Monday, June 24, 2013

ბუხენვალდი, ფარაჯანოვი, მორალური პანიკა და სიყვარული სიკვდილამდე




რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ისრაელელმა ფოტოგრაფმა ურიელ სინაიმ შექმნა დრამატული ფოტოების სერია. მან აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვეები გადაიღო. უფრო სწორად, მათი ნუმერაცია ხელებზე; რიცხვი – სვირინგები, რომლებიც მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მოუშორებიათ. ეს არაბული ციფრები გასული საუკუნის ერთი ევროპული ქვეყნის წარმოუდგენლად სასტიკი პერიოდის მტკიცებულებაა.























ურიელ სინაის ფოტო

1933 –დან 1945 წლამდე ფაშისტურ გერმანიაში „არაარიული“ სექსუალური ორიენტაციის გამო ასი ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს, ნახევარზე მეტი გაასამართლეს, მათ შორის 6 ათასი მოზარდიც კი. გერმანიის (ტერმინი „ჰომოსექსუალობა“ პირველად სწორედ გერმანულენოვან პუბლიკაციაში გაჩნდა) ჰომოფობური პერიოდის დასაწყისი არა მარტო მიზანტროპული საკანონმდებლო გრაფა N 175 –ისა და მისი ვარიაციების ამუშავება–გააქტიურებით, არამედ ჰამბურგ–ფიუსბულტერის საკონცენტრაციო ბანაკში პირველი ჰომოსექსულობაში ბრალდებულების გამწესებით აღინიშნა. ჯერ კიდევ 1871 წელს გერმანიაში მიიღეს პარაგრაფი 175, რომლის თანახმადაც „მამაკაცებს შორის არაბუნებრივი სიყვარულის ანდა ადამიანსა და ცხოველს შორის კავშირის დამყარება ისჯებოდა ციხით, ანდა სამოქალაქო უფლებების აყრით“. 26 წლის შემდეგ ცნობილმა ებრაელმა ექიმმა სექსოლოგმა და გეი-ემანსიპატორმა მაგნუს ჰირშფელდმა თავის კოლეგებთან ერთად „სამეცნიერო ჰუმანიტარული კომიტეტი“ დააარსა, რომლის მიზანი გახლდათ ამ დისკრიმინაციული პუნქტის გაუქმება. პეტიციას, რომელიც დროდადრო განსახილველად გერმანიის პარლამენტში შედიოდა, ხელს აწერდნენ ალბერტ აინშტაინი, ჰერმან ჰესე, რაინერ მარია რილკე, თომას მანი, ლევ ტოლსტოი, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოსადმი მიმართვამ შედეგი ვერ გამოიღო. 1921 წელს მაგნუს ჰირშფელდმა სხვა მეცნიერებთან ერთად „სექსუალური რეფორმების მსოფლიო ლიგაც“ ჩამოაყალიბა და იმ წელს კონფერენციაც ჩაატარა. ორგანიზაციის მიზანი იყო საზოგადოებაში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისადმი ტოლერანტობისა და არსებული მკაცრი კანონმდებლობის გაუქმება. 1933 წელს ფაშისტებმა ნებისმიერი გეი-აქტივიზმი აკრძალეს და მაგნუს ჰირშფელდი, რომელსაც „სექსოლოგიის აინშტაინს“ უწოდებდნენ, იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა.

1936 წელს გესტაპოს საფუძველზე SS – ის რაიხსფიურერ ჰიმლერის საიდუმლო ბრძანებით შეიქმნა „იმპერიის ჰომოსექსულობასა და აბორტებთან ბრძოლის ცენტრალური ბიურო“. ის, რომ ეს ორი „კრიმინალი“ ერთ დეპარტამენტს უნდა გამოეძიებინა, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანისა და მისი სექსუალობის, შვილოსნობის უნარის ტოტალურად გაკონტროლების სურვილს მოწმობს. ბიუროს კარტოთეკაში თავს იყრიდა ინფორმაცია ჰომოსექულობაში ეჭვმიტანილთა და აბორტის მსურველთა შესახებ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მესამე რაიხი გერმანელ ლესბოსელებს „გადაცდომებს“ მეტნაკლებად პატიობდა. მხოლოდ ერთი მოტივით: ქალები, მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, რეპროდუქციულ უნარს არ კარგავდნენ და ამით მათ საკუთარი სამშობლოს დამცველთა თუ სხვათა სამშობლოს დამპყრობთა რიგების გამრავლება შეეძლოთ. იმპერიას ქალების საშვილოსნო დიადი მიზნისთვის სჭირდებოდა. ცალკე იქმნებოდა მეძავეების საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ლესბოსელებსაც ათავსებდნენ, რადგანაც „საფოს მიმდევარნი“ ამორალური, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად ითვლებოდნენ. სხვათა შორის, 1920 –იანებში გერმანიის დიდ ქალაქებში არსებობდა ლგბტ თემი თავისი სუბკულტურითა და საგამომცემლო საქმიანობით. ჰიტლერის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლით კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ფაშისტების მიერ ნებისმიერი ლიტერატურა – მხატვრული თუ მეცნიერული, რომელიც აკრძალულ სექსუალობას ეხებოდა, ადგილზე ნადგურდებოდა, ანდა საჯაროდ აუტოდაფეები ეწყობოდა. ჰიტლერის ყავისფერპერანგიანები გეი–კაფეებს, კლუბებს არბევდნენ, ხოლო იქ მყოფთა ნაცნობ–მეგობრები შავ სიაში შეჰყავდათ და მათზე თვალთვალს აწესებდნენ. ფიზიკურად გასანადგურებელთა სიაში იყვნენ ასევე სხვა „არაცისფერსისხლიანებიც“: ებრაელები, ბოშები, იეჰოვას მოწმეები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა პატიმრები, სხვა ქვეყნის ტყვეები. ამ უკანასკნელთ, როგორც სამხედრო ტყვეებს, ჟენევის კონვენცია იცავდა, მაგრამ ფაშისტები ომის წარმოების წესებს არ უღრამვდებოდნენ. 1939 წელს ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სახელწოდებით „აქტი T4“, რომლის აღსრულება რაიხსლაიტერ ფილიპ ბოულერს დაევალა. ამ დირექტივის მიზანი იყო „სიმახინჯეებისგან ერის გაწმენდა“ – რაც ფიზიკური/ფსიქიკური პრობლემებისა და თანდაყოლილი მანკების მქონე ადამიანების, ახალშობილებისა და მოხუცების ევთანაზიური საშუალებებით მოკვდინებას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტებმა ამ ბრძანებულებით ოფიციალურად მხოლოდ სამი წელიწადი იხელმძღვანელეს, T4 მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე მაინც მოქმედებდა და მან 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სახელმწიფო „ერის „ჰიგიენაზე“ თანმიმდევრულად ზრუნავდა.

1937 წელს, მაშინ, როცა სსრკ–ში წითელმა ტერორმა ზღვრულ ნიშნულს მიაღწია, ჰიმლერმა სპეციალური ბრძანებით არატრადიციული სექსუალობის გერმანელ მსახიობებსა და ზოგადად კულტურის მუშაკებს შეღავათები დაუწესა. მარტივი „პრაგმატული“ მოსაზრების გამო. ამით ქალაქის და ქვეყნის ბიუჯეტი შეიძლება დაზარელებულიყო. ზუსტად არაა ცნობილი საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილ 15 ათასზე მეტი ადამიანიდან სიკვდილს დაახლოებით რამდენი გადაურჩა. ბანაკებში მათ „მკურნალობდნენ“, სტაციონარებსა და არასტაციონარულ დაწესებულებებში კასტრირებას უტარებდნენ, ძალის გამოყენებით ფსიქიატრიულში ათავსებდნენ, აწამებდნენ, ენით აუწერელ ფსიქოლოგიური ტანჯვის პირობებში აყენებდნენ. ამავე დროს ჰიტლერი იძულებითი კასტრაციის პროცედურას მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგადაც იყენებდა. გერმანელი ვაჟკაცი, ნამდვილი პატრიოტი და ვერმახტის ერთგული ვერ და არ უნდა ყოფილიყო ცისფერი, მაგრამ ცისფერსისხლიანი – აუცილებლად. ის, ვინც არ ემხრობოდა ფაშისტურ იდეოლოგიას, არ იყო ნამდვილი ადამიანი, ნამდვილი მამაკაცი, ამიტომ მამაკაცის „ატრიბუტიკისგანაც“ ოპერაციული გზით უნდა გათავისუფლებულიყო.

საკონცენტრაციო ბანაკებში & 175 –ით გასამართლებულებს ვარდისფერი სამკუთხედებით ნიშნავდნენ, წითლად – პოლიტიკურებს, იასამნისფრად – იეღოვას მოწმეებს, შავად – კრიმინალებს. ვარდისფერსამუთხედიანებში სიკვდილიანობა სხვებთან შედარებით ყველაზე მაღალი იყო და ზოგადად ისინი ამგვარ არაადამინურ პირობებშიც კი ყველაზე მეტად დისკრიმინირებული იყვნენ, რადგანაც სხვა ფერის სამკუთხედიანებთან სათოფეზე გაკარებაც კი ეკრძალებოდათ და, შესაბამისად, ბანაკის საზღვრებში სხვათა ელემენტარულ მხარდაჭერა – დახმარებას მოკლებულნი იყვნენ. როგორც წესი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კასტრაციის პროცედურას გადიოდა. სულ უბრალო დარღვევის გამოც კი მათ ძალიან მკაცრად სჯიდნენ – მაგალითად, ყინვაში ცივწყალგადავლებულებს გარეთ აყენებდნენ, ანდა დამშეულ ძაღლების მიუქსევდნენ. ჰომოსექსუალებს ყველაზე მძიმე სამუშაოებზე აგზავნიდნენ ისევ და ისევ ქვეყნის მილიტარული სიძლიერის გასამყარებლად. ადვილი წარმოსადგენია, რაგვარი დამცირების კონვეირი უნდა გაევლოთ განსაკუთრებულ კატეგორიას – „ასპროცენტიან მტრებს“, იგივე ებრაელ გეებს. არქივებში არსებობს არაერთი ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს, ამა და ამ წელს რამდენი გეი იმყოფებოდა აღრიცხვაზე. მაგალითად, 1941 წელს აუშვიცში 10 000-მდე ტყვეთა შორის 40 ვარდისფერ სამკუთხედს ატარებდა. გეების მიმართ არადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების გამო ამიტომაც ნაკლები შანსი არსებობს იმისა, რომ ურიელ სინაის ჯოჯოხეთგამოვლილთა ფოტოსესიაში სწორედ ეს ადამიანები მოხვედრილიყვნენ. ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი კი განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა. იგი ადამიანებზე ცდების ჩატარების ლაბორატორიად გადაიქცა, სადაც მამაკაცებს სასქესო არეში „მამაკაცური ჰორმონის“ კაფსულას უკერავდნენ, ხოლო ჭეშმარიტი მამაკაცობის დასამტკიცებლად მეძავეების საკონცენტრაციო ბანაკში გადაჰყავდათ, სადაც მამაკაც ტყვეებს ქალ ტყვეებთან კოპულაციით თავიანთი „ჭეშმარიტი“ სქესი უნდა დაემტკიცებინათ. ისინი კასტრირების საშიშროების ქვეშ, იძულებული იყვნენ სექსუალური აქტის პერფორმირებით თავიანთი უდანაშაულობის „ალიბი“ დაედასტურებინათ. თუმცა ეს საკმარის „მტკიცებულებად“ მაინც არ იყო მიჩნეული,

ჰიტლერს მისი უკიდურესი ფორმებით გამოვლენილ ჰომოფობობაში ჰიტლერიუგენდიც ეხმარებოდა. ფაშისტური გერმანია, როგორც წესი, მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჰომოფობურ პოლიტიკას ატარებდა, ხოლო გერმანიის თანამოაზრე იტალიაში მუსოლინის რეჟიმი, ფაქტობრივად, ჰიტლერის პოლიტიკის გამტარებელი იყო. არადა იტალიაში ჯერ კიდევ 1889– ში ჰომოსექსუალობა ლეგალიზებული იყო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებამ საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეების ტანჯვა–წამებას ბოლო მოუღო. გერმანიამ, განსაკუთრებით ნიურბერგის პროცესის შემდეგ, თავსდამტყდარი უბედურებისა და სისასტიკის გაცნობირება დაიწყო. მაგრამ ბუნდესვერმა დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვერპლთ ოფიციალურად ბოდიში მხოლოდ 2002 წელს მოუხადა. თუმცა ცნობილია ისიც, რომ ვარდისფერსამკუთხედიანებს რეაბლიტაცია არ გაუვლიათ და არც მატერიალური კომპენსაცია მიუღიათ. ანუ ისეთი, როგორსაც ცოცხლად გადარჩენილი არაგეი ებრაელი ტყვეები იღებდნენ. 175–ე მუხლის „რბილი“ ვარიანტი კი გერმანიიის ფერდაციულ რესპუბლიკაში 1969 წლამდეც არსებობდა. მისი სრული გაუქმება კი მხოლოდ 25 წლის შემდეგ მოხერხდა. აქვეა აღსანიშნავი სხვა გარემოებაც: ვინაიდან ჰომოფობია, როგორც გლობალური პრობლემა, საზოგადოებაში ადამიანთა სტიგმატიზაციასთან თანმიმდევრულ და მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამიტომაც ის მცირედი ნაწილი, ვინც გეი/ლესბი იყო და საკონცენტრაციოების ჯოჯოხეთს სასწაულებრივად გადაურჩა, ომის დასრულების შემდეგაც საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში დუმდა და არ ამხელდა თავის ვარდისფერსამკუთხედიანობას. ამგვარი „სიმორცხვე“ კი იმათ არ სჭირდათ, ვინც ფაშისტების მიერ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით იფილტრებოდა. რეპრესირებული სექსუალობა მძიმე და ტაბუირებული დამღის კატეგორიიდან, ბუნებრივია, დღესაც ვერ გამოვიდა.

მსოფლიოს უახლოესი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში ფაშისტური რეჟიმის ბრუტალური ჰომოფობიის მსხვერლთა არაერთი მემორიალი აიგო. მათ შორის ისრაელში – ჰოლოკოსტის მსხვერპლი გეებისა და ლესბოსელების ძეგლი. თუმცა ორთოდოქსი იუდეველების მიერ ამგვარი ძეგლის აღმართვა გაპროტესტდა. ასევე არც ისე იშვიათია სხვა ქვეყნებში არსებული ხსოვნის ამ ადგილების ვანდალების მიერ დარბევა თუ წაბილწვა. მაგალითად, ბერლინში.

















ვენაში ფაშიზმის მსხვერპლი ლგბტ ადამიანების მემორიალი


აშშ–ის დედაქალაქში 20 წლის წინ ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი დაარსდა, რომელიც უნიკალურ დოკუმენტაციას შეიცავს, ასევე გვთავაზობს მსოფლიოს მკვლევარების ნამუშვერებს ჰოლოკოსტის, ზოგადად იუდოფობიისა და ჰომოფობიის უნიკალურ ფოტო, ვიდეო და პრინტ-მასალას. რამდენიმე ხნის წინათ მუზეუმმა ყველა გეტოს ისტორიის დოკუმენტირება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ სულ საკონცენტრაციო ბანაკთა 42 500 „ერთეული“ არსებობდა. თუმცა ზუსტად არაა ცნობილი, იყო თუ არა სექსუალური უმცირესობათა „სპეციალიზებული“ ბანაკები და კიდევ რომელი ქვეყნების ტყვეთა ბანაკებში ტარდებოდა „ტესტოსტერონული“ ცდები. ვაშინგტონის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი იშვიათი ადგილია, სადაც გიდად თავად ფაშიზმის მსხვერპლიც შეიძლება შეგხვდეთ, რომელიც იქ მოხალისედ მუშაობს. მისი სახელი და გვარია ჰენრი გრანბაუმი და მას მხარზე ნომერი A188991 აქვს ამოტვიფრული. ოთხი წლის წინ კი თავად მუზეუმი ანტისემიტის აგრესიის მსხვერპლი გახდა. 90 წელს მიტანებულმა ფაშისტმა და თეთრი რასის პრივილეგირებულობის მქადაგებელმა მამაკაცმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ანტისემიტური ექსცესებით და ამის გამო სამართლადამცავებთან პრობლემები ჰქონდა, ცეცხლი მუზეუმის თანაშრომლებსა და სტუმრებს გაუხსნა. „სიძულვილის კრიმინალის“ (Hate Crime) შედეგად მუზეუმის მცველი დაიღუპა და ერთი ადამიანი დაიჭრა. აშშ–ში ანტისემიტიზმისა და ზოგადად კანის, ეთნიკურობის, სქესის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია არასოდეს რჩება საზოგადოებრივი და მეტადრე – მედიის ყურადღების გარეშე. იქნება ეს უნივერსიტეტში ებრაელი პროფესორის კაბინეტის კარზე ცარცით დახატული სვასტიკა, ჰაერის დეზოდორის სიძლიერის რეკლამირებისას ოთახში ნავარჯიშები აზრებაიჯანელი სპორტსმენი მამაკაცების ზედა კიდურების კუნთების ახლო ხედით ჩვენება, რომელიმე სკოლაში მოზარდის სექსუალური ორიენტაციის გამო აბუჩად აგდების შემთხვევა თუ ქალის გაუპატიურებისთვის ნასამართლევი მაიკ ტაისონის კინოფილმსა და ტელეპროექტებში მონაწილეობა.

სსრკ–ის ჰომოფობიას გერმანიის სოციალ–დემოკრატებზე უფრო ძველი ისტორია აქვს. რუსეთის იმპერიამ 1832 წელს ჰომოსექუალობის კრიმინალიზაციის შესახებ განაცხადა. დამნაშევეები ციმბირში ეტაპირებითა და თავისუფლების 5 წლით აღკვეთით ისჯებოდნენ. რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუცია ამ მხრივ სულ სხვაგვარ სასტარტო პირობებით დაიწყო. რუსეთის ანტიჰომოსექსუალური კანონმდებლობა კადეტებისა და ანარქისტების ლობირებით გაუქმდა. თუმცა ოქტომრის რევოლუციის შემდეგ ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის კოდექსში ოფიციალურად არ მოიხსენიებოდა, როგოც კრიმინალი. მაგრამ აქ იყო ერთი მაგრამ. ცნობილი სექსოლოგი იგორ კონი თავის წიგნში „ერთსქესიანი სიყვარულის სახეები და ნიღბები“ წერს, რომ იქ, სადაც ჰომოსექსუალობა ყველაზე უფრო მეტად იყო გავრცელებული – მუსლიმურ აზერბაიჯანში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და ასევე ქრისტიანულ საქართველოში, ჰომოფობური კანონები შენარუნებულ იქნა ამ რესპუბლიკებში ჰომოსექსუალობის მაღალი მაჩვენებლის გამო.

სსრკ–ის დანგრევის შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველებს არაერთხელ უხსენებიათ, რომ ციხეში მამაკაცის მიერ მამაკაცის გაუპატიურება, როგორც რეპრესირებისა და მსხვერპლის სრული მარგინალიზების მეთოდი, სსრკ–ის რესპუბლიკებში სწორედ ყველაზე მეტად ქართულ ციხეში იყო პოპულარული და დამკვიდრებული. ამის თაობაზე რუსული ჟურნალიც „ეხო პლანეტი“ წერდა (სამწუხაროდ, ჟურნალის ზუსტი ნომრისა და სტატიის სათაურის მითითება არ შემიძლია, რადგანაც სტატია 14–16 წლის წინათ წავიკითხე). სხვათა შორის, მაგნუს ჰირშფელდი, მას მერე, რაც მან „სექსუალური რეფორმების მსოფლიო ლიგა“ დააარსა, მოსკოვშიც კი იყო მიწვეული. კომუნისტები კი გერმანელი გეი -აქტივისტების მიერ მოწყობილ კონფერენციებზე ამაყობდნენ, რომ მათ ქვეყანში ჰომოსექსუალთა მიმართ რეპრესირებული კანონმდებლობა არ არსებობდა. თუმცა, ბუნებრივია, რეალურად ამგვარ შერბილებას ადგილი არ ჰქონია. ლგბტ თემის წარმომადგენელები ტრადიციულად განხილულნი იყვნენ ანტისოციალურ, ანტისახლმწიფოებრივ ელემენტებად, ანტიკომუნისტებად, ჯაშუშებად, ბურჟუაზიის შემოგზავნილებად, კლასობრივ მტრებად, გარყვნილების გამავრცელებლებად. 1920 – იანებში, საბჭოური მედიცინის აზრით, არატრადიციული ორიენტაცია იყო არა კრიმინალი, არამედ დაავადება და მისგან განკურნება კი – შესაძლებელი. ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე და მსოფლიოს სხვა წერტილებში მეტ –ნაკლები სიმძაფრით ამგვარი დამოკიდებულებები სუფევდა. თუმცა არსებობს ერთი შეხედვით პარადოქსული ფაქტებიც. თუნდაც ის, რომ ოტომანის იმპერიაში ჰომოსექსუალობა დეკრიმინალიზებული იყო. პოსტსაბჭოურ ევროპაშიც და ამერიკაშიც იგი დაავადებად ითვლებოდა, ამიტომაც ლგბტ ადამიანები „გამოსწორების“ მტანჯველ პროცედურებს გადიოდნენ თუ სტაციონარულად, თუ ამბულატორიულად, მათ ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობდნენ, იძულებითი შრომასა და თერაპიაში მონაწილეობას იმპერატიულად სთხოვდნენ. ბუნებრივია, ამგვარი მკურნალობა ვერანაირ შედეგს ვერ და არ იძლეოდა. სამაგიეროდ, პაციენტები სხვა უამრავ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ პრობლემებს იძენდნენ.

სსრკ– ში 1930 –იანების მეორე ნახევარში გეი-თემისადმი დამოკიდებულება უკვე მკვეთრად უარყოფითი გახდა და უკვე ფაშისტების დარად კომუნისტი ჩინოვნიკების რიტორიკა–ქმედება დისკრიმინაცია–დისკრედოტაციის მიმართულებით წარიმართა. 1936 წელს სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდა, ხოლო „სოდომიაში“ ეჭვიმიატნილებით კაგებეც დაინტერესდა. მეცნიერები სსრკ-ში ჰომოსექსუალიზმის მუხლით გასამართლებულთა ძალიან განსხავებულ სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდიან. ბრიტანელი ისტორიკოსის დენ ჰეილის მომაცემებით, 25 –დან 26 ათასამდე (1934–1993), რუსი სექსოლოგი იგორ კონის – თითოეულ წელს (1930 – 1980) დაახლოებით ათასი დაპატიმრებული, რაც 50 000 „ქეისს“ ნიშნავს. გაცილებით ცუდად იყო საქმე მუსლიმურ ქვეყნებში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ზუსტი ციფრი არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა მონაცემებით, 1980 –დან დღემდე 5000 –ზე მეტი გეი–ლესბი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. თუმცა ასევე ცნობლია ირანის ხელისუფლების ფორმალურად გაცხადებული შედარებითი ტოლერანტობა ტრანსგენდერების მიმართ და თან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სქესის შეცვლის ოპერაციას გაიკეთებენ.

















სერგო ფარაჯანოვი

ერთი შეხედვით უცნაურად უნდა ჩანდეს ის, რომ სსრკ–ის სისხლის სამართლის კოდექსი სჯიდა ჰომოსექსუალებს, უკრძალავდა მათ „ბინძურ პრაქტიკას“, მეორე მხრივ, ციხე და ჯარი („დედოვშჩინა“) იყოს სწორედ ის ადგილი, სადაც „სოდომია“ ჰყვაოდა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ციხე თუ კოლონია ზოგადად ჰომოსოციალური გარემოა. სექსუალური ძალადობა გამოყენებული იყო, როგორც შიდა „ინსტუტუციონალიზაციური იერარქიის გამყარების“, „პალაჟენიის დაყენების“ ნაცადი ბერკეტი. გამაუპატიურებლის, ანუ აქტიურის, ერთგვარი „გადაწყვეტილების მიმღების“ სახელდება იმაზე იყო, ვისაც მეტი ფიზიკური ძალა, წონა, თავხედობა ჰქონდა, ვისაც შეეძლო გავლენა მოეხდინა, როგორც ციხის ადმინისტრაციაზე, ასევე ძველ და ახალ პატიმრებზე. საბჭოურ ციხეში ძალადობა ინსტიტუციონალიზირებული იყო. ციხეში ყვაოდა გაუპატურების პრაქტიკა (ეს პრაქტიკა ქალთა ციხე–კოლონიებშიც იყო. ქალი „ყოჩები“ ქალ პატიმრებს აუპატიურებდნენ) და იგი არ იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებად აღიარებული, ამიტომაც ყოველგვარ აზრს კარგავდა პატიმრის მიერ ადვოკატის ინფომირებულობა, ანდა სარჩელის სასამართლოში შეტანა. მაგრამ აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანი – ჰომოგამაუპტურებლებისა და მათ მსხვერპლთა არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ორივენი ლგბტ იყვნენ. არა. უბრალოდ სექსუალური აქტი დაჩაგვრა–შევიწროვების, დამცირების, დაშანტაჟების, ადამიანის ნივილირების, ძალაუფლების მქონის დემონსტრირების გზავნილი იყო და არა ჭეშმარიტი სექსუალური ორიენტაციის გაცხადების სურვილი, ლიბიდო/ რომანტიკული „სიყვარულის“ ანარეკლი ანდა „ქამინგ აუთი“. ამის კლასიკური მაგალითია ომის (დარბევების, დაყაჩაღებისა და სხვა სახის ძალადობა) დროს გაუპატიურება, როგორც მოწინააღმდეგის დამარცხება/დამცირების ყველაზე ტრადიციული ტექნიკა. „სახმარი“ იბიექტი, მათ შორის ჯგუფურად, იყო ნებისმიერი ასაკის „მტრის ქალი“ (აქ არასრულწლოვნებიც მოიაზრებიან), რომელსაც, ფაქტობრივად, საბრძოლო წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და ფიზიკურად იმთავითვე სუსტ და მოწყვლად მტრად განიხილება. ეს არის მტერზე გამარჯვების ინიციაციის რიტუალის გათამაშება, ანდა სუსტის/დამარცხებულის დანახვისას ბრუტალური ადრენალინის/ტესტოსტერონის მოზღვავების დემონსტრირება. არაერთი მკვლევარი აცხადებს არა მარტო ქალების, არამედ მამაკაცების/ვაჟების გაუპატიურების შესახებაც, თუმცა ამგვარი შემთხვევები გასაგები მიზეზების გამო ისტორიულ ანალებში ვერ ხვდება. ასევე არსებობს შემთხვევები, როცა ჩეჩნეთში (ცნობილია, რომ ზოგადად მუსლიმურ ქვეყნებში ჰომოსექსუალურ კონტაქტებზე სუპერტაბუ არსებობს) სადაც რუსეთის მიერ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციების დროს ციხიდან რეციდივისტები, „უნივერასლური გამაუპატიურებლები“ ჩეჩნეთის სოფლებს შეასიეს და ეს, როგორც ამბობენ, იყო კაგებეს (ამჟამინდელი ეფესბე) მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია. ბუნებრივია, ამგვარ „იერიშს“ არაფერი ჰქონდა საერთო საბრძოლო მოქმედებებთან. ეს იყო ზღვრულად შემაძრწუნებელი მეთოდებით მოწინააღმდეგის დემორალიზების, მისი სრულად მარგინალიზებისა და „მამაკაცის სტატუსის“ ჩამორთმევის, ერთგვარი კასტრირების ტაქტიკა. პირადად ჩემთვის ჩეჩენ ლტოლვილებს მოუყოლიათ, რომ მოძალადეების რაზმის სამიზნეები სწორედაც რომ დასახლებული პუნქტების ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, რადგანაც ახალგაზრდა თაობა ჩეჩნეთის დამუკიდებლობისთვის მებრძოლთა საქმის გამგრძელებლებად მოიაზრებოდა. როგორც წესი, მსხვერპლნი ღრმა აფექტის მდგომარეობაში თვითმკვლელობით ასრულებდნენ სიცოცხლეს. თუმცა ამ საქმეების არსებობის შესახებ არ ხმაურდება სრულიად გასაგები მიზეზების გამო და, სავარაუდოდ, არც არასოდეს იქნება არათუ სასამართლოს დარბაზში განსახილველი თემა, არამედ ფართო საზოგადოების განსჯის საგანიც.

ტაბუს ჰომოსექსუალობაზე, ფაქტობრივად, ამ სახის გაუპატიურების დანაშაულის გამო მიმართვიანობაც მინიმუმამდე დაჰყავს, რადგანაც იდელოგიზირებულ სამართალდამცავ ორგანოებში მსხვერპლი მოერიდება მამაკაცის მიერ მამაკაცზე სექსუალური ძალადობის შესახებ გაცხადებას. მეორეს მხრივ კი, მათდამი ასევე იდოლოგიზირებულ–სტერეოტიპიზირებული და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ქუჩებშიც გადაინაცვლებს, სადაც ლგბტ ადამიანებზე ძალადობა უკვე ღია ეთერში ტრანსლირდება, როგორც „რეალითი შოუ“, სადაც როლები ქართულ სინამდვილეში სწორედ ასე დაიყო: „მორალურნი“ არიან აქ და ამჟამად მოძალადე სასულიერო პირებისა და მისი მრევლის/ რაზმის გულშემატკივარნი, ხოლო „ამორალურნი“ – ჩასაქოლი „პიდარასტები“ და მათი უფლებების მაღიარებელნი და დამცველნი, რომელნიც „უნდა აღიგავონ პირისაგან მიწისა“ და „ჭკვიანად იყვნენ“ სამართლადმცავების უმოქმედების ხელშწეყობითა და ავტორიტეტიანი ინსტიტუციის – ეკლესიის, მოსახლოების მაქსიმალური ნდობის საჭეთმპყრობლის ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება / დირექტივის მორჩილებით. 2013 წლის 17 მაისს (შესავალი, ფაქტობრივად, 2012 წლის 17 მაისი იყო) საქართველოში ადამიანებს „პაგრომი“ და „ბართლომეს დღე“ ქართველმა ფაშისტებმა მოუწყვეს, რათა „მორალით ამორალურობა დაეთრგუნათ“. ამგვარი დარბევის ერთგვარ „სუსტ“ სიგნალებად ჯერ კიდევ ამა წლის 17 მაისამდე გაცილებით ადრე, სრულიად უწყინარი მინიკარნავალის „ჰელოუნის“ მომწყობთა მიმართ აგორებული ნეგატივი და არაცნობიერი თუ ცნობიერი აგრესია გამოდგება.

საბჭოური კაგებე ფაშისტურ SS-ს შერჩევით სამართალში არ ჩამორჩებოდა. კაგებეც ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებს, ვინც მათთან თანამშრომლობდა და „ანტისაბჭოთა პროპაგანდაში“ არ იყო შემჩნეული, საიდუმლოდ უნახავდა „სინდის – ნამუსს“, თუმცა თავისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ბინძურ შანტაჟს არ ერიდებოდა, რომლის სამიზნე არატრადიციული ორიენტაცია იყო, როგორც ტოტალური პატრიარქალური წყობის „სუსტი რგოლი“. პატრიარქატს „სუსტი რგოლები“ არ უყვარს – მამაკაცები, რომლებსაც სუსტი სქესის გაჟიმვის „ლეგიტიმური“ უფლებით სარგებლობა არ უნდათ. ამის ყველაზე ცნობილ და ნათელ მაგალითად რეჟისორ სერგეი ფანარაჯანოვის, პოეტ გენადი ტრიფონოვსა და რეჟისორ ზინოვი კოროგოდსიკის მიმართ აგორებული პოლიტიკურ–სამართლებრივი სამარცხვინო კამპანიაც ადასტურებს. ბოლშევიკების ზეობის დროს კი ანდრეი ჟიდმა, გეიმ, რომელიც აღფრთოვანებული იყო გულაგის სახელმწიფოში ნათელი მომავლის – კუმინიზმის მშენებლობის პროცესით, მხოლოდ მაშინ შეწყვიტა აღტაცების პროცესი, როცა „საბჭოთა ჰომოსექსუალების“ მიმართ წითელი ტერორის შესახებ შეიტყო.

ბერლინის კედელი და საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ნანგრევები დაიკავა ასევე მკაცრად იდოლოგიზირებულმა სუბსტრატმა, სულ სხვაგვარი ტოტალიტარიზმით, როცა ღმერთის სახელით ადამიანის მოსარჯულებლად, გასაქრისტიანებელ–გასამართლმადიდებლად მისი წყევლა–გინება, ჯვრის, ქვისა და ჭინჭრის თავში რტყმევა გახდა შესაძლებელი. იდეოლოგიზირებულმა აგრესიამ თავისი მოქმედება დაიწყო – ტვინის რეცხვითა და მორალური პანიკის შეტევა–გაქრონიკულებით.

                                                                  ***
მსოფლიოს პოსტკოლონიურ ახალ ისტორიაში ჩინეთში, სსრკ – სა და სხვა ქვეყნებში ყველაზე ნაცადი ხერხი ადამიანების ზომბირებისა იყო ტვინის რეცხვა და შემდეგ კლასობრივ მტრებთან ბრძოლის ეგიდით კომუნისტურ პარტიაში თუ სხვა ტოტალიტარულ ორგანიზაციაში მისი გაწევრიანება. პოსტსაბჭოურ საქართველოში კომუნისტური პარტია, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა დიდმა და გავლენიანმა არასამათავრობო ორგანიზაციამ – მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც, როგორც კი სახელმწიფოსგან საკმაოდ სოლიდური დაფინანსება, ხოლო გადასახადების გადამხდელებისგან ულიმიტო და უკრიტიკო ნდობა მოიპოვა, გახდა მისი მმართველობის „ლეგიტიმური“, სრულფასოვანი მეწილე და მაშინვე დაიწყო თავისი საზღვრების შემოსაზღვრა, მონიშვნა–გამყარება. სახელმწიფო დისკურსი საშინაო პოლიტიკაში, ფაქტობივად, მართლმადიდებლური სექტანტიზმით ჩაენაცვლა, რომლის უცილობელი პირობა იყო მორალური პანიკის კონსტრუირება და განვრცობა მრევლსა და, ზოგადად, იქ, სადაც ამისთვის ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი არსებობს, ანუ ძალადობისადმი უგრძნობ საზოგადოებაში; ქვეყანაში, სადაც სტალინის რეინკარნირებას მისი ძეგლების აგებითა და სტალინის სურათის ეკლესიაში კურთხევით დაიწყეს. გეზი „ნათელი მომავლისკენ“ გარკვეული ჯგუფების დემონიზირებით აიღეს და საქმეს შეუდგენენ. ყველაზე მეტად მორალური პანიკის ტრიგერად ჰეტეროსექსუალობისგან განსხვავებული ორინტაციის ადამიანთა ჯგუფები აღმოჩდნენ. ეკლესიამ თავისი პროგრამა – მინიმუმი იმაში დაინახა, რომ მართლმადიდებლებში გარკვეული კონსენსუსისთვის მიეღწია, რომ სწორედ ეს „სხვები“ უშლიდნენ ხელს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საყოველთაო ბედნიერებასა და ივერიის გაბრწყინებას – ქვეყანაში, სადაც პატრიარქ ილია მეორის მამის სიზმრის თანახმად, განკითხვა ქართულად უნდა დაიწყოს. ამიტომაც განკითხვის რიტუალისთვის მოემზადნენ – იმ დღეს, როცა მსოფლიო სიძულვილსა და შეუწყნარებლობას მეცხრედ აპროტესტებდა, საქართველოს მოქალაქეებს (მრევლს) საქართველოს მოქალაქე ლჯბტ თემის წარმომადგენლები და მათი მხრადამჭერები დემონსტრატიულად უნდა ჩაექოლათ. დღისით, მზისით. პირდაპირ ეთერში. მსოფლიოს დასანახად, როგორც სიკეთისა და ბოროტის ჭიდილში ქართველი მართლმადიდებლის გამარჯვება. ანუ ზეკეთილის ტრიუმფი.



















გივი სიხარულიძე 17 მაისს რუსთაველზე

დაკვირვებულ თვალსა და ყურს არ გამორჩებოდა ის ე.წ. კატასტროფის რიტორიკა, რომლითაც დროდადრო მართლმადიდებელი მოძღვრები მორალური პანიკის დასათესად წამოისროდნენ, რომელიც, როგორც წესი, ეხებოდა ქართველისთვის „შემოგზავნილი უცხო ელემენტების“ მხილებით: იქნებოდა ეს იეღოვას მოწმეების არსებობა, ირაკლი დეისაძის „საიდუმლო სირობა“, ID ბარათები, ქალი ომბუდსმენის კანდიდატი თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა სამუდამო სასუფეველის მომლოდინეთა რიგში ვერმოხვედრა. ამ პროცესს, ბუნებრივია, ძალთა მობილიზაცია ახლდა თან. რადგანაც უცხოთა განეიტრალებას ფიზიკური ძალა, ერთგვარი ქალაქის უტყეო „პარტიზანები“ სჭირდება. ღმერთის, მისი ძისა და სული წმინდის სახელით. ამიტომ ასეთი ორგანიზაციები საპატრიაქროს ბაზაზე შეიქმნენ კიდეც: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, წმინდა გიორგის კარატისტთა ჯგუფი და სხვანი, რომელთა მობილიზება შესაძლებელია პანიკის დამთესი საბრძოლო შეძახილებით: „ქართველობას გვართმევენ!“, „ასი ათას მოწამეს ხელახლა გვიწამებენ!“ „ეკლესიებს გვინგრევენ!“, „საპატრიაქროს ებრძვიან!“, „შვილებს გვიბილწავენ!“, „ღმერთო, გვიშველე, ვიღუპებით!“‘, „ქუდზე კაცი!“ და ა.შ. ამ შეძახილებთან ერთად საპატრიაქრო აყალიბებს ორგანიზაციას „გვარი და გვარიშვილობა“, რომელიც პატრიაქრის ლოცვა კურთხევით ლოცავს ქართულ გვარებს, ამაში ფულს იღებს, დაუბეგრავ „მცირე ბიზნესს“ აწარმოებს და არც კი ინტერესდება, არიან თუ არა ამ გვარებში „სოდომ–გომორისტები“. მდგომარეობის დრამატიზაციისთვის საჭიროა ადამიანების მუდმივ შიშსა და შფოთში მოქცევა. ამისთვის კი ყველაზე კარგი საშუალებაა ბინძური მტრის ხატის შექმნა ერთგვარი „სახალახო ეშმაკების“ (Folk Devils) აღმოჩენით და, რაც კი რაიმე პრობლემებია კოსმოსში, ბუნებაში, სიციუმში, ეკონომიკაში, დემოგრაფიაში და ა.შ. , სწორედ მათი დადანაშაულებით. თუ ადრე ეკლესია შამანებსა და წინასწარეტყველებს დემონებად შერაცხავდა, პატრიარქ ილია მეორისა და წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას მეგობრობამ ეს დემონები ანგელოზებად გადააქცია. თუ ბიბლია ათ მცნებაში „არა კაც კვლას“ ქადაგებს, უწმინდესი და უნეტარესი ჩეჩნების გენოციდის ავტორსა და ქართველების გამსახლებელ–მომნუსვრელ „ბრძენს“ უწოდებს და 17 მაისს გასამართ აქციამდე ერთი დღით ადრე დედაქალაქის მერიას მშვიდობიანი აქციის ჩატარების ნებართვის გააუქმებას სთხოვს. რითაც, ფაქტობრივად, სიგნალს, მწვანე შუქს „კუდიანებზე ნადირობისთვის“ და „კაც კვლისთვის“ დაგეშილებს აძლევს. რომელთა რაოდენობა, ჩვენდა სავალალოდ, არც ისე მცირე აღმოჩნდა, ხოლო აგრესიულობა არა მხოლო ვერბალური, არამედ ბრუტალურ–ფაშისტური. საპატრიაქრომ მორალური პანიკის მისთვის საჭირო კალაპოტში გადაენაცვლება მოახერხა და პრობლემის პრიმიტიული კონვერტაციაც შესძლო – შიმშილისგან გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძე მუსლიმ ოჯახს მიაკუთვნა, ხელები დაიბანა და მოემზადა ჭეშმარიტი განტევების ვაცების დასასჯელად. მათ არ დაჭირვებიათ „სინოდის“ შეკრება, რათა ლგბტ ადამიანებისთვის სპეციალური დადგენილება გამოეტანათ. არ დაჭირვებიათ მსოფლიო ის კრება, რომელიც საუკუნეების წინ ქალის სხეულში სულის არსებობა/არარსებობაზე სავსებით სერიოზულად მსჯელობდა. განაჩენის გამოსატანად „ჭინჭრის“ ხსენებაც საკმარისი იყო. თუმცა ჭინჭრები კი არა, საბრძოლო იარაღად მუშტები, ტაბურეტები და ქვები გამოიყენეს. 17 მაისს კი ისეთი მდგომარეობა იყო, რომ გაველურებული და წაქეზებული ბრბოს ხელში რომ ჩაეგდო ლგბტ აქტივისტები, რომელთა შორის საკმაო რაოდენობა ქალებიც იყვნენ, გაგლიჯავდნენ, სცემდნენ. თუმცა მერე, ალბათ, იტყოდნენ, ისევე როგორც ერთ ავადსახსენებელ დროს გენერალმა რადიონოვმა ბრძანა, ხალხი ჭეჭყვაში მოყვაო და ერთმანეთი თავად გადათელესო. მართალი გითხრათ, აქ და ამჟამად 1989 წლის აპრილის, 1991 წლის თუ 2007 წლის ნოემბრის და 2011 –ისა თუ 2013 ის მაისს შორის პარალელების გავლებამ შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს, მაგრამ მაინც: 1989 –ის 9 აპრილსა და 2013 წლის 17 მაისს შეუიარაღებელ, მშვიდობიან ადამიანებს უხეშმა, ტოტალიტარულმა, სასტიკმა ფიზიკურმა ძალამ გადაუარა და აჩვენა, ვინაა მონიშნულ ტერიტორიაზე მთავარი ბატონ – პატრონი, ვინაა როგორც რეალური, ასევე სიმბოლური დომინანტი, ვის აქვს ხმის ამოღების უფლება და ვის – სამუდამო დუმილის.

პატრიარქი კი, რომელმაც პოსტფაქტუმ თითქოს დაგმო მის მიერვე წაქეზებული ძალადობა, ბუნებრივია, მის ლომის წილ პასუხიმგებლობას ვერ აირიდებს. არანაკლები პასუხისმგებლობა ენიჭება ობსკურანტულ მედიას, თავისი პოპულარული რუბრიკით: „რას გვეტყვი, მამაო“, სადაც „ექსპერტი“ სრული სეროოზულობითა და ასევე ობსკურანტულობით პასუხობს კითხვას: მიიღებს თუ არა საღმთო მისარგებელს (სასჯელს) ის, ვისაც ხატებს დახურული მინისკარიან კარადაში განათავსებს; წაბილწავს თუ არა ჯვარდაუწერელი ქალი ოთახში ხატებს და აქვს თუ არა მას უფლება იმ ოთახში ტანსაცმელი გაიხადოს და არსებობენ თუ არა მართლმადიდებელი ებრაელები. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საპატრიარქომ ტაქტიკური ომი (იმედია, არა სტრატეგიული) მოიგო, რადგანაც მორალური პანიკის ატეხვით იმ 92 პროცენტს, ვინც მას ნდობას განუცხადა, ვიზუალურად აჩვენა ის, რისი ვიზუალიზაციაც სწორედაც რომ უნდოდა: რომ „ბოროტები“ ძლიერები არ არიან, ისინი გარბიან, იმალებიან, ეშინიათ, გარიყულობაა მათი „სასუფეველი“; რომ ამგვარი ძალადობა სწორედ ის გზაა, რომელიც „ტაძრამდე მიგვიყვანს“. აჩვენა მის „კონკურენტ“ სახელმიწფოსაც, რომელმაც თავად დასვა სასათბურე პირობებში და ობსკურანტ ინსტუტიციასთან სიამტკბილობის საიდუმლო თუ საჯარო სერობების გამართვით „ძველი ევროპელები“ დიდი ნაბიჯებით თეოკრატიისკენ მიმავალ შარაგზას გაუყენა.

                                                                       ***



















საძიებო სისტემა გუგლი მხარს უჭერს ლგბტ ადამიანების უფლებებს

აშშ–ში ანტიჰომოფობურ მოძრაობას თავისი საინტერესო და რთული ისტორია აქვს. ვიდრე 1879 წელს ვირჯინიის შტატში თომას ჯეფერსონის კანონიდან, როცა ჰომოსექსუალ მამაკაცებს კასტრირებდნენ, ხოლო ქალებს – ცხვირის ძგიდეში ნახვრეტს უკეთებდნენ ვიდრე 2012 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ერთსქესიან ქორწინებათა ოფიციალური მხარდაჭერის გაცხადებამდე, რის შესახებაც არაერთხელ დავწერე. პარალელურად სექსუალურ უმცირესობათა მიმართ არსებული საკანონმდებლო ბაზაც და საჯარო თუ არასაჯარო პირებისადმი სოციალური უნარ–ჩვევების სტანდარტებიც შეიცვალა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ე.წ. მაკარტიზმი და მისი მიზეზ–შედეგობრივი კავშირი და ის პერიოდიც, როცა ქვეყნის მტრებად კომუნისტების გარდა ჯარსა და საკანონმდებლო ორგანოებში ლგბტ –ის წარმომადგენლები იძებნებოდნენ, როგორც „ჩანერგილები“. თუმცა მოგვიანებით ისიც კი აღმოჩნდა, რომ თავად სენატორ მაკარტის მიერ შექმნილ კომისიაში სხვათა ჰომოსექსულობას თავად გეიჩინოვნიკები იძიებდნენ.

2010 წლის 19 დეკემბერს აშშ –ის სენატმა 1993 წლის ბრძანებულება გაცხადებულ გეი–ლესბოსელებს აშშ–ის ჯარში მსახურების აკრძალვის შესახებ გააუქმა. პარტიული თუ საზოგადოებრივი აქტვისტების, მედიისა და კანონმდებლების ერთობლივი ინიციატივით კი ინტენსიური მუშაობა ერთსქესინი ქორწინებების დაკანონებაზე დაიწყო. დღეისათვის აშშ–ის 12 შტატში და ინდიელების რეზერვაციებში ერთსქესიანი ქორწინება კანონითაა დაშვებული. თუმცა ეს გახლდათ არა ერთი–ორი წლის, არამედ, ფაქტობრივად, 20 წლის წინააღმდეგობებით სავსე აქტივიზმის შედეგი. სწორედ 1993 წელსვე დაიწყო მოძრაობა ერთსქესიან ქორწინებათა ფორმალური რეგისტრაციისთვის. 1990 წლის 17 მაისს „მსოფლიოს ჯანდაცვის ორანიზაციამ“ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. ამ გადაწყვეტილებას კი გაცილებით ადრე „ამერიკის ფსიაიქტრთა ასოციაციის“ მიერ ჰომოსექსულობის ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ამოღება უძრვოდა. მსოფლიო 2005 წლის 17 მაისს ჰომო/ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. 2005 წლის ზაფხულში სან ფრანცისკოში სწავლისას ძალიან კარგად მახსოვს გეი-აღლუმის დროს ქალაქში დარიგებული ბუკლეტები, სტიკერები და სხვა სახის სარეკლამო კამპანია, რომელიც ქორწინების ლეგალიზებისა და ანტიბუშური კამპანიის სლოგანებით გამოირჩეოდა. ლეგალიზების პროცედურამ ადამიანიებს, რომელებსაც უყვართ ერთმანეთი, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და დაქორწინება გადაწყვიტეს, მათ იმ ეკონომიკური საქმიანობის (ერთობდლივი საბანკო ანგარიში, საოჯახო დაზღვევა, საავადმყოფოში მონახულება და ა.შ.) ერთობლივად ისეთივე წესით წარმოების უფლება მიეცათ, რაც ჰეტეროსექსუალურ წყვილს ქორწინების ოფიციალური გაფორმების შემდეგ. ამაში შედის არა მარტო საბაზისო ფინანსური დამოკიდებულებების თუ პასუხიმგებლობების გაფორმება–გადანაწილება, არამედ ერთობლივად ბავშვის შვილად აყვანის თუ შვილობილობის უფლება, ანდა სუროგატული დედისგან ბავშვის გაჩენის უფლება და ბავშვის საბაზისო უფლება გაიზარდოს ოჯახში, სადაც მას ორი მზრუნველი, ორი მეურვე, ორი მშობელი ეყოლება. რადგანაც ერთობლივად ყოველდღიური რუტინის, ეგზოტიკური ადრენალინის თუ სიხარულის გაზიარების, პრობლემების დაძლევის, ოჯახის შექმნის მოტივი უნდა იყოს არა სქესობრივი განსხვავება, ანდა ლიბოდოსთვის ვექტორის მიმათულების „მეისრეობა“, არამედ სიყვარული, თანაგანცდა, გულშემატკივრობა, პატივისცემა და თავისუფალი არჩევანი, რომელიც არ სცნობს არც კანის ფერს, არც ეთნიკურ თუ რელიგიურ მიკუთვნებულობას, არც სხეულის თუ ამბიციების სიგრძე – სიგანე – წონის პარამეტრებს, არც მოქალაქეობას და არც გარეგნულ მეორადი სქესობრივი ნიშნების პრიმატს. ძალიან უბრალო მიზეზის გამო. რადგანაც სიყვარული არის ღმერთი. როგორც თეოლოგიური, ასევე მხატვრული ტერმინოლოგიით და იგი ჰუმანიზმის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის საბაზისო შემადგენელია.

                                                                   ***













კევინის მშობლები


დაახლოებით 13 წლის წინათ დეივიდ სტიუარტი შემოდგომის ერთ საღამოს ნიუ იორკის ჩელსიში მეტროს მე–14 ქუჩის გაჩერებაზე ჩადიოდა, როცა შესასვლელთან, კუთხეში მიგდებული „თოჯინა“ დაინახა, რომელიც ფეხებს აფართხალებდა, „თოჯინა“ მამრობითი სქესის იყო და სვიტრში იყო გახვეული. დეივიდს ჯერ იგი მოდერნიზებული ტექნოლოგიით შექმნილი პატარა თოჯინა ეგონა, იმდენად ჰგავდა იგი სათამაშოს და იმდენად წარმოუდგენელი იყო ის, რომ ეს თოჯინა ბავშვი შეიძლება ყოფილიყო. ის კი არა, კიბეებზე რამდენჯერმე ავიდ–ჩამოვიდა, სანამ გადაწყვეტდა მიახლოებოდა იმას, რაც უცნაურად ცოცხალ სხეულს ჰგავდა და თან –არ ჰგავდა. შემდეგ სასწრაფოდ პოლიციას დაურეკა, თუმცა მოეჩვენა, რომ პოლიციამ არ დაუჯერა, მოსვლას არც აპირებდა და ამიტომ სახლში თავის შეყვარებულს, პიტერ მერკურიოს დაურეკა და სთხოვა სასწრაფოდ მოსულიყო ამ გაჩერებაზე და თან გზად პოლიციის მანქანა გაეჩერებინა. ამ დროს მეტროში პოლიციაც მივიდა და ერთი დღის პატარა, რომელსაც ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოშორებული, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. 4 თვის განმავლობაში პოლიცია და ამერიკული მედია ბავშვის მშობლებს ეძებდა. უშედეგოდ. შემდეგ სტიუარტი სასამართლოში დაიბარეს, რათა კიდევ ერთხელ მოეყოლა, რა ვითარებაში იპოვა ახალშობილი. და უცებ მოსამართლემ (12 წლის შემდეგ წყვილმა, როცა ნიუ იორკის შტატში ერთსქესიანი ქორიწინება ლეგალური გახდა, სწორედ მას სთხოვა დაექორწინებინა ისინი) ჰკითხა, ხომ არ უნდათ, რომ ნაპოვნი ბავშვი მას და მის ბოიფრენდს ეშვილათ? ეს მოსამართლის მხრიდან გაბედული ნაბიჯი იყო, რადგანაც მაშინ გეი-წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანა რთული იყო და კანონმდებლობითაც ოფიციალურად დაშვებული არ იყო. 36 საათში მეურვეობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია მომზადდა და როცა ბავშვის პოვნიდან 4 თვის შემდეგ დეივიდმა „თოჯინა“ ხელში აიყვანა, ის და პიტერი მიხვდნენ, რომ მას ვეღარასოდეს დაშორდებოდნენ. პატარას კევინი დაარქვეს, რომელიც ახლა 13 წლისაა. დეივიდი და პიტერი კი ამბობენ, რომ ეს ბავშვი მათთვის ბედის საჩუქარი იყო, რომ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, რადგან უკეთესი ადამიანები გახდნენ, რომ კევინი არის ყველაზე საუკეთესო რამ, რაც კი ცხოვრებაში გადახდომიათ და რომ ოჯახში ერთმანეთი მანამ ეყვარებათ, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ.

ია მერკვილაძე
2013.05.22

No comments:

Post a Comment