Saturday, September 22, 2012

გრინვიჩ ვილიჯი, NOH8 და ტოპგოგოები



ამერიკაში ივნისის თვე ტრადიციულად გეიმოძრაობისა და ზოგადად ლგტბ აქტივიზმის თვედაა გამოცხადებული. ქვეყნის პრეზიდენტმა გვამცნო, რომ როგორც წინა წლებში, ამ საარჩევნო 2012 - შიც იგი „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ ადამიანებსა და მათ უფლებებს მხარს კვლავინდებურად დაუჭერს.

2012 24 ივნისის ნიუ იორკის გეიაღლუმში პილიციელები მონაწილეობდნენ

2009 წლის 1 ივნისს ობამამ ზაფხულის პირველი თვე ლგტბ ადამიანების სიამაყის თვედ გამოაცხადა. წელს 24 ივნისს (შარშან სწორედ ამ დღეს ნიუ იორკის გუბერნატორმა ერთსქესიანი ქორწინების დაშვების კანონს ხელი მოაწერა), კვირა დღეს ნიუ იორკში 42–ე გეიაღლუმი ჩატარდა, რომელზეც, როგორც ამბობენ, ნახევარი მილიონი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, ყოფილი სსრკ–დან. მათგან ყველაზე ბევრნი რუსები იყვნენ. ისინი რუსეთში ჰომოფობური კანონმდებლობის მიღებას ტრანსპარანტებით: „რუსეთში გეების საწინააღმდეგო კანონი = სიყვარულის საშიშროებას“, „არ ჩახვიდეთ სანკტ–პეტერბურგში, სადაც გეებს ჩაგრავენ“ და სხვა ანტიფომოფობური ლოზუნგებით აპროტსტებდნენ. წინა დღეს კი მანჰეტენმა ასევე კალენდარულ ღინისძიებას „ემიგრანტთა საერთაშორისო აღლუმს“, იგივე „ეროვნებათა აღლუმს“ უმასპინძლა. აქ იყვნენ ქართველები, რუსები, უზბეკები, ალბანელები, მექსიკელები, ირლანდიელები და კიდევ ათობით იმ ეროვნების წარმომადგენელი, რომელთა მშვიდობიანმა თანაცხოვრებამ ნიუ იორკი და ზოგადად მთელი ამერიკა იმ საარსებო სივრცედ გადააქცია, რომელსაც იგი დღეს რეალურად წარმოადგენს. წლევანდელ გეიმსვლელობაში, რომლის „კურატორი“ მომღერალი სინდი ლაუპერი გახლდათ, მსოფლიო დედაქალაქის მთავარი ჩინოვნიკებიც მონაწილეობდნენ: ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ ქუომო, ქალაქის მერი მაიკლ ბლუმბერგი და ქალაქის საბჭოს წარმომადგენელი ქრისტინა ქუინი. ქალაქის პოლიცია, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ჰომოსექსულებს დევნიდა და აპატიმრებდა არა მარტო მათი სექსუალური ორიენტაციისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ გეები ალკოჰოლს სვამდნენ (ქალაქში „მშრალი კანონი“ მხოლოდ გეებისთვის მიიღეს), მსვლელობას სოლიდარობა გამოუცხადა, ზოგიერთი გეიპოლიციელი კი აღლუმზე თავის შეყვარებულთან ერთად გახლდათ. სხვათა შორის, დიდი ვაშლის ქალაქის საპოლიციო განყოფილება ერთდაერთია მთელს ამერიკაში, რომელსაც სამუშაო კრედო დიდი ასოებით პირდაპირ ავტომობილის კარზე აწერია – Courtonsy, Professionalism, Respect (ზრდილობა, პროფესიონალიზმი, პატივიცემა).

24 ივნისის გეიაღლუმზე სახელმწიფოს წარმომადგენლების ყოფნა სულაც არ გახლდათ ამ მსვლელობის ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი. საქმე იმაშია, რომ წელს მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მილიტარისტულმა დაწესებულებამ თავის ჭერქვეშ 350 გეი და ლესბოსელი სამხედრო მოსამსახურე ერთად შეკრიბა. პენტაგონმა ვაშინგტონში გამართული ოფიციალური მიღებით „გეიაღლუმის თვე“ სახელმწიფო დროშის გვერდით მრავალფერადოვანი დროშების დაყენებით აღნიშნა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იქ შეკრებილთ განუცხადა, რომ ეს ცვლილებები თავისთავად არ მომხდარა, რომ დღევანდელი დღე იმ უბრალო ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც დაირაზმნენ, თავისი უფლებების დაცვა მოითხოვეს და არ შეეგუენ მათ მეორე კლასის მოქალაქეებად აღქმას; აშშ–ის თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ აშშ–ის ჯარის ყველა გეი და ლესბოსელ მოსამსახურეს პერსონალური მადლობა გადაუხადა, ასევე მადლიერებით მოიხსენია ლგბტ სამოქალაქო პირები და მათი ოჯახები, ის ადამიანები, ვინც თავიანთი სიცოცხლე, პროფესიონალიზმი და ვაჟკაცობა ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა და დასძინა: „თქვენ, ვისაც სამხედრო უნიფორმა გაცვიათ, უნდა ამაყობდეთ იმით, ვინც ხართ“; ოცეულის გადამდგარმა ოფიცერმა ქალმა სიუ ფეონტმა კი განაცხადა: იყო გეი, ეს არ არის საკითხი, რომელიც სექსს ეხება, არამედ საკითხია, რომელიც ცხოვრებას, სახლის ყიდვას, შვილების ყოლას ეხება. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის ლიდერებსა და პენტაგონს იმისთვის, რომ ამიერიდან საჯარისო ნაწილებში ლგტბ ადამიანების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომ მათ ისევ აქვთ შესაძლებლობა, ერთგულად ემსახურონ იმ ქვეყანას, რომელიც უყვართ.

პენტაგონში გამართული თავყრილობა, მისი ექსკლუზიურობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ამერიკის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვისაც უპრეცენდენტო მოვლენა გახდა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უფლებრივი თანასწორობა არ გახლავთ აბსტრაქტული იდეა, არამედ არის სრულიად კონკრეტული და რეალიზებადი პოტენციალის მატარებელი, ოღონდაც... იგი ისევ და ისევ დასავლეთის პროდუქტად მოიაზრება. თუ ადრე სამოქალაქო აქტივიზმისა და ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლა არგუმენტირებული დაპირისპირების ბრძოლის ველში და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობის პოლიტიკით მიმდონარეობდა, დღეს ჯარში ლბგტ უფლებების ცნობა და ზოგადად გეიქორწინებების დაკანონება ძალაუფლების/ხელისუფლების ახალი ენით ამეტყველების მომასწავებელია. ეს უკანასკნელი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მმართელი კლასის პოლიტიკური კომპრომისი; გნებავთ, ელექტორატის „მოსასყიდად“ გადადგმული ნაბიჯი; გნებავთ, სექსუალობის კონტროლის, დასტაბილურების თუ შაბლონიზაციის სურვილი; გნებავთ, ადამიანის იდენტობის აღიარების უფრო მეტად გაეფემერების პროცესი. ფაქტია, რომ საკუთარი უფლებებისთვის GAY (Good As You - ისეთივე კარგი, როგორც თქვენ/შენ) აქტივისტების ბრძოლამ თვალნათელი შედეგი გამოიღო და ის, რომ ეს სწორედ ამერიკულ ჯარში მოხდა, აბსოლუტურად გასაგები და ნიშანდობლივია. აშშ–ს არასოდეს ჰყოლია მეფე და შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას მისი რთული ისტორიის განმავლობაში, მწვავე უფლებრივი ბატალიების მიუხედავად, იერარქისადმი ბრმა კერპთაყვანისმცემლობა არასოდეს ახასიათებდა, მაშინ, როდესაც ევროპაში (ბრიტანეთის დედოფლისა და მისი ოჯახისადმი დღესაც პომპეზურად გამოხატული პატივისცემა და ა.შ.) და ზოგადად ბევრ სხვა კულტურაში სახელმწიფოს არსებობის ფორმისთვის დამახასიათებლი იყო (არის და იქნება) ძალაუფლებისადმი ბრმა–აპრიორი პატივისცემა, რომელიც მისი სხვადასხვა დოზით საკრალიზაციით გამოიხატებოდა. თუ აშშ–ში გამოკითხულთა უმრავლესობამ მოქმედი პრეზიდენტის რელიგიური პრეფერენცია არ იცის, საქართველოში ქვეყნის მთავარი მენეჯერის „ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა“ და „ჭეშმარიტი ქართველობა“ მუდმივი და დაუღალავი განხილვის თემაა, მთავარ ოპოზიციონერს კი კისერზე ჩამოკიდებული „ჯვრის“ ჩვენებას პრინციპულად სთხოვენ, რაზეც იგი უყოყმანოდ თანხმდება. ამიტომ საქართველოში საერო და სასულიერო იერარქებში, ერთი შეხედვით დაპირისპირებულ მხარეებს, ხოლო უფრო ღრმა დამზერით კი „ძმაკაცებს“, საკმაოდ ჰარმონიული, არამეზალიანსური ბიზნეს – ტანდემი აქვთ შექმნილი. მედიისა და ამალის თანხლებით კათალიკოს–პატრიარქი პარლამენტში დაბრძანდება, პრეზიდენტი კი – სამებაში. ასე რომ, ძალაუფლების ამ ორი „უზენაესი“ შტოს მიზნები ერთმანეთს საკმაოდ კონგრუენტულად ემთხვევა. მიზანი კი სოცოცხლეზე მეტია. უფრო სწორად, ორი მიზანი, თუმცა ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთის სინონიმებია: ძალაუფლება და ფული.

როცა საუბარია საეროდ წოდებულ სახელმწოფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ანუ იქ, სადაც ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული სახელწმიფოსა და ეკლესიის ფორმალურ– არაფორმალური „ცალცალკეობა“ რეალურად ხორციელდება, იგულიხმება არა ის, რომ ადამიანმა ბეჯითად უნდა ამტკიცოს, რომ ადამიანია („ადამის ნეკნი“ იგივე სექსიზმი, მონათმფლობელობა, ანტისემიტიზმი, ჰომოფობია და სხვა) მის „სულიერებაზე“ შუა საუკუნეების ესპანეთში ეკლესიის მამათა ქალის სულის შესახებ მსჯელობის მსგავს „საბირჟო გარჩევისას“, ხოლო „ვინ ჯგუფს“ მიკუთვნებულობის დამტკიცების „სასამართლოს პროცესის“ მოგება წონიან არგუმენტაცია–ადვოკატზეა დამოკიდებული, არამედ ის, რომ უკვე დღეს, XXI საუკუნეში რამდენად წინააღმდეგობრივი, სოციალურად სამართლიანი და ცივილიზებულია ცნება „შემწყნარებლობა“ (ტოლერანტობა), რომელიც ტერმინოლოგიურად თავის თავშივე უმრავლესობისა და უმცირესობის ეგზისტენციალურ კონფლიქტურ ურთიერთობას მოიაზრებს. გამოდის, რომ არსებობს ვიღაც, რომელიც თანდაყოლილად კეთილია, ანდა მოგვიანებით გაკეთილშობილდა და შეიწყნარებს იმას, ვისაც სიკეთით სარგებლობის უფლება ზეგარდმო –ზემოდან უნდა მიეცეს; ანუ არსებობს ვიღაც, ვინც ამ საზოგადოებრივი სიკეთით სარგებლობის რიგში უნდა ჩადგეს და მას ეს „ხეირი“ მაშინ მიეცემა, თუ მწყალობელი პატერნალისტურ ხასიათზე ბრძანდება. აშშ–ის შემთხვევაში, სადაც „მეფისა და სულიერი პატრიარქის“ ჰეგემონია ისტორიულად გამოტოვებული ფაზა გახლავთ, ქვეყანაში ადამიანთა მარგინალური ჯგუფების სტატუსის აქტუალიზება უფლებრივი თანასწორობისთვის ყოველდღიურად მებრძოლი რევოლუციონერ–ევოლუციონერების დამსახურებას წარმოადგენს. ამისთვის კი საკმარისი არაა სტიქიური ბუნტები და ანარქიული მუხტი, სამზარეულოს მაგიდასთან ამოხეთქილი გულწრფელობების ნაკადები და სნობური ვაი–ვიში, არამედ მიზანსწრაფული სოციალური ჯგუფები, რომლებმაც კარგად იციან, რა უნდათ. ამერიკის ისტორია ამის ყველაზე ნათელ მაგალითებს მრავლად იძლევა: პროფკავშირები; სუფრაჟისტები; როზა პარკსი, მართინ ლუთერ კინგი და ანტირასისტული მოძრაობა; პაციფისტები; ჰიპები; ჰარვი მილკი და სტოუნვოლის ამბოხებები; ედვარდ რობერტსი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ადამიანების ანტიდისკრიმინაციული აქციები. და არამც და არამც – ძალაუფლების მოწყალების პროტაგონისტები, რადგანაც კანონი, რომელიც, ერთი შეხდევით, „ლიბერალური სმობიზმის“ გავლენითაც შეიძლება იქნას მიღებული, უმოქმედო, ანდა სულაც მკვდარია, თუ თავად მისი პოტენციური „მომხმარებლები“ და მათი სიმპაზანტები მას არ აამოქმედებენ, არ გააცოცხლებენ. 1973 წელს, როცა ამერიკამ ე.წ. რეაბილიტაციის აქტი მიიღო, სადაც ცალკე პუნქტად შშმ–თა ანტიდსკრიმინაციული ტექსტიც ჩაიწერა, უკვე კოსმოსში, უფრო სწორად, „მთვარეზე გაფრენილ“ ამერიკაში შშმ –თა მიმართ დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულება არსებობდა, როგორიც ამჟამინდელ საქართველოშია. მაგრამ კანონის ამოქმედება თავად იმ ადამიანებმა შეძლეს, რომლებსაც სწავლისთვის, მუშაობისთვის, დაოჯახებისთვის, გართობისთვის, ცხოვრებისთვის ადაპრიტირებული შენობები სჭირდებოდათ. ისინი პანდუსების არარსებობის გამო სასამართლოში ჩიოდნენ, პროცესებს იგებდნენ, მთელი ამერიკის მაშტაბით კი პროფესიონალი თუ მოხალისე მუშაკებისგან შემდგარი სამშენებლო ბრიგადები კომპლექტდებოდა, რომლებიც ქუჩებში პანდუსების „დაყენებას“ თავად იწყებდნენ.

ამჟამად აშშ–ის პროფესიულ ჯარში (რეზერვისტთა გარეშე) მილიონნახევარამდე სამხედრო მსახურობს. აქედან, „სამხედრო მოსამსახურეთა ადვოკატირების ქსელის“ მონაცემებით, 66 ათასი გეი და ლესბოსელია. 1993 წელს, მანამ, სანამ ბილ კლინტონის მიერ მიღებული და კონგრესის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი „არ იკითხო, არ უპასუხო“ ძალაში შევიდოდა, სამხედრო ფორმირებებიდან „არასწორი სექსუალური გემოვნების“ მქონე 14 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს. დღეისათვის კი ამერიკელ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ღიად შეუძლიათ თავიანთი სექსუალური იდენტობა დააფიქსირონ და არავის აქვს მათი დაცინვის, აბუჩად აგდების (ბულინგი), მით უმეტეს, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ანდა პენსიაში გასვლისას მათი დისკრიმინაციის უფლება.




კვირას გამართული გეიაღლუმი, რომელიც ხალისიან, ჭრელა–ჭრულა, პომპეზურ კარნავალს უფრო ჰგავდა, ვიდრე საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლთა წინააღმდეგობის ფრონტს, ნიუ იორკის მეხუთე ავენიუდან „ვესტ ვილიჯისკენ“ დაიძრა. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ მსვლელობა „გრინვიჩ ვილიჯთან“ (ვესტ ვილიჯის მეზობლად) არ დასრულდა. საქმე იმაშია, რომ ნიუ იორკის ეს ძვირადღირებული, ელიტური უბანი, რომელიც საუკუნეზე მეტია არტისტებისა და ბიზნესმენების, ამერიკული ბოჰემის სამოთხედ ითვლება; რომელიც ბიტნიკებისა და „ფოლკ–როკის“ ადგილის დედაა, ფაქტობრივად, აშშ–ის გეიმოძრაობის წარმოშობის ადგილადაა მიჩნეული. 1960– იანების ბოლოს „გრინვიჩ ვილიჯში“, ქრისტოფერ სტრიტზე მდებარე ბარში სახელწოდებით Stonewall Inn („ობსტრუქციის ბინა“) ღარიბი და ყველაზე ღარიბი ფენის სექსუალური უმციროსობების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ბარში არ იყო დაცული არც სანიტარული (ონკანში წყალი არ მოდიოდა) და არც სახანძრო უსაფრთხოების წესები და თანაც იგი იტალიურ მაფიას ეკუთვნოდა, რომელიც პოლიციის ზოგიერთ ჩინოვნიკთან კორუფციული გარიგებით იყო დაკავშირებული. იქ ძირითადად ცეკვავდნენ მამაკაცი მეძავები, ნარკომანები და ალკოჰოლიკები, თუმცა ბარი ხანდახან ლესბოსლებისადმიც იჩენდა სტუმართმოყვარეობას. 1960 – იან წლებში, როცა ამერიკელების სამოქალაქო აქტივიზმი საკმაოდ დინამიკური, კონფრონტაციული იყო, „გეი თემის“ წარმომადგენლები თავიანთი უფლებების დასაცავად არც ისე ძლიერ აქტიურობდნენ და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ღიად არ გამოდიოდენენ. ვუდსტოკის სამუსიკო ფესტივალის გამართვისა და მთვარეზე გაფრენის წელს, ანუ 1969 – ში, 28 ივნისის გამთენიისას, პოლიცია „სტოუნვოლში“ შეიჭრა და ბარის ვიზიტორების დაპატიმრება დაიწყო. აი, სწორედ იმ დღეს იქ შეკრებილმა „ანარქისტებმა“ წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს, ბარს შიგნიდან ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციელებს სცემდნენ, აგურებსა და ბოთლებს ესროდნენ. ხმაურზე კი გარეთ, ქუჩაში შეკრებილმა ხალხმა მათ მოულოდნელად სოლიდარობა გამოუცხადა (რასაკვირველია, მათ შორის სეირის მაყურებელებიც იყვნენ) და სტოუნვოლის ამბოხი „გრინვიჩ ვილიჯის“ სხვა უბნებსაც მოედო. იმ დღეს ორდინარული დაპატიმრების პროცედურა კონტროლიდან გამოვიდა და სისხლიან არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა... გეი–კვარტლის ბინადრები მიხვდნენ, რომ საკუთარი უფლებების დაცვისთვის მათ ერთმანეთს შორის ქონებრივი და სხვა სახის განსხვავებულობა როგორმე უნდა დაეძლიათ, უნდა გაერთიანებულიყვნენ და აქტიური მოქმედების საერთო ტაქტიკა შეემუშავებინათ: მათ უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ცენტრების, მომხრეთა ჯგუფების, მედიასაშუალებების ოპერატიულად შექმნა დაიწყეს. გაჩდნენ „მარგინალიზებული სექსუალობის“ მხარდამჭერი კრეატიული ჯგუფებიც, რომლებიც, მათ შორის ფსიქიატრიულში, ამ ადამიანების ძალმომრეობით მკურნალობას აპროტესტებდნენ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამერიკას აქა –იქ სტოუნვოლამდეც გამოხატული გეიპროტესტიც ახსოვს. მაგალითად: სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის თეთრი სახლის წინ გამართული ერთჯერადი და ხანმოკლე აქციები. გასათვლისწინებელია, რომ ეს ის საკმაოდ რთული პერიოდია, როცა აშშ–ის 20 შტატში ჰომოსექსუალიზმზე ეჭვის გამო ადამიანი შეიძლება ქუჩაში დაეპატიმრებინათ, ანდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განეთავსებინათ... ამბოხების ერთი წლის თავზე „გრინვიჩ ვილიჯში“ გამართული გეიაღლუმი ამერიკაში კი არა, მთელს მსოფლიოში პირველი გეიაღლუმი გახდა. მომდევნო წლებში იგი ევროპასაც „გადაედო“. თუმცა დღეს მეგაპოლისში ლგტბ სუბკულტურის, ერთსქესიანი ქორწინების, უკვე გამეინსტრიმებულპოლიტიკიანი სოციალური ჯგუფების არსებობის მიუხედავად, ტრადიციული სტიგმატიზაციისა თუ თვითსტიგმატიზაციის გამო არაერთი ადამიანი კვლავ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, რაც ისევ და ისევ იმაზე მიუთითებს, რომ იდენტობა, ისევე როგორც თავისუფლება, საძნელო საქმეა.


ამერიკა 30 ივნისს უკვე მესამე წელია სოციალური მედიის დღეს აღნიშნავს. უახლესი თაობის გლობალიზაციის, ინტრნეტის ეს ღვიძლი შვილი ფასიან და უფასო ინტერნეტ გაზეთ–ჟურნალ – რადიო – ტელევიზიას, ბლოგ–მიკრობლოგებს, სოციალურ ქსელებს, „ვიკიპედიასა“ და სხვა ინეტ ენციკლოპედიებს და ცნობარებს, ვირტუალურ თამაშებს, გაცნობის საიტებს, მესინჯერულ სისტემას, ბლოგინგს (ვიდეობლოგინგი), ონლაინსორსინგსა და ვირტუალურად ინფომაციის გაზიარების სხვა სისტემებსა და ტექნოლოგიებს აერთიანებს. სოციალური ქსელებით უფრო სწრაფად ვრცელდება აუდიო, ვიდეოინფორმაცია. მობილურით გადაღებული სახალისო, სევდიანი თუ კრიმინალური ფაქტის ფოტო თუ ვიდეოდოკუმენტის ინეტში ატვირთვა უმალვეა შესაძლებელი და, აქტუალურობისდა მიხედვით, იგი ერთ საათში ასობით კი არა, ათაიათსობით, ხანდახან მილიონობით ადამიანის მხედველობის არეში შეიძლება მოექცეს. ასე მოხდა, როდესაც 2009 წლის 20 ივნისს თეირანში საპროტესტო აქციის დროს სნაიპერის მიერ მოკლული ნედა აღა – სოლთანის სივდილის კადრები მთელმა მსოფლიომ ლამის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში იხილა. ამიტომ სოციალურ მედიაში განთავსებულმა ინფორმაციამ არა მხოლოდ ფეისბუკური აღშფოთება, არამედ რეალური პროტესტიც შეიძლება გამოიწვიოს. სოციალური ქსელებით შესაძლებელია არა მარტო საჭირო ხელოსნის, ძიძის ან რესპონდენტის მოძიება, არამედ სკოლაში ბავშვის დასჯის ინციდენტის, ოჯახში ძალადობის, ადამიანთა ბულინგის, ხელისუფლების პრო–კონტრა გუნდების მდგომარეობის, პოლიტიკური თუ კულტურული „ივენთების“ პროგრამის, მათი კრიტიკა–ლანძღვისა და ქება–დიდებისთავის თვალყურის მიდევნება, კოალიციებისა და ასოციაციების შექმნა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანის პოვნა, მათ შორის, შემთხვევით; ინტერესების მიხედვით დაჯგუფება; სიყვარულისა და თანაგრძნობის, სიძულვილისა და იგნორირების შეგრძნება – გამოხატვა. აშშ–ში, ტრადიციულ მედიაში ჟურნალისტისა თუ ამა თუ იმ ექსპერტის სოციალურ ქსელში არსებული მისამართი ღიად ფიქსირდება; სახელსა და გვარს, პროფესიას ადამიანის ფეისბუკურ -თვითერული ID–ის მითითება მოსდევს. ლოკალურად თუ გლობალურად სოციალური მედია შეიძლება გახდეს რეალური მედიატორი სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების წარმოჩენებისთვის და ერთგვარი სახალხო დიპლომატიც, რომელიც მოწოდებულია უფრო მეტი ღიაობისკენ, რადგანაც იგი ინტერაქტიული კომუნიკაციის უწყვეტ არხს ქმნის, სადაც ნებისმიერი სახის უკუკავშირს უნდა ელოდო, მაგრამ... ამავე დროს, გასათავლისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი „მაგრამ“, რომ ღიაობა უფრო მეტი მოწყვლადობისა (ჰაკერების შეტევები და ვირტუალურ სივრცის არსებობის სხვა ნეგატიური გვერდითი მოვლენები) და „გახსნილებით“ მანიპულირების საფუძველი შეიძლება გახდეს. იგი ასევე მყისიერად დეზინფორმაციის, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დისკრედიტაციისა და ასოციალურობის ყველაზე ძლიერ საშუალებადაც შეიძლება გადაიქცეს. ამავე დროს, არსებობს წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელმაც ქსელის რიგითი მომხმარებელი სოციალური მედიის ვირტუალურ მოქალაქედ შეიძლება გადააქციოს, ავადმყოფურად მიიჯაჭვოს, დამოკიდებული გახადოს, რეალობაზე ილუზორული წარმოდგენის შექმნა და დეზორიენტაცია, დესოციალიზაცია გამოიწვიოს. „არაბული გაზაფხული“; რუსული ოპოზიციის მობილიზება ცნობილი ბლოგერის გარშემო; თბილისში გუდიაშვილის სკვერის „ამბები“; ანტისექსტისტური აქციები; საქველმოქმედო მარათონები თუ შეხვედრა ცნობილ და საინტერესო ადამიანთან, რომლებთანაც „ცოცხლად“ გასაუბრება გახდა შესაძლებელი, გარკვეულწილად, სწორედ რომ სოციალური მედიის დამსახურებაა და, მგონი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაზე კომფორტულად, სწორედ სოციალური მედიის ტერიტორიაზე გრძნობს თავს.











აშშ–ში 2008 წლის 4 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია NOH8 (www.noh8campain.com) შეიქმნა. მისი მიზანი სოციალური მედიის საშუალებით ადამიანთა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება, განათლება და ადვოკატირებაა. NOH8 ერთი ადამიანის – ცნობილი ფოტოგრაფის ადამ ბოუსკას ჩანაფიქრია და თავისი შინაარსით სოციალური მედიის საშუალებით გამოხატულ პროტესტს წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ ტრადიციულად გეიშტატად მონათლულმა კალიფორნიის ხელმძღვანელობამ 4 წლის წინათ გადაწყვიტა შტატის კონსტიტუციაში კანონპროექტის სახით ისეთი შესწორება (მას „კანონპროექტი 8“ ეწოდა) შეეტანა, რომელიც ერთსქესიან ქორწინებას აკრძალავდა. ადამ ბოუსკმა შექმნა ვიზუალური პროტესტის ნიმუშები – სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, ჩვეულებრივი და „სელებრითი“ ამერიკელების ფოტოპორტრეტები, რომლებსაც სახეზე შავ–წითლად NOH8 ეწერათ, ხოლო პირზე ვერცხლისფერი სკოჩი ჰქონდათ გადაკრული. ვინც კი ამ ორგანიზაციის სულისკვეთებას იზიარებდა და თანახმა იყო, მისი სახე ვიზუალური პროტესტისთვის „მიეძღვნა“, მის ლოყას პროტესტს ახატავდნენ, ფოტოს უღებდნენ და ორგანიზაციის საიტზე დებდნენ. საიტზე ამ დროისთვის დაახლოებით 20 ათასზე მეტი ადამიანის სახეა განთავსებული. ამავე დროს Youtube -ზე ატვირთულია NOH8 – ის პიარის შემცველი არაერთი კლიპი. საიტს, პორტრეტების გალერეის გარდა, თავისი ბლოგიც აქვს, იგი არსებობს ყველა სახის სოციალურ ქსელში, მათ შესახებ პრესა წერს, რადიო აშუქებს, აქტივისტებს ტელევიზიაში იწვევენ, მათ შორის კონსერვატული შეხედულებების მქონედ ცნობილ ტელეარხ Foxnews –ზე. ორგანიზაცია აწყობს ღონისძიებებს, მოგზაურობებს მთელი ამერიკის მაშტაბით და თავის საიტზე ფოტოსესიების განრიგს – თარიღსა და ადგილს (შტატი, ქალაქი, ფოტოსტუდიის ზუსტი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია) აქვეყნებს. ზოგან ფოტოსესიები ფასიანია: ერთი ადამიანის გადაღება და საიტზე განთავსება 40 დოლარი, მაგრამ თუ მსურველთა ჯგუფია ან მოპროტესტე ერთზე მეტია, მაშინ ფოტოპროცედურა 25 დოლარი ჯდება. თანხა ორგანიზაციის საარსებო ხარჯებსა და საქველმოქმედო აქციებს ხმარდება. საიტს აქვს ონლაინ მაღაზია, სადაც ორაგნიზაციის ლოგოიანი ბრასლეტების, ძეწკვიანი კულონების, ჭიქების, მაისურები,ს ქუდების, ნაჭრის ზურგჩანთებისა და სხვა აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი. NOH8 მონაწილეობს სხვადასხვა პროფილის მქონე ორანიზაციების ღონისძიძიებებშიც, მაგალითად, „სან ფრანცისკოს შიდსის პრევენციის ორგანიზაციის“ აქციაში. 22 მაისს კალიფორნიაში აღნიშნულ ჰარვი მილკის დაბადების დღეს NOH8 კონექტიკუტის შტატში გაემგზავრა და იქ ერთ–ერთ ბიბლიოთეკაში ფოტოსესია მოაწყო. ამ სოციალურ მედიას 600 ათასზე მეტი მხარდამჭერი – ვიზიტორი ჰყავს. NOH8 –ს გულშემატკივრები ევროპაშიც გაუჩნდა, მათ შორის ბრიტანეთში, სადაც პროტესტის გამოსახატავად ასევე სახის „მხატვრობის“ ხერხს მიმართეს. აღლუმების, მცირე მარშებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების დროს კი ფოტოსესია უფასოა. პროექტი NOH8 წარმატებული სოციალური მედიის ერთ – ერთი ნათელი მაგალითია, რომელიც არა მარტო ლიბერალური ღირებულებების გავრცელების, არამედ სხვადასხვა დონეზე ამ ღირებულებების დამკვიდრების ეფექტურ საშუალებადაც გადაიქცა.

26 ივნისს ნიუ იორკის მერვე საარჩევნო უბანზე, სადაც რუსულენოვანი ემიგრანტებიც ცხოვრობენ, კონგრესმენის ადგილისთვის კენჭს ორი აფრო–ამერიკელი დემოკრატი კანდიდატი იყრიდა. ერთ–ერთი გახლდათ 2005 – ში ნიუ იორკის მერობის კანდიდატი, აფრო–ამერიკელთა და ღარიბთა უფლებების დამცველი, მაგრამ ამავე დროს ცნობილი ანტისემიტი, კადაფისა და მუგაბეს თაყვანისმცემელი, „შავი პანტერების“ ყოფილი წევრი ჩარლზ ბარონი, რომელიც ლგტბ უფლებებს, თავისი ხასიათის განწყობისდა მიხედვით, ხან არ იცავს, ხან – იცავს. ხან ჰომოფობია, ხან – ჰომოფილი. არჩევნებამდე არა მარტო ტრადიციული, არამედ ახალი თაობის მედია, მათ შორის რუსულნოვანი, ანტიბარონული „სარეკლამო“ განცხადებებითა და კლიპებით იყო სავსე. შედეგმა არ დააყოვნა. მედიის „ორ ფრონტად“ აგორებულმა ნეგატიურმა ტალღამ, ფაქტობრივად, ბარონს წინაასაარჩევნო კამპანიისთვის საჭირო თანხის მოგროვებაში ხელი შეუშალა და, ბუნებრივია, მან არჩევნებში თავისი მეტოქე ვერ დაამარცხა (ბარონმა ხმათა 28 პროცენტი მოაგროვა). ასე რომ, სავარაუდოდ, სოციალურმა მედიამ ამ კაცის ელექტორალური ხმების ერთი ათეული პროცენტით (თუ მეტით არა) დაქვეითებაში თავისი წვლილი შეიტანა.

აშშ–ში 2012 წლის იანვარში სწორედ რომ სოციალური მედიის (Facebook, Twitter, Wikipedia, Reddit, WordPress და სხვა ონლაინრესურსები) აქტიურობის შედეგად შესაძლებელი გახდა მთავრობის დონეზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი დრაკონული კანონპროექტების “შეაჩერე ონლაინ პრივატულობის აქტისა“ (Stop Online Piracy Act –SOPA) და „დაიცავი ინტელექტუალური საკუთრების აქტის“ (Protect Intellectual Property Act – PIPA) დაბლოკვა. Google-ში შექმნილ საპროტესტო პეტიციას შვიდმა მილიონმა ადამიანმა უმოკლეს დროში ხელი მოაწერა, Craigslist–სა და Tumblr– ის საშუალებით 200 ათასი სატელეფონო ზარი განხორციელდა, ხოლო „თვითერით“ წინააღმდეგობას 2,4 მილიონი ადამიანი შეუერთდა. პროტესტის ნიშნად „გუგლმა“ ერთი დღით თავისი პირველი გვერდი გააშავა, 1000 –ზე მეტი ადამიანი კი ფიზიკურად საპროტესტო აქციაზე ქუჩაში შეიკრიბა. შედეგად ლამის 48 საათში ინეტის რესურსების საზრიანად და ოპერატიულად მობილიზებით შესაძლებელი გახდა ლობისტებისა და პოლიტიკოსების მიერ დასამტკიცებლად „კოხტად“ გამზადებული კანონპროექტების დაბლოკვა. რაც შეეხება 2008 წლის არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებას: კალიფორნიაში სილიკონის ველის წარმომადგენლებთან მის ვიზიტებს უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. როცა საუბრობენ ობამას აფრო–ამერიკელობასა და აშშ–ის მიერ რასიზმის დაძლევის „ოფიციალურად გამოცხადებულ ქრონკაზე“, რატომღაც ავიწყდებათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ობამამ სოციალური მედია თავის მეტოქე რესპუბლიკელ ჯონ მაკქეინზე გაცილებით კარგად, პროფესიონალურად გამოიყენა და დემპარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენამდეც ალღო აუღო იმას, რომ სოციალური მედია იდეების პიარისა და ადამიანთა კომუნიკაციის ყველაზე სწრაფი, იაფი, დემოკრატიული, მასობრივი და „ახალგაზრდული“ საშუალება გახდებოდა. მისი „კოზირი“ Twitter–ი გახდა, სადაც მომავალ პრეზიდნტს 15 მილიონი Follower–ი (გამყოლი, თანამგზავრი) ჰყავდა... იგი დღესაც (რასაკვირველია, მისი გუნდის დახმარებით) ასევე ძალიან ოპერატიულად იყენებს Fasebook–ს, Google + სა და Youtube – ს. გაორმაგებულად – წინასაარჩევნო პერიოდში.

დღეს სოციალური მედია არა მარტო საჭირო იმიჯის, თვითდამკვიდრების, პროფესიული კარიერის შემქმნის საშუალება, არამედ – მისი დამანგრეველიც შეიძლება გახდეს. 2011 წელს დემოკრატი კონგრესმენი ენტონი უინერი (მისი მეუღლე ჰუმა აბედინი ჰილარი კლინტონის თანაშემწეა) Twitter–ით თავისი „უცენზურო“ სურათების დაგზავნას შეეწირა. სიციალური მედია (Craigslist და სხვა მულტიპროფილის ვებგვერდები) სამართლადამცავი ორგანოების მიერ კრიმინალებისა და კრიმინალური დაჯგუფებების (მაგალითად, ტრეფიკერები, პედოფილები, სუტენიორები) გამოჭერის, თვალთვალისა და მათი დაპატიმრების საბაბი გამხდარა. არაერთ საჯარო პირს შექმნია პრობლემა საციალურ მედიაში ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ რეალურად ქსენოფობური, სექსისტური, ჰომოფობური კომენტარებისა თუ უკბილო, მდარე ხუმრობების გამო. ასე რომ, ისევე როგორც ზრდილობის პოლიტკორექტული წესები ოფიციალური პრესკონფერენციების, „სფიჩების“ თუ ინტერვიუების დროს სავალდებულოდაა დასაცავი, ასევე სოციალური მედიაც ეთიკური კოდექსისგან ვერ და არ იქნება თავისუფალი.

არც ისე დიდი ხნის წინ აშშ–ის ყველაზე ცნობილმა მულტნაციონალურმა კომერციულმა კომპანიამ Amazon.com –მა (1994 წ.) სოციალური მედიის ხელმძღვანელის თანამდედობა ოფიციალურად შემოიღო. ამ ადამიანის მოვალეობაში ვებსაიტის პროგრამული უზრუნველყოფა, სოციალური ქსელების მობილიზაცია და ელექტრონულ ქსელში ვიდეოს, ანიმაციის, „ქინდლითა“ და სხვა ელექტრონული „წიგნებით“ კითხვისა და სხვა ინტერაქტიული კონტენტის დამატება შედის. კომპანიამ „პროდუქტის“ შეფასებისას ფეისბუკი და სხვა სოციალური ქსელებით Like–ისა და ზოგადად რეკომენდაცია – მესიჯების დატოვების ფუნქცია დაამატა. მაგრამ როგორც კი ეთიკის ნორმას „გადააბიჯა“, ფავორიტი კომპანია კრიტიკის ქარცეცხლში მაშინვე მოექცა. საქმე იმაშია, რომ „ამაზონმა“, რომელმაც ბიზნესი წიგნების ონლაინ გაყიდვით დაიწყო, ორი წლის წინ თავის ვებზე პედოფილიის სახელმძღანელო განათავსა. ეს 4.79 დოლარად შეფასებული ელექტრონული წიგნი „დახლიდან“ განა მხოლოდ იმის გამო გაქრა, რომ სატელევიზიო ნიუსებში მოხვდა, არამედ იმის გამოც, რომ „ვირტუალური ადამიანების“ აღშფოთება საკმაოდ დემონსტრატიული და მრავალრიცხოვანი იყო. იდენტიფიცირებული ვიზიტორები საიტზე წიგნის ფოტოიმიჯის ქვეშ წერდნენ, რომ აღარაფერს იყიდდნენ “ამაზონიდან“, რომ აღშფოთებული იყვნენ საიტის მესვეურების თავხედობით, ფეისბუკზე კი ოპერატიულად გაჩნდა ჯგუფი „ბოიკოტი Amazon-ს პედოფილიის სახელმძღვანელოს გაყიდვის გამო“, რომელსაც ძალიან მალე 7 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

2008 წლის აგვიტოს ომის დაწყებისას ერთ–ერთი პირველი კი არა, ვგონებ, ერთადერთი პირველი, ვინც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის აგრესიის დაგმობის ინგლისურენოვანი პეტიციით მიმართა, გახლდათ აშშ–ში მცხოვრები ქართელი სტუდენტი ვასილ ჯაიანი. მასთან ინტერვიუ ოპერატიულად ჩავწერე და საპროტესტი ტექსტი თავის ვებმისამართიანად პრესაში უმალ დაიბეჭდა. ამ პეტიციის „ოდნოკლასნიკებით“, ფეისბუკით თუ იმ დროისათვის სხვა ხელთ არსებული ოპერატიული ინეტ–საშულებებით გავრცელების მიუხედავად, ხელისმომწერთა რაოდენობამ, სამწუხაროდ, რამდენიმე ათასსაც კი ვერ მიაღწია. იგივე ბედი ეწია პეტიციას სოჭში ოლიმპიადის დაუშვებლობის თაობაზე. წელს ამერიკულმა პორნოჟურნალმა Hustler თავის ერთ–ერთ ნომერში მწერლისა და პუბლიცისტის სარა ელიზაბეთ კუპის დამამცირებელი ფოტოშოპირებული სურათები განათავსა. ამას მედიით არაერთი აღშფოთებული გამოძახილი და Hustler-ის საწინააღმდეგო ონლაინ პეტიციის შედგენა მოჰყვა (ხელი მას მეც მოვაწერე). ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის, მსახიობმა ვუპი გოლდგერბმა, ჟურანლისტმა ბარბარა უოლთერსმა სიტყვისა და თავისუფლების ყოვლად მიუღებელი სექსისტური გამოვლინება ღიად დაგმეს. 2008 წლის ოქტომბერში ინეტრნეტში გაჩნდა რუსეთის პრეზიდენტისადმი ციხეში მყოფი მიხეილ ხოდორკოვსკის ფეხმძიმე თანამშრომლის სვეტლანა ბახმინას გათავისუფლების, შეწყალების თხოვნის შემცველი წერილი (ხელი მას მეც მოვაწერე), რომელსაც 7 თვის განმვალობაში 96 ათასზე მეტი ადამიანი შეურთდა და სულაც არაა გამორიცხული, რომ ამ ქალის გათავისუფლება სოციალურ ქსელში გაჩენილმა წერილმაც შეუწყო ხელი. პირადად მე უკვე აღარ მახსოვს, რამდენ უფლებადაცვით (ეკოლოგიურ, კულტურული მემკვიდრეობის შემნარჩუნებელ და ა.შ) ონლაინ – პეტიციას მოვაწერე ხელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიმართვის ინიციატორთაგან არაფერი ვიცი გადაწყვეტილების მიმღებთა გადაწყვეტილებაზე მოხდენილი ეფექტის შესახებ, ანდა ზოგადად იმაზე, თუ რა მოჰყვება ხოლმე საქართველოში ამგვარ საპროტესტო ვირტუალურ წერილებს; რამდენად წონადია მათი გავლენა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე; არიან თუ არა ისინი მხოლოდ პეტიციათა სტატისტიკის სტატისტები თუ სამოქალაქო დინამიკურობის შემქმნელები, თუნდაც ერთი შეხედვით –უხილავ ტრიგერების როლში მყოფებად მოგვეჩვენონ? ადამიანის უფლებების უნივერსალობის მიუხედვად, სამწუხაროდ, ყველა დროში პოლიტიკურ–ეკონომიკური რეალობა ყოველთვის იქნება გასათვალისწინებელი, თუმცა სწორედ რიგით ადამიანებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დომინირებადი იქნება ეს პოლიტ–ეკონომიკური კონტექსტი. ამგვარი რეალობის ყველაზე ნათელი მაგალითია ჩინეთისა და მის გარშემო შექმნილი „აურა“. ფაქტია, რომ ჩინეთს იქ მასობრივად უფლებების დარღვევის გამო არავინ დაუწესებს სანქციებს, 2008–ში პეკინში ოლიმპიადის ჩატარების კანტიკუნტად გაპროტესტებას შედეგი არ მოჰყოლია, ჩინური პრიდუქტი კი კვლავ ყველაზე სარფიანად და მასობრივად იყიდება, აშშ–ს კი ჩინეთის ტრილიონობით ვალი მართებს... ეს მხოლოდ ვალერია ნოვოდვორსკაია და მისი მსგავსი ადამიანები სამართლიანად ხისტი პრინციპის გამო არ ყიდულობენ ჩინურ პროდუქტს. მართალი გითხრათ, ერთი პერიოდი მეც გადავწყვიტე, რომ ასე მოვქცეულიყავი, მაგრამ აშშ–ში აღმოაჩინო პროდუქტი, რომელსაც არ აწერია Made in China, ისეთივე რთული აღმოჩნდა, როგორც თივის ზვინში ნემსის პოვნა (რაც მოვიძიე, ის მე არ მჭირდებოდა, ან არ მომწონდა, ან ძალიან ძვირი იყო) და ამიტომ ორკვირიანი უშედეგო ძიებისა და გაწბილების შემდეგ პოსტპოსტმოდერნულ ნეორეალიზმს დაწყნარებული სინდისით შევეგუე...

საქართველოშიც, თუმცა სპორადულად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ორგანიზებული პროტესტის გამოხატვა, მათ შორის სოციალურ მედიაშიც. თუმცა ეს პროტესტი ხშირად სოლო პარტიას ჰგავს და იგი ძირითადად სტატიებისა და ბლოგების წერით, ინტერვიუების მიცემით თუ „ტოქშოუებში“ მონაწილებით შემოიფარგლება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოზიცია–ოპოზიციის დისკურსის არსებობა, არამედ ის, რაც პოლიტიკური ეგზისტენციის და პოლიტიკური სიმპათია–ანტიპათიის ველს გარეთაა. ანუ არაპარტიულ–ზეპარტიულია და არც არასოდეს იყო პარტიის, ეკლესიის, მემარცხენე–მემარჯვენე „ბიზნესის“ ფრთებქვეშ შეყუჟული მოწყალებისა და დონაციის მომლოდინე „ბენეფიციარი“. ეს არის სეკულარულ საზოგადოებაში არსებული ადამიანის უფლებები, როგორც ღირებულება და ზოგადად სამართლიანობის პასუხისმგებლობიანი, ჯანსაღი აღქმა და არა ფაშისტური, ბოლშევიკური თუ ოლიგარქული „ყავისფერ – წითელ – ვარდისფერ“ სათვალეებიანი ალუზია–რეალობის ვარიაციები, რომელსაც ვერც ერთი პოლიტიკური ძალა თუ რელიგიური მიმდინარეობა სათავისოდ ვერ და არ უნდა იყენებდეს, თუ ქვეყანაში სამოქალაქო ცნობიერება რეალურად არსებობს და თუ რეალურად არსებობს არა „ქვეშევრდომის“, არამედ „მოქალაქის“ ცნება არა მისი თეორიული, არამედ სწორედ რომ პრაქტიკული ვიტალური ბერკეტებით.



საქართველოში სოციალური მედიით გავრცელებული პროტესტის მაგალითია გადაცემა „ქალური ლოგიკის არსებობის“ გაპროტესტება როგორც ტელეარხ „იმედის“ შენობის წინ, ასევე სოციალურ ქსელში, გადაცემის ფორმატის შეცვლის მომთხოვნი პეტიციის გავრცელებით. სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ სექსისტურ რეკლამას, ქალთა საპროტესტო „იმიჯები“ კი ფოტოგრაფმა შექმნა და ისინი ყველაზე ოპრატიულად სწორედ სოციალური ქსელით გავრცელდა. თუმცა პროტესტი არ იყო ძლიერი და სადაზღვევო კომპანიას არც კლიენტების შემცირების შეშინებია, შესაბამისად, სექსისტური რეკლამა არ შეწყვიტა და, სავარაუდოდ, იგი თავის საბაზრო მიზოგინიას კვლავ ამოატივტივებს. თუმცა სურვილის შემთხვევაში ჩვენ საკმაოდ ოპერატიულად შეგვიძლია პროტესტის გამოხატვა. ქართულ მედიასივრცეს ახსოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობით ინიცირებული საპროტერსტო ვიდეოკლიპები. წლების წინ „თავისუფლების ინსტიტუტის“ თანამშრომლის ძმა, რომელიც შევარდნაძის სიძის თანამფლობელობაში მყოფ კომპანია „მაგთიკომში“ მუშაობდა, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი მას სოლიდარობა მაშინვე გამოუცხადეს და კონკურენტ კომპანიაში „ჯეოსელი“ დემონსტრატიულად გადავიდნენ.


სამწუხაროდ, ქართული სოციალური, ისევე როგორც ტრადიციული მედია, სნობიზმისგან, ტენდენციურობისგან, „სასტავობისგან“ (მათ შორის – პოლიტიკოსებთან) და „გლამურ–სელებრითის“ როლის მორგების ცდუნებისგან თავისუფალი არაა. იგი, ჩემი სუბიექტური აზრით, რასაკვირველია, გამონაკლისები არსებობს., მსოფლიოში, თუ შეიძლება ითქვას, მეწინავე თუ არა, ერთ–ერთი არასოლიდარული და არამოქალაქეობრივი, უსამართლო მედიაა. ამ „ეპითეტების“ გაერთიანება კი ერთ ტერმინში „არაპროფესიონალიზმი“ შეიძლება. ამიტომაც ჩვენს ზოგიერთ ჟურნალისტს მერიის დაფინანსებით სასტრუმროში სასიამოვნო საქმიანობით – სექსით დაკავება და ერთმანეთისთვის ობსტრუქციის მოწყობა უფრო აწყობთ, ვიდრე თუნდაც ტრანსნაციონალური დანაშაულით დაინტერესება, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან ჩართული. იმის მაგივრად, რომ გონიოში თუ ბათუმში ტრეფიკინგის, პროსტიტუციის კვალისა და ამ საერთაშორისო კრიმინალის ქართული ფილიალის საქმიანობის ჟურნალისტური გამოძიებით დაკავდნენ; დასავლური ქვეყნების მსგავსად, ანტიტრეფიკინგულ, ანტისექსისტურ აქციებში ლოკალური დონის „ცნობადები“ მოიზიდონ (მერე რა, რომ ჩვენი „ოქროს გენოფონდი“ პოლიტიკური ფიგურანტების ასისტირებას ამჯობინებს და ძირითადად ამითაა დაკავებული), მით უმეტეს, როცა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანათა სიაში შეიყვანა, ისინი პიდიუმზე მოდელებად დეფილირებენ, რაც საპატქრიარქოში მათ „გაპოდიუმებასაც“ არ გამორიცხავს და მონბლანის დალაშქვრით ერთობიან; ტელედიქტორი კი ღიმილიანი სახით საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უკრაინაში მეძავებზე ფასების 5 ათეულ ევრომდე დაცემას „ნიუსად“ იურისტის, ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტის, ანდა თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენლის კომენტარის გარეშე აცხადებს. ალბათ, იმისთვის, რომ მშობლიური პოლიტიკური ვნებებისგან ჯეროვნად ნაკვებმა საშუალო სტატისტიკურმა მაყურებელმა ერთწუთიანი „ანეკდოტით“ მაინც გაამრავალფეროვნოს თავისი არც ისე ხალისიანი, მაგრამ ამჯერად ფეხბურთით გალამაზებული ყოფა. თან ჩვენ ხომ ბრიტანეთისკენ გეზაღებული „ძაან“ „ტოპგოგოები“ იგივე წითელი ხალიჩის მომავალი ბინადარნი გვყავს პლანეტიდან სახელად topgogo.ge და არა 50 ევრომდე დევალვირებული სლავური წარმოშობის „არატოპები“...


2012.07.09

netgazeti.ge

No comments:

Post a Comment