1985 წლის 13 ივლისს ირლანდიელმა მომღერალმა, პოლიტიკურმა აქტივისტმა ბობ გელდოფმა და შოტლანდიელმა მუსიკოსმა მიჯ იურემ თავისი მასშტაბითა და თანამგზავრული ტელეკომუნიკაციის შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიაზებით მსოფლიოში პირველად იმ დროისთვის მართლაც უნიკალური ცოცხალი კონცერტი მშიერი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად შორეული ეთიოპიისთვის მოაწყვეს. კონცერტს, რომელსაც „ცოცხალი დახმარება“ (Live Aid) ეწოდა, პირდაპირ ეთერში 150 ქვეყნის 1,9 მილიარდი ადამიანი ბრიტანეთში, ამერიკაში, ავსტრალიასა და გერმანიაში ადევნებდა თვალყურს. თავიდან ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ ეთიოპიისთვის 3 მილიონ დოლარს მაინც შეაგროვებდნენ, მაგრამ თანხის მოსავალმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. 300 მილიონ დოლარამდე. ეს გლობალიზაციის არტექსპრესიის გრანდიოზული გალა, რომელშიც ისეთი მომღერელები და ჯგუფები მონაწილოებდნენ, როგორებიც არიან ერიკ კლეპტონი, პოლ საიმონი, ბობ დილანი, სტინგი, ჯორჯ მაიკლი, დეივიდ ბოუი, თინა თერნერი, ფილ კოლინზი, ელტონ ჯონი, ჯოან ბაეზი, ბრაიან ადამსი, სანტანა, მადონა, პოლ იანგი, ბრაიან ფერი, პოლ მაკარტნი, მიკ ჯაგერი, Queen, Led Zeppelin, Black Sabbath, Duran Duran, U2, Dire Straits, The Who და კიდევ უამრავი ცნობილი და არც ისე ცნობილი მომღერალი თუ ჯგუფი (ამ კონცერტს მოსკოვიც კი გამოეხმაურა), ბობ გელდოფის ერთ „მოკრძალებულ“ ინიაციტივას მოჰყვა. საქმე იმაშია, რომ 1984 წლის ოქტომბრის ერთ მშვენიერ საღამოს ბობ გელდოფი ტელევიზორს უყურებდა. იქ კი ტელეარხი BBC ეთიოპიაში მასობრივი შიმშილის ისტორიის შოკისმომგვრელ კადრებს გადმოსცემდა. ბობ გელდოფმა მიჯ იურეს იმწამსვე დაურეკა, მათ სასწრაფოდ ერთობლივად დაწერეს სიმღერა „იციან, რომ შობაა?“ (Do They Know, It’s Cristmas?), სხვა მუსიკოსებსაც შეეხმიანნენ და ამგვარად ირლანდიელი და ბრიტანელი მუსიკოსებისგან ოპერატიულად შეიქმნა “დახმარების ბენდი“ (Band Aid), რომელმაც 25 ნოემბერს ლონდონის ერთ–ერთ სტუდიაში ზემოხსენებული კომპოზიცია სრულიად უსასყიდლოდ ჩაწერა. საქველმოქმედო სიმღერის ჩანაწერი გამოშვების პირველსავე კვირას 1 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და გაყიდვების ჩემპიონად კიდევ დიდხანს დარჩა. ორგანიზატორები შეგროვილ თანხაზე არ შეჩერდნენ, რადგანაც სასოწარკვეთილი ეთიოპიისთვის იგი აშკარად საკმარისი არ იყო, ამიტომაც მოგვიანებით ტრანსკონტინენტური, გრანდიოზული და უპრეცენდენტო „ლაივ ეიდ“ მოაწყვეს, რომელშიც ლამის მთელი მსოფლიო შორეულ აფრიკაში „უცნობი“ ადამიანების დასახმარებლად ერთად შეიკრიბა. ბუნებრივია, ფულის შეგროვებაში უდიდესი როლი და მნიშვნელობა მედიას ენიჭებოდა, რომელიც გელდოფისა და იურეს ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით ლამის ყოველდღე დაუღალავად და მიზანმიმართულად აშუქებდა. ამ ორი ადამიანის ძალისხმევამ ამერიკის ნაპირებს მალევე მიაღწია და ზუსტად სამ თვეში, ჰარი ბელაფონტეს ინიციატივით, მაიკლ ჯექსონისა და ლაიან რიჩის მიერ დაწერილი სიმღერის „ჩვენ ვართ მსოფლიო“ (We Are the World) გაყიდვამაც ეთიოპიას „ევროპულ ყულაბაზე“ გაცილებით მეტად სოლიდური თანხა შესძინა. ბრიტანელების მსგავსად, კომპოზიციას ამერიკელი მუსიკოსებიც უსასყიდლოდ ასრულებდნენ და მოგვიანებით ლამის ტრადიციად დამკვიდრდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში We Are the World სახელწოდების მქონე აქციების უბედურებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის ხელის გამართვა. მაგალითად, ჰაიტის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. ადამიანები არ ელოდებიან სახელმწიფოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თუ გაეროს სასურსათო პროგრამის წყალობას, რათა თავიანთი ცენტი თუ ევროცენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის საერთო კალათას გაუნაწილონ. მათ არ სჭირდებათ ვინმეს ნებართვა, ანდა პარტიული კრების ორგანიზება...ისინი აქ და ამჟამად ფიქრობენ: „ვინ, თუ არა მე!“. ჩემი აზრით კი, 27 წლის წინანდელ ამ მუსიკალურ ისტორიაში ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი კი მაინც ის გახლდათ, რომ საშუალოდ შემოსავლებისა თუ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ყველაზე მეტი სწორედ ირლანდიამ გასცა... არადა, სწორედ იმ პერიოდში ამ ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური კრიზისი იყო...
*
რამდენიმე ხნის წინათ ნიუ იორკის ცენტრში, „თაიმს სქვერზე“ ახალგაზრდული მოძრაობა Spark-ის (ნაპერწკალი) წევრმა 13–14 წლის გოგონებმა ჟურნალ Teen Vogue–ის („თინეიჯერის მოდა“) წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამ მილიონიანტირაჟიანი გამოცემის შენობის წინ ხელცარიელები არ მისულან. მიიტანეს ხელმოწერები (ერთი კვირის განმავლობაში 28 ათასი ხელმოწერა შეგროვდა) და პლაკატები, სადაც ეწერა– „ ყველა გოგონა რეალური იმიჯით“, „რეალური გოგონები. ყველა გოგონა ლამაზია“... საქმე იმაშია, რომ არასრულწლოვანთა ჟურნალები ფოტოშოპირებით თუ სხვა ტექნოლოგიებით თავიანთ ფურცლებზე ბავშვი მოდელების (მათი აბსოლუტური უმრავლესობა მდედრობითი სქესისაა) არარეალურ ხატებს ქმნიან. რასაკვირველია, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ადან–ბაბადან მოზრდილთა გლამურ თუ პორნოჟურნალებიც იგივე სტრატეგიას მიმართვენ. სხეულის ესთეტიზაციის ამგვარი კომერციული „ვნება“ პლასტიკური ოპერაციების ინდუსტრიას, ქალისადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებას, სექსიზმს კვებავს და ამავე დროს არაერთი ნერვული აშლილობის, „დაკომპლექსების“ საბაბი
ხდება. მასმედიის, ტაბლოიდების გამომცემლები და ჟურნალის „სამხატვრო ხელმძღვანელები“ გოგონას სხეულს, გარეგნობას სტანდარტად „აღიარებულ“ ჩარჩოში ათავსებენ, რასაც საკმაოდ სავალალო შედეგები მოაქვს. არადა ამგვარ იმიჯებს რეალურ ცხოვრებასთან არანაირი კავშირი აქვს. ერთ–ერთი გამოკითხვის თანახმად, ამ პრიალა საყმაწვილო ჟურნალების დათვალიერების შემდეგ ოთხიდან სამი გოგონა თავს ცუდად გრძნობს. ისინი დეპრესიაში ვარდებიან, კუჭ–ნაწლავის სისტემის დაავადებები ემართებათ, მათ შორის, კვების წესის დარღვევა, ანორექსია, დისმორფოფობია, იმუნიტეტის დაქვეითება, ჰორმონალური და სხვა ფსიქო–სომატური სნეულებები; თვითშეფასების დაქვეითება, აპათია, ნევროზი, რამაც ამ ასაკში (სქესობრივი მომწიფების პერიოდი) ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი, სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას. გოგონები საკუთარ თავს ივიწყებენ და წონით თუ სხვა პარამეტრებით ცდილობენ, აპრიალებული ფურცლების ბინადართ დაემსგავსონ. ეს კი ადამიანის დეპერსონალიზაციის, დეზორიენტაციისა და დესოციალიზაციის ეფექტური საშუალება აღმოჩნდა. თოჯინა „ბარბობა“ გოგონების ცხოვრების მიზანი და კრედო ხდება, რადგანაც ფალოცენტრიის კერპთაყვანისმცემლები „ჭეშმარიტებამდე“ მისასვლელ ამგვარი გზის უალტერნატივობას მათ გეგმაზომიერად თავში უჭედავენ და, სამწუხაროდ, ზოგ მშობელსაც ამ სარფიან ბიზნესში ლომის წილისოდენა ღვაწლი შეაქვს. „წარმატებისკენ“ და „ქალური ბედნიერებისკენ“ მიმავალ გზაზე ასეთი „ტრანსპორტი“, ერთი შეხედვით, ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი ჩანს, რადგანაც ადამიანის ინდივიდუალობის ნიველირებითა და გასტანდარტებით ასე უფრო ადვილია აკონტროლო ქალი, აკონტოლო მისი სხეულიცა და ტვინიც (მით უმეტეს – არასრულწლოვანის), გულიცა და სამომავლო მიზნებიც. ბარბები ზომბებს ემსგავსებიან, რომლებსაც კრიტიკის უნარი ეკარგებათ და თავისი ცხოვრებით ცხოვრება კი არა, ჟურნალის ყდაზე თუ არა, ბოლოდან რომელიღაცა გვერდზე მოხვედრის „ვნება“ ამოძრავებთ... რათა შემდგომ ამ თანდაყოლილი „ეგზისტენციური არსით“ დაქალებსა და შეყვარებულთან „თავაწეულებმა“ გაიარონ, მშობლებს კი „ჯიშიანი“ შვილით სიამაყის საბაბი გაუჩნდეთ.
იმ დღეს „თაიმს სქვერზე“ ბარბიზაციის გასაპროტესტებლად მისულმა გოგონებმა თავიანთი კბილა უიულია ბლუმის მიერ ოდნავ ადრე სხვა საბავშვო მოდის ჟურნალის Seventeen -ის (შვიდმეტი) გვერდებზე ამდაგვარადვე „განსხეულებულ“ ბავშვთა სიმრავლის გამპროტესტებლის (მან 84 ათასი ხელმოწერა შეაგროვა) ინიციატივა აიტაცეს. ამ ორი პროტესტის შედეგი კი ამდაგვარი იყო: „ჩვიდმეტის“ რედკოლეგია ბლუმს შეპირდა, რომ ჟურნალის მოდელების შელამაზებას შეძლებისდაგვარად თავს აარიდებდა; „თინეიჯერის მოდის“ წარმომადგენელი კი გოგონებს არაფერს შეპირდა, განაცხადა, ჩვენი მოდელები ყველა რეალურიაო და პროტესტანტებს სწორედ იმ გამოცემის თითო–თითო ნომერი დაურიგა, რომლის წინააღმდეგაც ბავშვებმა ასე ოპერატიულად იმოქმედეს. ბუნებრივია, გამომცემლობის ამგვარი პასუხი გოგონებმა ცინიზმად შეაფასეს. ერთ–ერთმა კი თავისი დაკვირვების შესახებაც განაცხადა, რომ ჟურნალის ერთ–ერთი ნომრის ფურცლებზე 15 მოდელიდან 13 თეთრკანიანი, თმახუჭუჭა, გამხდარი გოგონები „ეხატნენ“, რომელთა მიმზიდველობას ბავშვებმა „ჩონჩხური სილამაზე“ უწოდეს. ამგვარი იმიჯური ძალადობა, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რეალურ ადამიანებთან და მათ ცხოვრებასთან, სექსიზმის პოლიტიკის კიდევ ერთი ორგანული კომპონენტი გახდა. ეს ჟურნალები არამყარი ფსიქიკის ბავშვებს კი არა, სრულწლოვანებსაც იმას ურჩევს, თუ როგორი სექსაპილურები უნდა იყვნენ იმისთვის, რომ „გარემოს დეკორაცია“, ესთეტიკური ტკბობის ობიექტები და არაავთენტიკური სუბიექტები გახდნენ; როგორი ტიპაჟის ევებს აქვთ „გამოჩენისა“ და მუსიკის დამკვეთი ადამის მხარზე მიყუჟვის უფლება. ფაშისტურ გერმანიაში, იტალიაში, კომუნისტურ სსრკ–ში და ჩინეთში ქალის სხეულის კონტროლირების სხვადასხვა საჯარო მექანიზმები არსებობდა. აღარაფერს ვამბობ თანამდროვე მუსლიმანურ სამყაროზე. ვესტერნიზირებულ ღია საზოგადოებაში კი თინეიჯერთა ამგავრი სექსისტური ჟურნალები, სამოდელო სააგენტოები და საპოდიუმე „სინორჩე“, სადაც პატარა გოგონებს ქალის „შესაბამისი“ ცხოვრების წესს ასწავლიან, გლამურული დისკრიმინაციული იდეოლოგიის მატარებელი აგენტების როლი აქვთ, რომლებიც თავიანთი მაჩო – პათოსითა და „დახვეწილი“ მანიპულაციის უნარით ქალის საყოველთაო გაბედნიერების რეცეპტს გვთავაზობენ. მაგრამ ამგვარ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს პოლიტიკურ–ეკონომიკურ–სოციალურ–კულტურული პროტესტის
მშვიდობიანი ფორმა, სოლიდარობის, წინააღმდეგობის გაწევის, ადამიანისა და ადამიანების დაცვის შანსი... რაც მთავარია, არსებობს არაძალადობრივი პასუხი, მათ შორის არა მარტო მედიით გაცხადებული მხარდაჭერით, პეტიციით, დუმილით, შიმშილობით, მიტინგით, პიკეტით, გაფიცვით, მშვიდობიანი მსვლელობით, Human Right Watch–ისა და სხვა ორგანიზაციების ანგარიშებითა და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენის სახის საპროტესტო აქციით, არამედ სულაც ქუჩის პერფორმანსით, ფლეშ–მობით, ცეკვით, პანტომიმით, „პანკ–ლოცვით“, მულტიმედიურად, ხელოვნებით. ასევე არსებობს ძალადობის მსხვერპლის დემონსტრაციულად, საჯაროდ არა მარტო ვერბალური, არამედ მატერიალური მხარდაჭერის ფორმაც. მაგალითად, ამას წინათ ნიუ იორკის შტატში სკოლის ავტობუსში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, თუ როგორ დასცინოდა (ბულინგი) და წონასთან დაკავშირებით შეურაცხყოფას აყენებდა ოთხი მეექვსეკლასელი 68 წლის „არაგამხდარ“ კარენ კლეინს. საზოგადოება აღშფოთებისგან აფეთქდა. იმ დღეებში ტელევიზიით ლამის ყოველი ახალი ამბების გამოშვებისას ამ ინციდენტს აჩვენებდნენ. უზრდელი ბავშვები ერთი წლით სასწავლო პროცესს ჩამოაშორეს, 50 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაავალეს, ხოლო დაზარებულ ქალს სტრესის მოსახსნელად და დასასვენელბლად ფულის შეგროვება ონლაინ რეჟიმში დაუწყეს. დღეისათვის კარენ კლეინის საბანკო ანგარიშზე „ანტიბულინგური“ 704 ათას დოლარზე მეტი დევს. ეს ფული მას არა მარტო დაცინვისგან მიღებული სტრესის გაქარწყლებაში დაეხმარება, არამედ მატერიალური პრობლემების გადაჭრაშიც. კარენი სარფიანი ინვესტიციების გაკეთებასა და მცირე ბიზნესის წარმოებას აპირებს.
***
დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ რაც ოფიცილურად დაქორწინებულმა პირველმა იტალიელმა გეიწყვილმა, მხატვრებმა ანტონიო გარულომ და მარიო ოტოცენტომ რომში მთავრობის რეზიდენციის წინ მდებარე გალერეაში მინის კუბოში „სიყვარულის“ ჭარბად მომხმარებელი, პედოფილიაში ბრალდებული იტალიის „ერის მამა“ სილვიო ბერლუსკონის „მუმიის“ მულიაჟი დაასვენეს. მინა ხომ დიდი ბელადების – ლენინისა და მაოს კუბოს მასალაა. ადრე ამგვარ გამჭვირვალობაში სტალინიც განისვენებდა. ჭუჭყიან, ცისფერ გაღეღილ პერანგსა და ლენინივით წინწკლებიან ლურჯ ჰალსტუხში გამოწყობილი სილვიო გაღიმებული და თვალდახუჭული წევს, მარცხენა ხელში წანასაარჩევნო ბუკლეტი სახელწოდებით „იტალიის ისტორია“ უჭირავს, ხოლო მარჯვენა შარვლის ბარტყში აქვს ჩაყოფილი; ფეხზე მიკი–მაუსის ჩუსტები აცვია... სხვათა შორის, შარშან სილვიომ თანაავტორთან ერთად დაწერილი სიმღერების მეოთხე СD გამოუშვა, რამაც იტალიელები უკიდურესადაც აღაშფოთა და მწვავე სარკაზმისთვის განაწყო. „მარაზმატიკის“ ზედმეტსახელის შერქმევისა და პოლიტიკური თუ სექსუალაური პროსტიტუციის მარაქაში გარევის მიუხედავად, სილვიო სიყვარულსა და მაღალ გრძნობებზე მაინც წერს, მისი ჰანგების ახალ კოლექციას კი „ნამდვილი სიყვარული“ ჰქვია. ჰოდა, ამ რუსი კაგებეშნიკი თანამოძმის იტალიელ „პოლიტნეოფალოცენტრიკს“ შორეულ ცხელ კონტინენტზე აპარტეიდდაძლეულ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კოლეგა და ძმადნაფიცი პრეზიდენტი ჯეიკობ ზულა აღმოაჩნდა, რომელიც „მრავალცოლიანობით“, თავისი არაოფიციალური ჰარამხანით განსაკუთრებით ამაყობს და ხმამაღლა ბაქი–ბუქობს. მას ხან გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, ხან ერთ–ერთი მისი ყოფილი ცოლი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ხან ქვეყანას ამცნობს, რომ კონდომის გარეშე „ვარჯიშობს“, ხან აცხადებს, რომ „სხვა“ ქალისგან შვილი ჰყავს და ა.შ. ამიტომ მხატვარმა ბრეტ მიურეიმ სოცრეალიზმისა და ლენინის ჯავშანტრანსპორტიორზე მდგომი ცნობილი ფიგურის სტილში ქვეყნის მრავალშვილიანი მთავარი მენეჯერის გენიტალიები გამოსახა. თან წითლად. პრეზიდენტის 70 წლის ასაკის „ანცფალოსიანი“ ნახატი იოჰანსებურგის გალერეის Goodman Gallery-ში გამოიფინა. მმართველი პარტია აღშფოთდა, გალერეის პატრონმა კი განაცხადა, რომ სურათს კედლიდან არ ჩამოხსნის, როგორადაც არ უნდა აყვირდნენ ზულისტებიცა და თავად ზულაც. ეს უკანასკნელი გაპრეზიდენტებამდე ვიცე–პრეზიენტი გახლდათ და მაშინაც სექსუალური ცხოვრების უკონტროლობის გამო კარიკატურისტების სამიზნე არაერთხელ გამხდარა.
არტისტებს სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შეუძლიათ თავინთი პროტესტი გამოხატონ. თუნდაც მცირე ხნით, როგორადაც მოეხერხებათ – წითელ ხალიჩაზე თუ სატელევიზიო შოუში, ინტერვიუს დროს თუ კონცერტის მიმდინარეობისას. ამის მაგალითია ამას წინათ თელავივში მადონას კონცერტის დროს ეკრანზე ულტრამემარჯვენე მერინ ლე პენის სახეზე გამოხატული სვასტიკის „ეპიზოდი“. მადონა არც მერინის „ნაციონალ ფრონტელ“ მამას წყალობს. 6 წლის წინათ მომღერალმა ეს კაცი ბინ ლადენისა და სადამ ჰუსეინის კამპანიაში „წარადგინა“. სრულწლოვანთა პროტესტი, როგორც წესი, ყოველთვის შეგნებულია, რადგანაც პროტესტანტი აცნობიერებს, სახელმწიფოს იმჟამინდელი წყობილების მიხედვით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის ნაბიჯს– დაპატიმრება, ციხე, სიკვდილით დასჯა, „ამხანაგური“, საზოგადოებრივი თუ სისხლის სამართლის სასამართლო, ჯარიმა თუ უფრო მეტი პროტესტის ინიცირება, სამიზნის წერტილოვანი თუ „ხალიჩის“ მსგავსი დაბომბვა, სოლიდარობა თუ მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფრონტის აგორება–გაჩაღება. მადონას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ამგვარი რამდენიმეწამიანი პერფორმანსი ციხით არა, მაგრამ „დაზარალებული მხარის მიერ“ სასამართლოში ჩივილით შეიძლება დასრულებულიყო. პროტესტს სტვენითაც და ფეხსაცმლის ბრახუნ–სროლითაც გამოხატავენ. ისვრიან ასევე ლაყე კვერცხებსაც და პომიდვრებს. თან არა მარტო ბუშს უშენენ (ერაყი), არამედ – ჰილარი კლინტონსაც (ეგვიპტე). იქ, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, თეთრი სახლის ღობეზეც შეგიძლია ბორკილებით მიიჯაჭვო თავი და კონცერტზე გამოსვლისას Pussy Riot –ის მხარდამჭერი მაისურიც ჩაიცვა, რომის პაპის სურათიც დახიო და თბილისში ბუშის ქუჩის უოლტ უიტმენად გადარქმევაც მოითხოვო, პერფორმირებული ჯვარცმაც მოაწყო და ცნობილი მიზოგინი ამერიკელი რეპერის თუ რადიოწამყვანის წინააღმეგაც საჯარო და მასობრივი კამპანია მოაწყო. თან ისე, რომ მავანს რეპერტუარიდან სექსისტური სიმღერის ამოღებაზე სერიოზულად აფიქრებინო, ხოლო წამყვანს – სამსახური დაატოვებინო.
1904 წელს საფრანგეთში ფემინიფობური გონკურის პრემიის საწინააღმდეგოდ პრემია „ფემინა“ (Prix Femina) დაარსდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ძმები გონკურების მიერ დაარსებული პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ჟიური ქალი მწერლების ნაწარმოებების განხილვაზე უარს ამბობდა. „ფემინას“ არსებობამ, ფაქტობრივად, „გონკურებს“ სექსისტური პოლიტიკის შეცვლა აიძულა. მსოფლიოში არსებობს „ნობელისა“ და „ანტინობელის“, „ოსკარისა და „ანტიოსკარის“ დაჯილდოებები... აზროვნებისა და სოლიდარობის სურვილი ყოველთვის ტოვებს პროტესტის კრეატიულად გამოხატვის სივრცეს... თუმცა არსებობენ ექსტრიმ–პროტესტის მომხრეები, რომლებიც პროტესტის გამოხატვის დროს თავის ჯანმრთელობას შეგნებულად ვნებენ. მაგალითად, მშრალი შიმშილობა, ანდა პირის ნემსითა და ძაფით ამოკერვა...
საქართველოს ბოლო 10 წლის ისტორიაში, ალბათ, სოციალურ–პოლიტიკური პროტესტის ყველაზე ორგანიზებული, დინამიკური და ოპერატიული მოძრაობა გახლდათ სერბული „ოტპორის“ ქართული ანალოგი „კმარა“, რომელიც თავიდან სტუდენტების მიერ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში კორუფციის აღმოსაფხვრელად შეიქმნა, შემდეგ კი მოქმედების წმინდა პოლიტიკური ვექტორი აირჩია და ვარდების რევოლიციისა და ასლან აბაშიძის რეჟიმის დაცემის შემდეგ, ფაქტობრივად, ამოწურა თავისი თავი. შეიძლება თავისი პოტენციალი სულაც არც ამოწურა, მაგრამ მათთან „სოციალური კონტრაქტი“ აღარ გაუგრძელებიათ. შემდგომში „ბუნტისთავი“ და უსამართლობაზე მყისვე მორეაგირე „სამართლონობის რაზმელები“ კი ჩვეულებრივ მშვიდ და წყნარ ფუნქციონერებად გადაიქცენენ, არადა ქვეყანაში გასაპროტესტებელი ძალიან ბევრი რამ დარჩა. ის კი არა, ახალიც გაჩნდა. ამასობაში კი „60 წუთი“ „ბიზნესკურიერად“ გადაკეთდა. არადა გასაპროტესტებელი რეალურად მართლაც ბევრია: მაგალითად, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის „ეზოთერული“ ტანდემი, ადამიანის უფლებების დარღვევები, პატრიარქალური მეინსტრიმი, მკვეთრი სოციალური უთანასწორობა, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა... მაგრამ იქ, სადაც ბიუჯეტიდან დაფინანსებული „უფასო“ იგლესიასების კონცერტზე სწორედ ის ხალხი დადის, ვინც კონცერტის მერე თავის სამზარეულოში მაღაზიაში ნისიად წამოღებულ ან 15 წლით საზღვარგარეთ გადახვეწილი დედის გამოგზავნილი ფულით ნაყიდ სიგარეტს გააბოლებს „ ამათი დედა, რა გვეშველება – რას გვიშვებიანს!“ ძახილით; წუხს, შფოთავს და იწყევლებ–იგინება იმის გამო, რომ მისი კარის მეზობელი სწორედ იმის გამო დაიღუპა, რომ სახემლწიფოს გულის ოპერაციის „ფული არ აღმოაჩნდა“, გარდაცვილი კი სწორედ მეზობლების გასასვენებელია, ხოლო ხვალ ამ უბედურების ოჯახში სადილი – ამოლესილი ლობიო და მჟავე კიტრი უნდა გადაიტანოს... მერე ამ წუწუნ–ტირადას კი იგლესიასის მიერ ნაკოცნი გოგონას წარმომავალობა–იღბალსა და მეზობლის უპატრონოდ დატოვებულ ობლებს ერთ სასაუბრო და სააზროვნო ველში ათავსებს... ამიტომაც პირადად მე არ მჯერა „ხალხის სიბრძნის“, როგორც კოლექტიური გონის, არამედ . . . მჯერა „წმინდა უბრალოების“, რომელიც იან ჰუსისა და ჩვეულებრივი მოკვდავის დასაწვავად აგიზგიზებულ კოცონს ფიჩხის კონას წრფელი გულით, გულმოდგინედ შეუკეთებს და შეიძლება დამატებითი შეშის ძებნაც დაიწყოს, რადგანაც შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს ტოტები ცეცხლის სიმხურვალისთვის სულაც არ „კმარა“ ... საკმარისობა ხომ განსაკუთრებულად „სუბიექტური“ გრძნობაა. იგი ნახევრად ბრმა და ნახევრად ყრუა... რასაც უნდა, მხოლოდ იმას დაინახავს–გაიგონებს, რასაც არა, არ დაინახავს–არ გაიგონებს და კიდევ ... მჯერა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული სოლიდარობისა და სამართლიანობის არაპოლიტიკურ – „არასასტავური“, არანგაჟირებული განცდისა, რომლის მწვავე დეფიციტი დღევანდელ საქართველოში არის სოლიდარობის, თანაგრძნობისა და სხვისი ტკივილის გაზიარების აშკარა და ცხადზე –ცხადი დეფიციტი ...
