Tuesday, September 18, 2012

მოძრავი გამოსახულების მუზეუმი




2 აპრილი ჰოლივუდისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1972 წლის ამ დღეს ამერიკას ჩარლი ჩაპლინი დაუბრუნდა. უფრო სწორედ, 20 წლის შემდეგ იგი დროებით ოკეანისგადაღმა ქვეყანას ესტუმრა. ჩაპლინის „გაძევების“ ისტორია მის კომუნისტებისადმი დაუფარავ სიმპათიასა და ზოგადად საბჭოთა კავშირის არსებობას უკავშირდება, დაბრუნების კი – კინოს. ჩაპლინი ერთადერთი მუნჯი კინოს გმირი იყო, რომელიც, მაშინაც კი, როცა კინოში ხმამ შემოაბიჯა (ჩარლი კი ხმის ფილმში შემოყვანას სულაც არ ჩქარობდა), სინემატოგრაფიული პოპულარობის პიკს ინარჩუნებდა. სწორედ ჩარლი ჩაპლინის უძრავი და მოძრავი ხატები (იმიჯები) შემოგეფეთებათ ბრუკლინის ერთ–ერთ უბანში განთავსებულ მუზეუმში, რომელსაც „მოძრავი ხატის მუზეუმი“ ეწოდება. თუმცა იქვე, ეკრანზე თქვენივე პერსონის ხატის შექმნა, პატარა პერფორმანსის მოწყობაცა და მსოფლიოს კინოს ისტორიაში თუ არა, რომელიმე ციფრულ ფაილში სამუდამოდ ბინის დადებაც შეგიძლიათ. ძალიან მარტივად. პლაზმური ეკრანის წინ უნდა დადგეთ და მხოლოდ ერთ ღილაკს დააჭიროთ...


ასტორიის ერთი დიდი თეთრი შენობის შიგნით ასევე დიდ, თეთრ, სივრცულ დარბაზებში კინოს მთელი ისტორიაა განთავსებული. სავარაუდოდ, ეს მუზეუმი ჩარლი ჩაპლინის ბევერლი ჰილზის სახლშიც დაეტეოდა. ეკრანულ „მაწანწალას“ 40 ოთახიანი სასახლე ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში კვადრატურას არანაირი მნიშვნელობა აქვს. 1981 წელს შექმნილი „მოძრავი ხატის მუზეუმი“ არის ერთგვარი უნიკალური შოუ–არქივი, რომელიც ძველი თუ ახალი ექსპონატებით კინოს განვითარების დინამიკას ძალიან საინტერესოდ მოგვითხრობს. მუზეუმში 130 000 – ზე მეტი კინოს არტეფაქტია დაცული, დაწყებული კინოს XIX საუკუნის პროექტორებიდან და კამერებიდან, რომელიც ლამის ნახევარ ტონას იწონის, ციფრული „სათამაშოებით“ დამთავრებული. ამჟამად, გამოფენის სახელწოდებით „ეკრანს მიღმა“ ფარგლებში 1400 – მდე კინოს „ნაჭერია“ გამოფენილი, რაც არა მარტო არაპროფესიონალ კინომოყვარულებს, არამედ აკადემიურ მკვლევარებსაც ეხმარებათ დიდი თუ პატარა „სინემას“ სამზარეულოს შეძლებისდაგვარ გაცნობაში. აქ შეხვდებით ედისონის პირველ კინეტოსკოპსა და სარეცხის მანქანისხელა ტელევიზორებს, ანიმაციის შემქმნელ მოწყობილობებსა და ხმის ჩამწერ აპარატურას, სცენოგრაფიულ ესკიზებსა და ვიდეოთამაშებს, კინოს ისტორიასთან დაკავშირებულ ჟურნალებსა და თოჯინებს, რომლის დახმარებითაც ფილმებში სპეცეფექტები იქმნებოდა. მაგრამ ერთია პირველი „კინგ–კონგისა“ თუ 1973 წელს გადაღებული „ეგზორცისტის“ გოგონას მბრუნავი თავი და მეორე – „ვარსკვლავური ომებისათვის“ შექმნილი „კოსმოსი“, რომელიც ახლოდან ტელევიზორის მოციმციმეწერტილოვან მიკროსქემას ჰგავს ანდა XXI საუკუნის „ავატარის“ დამხატავი „მანქანები“.



მუზეუმი ჰოლივუდის ერთგვარი გარდერობიცაა, სადაც კინოს სხვადასხვა ეპოქისთვისა და ფილმის ჟანრისთვის დამახასიათებელი განსახვავებული სტილის კოსტუმები, გრიმები, პარიკებია წარმოდგენილი. ერთ–ერთ კედელზე კი წინა საუკუნის 40–50 – იან წლებამდე პოპულარული მსახიობების შავ–თეთრი ფოტოების დიდი სტენდია. ჩვენმა გიდმა მცირეოდენი გამოკითხვაც კი მოგვიწყო იმის თაობაზე, თუ როგორ ამოვიცნობდით ამა თუ იმ ძველი და უცნობი კინოსცენის ვარსკვლავის მზერის უკან მდგომ მის ხასიათს, იმიჯს; ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად უფრო ხატოვანი იყო იმ მსახიობთა სახეები, რომლებიც სახის გამომსახველობის თანამედროვე „დიზაინის“ შესაძლებლობებით განებივრებულნი სულაც არ იყვნენ. გიდმა ასევე ყურადღება გაგვიმახვილა ჰოლივუდის ე.წ. იმიჯურ რასიზმზე, როდესაც ამერიკულ ფილმებში „ჩინური სახეები“, ფაქტობროვად, მარგინალი ან მესამეხარისხოვანი გმირების ამსახველებლად გამოიყენებიან.


მუზეუმის აუდიო–ვიზუალური განყოფილება დიდი პლაზმური ეკრანებია, სადაც ძველი ფილმების რგოლები გამუდმებით ტრიალებს; სადაც შეგიძლია საათობით მონუსხული იდგე, რადგანაც, მგონი, არაფერია იმაზე მეტად დამგიპნოზებელი, ვიდრე საუკუნის წინანდელ „მოძრავ ხატებზე“ დაკვირვება. აი, მაგალითად, 1903 წლის ფილმი „მატარებლის დიდი გაქურდვა“.




ეს გახლავთ 12 წუთიანი ვესტერნი, სადაც ოპერატორული ინოვაციური ტექნიკები, ფაქტობრივად, პირველად გამოყენეს. ეს ფილმი კინოს განვითარების ახალ ეტაპად მოიაზრება. ანდა 1927 წლის მუნჯი „ჯაზის მომღერალი“, როცა მაყურებელმა ეკრანიდან სინქრონიზირებული დიალოგი პირველად, თუნდაც ეპიზოდურად, გაიგონა ანუ ფილმში ადამიანისა და მუსიკალური ინსტრუმენტის ხმაცა და „მუნჯი“ ტიტრიც ერთად თანაარსებობს.




მუზეუმი კინოფესტივალების ერთგვარი ორგანიზატორიცაა. იქ გამუდმებით ეწყობა ფილმების ჩვენება (2011 – ში 400 ფილმის ჩვენება–გარჩევა გაიმართა), სასაუბროდ იწვევენ კინოინდუსტრიის ისეთ ცნობილ მოღვაწეებს, როგორებიცაა ბილ კოსბი, ბენ კინგსლი, ლიზა კიდროუ, ჯერი სტილერი, ეროლ მორისი და სხვა. ბოლო სამი თვის განმავლობაში მუზეუმი პროექტ „პირველი ნახვის“ ფარგლებში კრიტიკოსების მიერ მაღალი კატეგორიის ხელოვნებად შერაცხულ ფილმებს აჩვენებდა. მათ შორის დეივიდ კრონენბერგის სხეულის „ფროიდულ“ საშინელებათა, ნორმალურ–არანორმაურობის მითიური „ზღვრის“ ფილმებს.


მუზეუმი მსოფლიოს თუ ადგილობრივ სახელოვნებო თუ არასახელოვნებო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ასეთებია, მაგალითად, The Korea Society (კორეის საზოგადოება), Сzech Center ( ჩეხური ცენტრი), Romanian Cultural Institute New York ( ნიუ იორკის რუმინეთის კულტურის ინსტიტუტი) ანდა NY Disabilityes Film Festival ( ნიუ იორკის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ფილმების ფესტივალი). „მოძრავი ხატის მუზეუმის“ პირდაპირი მისია განათლებაა. აქ სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის მასტერკლასები და პროგრამები შემუშავდება, მათ შორის – საინტერნეტოც. გამოიცემა მულტიმედიური ჟურნალი Moving Image Source (მოძრავი ხატის რესურსი), მუზეუმის მაღაზიაში იყიდება კინოსუვენირები და წიგნები პროფესიონალ თუ არაპროფესიონალ ხელოვნებათმცოდნეთათვის. გამუდმებით ეწყობა სხვადასხვა სახის არც მთლად სინემატოგრაფიული გამოფენები. წელს, მაგალითად, მუზეუმს 100 000 – მდე ადამიანი არაერთგზის გაკრიტიკებული „ჯიმ ჰენსონის ფანტასტიკური სამყაროს“ (მარიონეტების თეატრი) გამო ესტუმრა. ამჟამად მუზეუმში რუმინელი ხელოვანის მირჩა კანტორის ინსტალაციების ეკრანული ჩვენება მიმდინარეობს

მუზეუმში მაისიდან აგვისტომდე დოკუმენტალისტ კაროლაინ მარტელის ინსტალაციათა სერია (თემა – ინდუსტრია/კინო) მოეწყობა. ეკრანული გამოფენა 1903 –დან ვიდრე 1991– წლამდე არსებულ სინემატოგრაფის პოპკულტურულ თუ კანონიკურ „ცნებებში“ საინტერესო მოგზაურობას გვპირდება. თომას ედისონის, ჩარლი ჩაპლინის, ფრანსუა ტრიუფოსა და სტენლი კუბრიკის ფილმების სცენებს „შეერევა“ ისეთი „მასალა“, რომელსაც ოდესღაც „ფანტასტიკას“ ვუწოდებდით, ახლა კი კომპიუტერი და ზოგადად თანამედროვე ტექნიკური ინდუსტრია ქმნის.

მუზეუმის ერთ პატარა დარბაზში მომცრო ეგვიპტეც კი აღმოვაჩინე, თან თანამედროვე „ბარითა“ და თითქმის სფინქსისხელა „ბარვუმენით“. ბუტაფორული სფინქსები მაყურებლის ეგვიპტურორნამენტებიან სკამებს ზევიდან დაჰყურებენ. კედლებზე კი უდაბნოს მომლოცველი აქლემები, ნაწყვეტები „დიკ თრეისიდან“, სკამების რიგში ჩამწკვრივებული უცხოპლანეტელები და ჩემთვის უცნობი და ნაცნობი კინოგმირები დაუხატავთ. ისინი ყველანი თვალდაუხამხამებლად მხოლოდ ერთ კედელს უყურებენ. იმას, რომელზეც ნამდვილი კინოეკრანია გადაჭიმული ...




აპრილი 6, 2012
shokoladi.ge


No comments:

Post a Comment