Tuesday, September 18, 2012

შუშის ბურთი, ფეხბურთი, ფარდა და სხვები





ამერიკელმა კინოკრიტიკოსებმა 2009 წლის საუკეთესო ფილმი და მსახიობები უკვე დაასახელეს, კალიფორნიაში ოსკარის ცერემონიისთვის გამალებული მზადებაა, სხვებმა კი თავიანთი არაჰოლივუდური ნაღვაწის შედეგები შეაჯამეს. გასული წლის ამერიკული ანტიტერორისტული დრამა, პოლიტიკის დევიზი, ვიტორიო დე სიკას ასევე ოსკაროსანი ფილმის სახელწოდებისა არ იყოს, დროის "სამ ბრუნვას" დაემსგავსა: გუშინ - ერაყის ომი, დღეს _ ავღანეთის და ხვალ - იემენის. იმ განსხვავებით, რომ 1960-იან წლებში დე სიკამ კომედია გადაიღო, 2000-იანები კი დიდი, "ტყუპურ-თვითმფინავური" ტრაგედიით დაიწყო და პატარა კონდომური, მაგრამ ასევე თვითმფინავური ტერორიზმით დასრულდა. რასაკვირველია, 2001-სა და 2009-ს შორის მთლად "მკვდარი ზონა" არ ყოფილა, მაგრამ მაინც სიმბლოურია, რომ რითაც XXI-ის პირველი დეკადა დაიწყო, იმითვე დასრულდა - ტერაქტით. თუმცა აქა-იქ სოციალური თემაც წამოყოფდა ხოლმე თავს. მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტმა, რომელსაც თვეების განმავლობაში დაუღალავად განიხილავდნენ, ეტყობა წლის ბოლოსკენ მაინც გადაღალა შემქნელები და ზოგიერთი მოწინააღმდეგეც, ამიტომაც იგი ქვეყნის კანონმდებლებმა საშობაო არდადაგებამდე სასწრაფოდ მიიღეს. გულდაწყვეტილი ჯონ მაკკეინის აზრით კი, ფაქტობრივად, "მიახუთშაბათეს".


რესპუბლიკელი სენატორი ჯანდაცვის რეფორმის მიღების "ისტორიულ-ისტერიული დღის" დემოკრატებისეულ პათოსს სულაც არ იზიარებდა. ამიტომ ადგა და ამერიკელებს ასე მიმართა: "იმის მაგივრად, რომ ჩვენი სენატის მოსმენებს უგდოთ ყური, ფეხბურთს უყურებთ და ამის გამო მე მრცხვენია. თქვენ რომ სენატის სხდომებს უყურებდეთ და არა ფეხბურთს, მაშინ თქვენ შეგრცხვდებოდათ".


მაკკეინი, რასაკვირველია, სატელევიზიო არხის არჩევის თავისუფლებას არავის უზღუდავდა. უბრალოდ, თავისი აზრი გამოთქვა... ეს ხომ ამერიკაა.

ანდა ავიღოთ 2010-ის 4 იანვარს ამერიკის, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადასახადების გადამხდელების ფულით, კერძოდ კი 32 ათას დოლარად გამოშვებული ბროშურა იმის თაობაზე, თუ როგორ გავიკეთოთ ნარკოტიკი (მაგალითად, ჰეროინი) უსაფრთხოდ ანუ ისე, რომ კაიფი სამუდამო ძილში მდორედ არ გადავიდეს (ანუ ცოტ-ცოტად და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნაკლები "ლომკებით").ბუნებრივია, ეს იძულებითი ზომა არა მარტო სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად და ამერიკაში ნარკომანთა სიკვდილიანობის სტატისტიკის შესამცირებლად მოიფიქრეს. ეს, ფაქტობრივად, ნარკომანიის გამარჯვების აღიარებაა ანუ, როგორც ამბობენ, რეალობის მიღებაა, ისევე როგორც, ნახევრად ხუმრობით, სექსის გამარჯვებას კონდომებისა და კონტაცეპრივების რეკლამა გვამცნობდა, ოღონდ ყველგან - არა, რასაკვირველია. საზოგადოება ორად გაიყო: ზოგმა ეს ბროშურა ნარკომანიის პროპაგანდად ჩათვალა, ზოგმაც - აუცილებელ პრაგმატულ ნაბიჯად. თუმცა მას, ბუნებრივია, ისეთი აურზაური მაინც არ მოჰყოლია, როგორიც ატლანტის ოკეანის თავზე ტერორისტის მიერ მისი საცვლებიანი "შაჰიდის ქამრის" მოქმედებაში მოყვანის მცდელობას მოჰყვა. ნიგერიის 23 წლის მოქალაქე უმარ ფარუქ აბდულმუტალაბი, რომლის მზაკვრული მიზნების შესახებ ნიგერიაში აშშ-ის საელჩოს მამამისმაც კი ამცნო, "ხილულ" ტერორისტთა სიაშიც კი იყო შეყვანილი, თვითმფრინავში ყოველგვარი ბარგის გარეშე მგზავრობდა, მაგრამ ეჭვი არავის გაუჩნდა. მან კათოლიკური შობას ავიაკომპოანია "დელტა ნორთვესტის" ამსტერდამი-დეტროიტის (მიჩიგანი) მიმართულებით გეზაღებულ 289-კაციან სამგზავრო თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა მოახერხა, ანუ ბორტზე უპრობლემოდ შეაღწია. ტერორისტული ნივთიერება კი საცვალში ჩამაგრებულ კონდომაში ჰქონდა გადანახული. ერთ-ერთი ჰოლანდიელი მგზავრის და შემდეგ ეტაპზე დაცვის გამოისობით შპრიცით (იგი არც ნარკომანი იყო და არც დიაბეტით დაავადებული, შპრიცის აღმოჩენის შემთხვევაში, ტერორისტს არგუმენტად ეს ორი დაავადება რომ დაესახელებინა) კონდომში შეყვანილმა მადეტონირებელმა სითხემ ვერ აამოქმედა ნივთიერება, უფრო სწორედ, ვერ მოასწრო. იმ დღეს ამერიკელებს კვლავ გაახსენდათ ცოტათი მივიწყებული "პატრიოტული აქტი" და ამჯერად აეროპორტებში ადამიანის "პიკანტური ადგილების" გამომზეურებასაც დასთანხმდნენ. 10 წლის წინათ როცა ტერორისტმა თავის ფეხსაცმელში ასაფეთქებელი ნივთერების შეტანა მოინდომა, მას მერე ამერიკისკენ მიმავალ ავიარეისებზე ქვედა კიდურის სამოსსაც გახდევინებენ და ამოწმებენ. ამჯერად კი ფეხსაცმლის გარდა და დეტექტორულ "მართკუთხედში" მგზავრის არასაჯარო ნაწილებიც შემოწმდება. ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაციებმა ამგვარი უცენზურობა უკვე გააპროტესტეს. მაშინვე გაახსენდათ კინოვარსლვავებისა და სხვა "ცნობადების" შესაძლო "რენტეგნის სურათებიც", რომელსაც პაპარაცული ჟურნალ-გაზეთები უდავოდ ადვილად მოიპოვებენ. ამას ისიც დაემატა, რომ ზოგიერთი აეროპორტის კომპიუტერული მეხსიერების სისტემაში მგზავრების გადიდებული სხეულის "არასაჯარო ნაწილები" უკვე იპოვეს, რაც ჩუმი სკანდალის საბაბიც გახდა.

თანამედროვე ამერიკისთვის და ზოგადად დასავლეთისთვის პოლიტკორექტულობა ისეთივე სამარკო ნიშანია, როგორც ოდესღაც პლანეტა დედამიწისთვის - სამი ზვიგენგის ერთობა. საუბარი არაა მემარცხენეობასა თუ რაიმე სახის იდეოლოგიურ "იზმზე". საუბარია ფასზე ანუ იმაზე, თუ რამდენის გადახდა უღირს ქვეყანას პოლიტკორექტულობის ევერესტის დასაპყრობად, ზედ დროშის აღსამართად და "საბრძოლო მწვერავალის" სამუდამოდ შესანარჩუნებლად. ისევე როგორც მედალს, ამ ყბადაღებულ კორექტულობასაც ორი მხარე აქვს და თანაც საკმაოდ იდეოლოგიზებული. როცა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, როგორც ამბობენ, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, ბინ ლადენის ამერიკაში მცხოვრები შორებელი ნათესავები ქვეყნიდან გაემგზავრებინა (და არა გაეძევებინა), დემოკრატებმა ამაში ქსენოფობია და რევანშიზმი დაინახეს. "არალიბერალებმა" კი უბრალოდ უპირველესი ტერორისტის ნათესავების შესაძლო ვენდეტისგან დაზღვევის მცდელობა. როცა ჰოლანდიელი მგზავრი ჯასპერ შურინგა იმ ავადსახსენებლ 253-ე რეისზე, ფაქტობრივად, ზევიდან დაახტა "ხულიგანს", ცინიკოსებმა იმის თაობაზედაც დაიწყეს საუბარი, რატომ მაინც და მაინც ჰოლანდიელმა გაწირა თავი და არა ამერიკელმაო, იმიტომ ხომ არა, რომ ამერიკელმა იცის _ მანამ, სანამ იგი სახლის გარეთ ვინმეს ან რამეს დაეხმარება, ჯობს თავად კი არ იმოქმედოს, არამედ 911-ის სამსახურს ანუ პატრულს დაურეკოს ან დაცვას მოუხმოს (რასაკვირველია, საქმე არ ეხება საკუთარ სახლს ანუ ციხე-სიმაგრეს), რადგანაც მისმა სამიზნემ, ვინც არ უნდა იყოს იგი, არასანქცირებული ქმედებისთვის ისეთი შარი შეიძლება მოსდოს, რომ სასამართლოს დარბაზი არამკითხე მოამბისთვის სახლად გადაიქცეს, ხოლო სასამართლოს ჯარიმამ სამუდამოდ გამოაცარიელოს საშუალო კლასის წარმომადგენლის საბანკო ანგარიში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სტატისიკური მონაცემებით ამერიკელები 10 წლის წინანდელზე უფრო მეტს მუშაობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2000 წელთან შედარებით შემოსავალმა აშკარად იკლო. რამდენიმე ხნის წინ სამი ამერიკელი მეზღვაურის მიერ ტერორისტის დაკავებამ კვლავ არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოწვია. საქმე ისაა, რომ დაკავების დროს ერთ-ერთმა მათგანმა, როგორც თავად ამბობს, შემთხვევით ცხვირი გაუხეთქა "ხულიგანს", მაგრამ რადგან დაკავების დროს მიუღებელი მეთოდი იქნა გამოყენებული, ახლა დამნაშავეთა სკამზე დამკავებელები სხედან... შარშან ზაფხულში თეთრკანიანმა პოლიციელმა რასელ კროულიმ 911-ის ზარის საფუძველზე აფროამერიკელი პროფესორი ჰენრი გეითსი ამ უკანასკნელის სახლში დააკავა. საქმე ისაა, რომ პროფესორი მივლინებიდან დაბრუნდა და თავისავე სახლის კარი ვერ გააღო, დიდხანს ეწვალებოდა, მეზობელმა ეს შენიშნა და როგორც პატიოსანმა მოქალაქემ, პოლიციას გამოუძახა. მოქანებულმა პოლიციამ კი უკვე შინ შეღწეულ პროფესორს პირადობის დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვა, რაზედაც პატრული (თეთრკანიანი პოლიციელის მეწყვილე აფროამერიკელი იყო) რასიზმიში დაადანაშაულეს. ატყდა ერთი ამბავი, რომელსაც ობამაც გამოეხმაურა და პოლიციელის ქმედებას "სულელური" უწოდა. ამას კი კიდევ უფრო დიდი სკანდალი მოჰყვა. ბოლოს ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ "მოჩხუბრებმა" თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან ლუდზე დაპატიჟების ცნობა მიიღეს, ხოლო მთელი ამერიკა იმის მოწმე გახდა, როგორ საუბრობდნენ, ოღონდ მშვიდად და ღიმილით, თეთრი სახლის ეზოში პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, კროული, გეითსი და თან ლუდს აგემოვნებდნენ. ბუნებრივია, წინასწარ გაირკვა: ვის რა ლუდი უყვარს.

სტატისტუკური მონაცემებით, 2009 წელს ამერიკაში 7 800-მდე Hatecrime ანუ სიძულვილის დანაშაული მოხდა. ეს დანაშაული მოიცავს არსამართვლებრივ ქმედებას, რომელიც ემყარება რასობრივ, რელიგიურ, სქესთან დაკავშირებულ დისკირმინაციას, მათ შორის - ჰომოფობიურსაც. შარშან ამერიკულმა პოლიტკორექტულობა აქაც იჩინა თავი, დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რომ სიტყვა "სიძულვილი" ცუდად ჭრის ყურს, ამიტომ ხმარებიდან მისი ამოღება სჯობს და მგონი, ტერმინ "მოტივირებილ დანაშაულზე" შეჯერდნენ, თუმცა როგორც ფსიქიატრმა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არამოტივირებული დანაშაული არ არსებობს. მაგრამ რას იზამ - ესეც ამერიკაა.

არადა, 25 დეკემბრის შემდგომ აშკარა რასობრივი "პროფაილინგის" მოწმენი გავხდით. ამას ზბიგნევ ბჟეზინსკიმ "მოკლე დროის სტრატეგია" უწოდა. სახელმწოფომ განაცხადა, რომ აეროპორტებში განსაკუთთებული შემოწმებას (არა მარტო დეტექტორით, არამედ ხელითაც) დაექვემედებარებიან არა ყველა ქვეყნის მოქალაქეები, არამედ მხოლოდ 14 ქვეყნის წარმომადგენელბი ანუ იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტერორისტების დამფიანსებლებად მიიჩნევიან (ავღანეთი, ალჟირი, ირანი, ერაყი, ლიბანი, ლიბია, სომალი, იემენი, ნიგერია, კუბა, ირანი, პაკისტანი, სუდანი, სირია), ანუ იმის მაგივრად, რომ ეეროპორტის გინეკოლოგმა ფრანგ 99 წლის ბებიას ჩაუტაროს ჩხრეკა, ჯერ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნებიდან გამომგზავრებულ ბებოს შეამოწმებენ. ლიბერალურმა საზოგადოებამ ამჯერად მისთვის უჩვეულო დუმილი ამჯობინა. ნიგერია კი აღშფოთდა, მაგრამ მას ვინღა უსმენს? ობამამ რატომღაც საშობაო არდადაგების გამო 25 დეკემბრის ინციდენტზე რეაქცია სამი დღით დააგვიანა (ნიშნს ვერ მოუგებ, ბუშმა 11 სექტემბის მეექვსე დღეს ამოიღო ხმა), მაგრამ მისი სიტყვები უღიმღამო იყო, არც შამფურს წვავდა და არც - მწვადს. სამაგიეროდ, 5 იანვარს იმავე თემასთან დაკავშირებით ისეთი გაბრაზებული და ანერვიულებული გამოვიდა, რომ ამერიკელებმა ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა "იგრძნეს", რომ პრეზიდენტი ჰყავდათ. ამაზე გამახსენდა ჯორჯ ბუშის ალალი გულახდილობა ჭეშმარიტების იმ მომენტის შესახებ, თუ როდის იგრძო, რომ პრეზიდენტი აღარ იყო. მაშინ, როცა ტეხასში დილაუთენია ლორა ბუშმა მეუღლეს ცელოფნის პარკი შეაჩეჩა ხელში, რათა ქვეყნის ყოფილ პირველ პირს ძაღლი გაესეირნებინა და ამ პარკით გზადაგზა მისი (ძაღლის) ცხოველქმედების პროდუქტებიც აეკრიფა. ალბათ, ობამაც აკეთებს ამგვარ რამეს (რასაკვირველია, თეთრი სახლისა და სხვა სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე დაცვის თანხლებით), რადგან აშშ-ში ძაღლის ექსკრემენტების უპატრონობა სამართლებრივად დასჯადია, თუმცა, ალბათ, არც ისე ხშირად უხდება ამგვარი "ცელოფნური გასეირნების" მოწყობა, ძირითადად, მოუცლელობისა გამო. ამისთვის სპეციალური ხალხია გამოყოფილი. სამაგიეროდ, იემენის პრეზიდენტი ალი სალეჰია "მოცლილი". ამერიკა მის ქვეყანას მუდმივად ეხმარება. შარშან 85 მლნ მისცა და ასევე დაეხმარა ქვეყნის შიგნით ალ-ქაიდის ტერორისტებთან ბრძოლაშიც, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ ნახევრად ხუმრობით, 23 მლნ-იან ქვეყანაში მომრავლებულ ტერორისტებს ჯერ იჭერენ, ამ ფაქტს ამერიკაში გასაგზავნ ანაგარიშებში აფიქსირებენ და მერე კვლავ უშვებენ შემდგომი ამერიკული ტრანშის მოტივირებისთვის. აფრიკა ამერიკული და, საერთოდ, საერთაშორისო ტრანშების შთანთქმისა და არარენტაბელობის ყველაზე წარმატებული ჩემპიონია.


წარუმატებელი ტერაქტიდან 10 დღის თავზე ბარაკ ობამა აღშოთებას ვერ მალავდა, უსაფრთხოების სისტემამ რატომ არ იმუშავაო, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯენეტ ნაპოლიტანომ კი - იმუშავაო. ობამას წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავრი მოტივი გუანტანამოს ციხის დახურვა იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკითხი კიდევ დიდი ხნით დაიხურება, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ტერორისტების შთამბეჭდავი წილი სწორედ იემენზე მოდის. რესპუბლიკელებმა ასევე არაადეკვატური უწოდეს ნაპოლიტანოს მიერ ერთი თვის წინ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც, ფაქტობრივად, ერაყთან და ავღანეთთან დაკავშირებილი საიდუმლო დოკუმენტების გამომზეურებას ითვალისწინებს. "საერთაშორისო გამჭირვალობა" "ყველგანმსუფევი გამჭვირვალეობით" კმაყოფილი უნდა იყოს.

ამერიკულმა პოლიტკორექტულობამ 25 დეკემბრის "ინციდენტშიც" იჩინა თავი. ტელევიზიით გადიდებული ხედით უმარ ფარუქ აბდულმუტალაბის უცნაური ფორმის დაგლეჯილი საცვალიც აჩვენეს მასზე მიბმული "ასაფეთქებელი ნივთიერებით", მაგრამ თავის აფეთქების ამგვარი ექსტრავაგანტული ხერხის ასახსნელად ფროიდი არავის გახსნებია. მხოლოდ პრესაშიAგაიპარა ის, რასაც ისლამურ საიტებზე 2005-იდან 2007 წლამდე წაითხავდით. თინეიჯერის ასაკს გადაცილებული ნიგირიელი ინტერნეტში წუწუნებდა, რომ უბედურია, რადგანაც ჯერ ცოლს ვერ თხოულობს, მისი რწმენა კი სხვა ჯურის ქალთან სექსს უკრძალავს და ეს მას დიდ სასოწარკვეთაში აგდებს. ანუ პოლიტკორექტულად რომ ვთქვათ, მასში მუსულმანური შემადგენელი სეკულარულთან კონფლიქტში მოვიდა. აი, რას წერდა აბდულ მუთალაბი თავის მოკლე შეტყობინებებში: "მხოლოდ ქალის თმებმაც შეიძლება აღაგზნონ მამაკაცები. ჩვენმა წინასწარმეტყველმა ახალგაზრდა მამაკაცებს ურჩია, თავი შეიკავონ თუ მათ დაქორწინება არ შეუძლიათ, მაგრამ მე ამას ვერ ვახერხებ. არ მინდა წლები ვიცადო, სანამ დავქორწინდები... ისეთ სიტუაციში ვარ, როცა არ მყავს მეგობარი, ვერავის ველაპარაკები ამ თემაზე და ვერავის ვთხოვ რჩევას, არავინ მეხმარება, დეპრესიაში ვარ, მარტო ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო..." რომელიმე ცნობად ამერიკელს ამგვარი რამ რომ დაეწერა, მერე გენახათ მისი აზრების სატელევიზიო "გაპიარება" ანუ გამჭირვალობა. კიდევ კარგი, რომ პოტენციურ ტერორისტს 2009-ის ცივ და ყინვიან დეკემბერში ნიუ-იორკში ჰასიდების (რელიგიური მიმდინარეობა) უბანში შიშველი "ველომსრბოლელი" გოგონები და ქალები არ უნახავს (ველოსიპედი ნიუ-იორკში გადადგილების სულ უფრო მოსახერხებელ საშუალებად გადაიქცა), თორემ, ვფიქრობ, ასაფეთქებელი ნივთიერება გაცილებით კატასტროფულ ზომებს მიიღებდა. საქმე ისაა, რომ ამ უბანში "საველოსიპედო" ბილიკზე არაჰასიდი ქალებიც მიდი-მოდიან თავიანთი ველოსიპედებით და, ბუნებრივია, თმებიც უჩანთ და ფეხებიც. პატიოსანი ჰასიდები აღაშფოთა ქალის სხეულის ამ ნაწილების გამოჩენამ და ქალებს ამ მარშრუტით გადადგილება აუკრძალეს, რის გამოც დაზარალებულებმა ხმა ამოიღეს, უფრო სწორედ, საერთოდ გაიხადეს გაგანია დეკემბერში, თავიანთ სატრანსპორტო საშულებას მოასხნენ და გადაადგილების თავისუფლების დასაცავად რბოლა მოაწყვეს. არადა, ამ ჰასიდ მამაკაცებს თავიანთი უბნიდან არც ისე შორს მაღაზიები აქვთ, სადაც ქალის საცვლებიც იყიდება და კიდევ ბევრი რამ, რის წვრილ-წვრილად ჩამოთვლას აღარ შევუდგები.


ამერიკა პურიტანულიცაა და ამას განსკუთრებით სასმელის მაღაზიაში იგრძნობს ადამიანი, სადაც 21 წლამდე არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სითხის მიყიდვა იკრძალება, მაგრამ ხშირად აღმოჩნდება, რომ ავღანეთიდან და ერაყიდან ჩამოსვენებული ამერიკელი ჯარისკაცების ასაკი სწორედ ამ სრულწლოვნების ნიშნულს ქვევითაა. სიკვდილი სამშობლოსთვის სავსებით დასაშვებია, სმა (ზომიერ სმას აქ "სოციალურ სმას" იწოდებენ) - არა. თუ გავაგრძლებთ შიშველი სხეულით პროტესტის გამოხატვის თემას, ვერც თეთრი სახლი გადაურჩა ნუდისტ პროტესტანტებს, როცა ცხოველების უფლებების დამცველებმა გაიხადეს და პიკანტურ ადგილებზე ცხოველის ტყავის ნაჭრები დაიკრეს. უფრო ადრე კი ცხოველთა დაცვის ერთმა ექსტრავაგანტულმა ორგანიზაციამ უმცროსი ძმების დასაცავად შუა ქუჩაში ლესბოსური ალერსი დაიწყეს. კიდევ კარგი, რომ არა ჰასიდების უბანში. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა - ცხოველთა და სხვათა დაცვის ორგანიზაციების ისტორია, თუმცა არც ისე სხვა _ გამოხატვის თავისუფლების ისტორია ანუ ამერიკის ისტორია.


სატელევიზიო მედიას, უფრო პროობამურს, ასევე არ გაუშუქებია ირანის ოპოზიციის აშკარა გაწბილება. იქაური პროტესტანტები ამერიკის მთავრობისგან უფრო მეტ მხარდაჭერას მოელოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ობამა! ობამა!"-ს ხმამაღლა ტყულიად გაჰყვიროდნენ, როგორც ზაფხულში, ასევე 2009-ის მიწურულს. თეთრი სახლის რეაქცია საკმაოდ ნელ-თბილი იყო. ირანში საერთაშორისო ორგანიზაციებს აძევებენ, ისრაელი კი გაუთავებლად შფოთავს, რომ დასავლეთი მას "ატომურ იარაღზე ფეხმძიმე ირანთან" პირისპირ ტოვებს. ირანის ოპოზიციონერი დისიდენტი აიათოლა ჰუსეინ ალი მონთაზერის სიკვდილმაც საკადრისი ყურადღების გარეშე ჩაიარა, ისევე როგორც ამ კაცის ოფიციალურმა ბოდიშმა ირანელი ექსტემისტების მიერ 1979 წელს ამერიკის საელჩოსა და მისი თანმშრომლების დატყვევებასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, არავისBგამორჩენია რუსი ოლიგარქის რომან აბრამვიჩის მიერ კარიბის ზღვის სენ ბართელმის კუნძულზე 90 მლნ. დოლარად სასახლის შეძენა. არავინ იცის ამ სასახლის რეალური ღირებულება. ამბობენ, ოთხჯერ თუ მეტჯერ ნაკლები ღირსო...


***

ამერიკამ უკვე გადააგორა, ჩამოაგორა თუ ჩამოუშვა (ვგულისხმობ ნიუ-იორკში დიდ შუშის ბურთს, წარსული და მომავლი წლის გასაყარზე ზევიდან რომ ეშვება) ახალი წლის ეიფორია. ორი წლის წინ, 31 დეკემბრის ღამეს, მეგორებთან ერთად თაიმს სკვერზე გახლდით, იქ, სადაც ახალ წელს ერთ საუკუნეზე მეტია სწორედ ამ ბრჭყვიალა ბურთის ფრენით ხვდებიან. მაგრამ დიდად ვერ ვისიამოვნეთ. დღის 4 საათიდან რიგში თუ არ ჩადექი, ჩათვალე, რომ ბურთის დაშვებას ვერ იხილავ. თანაც "რიგიდან" გამოსვლა რომ მოგინდეს, ვერც ამას მოახერხებ. ყველაზე მწვავედ სწორედ აქ გრძნობ თავისუფალი გადაადგილების უფლების შელახვას, მაგრამ ვერსად იჩივლებ-დაიჩივლებ, ყოველ შემთხვევაში - ოფიციალურად. ახალ წელს დიდი სასწაულების მომლოდინე ხალხი არც წინ გაგიშვებს, არც გვერდზე და არც უკან: დილამდე ქალი და კაცი ისეა მიპრესილ-ჩაპრესილი, "გასაშვები" ადგილი უბრალოდ არ არსებობს. სამაგიეროდ, სიცივისა და დაღლილობის მიუხედავად, გარეგნულად ყველა ბედნიერ-აჟიტირებულია და უზომო სილაღეს აფრქვევს. როცა 2010 წლის მომტან კრისტალის ბურთს ამჯერად ტელევიზორით ვადევნებდით თვალს, ერთმა არასასიამოვნო აზრმა გამიელვა თავში. ვაითუ, ეს ბურთი კი არ დაეშვას, არამედ ჩამოვარდეს, ვაითუ ამდენ ხალხში ნიგერიელი ტერორისტის თანამზრახველიც აღმოჩნდეს! სისტემა ყოველთვის არ მუშაობს. არ იმუშავა მან 2005-ის 10 მაისს საქართველოში თავისუფლების მოედანზე ბუშის გამოსვლის დროს; არ იმუშავა, როცა ობამას მიერ ინდოეთის პირველი წყვილისთვის საგანგებოდ გამართულ უზომოდ პომპეზურ და ასევე უზომოდ დაცულ მიღებაზე, საბედნიეროდ, სამმა არატერორისტმა, მაგრამ მაინც დაუპატიჟებელმა სტუმარმა შეაღწია, ობამასა და ბაიდენთან სურათების გადაღებაც მოახერხა და მერე პოპულარულ Facebook -ზედაც განათავსა _ შემოგვხედეთ, რა მაგრები ვართო. მედიამ სწორედ ამ სურათებით ააგორა სკანდალი. რკინის ფარდა აღარ არსებობს, აღარც ბერლინის კედელია და აღარც "ტყუპები"... ფარდა გამჭირვალე გახდა, უფრო ადვილად მსხვრევადი და მოწყვლადი. თორემ დანარჩენი თითქმის ისევ ისე დარჩა. ყველა ჩქარობს, ცდილობს ცხოვრებას არ ჩამორჩეს და რიგშიც ჩადგეს, თუნდაც 10-გრადუსიან ყინვაში. აგერ, სოლომომ ჰუგენჰეიმის გალერიის დარბაზებში ოთხ თვეზე მეტია ვასილი კანდინსკის სურათებია გამოფენილი. საგამოფენო დარბაზები ამდენხანს ცარიელი იყო. იგი გამოფენის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, თანაც საახალწლო დღეებში გაახსენდათ და მიაწყდნენ. ამის გამო სუსხიან იანვარში კანდინსკის დათვალიერების მსურველთა რიგი ქუჩიდან ქუჩებზე გადავიდა. ყველგან უნდა მოასწრო, ყველგან უნდა ჩაეწერო, ყველგან გაერიო _ მერე მაღალმხატვრული სათქმელი, მოსაგონებელი და დასაკვეხნი რომ გქონდეს.


იმას, ვისაც ამერიკა საბჭოური ფილმის "ადამიანი კაპუცინების ბულვარიდან" ანალოგი ჰგონია, ძალიან და უიმედოდ ცდება: თითქოს ამერიკელები ფილმის გადაღებებსა და სასიყვარულო თავგადასავლებს შორის ცუდ ბიჭებს ხოცავენ და ამას ისეთი სექსუალური ელეგენტურობით აკეთებენ, რომ ლამის ამ დამაჰიპნოზირებელი მომხიბველელობის ხათრით მზად ხარ "კოვბოის" ტყვიასაც შეეწირო.. გაწბილება ელის იმასაც, ვისაც ჰგონია, რომ ამერიკის უსაფრთხოების სისტემა ჯეიმს ბონდივითაა, რომელიც საყვარელი ქალებისა თუ მტრების ჯარს, ყოველ ჯერზე I'll Be Back -ს ეუბნება და საბოლოოდ იმარჯვებს. გამჭირვალე ლამაზია, სიფრიფანა, ესთეტიკური, მიმზიდველი, ნათელი და ამავე დროს საშიში თავისი დაუცველობისა და ადვილად მსხვრევადობის გამო. ამიტომ განა ყველაფერი ოქრო და ბრილიანტია, რაც გამჭირვალედ ბრჭყვიალებს...




19:48 - 08.01.10
ghn.ge

No comments:

Post a Comment