Sunday, July 31, 2016

ნიუ იორკი, MoMA PS1 – თეა ჯორჯაძის ერთ–ერთი გაჩერება მოგზაურობისას




MoMA PS1 (1971), რომელიც არა მარტო ნიუ იორკის, არამედ აშშ–ის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე დიდი არტსივრცეა, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის თეა ჯორჯაძის გამოფენას მასპინძლობს. თეა პირველი ქართველი ხელოვანია, ვისი ნამუშევარიც ნიუ იორკის “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” გამოიფინა. ექსპოზიციის გახსნის დღეს ჯორჯაძის ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ბევრი სხვა სტუმარიც იყო, მათ შორის MoMA PS1 –ის დირექტორიც კლაუს ბიესენბახი. გამოფენა ხუთ თვეს გასტანს.

ექსპოზიციისთვის – “პროექტები 103” რომელიც, ასე ვთქვათ, ორ სართულს მოიცავს, არტისტმა აგურებით შემოსაზღვრული სკულპტურების კოლაჟი შექმნა. იგი იწყება სტელაჟების სისტემით, რომელიც კედელს, ოთახის სივრცეს შემოსაზღვრავს. თითოეული საგანი/მოდული გადიდებულია. თეთრი, სწორკუთხოვანი ყუთები, რომელიც ფანერისგან და საშუალო სიმკვრივის ფიბრული კარდონებისგან შედგება… ზოგიერთი სათავსოს თაროს ჰგავს, ზოგი – საგნის ანარეკლს. ზოგი საგანია, როგორც ასეთი, რომელზეც დადებულია მელნით დალაქავებული აკრილის მინა და ხელით გაკეთებული პლასტირების ფენები ანდა ტილოს საბურველი აქვს შემოხვეული.

სკულპტურები ქმნის სივრცით მოცულობათა პროეცირებას, ამ პროეცირებებს შორის წყვეტა, რომელიც კედელშია ჩაქსოვილი და შემოსაზღვრულია, გამაგრებულია ხელოვანის მიერ არჩეული მასალით – ხე, პლასტმასი, ნაჭერი, მინა, პლასტირი. ეს ერთგვარად წინააღმდეგობრივი მასალაა, ნამუშევრების სამგანზომილებიანი ხარისხი კი შეესაბამება არტისტის მიერ შექმნილ კოლაჟებსა და რელიეფურ სკულპტურებს, რომელშიც გაერთიანებულია ის, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტმა მხატვრებმა შექმნეს – დაიწყეს ჩვეულებრივ საგნებზე ნახატების ზედაპირის დატანა, რითაც ილუსტრირებულ გამოსახულებაზე არსებული ზოგადი წარმოდგენები დაანგრიეს. თეა ჯორჯაძის კოლაჟები განსაკუთრებულია: გიგანტური პალიმფსესტი, ვიზუალური სიცხადე და ნამუშევრის ნაწილების თანდაყოლილი მთლიანობა.

თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა (სიტყვა “კურსდამთავრებული” პირობითია, რადგანაც სამოქალაქო ომის გამო სწავლა შეწყდა) თეა ჯორჯაძემ განათლების მიღება ჰოლანდიასა და გერმანიაში გააგრძელა. მუშაობდა ისეთ სამსახურებში, რომელიც ხელოვნებას არ უკავშირდებოდა და ამგვარად საკუთარ სწავლას აფინანსებდა. მხატვარი, სკულპტორი და ვიდეოარტისტი მუშაობს სამშენებლო მასალით, ისეთით, როგორიცაა პენოპლასტი, ფანერა, ლითონი, ლინოლიუმი. იგი აკეთებს სკულპტურებს, რომელშიც აისახება მოდერნიზმი. მუშაობს ინტუიტურად, ემოციების “გზამკვლევით”, მუშაობს სივრცეზე და სივრცეში, რომელიც “შევსებულია” ბავშვობის დროინდელი მოგონებებით: აივნები, იატაკი, ფანჯრები, შუქ–ჩრდილები, წარსულის არქიტექტურული პეიზაჟები და ინდუსტრიული დიზაინი. “ტრივიალური საგნებისგან” შემდგარი კომპოზიციები უფრო მეტად მოგონებებს, გრძნობებთან მიბმულ მატერიალურ არტეფაქტებს ჰგავს, ვიდრე “სტანდარტულ” სამხატვრო ნამუშევრებს. თავად არ უყვარს თავის ნამუშევრებზე საუბარი, ენის თარგმანს ზედმეტად თვლის, რადგანაც მისთვის ვერბალური წინადადებაც უკვე სკულპტურა, ანუ სივრცეში დროის რეორგანიზაციაა. როგორც თეა ამბობს, “მის ნამუშევრებში კონცეფცია არაა, არამედ იდეაა, რომელიც დაუსრულებელია. სკულპტურის სახელწოდება სკულპტურის ნაწილია და არა მისი ახსნა. მთავარია აჩვენო სივრცე და ის, რაც ამ სივრცეშია”.

„რატომ ხატავ? იმიტომ კი არა, რომ ლამაზია, არამედ იმიტომ, რომ ზრდი საკუთარ თავს” – ამბობს თეა. მისი ერთ–ერთი გამოფენის სკულპტურები კი შთაგონებულია მეთორმეტე საუკუნის აფთიაქით, რომელიც განლაგებულია გამოქვაბულების ქალაქში, ვარძიაში და ამ პროექტისთვის თეამ საქართველოს ისტორიულ – არქიტექტურული ძეგლები მოინახულა. მისი ნამუშევრები, რომელიც სკულპტურული ინსტალაციაა, ფუნქციონალურ საგნებთან, ძველ ავეჯთან მიბმულ ასოციაციებს იწვევს. ჰგავს სამუშაო ესკიზებს, დაუმთავრებელ მაკეტებს ანდა მიტოვებულ შენობებში ნაპოვნ საგნებს, რომელიც დროში დაიკარგა, დაძველდა და მომავალი არა აქვს. გამოფენის ანოტაციაში წერია, რომ “თეა ჯორჯაძე ხშირად მიმართავს თავისი წარმოშობის ქვეყნის ხალხურ ტრადიციებს. იგი იხსენებს მის საძილე ოთახში, კედელზე ჩამოკიდებულ პლაკატს, რომელზეც აფთიაქია გამოსახული. მას ბოტანიკოსი ბაბუა ეხმარებოდა, რათა თეას სხვა მსგავსი ადგილის იდენტიფიცირება გაეკეთებინა. ოჯახურ ცოდნაში გახვეულმა აფთიაქმა მას აჩვენა, თუ როგორ გარდაიქმნება ფაქტი და ფანტაზია თხრობასა და მოგონებაში. გალერეის განსაკუთრებული არქიტექტურისადმი პასუხად მხატვარი ერთხელ აგებული და მიწიქვეშეთში არსებული ნანაგრევების სტრუქტურულ მახასიათებლებს გადათარგმნის დიდ სტელაჟებად, რომელიც მინიმალისტური სკულპტურის ფორმებზე და ავეჯზე იხატება”.

გამოფენის ორგანიზატორი, “მომას” ფერწერისა და სკულპტურის დეპარტამენტის კურატორის ასისტენტი პაულინა პობოჩა ამბობს, რომ თეა ჯორჯაძის ნამუშევრებს წლებია დიდ საერთაშორისო გამოფენებზე აკვირდება; ძალიან მოსწონს არა მხოლოდ თეას ნამუშევრები, არამედ თავად მხატვართან მუშაობაც. „თეა ერთი წლის წინათ ჩამოვიდა ნიუ იორკში და ჩვენ გამოფენისთვის სივრცეს ერთად ვეძებდით – ამბობს პაულინა, – მომწონს ის მისტერია და ის ტემპერატურა, რაც ამ სივრცეში მის საგნებს შემოაქვს; მომწონს ის, რასაც აქ ვხედავ. გამოფენა არტისტის ექსპერიმენტსა და სივრცისადმი მის მგრძნობელობას კარგად მოერგო. ჩვენ ახლა სადრაფში ვდგავართ, ზევით კი მაღალი ჭერია, საიდანაც მზეს სინათლე შემოაქვს. ექსპოზიცია მთლიანისა და ამავე დროს კასკადირების განცდას ბადებს. მტვრევადი და ნატურალური სიგნებისგან შემდგარი ინსტალაცია და მათი ანარეკლები ბევრ რამეს გახსენებს. ვიცი, რომ თეას შთაგონება მისი ბავშვობისდროინდელი ოთახი და, ვარძიაა. ვარძიაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მხატვრის ეს ნამუშევრები მასზე მაფიქრებს”.

თეა ჯორჯაძემ კი კითხვაზე, თუ რაა მისთვის ეს გამოფენა, მიპასუხა: “ჩემი მოგზაურობის ერთ–ერთი გაჩერება”.





























































05.07.2016
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment