„მე სიზმრებს ვხედავ, თან HD ხარისხში. ერთხელ საინტერესო ზმანება მესტუმრა. მოცარტს ველაპარაკე,“ – მიყვება მხატვარი ვასილ სამსონია, რომლის ნამუშევრების პრეზენტაცია არტპრომოუშენ კომპანიის Madatart მიერ ჩელსიში, Phoenix Gallery-ში ორგანიზებულ გამოფენაზე გაიმართა. „ვისაუბრეთ საკუთარი თავის ძიების პრობლემებზე… ბოლოს კი ამადეომ მომიგო – იმ მელოდიებს შორის, რაც დედამიწაზე შექმნილა, სიჩუმე ყველაზე კარგი კომპოზიციააო.
ვასილ სამსონია ჯერ მოკრივეობაზე ოცნებობდა, მერე ბიზნესმენი გახდა. ირმოცდაოთხი წლის ასაკში ხატვა დაიწყო და, როგორც თავად ამბობს, აგვისტოს ერთ მშვენიერ ღამეს გაიღვიძა და გადაწყვიტა თავისი სიზმარი ქაღალდზე გადაეტანა.
“მგონია, რომ ყველა ჩემი ნახატი ისტორიის ნაწილია; ამბავია, რომელიც მნახველს აუცილებლად უნდა გავანდო. ხატვის უნარმა ცხოვრება გამიფერადა, ადამიანები უფრო თბილ არსებებად გარდაიქმნენ. მგონია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ბედნიერი იქნება, ამ სამყაროშიც ნაკლები პრობლემა იარსებებს” – ამბობს ვასილ სამსონია.
გამოფენის ორგანიზატორის, მარიტა დამენიას თქმით, ვასილ სამსონიას ნამუშევრების პირველ გამოფენას – “ლაბირინთი” – საკმაო წარმატება ხვდა წილად; მხატვრის ნამუშევრები ძალიან მოეწონათ და ყველას იმის განცდა დაეუფლა, რომ მის ნახატებს, ფიგურებს უკვე იცნობდნენ.
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment