2012 წლიდან ნიუ იორკის სკოლებში სქესობრივი განათლების საგანი (რასაკვირველია, იგი განსხვავდება სექსოლოგიისგან) სასკოლო კურიკულუმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდება. ქალაქის მერს ბლუმბერგსა და მის ადმინისტრაციას ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი, წმინდა ეკონომიკურ - პრაგმატული მოსაზრებები აქვს. აფრო-ამერიკელებსა და „ლათინოსებში" თინეიჯერების ფეხმძიმობამ და სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა საგანგაშო სტატისტიკას მიაღწია. ამიტომ, ბუნებრივია, სკოლებში კონდომის მოხმარებასა და სექსუალური აქტივობის თემაზე საუბარი აუცილებელია, რადგანაც სწორედ სკოლაა ის სოციალურ-კულტურული, გნებავთ, პოლიტიკური გარემო, სადაც ორივე სქესის წარმომადგენელი პუბერტატულ ასაკს ერთად, ასე ვთქვათ, ჯგუფურად, ერთმანეთის თვალწინ აღწევს; აქვე ყალიბდება ორივე სქესის გენდერული განწყობები; მოზარდი თავის სექსუალურ ორიენტაციაში გარკვევას ცდილობს და ინფანტილურ სექსუალობას მეტ-ნაკლები მანიფესტირებით, საზოგადოების მიერ „გენდერული ჩარჩოებით" მონიშნული ნებადართულობით ავლენს. თუმცაღა მათ სექსუალობას ფიზიკურად ინფალტილურსაც ვერ დავარქმევთ . . . ფაქტი სახეზეა: 13-14 წლის დედები და მამები. ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ერთგვარ „რეპროდუქციულ სექსუალობაზე", როცა „მილანის ღამეების გვერდითი პროდუქტი" (ე. ჰემინგუეი.) იბადება, როგორც დაუპატიჟებელი სტუმარი, რომელსაც არავინ ელოდა და რომელიც მხოლოდ იმიტომ მოევლინა სამყაროს, რომ სქესობრივი აქტი გოგონას მენსტრუალური ციკლის „სახიფათო" დღეს „ჩატარდა" და მანაც აბორტი არ გაიკეთა. მხოლოდ ამიტომ. როგორც წესი, ასეთ შვილებს, უფრო სწორედ, „დაუგეგმავ შვილიშვილებს" ბაბუა-ბებიები ზრდიან, ოფიციალურად შვილობენ ანდა ისინი გაშვილებას „ექვემდებარებიან", რადგან "თინეიჯერ" მშობლებსა და მშობლების მშობლებს ამერიკაში მარტოხელა დედებისთვის არსებული სახელმწიფოს დახმარების მიუხედავად, მათი რჩენის საშუალება არა აქვთ. თუმცა საქმე აქ მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ეხება. რეალური პრობლემა კი მშობლობისთვის მოუმზადებლობაა. ამიტომაც ადრეულ სქესობრივ აქტივობაში, ერთი შეხედვით, მხოლოდ რეპროდუქციული უფლების „განხორციელების" პრობლემა არ დგას. პრობლემა უფრო ღრმაა და იგი თანასწორობასა და პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვასაც ეხება. როგორც წესი, ამ ბავშვს გოგონას მშობლები ზრდიან, რახან ითვლება, რომ ცხრათვიანი ფეხმძიმობა ქალს ბავშვზე ზრუნვის „სრულ პაკეტს" ავალდებულებს. ამას ჩვენთან „დედობრივ ინსტინქტს" უწოდებენ; განაყოფიერებისთვის აუცილებელი მამაკაცის ერთწუთიანი ეაკულაცია კი, „საუკეთესო შემთხვევაში" ალიმენტით, ქალის ორგანიზმისთვის დამანგრეველი აბორტებითა და ახალშობილი „ღვთის ხატების" „ფოსტერ ქეაში" გამწესებით; უარესში - ნაგავზე დაგდებული ჩვილებით ანდა „ბავშვთა სახლებით" სრულდება. სექსუალური დაძაბულობის განტვირთვისას მამაკაცის ერთი წუთი ნამდვილად „წააგებს" 9 თვის ხანგრძლივობის წამებისა და წუთების წინაშე ( 9 თვე vs. 1 წუთი). ამიტომ და არა მხოლოდ ამის გამო სქესობრივი განათლება არა მარტო უსაფრთხო - საფრთხიანი სექსის წმინდა წყლის ტექნიკურ საკითხებს (მედიკამენტოზური კონტრაცეფცია, კონდომის ხმარება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ანატომია, ფიზიოლოგია, ადამიანის სექსუალობა, ლიბიდო, პოზები და ა.შ.) უნდა ეხებოდეს, არამედ გენდერულ თემატიკასაც, რადგან, ჩემი აზრით, სქესობრივი განათლება გენდერისა და ფემინიზმის თუნდაც საწყისების სწავლების გარეშე შიდსის, ათაშანგისა და „ღამეების გვარდითი პროდუქტებისგან" დამზღვევ არაოლიმპიურ სპორტის სახეობად შეიძლება გადაიქცეს, მითუმეტეს ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი არასრულწლოვანისთვის. მითუმეტეს, როცა პატრიარქალური კულტურა „მეორე სქესს" ისევ და ისევ „ქალთა ჟურნალების" გმირად პოზიციონირებს. „ტექნიკური დეტალების" მხოლოდ ტექნიკად წარდგენა ქალსა და მამაკაცს პორნოფილმის მსახიობებად გადააქცევს, სადაც ქალს ტრივიალურად ხმარობენ, მამაკაცი კი - ასევე ტრივიალური მომხმარებელია. რასაკვირველია, ეს არ ეხება მხოლოდ ჰეტეროწყვილებს. სექსი მხოლოდ ჯანმრთელ შარდ-სასქესო სისტემაზე ანდა „პარტნიორთან" ნებაყოფლობით ერთჯერად ან მეტჯერად ჰორმონალურ ბიზნესზე არ უნდა მიუთითებდეს. ეს სიტყვა „პარტნიორიც" ლამის მგრძნობელობის ნივილირების ვერბალური გამოხატულებაა. ამას წინათ ოჯახის ინსტიტუტის რღვევასა და, საერთოდ, სიყვარულისა და ერთგულების დევალვაციაზე დიდ სტატიას წავაწყდი და თვალს არა ერთხელ „უცნაური", ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ტერმინი მოხვდა: Domestic Partner (საოჯახო პარტნიორი)... ეს, ერთი შეხედვით, პროგრესული ტერმინი ორი ჰომოსაპიენსის ერთად ყოფნას მგრძნობელობისა და ნატიფი ეროტიზმისგან ცინიკურად ათავისუფლებს; ინტიმურს არა ერთმანეთით ნამდვილ ტკბობად, ერთმანეთის სიხარულად, არამედ უროლოგ-გინეკოლოგის კაბინეტში კედელზე ჩამოკიდებულ პლასტმასის ფერადოვან თვალსაჩინოებად გადააქცევს. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ სქესობრივი თუ სექსუალური განათლება მხოლოდ ერაგირებული ორგანოების ფიზიოლოგიას არ უნდა მოიცავდეს, არამედ - უფრო მეტს. საგანმანათლებლო სისტემაში ტაბუს ახდა აკრძალული ხილის ისე მირთმევად არ უნდა იქნეს აღქმული, როგორადაც ეს ინგლისელი მამაკაცებისა და ქალების ურთიერთობას კარლ II -ის მმართველობის დროს დაემართა. წინა საუკუნის 60-70 - იან წლებში გაჩნდა საზოგადოებრივი მოძრაობები, რომელიც სექსს გამოხატვის უფლებად და იდენტობის გრძნობის მიმნიჭებლად განიხილავდა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გეების სექსუალური თვითგამოხატვა უპირველესად და უმეტესად პიროვნების უფლებებთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ რომანტიკული მგრძნობელობის ექსპრესიის სურვილთან. ინგლისის „სექსუალური რეფორმაციას" მოჰყვა „სექსუალური კონტრრეფორმაცია", რომელიც გამოწვეული იყო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, არასასურველი ფეხმძიმობითა და სხვა მომიჯნავე საკითხებით, რომელიც ადამიანის ფიზიოლოგიას პირდაპირ არ უკავშირდება.
ორგანიზაცია NARAL Pro-Choice -ის მონაცემებით (2009) ნიუ იორკის შტატის მცხოვრებთა (გამოკითხვისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პირები შეარჩიეს) 81 პროცენტი საჯარო სკოლებში სქესობრივი განათლების საგნის დამკვიდრებას მიესალმა. 2012 -ის იანვრისთვის კი აშშ -ის 20 შტატსა და ქალაქ ვაშინგტონში ყველა საჯარო სკოლაში შიდსის პრევენციისა და სქესობრივი განათლების კურსს წაიკითხავენ, მათ შორის Health Smart პროგრამის მიხედვით, რომელიც შარშან ნიუ იორკის 64 სკოლაში მეტ-ნაკლები წარმატებით აპრობირდა. როგორც წესი, ქალაქის მერია სასკოლო პროგრამების შედგენაში არ ერევა, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სქესობრივი განათლების პროექტითურთ ის პრიორიტეტთაგანია, რომელზეც მერიას ფული არ ენანება, თუმცაღა უსახლკაროთა თავშესაფრების დაფინანსება წელს შარშანდელთან შედარებით შემცირდა. ამავე დროს ბოლო ერთი წელია მერია და თავად ნიუ იორკის მერი მედია- საშუალებებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზის რეკლამირებაში მონაწილეობას ძალიან აქტიურად იღებს. ბუნებრივია, სკოლის ადმინისტრაცია ითვალისწინებს იმასაც, რომ ძალიან ბევრი მოსწავლე იმ ქვეყნებიდანაა ან იმ რელიგიური კონფესიების წარმომადგენელია, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, სექსზე კონსერვატორული შეხედულება ბატონობს. ამიტომაც სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმთავითვე განიხილავენ სერიოზული წინააღმდეგობისა და პრობლემების არსებობას. ზოგადად კი საშუალო რგოლის სასწავლო დაწესებულებებისთვის შეთავაზებული სქესობრივი განათლების საგანში მოიაზრება სადისკუსიო ლექციები, როლური თამაშები სექსის თემატიკის გარშემო, მათ შორის ისეთ საკითხზე, როგორიცაა: მოზარდების მიერ კონდომების იგნორირება და სკოლებში ორალური სექსის პოპულარობა.
1987 წლიდან აშშ -ის ბაღებშიც და სკოლებშიც მოსწავლეებს შიდსის საკითხებზე გაკვეთილები უტარდებათ. პატარებისთვის ეს, ძირითადად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას ეხებოდა, უფროსებისთვის კი - „საუბრები სექსზე" (არაფერი საერთო ქართულ „ღამის საუბრები შორენასთან ერთად"), მაგრამ არა - კონდომებისა და ზოგადად კონტრაცეფციის საკითხებზე. თუ ადრე სკოლებში კონდომებს მხოლოდ არიგებდნენ, ახლა სასწავლო კლასებში დაასწავლიან, თუ როგორ მოიხმარონ კონტრაცეფციის ეს არაჰორმონალური საშუალება. აქვე დავძენ, რომ ბევრმა დღესაც არ იცის, რომ არსებობს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის კონდომები. ფაქტობრივად, ყველა, სახელმწიფო ჩინოვნიკებიდან დაწყებული ვიდრე ბაღის აღსაზრდელის მშობლით დამთავრებული, შეთანხმდა, რომ სკოლებში ზემოხსენებულ პრობლემის გადაწყვეტის გზაზე სწორედ სქესობრივი განათლების თუნდაც რამდენიმეკვიარიანი კურსი ყველაზე ეფექტიანი საშუალება იქნება. მხოლოდ ერთმა საკითხმა გამოიწვია მწვავე დისკუსია. რომელ ასაკში უნდა მოხდეს ადამიანის სექსუალური აქტივობის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ნიუნსების საჯარო განხილვა? სახელმწიფომ განაცხადა, რომ 10-11 წლიდან. ამ ასაკმა, ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც უცხო ენათა შესწავლისთვის მცირეწლოვანი ასაკი ყველაზე ნაყიფიერი ხანაა, ასევე - გენდერული სტერეოტიპების საფუძვლების ჩასაყრელად. მითუმეტეს, როცა ასე ადვილია პორნოინდუსტრიის „შედევრების" ვებსაიტებზე სტუმრობა, სადაც ცალკე კატეგორიებად მოცემულია ზოგადად ადამიანის, 95% - ში კი ქალის დამცირებისა და წამების, გაუპატიურების ვიდეორგოლები, სადაც ორგიები, პედოფილიის, გერონტოფილიის, ინცესტისა და ზოოფილიის სცენები ჩვეულებრივი ამბავია, სადაც ქალი მეძავი, კაცი კი - არამეძავი მაჩო და „არც მთლად" კეთილშობილი იდალგოა, მაგრამ მაინც... იდალგო. ამიტომ ქალის დაუცხრომელი კარმენობისა თუ მამაკაცის ნონსტოპსექსგიგანტ - დონ ჟუანობის მითი, რომლის უკანაც რეალური მოწყვლადობა, არაკლინიკური მანიაკალურ - დეპრესიული ფსიქოზი და კლინიკური ფობიები იმალება, სქესობრივი განათლების სადისკუსიო საათებშიც უნდა „ჩაჯდეს". სექსზე პატრიარქალურ - სტერეოტიპული წარმოდგენა მამაკაცს „პერპენტუმ მობილე" ფალოსის როლს აკუთვნებს, რომელსაც ფასიან თუ უფასო მეძავთან „რანდევუ" საკუთარ ძალებში დარწმუნების იაფფასიან შანსს აძლევს. ქალის ხატი კი იგივე რჩება: ბავშვობისდროინდელი არქტიპების - მოტაცებული ქალწულებისა და შემდგომ მრავალშვილიანი „ქალღმერთების" ცხოვრება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაფუნდამენტალისტურ საზოგადოებებში ადამი ლამის ისევ იმ ადამად დარჩა, უბრალოდ, ევა აღარაა ის, რაც იყო. ამ და კიდევ უამრავი მიზეზთა გამო საკამათოა რამდენად უპრიანია პრეპუბერტატულ ასაკში, როცა 10 წლის ასაკს ახლახანს გადაბიჯებული ბავშვის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერო ძირითად მათემატიკისა და სხვა საგნების შტუდირებით უნდა იყოს დაკავებული, საჯარო საუბარი სქესობრივი აქტის პოზათა მრავალფეროვნებაზე, ორალური სექსის ტექნიკებსა და ორგაზმის მიღწევის გზებზე? 10-11 წლის ასაკში სასქესო ასოს სტიმულირების თემა ხომ არ განდევნის გეორგაფიის გაკვეთილს, კონტინენტებისა და მდინარეების შესართავების მდებარეობას სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც და ხომ არ გადააქცევს ინტიმურობის უნიკალურ განცდას ემოციებისგან, სიყვარულის, ზრუნვისა და პასუხისმგებლობისგან თავისუფალ ანკლავად, ზღაპრებიდან გადმოსული სტერეოტიპების გენერატორად, კუნთებისა და ჰორმონების „პიკის საათად", სქესთა „ინსტიტუციონირებული" იერარქიის პროპაგანდისტად, სადაც მამაკაცი „ტერმინატორია", ხოლო ქალი - სატერმინატორო კონტეინერი ანდა მაჩოობის გამნეიტრალებელი „მექანიკური ფორთოხალი"? ამიტომაც ბავშვის ასაკი და სკოლაში საგნის სახელად „სქესი" თუ „სექსი" პედაგოგი დიდი პასუხიმგებლობით უნდა იქნეს შერჩეული და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გენდერული მგრძნობელობა და ფემინისტური თეორიის თუნდაც საწყისებზე საექსპერტო თუ არა, ზოგადი ინფორმირებულობა. მითუმეტეს არსებობს სექსოლოგთა მოსაზრება, რომ სქესისა თუ სექსის თემების ქალური და მამაკაცური განხილვა სხვადასხვა სიბრტყეებში ძევს. და არა მხოლოდ ცივილიზაციის პატრიარქალური წარსულის, აწმყოსა და, ვშიშობ, მომავლის გამო.
ყველა ერს, მისი ისტორიისა და დროის მონაკვეთებს ინტიმურობისა და სექსუალობის თავისი არქეტიპები აქვს, რომელიც ღირებულებათა საკუთარი შკალით ხასიათდება. ინგლისში ეს ხატები უკავშირდება ინგლისის რევოლუციას, კალვინიზმს, რიჩარდ ბარტონის მიერ „კამა სუტრის" თარგმანს, ვიქტორიანობას, ფროიდს, სექსუალურ რევოლუციას თავისი ტრანსსექსუალიზმის განცდით, ბრიტანელ გეი - მწერლებს (ოსკარ უაილდი, კრისტოფერ იშერვუდი, ედუარდ ფორსტერი და სხვა), პორნოფილმების ინდუსტრიას... ასევეა ინდოეთი, საფრანგეთი, იტალია და გაეროს წევრი თუ არაწევრი სხვა ქვეყნები მეტ-ნაკლები ვარიაციებით. საქართველოში კი ვერ იპოვით ადამიანს (ყოველ შემთხვევაში მე ვერ მოვიძიე), რომელიც „ქართული" სხეულისა და ლიბიდოს ტრადიციებს ფორმაციებისდა მიხედვით „დაალაგებდა". პირადად ჩემს ბავშვობაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემს მშობლებს წერო და კომბოსტო არასდროს უხსენებიათ და იმას, რომ რუსულენოვანი, საბჭოური ეპოქის წიგნები გოგონასა და ბიჭის ჯანმრთელობაზე მეორე კლასშივე მქონდა წაკითხული, ხოლო ქალისა და მამაკაცის სექსუალობის ლიტერატურული განცდა ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის უხეშად რეალსექსისტური მოთხრობებით მოვიდა. არა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის „არსენა მარაბდული" გაკვეთილებიდან, არამედ - სახლის ბიბლიოთეკიდან. „9 ქალწული", „ყბაჩამ დაიგვიანა" და სხვები. ქალი, როგორც პასიური საგანი, ისტორიული მონაკვეთების მოწმე, გასაჟიმი ობიექტი და მამაკაცის კონტროლქვემდებარე „წარმონაქმნის" მოთხრობიდან მოთხობაში მოსეირნე იმიჯით, სადაც აღწერილია მამაკაცის „გათავებები" და მამაკაცის თვალით დანახული ქალის სექსუალობა. შემდგომ პერიოდშიც ქართველ მწერლებს ამ ხატის, მათ შორის სექსუალურის, დეკონსტრუქცია დიდად არ უცდიათ. თუ არ ჩავთვლით, სსრკ-ის პერიოდში „წარმატებული კომუნისტის" თუნდაც უღიმღამო პორტრეტის შექმნის მცდელობებს ფურცელზე თუ კინოში და „ველური სექსის" იმიჯს სხვა, უცხო ტომში - კერძოდ ბოშებში (მოლდოველი ემილ ლოტიანუს არასილიკონიზირებული ფილმი „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"), რომელიც „ანჟელიკიადასგან" განსხვავებით, ჩვენი იყო, საბჭოური, მაგრამ მაინც უცხო, ბოშებივით მაგრინალიზირებული და „ველური". იმდროინელი გენდერულად უგრძნობი გარემო, პატრიარქალური ხელოვნება, რელიგია კვლავ და კვლავ პროდუცირებდნენ (ეს დღესაც გრძელდება) სტერეოპტიპებს თუ როგორ უნდა გვიყვარდეს. მათ შორის - როგორები ვიყოთ სექსში, გნებავთ - როგორი იყოს ლიბიდო. ამიტომაც სქესობრივი განათლების კურსი, მეტადრე 10-11 წლის ბავშვებისთვის წაკითხული, არ უნდა დაემსგავსოს არქაულ და არა მარტო არქაულ ტომთა შორის „ქალების გაცვლის" რიტუალს, როცა ქალი ვაგინის სინონიმი ხდება, მამაკაცი კი - ფალოსის. ანუ, როცა სექსი ის სფეროა, სადაც ადამიანის, მისი სექსუალობის დეჰუმანიზაცია და სხეულის „მოტორიზებულ" გასაბერ თოჯინად გადაქცევა კულტურულად „დასაშვებია", თუნდაც თავისუფლებისა და კონტრპურიტამიზმის ქოლგის ქვეშ.
ორი კვირის წინათ სრულიად ამერიკა ტელევიზიით ერთ არც ისე ექსტრაორდინალურ სასამართლო პროცესს დაგვასწრეს. 33 წლის ოჰაიოელი ფიზკულტურის მასწავლებელი ნენსი შულერს, რომელიც სასამართლო დაბაზში ადვოკატის გვერდით იჯდა და ხან ტიროდა - ხან ლოცულობა, სასამართლო განაჩენი გამოუტანეს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმე იმაშია, რომ მას 17 წლის ასაკის ხუთ თავის მოსწავლესთან საკუთარ სახლში სექსი ჰქონდა. ერთდროულად არა, ცალ-ცალკე. თანაც - ალკოჰოლის მიღების ფონზე. ამ შტატში 16 წელი საქორწინო ასაკია. ანუ ითვლება, რომ ადამიანი ამ ასაკში არა მარტო საპასპორტო მონაცემებით, არამედ ფისქოლოგიურადაც მზადაა მშობელი ოფიციალურად გახდეს. მაგრამ სექსი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კრიმინალია, რადგანაც იგი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად ითვლება. „ავხორც ქალს" უფრო მეტს მიუსჯიდნენ, ბიჭები არასრულწლოვნები რომ ყოფილიყვნენ. თუმცა ადამიანის სექსუალურობის გამოვლენის შესახებ სრული ინფორმაცია მსხვერპლთ არა პორნოსაიტებიდან (მშობლების სურვილის შემთხვევაში პორნოსაიტებზე ბლოკის დადგმა პრობლემა არაა), ორამედ სასწავლო მერხთან უკვე ექნებოდათ. სასამრთლოზე მოწმეებად ორი მოსწავლის მშობელი წარსდგა, რომლებმაც „აღიარეს", რომ იმ პერიოდში, როცა მათი შვილები მასწავლებლის საწოლში „ფიზკულტურის" გაკვეთლებით ერთობოდნენ, მათ ბიჭუნებს უხასიათობა და სასკოლო საგნებზე კონცენტრირების დარღვევა შეენიშნებოდათ. პირადად ჩემთვის დაუჯერებელია, რომ 17 წლის ყმაწვილებმა (იგივე ითქმის ამავე ასაკის გოგონებზე) არ იცოდნენ თუ რისთვის ეპატიჟებოდათ მათ სახლში მათთვის ნაცნობი პედაგოგი. შეიძლება დავუშვათ, რომ ქიმიის მასწავლებელმა ჩამორჩენილი მოსწავლეები მჟავეეებისა და ტუტეების ბუნების უკეთესად ასახსნელად ბინაზე დაიბარა, მაგრამ ფიზკულტურის პედაგოგმა? შეუძლებელია მასწავლებლის უცნაურობებზე თუნდაც პირველი მსხვერპლი მოსწავლისგან დანარჩენებს არ სცოდნოდათ. აშშ_ში არა მარტო მედიით, არამედ მეტროში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, მიწისზედაც და მიწიქვეშაც ოჯახური ძალადობის ცხელი ხაზების არ იყოს, სექსუალური მეძიებლობის (Sexual Harassment) მსხვერპთა დახმარების სამსახურების სოციალური რეკლამებია განთავსებული. ამიტომაც, საკითხავია, არის თუ არა 17 წლის ახალგაზრდა თავის სექსუალურ თავგადასავალზე პასუხისმგებელი? და უნდა დაემატოს თუ არა სქესობრივი განათლების საგანს სექსუალური მეძიებლობის (Sexual Harassment) შემცველი პარაგრაფი?
პატრიარქალური პოპკულტურა ის ნოყიერი გარემოა, სადაც 16 წლის მამა თუ არ შემდგარი მამა, ვარსკვლავთბიჭუნა ჯასთინ თიმბერლეიკს მსოფლიოს დიდი სცენიდან, სამუსიკო ჯილოდების ოფიციალურად გადაცემის ცერემონიალზე სრულიად „უკომლექსოდ" ხუმრობას ამოფარებულ პიარში გაატაროს მისი „ძირითადი ინსტინქტი". ამით მისი კაცური შემდგარობა განაცხადოს და ამაში ტაშის გრიალიც დაიმსახუროს. ბილ კლინტონი და ძმანა მისნი კი, რასაკვირველია, მთლად ჯასთინ თიმბერლიკები არ არიან. სხვა კასტაა, მაგრამ მაინც. ისინი პოლიტიკური, ძალაუფლებრივი, მსყიდველობითუნარიანი კასტაა. და მსყიდველობითში მხოლოდ მამაკაცის საბანკო ანგარიში არ იგულისხმება. მათ სამსახურეობრივი მდომარეობის გამოყენებით შეუძლიათ „იპეტინგონ" თუ „ისექსაონ", მაგრამ ნენსი შულერის ბედი არასოდეს გაიზიარონ. უკიდურეს შემთხვევაში ბარლუსკონივით გადადგნენ (კორუფცია მხოლოდ ფულის აღებ-მიცემობიასთან ხომ არაა დაკავშირებული) ანდა კინაღამ „გაიმპიჩმენტდნენ".
2003 წელს ამერიკელი კულტურისტი, ჰოლივუდელი ბიცეფს-ტრიცეფსების მთა „მისტერ ოლიმპია", „ტერმინატორი", „კონან-ვარვარი", „კომანდო", „მტაცებელი", „წამშლელი" მამაკაცის სილამაზის კონკურსის „არნოლდ კლასიკის" დამფუძნებელი და მილიონერი ბიზნესმენი, დემოკრატთა გვარის- კენედების მემკვიდრის რესპუბლიკელი ქმარი არნოლდ შვარცენეგერი არჩევნების შედეგად გუბერნატორი გახდა. ზედიზედ ორჯერ. ხალხს უყვარს მსახიობები. განსაკუთრებით ტრიბუნაზე. მერე რა, რომ რეცესიის დროს მითოლოგზირებული ოქროს კალიფორნია ქვეყნის შტატთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანი აღმოჩნდა, რომელიც გაკოტრების ზღვარს მიუახლოვდა?; მერე რა, რომ ამ სამაგალითო ქმარსა და მამას თავისი სახლის მექსიკელ დამლაგებელთან სექსი ჰქონდა და შვილიც „აღმოაჩნდა"? მას ექსპოლიტიკოსობა, ამერიკული ტოლერანტობის სიმბოლოობა (დემოკრატ-რესპუბლიკური ცოლ-ქმრობა ) და მექსიკელ „პარტნიორთან" კავშირი, როგორც ახალი ადრენალინი, კინოკარიერის აღდგენაში კარგად დაეხმარა. კინო - პოლიტიკა - ფული - კინო. ქალებიც. კაცია მაინც. აბა, ამდენ ხანს ქალი კი ვერ დამალავს „კალიფორნიული ღამეების" ნაყოფს. ბოლოს და ბოლოს ფილმი „ჯუნიორი", სადაც შვარცენეგერი ფეხმძიმედაა, კომედიაა და მეტი არაფერი. კაცი არ ფეხმძიმდება. როცა 2008 - ში რესპუბლიკელებმა საპრეზიდნტო არჩევნები წააგეს რკინის არნიმ სატელევიზიო ინტრევიუში განაცხადა, რომ გახარებულ დემოკრატ ცოლს მარია შრაივერს, რომელიც დარბოდა და გაიძახოდა „ჩვენ გავიმარჯვეთ!", სწორედ საწოლ ოთახში უჩვენა სინამდვილეში ვინაა გამარჯვებული. შვარცენეგერს 2014 - ში „ტერმინატორ 5" - ში გადაიღებენ და, როგორც წესი, მის პარტნიორ მსახიობ ქალს მუშტრის თვალით შეაფასებენ. ალბათ, ისე არა, როგორც არნის შვილის „უჩინარ" დედას აშშ-ის მოსაზღვრე მეგობრული სახელმწიფოდან. როცა მექსიკელი „პარტნიორის" ფოტო საჯარო - სამედიო გახდა, „საზოგადოება" აღშფოთდა: ფუ, რა გემოვნება ჰქონია არნის, რა ულამაზოა ეს ქალი, რასა ჰგავს, არნის რამ მოატ... ნევინაო..?
23.11.2011
azrebi.ge
No comments:
Post a Comment