Monday, June 24, 2013

ელჩები, მოსპობილები, ვერა პავლოვნა, ჩაპაევი და პუსტოტა


„ტუნელი გინდოდა? –საიდანღაც მოისმა ხმა წუთისოფლიდან, რომელიც ნელ – ნელა სამუდამოდ ქრებოდა. ნავის მძიმე ნიჩაბმა ჯერ მარჯვენას თითებზე და მერე მარცხენაზე დაარტყა,სამშობლოს ნათელი კონტური კი დატრიალდა და სადღაც ზევით გაქრა“.

ეს სიუჟეტი ვიქტორ პელევინის ნაწარმოების „ვერა პავლოვნას მეცხრე სიზმარი“ (1991) მთავარი გმირის თავგადასავალია. იგი მამაკაცების ტუალეტში დამლაგებლად მუშაობს. გარეთ კი „პერესტროიკაა“, ცვლილებების სიო ქრის, გულაგის მომწყობნი მიდიან, საბჭოური ცხოვრება იცვლება და, შესაბამისად, ტუალეტის დიზაინიც უნდა შეიცვალოს. ვერა პავლოვნას უეცრად ფილოსოფიური აზრები მოსდის თავში, რომლებსაც თავის კოლეგას უზიარებს. ოცნებობს იმაზე, რომ საპირფარეშოში ნახატები ეკიდოს, მუსიკა ჟღერდეს. ანუ კულტურული კლიმატი შეიქმნას. ალბათ, სურს, რომ საბჭოურ „სველ წერტილში“ თითქმის ისეთივე გარემო სუფევდეს, როგორიც, მაგალითად, ზალცბურგის ან პარიზის რომელიმე კარგ თანამედროვე რესტორნის Rest Room –ებშია. „თავისუფალი ბაზრის“ მოახლოების ტალღაზე ვიღაც ვერას სამუშაო ადგილის პრივატიზაციას ახდენს, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ალაგს სურათებსაც კი ჰკიდებს. ვერას კი მუსიკა „მოაქვს“. იგი ტუალეტში ბახს რთავს. ბახის მუსიკა, ალბათ, დაახლოებით ისე ისმის, როგორც მანჰეტენზე ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკასთან არსებულ საზოგადოებრივ ტუალეტში. ასრულდა ვერა პავლოვნას სანუკვარი ოცნება. ტუალეტმა ახალი პროფილი შეიძინა და მაღაზიად გადაიქცა. ერთადერთი, რაც ვერას აკვირვებს, ეს „მაღაზიის“ კედელს იქით მჟღერი წყლის ჩარეცხვის დაუსრულებელი ხმაურია, რომელიც „პერესტროიკამდეც“ ისმოდა. მიზეზი მარტივია: მეზობლადაც ტუალეტია. ვერას მაინც უკვირს, საიდან მოდის ეს არასასიამოვნო სუნი და რატომ გამოიყურებიან ადამიანები და საგნები ისე, თითქოს ისინი ექსკრემენტებში ამოავლეს. ბოლოს კი ლოგიკურად გროტესკული ფინალია. მძღნერი კედელს გაანგრევს და მისი ჭავლი პავლოვნას ჯოჯოხეთში მიაქანებს. იქ კი ვერა ჩერნიშევსკის წიგნის გმირის სიზმრის ნუმერაციაში „თავსდება“.

თუ მცირე ხნით დავივიწყებთ ამ ნაწარმოების კავშირს პოსტმოდენულ ლიტერატურასთან, ჩერნიშევსკის ოპუსთან „რა ვქნათ?“ და დოსტოევსკის „დანაშულსა და სასჯელთან“, მოგვეჩვენება, რომ ვერა პავლოვნას მეცხრე სიზმარი ჩვენი დროის სოციალური პროზაა. უფრო სწორად, პოლიტიკურ–სოციალურ–კულტურული ნარატივი, რომელიც სულაც არ ჰგავს ზმანებას ცალკე აღებული ერთი ტუალეტის „ისტორიის“ შესახებ. პელევინის ეს ნაწარმოები თბილისიდან ქუთაისში და პირიქით, სამარშრუტო ტაქსით ან ავტობუსით სააღდგომოდ თუ საშობაოდ ჩემი მგზავრობისას აკვიატებული აზრივით ყოველთვის ჯიუტად მახსენდებოდა: მძღოლი რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ფასიანი საზოგადოებრივი ტუალეტი იყო, არ აჩერებდა (ავტობუსი – აჩერებდა თუმცა არა ყოველთვის). სამაგიეროდ – სადღაც გზაში, სასადილოსთან სახელად „ოჯახური“ (ყველა მძღოლს თავისი „საყვარელი პროტეჟე“ სასადილო ჰქონდა, რომელსაც მგზავრ– კლიენტებს მიაყენებდა ხოლმე) ყოველთვის შეაჩერებდა. როგორც წესი, იგი ჯერ გამოგვიცხადებდა, რომ სულ რაღაც ათი წუთი უნდა გავჩერებულიყავით და „პური წაგვეჭამა“, მაგრამ, საერთო ჯამში, 45 და მეტ წუთამდე გვაყოვნებდა. ტუალეტისკენ მიმავალი მძღოლები (მთავარ მძღოლს სათადარიგოც ახლდა, რომელსაც „ზაპასნოის“ უწოდებდნენ) და, საერთოდაც, საქმეში ჩახედული მგზავრები, როგორც წესი, ავტობუსიდან ჩასვლისას უკვე წინასწარ ხმამაღლა „მადლიანად“ სხვისა და საკუთარ მშობლებს აგინებდნენ, დაგემოვნებით იფურთხებოდნენ, რადგანაც „ვათერკლოზეტი“ იყო ის, რაც კოპროლალიის (დაავადების ერთ–ერთი სახეობა – პათოლოგიური ბილწსიტყვაობა) გამწვავებას „ამართლებდა“. გინების ადრესატი „მცირე ბიზნესის“ – საზკვების ობიექტის „ოჯახური“ პატრონები იყვნენ. ტუალეტი ერთგვარი კატაკომბური „ნონ ფინიტო“ კონსტრუქცია იყო, რომელშიც ნებაყოფლობით დროებით გაუჩინარებული ადამაიანები იქაც გამოთქმითა და დამარცვლით იგინებოდნენ, გამოსვლის შემდეგ კი – გაათმაგებულად. „რესტრუმი“ კი გახლდათ ხისგან შეჭედილი ნასვრეტებიანი, ვერტიკალურად მდგომი ორადგილიანი საზოგადოებრივი ხის „კუბო“, იგივე სავალდებულო ჯოჯოხეთი. რომელი იყო ქალისა და რომელი მამაკაცის, ინტუიციით უნდა მიმხვდარიყავი, ანდა ჯობდა პირველ „კამიკაძეს“ გაჰყოლოდი, რადგანაც სწორედ ყველაზე გაჭირვებული იღებდა თავის თავზე ამ ადგილების სქესობრივი ნიშნით სახელდების ხვედრს. შიდა მოწყობის აღწერით თავს არ შეგაწყენთ, არ შეგაშინებთ და სამუდამოდ მადას არ დაგაკარგვინებთ. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ცხოვრების ამ „ეპოზოდში“ ყველაზე დასამახსოვრებელისწორედ მამა–პაპური და მოდერნისტული გინების ვარიაციები იყო, როგორც პორნოზეპირსიტყვიერების ფოლკლორულ–კამასუტრული შედევრი; საშუალო სტატისტიკური საზოგადოების საზოგადოებრივი პროტესტი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან საზოგადოებრივ ტუალეტში არსებულ მდგომაროებასთან დაკავშირებით. ვერბალური აგრესია ერთგვარი მოთელვა იყო მანამ, სანამ





ადამიანები „რესტორან“ „ოჯახურის“ – იგივე ჩვეულებრივი გზისპირა საცხოვრებელი სახლის კედლებში სასადილო მაგიდას მიუსხდებოდნენ და საზოგადოებრივი სიკეთით ანუ ამავე საზოგადოების მიერ ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადახდილი ფულით სხვა ფიზიოლოგიურ მოთხოვნას – ჭამის სურვილსა და შიმშილს დანაყრების გრძნობით დაიკმაყოფილებდნენ. მძღოლები ამ „რიტუალის“ შემდეგ არაიძულებით სამოთხეში –„სატრაპეზოში“ შედიოდნენ. იმედია, ხელებს სადღაც იბანდნენ, რადგანაც ონკანი ტუალეტთან არ დაიმზირებოდა და არც სხვა საჭირო ატრიბუტიკა შეინიშნებოდა. მგზავრების უმრავლესობა კი, როგორც წესი, თხილის ან მზესუმზირის შეძენის შემდეგ მალევე ბრუნდებოდა სატრანსპორტო საშუალების სალონში, რადგანაც ათწუთიანი შესვენების დაპირების ისევე სჯეროდათ, როგორც წმინდა მიამიტობას – იან ჰუსის დაწვის სარგებლიანობა. სანამ მძღოლები და მგზავრები „ოჯახურის“ ხაჭაპურებს, ჩაქაფულს, მჭადზე დადებულ იმერულ ყველს, კიტრ–პომიდორ–მწვანე ხახვის სალათას მიირთმევდნენ, ლიმონათ „გულაბ მსხალს“ აყოლებდნენ და თან ხუთი წუთის წინ მათსავე მიერ ნაგინებ მასპინძლებს ამ ჯერზედ „ჭირიმე–გენაცვალეს“ ეუბნებოდნენ, აქებდნენ, უკანა გზაზე ისევ შემოვლას პირდებოდნენ, ავტობუს–სამარშრუტოში ხალხის სალონური უკმაყოყფილება ნელ – ნელა ვერბალურ და ვოკალის მაღალრეგისტრიან გამოხატულებას ჰპოვებდა. თუმცა არც ისეთ რადიკალურ–ექსტრემისტულს, როგორიც ეს გზისპირა „რესტრუმში“ ფიქსირდებოდა. ყველას ეჩქარებოდა, მაგრამ როგორც კი მძღოლი და მისი კოლეგა კმაყოფილების ღიმილითა და დანაყრების ნეტარი ხვნეშით სატრანსპორტო საშუალების კარებში შეაბიჯებდა და მასპინძლების კულინარულ ხელოვნების დედას „შექების დისკურსით“ დემონსონტრატიულად შეუკურთებდა, მანქანის დაქოქვამდე კი პირჯვარს გადაიწერდა (მას მგზავრებიც აჰყვებოდნენ), ყველა შვებითა და გამამხნევებელი შეძახილებით ამოისუთქავდა ხოლმე. ვითარცა მესიის ხილვისას. მძღოლის კაბინაში კი სარკეზე ჩამოკიდებული ჯვარი ისევე დაიწყებდა ქანაობას, თითქოს იქვე ჩართული ჩამწერის „ქართულებს“ მოძრაობის რიტმს საგულდაგულოდ უწყობს. როგორც წესი, ჩამოკონწიალებული ჯვრის გვერდით სტალინის პორტრეტი და პამელა ანდერსონის სილიკონიზირებული ბიუსტი რატომღაც დისჰარმონიულად არასოდეს გამოიყურებოდა.

ერთხელაც სააღდგომოდ ქუთაისში მივდიოდი. კარგად მახსოვს, ფანჯარასთან ვიჯექი, მაგრამ ქალი ამოვიდა უზარმაზარი კოლოფით და მთხოვა, მისთვის ჩემი ადგილი დამეთმო, რადგანაც ყუთში ექვსი თუ მეტი „ლატოკი“ შეღებილი კვერცხი ედო. შემომჩივლა, რომ მთელი გზა მუხლებზე უნდა დაედო და ფანჯარასთან მიყუჟულს კვერცხები დამტვრევისგან უფრო გადაურჩებოდა, ვიდრე გასასვლელში ჯდომისას. დავუთმე, რასაკვირველია. სამწუხაროდ, მწარედ მახსოვს მისი მეზობლობა, რადგანაც ორი მობილური ჰქონდა და მათზე გაუთავებლად ხმამაღლა საუბრობდა, რითაც სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლებს არა მარტო მისი,ასევე ბიძაშვილ–მამიდაშვილის „სექენ ჰენდის“ ტანსაცმლისა და სხვა ბიზნესის დეტალები გააგებინა, არამედ ისიც, თუ სხვადასხვა წლებში, ბავშვობა – სრულწლოვანების ასაკიდან ვიდრე დღემზე, რამდენი კვერცხი შეღება, რამდენი პასკა გამოაცხო, როგორ და ვის მოანათვლინა შვილები და შვილიშვილები, რატომაა მისი მეზობელი ზვიადისტი ბნელი, მიშა – გიჟი, რამდენჯერ მარხულობს წელიაწადსა და კვირაში და, ბოლოს და ბოლოს, უნდა გვეშველოს თუ არა. რადგანაც საზკვების ობიექტ „ოჯახურშისა“ და მისი „დამხმარე ნაგებობის“ „ქეისმა“ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდიულება დატოვა, სალონური დუმილის დარღვევა გადავწყვიტე და ბოროტად გამოვიყენე ის გარემობა, რომ მძღოლებთან ახლოს ვიჯექი. უბრალოდ არ მინდოდა სატრასნპორტო ისტორიის ანალებში „დუმილის მგზავრად“ დავჩენილიყავი და სანამ მძღოლი მანქანას დაქოქავდა, ხმა მშვიდად ამოვიღე.




– უკაცრავად, ბატონო. ერთი კითხვა მაქვს.


– გისმენ, დაია. – მიპასუხა ერთ–ერთმა მძღოლმა და მანქანის სარკით „ფოკუსში ამიყვანა“.


– 10 წუთის მაგივრად 45 წუთი რატომ გაგვაჩერეთ? უბრალოდ მაინტერესებს, რატომ?


– რაია, დაია?


- 10 წუთის მაგივრად, ოთხჯერ 10 წუთი და მეტი გვალოდინეთ. მაინტერესებს – რატომ?


- ე.ი.საათი გაქ, დაია? – მპასუხობსერთ–ერთი და ორივე მძღოლი გაღიმებული სახით ჩემკენ ატრიალებს თავს. სალონში ნელ –ნელა სამარისებული სიჩუმე ისადგურებს.


- მე – კი. აი, თქვენ, ეტყობა, არა.უბრალოდ მაინტერესებს, რატომ გვალოდინეთ ამდენ ხანს? – ამ დროს ზურგის ტვინით ვგრძნობ, რომ სალონის საზოგადოება დაიძაბა და სმენად იქცა. უცებ ჩემ გვერდით მჯდომმა ტელეფონზე საუბარი შეწყვიტა, წითელი კვერცხების დატეხვის რისკის მიუხედავად, სავარძელზე მაქსიმალურად წინ ისე წაიწია, რამდენადაც კვერცხებიანი კოლოფი ამის საშუალებას აძლევდა და გვერიდიდან არაბუნებრივად გაფართოებული თვალებით დამიწყო ყურება. 1–2 წუთი გადის და პასუხი არსაიდან. მძღოლი მანქანას ქოქავს.


– უკაცრავად, მე გკითხეთ – 10 წუთის მაგივრად 45 წუთი რატომ გვალოდინეთ?პასუხს ველი. მოუთმენლად.


– რაია, დაია?რას ელი? რანაირად ელი?


– პასუხს.


–აა, პასუხს? გვშიოდა. აღდგომა ზეგაა და სად გეჩქარება? კვერცხები გაქვს შესაღები, თუ ოჯახი დაგახვედრებს? გენაცვალე, ქმართან ჩადიხარ თუ შეყვარებულათან?


– მაშინ თავიდანვე უნდა გეთქვათ,თბილისში ანდა გაჩერებისას,რომ 45 წუთს ისვენებთ! თქვენი საქმე არაა, ვისთან ჩავდივარ. თქვენი საქმეა ჩვენი დროზე ჩაყვანა!განსხვავებას ხედავთ?


–ააა, დროზე ჩაყვანა? სა გეჩქარება? ვინ გიცდის ამნაირი? ჰა, ჰა... რა უნდა მეთქვა?


– წუთების რაოდენობა. და კიდევ: მასპინძელს ბინძური ტუალეტი გამო რატომ აგინებთ და მერე რატომ ჭამთ მის კერძებს და აქებთ? რატომ?– ვა–ბანკ სრულიად მშვიდად წავედი. ჩავთვალე, რომ დასაკარგი არაფერი მქონდა. სათადარიგომ მუსიკა გამორთო და ამხედ–დამხედა.


– რაიო–რაიო?! –სინქრონში ორივემ მკითხა და მთავარმა გააგრძელა. –რატომ, დაია, და ავტობუსის წინ ხომ არ მოვფ@–მოვჯ@. როცა მშია ცუდ ხასიათზე ვარ და მარშრუტკას კარგად ვერ ვატარებ. გეიგე?! არ გადამაჩეხიოთ ახლა თავი! აააახლა, არ გადამრიოთ! მორჩა ბაზარი! მომინდომა აქ წუთები, კაფელიანი, დაჟე ტუალეტის ქაღალდიანიკაი–კაი ცხოვრება. კაი ცხოვრება სან – ფრანცისკოშია, ბიძია ბუშთან! წაი, დაია, თუ გინდა იქ.ბიჯოს, ვააა! არ გამიტ@ საქმე?!...





სალონი აყაყანდა. ზოგი ზოოლოგიურად იცინოდა, ზოგი – ქირქილებდა და არკვევდა, ქუთაისელი თუ ვარ, რომელი უბნელი შეიძლება ვიყო. და თუ თბილისელი, მაშინ ჩემი საქციელი არც ისე გასაკვირია, თუმცა უბანს მაინც აქვს მოტივაციური მნიშვნელობა. გვერდით მჯდომი ქალი, მახსოვს, როგორც იქნა, გამოვიდა ხუთწუთიანი სტუპორიდან,უცებ ისევ ხმამაღლა ალაპარაკდა და გულმხურვალედ იმის ახსნა დამიწყო, რომ ახლა მარხვაა, მაგრამ მაინც უნდა განმიკითხოს: სულელს არ ვგავარ, თითქოს ბოროტიც არ უნდა ვიყო, მაგრამ მძღოლს უმიზეზოდ ვანერვიულებ, სიმართლეს მარტო სულელები ამბობენ და ამის გამო აღდგომას შეიძლება ცოცხლები ვერ შევხვდეთ, მას კი სკოლის ასაკის შვილიშვილები ჰყავს, რომლებიც ძალიან უყვარს; რომ უმცროს ქალიშვილს ბავშვი გვიან შეეძინა, ისიც დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ, რაც ძალიან ძვირი დაუჯდათ და მაშინვე პირჯვრის გადაწერა ინტენსიურად დაიწყო. ამიხსნა, რომ ასე მხოლოდ „ფეხებზემკიდია“ ქართველები იქცევიან. ქალი კი ვარ, მაგრამ მაინც მეტი მომეთხოვება. მითუმეტეს – ტრანსპორტში, ამდენი ხალხის წინაშე.

ჩემს ზურგს უკან კი საზოგადოება საპნის ბუშტივით ნელ –ნელა იბერებოდა. „ტყ, ტყ, ტყ“, „ღმერთო, შენ გვიშველე“ მონაცვლეობით მესმოდა და შიგადაშიგ ბძღოლისკენ გამამხნევებელ შეძახილებსაც ისროდნენ: „ძმაო, ყველას კი ნუ უსმენ, თუ ღმერთი გწამს, წინ იყურე, მშვიდობით ჩაგვიყვანე, შენი ჭირიმე, წითელი პარასკევია, ძმაო.!“ მერე ჩემს თავში რაღაც ძრავამ უსიამოვნო გუგუნი დაიწო. აი, თავი ატკივებას რომ აპირებს და სასიგნალო ნიშნებს მოკრძალებულად რომ გიგზავნის და უცებ გასაოცარი სიცხადით თვალწინ ვერა პავლოვნას სიზმარი დამიდგა. კედელი წარმოუდგენელად გამაყრუებელი ჭახანით ინგრევა და ძლიერი ჭავლი ჯანდაბაში მიგვაქანებს“მარშრუტკიან”–„ოჯახურიან“–ტუალეტიან – კიტრპომიდორიან – წითელკვერცხებიანად. გავიფიქრე: ალბათ, ბოლო წუთშიც „სამშობლოს კონტური ასევე ბუნდოვნად დამიტრილდება“ და, რაც მთავარია, წარმოვიდგინე ძალიან ჰეპიენდური ფინალი: ჩვენ არანაირი ტექსტის პერსონაჟები არ გავხდებით. არც ჩერნიშევსკის, არც პელევინის და არც მილერის. უბრალოდ, დიდ სიბნელეში შთავინთქებით, გავქრებით. უცებ, უკვალოდ და, რაც მთავარია, სამუდამოდ. წარმოვიდგინე თუ არა, თავის ტივილის მოკლე შესავალიც შემეშვა და მაშინვე დავმშვიდდი.


                                                              ***

როცა ქვეყნის ლიდერების საპროგრამო სიტყვებში საქართველოს სინგაპურიზაციის თემა შემოიჭრა და ამ ტერმინის ხსენებას მოუხშირეს, პირადად მე ვერა პავლოვნას სიზმარი ისევ ამეკვიატებოდა ხოლმე. ოღონდ უკვე ჩემი საავტორო ნარატივის ჩანართით. ვერა პავლოვნამ არ იცოდა, რომ შორეულ სინგაპურში ტუალეტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. 2002 წლის 19 ნოემბერს იქ ტუალეტების პრობლემების შესახებ დიდი კონფერენცია ჩატარდა. ჰოდა, იქვე გადაწყვიტეს, რომ ეს დღე ტუალეტებისთვის მიეძღვნათ. შეკრების ადგილად სინგაპური შემთხვევით არ იქნა შერჩეული. იგი თავისი „ვათერკლოზეტების“ ბრწყინვალე სისუფთავითა და სურნელოვნებით გამოირჩევა. შეხვედრაზე ორ ათეულამდე ქვყენის ორასამდე დელეგატი შეიკრიბა, ხოლო ნაციონალური სატუალეტო ორგანიზაციების წამომადგენლებმა არსებული პრობლემებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს მსოფლიოს სატუალეტო ორგანიზაცია (World Toilet Organization )დაეარსებინათ. დააარსეს კიდეც და ლონდონში თავიანთი შტაბ - ბინაც განათავსეს. ვერა პავლოვნა, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო პროფესიულ დღესასწაულს. იგი ბახის მუსიკის ფონზე უკულტურო ჭავლმა მოუსვლელში ჩაიტანა. ხუმრობა იქით იყოს და, მგონი, დროა, ყოველგვარი მორალიზმის, ცრუმორცხვობისა და ფარისევლობის გარეშე სატუალეტო თემას ტაბუ აეხადოს და საზოგადოებამ (მათ შორის – სამოქალაქომაც) მსეჯელობა მასზე ინტენსიურად და ღიად დაიწყოს. და თუ ცივილიზებულ ქვეყნებში საუკეთესო ტუალეტის გამოვლენის კონკურსები იმართება; მაგალითად, ავსტრალიაში, ქალაქის სატუალეტო რუკები იბეჭდება, რათა ადგილობრივისთვის თუ ტურისტიბისთვის მოსახერხებელი იყოს მათი მიგნება, ხოლო ევრორემონტი და მისი მოვლა საზოგადოებრივ ტუალეტებსაც შეეხება, და არა მარტო წელიწადში ერთხელ – 365 დღის შემდეგ, რატომ არაა შესაძლებელი იგივე „გაბრწყინებაზე ორიენტირებულ“ ქვეყანაშიც სისუფთავის პრინციპის პროპაგანდა გაჩაღდეს? სუფთა და უსაფრთხო ტუალეტი ხომ ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია. ერთი სიტყვით: „მაჩვენე შენი ტუალეტი და გეტყვი ვინ ხარ შენ“.

                                                                   ***
სანამ წლევანდელი სააღდგომო კვირის უქმე დღე წითელი პარასკევი დადგებოდა, საქართველოს კათალიკოს – პატრიარქმა დიდი ხნით ადრე განაცხადა, რომ „ქართულითა ენითა განიკითხების მსოფლიო“. არც ისე დიდი ხნის წინ კი ისიც თქვა, რომ „საცხოვრებლად ვინც მიდის უცხოეთში, იმას უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა“. ის კი არა, ამერიკაში ყოფნისას რელიგიურ და ემიგრანტულ თემატიკაზე მომუშავე სტუდია „გუთნის“ ხელმძღვანელმა ერთ – ერთ შეხვედრაზე პატარა ქართველი გოგონა გააფრთხილა: რომ გაიზრდები, არაქართველსა და არამართლმადიდებელს არ გაჰყვე ცოლადო. ამას წინათ ნიუ იორკში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ამერიკაში მყოფ ქართველებთან შეხვედრისას მათ „საქართველოს ელჩები“ უწოდა. არადა ცნობილია, რომ ძალიან ხშირად კი არა, არამედ მასობროვად სწორედ საზღვარგარეთ მყოფი ახლობლების ქართულ ხაზინაში ფინანსური შენატანების საშუალებითაა შესაძლებელი არა მარტო იუსტიციის სახლების აგება, არამედ – ოჯახში ერთზე მეტი შვილის გაჩენაც, სიმსივნისა და უშვილობის მკურნალობაც. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ერთსა და იმავე საკითხისადმი ორი რეალური სახელისუფლებო მეინსტრიმის – საეკლესიო და საეროს –ლიდერები რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. ყველაზე ნათელი მაგალითი რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი მათი დეკლარირებული დამოკიდებულებაც გამოდგება. ასევე დიდი განსხვავებაა ციფრებშიც. პატრიარქს 92 პროცენტი ენდობა, პრაზიდენტს – ათი პროცენტი (NDI). და თუ „კავკასიის რესურსების კვლევითი ცენტრის“მონაცემებს გავითვალისწინებთ, ქვეყნის „ჰუმანიზაციის“ კოეფიციენტი მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს. გამოკითხულთა 99,21 პროცენტი რელიგიურად მიიჩნევს თავს. და თუ ეს ასეა, როგორაა შესაძლებელი ის, რომ წითელ პარასკევს ტელეკომპანია რუსთავი2 -ის თოქ –შოუ „პოზიცია“ სწორედ ამ დღეს ეთერში არ გაუშვებს უქმე წითელი პარასკევის გამო, მაგრამ, სამაგიეროდ, პროექტი „ტოპ გოგო“ ეთერში დაგეგმილ დროს გადის, სადაც არაფერი რომ არ ვთქვათ გოგონა მოდელების (ბიჭ მოდელებზე ამგვარი კონკურსი, ეტყობა, დღის წესრიგში არ დგას) ე.წ. შეჯიბრობითობის უკიდურესად არაკორექტულ პრინციპზე, ისინი ინდივიდულური წარდგინებების დროს თავის ოცნებებზე, ჰობიზე და პროფესიაზე საუბარისას ვალდებულნი არიან თავისი სიმაღლე, მკერდის, წელისა და თეძოს გარშემოწერილობის სანტიმეტრები დაასახელონ. ამის შემდეგ რეკლამა გვამცნობს იმას, რომ ილია მეორის ლოცვა – კურთხევით მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატს დააბრძანებენ, რომელიც „ყველას ოჯახში“ მივა. მოგვიანებით კი მახათას მთაზე სასაჩუქრო ხატების დარიგების პროცესი ერთმანეთის ლამის მასობრივ გადათელვა–გაჭეჭყვაში გადაიზარდა. წითელ პარასკევს გვამცნეს, რომ ტელეგადაცემა „ტოპ გოგოს“ „მეფრინველეობის ფაბრიკები“ აფინანსებენ და რომ სწორედ ეს „მეფრინვალეობის ფაბრიკები“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულს გვილოცავენ. სრულიად გასაგებია მეფრინველეობის „პრომოუშენი“ სწორედ ამ დღეს. მიზეზი – კვერცხი და კვერცხის ბიზნესი.მეორე დღეს კი „კვერცხების“ ცუდი ბიზნესისგან დამფრთხალნი რეკლამის საშუალებით დაჟინებითა და კეთილისმოსურნის პოზოციიდან გვაფრთხილებენ, რომ არაქართული კვერცხი არ შევიძინოთ და იქვე მიზეზებთა ნუსხას გვთავაზობენ. ალბათ, ეს რეკლამა „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ წევრობიდან გამომდინარე სწორედ ახალი „ანტიმონოპოლური პოლიტიკის“ ფარგლებში განხორციელდა.წითელ პარასკევს „ვანოს შოუს“ წამყვანი და იქ დამსწრე საზოგადოება ასაკოვანი მამაკაცის მიერ თითქმის მისი კბილა ქვრივი ქალის მოტაცების შემდეგ მათ „სასიყვარულო“ საუბარზე იცინის, ხოლო აუდიტორია ყველაზე გემრიელად სწორედ მაშინ ერთობა, როცა მამაკაცი ქალს „დანის გულზე დადების“ მუქარით აიძულებს, რომ „შეიყვაროს“. დანის ხსენება მაყურებელთა ისეთ აღფრთოვანებას იწვევს, რომ ტაშსაც დასცხებს... მერე იგივე აქცენტების რიგი: „ქალთა თემა“ პლიუს „ჩამოთრეულები“ – „პუტანკები, ბორდელები და სოფელი“; დაბოლოს, ხუმრობათა სიას „სალონის“ ისევ ზოოლოგიური სიცილი ემატება, როცა გულმხურვალე მეზობელი იმ ქალთან საუბრობს, რომელზეც „განხორციელდა ძალადობა სექსუალურ თემებთან დაკავირებით“ (ვანო ჯავახიშვილის სიტყვები). აუდიოტორია აქაც იცინის და ტაშს უკრავს.
ყველაზე მორწმუნე და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ჰომო საპიენსებს „შოუ ძალადობის ელემენტებით“სიცილს გვრით, ახარებთ, ბედნიერების ჰორმონს –სეროტონინ–ენდორფინებს გამოუყოფთ. იცინიან არა სიმწრისგან, არა ჩუმად, არა მოგუდულად, არა სამზარეულოში, არამედ – პირდაპირ ეთერში, მთელი ქვეყნის გასაგონად. ძალადობა ხალისისა და ფილტვების ვენტილაციის საბაბია. სწორედ პარასკევ დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი რეალურ/ შეთითხნილი კადრები „დადეს“.მეორე დღეს კი მათ გამპროტესტებლებს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დემოსნტრაციულად თავს დაესხნენ. ტელეკამერების წინ – ისევ ღმერთისა და მისი ძის სახელით. 2–3 წლის წინ საქართველოში ტრაგედია მოხდა: ორმა ძმამ აღდგომის ღამეს დედა–შვილი გაქურდა და ორივე მოკლა. „ვაჟკაცების“ დედამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რაზეც ჩვენმა აღდგომის შემდგომ გასათნოებულმა ტელევიზიამ ყაჩაღების მამას კომენტარი სთხოვა. კაცმა კი შემდეგი გამოსცრა: „უღირსმა დედამ თავი მოიკლა“... ქართულ ფოლკლორში გამზრდელი ხომ მხოლოდ მდედრობით სქესის „ღვთის ხატია“.

წლევანდელ წითელ პარასკევამდეცოტა ხნით ადრე პოლიციამ 1 მაისს მშრომელთა სოლიდარობის დღეს აღმნიშვნელ სტუდენტებს კანონის ძალა „აჩვენა“, იმავე დღეს კი ამ სტუდენტების ალმა მატერში „შეყვარებულმა“ თანაკურსელი წინსაწარი დაანონსებით მესამე სართულიდან გადმოაგდო. სიყვარულის მოტივით. მარხვის დღეებში. მაგრამ ეს არ ასახულა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.პატრიარქის მიერ მესამე შვილის მონათვლის სტიმულირებამ, როგორც ჩანს, საგრძნობი ნაყოფი ვერ გამოიღო. ამიტომ ამ ჯერზე აბორტების თემამ ააღელვა და სახლმწიფოსგან ანტიაბორტული კანონის მიღება მოსთხოვა. შარშან,დაახლოებით ამ დროს, საკვირაო ქადაგებაში კი ილია მეორემ ბრძანა: „საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი - ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია“ და ცოლებს რჩევა მისცა – ქმრებისთვის ფეხები დაებანათ. ურიგო არ იქნებოდა, აქვე, ქალაქის ქუჩებში, სანაგვეებზე ნაპოვნი ჯერ კიდევ ცოცხალი და მკვდარი ახალდაბადებულების თემასაც შეხებოდა ანდა შვილებისთვის ალიმენტის გადახდის არმოსურნე მამებზეც ესაუბრა. ანდა მსოფლიოს განუკურნებელ პრობლემაზე – ტრეფიკინგზე, რომლის მსხვერპლი, როგორც წესი, ეკონომიკურად შეჭირვებული ქალები არიან. ანდა რატომ იკრავენ ძალიან მჭიდროდ ქალები მუცელს, რათა ფეხმძიმობა ვინმემ არ შეუმჩნიოთ და სად არიან ბავშვების ბიოლოგიური მამები? ხომ არაა ამგვარი ატმოსფეროს შექმნაში 99,21 პროცენტით რელიგიურად განწყობილი მოსახლეობის ბრალიც და იმ 95 პროცენტისაც, ვინც ეკლესიას ენდობა? რატომ ჰყიდიან სამშობიაროდან ქალები ბავშვებს? დაეხმარება თუ არა საპატრიარქო რეპროდუქციული (ძველი სტატისტიკით საქართველოში 70–100– მდე ათასამდე უშვილო წყვილია) ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას ან მრავალშვილიანთა მხარდამჭერ ინსტიტუციას თუნდაც იმით, რომ ყოველწლიურად საერო ხაზინიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული სამ ათეულამდე მილიონი ლარის ნახევარი მაინც პირდაპირ ამ საჭირობებზე დაიხარჯოს, რათა ყველაზე მოწყვლადნი, უქონელნი, მშიერ–მწყურვალნი და საქველმოქმედო სასადილოების თუ რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის წყალობის იმედად სწორედ რომ მრავალშვილიანი ოჯახები არ აღმოჩდნენ; მეორე ნახევრით კი – საქართველოს მაღალმთიანი რაიონების ოჯახებს ანუ იქ, სადაც დეპოპულაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დემოგრაფიული „ბუმის“ მოსურნე – ინიციატორებს უნდა ესმოდეთ, რომ შობადობა შეიძლება გაიზარდოს არა ერთჯერადი დახმარებით, არამედ განათლებით, ოჯახის დაგეგმვის უნარ–ჩვევით, ძლიერი საშუალო კლასის, სამუშაო ადგილების შექმნით და არა „მოსასპობების“ დაშინებით; არა ერთ ლარად მრავალმილიონიანი ქონების შესყიდვით, არა ეკლესია–მონასტრების მშენებლობით, არა საპატიო „გმირი დედებისა“ თუ „გმირი მამების“ გამრავლების მოწოდებით და არა აბორტების სარდაფ – საკუჭნაეობში გადანაცვლებითა და მუცლის მოშლის სპეციალისტის – „ექიმბაშის“ წამლის გაყიდვიანობის ხელშეწყობით. არამედ იმის ცოდნით, რომ გმირი დედებიცა და მამებიც ხშირად უმწეოთა სტატისტიკური მონაცემების ერთეულები ხდებიან, ხოლო მათი უფროსი, საშუალო თუ ნაბოლარა ბავშვები რომელიმე „პოპულარული ეკლესიის“ ეზოში შეიძლება ვიხილოთ. ხელგაწვდილნი. ღამით სექს–მუშაკობით და დღისით –კეთილი, რელიგიური ხალხის მიერ აშენებილი რკინა–ბეტონის კედლებთან ატუზულნი. ისევე, როგორც მათი მშობლები და ბებია–ბაბუა. დემოგრაფიის გულშემატკივრებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ შეძლებული აბორტს მაინც გაიკეთებს, მაგრამ, სავარაუდოდ, შედარებით უსაფრთხო გარემოში. შეჭირვებული კი ასევე მაინც გაიკეთებს აბორტს, ოღონდ დაინფიცირების თუ სხვა საშიშროების მქონე მაღალის რისკის მქონე „დაწესებულებაში“. სხვათა შორის, 1990წელს ნომინაცია „გმირი დედა“ შეიცვალა სახელწოდებით „ქართლის დედა“. დებულებაში კი სრული სერიოზულიბით ჩაწერეს და დღესაც ასეა, რომ ამგვარი წოდება მიენიჭებოდა ხუთ და მეტშვილიან დედას, რომლის შვილებიც ლაპარაკობენ ქართულ ენაზე და ოჯახში არავინაა ნასამართლევი. ამ წოდების მქონე ქალს 3000 ლარამდე ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი არ უნდა დაქვითოდა...

ქალისადმი ეკლესიის მხრიდან სექსისტურ დამოკიდებულებას რომ თავი დავანებოთ, ვნახავთ, რომ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. იგივე რუსთავი2 – ის პროექტის „რა, სად, როდის?“ წამყვანი ქალთა გუნდს, რომელსაც „ქართველი მოზროვნე ქალბატონებს“ უწოდებს, მათი სატელევიზიო დებიუტისას ახსენებს, რომ მათ ქართვლის დედა დასცქერით, თან ეხუმრება „აბა, გვიპასუხეთ. ვინაა ოჯახში მთავარიო?“ და აპირებენ თუ არა ისინი (ცხადია, ვინც არაა გათხოვილი) გათხოვებას. რასაკვირველია, აბა, ქალს, თუნდაც მოაზროვენს, სხვაგვარად როგორ უნდა გაეხუმრო, თუ არა – ასე? გუნდმა გაიმარჯვა. მაგრამ ერთ – ერთმა ქალმა მაინც გამოსცრა პატრიარქის პირადი და ბიბლიური „ჭეშმარიტება“: ქმარია ოჯახის უფროსი, აბა, სხვა ვინო?


                                                                  ***

რახან უცხოეთი –სინგაპური მაგალითად მოვიყვანე, აქვე „ვანოს შოუს“ წარმომავლობის ქვეყნის, აშშ–ის წამყვანი ნაციონალური ტელეარხების საინფორმაციო დღის წესრიგსაც ვახსენებ. დასვენების თუ სამუშაო დღეებში – მადლიერების, შობის თუ აღდგომის დრესასწაულზე პროგრამათა ბადე ასეთია: გვიყვებიან სიმსივნისგან განკურნებულ მსახიობებზე, ჟურნალიტებსა და სპორტმენებზე – სიკვდილს გადარჩენილებზე: გვიყვებიან სიყვარულის, ერთგულების, მიზანსწრაფულობის, თანაგანცდისა და თავგანწირვის შესახებ; ძაღლებისთვის ვეტერინარის მიერ კარგად გაკეთებულ ოპერაციებზე და ცხოველთა თავშესაფრებზე; საქველმოქმედო აქციებზე, მათ შორის, 6–10 წლის ბავშვების მიერ ორანიზებულებზე. თუნდაც ისეთებზე, სადაც პატარები ძალიან მარტივ სასუსნავებს თავისი ხელით (ბუნებრივია, მშობლების მცირედი კონტროლით) აცხობენ, უფროსები მათგან საქველმოქმედო ანუ მაღალ ფასად სკოლებში, ბაღებსა და ქუჩაში ყიდულობენ და ეს თანხა იმ ბავშვებს ხმარდებათ, ვისაც საახალწლოდ ნაძვის ხისთვის სათამაშოების, ტორტის ანდა კომპიუტერის შეძენა არ შეუძლიათ. ბავშვებმა იციან, რომ XXI სუკუნეში არავინ უნდა შიმშილობდეს. ტერაქტების თუ სტიქიური უბედურების დროს მედია ფსიქოლოგიური დახმარების ქსელის საკონტაქტო ინფორმაციას ახმოვანებს, ეკრანზე და ზოგადად მედიაში ჩნდებიან ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სოციოლოგები თავიანთი მოკლე კომენტარებითა და რჩევებით. ისინი მოვლენათა სურათის ანალიზსა და სინთეზს აკეთებენ. მათ შორის სასულურო პირნიც, რომლებიც არა ობსკურანტილ განცხადებებს, არამედ ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე ხსნიან ღმერთისა და ტრაგედიის ურთიერთმიმართებას, რათა მაქსიმალურად იქნას დაკმაყოფილებული ადამიანების ცნობისმოყვარეობა; აქტუალურ თუ სხვა კითხვებზე მედია ადამიანებს შეძლებისდაგვარად პასუხის მიღებაში ეხმარება. სიუჟეტები აბორტის, იარაღის გაყიდვის, სიკვდილით დასჯის თუ ერთსქესიანი ქორწინების პრო და კონტრ არგუმენტებზე; გადაცემები იმ პოლიციელეზე ან მეხანძრეებზე, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ ან დაიღუპნენ. იმ უბრალოდ ადამიანებზეც, რომლებმაც სხვისი სიცოცხლე იხსნეს. უბრალოდ იმიტომ, რომ გვერდით აღმოჩდნენ. უსახლკაროებზე, აუტიზმზე, ჰემოფილიაზე, ჯანდაცვის პრობლემებზე, სამეცნიერო სიახლეებზე, ტრანსპლანტაციის სასწაულებზე, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლებზე, ისტორიულ პერსონაჟებზე, რომელთა სამოქალაქო აქტივობამ საზოგადოების განწყობებსა და ადამიანების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებებზე იმოქმედა. და ეს ხდება არა რომელიმე შემეცნებით არხებზე, როგორიცაა, მაგალითად, History Chanel ან Discovery, არამედ ჩეულებრივ ახალი ამბების მაუწყებლებზე. სიუჟეტები ადამიანებზე, რომლებიც უხმაუროდ აკეთებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ მედია მათ ეძებთ და მათ „პატარა საქმეზე“ დიდ სიუჟეტებს აკეთებს. იქნება ეს ციხის პატიმართა შვილებისთვის ყურადღების მიქცევა, თუ მოხუცებულთა სახლში თუნდაც ერთი უპატრონო ადამიანის პატრონაჟი და თუნდაც მისი რამდენიმე წუთით გასახალისებლად საკუთარი ძაღლის მიყვანა, ანდა ადამიანის საყვარელი ნაწარმოების კითხვა. სულ მცირედზე მცირედი, მაგრამ დიდზე დიდი. აი, თუნდაც ერთი მამაკაცის შესახებ (მისმა შვილმა აბუჩად აგდების ე.წ. ბულინგის გამო თავი მოიკლა), რომელიც თავისივე ინიციტივით, მაგრამ, ბუნებრივია, სკოლის გამგეობასთან შეთანხმებით, სკოლებში ბულინგის რაობასა და მისი დაძლევის შესახებ ლექციების კითხვა დაიწყო. იგი მოსწავლეთა და პედაგოგთა დიდი აუდიტორიასაც აგროვებს და ასე სკოლიდან სკოლაში მოგზაურობს...ეს ადამიანი ალბათ, მისდა უნებურად, გახდა ერთგვარი არაძალოდობის „აგენტი“, რომელიც უბრალოდ აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის. ყოველგვარი სახელმწიფოს ჩარევის თუ სამღვდელოების ლოცვა–კურთხევის გარეშე. ესაა სიუჟეტები დაუძლეველის დაძლევაზე. სიუჟეტები არა ძალადობაზე, როგორც არსებულ რეალობასა და მის ჯიუტ ფაქტობრიობაზე, არამედ სახელისუფლებო – არასახელისუფლო ინსტიტუციების, პარტიულ – უპარტიოების, მორწმუნე – აგნოსტიკოს – ათეისტების, ზოგადად, ადამიანების რეაქციაზე, პასუხზე, მგრძნობელობაზე, სიფხიზლეზე. კვირის დასასრულს, როგორც წესი, მედიის კრიტიკა, მათ შორის საკუთარი არხის, რეგულარული ხასიათისაა. განსაკუთრებული ადგილი პრესის მიმოხილვას ეხება. და არასოდეს გამორჩებათ სექსისტური, ქსენოფობური თუ სხვაგვარფობური კომერციული ჭრა, თუ იგი სადმე გაჭაჭანდა.ამგვარი კრიტიკული დამოკიდებულების მაგალითია წლევანდელი ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე წამყვანის მიერ წამღერებულ სახუმარო სიმღერაში იმ მსახიობი ქალების ჩამოთვლა, ვისი შიშველი მკერდიც მაყურებელმა ფილმებში იხილა. ზოგიერთი დარბაზში მყოფი ამ „იუმორესკამ“ გააცინა, მაგრამ არ გასცინებიათ თავად ამ ქალებს, რომლებიც ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიურ ცერემონიალს ესწრებოდნენ. ბუნებრივია, ეს მედიას არ გამორჩენია. მაშინვე დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ სად გადის ზღვარი გამბედავ იუმორსა და ელემენტარულ ზრდილობას შორის. მოკლედ ლუკას სახარებისა (6:31) და პელევინის არ იყოს: „ერთია მართავდე ხიროსიმაზე დამიზნებულ “B-29” ს და სულ სხვაა – ამას ამ ქალაქის ცენტრალური მოედნიდან აკვირდებოდე“ („მაქციას წმინდა წიგნი“, 2004).

ამერიკული პროფესიონალური მედია ყოველთვის ცდილობს იყოს კორექტული და ღია ტერორისტული აქტების გაშუქებისას, მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ურთიერთობის ფორმის შერჩევისას, ასევე ინტენსიურად აშუქებს გამოძიების თუ სასამართლოს მასალებსაც. გამუმდებით უბრუნდება, არ ივიწყებს და მათზე მცირე დოკუმენტურ ფილმებს იღებს, რომელიც, ფაქტობრივად, ჟანრობრივად ჟურნალისტური გამოძიების ტოლფასია. რაც შეეხება მასაჩუსეტში დატრიალებულ ტრაგედიას: ბოსტონში, იმ ადგილას, იმ ქუჩაზე, სადაც ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 260– ზე მეტი დაშავდა, ამერიკელებმა მთელი ქვეყნიდან უამრავი ყვავილი, სხვადასხვა ენაზე დაწერილი თანაგრძნობის წერილი, სათამაშოები გაგზავნეს, მიიტანეს. ამას წინათ წვიმა წამოვიდა და იქ მყოფმა ადამინებმა სასწრაფოდ დაიწყეს ამ სახელდახელოდ შექმნლი მემორიალის დაშლა, რათა წვიმას არ დაესველებინა ის, რაც სამუზეუმო უნდა გახდეს. ადანიანებმა გადაწყვიტეს, რომ თითოეული თანამგრძნობი წერილი თუ საგანი, რომელიც ტრაგედიის შემდეგ იმ ადგილზე გაჩნდა, შენახვის ღირსია. ეს მატერიალური მეხსიერებაა, რომელსაც მუზეუმი უნდა იცავდეს. იგი მატერიალურზე უფრო მეტია.
ზოგიერთი ამერიკული პოპულარული შოუს წიგნების, მუსიკალური ალბომების რეკლამას ავტორების, მომღერლების მოწვევა ახლავს ხოლმე. დამსწრეთ თითო – თითო ეგზემპლარი საჩუქრადაც გადაეცემათ. ეს კულტურული პროდუქტის ყველაზე კარგი პოპულარიზაციის მრავალჯერ ნაცადი ხერხია. ამავე დროს, ამგვარი ჟესტი არა მარტო თავად გადაცემის, არამედ ზოგადად იმ ტელეარხის რეიტინგს სწევს. ერთი სიტყვით, მედია, ყოველ შემთხევევაში – წამყვანი, ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას არა მხოლოდ ჟურნალისტური, არამედ ზოგადად – ელემენტარული ეთიკა და ამავე დროს იყოს შემეცნებითი.


                                                                ***

ერთი თვის წინათ აშშ–ში ქართველი ქალი გარდაიცვალა... ხმა დაირხა, რომ თავი მოიკლაო. ამ ტრაგიკულ ამბავს ათასგვარი ჭორ–მართალი მოჰყვა. ფეისბუკის კომენტარებში კი მრევლს ოპერატიულად გაახსენდა, რომ ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტი ყველაფერს ცვლის. რომ რახან ამ ქალმა სული წმინდა დაგმო, იგი სულ სხვაგვარ რიტუალში უნდა მოვიხსენიოთ, ანდა უკეთესი იქნება, თუ საერთოდ არც მოვიხსენიებთ.... ალბათ, სოციალურ ქსელში მისი ხსენებაც იგულისხმებოდა. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზოგადად,შესამჩნევად აგრესიული, არაშემწყნარებლური კომენატრებითა და ლამის ძალადობისკენ მოწოდებით სწორედ ის „მომხმარებლები“ გამოირჩევიან, ვისაც უწმინდესისა და უნეტარესის ფოტოები უდევთ, ანდა წმინდა მამათა ციტატებს „აშეარებენ“. არადა ყველაზე „რელიგიურებს“ ავიწყდებათ მათეს სახარებიდან: „თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?“...


                                                                  ***

შარშან სოციალურ ქსელში ერთმა ჩემთვის უცნობმა ფრენდმა უცნაური თხოვნით მომმართა: ამერიკაში ისეთი GPS მომეძებნა და გამეგზავნა მისთვის, სადაც საქართველოს ყველა ეკლესიის ადგილმდებარეობა იქნებოდა დატანილი. როცა ვკითხე, რისთვის უნდოდა და დავძინე, რომ ზოგადადაც დიდად მეპარება ეჭვი, რომ საზღვარგარეთ ამგვარი ინფომაციის შემცველი პროდუქტი იყიდებოდეს, მიპასუხა, რომ გიჟივით უყვარს მანქანის ტარება, ამიტომაც შესაბამისად, ანუ გიჟივით ატარებს; რომ ამგვარი „ჯიპიესი“ უბედური შემთხვევისგან დაიცავს/ დააზღვევს; მანქანა კი „თავად“ მიაგნებს იმ წმინდა ადგილებს, სადაც ყველა პატრიოტმა მართლამდიდებელმა სანთელი უნდა დაანთოს; რომ მანქანში სალოცავი კუთხის მოწყობა უნდა. ჩემს შენიშვნაზე, ჯობს ღვედი შეიკრას და თავი დანებოს გიჟივით რბოლას, ასე მიპასუხა: ღმერთი არ გამწირავს, ღვთის მადლით რაიმეს მოვიფიქრებო, მანქანა დიდია – ლექსუსია და ჩემმა მეგობრებმა მომაწოდეს ეს იდეა და ჩემმა მამაომაც კურთხევა მომცა ამაზეო. თან მანქანა ერთხელ კი არა, ორჯერ მიკურთხაო. როცა გადავღებე, მეორედ მაშინო. როცა ვკითხე, ხუმრობდა თუ არა, იუკადრისა: მართლმადიდებლები ასეთ თემებზე არ ხუმრობენო. ამიტომ ისევ პელევინის გახსენების დრო დამიდგა. ამჯერად დზენ – ბუდისტური რომანის „ჩაპაევი და პუსტოტა“ (1996).თავად ავტორი თავის ამ ნაშრომს „სრულ სიცარიელეში დაწერილ ნაწარმოებს“ უწოდებს. მთავარი გმირები დივიზიის მეთაური ვასილი ჩაპაევი,პოეტი დეკედანეტი პეტრე პუსტოტა და რომანის სხვა გმირები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდიან. ისინი ერთ პალატაში იმყოფებიან და თითოეული თავის ისტორიას, თავის სამყაროს აღწერს. ერთ–ერთი დასავლეთზე ალქიმიკურად ქორწინდება, მეორე – აღმოსალეთზე; მესამის სამყაროში ჩაპაევი და ანა აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძვიან; მეოთხე პერსონაჟი კი თავად იშლება მთხრობელის ოთხ შესაბამის ნაწილად. ერთ სივრცეში მოქცეულ ადამიანებს „ერთობლივი ჰალუცინატორული გამოცდილბისგან“ განკურნება სურთ. არადა „ცვილის წვეთისთვის ერთადერთი გზა უკვდავებისკენ არის ის, რომ დაივიწყოს, რომ არის წვეთი და გაიგოს, რომ იგი თავადაა ცვილი. მაგრამ რადგანაც ჩვენს წვეთს თავად მხოლოდ საკუთარი ფორმის ჩემჩნევა შეუძლია, იგი მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ღმერთ ცვილზე ლოცულობს, რათა მან ეს ფორმა შეუნარჩუნოს. არადა თუ ჩავუფიქრდებით, ამ ფორმას მასთან არანაირი კავშირი აქვს.“ („ჩაპაევი და პუსტოტა“).



ია მერკვილაძე


2013.05.11

No comments:

Post a Comment