ქვეყანაში, სადაც ტურიზმის პიარისას პრეზიდენტიცა და უცხოელი ჟურნალისტიც პოტენციური უცხოური ტურისტების ცოლებს (ალბათ, რატომღაც ჩაითვალა, რომ საქართველოში ქმარი სამოგზაუროდ მარტოკა უნდა წავიდეს, ანდა ტურისტები მხოლოდ მამაკაცები იქნებიან) ვითომ ხუმრობით აფრთხილებენ იმის თაობაზე, რომ ქმრებს სტუმარ–მასპინძლურ საქართველოში ისეთი არნახული დროსტარება–„ნაშობა“ აუტყდებათ, რომ თქვენი კაცები დასვენებით, რასაკვირველია, მშვენივრად დაისვენებენო, მაგრამ, აი, თავის რეპროდუქციულ ორგანოს, ვერ მოგართვით, ვერ დაასვენებენო. საქმე იმაშია, რომ ეს იდიოტური ხუმრობა ერთჯერადი სკაბრეზი სულაც არაა. ქალისადმი დამოკიდებულების გამომხატველი ამდაგვარი ფრაზა „მარილიანი ხუმრობა“ კი არა, გენდერული პოლიტიკის საჯარო, ლაკონური და ოფიციალური მეინსტრიმია. თანაც ძალზედ ძველი და ვულგარული, რაც, ბუნებრივია, შეურაცხყოფას მამაკაცსაც აყენებს, რადგანაც მის ფალოსსაც ბერლუსკონიზაციის კონვეირზე შეაგდებს და ვარგისიანობის იარლიყს აწებებს. თან ქვეცნობიერად გვატყობინებს იმას, თუ ვინაა ჭეშმარიტი დამკვეთი და კიდევ უფრო მეტად გაჭეშმარიტებული მომხმარებელი იქ, სადაც „სახატე მთელი ქვეყანაა“. ჰოდა, სწორედ ამ სახატეში „გათამაშდა“ კიდევ ერთი პირველი ღამის ქართული ბრუტალური სცენა, როცა 16 წლის ადამიანი ქმარმა (თუ რაც ჰქვია), დედამ (თუ რაც ჰქვია), დეიდამ (თუ რაც ჰქვია), მექორწინეებმა (თუ რაც ჰქვიათ) და სახელმწიფომ (თუ რაც ჰქვია) პოლიცია–გინეკოლოგების სახით, ფაქტობრივად, ლამის ლინჩის წესით „გაასამართლეს“, საჯაროდ თავხედურად, ნაძირლურად ყოველგვარი ევროპელი ზეზვა–მზიას გახსენების გარეშე გააუპატიურეს ისე, როგორც პირველყოფილ ტომებში, ალბათ, ტომის (სამშობლოს), გვარ–ჯილაგის მოღალატეს ასამართლებდნენ/ ასამართლებენ...
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს აბსოლუტურ და ტოტალურ ძალადობასთან, რომელიც ოჯახმა არასრულწლოვან გოგონაზე შეგნებულად განახორციელა. მაგრამ ამ „ქეისს“ კიდევ უფრო ამძიმებს და არაორდინარულს ის ხდის, რომ ქვეყნის კონსტიტუციის, (დოკუმენტში სქესთა თანასწორობა ცხადადაა მითითებული) დამცველი პოლიციელები, რომლებიც ხელფასს ქვეყნის ხაზინიდან იღებენ, ძალადობის „სალდათები“ აღმოჩნდნენ... ჩემი მეორე, უაღრესად აღშფოთებული აზრის გაელვება, როცა ეს ამბავი შევიტყვე, თაფლობის ღამის „პერფორმატორისთვის“ აპრიორი არა მამობის, არამედ ზოგადად ბოიფრენდ–ქმრის უფლების ჩამორთმევა იყო; გოგონასა და სიძის ოჯახისთვის სახელწოდება „ოჯახის“ „კონფისკაცია“, რადგანაც ამ ჰომოსაპიენსების ერთობის უცნაური წარმონაქმნები ყველაფერია ოჯახის გარდა.... სამივე პოლიციელის ეკლესიისა და ჯარის შემდეგ დიდი ნდობის ვოტუმის მქონე ინსტიტუციიდან სასწრაფოდ გათავისუფლება სამჯერ 365 დღე საზოგდოებისთვის სასარგებლო შრომის დავალებით. უხელფასოდ. მაგრამ სად არიან გოგონას მასწავლებლები და მანდატურები? ადამიანის უფლებები/ ბავშვთა კონვენცია, როგორც საგანი, სკოლაში ხომ ისწავლება? სადაა ამ უფლებების პედაგოგი? ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ჩვენს საგანძურს –„ვეფხისტყაოსანს“, რომანტიკოსების რომანტიკულ ლექსებსა და სიყვარულის ისტორიებს ხომ ასწავლის? ბიოლოგია– ფიზიკას? ანატომიის გაკვეთილზე სასქესო ორგანოების თემის განხილვისას სერთიფიცირებული პედაგოგი კლასში მსხდომ გოგო–ბიჭებს რა თემაზე ესაუბრება? როგორ „გაკეთდეს“ მაჩო ბიჭი, მორჩილი გოგო, ხოლო ორივე, საერთო ჯამში, „ქართველი პატრიოტი“?... მაგრამ, მართალი გითხრათ, გოგონას ცხოვრებიდან ამ რამდენიმე სასტიკი ეპიზოდის გაცნობისას ჩემს თავში მყისიერად სხვა კითხვამ გაიელვა: სად არიან ამ 16 წლის ბავშვის მეგობრები, თანაკლასელები, აი, ისინი, „დაქალებად“ რომ იწოდებიან? სად არის გოგონას „გაბედნიერების დღის“ ხელისმომკიდე (მაღალფარდოვნულად –მეჯვარე), რომელმაც მერე მღვდლის მიერ ჩატარებული ნათლობის დროს და პირჯვარის წერით წყვილს შვილი უნდა მოუნათლოს? სად არიან დობილები/ძმობილები, მეგობრები, ამხანაგები? რატომ არ უშენენ ძველ პომიდვრებს, ლაყე კვერცხებს, სუნიან ხახვებს და დამპალ ბადრიჯნებს იმ პოლიციის განყოფილების ფანჯრებს, სადაც მათი მეგობარი ინკვიზიციურად „დაკითხეს“?; სად არიან ამ ბავშვის თანაკლასელები, მათ შორის ბიჭები, მათთვის მიუღებელი ადამიანის აღსანიშნავად სასქესო ასოსა და ტყ, ტყ, ტყ–ს რომ ახსნებენ წამდაუწუმ?; ტუალეტებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში კი, სადაც ემანსიპაციის ნიშნად ჩუმად სიგარეტს და კიდევ სხვა მოსაწევს ეწევიან და თან პენისებისა თუ გულების „გრაფიტით“ კედლებს რომ მოხატავენ? სად არიან ისინი? ჩვენი მომავალი რეზერვისტები, სტომატოლოგები, მღვდლები, პრეზიდენტები, იურისტები, დიპლომატები, ტურიზმის მენეჯერები, კომპიუტერებისა და ინგლისურის სპეციალისტები? სადაა პოლიციის შენობის და ამ ე.წ. ქმრის სახლის წინ დახატული, ანდა კართან მიტანლი პლასტელინისგან „გამოძერწილი“ ფალოსები, ანდა გაბერილი კონდომებისგან შექმნილი „თაიგული“?...სად არიან ისინი, ვისთანაც ერთადაც ეს ბავშვი ბაღში ანდა ცეკვის წრეზე დადიოდა? სად არიან მისი კბილა გოგონები, რომლებსაც, ალბათ, თითქმის ასეთივე ბრუტალური პირველი ღამის პერსპექტივა ემუქრებათ, თუ მათი საქალწულე აპკი, ვაიდა, ძალიან ელასტიკური აღმოაჩნდა, ანდა თუ ქორწილამდე სხვასთან „მარცხი“ მოუვიდათ და ამიტომ იძულებულნი გახდებიან, ცნობილი პლასტიკური ქირურგისა და გამკერის ჯიბე გაამდიდრონ... ალა ქართველი ჯეიკობ ზულა „საყვარელმა მამაკაცმა“ კი მისი „ცხოვრების ყვავილს“ სისხლი თუ ვერ ადინა, „ლეკვი ლომისა....“ პოლიციასა და გინეკოლოგთან სირბილში და ოჯახურ სასამართლოზე მსჯავრდებულად ყოფნის გამო შეიძლება ჭკუიდან შეშალოს, ცხოვრება და ჯანმრთელობა დაუნგრიოს. აპკის წინააღმდეგობის გარეშე, აბა, ჭეშმარიტი პატრიოტი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი როგორ ჩაისახება? სად არიან დაქალები? ხომ არ ზიან სადმე და ხითხითებენ გოგონას საარაკო „ჰიმენზე“; ნწუ, ნწუ, ნწუ ან ჰიჰიჰი–ჰაჰაჰა–ს გაიძახიან, თუ ენრიკე იგლესიასის სასცენო უმწიკვლო კოცნაზე ოცნებობენ? ოღონდ ისე, რომ საშოში „ქრისტეს პატარძლებად“ დარჩნენ. ქმრებისთვის შენახულები.ნუთუ არ ამოიყვირებენ–არ ამოიგმინავენ, რაც ძალი და ღონე აქვთ – „კმარა, კმარა, კმარა!“ და თან ისეთ რეგისტრში, რომ ამ მოძალადეების სახლის ფანჯრები შეზანზარდნენ და მინის წვრილ დამსხვრეულ–ჩამოფშვნილ –დამსკდარ ნაწილაკებად გადაიქცნენ?. . . სად არიან ადამიანები?...
2012.07.29
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment