Saturday, September 22, 2012

რამდენიმე გლამური ქართლის ცხოვრებიდან



“გლამუროლოგად” ვერ გამოვდგები, ამიტომ, არ ვიცი, რამდენი წელი შეუსრულდა ქართულ გლამურს და როდის უნდა აღინიშნოს მისი იუბილე. ალბათ, 20 წელი. იგი ჩვენი დამოუკიდებლობის კბილა უნდა იყოს. ვგულისხმობ პოსტსაბჭოურ გლამურს. პირადად ჩემთვის ეროვნული გლამური ერთი მობილური სატელეფონო კომპანიის რეკლამას უკავშირდება. დილაუთენია ატლასის ხალათიანი, ღიპიანი ბიძა მოცარტის თუ ვერდის მუსიკის ფონზე თავისი ფეშენებელური სახლის აივანზე გამოდის, იზმორება; ალბათ, ფიქრობს, ცხოვრება მშვენიერია, ამის დედაც (უფრო სწორად, ჩემი ცხოვრება მშვენიერიაო) და აუზისკენ მიემართება. სწორედ იქ ელოდება უსიამოვნო სიურპრიზი. აუზში თავით ხტება. ოღონდ იქ წყალი არაა. ამ დროს კი სიდედრის მიერ მობილურზე დატოვებული გზავნილია ჩართული. ქალის უჩვეულოდ ბოხი, იგივე გაბოლილი ხმა სიძეს რაღაცას უყვება. სულ ბოლოსკენ კი (ამ დროს სიძე ცოლის დედას აგინებს და წყალში ისე ხტება, რომ „მესიჯის“ ფინალს არ უსმენს) აუწყებს, რომ გუშინ აუზი წყლისგან დაცალა. ანუ წყალი იქ არაა. მობილური არის, ხალათი არის, აუზი არის, წყალი – არა. ყველაფერია ცხოვრება მშვენიერისთვის, ონკანში წყალიც კი; დენი, რათა მობილური დატენო; სიდედრი, რომელმაც იცის, როგორ დაცალოს აუზი, მაგრამ, აი, იქ და იმჟამად აუზში წყალი არ არის. დასკვნა N1: სანამ გადახტები, დარწმუნდი, აუზი ავსებულია, თუ – არა. დასკვნა N2: შეტყობინებას (SMS–ს, „ვოისმეილს“, წინადადებას, ტექსტს და ა.შ) ბოლომე მოუსმინე–წაიკითხე. დასკვნა N3: ტექსტს, თუნდაც სიდედრის (დედამთლის) მიერ ნათქვამს, მექანიკურად ნურც მოისმენ და ნურც წაიკითხავ. არამედ გაიაზრე. . . დასკვნებსა და სიდედრებს თავი რომ დავანებოთ, იმდრეოინდელ ჩაბნელებულ საქართველოში ამგვარი რეკლამა, რბილად რომ ვთქვათ, ცინიკურად არაადეკვატური იყო. ატლასის ხალათიანი ბიძა არც ქართველი ჰიუ ჰეფნერი იყო (ესეც მუდამჟამს ატლასის ხალათით დადის. თუმცა უღიპოა. ნიძლავს ვდებ, კონგრესმენი თუ გახდა, ხალათს და ფლოსტებს შარვალ–კოსტუმზე და ფეხსაცლემზე არ გაცვლის) თავისი „ფლეიბოით“ და არც ოდნავ ღიპიანი დონალდ ტრამპი თავისი საპრეზიდენტო ამბიციებითა და საბრენდო „რიჟა ჩოლკით“. არამედ იყო ახალი ქართველი, მაგალითად, კავშირგაბმულობის (ალბათ, სრულიად საქართველოს მობილურების ამბავიც სწორედ მას ეხებოდა) ერთი ჩვენებური მინისტრის პროტოტიპი. ამ კაცმა შევარდნაძისდროინდელი კორუფციული „გლამურულობის“ ქართული ცეცხლი იმით შეუკეთა, რომ თბილისის ცენტრში, ჩემი სამსახურის „დვიჟოკის“ გამო მოზანზარე ფანჯრების წინ, ზუსტად სამ თვეში ოთხსართულიანი სახლი წამოჭიმა ავტოფარეხითურთ. რასაკვირველია, მანქანითურთ თუ მანქანებითურთ. სავარაუდოდ, იქ აუზიც უნდა ყოფილიყო. შიგნით ან გარეთ. თუმცა, წესითა და რიგით(კანონითაც), ის ისევე უნდა დატანჯულიყო, როგორც მისი თანამოქალაქეები იტანჯებოდნენ, რადგან ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლად, ანუ გადასახადების გადამხდელების ფულით დაქირავებულ ჩინოვნიკად იყო დანიშნული და სწორედაც რომ ამის გამო ბეჯითად უნდა აღესრულებინა თავისი მოვალეობა; ანუ, როგორც მინიმუმ, სამშობლოს ჭმუნვა რამენაირად დატყობოდა. დევნილებით სავსე გამეოთხედებულ ქვეყანას, ჰუმანიტარული „კვერცხის ფხვნილით“ ნაკვებს, სიბნელესა და უწყლობაში (თუ არ ჩავთვლით დაგროვილი წყლით სავსე აბაზანას) ჩაფლულს, რომელიც ლამის მშიერთა და სასოწარკვეთილთა პარნასად გადაქცეულიყო, სწორედ რომ ამდაგვარი ქართული „მობილური კავშირის“ რეკლამა და მინისტრი „სჭირდებოდა“.

ნიუ იორკში ერთი ქართული გაზეთის იუბილე დიდი პომპეზურობით აღნიშნეს. რესტორანში თოთოეულ სკამზე ამ გაზეთის ეგზემპლარი იდო. უფასოდ. თუმცა მთლად უფასოდაც არა, რადგან ყველა მოწვეული სტუმარი თავისი მისართმევი კერძების თანხას თავადვე იხდიდა. წლების განმავლობაში ოჯახებიდან შორს გადახვეწილები, ქრონიკულად პროცენტიან–უპროცენტო ვალებში მყოფნი, მშობლებ – ქმარ – შვილ – შვილობილ – შვილიშვილ – დედ – მამიშვილ – დედამთილ – მამამთილ – სიძე – რძალ – ძმისშვილ – დისშვილ – ყვავიჩხიკვისმამიდაშვილ – მეზობელ – მეგობარ–ამხანაგ მარჩენალმა ქალებმა ზოგიც „სეილზე“ და ზოგიც თავდაპირველ ფასში ნაყიდი ძვირიანი კაბები მოირგეს, 50–დოლარიანი „პრიჩოსკები“ დაიყენეს, 30–დოლარიანი ფრჩხილები გაიკეთეს, ყალბი და ნამდვილი ბრილიანტები აისხეს, მაღალ ქუსლებზე შედგნენ და მოვიდნენ. ბრაიტონზე, რუსულ რესტორან „ნაციონალში“ (ეს ღონისძიება ორჯერ სწორედ რუსულში ჩატარდა) „საქართველოო ლამაზო“ იმღერეს, „ჩემო ციცინათელაც“, კურცხლები აღვარღვარეს, პატარა დროშები აფრიალეს, „ბორჯომი“ და „ხვანჭკარა“ სვეს, ხაჭაპური ჭამეს და „სახლში“ შუაღამეს ასევე „შპილკებზე“, „ფრანცუსკებით“ მეტროთი უკან დაბრუნდნენ. დაბრუნდნენ ამერიკელების სახლში, სადაც საქართველოს დედა და მამა–მარჩენალი ამერიკელი მოხუცები ცხოვრობენ და „მადლობა ღმერთს“ – ავადმოყოფობენ. დაბრუნდნენ მოხუცების მოსავლელად. მეტროთი. რადგან ტაქსის ფული არ (აღარ) ჰქონდათ. ბრილიანტების – კი. ტაქსის –არა. სამაგიეროდ, „ფართის“ შემდგომ მიმოიფანტა და ძირს უხვად ეგდო სწორედ ის გაზეთი, რომლის იუბილის აღსანიშნავადაც ბრაიტონზე „ნაცილონალის“ მაგიდას ერთად მიუსხდნენ. 99 პროცენტს იუბილარი პრესა „პრადას“ ნამდვილ თუ პატენტ, „მეიდ ინ ჩაინა“ ჩანთაში არც ჩაუდია, არ წაუღია. გაზეთი, მისი ტექსტებით, აბა, ვის რაში სჭირდება? საქართველო ხომ იქვე იყო, სუფრასთან, „რუსულ“ შამფურზე შემწვარ მწვადსა და „რუსულ“ სამზარეულოში დამზადებულ საცივში. მთავარია, ქართულ–პატრიოტულ „პონტში“ გაიჩითნენ. ჰო, კიდევ. იმ საღამოს თავის კაბებს განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ, რომ არ დალაქავებულიყო. რადგან მეორე დღეს თუ არა, ორი კვირის თავზე, როცა გამოსასვლელი დღე მათთვისაც „გამოანათებდა“, უკან, მაღაზიაში დაებრუნებიათ (ნაყიდის უკან დაბრუნება უპრობლემოდაა შესაძლებებლი) და ფული უკან აეღოთ. მთავარია, ხომ აჩვენეს ერთმანეთს, ვინ რისი მფლობელია, საქართველოში თუ აშშ–ში. დასკვნა N1: ქართული სნობიზმი ინტრენაციონალურიც კი არაა; სამშობლოში თუ მის გარეთ რეალითი შოუც ვერაა. აი, ისეთიც კი, რომელსაც „რუსი თოჯინები“ (აქ მათ „მატრიოშკებს“ უწიდებენ) ჰქვია და რომელიც ამერიკულ ტელეარხ Lifetime - ზე გადის. შოუ რუს ტუჩ–მკერდდაბერილ „გოგჩო– ნაშებზეა“, რომლებიც აქაურ ქართველ კაცებშიც ნოსტალგიურად თუ სხვაგვარად დიდი პოპულარულობით სარგებლობენ და რომლებმაც ამ შოუსთვის, ბუნებრივია, არა IQ – ზე, არამედ გლამურულობასა და ზღვრული იდიოტიზმის წარმოთქმის უნარზე გაიარეს „კასტინგი“. ამიტომ პირიდან ისეთი, მარაზმზე უარესი ასოთწყობა ამოსდით, რომ მარტო ტელევიზიის კი არა, ელექტროენერგიის გამოგონებასაც ინანებ. თუმცა ამერიკულ ტელესივრცეში იმის არჩევანიც გაქვს, რომ არამარაზმსაც უსმინო–უყურო და ისიც გაიაზრო, რომ ამგვარი შოუ გლამურისა და პოპკულტურის ჟანრია. ამ „კუკლებისთვის“, ისევე, როგორც ატლასის ხალათიანი ბიძისთვის, „ცხოვრება მშვენიერია“, ისინი ჰიუ ჰეფნერის საყვარელების ჯარის კანდიდატები არიან, აქ კარგად მოეწყვნენ, აუზიან–წყლიან სახლებში, ამიტომ ექსჰიბიციონისტური ტელეგართობის დროც დაუდგათ. ქართველებს კი ჯერ ასე „კარგად“ არ გვაქვს საქმე აწყობილ – მოწყობილი, ამიტომაც ჩვენი გლამური ტრაგიკომიქსია. რაღაცნაირად, კლდიაშვილის მეჭეჭებივით რომ გტკივა. შემოდგომისაზნაურული. ნახევარფაბრიკატი, ვერგაგლამურებული სუბ(ქვე)გლამურული.

საქართველოს ისტორიაში კრიმინალური გლამური ყველაზე აუზსავსე და ბოლსოკენ წყლისგან დაცლილი ზიარჭურჭელი აღმოჩნდა. ერთგვარი პოლიტიკური კამა სუტრა. კამა სუტრას რას ვერჩი, უფრო სწორად – მძიმე პორნო. აგერ, „სასულიერო–კრიმინალური“ დოკუმენტური–ისტორიული ფოტოც. ილია მეორე და ჯაბა იოსელიანი ერთმანეთს უყურებენ და ხარხარებენ. ცხოვრება ამათთვისაც მშვენიერია. დასკვნა N1: ხარხარებს ის, ვინც ყველაზე მეტს ლოცულობს. ამ დუეტის აქტიორებიდან ერთი დიდუბის პანთეონშია, მეორის გამეფებას კი საზოგადოების ერთი ნაწილი დაჟინებით, ლამის ისტერიულ გულყრამდე ითხოვს. ეს უკვე „სუპერგლამურია“. არნახულ–არგაგონილი. ჩვენებური. ასეთი, დამერწმუნეთ, ქართველ „პროფან“ გლამურისტებს კი არა, ალ კაპონეს ან, მითუმეტეს, „შაქარა მამიკოს“ გოგოს, მუდამჟამ ძაღლით მოსეირნე პერის ჰილტონსაც არ დაესიზმრება.

არც ისე დიდი ხნის წინათ ქვეყნის პრეზიდენტმაც გა (წა)იგლამურა . ვერ ვიტყვი, რომ იგი ქვეყნის გლამურიზაციაში რამენაირად იღლება, მაგრამ ეს „გლამურსფიჩი“ მაინც განსაკუთრებით კონცეპტუალურობით გამოირჩა. მან გლამურის ახალ მიმდინარეობას – საბაჟოს გლამურს დაუდო სათავე. ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად საბაჟოზე სექსაპილურ–ღიმილიანი გოგონების ჩამწკრივება მოიფიქრა. ნეტავ, რომელმა სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს სახელმსწიფოსთვის ეს ფრიად მნივნელოვანი საკითხი? არადა, ჩვენ, „კოლხური ევროპის“ შთამომავლებმა მსოფლიოს თანამეგობრობას, ნატოსა და „ჰუმან რაითს ვოტჩს“ ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში ოდენ ღვინო, ლიბერალური რეფორმები, პოლიცია, ჰუმანიზმი და სასტუმროები კი არ შეესაბამება მსოფლიო სტანდარტს, არამედ ქალის წვივების სიგრძეცა და მკერდის ზომაც. არა, უკეთესი იქნება, თუ სწორედ საქართველოს ეყოლება ყველაზე გრძელი წვივის და ყველაზე მრგვალი და მკვრივი მკერდის ქალი, რათა ამითაც ვიამაყოთ, რადგან ჩვენ ხომ „ყველაზე, ყველაზე“ ვართ. ჰოდა, ქალის პოლიტიკურ–ეკონომიკურ – სოციალურ – კულტურული ფუნქციაც განისაზღვრა. უფრო სწორად, მისი „მიზანშეწონილობა“, რომელიც კაი შვილის აღზრდასათან, კდემამოსილის სახელის ტარებასთან ერთად, ინვესტიციის მომზიდველი გლამურ – საპატიო მისიაც დაეკისრა. ლოკალური სნობები რუსეთს აყვედრიან, ამერიკაში რუსი ჯაშუში ანა ჩაპმენი თავის გარეგნობას იყენებდა, რათა „ეშპიონა“ და ამავე დროს რუსეთის ქალ პატრიოტთა რიგებში ასევე ლამაზმანებს იბირებდაო. უნამუსო, აღვირახსნილი პუტინისტი ესაო. რუსი ჯაშუში ქალები vs. ქართველი მებაჟე ქალები. არადა, რატომ გამოირიცხა, რომ ინვესტორი თუ საბაჟოზე გამვლელი ადამიანი მდედრობითი სქესის წარმომადგენელიც შეიძლება იყოს? ხანდახან მაინც? მისი ტვინის დაბინდვა კი უპრიანია ალენ დელონის, თუმცა რაღა დროის დელონია, ბრედ პიტის ღიმილით, ან რაღა დროის ეს ქერათმიანი, ცისფერთვალება, წვრილშვილის პატრონია, მაგრამ მაინც. ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის არანაკლებ აუცილებელია, საზღვრის გამშვებ პუნქტზე უკვე შეხედვისთანავე ორგაზმდამმართველი მამრები იდგნენ (უღიპოები, უატლასხალათიანები, არაშემგინებლები) და კბილის პასტის რეკლამის მსახიობებივით იღიმებოდნენ. აი, ისეთები, „ტელმა და ლუიზაში“ რომაა ბრედ პიტი. ახალგაზრდა, სანატრელი, თინეიჯერული ტაკოთი. თან საქართველოს ხათრით რომ წაეფლირტავება ქვეყნის სტუმარს, და თუ სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ტურიზმის დეპარტამენტს დასჭირდა, ანჯელინასაც წაუღალატებს. უფრო სწორად, შემოეღალატება. რაც შეეხება მამრობითი სქესის ინვესტორების ინტერესს, რომელიც უნდა გაძლიერდეს: ასევე ურიგო არ იქნებოდა, რომ საბაჟოს თანამშრომელ ქალს მაქსიმალურად დეკოლტირებული ზედა ეცვას, ხოლო კისერზე წმინდა ნინოს ჯვარი, საქართველოს დროშიან–რუკიანი კულონი ან ხაჭაპურის პატარა მულაჟი ეკიდოს, რათა, როცა წვერგაუპარსავი (ღიპი ათანაბრებს წვერგაუპარსავსაც და ატლასხალათიანსაც), მაგრამ ჯიბესქელი მამაკაცი იქ ჩაიჭვრიტება, „პო ხოდუ“ საქართველოს ისტორიამაც დააინტერესოს, მოცალეობის ჟამს კი არა, სამუშაო საათებში „ჯორჯია“ უფრო გულდასმით დაგუგლოს და მიღებული ინფორმაციით შთაბეჭდილებამოხდენილმა გაიპარსოს, ოდეკოლონიც მიიპკუროს (ჯობს ოდნავ, რადგან ნამეტანი სექსუალურად განიზიდავს) ანუ გაკულტურ–გაგლამურდეს. დასკვნა N1: საქართველოში ქალის ადგილი მარტო სამზარეულოში და ეკლესიაში არაა (საწოლს შეგნებულად არ ვახსენებ), არამედ საბაჟოზეც. არა სუბ, არამედ პოლიტიკურ–კულტურული გლამურია. რობერტ სტურუას თანამდებობიდან მოხსნასთან დაკავშირებით ატეხილი აურ – ზაური და ქსენოფობიის ორდინალური გამონათქვამის უკან რაღაც მისტიკურ – უნივერსალურ – მხატვრულ – პერფორმენსულ – ბრძნულ – პროვოკატორული ჩანაფიქრის ძიება. და ამ ძიების წიაღ და აღმასვლებში, თუ ათასგვარ ინტერპრეტაციებში ყბის აფეთქება. ნეტა მაესტრომ რაზე იფიქრა, რა დაესიზმრა? რომელი ჰერმენევტიკული „ტაქტიკა“ გამოვიყენოთ მისი ზღვის დონიდან 100 კილომეტრის ზემოთ მყოფი ჩანაფიქრის გასაშიფრად? ერთი ჩემი კოლუმბიის უნივერსიტეტელი ნაცნობისთვის დიდი რეჟისორის „მარგალიტები“ რომ გადამეთარგმნა, მისი (კოლუმბიელის) უაღრესად კორექტულობის მიუხედავად, მაშინვე ასე იტყოდა: Bool Sheet (უკაცრავად, ამ უზრდელობის ციტირებისთვის); ილია მეორისა და ჯაბა იოსელინის მხიარული სურათის და „მებაჟე“ ქალების გაცნობისას „ბუულ შითს“ კი კიდევ ერთ უცენზურობას მიამატებდა. ჰუმანიტარული საგნის სპაციალისტობისდა მიუხედავად, არ დაიწყებდა ფსიქო – სინთეზ–ანალიზის სეანსს. ისევე, როგორც „გააბულშიტა“, როცა გაიგო, რომ ამ მწვავე რეცესიისა და ლიბიაში კადაფიზე ნადირობის დასასრულ ფაზაში შესვლისას ქვეყნის მთავარი მენეჯერი დასასვენებლად წაბრძანდა. რა მნიშვნელობა აქვს, იგი მემარცხენეა თუ მემარჯვენე, აფრო–ამერიკელი თუ თეთრკანიანი, ათეისტი თუ რომელიმე სექტის წარმომადგენელიო, პრეზდენტი გადასახადების გადამხდელების არაგლამურულად ნაშოვნი ფულით გლამურულად არ უნდა ისვენებდეს, რადგან ეს უკვე ამერიკისთვისაც კი შეუფარებელი, არაჰოლივუდური გლამურიაო. დასკვნა N1: როგორც ჩანს, გლამურსაც კი თავისი კანონები და საზღვრები აქვს და არ პატიობს, როცა გლამურ– ელიტა შეცდომებს უშვებს. დასკვნა N2: იდიოტიზმი უფრო ჭკვიანური, მიმზიდველი და მისაბაძი იმის გამო სულაც არ ხდება, თუ მას პილიტიკურ–საეკლესიო – ეკონომიკურ– კულტურული და ა.შ. ელიტა სჩადის.

ეს ჩვენი ქართულ–ჯიგრული გლამური კი იტალიელების საფეხბურთო დაავადებას ჰგავს: თუ მათ კარში ბურთი გაიტანეს, ამას მსოფლიო მზაკვრული შეთქმულების შედეგად, ქვეყნის დაქცევად მონათლავენ და დრამატულად (ვგულისხმობ, აქტიორულ თამაშს) განიცდიან, თუ თავად გაიტანეს – ღმერთის ხელად და ნიშნის მოგებით დაამატებენ, „სამართალმა პური ჭამაო“. დასკვნა N1: სასწრაფოდ გასარკვევია, საქართველოში ამჟამად ისტორიის რა სახელწოდების ფორმაციაა. ვერ გაიგებ, ფეოდალიზმია თუ მონარქია. არადა, XXI საუკუნეში, თანამედროვე ვესტერნიზაციის სტანდარტების სახელმწიფოში, წესით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია: ქალი – კაცი, უმრავლესობა – უმცირესობა, მართლმადიდებელი – ათეისტი, ნიჭიერი – უნიჭო, სასიქადულო – უსიქადულო, მთაწმინდის საპანთეონო და არაგასაპანთეონებელი, ლიბერალი – კონსერვატორი, ახლობელი – შორებელი და ა.შ. თანასწორობა მარტო იმას კი არ გულისმობს, რომ იმ სომხური წარმოშობის ჯარისკაცს, რომელიც იმ ქვეყანას იცავს, რომლის მოქალაქეცაა; ან სომხური წარმოშობის დარაჯს, რომელიც, მაგალითად, რუსთაველის თეატრს იცავს, „კაი გამარჯობა“ უთხრა, ან ახალი წელი მიულოცო, არამედ აღიარო, მისი უფლება იყოს თანასწორი პოლიტიკურ უფლებებშიც. მაგალითისთვის, საქართველოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რომ ჰქონდეს, იგი მთელ ქვეყანას დაიცავდა, განურჩევლად მოქალაქის ეთნიკური წარმომავლობისა და მისი პოლიტიკური პრეფერენციებისა. იმის განურჩევლდაც კი, იხდის თუ არა იგი გადასახადებს. მაგალითად, ციხეში მჯდომ დამნაშავეს, რომელიც არ მუშაობს და ხაზინას არ ამაგრებს. პირიქით, ხაზინა არჩენს მას. სწორედ ამას გულისხმობს მოქალაქეობის ინსტიტუტი და კონსტიტუცია. მოქალაქეობის ცნება თავად გამორიცხავს პოლიტიკური უფლებების იერარქიულობას, მითუმეტეს, ეროვნული, რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური ნიშნით. თუმცა დღევანდელ წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არც ისე დიდ ხნის წინ გადაიდგა ნაბიჯები არა მარტო „სისხლის შემადგენლობაზე“ დაფუძნებულ დისკრიმინაციული პრაქტიკების გამაუქმებელ სისტემისკენ, არამედ გენდერულად დეტერმინირებულზეც. მოქალაქეობის ცნება არაა გლამურ–ვულგარულ–სნობური კონცეფცია. იგი უფრო მეტია, ვიდრე ეთნიკური თუ რეალიგიური, გენდერული თუ კონიუნქტურული, ქონებრივი თუ რელიგიური აბსტრაქციები. პოლიტიკური უფლება, რომელიც თავისუფლების ცნებასთანაა შეჭიდული, არის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც სოციალური ან ნიჭიერების სტატუსით კი არ გეძლევა, არამედ მოქალაქეობით. არც ისე დიდი ხნის წინათ ამერიკაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმათ ჰქონდათ, ვინც ქონებას ფლობდა. ახლა, ბუნებრივია, ასე არაა. თუმცა არასწორი იქნება, თუ თავისუფლების პრინციპის სიყვარულს იმთავითვე ყველაზე განვავრცობთ. ცნობილია, რომ აშშ–ში სამოქალო ომი სწორედ მონობის გაუქმების გამო გაჩაღდა. პროგრესულად მოაზოვნეები და მათ შორის უპირველესად რესპუბლიკელები დაჟინებით მოითხოვდნენ, ადამიანისადმი ამ სამარცხვინო დამოკიდებულების პრაქტიკის სამუდამოდ აღმოფხვრას. არადა, ისტორიულად ცნობილია, რომ ამერიკელ მონებს (ბუნებრივია, არა ყველას) სულაც არ უნდოდათ თავისუფლება, რადგან მათ რჩენა–გამოკვება– დაბინავება– ჩაცმასა და სიბერეზე ბატონი – პლანტატორი უკვე ზრუნავდა. და საკმაოდ „წარმატებულადაც“. ანუ შეჩვეული ჭირი სამოთხედ თუ არა, „კომფორტულ კარცერად“ ეჩვენებოდათ. არადა, მონებს შორის სოფლის მეურნეობის ძალიან