Tuesday, September 18, 2012

ივ არნოლდის მერლინ მონრო და ავღანეთი




2012 – მა შემოაბიჯა თუ არა, ლონდონში 99 წლის ასაკში ამერიკელი ფოტოგრაფი ქალი ივ არნოლდი გარდაიცვალა. სულ რაღაც სამი თვე და იგი 100 წლის იუბილესაც აღნიშნავდა. ივ არნოლდი ერთ–ერთი პირველი ქალია, რომელიც მსოფლიო ფოტო – სააგენტოს Magnum Photos –ს წევრი გახდა. არ არსებობს პროფესიული ჯილდო, რომელიც მას სხვა საპატიო წოდებებთან ერთად არ მიეღოს. მათ შორის, ბრიტანეთის სამეფო კარის, რადგანაც ივი ინგლისის ტახტის მემკვიდრეებს იღებდა.
ივ არნოლდი ამერიკაში რუსი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამა რაბინი იყო, დედა კი – დიასახლისი, რომლის ძირითადი საქმიანობა ცხრა შვილის გაზრდა და ქმრის მსახურება იყო. ორთოდოქსულ გარემოში გაზრდილი ივი, ალბათ, დედის ბედს გაიზიარებდა, მეგობარ მამაკაცს 40 დოლარიანი ფოტოკამერა Rolleicord რომ არ ეჩუქებინა და 34 წლის ასაკში ფოტოფირის ფაბრიკაში მუშაობა არ დაეწყო. ივის პირველ სურათზე ნიუ იორკელი ბომჟია გამოსახული... ექიმის მაგივრად იგი ფოტოხელოვანი გახდა. სამ წელიწადში უბრალო მუშამ ფაბრიკის მთავარი მენეჯერის ადგილი დაიკავა. მერე ჰოლივუდში მერლინ მონრო გაიცნო და ვიდრე მსახიობის სიკვდილამდე მათ ახლო მეგობრობის გარდა ისიც აკავშირებდათ, რომ ივი, ფაქტობრივად, მერლინ მონროს ცხოვრების ფოტომემატიანე გახდა. 750 000 ფოტო და 40 – ზე მეტი ფილმის მსახიობები და გმირები. არნოლდის ჩინური, ავღანური, მონღოლური, სამხრეთ აფრიკული, კუბური, საბჭოური თუ ჰოლივუდური ფოტოსერიები საოცრად მგრძნობიარე და თბილია . . . მაგრამ ფოტორეპორტიორობის გარდა იგი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ჟურნალ–გაზეთებისთვის სტატიებსაც წერდა. იგი არ იყო ხმაურიანი ფოტოგრაფი. თავის „ობიექტებს“ ფოტოაპარატის დიდი შტატივებით, სინათლის წყაროებისა და განათების რაკურსის ძებნა – მორგებით არ აშინებდა. უბრალო, ერთ პატარა შავ ყუთს ატარებდა, სადაც ფოტოაპარატი ედო და არჩევდა მომენტს, რომელიც ყველაზე ფოტოგენური იყო. ფოტოგენური მომენტი მისი თემა იყო.
 

ივ არნოლდის გმირები, უმთავრესად, ქალები არიან. უბრალოები და ბრალიანები, მდიდრები და ღარიბები, გვაროვნულები და უგვარონი, დასავლელები და აღმოსავლელები... 1969 წელს მან 50 წუთიანი ფილმიც გადაიღო სახელწოდებით „ჩადრს მიღმა“. ივ არნოლდი გაერთიანებულ არაბულ საემიროს სასახლეში შეიჰის ერთ–ერთ ქორწილს „დაესწრო“. ჰარამჰანა და პატარძლის ქორწილისთვის მზადება გამოცდილი ეთნოგრაფის მიერ გადაღებული უნიკალური დოკუმენტური მასალაა. იგი ამბობდა: „მე ვარ ქალი და ქალების შესახებ ყველაფერი მინდა ვიცოდე“... ივი თავის წიგნში „უკან მოხედვისას“ წერს: „არსებობს მითი, რომ ქალს პრაქტიკულ ცხოვრებაში საკუთარი თავის გამოხატვა ძალიან უჭირს, რომ იგი მხოლოდ ხორციელი ტკბობისთვის შეიქმნა. ეს ასე არაა. ეს ასე არაა უპირველესად ჩემთვის და იმ ქალებისთვის, რომლებიც „მაგნუმში“ ჩემს გვერდით მუშაობენ. მე ვთვლი, რომ თუ ადამიანი კარგად აკეთებს თავის საქმეს, არა აქვს მნიშვნელობა ქალია იგი თუ კაცი“.

ძალიან მომწონს ივ არნოლდის შავ–თეთრი ფოტოები. ამ ორფეროვან სურათებში სევდაცაა და ოპტიმიზმიც, ილუზიაც და რეალობაც, გლამურიც და რუტინაც: ქალი აბაზანაში, ელიზაბეთ ტეილორი ბავშვებთან, პატარა გოგონა პატარა ბიჭუნას სასირცხო ადგილზე ეხება, ქვეყნის პრეზიდენტების ცოლები, ფაშისტების კრება, პატარძლები ფატებში, მარლენ დიტრიხის ფეხები და წარბები... ფერადები: მარგარეტ ტეტჩერი, ელიზაბეთ II, ავღანელი მომთაბარეები, კუბელი მეზღვაურები და ჰავანას ბორდელები, ნიუ იორკელი ბარმენები, ჰარლემის სიღარიბე და „ფეშენ შოუ“, მოსკოვის ფსიქიატრიული საავადმყოფო, აღმოსვლური მოტივები, ადამიანის უფლებები, კაპიტალისტები, მაკარტისტები და კომუნისტები, უსამართლობა და სამართალი, ქალაქი და სოფელი, ბავშვის დაბადება (იმ პერიოდში არნოლდი მკვდრადდაბადებული შვილით გამოწვეულ დეპრესიას ებრძოდა), ხანშიშესულის ნაოჭები, ახალგაზრდებისა და მოხუცების სახეები, სიხარული, ნაღველი, დაძაბულობა, მარტოობა, ნოსტალგია, სიყვარული... თითქოს იგრძნობა, რომ მათი ავტორი ჰიპი იყო.

ადრე მეგონა, რომ ჰიპები ვუდსტოკზე ერთად ყოფნის დარად, არამც და არამც ცალ–ცალკე, არამედ ერთად წავლენ ამ ქვეყნიდან. ერთ დღეს. მაგრამ სიკვდილი ხომ ადამიანს მარტოდ სტუმრობს. ივ არნოლდი ფოტოკამერების გარეშე ვუდსტოკიდან ძალიან შორს, მოხუცებულთა სახლში გარდაიცვალა...


თებერვალი 6, 2012    


shokoladi.ge

No comments:

Post a Comment