი „ერინ ბროკოვიჩი“ გამოდის. ფილმის გმირი რეალური ადამიანია, სახელად ერინ ბროკოვიჩი. შინაარსი კი მისი ცხოვრებისეული, მოქალაქეობრივი ისტორიაა. სამი შვილის მარტოხელა დედას არანაირი იურიდიული განათლება, ფინანსური და სოციალური კაპიტალი აქვს. მაგრამ ამისდა მიუხედავად ,იგი ერთ–ერთ დიდ გაზისა და დენის მიმწოდებელ კორპორაციას (PG&E) დაუპირისპირდა, რომლის მიერ მოხმარებული Cr 6 – ით ადამიანებს ავთვისებიანი სიმსივნე საგრუნტე წყლების ხელოვნურად დაბინძურების გამო ემართებოდათ. ერინი და იურიდიული ფირმა, სადაც იგი, უბრალოდ, არაწამყვან პოზიციაზე აიყვანეს, კორპორაციას ღიად ებრძვის და სასამართლოსაც მოიგებს. შედეგად დამბინძურებელი (PG&E) იძულებულია დაზარალებულთა ოჯახებს 333 მლნ. დოლარი გადაუხადოს. ყველაფერი კი ბროკოვიჩის არაგულცივობით დაიწყო. მან, უბრალოდ, ერთი წერილი უყურადღებოდ არ დატოვა და მასზე რეაგირება გადაწყვიტა. ერინ ბროკოვიჩი საქმიანობას დღესაც განაგრძობს. მას თავისი საკონსულტაციო ფირმა აქვს. რამდენიმე წლის წინ ტელევიზიით თვალი მოვკარი რეკლმას, სადაც ეს ქალი იურიდული ფირმას Weitz and Luxenberg p.c. აპიარებდა, რომელთანაც თავად ინტრენსიურად და ეფექტიანად თანამშრომლობს. ორგანიზაცია სასამართლოში იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა კორპორაციების, დიდი თუ პატარა კომპანიების მიერ გარემოს დაბინძურების შედეგად დაზარალდნენ, დაემართად მეზათელიომა, ფილტვის დაავადებები, მათ შორის, სიმსივნე, აზბესტოზი. სასამართლოში კომპანიის მიერ მოგებული საქმეების შედეგად და უპასუხისმგებლო, მექანიკური მექალაქე – კორპორაციებიდან „ახეული“ თანხები 4 მლნ. – დან 423 მლნ.– მდე მერყეობს. ამას წინათ კი ცნობილი გახდა ორგანიზაცია „გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის“ კვლევის შესახებაც. მან ამერიკის 35 დიდი ქალაქში წყლის ხარისხი შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ 31 _ის (ვაშინგტონი, ნიუ–იორკი, ბოსტონი, ჩიკაგო, ატლანტა, ლოს–ანჯელესი . . .) წყალსადენებში ის ყბადაღებული Cr 6 – იანი წყალი მიედინება. სპეციალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ შესაძლოა ფასიანი, ბოთლიზირებული სასმელი წყალი ჰექსავალენტური ქრომისგან სუფთა სულაც არ იყოსო. „ერენბკოვიჩიადა“ კვლავ გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა 1996 წელს საბოლოოდ არ და ვერ გადაწყდა, როცა PG&E კორპორაციამ უზარმაზი თანხის გადახდით, ფაქტობრივად, საჯაროდ აღიარა თავისი დანაშაული და სამაგლითოდაც დაისაჯა.






ამ ორმა „ქეისმა“ („შავ სიაში“ შეტანილი ქვეყნები და Cr6) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ არც მეტ–ნაკლებად „დალაგებული“ სახელმწიფო და არც მისი კერძო, მცირე–საშუალო–დიდი ბიზნესი სანდო არაა და არც არასოდეს იქნება; რომ ადამიანები/ადამიანი ყოველწამს ფხიზლად უნდა იყვნენ/იყოს; რომ ორივეს, სამთავრობოსაც და არასამთავრობოსაც მოქალაქე უნდა აკონტროლებდეს (ამისთვის სულაც არაა საჭირო იურისტის, ჟურნალისტის თუ სხვა დიპლომი). თუნდაც ერთი. ოღონდ არამექანიკური. თუნდაც არაპროფესიონალი. რომ სწორედ ამ ერთზეა დამოკიდებული დედამიწის, სახელმწიფოთა გაერთიანებების, ქვეყნის, საზოგადოების, ადამიანის რეალური ვალენტობა.






2011.01.14


netgazeti.ge





No comments:

Post a Comment