კარგი სპეციალისტებიც იყვნენ და მათ თანასწორობის პირობებში კარგი სამსახურის შოვნაც შეეძლოთ. დასკვნა N1: თავისუფლება, თანასწორობა სახლაფორთო რამაა. იგი პასიხუსმგებლობათა და მოვალეობათა რუტინაა (ამას მოქალაქეობის ცნება თავისთავად გულისხმობს) და არც ისე გლამურულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იგი კონფლიქტურია, მტკივნეულ – პრობლემური, ომის ტრიგერია, სისტემის, კოლექტიური და ინდივიდუალური ცნობიერების შემცვლელია, აი, ავიღოთ თუნდაც აფრიკის სახელმწიფოს, ლიბერიის (ნიშნავს „თავისუფალ მიწას“) ისტორია. XIX საუკუნის დასაწყისში ამერიკელებმა გადაწყვიტეს, აფრიკიდან ჩამოყვანილი მონები გაეთავისუფლებინათ და ამ მოტივით ამ ადამიანებს ლიბერიაში მიწები უყიდეს, ანუ ქონება დაუკანონეს და უკან დააბრუნეს. მაგრამ ამ სტრატეგიამ, მისი ჰუმანიტარული დანიშნულების მიუხედავად, ვერაფრით გაამართლა. ადგილობრივმა ტომებმა თავისი „თანატომელები“ არასტუმართმოყვრულად მიიღეს, მათ მიერ „ჩამოთრეული“ ამერიკული ფასეულობები ვერ გაიზიარეს და დღესაც კი, ეს ქვეყანა ჩამოსულების შთამომავლებისა და ორი საუკუნის წინანდელი დამხვდურების შვილთაშვილიშვილებს შორის სისხლიანი დაპირისპირების სარბიელია.

საქართველოში სტურუა–რურუას გარშემო ატეხილი პოლიტელიტარული პერფორმანს– გლამური, ერთგვარი „ქარიშხალი ჭიქაში“, ერთ მეტად მნიშვნელოვან, უაღრესად საკვანძო პრობლემაზე მიგვითითებს. საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილება ვიწრო პარტიული რაკურსით განიხილება, ანუ ვინ ვინაა წარსულ–აწმყო–მომავლაში, ვინ ვისი ახლობელ–ნათესავ–ნათლი–მირონია, ვინ ვისკენაა, რატომ და რამდენი ლარი, დოლარი, ევრო იშოვა, ან ვერ იშოვა. და არა იმით, თუ რა გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილება ერთი კონკრეტული ადამიანისა და ზოგადად მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერებაზე, როგორაა ეს გადაწყვეტილება შეჭიდული იმ საზოგადოების ფასეულობებთან, კომპრომისებთან და საზოგადოებრივი ცხოვრების იმ ტიპის არჩევასთან, რომელშიც სასიცოცხლო სივრცე, სასუნთქი ჟანგბადი უნდა გვქონდეს და რომელსაც ვაშენებთ, თუ . . . უკვე აღარ ვაშენებთ. თუ სიტყვა „მშენებლობასთან“ მხოლოდ ავტობანები, ეკლესიები და რეკრიაციული ზონებია ასოცირებული. მოხსნიდა თუ არა ქვეყნის სიამაყესა და ღირშესანიშნაობა „რობიკოს“, ვთქვათ, მაჰათმა განდი რომ ყოფილიყო კულტურის მინისტრი, პრეზიდენტი კი – ვაცლავ ჰაველი? პასუხი: მოხსნიდა. თანაც უფრო ადრე, ვიდრე ეს ექსმხედრიონელმა თუ მისმა ბოსებმა გააკეთეს. ყოველ შემთხვევაში, ერთ–ორ დღეს ბოდიშის მოსახდელად დააცდიდა. ანდა, თეატრის პრესსამსახურის განცხადებას დაელოდებოდა. თუ სააკაშვილის ზეპირი წამოცდენა („ზანგები ვართ?“), რომელიც მე ბავშვობაში სკოლასა და ქუჩაში ლამის ყოველ დღე მესმოდა, იყო აფრო–ამერიკელების არაგლამურული წარსული მდგომარეობის ამსახველი ჟარგონ–შაბლონი, სამაგიროდ, სტურუას ინტრევიუ დაწერილ–გარედაქტირებული ტექსტია და, ვვარაუდობ, გამოქვეყნებამდე მზა მასალას სტურუამ, როგორც მინიმუმ, ინტერვიუდან ერთი დღის შემდეგ მაინც გადაავლო თავისი „ბრეხტისეული“ მზერა. და თვალის ამ გადავლების შემდგომ „რატომღაც“ სომხებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო დისკომფორტი სულაც არ უგრძვნია. პრეზიდენტი კი პირდაპირი ეთერით თავისი ენის მოძრაობას და ნარატივს მაქსიმალურად უნდა ფილტრავდეს, აკონტროლებდეს და უკვირდებოდეს. თუმცა, რახან ზეპირსიტყვიერებისას ენა უძვლოა (მაგრამ, არა დაწერილ–გარედაქტირებული ინტერვიუ), პირველი პირისგან და უბრალო მოკვდავთაგან ოფიციალური ბოდიშის მოხდის პრაქტიკაც არსებობს. აშშ–ის დღევანდელ პრეზიდენტს ოფიცილურად 15 „სფიჩურაიტერი“ (გადასახადების გადამხდელების ხარჯზე) ჰყავს და იგი მუდამჟამს ელექტროსუფლიორით საუბრობს ( რაც მის, როგორც დიდი ორატორის, მითს ანგრევს), მაგრამ რამდენჯერაც ობამამ ამ ორი სამსახურის გარეშე თავის ენას მისცა გზა ფართო, ლამის იმდენივე არაკორექტულობანიც „შეემთხვა“. მათ შორისაა ამერიკის შტატების რაოდენობის შეშლა და „ღამის შოუში“ პარაოლიმპიურ თამაშებზე არაკორექტული ხუმრობაც. საზოგადოებამ ამ უკანასკნელზე საკმაოდ მკვეთრი რეაქციით უპასუხა და ობამამაც ბოდიში მოიხადა, რადგან არაფერია იმაზე მეტად ადამიანური, როგორც ამგვარი უნებლიე იაღლიში და მერე პატიების თხოვნა. პოტსგამოქვაბულის სამოქალაქო საზოგადოებას კი მომატებული მგრძნობელობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ქსენოფობური, სექსისტური, ჰომოფობური, დისკრიმინაციული ნარატივის შემცველი საჯარო მესიჯების მიმართ. მეტადრე, გადაწყვეტილების მიმღები მოხელის პირიდან აღმოხდენილისადმი. ბოდიში სტურუასგან არავის გაუგონია. რადგან ითვლება, რომ იგი ხელშეუხებელია და ისეთივე ქართული საექსპორტო ბრენდია, როგორიც ქართული ღვინო, თუმცა ამ ქართული ღვინის ზოგიერთი სახეობის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება დღემდე აშშ–ში რუსულ კომპანიას „დოზორცევ ი სინოვია“ ჰქონდა. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, მან იგი სრულიად კანონიერად მიიღო.

იქ, სადაც ტანკია „სამშობლო“, ქვეყნის პრეზიდენტი კი „ვსტავანიე ს კოლენ“ –ს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების „მოჩიწ ვ სორტირე“ – თი იწყებს; იქ, სადაც სამშობლო პარამილიტარისტულ – პატრიარქალურ – ფსევდორელიგიური გლამურია, „მუხლებიდან ადგომაც“ საბაჟოზე „ბარბების“ ჩამწკვრივებით იწყება. საბაჟოს კურთხევითა და, საერთოდ, ალბათ, ყველაზე წარმატებული მებაჟის პატრიარქის მიერ მესამის კი არა, პირველივე შვილის მონათვლით. ჩვენს ისტორიას სნობურ–ვულგარული მონათვლები ახსოვს: ედუარდ შევარდნაძის გაგიორგება და სააკაშვილის უმცროსი ვაჟის ვიქტორ იუშენკოს სახით მთელი უკრაინელი ერის მიერ მონათვლა. რასაკვირველია, ნათლობის საეკლესიო საიდუმლო რიტუალის უწმინდესისა და უნატერესის უშუალო გაძღოლით. ერის სულიერი მამა, „რასაკვირველია“, საკლესიო–პოლიტიკური გლამურის თავკაციც უნდა იყოს.

სტურუას გარშემო ატეხილი ვნებებისა და „პლიაჟნი“ სეზონის გამო მედიას არ გახსენებია მალაზიაში დაპატიმრებული ორი ქართველი ქალი (საქართველოს მოქალაქეები), რომლებსაც სახრჩობელა ემუქრებათ, ადვოკატებს კი თარჯიმანი ვერ უპოვიათ; არავის გახსენებია სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები (საქართველოს მოქალაქეები), რადგან ისინი ქართული გლამურის მსახიობები და წევრები არ არიან. ისინი მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის ერთჯერადი ნარატივია. გლამური, კრიმინალი და საპატრიარქოს განცხადებები ქართული მედია – გამბიტია. 5 წლის წინათ „ჰამასის“ მიერ დატყვევებულ რიგით გილად შალიტზე ისრაელელებმა ყურები მარტო მსოფლიო საზოგადობას კი არა, არამედ უპირველესად საკუთარ მთავრობას გამოუჭედეს. ისრაელის თითოეულმა მოქალაქემ იცის ერთი–ორი წვრილმანიც, რომელიც ამ რიგითს შეეხება: ტყვედ აყვანის დროს ჯარისკაც გილად შალიტს მარცხენა ხელი და მხარი დაუზიანდა... ჩვენს მედიას კი მხოლოდ უგლამურესების „სიტუაცია“, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს.

აგვისტოს თვეში, მსოფლიოში ქართულ – რუსული ომის სამი წლის იუბილისა და ანაკლიის „ტუალეტკარგადმოწყობილი“ სასტუმროების გახსნის გარდა, ბევრი, პირადად ჩვენთვისაც საგულისმო–საყურადღებო რამ მოხდა: აი, ერთ–ერთი. 70 წლის წინათ, აგვისტოში, მეორე მსოფლიო ომის დროს, სწორედ ფაშისტურ გერმანიაში კარდინალ კლემენს აუგუსტ ფონ გალენის მეცადინეობითა და გერმანული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით ჰიტლერმა ხელი მოაწერა ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვების ევთანაზიის კანონის (პროგრამა T-4) გაუქმებას. თუმცა, რას ვბოდავ, ეს ჩვენ რაში გვაინტერესებს? აი, მაგალითად, ერთ–ერთ ცნობილ ამერიკულ ტელეარხზე (ABC) კვლავ ატლასის ხალათიანი გამოჩნდა. ოჯახურ ატმოსფეროში ელტონ ჯონი თავის მეუღლესთან ერთად. ატლასის ზოლიან ხალათში. დევიდ ფურნიშს კი აბაზანის იგივე პირსახოცის თეთრი ხალათი აცვია, შუაში მათი ინტერვიუერი, გადაცემა The View-ს წამყვანი ბარბარა უოლთერსია (არაფამილარულად ანუ უხალათოდ. გამოსასვლელ კაბაში თუ ზედა–შარვალში) და მას ხელში ამ წყვილის შვილი უჭირავს, რომელიც სუროგატი დედისგანაა. აუდიტორია „გვარიანად გვანერვიულეს“, როცა შევიტყვეთ, რომ ბავშვი, წესით, შობის შემდეგ უნდა გაჩენილიყო და მაინც და მაინც შობას გაჩნდა, როცა წესიერი და პატიოსანი ხალხი „ფართების“ გამართვითაა დაკავებული. ესეც მესიჯი ზემოდან ანუ ციდან, ღმერთისგან. ყოველ შემთხვევაში ელტონ ჯონისთვის. აბა, მისი შვილი უბრალო დღეს ხომ არ გაჩნდებოდა? მერე მსჯელობა იმის შესახებაც გააჩაღეს: ამ ბავშვის შექმნაში ვისი სპერმა იქნა გამოყენებული, ელტონის თუ დეივიდის? ლამის ცრემლმორეულებმა ისიც გვაცნობეს, რომ როცა ელტონი და დეივიდი უკრაინაში მიტოვებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ, თურმე ვიღაც პატარა უპატრონო არსება ელტონს შეეხო, წაეჟღურტულა და მას მერე ამ დიდ და სრულიად ინგლისის სასიქადულო მომღერალს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ასევე დიდმა დედამ, მისმა უდიდესობა – უგლამურესობამ, დედაოფალმა ელისაბედმა „რაინდის“ წოდება უბოძა, ზეგარდმო მშობელ–შვილური სითბო ჩაეღვარა ტვინსა და გულში და მაღალმა ხმამ ელტონს ჩასძახა (და არა ამოსძახა): „ელტონ, შენ მშობელი უნდა გახდე. დროა, ელტონ, დროა!“. მიამიტს ეგონება, რომ ელტონმა სწორედ ის ჩვენი ნათლი–მირონი (უკრაინელი) ერის შვილი იშვილა? არა. სამშობლოში დაბრუნებულმა სასუროგატე ქალი მოძებნა და თავისი ფული და სპერმა (შეიძლება სულაც მისი მეუღლის) გლამურ–ეკონომიკურად ისევ მშობლიურ ბრიტანეთში დააბანდა. აბა, ტყუილად კი არაა იგი სამშობლოს ერთ–ერთი მთავარი ჯენტლმენი თუ რაინდი. როგორც მან თქვა, უბრალოდ, ამ ზეგარდმო მესიჯმა (აქაც მესიჯი, ოღონ განა ქართველი სიდედრმოძულე კაცის მობილური ტელეფონიდან გამოგზავნილი. არამედ უფრო მაღალი სტრატოსფეროდან) უკარნახა მას, რომ უკვე დროა, შვილი ჰყავდეს. ბავშვის ნათლია კი ლედი – გაგაა. ბარბარა უოლთერსმაც, ფაქტობრვად, აღნიშნა: სელებრითი სელებრითს ეძებსო... ერთგვარი ინტერკონტინენტური სნობური ნათლობა. ესეც სუპერგლამურია, მაგრამ ძალიან არაქართული, არაეროვნულ–არამართლმადიდებლურ–არაჯიგრულ–არაკაცური ელემენტებით. პირადად მე, მეგონა, რომ გადაცემაში ლედი – გაგასაც ჩართავდენენ და ისიც ატლასის თუ არა, ქაღალდის, ცელოფნისა და პლასტელინისგან შეკერილ ხალათში იქნებოდა ჩაცმული. თავზე კი ოქროსფერ–ვერცხლისფერებად აბრჭყვიალებული საწოვარა ჩამოცმული, ან რაიმე მის (ლედი გაგას) სტილში, ისტერიულ – ეპატაჟური. არა, გავწბილდი. გაგა არ გვიჩვენეს. დასკვნა N1: ვა, გლამურო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა. . . და თითქმის ისეთივე დასკვნა N2: ვა, გლამურო, ძალსა შენსა, ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს . . .

2011.09.09
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment