Tuesday, September 18, 2012

ვიზების ვიაგრა, წვივიზაცია და ქალები ობამასთვის



სწორედ 8 მარტს ერთმა ქართველმა
მამაკაცმა, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს, ჩემი და ჩემი მეგობრების თანდასწრებით დიდის პომპით სამჯერ დაიკვეხნა, რომ მის ქალიშვილს, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი რაიონის მკვიდრია, ფეხები კისრიდან, ანუ, ფაქტობრივად, გლანდებიდან (იგივე ნუშურებიდან – ი.მ.) ეზრდება (როგორც ჩანს, ეს მდედრობითი სქესის იმ წარმომადგენელზე ითქმის, ვისაც ექიმის რჩევით ტონზილექტომია ჯერ არ გაუკეთებია); რომ სილამაზის ადგილობრივ კონკურსებში ორჯერ მონაწილეობაც  კი მიუღია, რის შედეგადაც ფეხებისა და ორგანიზმის სხვა ნაწილების სიგრძე–სიგანის გამო საპრიზო ადგილებიც კი დაუკავებია. როცა იგი ამ ფრიად სანტიმეტრულ ამბავს ტრანსლირებდა, აღფრთოვანება სახეზე ნამდვილად არ დაგვტყობია, ამიტომაც წვივის ამბავი მეორედაც გაგვიმეორა. მერე – მესამედაც. ჰოდა, დასძინა, ამიტომ და არა მარტო ამის გამო, მამა ენაცვალოს, შვილს მანქანა ვუყიდეო (ერთი ავტომობილი გრძელწვივას უკვე დაუმტვრევია) და ახლა უფრო ძვირიანსა და თვალშისაცემს ვუგზავნიო; რა ვქნა, ფეხები კისრიდან (მშობელმა ფეხის ფესვების უფრო ნათელი ვიზუალიზაციისთვის საკუთარი მარჯვენა კისერთანაც კი მიიდო) ეზრდებაო და თან ხულიგანიც არისო. როგორც ჩანს, მაღალხარისხოვანი ქვედა კიდურები განა მხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამედ ფუფუნება – სარფიანი ინვესტიცია და არგუმენტირებული საამაყო არტეფაქტი – დასტურია იმისა, რომ „შემქმნელის“ მიერ „გაკეთებული შვილი“ ჯიშიან–ჯილაგიანია. და თუ მივდევთ გამონათქვამს „დედა ნახე, მამა ნახე...“ მშობლებიც არა ნაკლებ ჯილაგ–ჯიშიანები ყოფილან. ერთი „ესთეტური“ მიზეზის გამო: ასეთი ფეხების მესაკუთრე „პატრონს“ უფრო კარგად და ოპერატიულად იშოვის  ანუ სარფიანად გათხოვდება მამიკოსა და დედიკოს გულის გასახარად; როგორც საკუთარი, ასევე ღვაწლმოსილი მშობლების სიბერის უზრუნველსაყოფად და საერთოდაც, რად გინდა შვილი – გოგო „კაი ბიზნესი“ თუ არ დაგიტრიალა? რაღაცაში ხომ უნდა გამოგადგეს? რომ მოხუცდები – მოგიაროს (აბა, ბიჭებმა მოვლა არ იციან) და თან გამოსადეგი სიძეც მოგიყვანოს. ჰო, კიდევ დაამატა, რომ ეს პერსპექტიული შვილი „ლევად“ გააკეთა, გოგონას დედა კი იტალიაშია, იქაურ ბებრებს უვლის. ბუნებრივია, მამას არ უნდა, რომ ვინმემ, თუნდაც შვილის წვივზე მეტად გრძელფეხა – ჯილაგიანმა ყმაწვილკაცმა–მამაკაცმა (მაგალითად, კალათბურთელმა) მის შვილთან სექსთან შეჭიდული „ბიზნესი“ „ლევად“ დაიჭიროს. ყველას მშობელს უნდა, რომ მისი გოგონას „ქალური ბედნიერება“ „პრავი“ იყოს. თუმცა გააჩნია. თუ „ბოიფრენდი“ ფულიან–სახელიანია, დაფიქრება ღირს. მამამ ასევე გვაცნობა, რომ ამერიკაში ნაშოვნი ფულით „პეპი – გრძელწინდას“ იტალიაშიც გაუშვებს. დასასვენებლად. უფრო სწორედ, იტალიელი 98 წლის მოხუცი კაცის მომვლელად მომუშავე დედის სანახავად. კაცს ნამდვილი (ოფიციალურად პასპორტში ბეჭედდარტყმული – ი.მ.) ოჯახი კი მოსკოვში ჰყავს და ამ ქორწინებისგან შეძენილი მეორე ქალიშვილი კი „კრემლის ეზოში“ გაზრდილი გოგონა ყოფილა, რადგანაც მისი დედაც იქვე, კრემლის ეზოში გაზრდილა. თუმცა ჩემს ლოგიკურ კითხვაზე თუ რა განსხვავებაა კრემლის ეზოსა და კრემლის კედელს შორის (მე ამ კედელთან საპატიოდ დასაფლავებულები ვიგულისხმე), მომიგო, რომ ეზო ეზოა, კედელი კი კედელი. არადა იმ არარეზოჩხეიძისეული „ჩვენ ეზოიანმა“ ცოლს ეს ქართველი კაცი ოჯახური უჯრედიდან გამოაპანღურებია და კაცი „პრავი“ შვილის უნახავი დაუტოვებია (მამას ჩვენთან ამ ქალიშვილის წვივის სიგრძეზე რატომღაც  ხმა–კრინტი არ დაუძრავს). სასამართლოს ძალითაც ვერ მოვერიეო, რახან ჩემი ცოლი კრემლის ეზოში იყო გაზრდილიო. ასე რომ ეს ჩვენი რაინდი „ლევად“ გაკეთებული შვილის ამარა დარჩა. სამაგიეროდ, „მსოფლიოს მოქალაქეს“ ახლა ორივეგან ჩაესვლება –  საქართველოშიც და რუსეთშიც. თუმცა ცხოვრება მესამეში (აშშ–ში) ურჩევნია და იმდენი საშუალებაც აქვს თურმე, რომ ის გრძელწვივა ნიუ იორკში მანჰეტენზე მეხუთე ავენიუზე „აშოპინგოს“. და,  ჩემი ვარაუდით,  თუ „ლევი“ შვილმა ისე იმარჯვა, რომ  „ვიქტორია სიქრეტის“ მხოლოდ სარეკლამო რგოლში კი არა, მუდმივ „პანსიონზე“ მოხვდა, ხომ ტყუილად არ ჩაუვლია „ამ განწირულის (მამის) სულისკვეთებას“. როგორც  ნაშრომ–ნაჯაფისას, ასევე მანქანის გაგზავნის „ამბავში“. ბარბის შექმნისთვის ხომ მხოლოდ პოეტური ან ფულის შოვნის ნიჭი სულაც არ კმარა, არამედ ამ საქმეში „კაცური ტალანტია“ მთავარი. მერე რა, რომ მოდელები 30 წლის ასაკში უკვე საპენსიო ასაკისანი არიან. სამაგიეროდ საკუთარ სამოდელო სააგენტოს გახსნის და თავისმაგვარებს გაამრავლებს. ბარბი ხომ, როგორც სავაჭრო ნიშანი და „გოგონების იდეალი“ პლასტიკური ოპერაცების მთელი ინდუსტრიით, ყველაზე კარგად იყიდება ყოველგვარი ანა მანიანისეული (ლუკინო ვისკონტის ფილმი „ყველაზე ლამაზი“) ვნებებისა და კათარზისების გარეშე.  რა დროის ეს უკანასკნელებია,  როცა  ოჯახის შიგნით თუ გარეთ, ადგილობრივად თუ გლობალურად გაქანებული ეგზისტენციალური საბაზრო ეკონომიკა და მსოფლიო მარკეტია.


ამ ფრიად ღვაწლმოსილი მშობლის სიტყვებმა, ერთი შეხედვით, ორი განსხვავებული, მაგრამ ამავე დროს მონათესავე სივრცე გამახსენაა: რუსთავი2 – ის საინფორმაციოს ერთი სიუჟეტი, სადაც საბავშვო გადაცემის წამყვანი მამა (ამავე ტელევიზიის ჟურნალისტი დედაც) საკუთარი ქალიშვილის პატრიოტული პერსპექტივით ამაყობდა და იმედს გამოთქვამდა, რომ სილამაზის კონკურსზე მისი შვილი წონითა და გერშემოწერილობით ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიას სამისდღემჩიოდ ასახელებს; გამახსენდა რამდენიმე წლის წინანდელ 8 მარტს ჩვენი  ავთანდილის სენტენციები იმის შესახებ, რომ ქალებმა თამამად უნდა იამაყონ თავისი სიწვრილით (აჰა, საამაყო საგანიც გაგვიჩინეს); გამახსენდა ინგა გრიგოლიას სილიკონზირებულ ბაგეთაგან გადმოსროლილი „ჭეშმარიტება“ იმის თაობაზედ, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილეობა ქალს კარგად გათხოვებაში ეხმარება; მერე ია კიწმარიშვილის გულწრფელად შეწუხებული ტონი ქვეყნისთვის ფრიად სტრატეგიულ თემასთან დაკავშირებით – კარგი ქართული საექსპორტო წვივებისა და დუნდულა კუნთების დეფიციტის გამო და ატეხილი სკანდალები ყველაზე საპრიზო ადგილებზე „განათხოვარი“ გოგონების სიმრავლის გამო. გრძელწვივას საკონტრაქტო ჰარმონიული იმიჯი ხომ ღთისმშობელივით უბიწო და კდემამოსილი წარსულის მქონე მდედრობით სქესს გულისხმობს. რა ქნან თუ ყველაზე შესაფერისი კიდურები მხოლოდ პასპორტში საქორწინო „დამღადასმულებსა“ და  საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეს აღმოაჩნდათ? რაც შეეხება დეფიციტს: როგორც ჩანს, ჩვენებური წვივები „ბორჯომისა“ და „ხვანჭკარას“ ღირსეულ სოლიდარობას ვერ უწევენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ აქაც დავეწევით და გავუსწრებთ მთელს პლანეტას თუ არა, ჩრდილოეთელ მეზობელს მაინც.  ასევე  გამახსენდა გერმანელი ნაცისტების  პროექტი სახელად „ბორგჰილდ“.
როცა ესესელმა ჰაინრიხ ჰიმლერმა ჰიტლერს აცნობა, რომ ფრანგი მეძავეები გერმანელ მეომრებს ათაშანგით აავადებდნენ და რომ ლამისაა სქესობრივი გზით გადამდებმა ამ დაავადებამ უფრო მეტი ჯარისკაცი მოცელოს, ვიდრე ტყვიამ,  ამგვარი უხერხული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ვერმახტმა გამოსავლის ძებნა სასწრაფოდ დაიწყო და მალევე პრობლემის გადაჭრის ხერხსაც მიაგნო. ამ ფრიად მილიტარისტული მიზეზის გამო მესამე რაიხის ხელმძღვანელობამ თანამემამულე სამხედროების ქალის ფორმის გასაბერი სათამაშოებით უზრუნველყოფა გადაწყვიტა. მაგრამ „მცირეოდენი დეტალზე“ ჩაფიქრება მაინც მოუხდათ: იმაზე, თუ ვისი გარეგნობა უნდა ჰქონოდა „სალდათების დამამშვიდებელს“ ანუ მოსაფიქრებელი იყო „პოლკის“ ქალს რომელი ქალის ტუჩ–წვივებს დაადებდნენ. ცოტა იფიქრეს თუ ბევრი, უნგრელ მსახიობ კეტი ფონ მაგის მიმართეს (აბა, ასეთ უხამსობას ფიურერის საყვარელ მარიკა როკს ვინ გაუბედავდა?), რაზეც ქალის მტკიცე უარი მიიღეს. უცნაურია, რომ ჰკითხეს, რადგანაც დღეს გასაბერი ქალის ბრენდს „სელებრითის“ გარეგნობას ისე არგებენ, რომ პატრონს არც კი ეკითხებიან და საავტორო უფლებების „მონაგარსაც“ კი არ უხდიან. ფაშისტებს ქალის სხეულის შექმნა არ გაჭირვებიათ. ამბობენ, სხეულის მონახაზის ავტორი თავად ფიურერი იყოო. ბავშვობასა და ყმაწვილკაცობაში ხატვით გართულს არ გაუჭირდა ერექციის გამომწვევი მდედრ–არიული, ისედაც გასაჯაროვებული სტანდარტების ფურცელზე გადატანა. ამიტომ მოდელზე მალევე შეთანხმდნენ:  სიმაღლე 1,79 მეტრი; რასაკვირველია, თეთრი კანი, ცისფერი თვალები,  ქერა თმები, სქელი ტუჩები, დიდი მკერდი და ბოლოს სახელის (აბა, რეზინას გვარი რად უნდა?) დარქმევაც  გაახსენდათ – „ბორჰილდ“. ქალი ადვილი მოსახმარი იყო, საჭიროებისამებრ იბერებოდა – იჩუტებოდა, იკეცებოდა და ჯარისკაცისა თუ ოფიცრის სალაშქრო ტომარაში  კომპაქტურად ეტეოდა. 1941 წელს დრეზდენში ამდაგვარი ფაბრიკა გაიხსნა კიდეც და გაჭირვებაში მყოფ ჯარისკაცებს პირველი 50 „ქალი“ გაეგზავნათ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ „სინთეტიკურმა სექსმა“ დიდი პოპულარულობით მაინც ვერ ისარგებლა, რადგანაც ჯარისკაცებს დიდად არ ხიბლავდათ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში მტრის მიერ ნაალაფავის სახით გასაბერი გერმანელი ქალის აღმოჩენის იდეა და თანაც, როგორც ჩანს, ათაშანგის აკიდების რისკის ქვეშაც კი არასინთეტური მეძავის მომსახურება ურჩევნოდათ, ანდა ინსტინქტს სულაც ტრადიციული ონანიზმით იკმაყოფილებდნენ. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ჩვენი, 1990 – იანი წლების მშობლიური ომების „გვერდითი მოვლენა“, რომელსაც არც მაშინ ახსენებდა ვინმე და მითუმეტეს – არც დღეს.  როცა სამედიცინო ინსტიტუტში კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრაზე პრაქტიკას გავდიოდით,  პროფესორმა ლექციაში არაერთხელ ახსენა, რომ ამ ომებს, ისევე როგორც ზოგადად სხვა ომებს, ათაშანგის აფეთქება მოჰყვა, რომ საავადმყოფოს ამ განყოფილებას ყველაზე მეტად გვარდიის ფორმაში ჩაცმული გვარდიელები თუ იმ ომებში მოხალისედ მყოფი მამაკაცები სტუმრობდნენ. დავუბრუნდეთ ჰიტლერსა და „ბორჰილდს“. მოგახსენებთ, რომ არიელებისთვის ამ არც ისე საამაყო ისტორიის შესახებ ცნობილი გახდა გრემ დონალდის წიგნის „მუსოლინის დალაქის“ საშულებით, სადაც ავტორი თოჯინა ბარბის წარმოშობას იძიებს. 1956 წელს ამერიკელებმა რუთ და ელიოთ ჰენდლერებმა  („ბარბის“ მშობლები) გერმანიაში, რომელიღაცა მაშინდელ „სექსშოპში“, რომელიც „უფროსებისთვის“  განკუთვნილ კლუბს ემსახურებოდა, გასაბერი თოჯინა სახელად „ლილი“ იყიდეს. ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით „ყველა გოგონასათვის“ სანატრელ იდეალად –  ბარბიდ ტრანსფორმირდა. გრემ დონალდი სწორედ ბარბის ისტორიის შესწავლის დროს გადაეყარა ფაშისტთა ათაშნგური თავგადასავლების ისტორიას. ბარბის გაბრენდების შემდეგ კი სექსიზმის ისტორიას სხვა პოპფორმაცია – ლოლიტების გაბარბების თუ ბარბების გალოლიტების ხანა დაუდგა, როცა მშობლები გოგონების სქესობრივი მომწიფების დაწყებისთანავე მათი სასქესო არის ბიკინურ დეპილაციაზე, პლასტიკური ოპერაციების საჭიროებაზე და სამოდელო სააგენტოსთვის „მიყიდვაზე“ ზრუნავენ. ამას წინათ ტელევიზიით (СNN)  „ჩვენი დროის გმირი“ მამა, პლასტიკური ოპერაციის სპეციალისტი ალაპარაკეს, რომელმაც თავის ორ ნაშვილებ თინეიჯერ გოგონას გაახალგაზრდავების პლასტიკური პროცედურა თავად ჩაუტარა იმ მოტივით, რომ ასეთი საპასუხისმგებლო პროცედურა ჯობს ოჯახის „პიგმალიონმა“ იტვირთოს, ვიდრე – უცხოს ხელმაო. ვინ იცის, მშობლის მიერ ჩადებული ბოტოქს–სილიკონის თითოეულ გრამს დამატებულმა „ჭკვიანურმა გათვლამ“ რაგვარი ოქროს  დოლარკილოგრამოვანი მოსავალი მოიტანოს...


მას მერე რაც ბერლინის კედელი დაინგრა და რკინის ფარდა დაიჟანგა, საბჭოთა ეპოქისა და სოციალისტური ბანაკის სივრცის ქალის ვესტერნიზაციის თეორიულ მოლოდინებს  რეალურად ქალის დეჰუმანიზაციის ახალი ეკონომიკური პრაქტიკები და პროექტები მოჰყვა, რაც მილიონობით კი არა, ათობით მილიონი გოგონასა და ქალის ტრეფიკინგში, სექსგასართობ ინდუსტრიასა და იძულებით შრომაში ჩართულობით აისახა.  ცივი ომის დროს ამერიკის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ანტიამერიკულად განწყობილი ქვეყნების სტუდენტებს ვიზის J-1   გაცემით აშშ –ის ახლოს გაცნობის საშუალებასა და რამდენიმეთვიანი მუშაობის უფლებას მისცემდა. იმ მიზნით, რომ დაენახათ – ამერიკა ეშმაკის მაშხალა არაა. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, კეთილ საქმეს ბოროტად გამომყენებლთა არმია გამოუჩნდა. სტუდენტები იმისდა მიუხედავად, რომ თავიანთი ქვეყნის ამერიკის საელჩოებში დედ–მამას იფიცებდნენ, რომ ვიზის ამოწურვისთანავე სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, დანაპირებს ამერიკის საზღვრის გადმოკვეთისთანავე ივიწყებდნენ. მერე ათასგვარ თაღლითურ მაქინაციებში გარეულნი აღმოჩდნენ. აღმოსავლეთ ევროპიდან და ყოფილი სსრკ–იდან ქალების ტრეფიკინგი არახალი მოვლენაა, როცა ტურისტული თუ დასაქმების სააგენტოების ნიღაბქვეშ ამოფარებული სუტიონერები ეკონომიკურად შეჭირვებული ქვეყნებიდან ცოცხალი „საქონლის“ გადაზიდვითა და პროსტიტუციის სფეროში მათი ჩართვით არიან დაკავებულნი. ტრეფიკინგი იარაღით ვაჭრობის შემდეგ ხომ ყველაზე სარფიან ბიზნესად ითვლება. მაგრამ სულ სხვაა, როცა ქალების მონად გაყიდვა პასპორტში ამერიკული საელჩოს მიერ სტუდენტური ვიზის  ჩარტყმის შემდეგ იწყება. რამდენიმე თვის წინ დიდი სკანდალი ატყდა: აშშ–ში დააპატიმრეს ძველი იტალიური მაფიოზური კლანის „გამბინოს“ (თუმცა იქ 36 წევრს რუსულ–სსრკული გვარი ჰქონდა) თანამეინახეები, რომლებიც J -1  – ის მფლობელ გოგონებს მეძავეობასა და სექსგასართობ ინდუსტრიაში მუშაობას აიძულებდნენ. არადა, ამ ვიზის გაცემის წეს–პირობებით, სტუდენტებს  აშშ–ის ტეროტორიაზე მოზარდთა გასართობ (Adult Entertament) ინდუსტრიაში  ჩართვა, სტრიპტიზბარებში ცეკვა და კლიენტებისთვის სხვადასხვა ტიპის „სახალისო“ მომსახურეობა ეკრძალებოდათ. საზოგადოებაში დაიწყეს კამათი იმის თაობაზე თუ რამდენად არიან ეს გოგონები თავად დამნაშავენი... თავი რომ დავანებოთ იმაზე მსჯელობას, რომ რომელიღაც მივადნილ– ღვთითმივიწყებული ნოვოკუზნეცკის გარეუბნიდან ჩამოსული 17 წლის გოგონას, რომელიც „ტკბილ ცხოვრებას“ ჰოლივუდის ფილმებით აკვირდება, ქრონიკულად მთვრალი, კრიმინალი მამის, მისგან ნაბეგვი თვალჩალურჯებული დედის ყურების, უმუშევრობისა და „დედოვშჩინით“ ტვინშერყეული ქმრის მუშტების თავში მოხვედრის პერსპექტივის  გარდა არაფერი დარჩენია თავის ქვეყანაში, უცებ შანსი ეძლევა ნახევრად შიშველმა იცეკვოს და ამით დღეში 1000 დოლარი თუ არა, 500 მაინც გააკეთოს. თან მარტო ინგლისური ენის დაუფლების კურსებისა და პრესტიჟულ კოლეჯში სწავლის დამფინანსებელი კი არა, ერთ ღამეში ოკეანისგაღმა დარჩენილი და–ძმის ცხოვრების მომწყობი სპონსორი იშოვოს... თანაც, როცა გარშემო გამუდმებით აპიარებენ ნიჟნი ნოვგოროდელი „კონკიას“ ნატალია ვოდიანოვას ბაზარში კარტოფილების გამყიდველის დახლიდან სამოდელო ბიზნესში მოხვედრას, ამ უკანასკნელიდან კი – ბრიტანეთის არისტოკრატებში ქმრის საშუალებით აღმოჩენას; მერე ამ არიული რასის წარმომადგენელთან გაყრას და ფრანგ მილიონერთან (ამ კაცის არისტოკრატული წარმოშობის შესახებ არაფერი ვიცი) შეყრას.... ჰოდა, ამგვარი გრძელფეხება თინეიჯერების მომავლის მენეჯერები არც ისე იშვიათად ხდებიან ამ სტრიპტიზბარების ხშირი სტუმრები– გაცილებით უფროსები, მათ შორის დიდი ბაბუის თუ არა, ბაბუის ასაკის ტოლი მამაკაცები. საქმე იმაშია, რომ აფროდიზიაკი „ვიაგრა“ (უკუჩვენება დაბრმავება, ჰიპერტენზია და ა.შ), „სიალისი“ და „ლევიტრა“, რომელსაც მხცოვან მამაკაცებს დაზღვევა Medicaid აძლევს (ქალებს სხვადასხვა დაზღვევით  კონტრაცეპტივებს აძლევენ, ქალის აფროდიზიაკი კი ჯერ არ დაუპატენტებიათ და შესაბამისად არც დაზღვევა ანაზრაურებს) მამაკაცს იმის საშულებას აძლევს, რომ ლიბიდო ერთი აბით  24 საათით მაინც დაუბრუნდეს. ხოლო თავის კბილა ცოლი, რომელთანაც ერთად 50 წელი იცხოვრა, რომლის ფეხები და დუნდულა კუნთები  უკვე არც ისე მაცდუნებლად გამოიყურება, რომლის ასაკსა და სექსუალურ აქტივიზმს პლასტიკური ოპრაციები ვერ ნიღბავს, მშვიდი სინდისით მიატოვოს და ვიაგრაერექციის ტალღაზე  J-1 –  ის მფლობელს შესთავაზოს მარტო ერთი და ორი ღამე კი არა, არამედ რაც კი რამ აბადია – მათ შორის არაJ-1ნელ ცოლთან ერთად შეძენილი ქონების ნაწილი, ხოლო ანდერძი 17 წლის ნოვოკუზნეცკელის სასარგებლოდ შეცვალოს. ამ შემთხვევაში ეს პედოფლიად არ ითვლება და თანაც არაა აუცილებელი ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება. აგერ ბაზარზე ახალი გამამძაფრებელი „Power Khan”იც (ძლიერი ხანი) გამოჩენილა. „სონიჩკა მარმელადოვები“ კი თავის თავს ვერასოდეს აპატიებენ ამგვარ „ვიაგრალავურ“ შანსს თუ გაუშვებენ. რადგანაც უკან, უბადრუკობა–  მაგრინალობისკენ დასაბრუნებელი გზა მოჭრილი და დასავიწყებელია, წინ კი – ჰოლივუდურად თუ არა, „ცივილიზებულად ცხოვრების“ მოწყობის შანსია –  საკვებ–სასმელით, საკუთარი მანქანით, მეტლახიანი აბაზანით, კარგი პროფესიის დაუფლებით, წარმატებული თვითრეალიზაციითა და ხელის გულზე ტარებით ბოძზე ტიტვლიკანად ტრიალის გარეშე. ერთია, როცა სილამაზის, გართობისა და მედიცინის  თანამედროვე ინდუსტრია ადამიანებს ნორმალურად და ღირსეულად დაბერების საშუალებას არ აძლევს და 80 წლის კაცის იმპოტენციას გამალებით მკურნალობს, თითქოს ამ ასაკში ლიბიდოს დაქვეითება დაავადება იყოს (იმავე ლოგიკით, ფეხმძიმობაც დაავადებაა). არადა ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და არა სნეულება, როცა ასაკი ინტიმურ ლტოლვას ამცირებს...მეორეა, როცა იგი ქალისა და მამაკაცის სოციალურ, ოჯახურ, გნებავთ, სექსუალურ სტატუსებს შორის უფსკრულს აღრმავებს. პირადად მე ვიცნობ ოთხ ქართველ ახალგაზრდა ქალს, რომლებიც 70–75 წლის ამერიკელ ბაბუებს ცოლად გაყვნენ (აქედან ერთი ქალი ერთ–ერთის მომვლელიც იყო)  და ამით არა მარტო საკუთარი ვალები, ამერიკაში სწავლა–განათლება, შვილების მომავალი უზრუნველყვეს, არამედ ერთი ხელის მოსმისთ თავი დააღწიეს ამერიკაში არალეგალისთვის განკუთვნილ ტოტალურ უპერსპექტივობასა და პროფესიონალურ დისკვალიფიკაციას, თან სამშობლოში მყოფი მრავალრიცხოვანი ნათესავ–ყვავი ჩხიკვის მამიდებისა და, შესაბამისად, ქვეყნის ფინანსური პრობლემებიც გადაწყვიტეს... ის, რაც ერებს შორის დაახლოევების კულტურულ–ეკონომიკურმა ხიდებმა ვერ შეძლეს, ვიაგრას ბედნიერებისმომნიჭებელმა ჯადოსნურმა ცისფერმა აბებმა ქმნეს...


       J-1 – ელი გოგონების ექსპლუტაციის გამო აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავად ჰილარი კლინტონმა შეშფოთება გამოხატა და ხალხს დაპირდა, რომ ამ ტიპის ვიზას არ გააუქმებენ, მაგრამ მისი გაცემის წესებს აუცილებლად შეცვლიან. ამ განცხადებამ  XIX საუკუნის ბოლოს აშშ–ის კონგრესის მიერ მიღებული კანონი სახელად „ჩინელების გამორიცხვის აქტი“ (The Chinese Exclusion Act) გამახსენა, რომელიც 10 წლის (თუმცა ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გასტანა) განმავლობაში ჩინელებს ამერიკაში ჩამოსვლას უკრძალავდა. მიზეზი: ისინი კალიფორნიაში ოქროს ციებ–ცხელების პიკისა და მის შემდგომ პერიოდში ძვირფასი ლითონის საბადოებზე თეთრ ემიგრანტებს კონკურენციას უწევდნენ და ოქროს რაოდენობის შემცირების პირობებში ფასებს მკვეთრად აგდებდნენ, რამაც ბოლოს და ბოლოს როკ – სპრინგსში „თეთრ“ და „ყვითელ“ემიგრანტებს შორის სისხლიანი დაპირისპირებაც კი გამოიწვია. აღმოსავლელევროპული, აფრიკული, საბჭოური თუ სხვა მარგინალური სივრცის  J-1 ლებიც უფრო დაბალ ფასად ართობენ მამაკაცებს და შესაბამისად უფრო მეტ „კომპორმისებზე“ უწევთ წასვლა, ვიდრე მათივე ასაკის ამერიკის მოქალაქე გოგონებს . . .
ასე რომ იმ ჩემი ქართველი ნაცნობი მამაკაცის სამომავლო ხედვები ქალიშვილის წვივებთან დაკავშირებით რაციონალურ მარცვალს, უზრუნველ სიბერესა და ზოგადად წარმატებული ქვეყნის იმიჯზე ზრუნვას არაა მოკლებული... ლოზუნგით: „მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს“ – ამ შემთხვევაში, კიდურებს, რადგანაც არც საწყისი და არც დაგროვილი კაპიტალი არა გვაქვს. მშობელს ხომ მხოლოდ კარგი უნდა შვილისთვის. ბარაკ ობამამ მარტის თვე ქალის უფლებების დაცვის თვედ გამოაცხადა. მაგრამ რა შეიძლება პოლიტიკოსისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე არჩევნები? ამიტომ ლოზუნგთან ერთად  „აფრო – ამერიკელები ობამასთვის“, წამოისროლა ლოზუნგი  – „ქალები ობამასთვის“, რომელიც მის ცოლს მიეწერება. ქალები ხომ უფრო მეტნი არიან, ვიდრე აფრო–ამერიკელები.  თან კარგი, ერთგული და მზრუნველი შემსრულებლები. ამიტომაც ქვეყნის მთავარი მენეჯერის გათვლა ურიგო ნამდვილად არაა. საპრეზიდენტო ოჯახის ქალიშვილებს J-1 ვიზა არასოდეს დაჭირდებათ. ამაზე აშშ–მ და მშობლებმა იზრუნეს. არც იმის მტკიცება – არიან თუ არა ქრონიკული პატრიარქატისთვის სათანადოდ მომხიბვლელნი ანდა არიან თუ არა ცივილიზირებულად ცხოვრების ღირსნი.  სამაგიეროდ, მეორე თუ მესამე სამყაროდ წოდებულებსა და „სხვებს“ ცივილიზირებულობის მხოლოდ სიზმარში დალანდვა მოუხდებათ...
ერთხელ სილამაზის კონკურსის თუ სამოდელო სააგანტოს თინეიჯერი გოგონები ერთ–ერთი ქართული ტელევიზიის ეთერში მიიწვიეს: ისინი თავისი მოკლე კაბებითა და თავზე დადგმული დიადემებით პატარა ტელესტუდიაში ყველანაირი კონტექსტრიდან ამოვარდნილებად ჩანდნენ. და როცა იქვე დიდ ეკრანზე ერთმა საკუთარი თავი დაინახა, უეცრად შეშინებულს „თვითკრიტიკული“ რეპლიკა აღმოხდა: „ვაიმე, რას ვგავარ, გონზე ვერ მოვდივარ!“. მე კი იქვე რომ ვყოფილიყავი, ვეტყოდი: ჰო, შვილო, შენ არასოდეს იქნები საკმარისად ლამაზი, რადგანაც ყოველთვის გაჩნდება ვიღაც ბიძია/ დეიდა  ან რაღაც – პოლიტიკასა თუ რელიგიას ამოფარებული იდეოლოგია, ბიზნესი, კონტროლის მექანიზმი, მეინსტრიმი, გარემოება, რომელიც ადამიანის სილამაზის „ექსპერტული“  საზომით  აღმოაჩენს, რომ ვიღაც სხვას მილიმეტრის მეშვიდედით ანდა მთელი 2,3 სანტიმეტრითაც კი შენზე გრძელი წვივის ძვალი ჰქონია და ამიტომ შენ არასოდეს იქნები საკმარისად სათანადო, შესაფერისი, ღირსი, თანასწორი, ღირებული და კარგი თუ თავად არ გააცნობიერე, რომ არა ხარ ბოსტნეული ანდა ბოტოქს–სილიკონის პლასტიკური ბოთლი; ვიღაც იქნება უფრო მბზინავი სწორი თუ ხუჭუჭა  თმებით ანდა უფრო უძირო დიდი ცისფერი თვალებით, უფრო გრძელი წამწამებით ანდა უფრო მრგვალი და მკვირვი მკერდით ანდა უფრო ნაკლები ასაკით, თუნდაც – ერთი დღით. ანუ უფრო მეტად „შედევრი“, ვიდრე  შენ ხარ. ამიტომ აგერ გავრიილ ელიზაროვის კლინიკა და აგერ – ელიზაროვის აპარატი, რომლის საშუალებით წვივებს აგრძელებენ (რასაკვირველია, მას სხვა სამედიცინო დანიშნულებაც აქვს, ისევე როგორც სილიკონის იმპლანტებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობის დროს). ამ კლინიკაში ადამიანს ფეხის ძვლებს საოპერაციო მაგიდაზე უმტვრევენ და მერე დამტვრეულ ძვლებში რკინის „არმატურებს“ უყრიან, რომლითაც ქალმა რამედნიმე თვე უნდა იაროს, რათა ძვლის შეხორცების პროცესში წვივი რამდენიმე სანტიმეტრით დაგრძელდეს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია წარმატებულად დასრულდა. ილოცე, რომ მარჯვენა მარცხენაზე გრძელი არ გამოვიდეს ან პირიქით. სილამაზე ხომ მსხვერპლს, რისკსა და ტკივილს მოითხოვს. ეს მამაკაცს აქვს უფლება „ღვთის ხატიც“ იყოს და მაიმუნზე ოდნავ ლამაზიც, რადგანაც მისია ფულიც და ძალაუფლებაც, ის წერს კონტიტუციასა და ბიბლიას, ისაა შემფასებელიცა და დამგემოვნებელიც. და თუ ადრე ქართველი მამები ქალიშვილებს ემუქრებოდნენ „სახლიდან ფეხი არ გაადგა, იმას არ გაყვე, ეს არ გაბედო თორემ ფეხებს მოგამტვრევ!“, ახლა ამგვარი საშუალებით წვივების დაგრძელების აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება კიდეც დაგუგლონ ელიზაროვის კლინიკის ადგილსამყოფელი, ოპერაციის ღირებულება მოიძიონ, ვალებში გადავარდნენ, ქალიშვილები ფეხების დასაგრძელებლად გაამგზავრონ და გლანდების ათვლის წერტილად დაფიქსირებისთვის  სხვას დაამტვრევინონ. ისევ და ისევ განა მხოლოდ პირადი, არამედ ერთობლივი წარმატებული ბიზნესისთვის და, რაც მთავარია, სამშობლოს ნათელი მომავლისთვის....

მარტი 17, 2012

shokoladi.ge






No comments:

Post a Comment