Saturday, September 22, 2012
დაბადებული, რომ მოერგო , ფრი სენდვიჩი და ილოცეთ, სანამ დროა
ნიუ–ჯერსიდან ნიუ–იორკში რომ შედიხარ, „ლინკოლნ ტუნელის“ თავზე უზარმაზარი ბანერია: სამი უშველებელი სურათი 13–14 წლის გოგონების შიშველი წვივებით, მაქსიმალურად გაღებული პირითა და ჩაწიკწიკებული, არაბუნებრივად თეთრი კბილებით. იცინიან. ეს ტანსაცმლის რომელიღაც ბრენდის რეკლამაა. მაგრამ ტანსაცმელი, ფაქტობრივად, არც ჩანს. ანუ ბანერზე ტანსაცმლის მინიმუმია. ხორცის მაქსიმუმიო, მთლად ასე ვერ იტყვი, მაგრამ ხორცი რომ უფრი მეტია, ვიდრე სამოსელი, ცხადია. სიტყვები „დაბადებული, რომ მოერგო“ ძალიან დიდი და მუქი შავი ასოებით აწერია. სანამ ჩემი ავტობუსი გვირაბში შეძვრება, ვცდილობ, რიგიანად შევათვალიერო, თუ რას უნდა მოვერგო, ამ ქვეყნად მეორედ მოსვლას თუ გადავწყვეტ: „შოტლანდკა, პლისებიანი“, მოკლე ქვედა წელი (მეცვა ბავშვობაში. აღარ მინდა. სულ ფრიალებდა), კედები (მქონდა, მაგრამ მხოლოდ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილზე მეცვა), თეთრი მოკლემკლავიანი მაისური, რომელსაც სხვადასხვაფრად აბრჭყვიალებული თვლებით მოქარგული ვარდისფერი გული ახატია (მაქვს, მაგრამ უგულო და უთვლებო), ჯინსის ჟილეტი (არა მაქვს. და საერთოდ მოკლემკლავიანზე ჟილეტის დამატების იდეა საჩემო სტილი არაა), ნაქსოვი ქუდი (მაქვს, მაგრამ არ ვიხურავ. ზამთარშიც კი. სიცხეში მითუმეტეს), ნაჭრის, ფოჩებიანი, პატარა, რბილი, საკონწიალო დათუნიებითა და კურდღლებით დახუნძლული ვარდისფერი ჩანთა (მაქვს, ოღონდ მუქი მწვანე, ფოჩებისა და პლასტმასის რბილი ფაუნის გარეშე), მზის უზარმაზარი სათვალე (მაქვს, მაგრამ არა ამხელა). არა, გავიფიქრე, ჯინსის ჟილეტისთვის ნამდვილად ვერ ვრეინკარნირდები. განათებულ გვირაბში შევსრიალდით და უცებ გამახსენდა, რომ ერთხელ, წინასაშობაო პერიოდში, ჩემს მეგობართან სხვა შტატში რომ მივდიოდი, „ჰაივეიზე“ შორიდანვე წარმოუდგენლად დიდი, წითელი ბანერი შევნიშნე. ზედ კი სიტყვები: „გახსოვდეს, რომ მოკვდები. და თუ იცი, რომ მოკვდები, დარეკე 1 – 800 – . . . „ საშობაოდ განსაკუთრებით სახალისო იყო სიკვდილის ასე წითლად „გაპიარება“. ისიც ვიცოდი, ტელეფონის ნომრის ქვეშ რა ეწერებოდა- რომ ამ ნომერზე დარეკვა ამერიკის ნებისმიერი შტატიდან უფასოა.
თუ ნიუ–იორკში ბროდვეიზე ანდა „მანჰეტენ მოლში“ გაივლით და თან მაღალი, გამხდარი, გაბუტულტუჩება, გრძლეთმიანი თინეიჯერი გოგონა შვილი მოგყვებათ, შანსი იმისა, რომ ვინმე მოგიახლოვდებათ და თავის „ვიზიტკას“ სიტყვებით– „ თქვენს გოგონას დიდი მომავალი აქვს, მე ამა და ამ სამოდელო თუ პარასამოდელო კომპანიიდან ვარ და აუცილებლად დამიკავშირდით“ გადმოგცემთ, საკმაოდ დიდია. ჰოდა, შენს შვილს ან მოახვდერებ რომელიმე მაღაზიის საბრენდო ბანერზე, „გააბრენდებ“, ანუ დაასაქმებ, ინვესტიციას ჩადებ მასში და, შესაბამისად, სახლის შესასყიდად ანდა კოლუმბიის უნივერსიტეტში შენი სისხლისა და ხორცის სასწავლებლად ბანკიდან აღებულ ვალს მალე გაისტუმრებ, ანდა არსადაც არ დარეკავ. პრინციპულად. შედეგად კი 30 წელიწადი თუ მეტი ამ საბანკო ვალს იხდი, რომელსაც მერე შენი შვილიც იხდის. უბრალოდ, ლოცულობ, რომ სამსახური გქონდეს. შენც და შენს კნაჭა გიგონასაც. ესაა ამერიკული არჩევანი. ალბათ, ამერიკული ოცნებაც. ბანალური, „ინტერნაციონალური“ რუტინა – არჩევანი. შანსი შესაძლებლობისა, ცდუნებისა და მერე არჩევანის გაკეთებისა. ან უკვე გაქვს სახლში შენი დამმარხავი „დამკრძალავი სახლის“ საკონტაქტო ინფორმაცია სამზარეულოში მაცივრის კარზე მცენარეებისა და ცხოველების ფორმის პატარა მაგნიტებით მიმაგრებული; კარადის უჯრაში კი მასთან („დამკრძალავ სახლთან“) გაფორმებული კონტრაქტი ან არა გაქვს, ან წინასწარ თავად აგვარებ საკუთარი სხეულის გარშემო ამ პრე და პოსტეგზისტენციალურ ფუსფუსს, შენიანებს ათავისუფლებ ამ სამკვდრო (სასიცოცხლო ამბები, ბუნებრივია, შენი მოსაგვარებელია) საორგანიზაციო, წვრილმან–მსხვილმანი დეტალებისგან და თავად ხარ შენი მიწასმიბარების შემკვეთი (ბუნებრივია, დამკრძალავი კომპანია წინასწარი „თანამშრომლობისთვის“ მნიშვნელოვან ფასდაკლებასაც გთავაზობს) ან არა ხარ. გამოდის, რომ ცხოვრებაც პროექტია თავისი ბიზნეს – გეგმით: ჭეშმარიტი მიზნებით, დრამწრეებით, „დედლაინებით“, გაუთვალისწინებელი ხარჯებით. ეს უკანასკნელი სიცოცხლეშივე ჯობს რომ გაითვალისწინო. საკუთარი „პროექტის“ აღსრულება, მენეჯერობა – სუპერვაიზორობა საკუთარი თავის გამგებლობას ნიშნავს. თავის უფლებას. თუ მთლად ასე არაა, 50/50 – ზე მაინც. . .
მახსოვს, პირველად რომ ჩავედი ამერიკაში, ერთხელ ჩემი მეგობრის სახლში მარტო დავრჩი და სატელეფონო ზარს ვუპასუხე. ჰოდა, ეს ზარი იყო „ქომერშალი“ (რეკლამა). მამაკაცის ხალისიანი, სასიამოვნო, მოფლირტავე ბარიტონი სასაფლაოს მთავაზობდა. იყო ამაში რაღაც „სექსაპილური“. სასაფლაოს ისეთს მთავაზობდა, აუცილებლად რომ მომეწონებოდა. ხმა კი ისეთი ჰქონდა, მისი დაუჯერებლობა ნამდვილად არ იქნებოდა. რომ არა შემოთავაზებული პროდუქტი, შეიძლება დავთანხმებულიყავი კიდეც. ჰო, ასორტიმენტში კრემაციაც შედიოდა. საუბრის ბოლოს „გუდ ლაქ, მემ“ (კარგი იღბალი) და კარგი დღე მისურვა . . . მეც იგივე ვუპასუხე. „გუდ ლაქ, სერ“.
შარშან ტელერეკლამაში ერთი წვერებიანი მამაკაცი მანქანაზე განაფხაჭნის „აღმომფხვრელ“ რაღაც საღებავს გამოკვეთილი ისტერიული ტონითა და ხმით არეკლამებდა. რეკლამის განმავლობაში იგი ფხაჭნიდა და კაწრავდა ყველაფერს, რაც კი რამ მსუბუქი ავტომობილი იყო მის გარშემო (გამიკვირდა, თვითმფინავსა და გემებს რომ არ შეეხეო) და იმ ჯადოსნური სუბსატნციით პირვანდელ სახეს მათ იქვე, იმწამს უბრუნებდა. მახსოვს, გავიფიქრე, რაღა ეს ნივთიერება და რაღა „ბოტოქსი“ – „ახალგაზრდობის „ელექსირი“. სარეკლამო კამპანიის დაწყებიდან მალევე მთელი საინფორმაციო სივრცე უცებ სამწუხარო ცნობით აივსო, რომ ეს კაცი თვითმფრინავში, მგონი, გულის შეტევით გარდაცვლილა. „სასაცილო“ კი ის გახლდათ, რომ ამ სამწუხარო „ნიუსს“ სწორედ მისი „არასექსაპილური“ ხმით შესრულებული რეკლამა მოსდევდა. რეკლამა მისი მონაწილეობით დღესაც ეთერშია. კაცი მოკვდა. კონტრაქტი და რეკლამა კი გრძელდება. ბანალურად რომ ვთქვათ: ადამიანი მოკვდა. გაუმარჯოს რეკლამას!
დიდი ხანია „აღმოავჩინე“, რომ ამერიკაში (ალბათ, არა მარტო აქ) რაც უფრო დიდი და ფესვგამდგარია დიასპორა, მის სიძლიერესა და სიმდიდრეს ეროვნული „რესტორნები“ და სხვა საზკვების ობიექტები კია არა, სულ სხვა „ბიზნესი/ (ები)“ წარმოაჩენს. თუნდაც რესპექტაბელური და ფეშენებელური დამკრძალავი ოფისები. ქართველებს აქ ეს „ფუფუნება“ არა გვაქვს. რუსებს კი –საკმაოდ. „სასაცილო“ ისაა, ამერიკული „თანატოსების“ სახლების წინა კედელზე ლამის ისევე, როგორც „ლინკოლნ ტუნელის“ თავზე, თითქმის ყველგან ბრენდის სახელია გამოსახული. ოღონდ არა სავაჭრო მარკა, არამედ სახელ–გვარი. ანუ დამკრძალავი ბიუროს დამფუძნებლის სახელ–გვარები. ოღონდ ლითონის, დიდი ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ასოებით, თანაც ბანერზე კი არა – პირდაპირ ცემენტის თუ აგურის კედელზე. მაგალითად, რიტუალების სახლს (ქორწილი და ბანკეტი აქ არ მოიაზრება) „ყარამან კბილცეცხლაშვილი და ძმები“ რომ ერქვას. ან სულაც დედ–მამიშვილების გარეშე. დები რატომღაც არასოდეს არსად შემხვედრია. ამბობენ, დაკრძალვის ბიზნესი ძალიან კარგი კერძო იგივე წვრილი, საშულო და დიდი ბიზნესიაო. უტყუარი, სამშობიარო სახლებზე უკეთესიო. ადამიანი ყოველთვის არ იბადება, მაგრამ თუ დაიბადა, აუცილებლად მოკვდება. ანუ დაბადება არაა გარანტირებული. აი, სიკვდილი კი 100 პროცენტით შესრულებადი კონტრაქტია. რასაკვირველია, დაბადებასა და სიკვდილს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა, მაგრამ, როგორც აქაურმა საქმის მცოდნეებმა მითხრეს, უახლოესი საუკუნის განმავლობაში, შობადობის შემცირების მიუხედავად, დამკრძალავ ბიუროებს გაკოტრება არ ემუქრებათო. პირიქით – აყვავებაო. ანუ სიკვდილს წყალი არ გაუვაო. ამერიკელები ყველაფერს საქმიანად უდგებიან და ბიზნესის „ფიუჩერსებს“ ანუ „მომავლელებს“ გეგმავენ. მათგან განსხვავებით, ჩინეთში ახლახანს შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს. არ გადიღონ ფილმები „დროის მანქანებზე“, რადგანაც ეს თურმე ისტორიისადმი უპატივისცემლობას ბადებს. „ფიუჩერსები“ vs. „ფასტები“ (წარსულები). დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ეს „დამმარხავი“ ბიზნესი ისეთივე მომგებიანი საქმეა, როგორიც 13 წლის გოგონას სამოდელო აწმყო და მომავალი. ამისთვის საკმარისია მაღალი, წვრილი წვივები, სასურველია გრძელი თმები, (ფეხსაცმლის შესაკვრელად დახრილი გრძელთმიანის სექსუალური იმიჯის გამო), თანაც ნატურალური ქერა და მშობლის (ების) საქმიანი ბიზნეს – „ჟილკა“. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აქვე აღინიშნოს, რომ მკვდრის ბოლო გზაზე ღირსეულად გაცილება და მასთან დაკავშირებული ფულის ტრიალი უფრო ხანგრძლივი და „დროში გაწელილი“ ამბავია, ვიდრე საბრენდო გარეგნობა, რადგანაც 13 წლის გოგონა 20 წლის შემდეგ კი არა, ერთი წლის შემდეგაც კი არ და ვერ იქნება 13 –ის. მაგრამ სხვა 13– წლისანები ხომ გაჩნდებიან. მთავარია, დაიბადებიან, დაიზრდებიან ისეთები, რომლებიც მოერგებიან ტანსაცმელსა და კიდევ ბევრ რამეს. როგორც ამბობენ, „დაიჭირე მომენტი“, ის აღარასოდეს განმეორდება. ანუ უფრო ტრივიალურად თუ ვიტყვით: მეორე შანსი არ მოგეცემა.
ტელევიზიის გადამკიდე უკვე „მივეჩვიე“ ქალების ამ უწყვეტ და აჟიტირებულ „სიხარულს“, რომელიც გამოწვეულია სარეცხი ფხვნილის, „იოგურტის“ სახელად „აქტივიას“ გახდომის ეფექტის, ღაბაბის საწინააღმდეგო ვარჯიშების, მუცლის პრესის რაღაც ზამბარებისა და მკერდის ვიზუალურად გაზრდის „ჩასაფენენებს“ არსებობის გამო. კარგი სატელეფონო კომპანია და პლაზმური ტელევიზორი, როგორც წესი, ოჯახს უხარია, ასევე ოჯახის მეგობრებსაც. შამპუნი და ერთი შეხედვით პატარა ხელჩანთა, რომელშიც ყველაფერი ეტევა, მათ შორის ლამის საძილე ტომარაც, ქალის (ქალური) ბედნიერებაა. კაცის საზრუნავი და, სავარაუდოდ, კაცური ბედნიერებაც კარგი საათი, მანქანა და წვერსაპარსია ( შესაბამისად, „ბარბი“ ცოლიც). ასევე – კარგი სადაზღვევო კომპანიის პოვნაც. ამას წინათ იაფიანი დაზღვევის რეკლამა გეი წყვილისთვისაც გააკეთეს, რამაც, ჩემი აზრით, მედიის არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვია. გამიკვირდა, ნეტა, რა იყო სააჟიოტაჟო, როცა ერთსქესთაშორისი ქორწინება მალე, ალბათ, ყველა შტატში იქნება დაშვებული; კალიფორნიის სკოლებში კი, მათ შორის დაბალ კლასებში, გეიისტორიის (გეიკულტურის) სწავლების კანონპროექტსაც იხილავენ. ასევე მივეჩვიე ფოსტით ტანსაცმლის, თეთრეულის, ავეჯისა და სათამაშოების, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რაოდენობის ჟურნალების, ბუკლეტებისა და სუპერმარკეტებიდან ორ და სამდოლარიანი ფასდაკლების კუპონების მიღებას; დიდი რაოდენობით კონკრეტულად ჩემი სახელისა და გვარის, მისამართის მითითებით მოსულ წერილიან (არსებობს უბრალო ბარათებიც) კონვერტებს. წერილებს, რომლებშიც ჩემი პერსონის საცხოვრებელი ადგილი ლამაზ, ოქროსფრად შეღებილ „სტიკერებზეა“ დაბეჭდილი, გამრავლებული, დასტად შეკრული და გამოგზავნილი. ალბათ, ფულის გაგზავნას რომ დავაპირებ, გასაგზავნ კონვერტზე ჩემი მისამართის კალმით დაწერაზე დრო და ენერგია რომ არ დამეხარჯოს. ყველა რაღაცას მთხოვს. რაღაცას კი არა – ფულს და პარალელურად საკუთარი თავის რეკლამას ეწევა. ის ვიღაც, ვინც ამ წერილს მიგზავნის, პერსონალურად მომმართავს, წინასწარ მემადლიერება და კარგ დღეს მისურვებს. წერილი ზუსტად ასე იწყება– Dear Ia Merkviladze. არ იციან, ქალი ვარ თუ კაცი; ვეგეტარიანელი თუ ხორცისმჭამელი; მორწმუნე თუ ათეისტი; ფემინისტი თუ მაჩოისტი; დემოკრატი, რესპუბლიკელი, კომუნისტი თუ პოლიტიკურად ინდიფერენტულთა შორის ყველაზე ინდიფერენტული, პატიოსანი მშრომელი თუ რეციდივისტი. კიდევ კარგი, „კუკლუქსკლანიდან“ არ მომდის არაფერი. არადა ოფიციალური საიტიც აქვთ და 150 ფილიალიც. დღესაც კი.
გაზეთებში მრავალგან იპოვნით „ექსკორტ სერვისების“ რეკლამას და ამ სერვისის მიერ „ქასთინგის“ გამოცხადებას. მათ შორის ყოფილი სსრკ –ს ენებზე გამოშვებული ბეჭდვით ორგანოებში. თუმცა „ექსკორტები“ ქუჩის სარეკლამო ბანერებზე „ვერ ქაჩავენ“. კარგია, რომ ინტიმის შეთავაზება ჩვეულებრივი ფოსტით არ ხდება. ალბათ, ფიქრობენ, რომ რახან სამყაროს მოევლინე, თავისთავად ინეტიც უნდა გქონდეს, სადაც ეს ბლომადაა, მათ შორის სექს – სათამაშოების (კლასიკური და ეგოზტიკური) შეთავაზება. თუ ამ გიჟი სამყაროს ასეთივე რეკლამოფილიის პერიოდში კრიტიკის უნარი შემოგრჩათ, ,„ვიაგრას“ თუ „სიალისის“ სატელევიზიო რეკლამასაც განსკუთრებულ „კრეატიულობას“ დაუწუნებთ: ქალი სალათის ფურცელს ჭრის, კაცი ეძებს ძმარს და ერთმანეთს ხელებზე მრავალმნიშვნელოვანდ ეხებიან და იღიმებიან. ბოლოს ოკეანის სანაპირო ჩანს, სადაც „სავიაგრონი“ ცალ–ცალკე მდგარ თეთრ „აბაზანაში“ ჩაწოლილან. ორივე ჩამავალ თუ ამომოვალ მზეს გაჰყურებს. რაც მთავარია, ხელი ერთმანეთისთვის ჩაუკიდებიათ. ამ დროს ისმის თხრობა „ვიაგრას“ უკუჩვენებების შესახებ და საერთოდაცო, ექიმს თუ მიმართავთო, ურიგო არ იქნებაო.
მხრდაჭერა და ფული ყველას სჭირდება. ფულს მთხოვს ლეიკემიით დაავადებულთა ფონდი, ეკლესია, გაერო, საავადმყოფო, ძველი ხიდების აღდგენის კავშირი. ამას წინათ ცხენების დაცვის ორგანიზაციამ თხოვნით მომმართა, რათა რაღაც თანხა გადამერიცხა. თანაც კონვერტში პატარა ცელოფანში მოთავსებული ლითონის ერთდოლარიანი გამომიგზავნა. მახსოვს, გავიფიქრე, ჩემი და კიდევ ასობით ჩემნაირის ამ სამახსოვრო დოლარით დაჯილოვებას, ხომ არ ჯობს, რომ იგი ცხენებს მოახმარონ? ანდა არ გამოვრიცხავ, რომ ეს დოლარი სულაც არ ყოფილა ამ „ცხენების გადამრჩენთაგან“ და უბრალოდ უკვე მეხსიერება მღალატობს? ვინ მოთვლის ათასი ჯურის ბანკებიდან მოსულ შემოთავაზებებს კრედიტბარათის პლასტიკური ანალოგით? თანაც კონვერტში მეორე კონვერტი უდევთ, რომ მათთვის გასაგზავნი კონვერტის ყიდვაზე არ დავიხარჯო. რასაკვირველია, იმედს არ კარგავენ, რომ გამოვეხმაურები. განა, ისე, „ჰაი, ჰაუ არ იუ?“–ს სათქმელად? არა, თანხის გაგზავნით. დასანანია ამ აბსოლუტურად უსარგებლო საქმეზე ტონობით ქარალდის ხარჯვა. სხვა საკითხია, კომერციულმა სტრუქტურებმა ჩემი მობილურის ნომერს როგორ მიაგნეს? ახლახანს აგორდა სკანდალი „ფონების“ („აი“ და „სმართ“) საშუალებით ადამიანის გადაადგილების მარშრუტის კონტროლის შესაძლებლობის შესახებ. სხვათა შორის, ინტერნეტში სპეციალური ვებიც კი შეიქმნა, რათა იქ დაფიქსირდე და ამგვარად შეაჩერო მთელი კვირის განმავლობაში 24–საათიანი სატელეფონო რეკლამომანიის არასანქცირებული შეტევები. არადა ხანხადან არც ეს ვები გშველის. ჩემს თავზე გამოვცადე. თუმცა ზემოხსენებული სიტყვა „შეტევა“ ისე აგრსეულად ჟღერს, რომ ცხადია, მისი სანქცირება დიდად სანატრელი რამ სულაც არაა. ამას წინათ მეტროში გაკრულ დიდ ბანერზე ქალებისა და მამაკაცების სამი რიგი შევნიშნე. ყველა ჯარისკაცივით გაჯგიმული, გაღიმებული და ბედნიერია იმით, რომ არიან: „პროგრესულად მოაზროვნე მაღალი პროფესიონალიების აგრესიული ჯგუფი“. ანუ შემტევები ვართო, გზა დაგვითმეთ, თორემ შემოგვეთელებითო. . . მივეჩვიე, რომ ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე შესაშური დაჟინებით მომდის სხვადასხვა საზკვების ობიექტების თხოვნა, დავაწკაპო საყვარელ სენდვიჩს (არადა არა მაქვს ამგვარი) და თუ მე ამას გავაკეთებ, პრიზად უფასო სენდვიჩს მომცემენ. უფრო სწორად, მოვიგებ. განა, ყველას დაურიგებენ? აქაც ლოტოა. ბედმა უნდა გიწყალობოს. უხილავმა მანქანამ შენი სარეგისტრაციო ნომერი უნდა ამოაგდოს. სწორედ დღეს ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე კომპანია „საბვეის“ (სატრანსპორტო საშუალება ანუ მეტრო, თუმცა მას მიწისქვეშეთთან არანაირი კავშირი აქვს. უბრალოდ, ასე ჰქვია) სენდვიჩების ასორტიმენტი მომივიდა. მეკითხებიან, „რომელი გინდაო“– ვეგეტარიანული, ინდაურის მკერდის, შემწვარი ღორის, საქონლის, მოხარშული ქათმის ხორცის, „მიტბოლის“ (იგივე კატლეტები), „ტუნა“ თევზის, იტალიური BMT –ის (ეს არ ვიცი, რა არის და საერთოდ ვერ ვერკვევი ამ აბრევიატურაში, გარდა USA–სა და КГБ –ისა), თუ ყველა ერთადო. ინგლისურად „უფასო“, ანუ Free “თავისუფალსაც“ ნიშნავს. არადა უფასო ამ სამყაროში მხოლოდ სათაგურის ყველია და ისიც მხოლოდ თაგვისთვის. საწყალს მსუნაგობა ანდა თუნდაც ბანალური შიმშილი ძალიან ძვირი უჯდება. ძალიანაც რომ მიყვარდეს ეს სენდვიჩები, ანდა „უფასო“ პროდუქტების ფანი ვიყო, ჩემს სახლთან „საბვეი“ არაა. მოგებული „ უფასო თავისუფლების“ მისართმევად კი მეტროთი რომ წაივიდე, ზუსტად იმდენი დამეხარჯება, რომდენიც ეს სენდვიჩი ღირს.
მივეჩვიე, რომ აქ ყველაფერი „პიარია“. „პიარი“ როგორც ცხოვრების წესი. განა, სტილი, წესი. ბარაკ ობამა სარეკლამო ჩანართში ჯარში მსახურობას აგიტირებს. მიხეილ ბარიშნიკოვს „მეტრპოლიტენ ოპერის“ ფასადზე ჩამოშვებულ თუ მიმაგრებულ ბანერზე ცალი ხელი ჯიბეში ჩაუყვია, მეორეს კი – დაჰყურებს. საათს დაჰყურებს. საათს „აპიარებს“. პატარა ბავშვი კბილის პასტა „ქოლგეითს“ ემადლიერება. მამაკაცი ტრიალდება და თავის „შიშველ“ თავს გვიჩვენებს. მერე ისევ ტრიალდება და აღარაა „შიშველი“. ეს თმის ტრანსპლანტაციის რეკლამაა. რადიოში ვიღაც ნათელმხილველი ბიზნესსა და ქალებში (შესაბამისად, კაცებშიც, ალბათ) სტაბილური იღბლის მისაღწევად თავისთან გვეპატიჟება. პირველი კონსულტაცია უფასოაო. ეს წარმატების რეკლამაა...
ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები“ ერთი ასეთი სცენაა. მოკლული მეზღვაურები თავიანთ გემს ჩაეზრდებიან. . . ათასგვარი სერვისების (მათ შორის – სამედიცინო), მოხმარების საგნების, საკვების, სექსის, ადამიანთა ურთიერთობების „მატრიცის“ ფერადოვანი, კონტრასტული, პოეტურ–მითოსური ხატებით, აუდიოვიზუალური, წარმოსახვითი, იდეალიზირებული „მირაჟებით“ მანიპულირება, სხვადასხვა ფსოქოლოგიური მექანიზმებისა და მეთოდების გამოყენება ადამიანს უსასრულო და უძირო ქარბორბალაში ითრევს. იქ, სადაც ბედნიერი ცხოვრება სუფევს. უფრო სწორად, მისი ილუზია. ლამაზი ილუზია. ადამიანის სუბიექტიდან ობიექტად გადაქცევის „სანქცირებულმა“ კომერციალიზაციამ ის შედეგი გამოიღო, რომ „დიდ კლიენტად“ გადაქცეულს უკვე უჭირს გაარკვიოს, თუ სადაა გაყიდვის სტიმულირება–ინტერესი, სად – მარტივი კომუნიკატორი, სად – პროდუქტის ქსოვილი, სად – გადაწყვეტილება და სად თავად თვითონ. სადაა ადამიანი, რომელსაც მარტო სარეკლამო ინფორმაციის გადახარშვის მენტალური უნარი კი არ აქვს, არამედ – არჩევის, არჩევანის, ფოკუსის არშეცვლის უფლებაც; უნარი იმისა, რომ რუკა ტერიტორიისგან განასხვაოს. ანუ უფლება, არ აირჩიოს ის, რაც ასეთი ტლანქი საცეცებით „მეკობრეების“ გემში „შენელებული გადაღების“ ტექნიკით ითრევს, თითქოს უკვე მკვდარი იყოს. უსულო, უგულო და უტვინო. მეინსტრიმული ხდება არა „მე მინდა, რაც მინდა“, არამედ „მე მინდა ის, რასაც მოვერგები“. ადამიანი ამ სარეკლამო პრუდუქციის კასკადში თავად ითქვიფება, იხსნება, როგორც კრისტალური შაქარი წყალში. შაქარი იხნება წყალში და არა წყალი – შაქარში. ნაწილაკებად, იონებად დაშლილი ის ვეღარ საზღვრავს, რომ ოდესღაც შაქარი იყო. ახლა კი – წყალია. უბრლოდ, ოდნავ მოტკბო, მტკნარი. მაგრამ მაინც წყალი.
ზემოთ აღვნიშნე, რომ ბანერებსა თუ „საბვეის“ რეკლამას უკვე მივეჩვიე. მგარამ არის რაღაც, რასაც ვერასოდეს შევეგუები და რაც ჩემში ყოველ ჯერზე დიდ გაღიზიანებას გამოიწვევს. ეს არის რეკლამები, სადაც ფიზიკური სიცოცხლითა და სიკვდილით მანიპულირებენ. ერთი კვირის წინათ ამერიკაში 42 წლის ქართველი ქალი გარდაიცვალა. ამბობენ, თვეზე მეტია, რაც სიმსივნე აღმოაჩნდა და ტრადიციული მკურნალობის მაგივრად (დარწმუნებული ვარ, ამის საშუალებაც არ ექნებოდა) საწყალს თბილისიდან ვიღაც ტელევიზიით „გაპიარებული“ სიმსივნეთმკურნალი კაცის წამალი გამოუგზავნესო. არ უშველაო. ახლა ნიუ–იორკში რუსული რადიო ვიღაც გუგული ჭანტურიას „აპიარებს“. საქართევლოში მონასტერში უცხოვრიაო, ახლა ამერიკაში ჩამოვიდა და ყველაფერს არჩენსო, მათ შორის ონკოდაავადებულებსო. ტრადიციული მედიცინა თუ არ გშველითო, დარეკეთ 1 718 – . . . .
რამდენიმე დღის წინ 42 –ე ქუჩაზე ბუკლეტი შემაჩეჩეს ხელში. აწერია „სამყაროს დასასრული მოახლოვდა. წმინდა უფალი 2011 წლის 21 მაისს განგვიკითხავსო“. აღსასრულის ეს თარიღი წერიაო ბიბლიაში. გინდ დაიჯერე, გინდ – არაო. სულს მაინც გააფრთხობთო. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობითო. ამ დღეს გაქრებითო და შთაინთქმებითო, თქვე ცოდვიანო საცოდავებოო. ასევე ჩამოთვლილია ბიბლიური ციტატები. ბოლოსკენ კი რაღაც ციფრებია, რომლებსაც კიდევ უფრო ვერაფერი გავუგე. მათემატიკას სკოლაში დიდად არ ვწყალობდი, თუმცაღა ბეჯითად ვსწავლობდი. 7000 წლის ( ერთი დღე არის 1000 წელიო) წინათ ნოემ ესა და ეს ქნაო და ახლა შეხედეთ, რა გამოდის არითმეტიკულადო
4900+ 2011–1=7.000
ჰოდა, თუ გაინტერესებთ, ზუსტად როდის აღსრულდებითო, დარეკეთ ნომერზე 1– 800 – . . . (ეს სატელეფონო ნომერი იმ წითელ ბანერზე განთავსებული ნომრისგან განსხვავდება). თან ვებ – გვერდიც მიუთითებიათ. ისევ გამეცინა. სამყაროს დასასრულის მაუწყებლისთვის, მგონი, შეუფერებელი სახელი ჰქონიათ. „ოჯახური რადიო“. რადიოს პრომოუშენისთვისაც ცოტა უცნაური პიარკამპანიაა. თუნდაც რელიგიური თემატიკის რადიოსთვის. ამგვარი რამ, მგონი, ჯერ არავის მოუფიქრებია. თანაც ბუკლეტზევე ჩამოთვლილია ამერიკის სხვადასხვა შტატებში ამ რადიოს „დაჭერის“ FM – ები. ამ „ტოტალური დასასრულის“ პიარის „მამა“ კი ვინმე ჰოვარდ კამფინგია, 89 წლის კაცი, რომელმაც ერთხელ უკვე იწინასწარმეტყველა ამქვეყნიურის ფინალი. ოღონდ 1994 – ში. მაგრამ ეგეც, როგორც ვატყობ, ჩემსავით არითმეტიკის დიდი სიყვარულით ვერ დაიკვეხნიდა. კარგად ვერ გამოუთვლია. ერთი სიტყვით, შემეშალაო, მაგრამ, აი, ახლა, 21 მაისს ეს „ივენთი“ ნამდვილად გაიმართებაო, ციფრებს კარგად მივამატ–გამოვაკელიო, ამიტომ გეუბნებითო: “7 მილიარდი ადამიანი მოკვდება. სხვა რა უნდა გავაკეთო? მე და ჩემს მეგობარ ქალს ეს ინფორმაცია გვაქვს. ამიტომაც მინდა, რომ ეს თქვენც იცოდეთ. ილოცეთ, სანამ დროა“ . . .
2011.04.24
netgazeti.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment