22 წლის წინათ 1990 წლის 13 აპრილს სსრკ–ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა რუსეთში ოფიციალურად მყოფ პოლონეთის ლიდერს ვოიცეხ იარუზელსკის კატინის ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტები გადასცა. „მეგობრობის“ ამგვარი ჟესტი პოლონელებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რადგანაც „მონანიების“ დასაწყისის ამ ჟესტს წინ წინააღმდეგობებით სავსე ისტორია უძღოდა. შეგახსენებთ, რომ როცა გერმანია 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთს თავს დაესხა (მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი), სტალინმა მხოლოდ 17 დღე დაახანა, კოლეგა – ჰიტლერს მხარი აუბა და პოლონეთის აღმოსავლეთი დაიპყრო.
პოლონეთის ფართომაშტაბიანი ოკუპაციის დროს საბჭოთა არმიამ პოლონელი მოქალაქეები, ჯარისკაცები და ოფიცრები ტყვედ აიყვანა. ოკუპაციიდან მალევე ჩეკისტებმა ტყვე პოლონელი სამხედროების მასობროვი დახვრეტა დაიწყეს. ამ პოლიტიკურ–სამხედრო ვენდეტას (სტალინს პოლონელები 1919–20 წლებში პოლონეთის ძალით ვერგანსაბჭოება–შემოერთების გამო განსაკუთრებით სძაგდა) „კატინის დახვრეტა“ ეწოდა, რადანაც ეს სასტიკი სისხლიანი ანგარიშწორება სმოლენსკთან ახლოს მდებარე ტყეში სახელად „კატინი“ მოხდა. 70 წლის შემდეგ კი 10 აპრილს სწორედ სმოლენსკთან პოლონეთის ლამის სრული ხელმძღვანელობა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მეთაურობით ავაიკატასტროფაში, რომლის მზეზების კვლევა დღესაც გრძელდება, დაიღუპა. წინა საუკუნის ორმოციანებში პოლონელებს სმოლენსკის გარდა სხვაგანაც ხვრეტდნენ. 4 400 პოლონელი ხარკოვში დახვრიტეს, 6 300 – კალინინში, 7 300 – დასავლეთ უკრაინასა და დასავლეთ ბელორუსში. 1992 წელს გამოქვეყნებული საარქივო მასალების თანახმად პოლონეთის 21 857 მოქალაქე ყოველგავრი გამოძიების, სასამართლოს გარეშე ტყეში „გადაზიდეს“ და თავში ერთი გასროლით სიცოცხლეს გამოასალმეს. როცა გერმანელებმა სმოლენსკი დაიკავეს, 1942 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მითითებული მასობრივი სამარხების პოვნის თაობაზე დაწერილი მოხსენება უკვე არსებობდა, მაგრამ ოკუპანტებმა იმ ხანად ამას არანაირი ყურადღება მიაქციეს. ფაშისტები ამ თემით მხოლოდ 1943 წელს დაინეტერესდნენ, როცა საბჭოთა კავშირმა ჰიტლერის კისერზე პოლონელების დახვრეტის ცოდვის აკიდება გადაწყვიტა. „საძმო საფლავებში“ პოლონურ სამხედრო ფორმიანი, უკანხელშკრული, კეფანატყვიარი, 12 რიგად დაწყობილი გვამები იპოვეს. სამარეში წერილობითი დოკუმენტაციაც კი იყო „ჩატანებული“, მათ შორის პოლონეთიდან სმოლენსკში გაგზავნილი წერილები. როგორც ცნობილი გახდა, ვერმახტმა ეს სასაკლაო ჯერ რუს ებრაელ ბოლშევიკებს დააბრალა, თუმცა მოგვიანებით მაინც შეიქმნა საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელშიც პოლონეთისა და საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვნენ.
საქმე იმაშია, რომ სსრკ –ის გარდა ამ მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ საშუალებით სასურსათო და სხვა სახის ამანათებს ტყვეებს გადასცემდა. ფაშისტურ გერმანიას, როგორ ძალიან ალოგიკურად და უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, არ უნდოდა ამ შეთანხმების დამრღვევად გამოსულიყო, მითუმეტეს მორალისტისა და ნიშნის მომგების როლში სტალინი მოვლინებოდა, ამიტომაც ოკუპანტებმა მათ მიერვე დაპყრობილ ტერიტორიაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 12 კრიმინალისტი მიიწვიეს, რომლებმაც პოლონელების გვამების ექსჰუმაცია და ტყვიის მასრების ბალისტიკური ექსპერტიზა დაიწყეს. გამოძიებამ პოლონელების დახვრეტის საქმეში ჩეკისტების აშკარა ბრალეულობა ცხადყო. აშშ–მ და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა ეს შესანიშნავად იცოდნენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს მომავალი გენერალისიმუსის გაღიზიანება და მონდურება არავის და არც თავად ომის რეალურ მიმდინარეობას აწყობდა. ომის კონიუნქტურა საომარ კონფორმიზმს მოითხოვდა. 1951 წელს ამერიკელი კონგრესმენები კატინის ტრაგედიის საკითხის საერთაშორისო დონეზე განხილვის, გაეროში მისი წარდგინებისა და საერთაშორისი ტრიბუნალის მოწყობის მოთხოვნით გამოვიდნენ, მაგრამ ამ იდეამ, სამწუხაროდ, მხარდამჭერები ვერ ჰპოვა. ცივი ომის დროს კი, ამგვარი რამ, ფაქტობრივად, აზრს იყო მოკლებული. ტრაგედიიდან 72 წლის თავზე სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საბჭოელი ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი 20 პოლონელის ნათესავის საჩივარი განიხილა. სასამართლომ კატინის ტყეში მომხდარს სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა, რუსეთი ფაქტების დაფარვაში დაადანაშაულა (2004 წელს რუსეთის პროკურატურამ საქმის გამოძიება შეწყვიტა. სტრასბურგს კი ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არსებული დოკუმენტი არ გადასცა), მაგრამ უარი თქვა გამოძიების ეფექტიანობის შეფასებაზე და რატომღაც რუსეთს ხელახალი გამოძიების ჩატარება არ მოსთხოვა. ექსპერტების აზრით, „კატინის საქმეს“ გრიფი „საიდუმლო“ არასოდეს მოეხსნება, რადგანაც საკითხი სპეცსამსახურებს ეხება. ბნელი ძალების „მამხილებელ – გამსაჯაროვებელ“ ჯულიან ასანჟს კი ძველი და ახალი კაგებეშნიკების გასავიკილიქსებლად სად სცალია. ცუდი ბიძიების „Watchdog”–ი რუსული სპეცსამსახურების ინგლისურენოვან ტელეარხზე Russia Today ტერორისტებს ეკეკლუცება და მას, ბუნებრივია, მეინსტრიმად ქცეული „პოლიტკორექტული“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იცავს. *** 9 აპრილი ჩემი თაობის ადამიანებისთვის, რომლის ახალგაზრდობამ ქართული სასაკლაოების „რეალითი შოუს“ ფონზე განვლო, უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაში ჩაწერილი კიდევ ერთი ხოცვა–ჟლეტის ამსახველი დოკუმენტი. ეს იყო ძალადობა, რომელზეც სამართლებრივი პასუხი არავინ აგო.
არადა არსებობს დაუსწრებლად გასამართლების უფლება და პრაქტიკაც, რომელიც საქართველოს მხრიდან, რატომღაც, გამოყენებული არ იყო. კომუნიზმი და ლენინ – სტალინიზმი თავის ლიდერ – ერთგულ ჯარისკაცებთან ერთად იურიდიულად არ გასამართლდა. და ამიტომაც, პირადად ჩემთვის, აბულაძის „მონანიება“ მხოლოდ კინემატოგრაფიულ მოვლენად და ვერბალურ თუ წერილობით წუხილ – ვაი–ვიშის გამოხატვად დარჩა. სობჩაკის კომისიის დასკვნას დამნაშავეების დასჯა კი არა, პირიქით, დაჯილდოვება მოჰყვა. პირველი ქართული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი (ყოველ შემთხვევაში, ამგავრი ფართომაშტაბიანი ტრაგედიის), რომელმაც სობჩაკის დასკვნაც გააკრიტიკა, იგორ როდიონოვთან საუბარი ფარულად ჩაიწერა, დემონსტრანტების დაშლის გეგმა და რუქა საკუთარი თვალით ნახა, კაგებეს არქვივებში შეღწევა სცადა, სსრკ–ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გენერალ კონსტანტინე კოჩეტოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა და 9 აპრილის ტრაგედიის დამოუკიდებელი გამოძიება წიგნადაც გამოსცა, გაზეთ „იბერია–სპეტრის“ რედაქტორი ირაკლი გოცირიძე გახლდათ, რომელსაც პირადად ვიცნობდი. მას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 98 პორცენტიან მხრდამჭერთა პირობებში „უცნაურად“ მალე გაჩაღებულ სამოქალაქო ომში ერთი შვილი (მხატვარი) მოუკლეს – ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ომის დრო მას იარაღი არ ეჭირა. უბრალოდ, ერთმანეთისთვის ტყვიისდამშენ ქართველებს ხატავდა; მერე მეორეც (კინომატოგრაფისტი) მოუკლეს – ოღონდ „უხილავ“ ომში, როცა ერთმორწმუნე ქვეყნიდან ქართველების გვამები კუბოებით სამგვზავრო თვითმფრინავით ჩამოჰქონდათ. იგი რუსეთიდან ჩამოუსვენეს – უმოწყალოდ ცემისგან ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს; მესამე კი პირველი ძმის სიკვდილის შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა და ამჟამადაც იქ ცხოვრობს. გაზეთს დახურვა – დარბევა – გაქურდვა, ხოლო მის რედაქტორს დაპატიმრება – შეურაცხყოფა – ტყვიების წვიმა არ დაჰკლებია... მაგრამ “იბერია–სპექტრს“ სამუდამოდ „პროვინციელი ფაშისტების“ იგივე „ზვიადისტების“ გაზეთის იარლიყი მიაკერეს და ირაკლი გოცირიძე მშვიდად და წყნარი სინდისით დაივიწყეს. ისევე როგორც ბევრი კი არა ძალიან ბევრი ვინმე/რამ საქართველოში. რუსეთისთვის 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის სასტიკად დარბევის დოკუმენტების გადმოცემა რუსეთისთვის დაჟინებით და კატეგორიულად არავის მოუთხოვია. არც სასამართლოში უჩივლია. არც არავის მოფიქრებია კრემლისთვის თბილისის, ცხინვალისა და სოხუმის ომებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნით მიემართა ანდა თუნდაც ამის დიპლომატიური მცდელობა მედიით მაინც გაეცხადებინა. თუნდაც ფორმალურად. ეს არც „პერესტროიკისტ –დესეთეისტ“ შევარდნაძის და არც „ვესტერნისტ–მოდერნისტ“ სააკაშვილის ხელისუფლებას მოუნდომებია. შედეგად, ამის თაობაზე არც გაერო და არც ევროპის სასამართლო შეუწუხებია ვინმეს. ალბათ, „მოტივით“ – რა აზრი აქვს? იბერია ხომ მაინც გაბრწყინდება; რახან ღმერთმა თავისი საცხოვრებელი ადგილი დაგვითმო, ამიტომ არ გაგვწირავს; სასამართლო კი არა, ღმერთი იზამს სამართალს; ამდენ ომებს ჩვენი წილხვედრობითა და „ქართული სულის“ (აქ უკვე უბრალო სიტყვათშეთანხმებას „ქართულ ოცნებას“ მისი პარტიული ჟღერადობის გამო ვერ ვახსენებ) გამო გადავურჩით და ა.შ. თბილისში კი არც 9 აპრილის მუზეუმია (მისი შემქმნელის პერიპეტიები, აბა, ვის აინტერესებს?), არც რელიგიური თუ სამოქალაქო „მონანიების“ აქტი შედგა, რომელიც აბა, რა თავში სახლელად უნდა ვინმეს რამედ? ან ჩვენს სამღვდელოებას, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი „პარაკაგებეშნიკურად“ იქცევა. სხვათა შორის, თბილისის ომის დროს ირაკლი გოცირიძე საპატრიარქოში ლამის ყოველ დღე მიდიოდა, რათა ილია მეორისთვის ეთხოვა გაეკეთებინა იგივე, რაც მან 9 აპრილის ტრაგედიის მოახლოებისას გააკეთა. ამჯერად თანამემამულეებისთვის მიემართა არა მასზედ, რომ ადამიანები რუსის ჯარის ვანდალიზმს გაქცეოდნენ, არამედ სულ სხვა მიზნით – ერთმანეთის კვლა შეეწყვიტათ. 9 აპრილიდან სულ რაღაც ორი წლის თავზე. მაგრამ „არამკითხე მოამბე“ ჟურნალისტს მხოლოდ ერთ პასუხს აძლევდნენ – პატრიარქი ავადაა. ანდა ჩვენს ინტელიგენციას, ერის „საუკეთესო ნაწილს“ რად უნდათ მონანიება? აგერ აბულაძემ შევარდნაძესთან შეთანხმებითა და ლობირებით მშვენიერი სურათი გადაიღო და ამით ისეთი ხელსაყრელი არტეფაქტი შექმნა, რომ ერთი გასროლით ორი კი არა გაცილებით მეტი კურდღელი მოკლა ანუ „ყველას მოსანანიებელი მოინანია“. რა საჭიროა ინდივიდუალიზმი და ცალ–ცალკე ცოდვა – დანაშაულის აღიარებითი ჩვენებები? მითუმეტეს – საჯაროდ? თანაც სად გაგონილა, რომ „სულის ინჟინერი“ და „ინტელექტუალური ელიტა“ რაიმეს ინანიებდეს? რა აქვს მას მოსანანიებელი? ანდა სტალინიზმს რად უნდა გასამართლება, პროკურორ–ადვოკატი და სასამართლოს ვერდიქტი?
საკმარისია აღნიშნო, რომ იგი ცუდია, ბოროტია ან ძალიან ცუდი, ძალიან ბოროტი; ამაზე წიგნები, სტატიები – ბლოგები წერო და ფილმები გადაიღო, პროექტები აკეთო და მუზუემები მოაწყო. ჰო, კიდევ 1991–92 წლების სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორთა „მოძიებაც“ ზედმეტი თავის ტკივილია. მითუმეტეს იმათთვის, ვინც ამ „პროვინციელების“ მარგინალიზაცია – დახვრეტის – რეპრესირების ინტელექტუალურ ფრონტზე მედგრად იდგა და ახლა სხვათა ბრალეულობის მხილება – მითითებით თავისი თავიდან პასუხისმგებლობის არიდების „არაპროვინციულ“ ხერხებს იყენებს. ერთგვარი სნობური მონანიება, რომელიც ისტორიის, ტრაგედიის კვაზიგანცდასა და საფესტივალო პრიზის აღების ამბიციის მქონე ძალიან ცუდად გადაღებულ კინოტრაგიკომედიას ჰგავს. ჩვენი საზოგადოება და სამოქალაქო მეხსიერება „პასიონარულ“ – ამნეზიურია, რადგანაც, რაგვარი ძალითაც აფეთქდება – აბობოქრდება მისი ვნება და სახეს დაიხოკს, ლამის იმავე ძალითვე წყნარდება–ჩუმდება. უფრო სწორედ, მომდევნო წლის კალენდრის წითელ თარიღამდე ივიწყებს. აი, დაახლოებით კოზმა პრუტკოვის არ იყოს – „სიყვარულის“ შამპანურის საცობივით. რა ძალითაც ავარდება, იქევე ჩამოვარდება. და არა მარტო სიმძიმის ძალის გამო. „პასიონარობას“ კი ბრჭყალებში იმიტომ ვათავსებ, რომ აქ გუმილიოვის, სხვა რაიმე სოციალურ თეორიას თუ სოციალური ძვრების ტრიგერობას ანდა სტივ ჯობსის საოცრად მიზანსწრაფულ ვნებას სულაც არ ვგულისხმობ. არამედ, უხეშად რომ ვთქვა, თინეიჯერი ყმაწვილის ჰორმონების მოძრაობის მსგავს „ემოციას“, ლიბიდო – ვნებას, როცა კლასში ახალი გოგონას გაჩენა – სხვა სკოლიდან გადმოსვლა მას ძველ „პასიას“ დაავიწყებს და ამ ახალს „შეაყვარებს“. მაგრამ თუ ერთ კვირაში კლასში მერხს საპირისპირო სქესის ახალი წარმომადგენელი მოუჯდა, დავიწყებას ის ერთიკვირისწინანდელიც მიეცემა და მასზე ძველი ხომ – მითუმეტეს. და ასე დაუსრულებლად, ბრაუნის მოძრაობასავით, რადგანაც ამგვარი მოძრაობა ჩვენ ჩვენი „სამარკო“ სტუმართ–მოყავრეობით ეგზოტიკურ სამუზეუმო ექსპონატად გვხდის და სწორედ ამგვარი ფსევდოდინამიური განსხვავებულობა გვიხარია და გვართობს. ერთი სიტყვით – ტურბულენტობა და „ჰორმონალური დისბალანსია“. ქართველები აჟიტირების ტალღაზე ჯერ გამსახურდიას ირჩევენ და პავლიაშვილის „სამშობლო, სამშობლოს!“ გაჰყვირიან; მერე შევარდნაძეს უჩოქებენ და იგივე პავლიაშვილის „სვეტა, ნატაშა, ირინა ... ტოლკო ნე ზაბივაეტე გრუზინას“ ღიღინებენ; . . .
ჯერ „ვარდების რევოლუციას“ ნოემბრის რელიგიურ თარიღს დამთხვევის გამო ლამის წმინდა გიორგის მადლად შერაცხყავენ; მერე კი იმავე ალაგს იმხელა „საპროტესტო“ ნაგვის გორას დგამენ, რომ იგი თავისუფლების მოედანზე სიმაღლით წერეთლის მოოქროვილ ქანდაკებას უსწრებს. წესით, ლოგიკით, ბუნების კანონებით სრულწლოვანების ან ოდნავ მოგვიანებით ასაკში ეს „ინფანტილური რევოლუცია–ევოლუცია“ უნდა დასრულდეს. ეს – წესით. მაგრამ, არა. ჩვენ ხომ მუდმივ „პასიონარულ“ ტრანზიციაში ვართ გაჭედილები და სულის ამოთქმის მოტივით გაურკვეველი დროის ტახტზე მივესვენეთ. „პასიონარობაში“ ასევე ვგულისხმობ საკუთარი თავის მსხვერპლის ამპლუაში ტკბობას, დატირება – გლოვის მდგომარეობაში ყოფნას, რომელსაც იმდენი ენერგია, დრო, რესურსი მიაქვს, რომ ჭირისუფალმა არ იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გაუთავებელად საკუთარი თავის პანაშვიდ – გასვენებაში არ იჯდეს. მაგრამ თუ იცის, იქვე აღმოაჩენს, რომ ამ ინფანტილურ „პასიონარობაში“ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე ამ როლს გარეთ, რადგანაც ასე უფრო კარგად ხედავს „ვინაა დამნაშავე“. და მსჯელობს. ჰოდა, მეტი არცაა საჭირო. სტრატეგიის სახელად „რა ვქნათ“ დაგეგმვა და მოქმედება კი კომფორტის კონსტრუქტს არღვევს და ისედაც, არაერთი „ზედმეტი“ პრობლემების შემქმნელია. აუტკივებელ თავს, აბა, „უჭკუო გიჟის“ გარდა ვინ აიტკივებს? ამიტომ ჩვენ მელანქოლიის ზღვარზე მოსეირნე ჩვენი ფლეგმა „პასიონარობითაც“ კმაყოფილნი ვართ.
*** გერმანიის ერთ–ერთ ქალაქ ლუდვისბურგში „ნაცისტების დანაშაულის გამოძიების ფედერალური ცენტრი“ ფუნქციონირებს. ამ ორგანიზაციის არსებობა იმას მოწმობს, რომ 1945 წლის 20 ნოემბერს დაწყებული ნიურბერგის პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. მეორე ნიურბერგის პროცესი კი, სადაც დამნაშავეთა სკამზე სტალინი, სუბსტალინი, სუბსუბსტალინი და მისთანანი უნდა დასხდნენ არ იგეგმება და დიდად ვეჭვობ, რომ ოდისმე მათ ამ ადგილს მიუჩენენ. მე ვერ ვიხსენებ (იქნებ გამომრჩა), რომ გულაგის რომელიმე ინტერნაციონალური წარმოშობის „ახრანიკი“ ანდა ენკავედეს ნების შემსრულებელი სასამართლოს ძალით გაესამართლებინოთ ანდა საქართველოს კაგებეს არქივ – საცავების (თუნდაც საზღვარგარეთ არსებულის ანდა იმის, რაც ხანძარს გადაურჩა) მოძიების სურვილით ვინმე ანთებულიყოს არა „ქეისის“ სტენოგრაფიული აღწერისთვის, არა რაიმე საერთაშორისო საგრანტო პროექტისთვის, არამედ კონკრეტულად მოძალადის მოძიებისა და სასამართლოს გამართვის მოტივით. როგორც ვატყობ, საქართველოში ლუსტრაციის კანონს ამუშავება არ უწერია. ამიტომაცაა, რომ სტალინიზმის ეპოქასთან და წითელ ტერორთან დაკავშირებული მხოლოდ 15 –20 – მდე თანამემამულე ვიცით (სტალინი, ბერია, მახარაძე, ორჯონიკიძე, მდივანი, ცხაკაია და სხვა), მაგრამ ვინ იყო მთავარი ჯალათების ნების ლოკალური შემსრულებელი? გვაინტერესებს კი მათი იდენტიფიკაცია? თუ მხოლოდ „მთავარი მენეჯერების“ წყევლა–კრულვით უნდა დავკმაყოფილდეთ? ამ მხრივ საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რადგანაც სწორედ ჩვენთან, 2008 წლის ომის შემდეგაც გორის რუსული ჭურვებით დაბომბვის მერეც ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლი იდგა და სსრკ–ის დანგრევიდან 20 წლის თავზეც მწვავე დისკუსიები იმართებოდა იმის თაობაზე, უნდა ბრძანებულიყო თუ არა ეს „ჩვენი“ უდტვრინველი რკინის ბელადი კვარცხლბეკზე. რადგანაც ის ხომ „ნაშ სუკინ სინ“ არის. ვეჭვობ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ მის მოშორებას გულაგში უგზო–უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებიც ეწინააღმდეგებოდნენ. თუნდაც სამზარეულოში. რადგან ვერაფრით გვეთმობა და ვერ „გამოვიგლოვეთ“ ეს „სოსელო ბიჭი“. ჰო, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში რუსი ლენინის ძეგლებსაც და ქუჩის სახელებსაც ადვილად დავემშვიდობეთ. მაგრამ, აი, სტალინი... ის ხომ სულ განსხვავებული ვინმე/რამეა. ის ხომ ჩვენი ანუ ე.წ. პატარა ქვეყნის შვილების ქართული „პასიონარულ–სუბპასიონარული“ ფენომენია...
*** ერთი თვის წინ გერმანიაში 91 წლის ასაკში ამერიკის (წარმოშობით უკრაინელი) ყოფილი მოქალაქე, პოლონეთში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკ სობიბორის (250 000 ებრაელი დახოცეს) „ოხრანიკი“ ივანე (ჯონ) დემიანიუკი გარდაიცვალა. 1942 წელს წითელარმიელი დემიანიუკი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს და მას მერე იგი მათთან მჭიდროდ თანამშრომლობდა ანუ ადამიანებს პროფესიულად ხოცავდა. ჰიტლერის დამარცხების შემდეგ დემიანიუკმა ამერიკელების იმაში დარწმუნება შესძლო, რომ იგი „დაზარალებული მხარეა“ და ამის საფუძველზე მათგან „ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლის“ სტატუსიცა და მატერიალური დამხარებასაც კი მიიღო. გერმანიაში მძღოლად მუშაობდა, შემდეგ ოჯახთან ერთად აშშ–ში გადასახლდა, 1958 წელს ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა. მუშაობდა ავტომექანიკოსად. 1970 – იანების ბოლოდან კი მას ხან ისრაელის, ხან ამერიკის, ხან ესპანეთის და ხანაც გერმანიის სამართალდამცავები არ ასვენებენ. ბოლოს და ბოლოს 89 წლის დემიანიუკი ამერიკიდან გერმანიაში გაადეპორტეს, სადაც იგი კვლავ განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. სასამართლო გაიმართა და ნაცისტების „დამხმარეს“ 29 000 ებრაელის მკვლელობის ბრალეულობა წაუყენეს. თუმცა საქმის გამოძიების დროს აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს სხვა საკონცენტრაციო ბანაკის გამართულად მუშაობაშიც მიუძღვის წვლილი. მაგალითად, გერმანიაში ფლოსენბიურგის ბანაკში (30 000 ტყვე დაიღუპა), სადაც დემიანიუკის მსახურობის დროს 5000 – მდე ტყვე სიცოცხლეს გამოასალმეს. დემიანიუკმა ამერიკა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ატყვილა. ბოლოს 2009 წელს განსასჯელის დეპოტრაციის დროს ადვოკატებმა მისი აშშ–ში „დატოვება“ მოხუცის ჯანმრთელობის გაუარესების გამო შესძლეს. ჰუმანურ ამერიკას იგი შეეცოდა და დაიტოვა. თუმცა მალევე ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რომ ეს „საწოლს მიჯაჭვული“ ადამიანი მაღაზიაშიც თავისი ორი ფეხით დადის და პროდუქტის ყიდვაც შეუძლია. იგი მაშინვე გერმანიაში „გადააგზავნეს“, სადაც 5 წელი მიუსაჯეს. მაგრამ ციხის მაგივრად აპელაციის (ისევ აპელაცია) განხილვამდე მას კვლავ ჰუმანურად მოეპყრნენ და სააგარაკო ქალაქ ბად–ფაილნახის მოხუცებულთა სახლში დაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. „საინტერესოა“ ის, რომ სასამართლოს გამართვის დროს ქალაქ ლვოვის დეპუტატებმა უკრაინის მთავრობას დემიანიუკის დაცვისკენ მოუწოდეს, არადა სწორედ უკრაინელმა თანამოქალაქემ, 89 წლის ალექსეი ვაიცენმა, დემიანიუკის დანაშაულის ერთადერთმა ცოცხალმა მოწმემ, რომელმაც სობიბორიდან გაქცევა სასწაულებრივად მოახერხა, ფოტოზე სიკვდილის ბანაკის უკრაინელი თანამშრომელი ამოიცნო. დადასტურდა – დემიანიუკი თანამემამულეებს ხოცავდა. ეტყობა უკრაინაში ზოგიერთ ნაციონალ – „პასიონარისტს“ თავისი ჰიტლერი (იგივე სტალინი) უყვარს. ლვოველებს არ გაემტყუნებათ – რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ხომ ერთი საბჭოური სივრცის შვილები ვართ. მათი გაგება შეგვიძლია... *** ერთხელ ჩემს ამერიკელ კოლეგას 1937 წელს ბაბუაჩამის ძმის გადასახლების აბსურდულ მიზეზსა და დაპატიმრების რუტინული რიტუალის ამბავს ვუყვებოდი. ჯერ დაბნეულმა გაიღიმა, რადგანაც ეგონა ძალიან უმარილო ხუმრობა ვუთხარი ანდა თარგმანში დავიკარგე. მაგრამ გადასახლების მიზეზი მეორედაც რომ ავუხსენი და დავსძინე გულაგში 10 – დან 15 – მილიონამდე ადამიანი დაიღუპა – მეთქი, ადამიანი გაშრა. შეწუხებულმა ცოტა ხანს ხმა არ გამცა. მერე პირველი, რაც მითხრა ასე ჟღერდა: ქართველ სტალინსა და სტალინისტებს თითქმის ოთხი საქართველო გაუწყვეტიათო და დაამატა – კონკრეტულად ბაბუაშენის ძმის დამპატიმრებლები თუ მოიძიეთო, თუ უჩივლეთო, თუ დააპატიმრესო, სასამართლომ რამდენი მიუსაჯა და ფულადი კომპენსაცია რამდენი აიღეთო. აქ ჩემი პასუხის წიაღსვლებით თავს არ შეგაწყენთ, რადგანაც, უჩემოდაც მიხვდებით თუ რას ვუპასუხებდი ანდა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩემი ახსნა–განმარტებითი „ბარათი“.
თუმცა მაინც ვეჭვობ ამერიკელს გაეგო თუ რაა საბჭოური წყობა, რაა წითელი ტერორი ანდა კონკრეტულ ადამიანზე კონკრეტული ძალადობის კონკრეტული „ავტორის“ კონკრეტული მოძიება რატომაა ძალიან კონკრეტულიცა და ძალიან ზოგადი სუპერპრობლემაც. თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს შეუძლებელი სულაც არაა და არც რამდენიმე ხნის წინ იყო? სცადა ვინმემ? ვეჭვობ, ჩემს თანამოსაუბრეს 18 წლის განმავლობაში ამერიკაში მცხოვრები „არქიპელაგ გულაგის“ ავტორის ალექსანდრე სოლჟენიცინის მიერ რუსეთში დაბრუნებისთანავე გამოხატული იმპერიული სიმპათიების მიზეზი გაეგო. ფაქტია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც მსოფლიოში ერთი კონკრეტული ადამიანის ერთი კონკრეტული სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტისთვის სასამართლოსადმი მიმართვადობის ყველაზე მაღალი პროცენტია, საბჭოური კონტექსტი ანდა გულაგური „ვნება“ ძალიან რთული ასახსნელია. რადგანაც არის საქმეები, რომლებსაც დაძველება არ უწერიათ, გნებავთ, მანამ, სანამ, როგორც მინიმუმი, მსხვერპლის შვილი, შვილიშვილი და თავად მსხვერპლი ქვეყანა არსებობს, რომელიც არა „პასიონარულად“, არამედ ნამდვილად ებრძვის სტალინურ, ენით აუწერელ, ზღვრულ ძალადობას. არა მუზეუმების გადარქმევით, არა მემორიალთან ყვავილების მიტანით, ლენინურ–სტალინური ბარიელეფების მონგრევით, მსხვერპლთა, დაჩაგრულთა ცხოვრების აღწერა–არქივირებით ანდა რუსეთის სსრკს აღდგენის ამბიციების მხილებით, არამედ მოძალადეთა გასამართლებითაც. კონკრეტულ სასამართლოში, სასამართლოს მთელი კონკრეტული ატრიბუტიკით. ამერიკელმა ამხანაგმა გაკვირვებით მითხრა: მნიშვნელოვანი პრობლემა რომაა, იმიტომაც უნდა მოგეძია(თ) თანამზრახველები, მეტი ძალისხმევა გამოგეჩინა(თ) და სახელმწიფოც ჩაგერთო(თო)ო. აქ უკვე ჩემი ჯერი იყო სიტყვაზე „სახელმწიფო“ დაბნეულად გამღიმოდა. არადა ამერიკა, ისრაელი, გერმანია, ევროპა და მთელი ცივილიზირებული სამყარო დედამიწის ზურგზე არაცრუპასიონარულად ჰოლოკოსტისა და ზოგადად ევროპისთვის სამარცხვინო მსოფლიო ომში არაადამიანობის ჩამდენებს კარდაკარ, კაკალ – კაკალ დაეძებს და აპატიმრებს. მანამ, სანამ ისინი ცოცხლები არიან. სხვაგვარად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული შესაძლებელია აბსტრაქტულ ისტორიულ „ჰორორად“, „სტრაშილკად“ გადაიქცეს, რომელითაც ჰელუინის დროს ვინმე სუსტნერვიანს თუ დააშინებ. ჩემი და ჩემი ნაცნობის საუბარმა სხვა პლასტიც აღმომაჩენინა. ის, რასაც ჩვენ საბჭოურ თუ კომუნისტურ იდეოლოგიას ვუწოდებდით, ამერიკელისთვის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი „ტრიავიალური“ მეგაკრიმინალი აღმოჩნდა; რაღაც ტოტალურად კორუმპირებული მაფიის მსგავსი, რომელიც უფრო ნონსენსურ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ჰგავს, ვიდრე „ნორმალურს“. მოსაუბრე ჯიუტად მარწმუნებდა ტერმინის „იდეოლოგია“ უადგილობაში. სრულიად სერიოზულად განმიმარტა, რომ სხვისი სახლის დაყაჩაღება, სხვისი ქონების ქურდობა, სხვის ტერიტორიაზე შეჭრა, ღამ–ღამობით ადამიანების გატაცება მითუმეტეს ქვეყნის გაბედნიერების აბსურდული საბაბით მძიმე ფსიქოდელიური კრიმინალია, სასამართლოს გარეშე ასეთ მასობრივ შარიათ–სამართლას კი მხოლოდ მაფია და ულტრაფუნდამენტალისტ–ტერორისტები ქმნიანო. ბოლოს კი ნახევრადგაღიზიანებულმა „კრიმინალური ფსიქოლოგიაზე“ რაღაც წიგნიც კი შემომთავაზა. მისი ლოგიკით ფაშიზმისთვისაც განა იდეოლოგიის, არამედ მეგაკრიმინალის დეფინიცია უნდა მიგვეცა. თუმცა, ბოლოს იმაზე შევთანხმდით, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. არაფერი მითქვამს ჩვენს სასიქადულოთა პანთეონებში დასაფლვებულ „კაი ყმებზე“, რადგანაც ჩემი კოლეგა ქართულ ექსტრიმს მაინც ვერ გამიგებდა და ცუდ იუმორის გრძნობაში ჩამითვლიდა. საუბრის ბოლოს ბაბუაჩემის ძმის გამაუბედურებლებზე ინფორმაციის მოძიება და მათზე „შურის ძიების“ გზებისა და საშუალებების გამოძებნა მირჩია. რასაკვირველია, სამართლებრივი გზით.
26.04.2012
azrebi.ge
No comments:
Post a Comment