შარშან ნოემბერში, ერთ მშვენიერ საღამოს, ისთ ვილიჯში მდებარე ქართულ რესტორანში “წითელი კომპასი”, ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, საქართველოსთან დაახლოებული ექვსი ქვეყნის (თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ალჟირი, კოლუმბია, ბარბადოსი) კონსულმა ქართული ღვინო, კერძოდ კი, დაღვინების პროცესში მყოფი “მერლო” ერთად დაწურა და დასაღვინებლად მოამზადა. ამ ღვინოს ბოთლებში აპრილში ჩამოასხამენ. კონსულებს ღვინო ძალიან მოეწონათ და ჩამოსხმის პროცესზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს. ამ “ღვინისძიების” ინიციატორი კი გახლდათ ქართველი მეღვინე, ბიზნესმენი ერეკლე ხაზიური, რომელმაც 2015 წელს იტალიელ პარტნიორთან, ასევე მეღვინესთან მეთ ბალდასანოსთან (ერეკლემ იგი მეგობრის მეშვეობით გაიცნო) ერთად მცირე საწარმო – “ღვინის კლუბი” მანჰეტენზე, ისთ ვილიჯში დაარსა. ნიუ იორკის ეს უბანი კლუბებით, ბარებითა და სხვა გასართობი დაწესებულებების სიმრავლითაა ცნობილი და იმითაც, რომ ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში დიდი ვაშლის ქალაქში სწორედ ეს ადგილი იყო მეგაპოლისის კულტურტრიგერი.
ერეკლე ხაზიური მიყვება, რომ “ღვინის კლუბში” ამჟამად სამოცდაათი წევრია გაერთიანებული. ცხადია, თითოეულ მათგანს ღვინო უყვარს, მისი ფერმენტაციისა და ჩამოსხმის პროცესი აინტერესებს; ღვინის დაწურვასა და ჩამოსხმაში უშუალოდ მონაწილეობს, ესწრება დეგუსტაციებსა და თავადაც აგემოვნებს. “ღვინის კლუბის” წევრობა კი ნებისმიერს შეუძლია; იმას, ვინც იცის კარგი ღვინის ფასი, სურვილი აქვს გაეცნოს ღვინის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განვითარებას; დაღვინების–დაძველების პროცესები საკუთარი თვალით ნახოს და, რაც მთავარია, აღნიშნულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა მიიღოს. “ღვინის კლუბში” საწევრო გადასახადი არაა, უბრალოდ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გარკვეული თანხაა საჭირო.
“ღვინოს მხოლოდ ქართული ტექნოლოგიით ვაწარმოებთ, ფერმენტაცია – საფუარების გარეშე, ყურძენი კი “ნაპა” და “თრეისი ფოოთ ჰილს” ველიდანაა (კალიფორნია), ბარისაა, ორგანულად სუფთა, შემოდგომაზე დაწურული. “გაზაფხულის ღვინო” კი სამხრეთ აფრიკისა და ჩილეს ყურძნისგან იქმნება” – ამბობს ერეკლე.
“წარმოებული ღვინო იყიდება კლუბის წევრებზე და კერძო შემკვეთებზე. მაგალითად, სპეციალური ეტიკეტით ვასხამთ საავტომობილო კორპორაციისთვის “აუდი მანჰეტენი”, ასევე ვმუშაობთ რამდენიმე ივენთ – კომპანიისთვის. გარდა ამისა შეკვეთის მიხედვით სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ღვინო მზადდება ბოთლზე სპეციალური ეტიკეტით, მისი ფასი კი 18 –დან 30 დოლარამდე მერყეობს. ვაწარმოებთ შემდეგ ბრენდებს: “მუსკატი”, “ტემპრანილო”, “კაბერნე”, “ბარბერა”, “მერლო”, “მალბეკი” და “შაბლი”. სამომავლოდ იგეგმება ღვინის ბარის გახსნაც, სადაც პრიორიტეტი იქნება აქაური კლიენტებისთვის ქართული ქვევრის ღვინის გაცნობა–პოპულარიზაცია და სამომავლოდ ქვევრის ღვინის წარმოება. ვფიქრობ, რომ საინტერესო ექსპერიმენტი იქნება აქაური ჯიშის ყურძნის ქვევრის ტექნოლოგიით დაწურვა.”
ერეკლე ხაზიური
განათლებით ბიზნეს – ადმინისტრატორმა ერეკლე ხაზიურმა ჯერ კიდევ თექვსმეტი წლის ასაკში თავისი პირველი საქმე – ტურისტული სააგენტო “ჯორჯიან თრეველერს” გახსნა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ტურისტული კრიზისის გამო იგი იძულებული იყო თავისი კომპანია გაეყიდა.
ექვსი წლის შემდეგ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე “კონკაში” მან ღვინის ბარი გახსნა, რომელიც საკმაოდ წარმატებული წამოწყება აღმოჩნდა. “კონკა” იყო საქართველოში პირველი ღვინის ბარი, სადაც მხოლოდ ქართული, ტრადიციული, ქვევრის ღვინო იყიდებოდა და თან მომსახურე პერსონალი თოთოეულ ღვინოს შესაბამის ქართულ კერძებს უსადაგებდა. აქ სტუმარს სასმელი 97 დასახელების ღვინისგან შეეძლო შეერჩია, მისი დამფუძნებელი კომპანია “ეთნო გრუფი” კი “ბრიტანეთის სავაჭრო პალატის” წევრი გახდა. “კონკას” პირველი აღიარება და “ფაბლისიტი” 2015 წელს გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულმა სტატიამ მოუტანა. ცნობილი მოგზაური, მწერალი და ჟურნალისტი რობინ ეკჰარდტი წერდა, რომ ღვინის ბარი “კონკა”, მსოფლიოში 52 საუკეთესო ლოკაციათა შორისაა, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ჰოდა, “კონკა” 25–ე ადგილზე მოხვდა.
“2015 წელს საცხოვრებლად ნიუ იორკში გადმოვედი. ემიგრაციის ძირითადი მიზეზი იყო საქართველოში ასრებული არასტაბილური ბიზნეს-გარემო”,- მიყვება ერეკლე.
– ნიუ იორკში ქართული ღვინო არაერთ ბარ–რესტორნის მენიუშია. თქვენი კომპანია ამგვარი, თუნდაც მცირე, კონკურენციის პირობებში, თავს როგორ გრძნობს?
– ჩვენი ღვინო არის ორგანულად სუფთა და არ არის ქართული ყურძნისგან დამზადებული. უბრალოდ ფერმენტაციის პროცესში ქართულ ტექნოლოგიას ვიყენებთ. ჩვენი მუშაობის სპეციფიკა განსხვავდება სხვა ქართული თუ არაქართული ღვინის წარმოებისგან. ჩვენ კონკურენტად არ მიგვაჩნია სხვა კომპანიები, რომელთა პროდუქტის დისტრიბუცია ნიუ იორკში აგრესიული მარკეტინგის ფონზე ხდება. ამჟამად, ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკურენცია ძალიან დაბალია, რაც ამ ეტაპზე “ღვინის კლუბს” ზრდის სწრაფ საშუალებას აძლევს. ჩვენ გვყავს რამდენიმე კონკურენტი, რომელიც აწარმოებს ყურძნის ღვინოს საკუთარი ღვინის ბარში და შემდგომ იქვე ჰყიდის. ჩვენი ბიზნესის ხიბლი და ინოვაცია კი ის არის, რომ ღვინო კეთდება ქართული ტექნოლოგიის მაქსიმალური გათვალისწინებითა და ორგანულად სუფთა ფერმენტაციით. აქედან გამომდინარე, ჯერ–ჯერობით მანჰეტენზე ჩვენ კონკურენტი არ გვყავს. ჩემი სურვილია გაიხსნას ღვინის ბარი, რომელსაც შემეცნებითი დატვირთვაც ექნება და სადაც ადგილზევე მოხდება წარმოებაც; დაინტერესებულ მომხმარებელს დეგუსტაციის დროს ჩვენს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გავუზიარებთ და ეს, ცხადია, ქართულ პროდუქტის ცნობადობასა და მასზე მოთხოვნას გაზრდის.
– ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაციისთვის რა პირობებია საჭირო?
– აშშ–ში მაქსიმალურად ბევრი რეკლამა, “თეისთინგი” და ახალი პიარტექნოლოგები უნდა გამოვიყენოთ. ამერიკელი მომხმარებელი უნდა გაოცდეს ქართული ღვინის მრავალფეროვნებითა და ხარისხით, ასევე აუცილებელია ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია და მომხმარებლისთვის მისი სწორი მიწოდება. ამერიკა, კერძოდ კი ნიუ იორკის შტატი განსხვავდება ევროპული თუ რუსული ბაზრებისგან. აქ ელემენტარული ნიუანსებიც გასათვალისწინებელია. მაგალითად, თუნდაც ის, რომ ამერიკელებმა ზოგჯერ არ იციან საქართველო ქვეყანაა თუ მათივე შტატი. ვფიქრობ, რომ საქართველოს პოპულარიზაციაში უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ქართველი ემიგრანტები ევროპასა და რუსეთში გვიცნობენ და შესაბამისად იქ ყველა ჩვენი პროდუქტი კარგად იყიდება. ჩემი ძმა, ცოტნე ხაზიური (კომპანია “ჯორჯიან პროდაქთ”) ღვინის, ჩურჩხელისა და ჩირის ბერლინში იმპორტზე მუშაობს და მისი თქმით, იქ უფრო მარტივია მუშაობა იმის გამო, რომ გერმანელები საქართველოსა და ქართულ პროდუქციას უკვე იცნობენ. ჩემი აზრით, აშშ–ში არც რუსული და არც სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილება არ გამოგვადგება.
ამერიკაში ძირითადად მოთხოვნა არის პროდუქტის მაქსიმალურად მაღალ ხარისხსა და მისაღებ ფასზე. მანჰეტენი კი ყველაზე კარგი ადგილია ქართული ღვინის გასაპიარებლად. ქართული ღვინო უკვე ფეხს იკიდება მსოფლიო ბაზარზე და საკმაოდ წარმატებითაც. მთავარია, საქართველოში საექსპორტო პროდუქტზე კონტროლი დაწესდეს და იტალიის, საფრანგეთისა და ჰოლადიის მსგავსად სამამულო პროდუქტის პოპულარიზაცია სწორედ სახელმწიფოს ინტერესში შედიოდეს.
– მაგალითად, ნიუ იორკში თუნდაც ქართული ღვინის ცენტრის დაარსებისთვის რაა საჭირო?
– დასაწყისისთვის 150 000 დოლარიდან 200 000-მდე. ბარ-რესტორნები ადამიანებისთვის მოსახერხებელი ადგილას უნდა იყოს განთავსებული. აუცილებელია მნიშვნელოვან სიმპოზიუმებსა თუ დეგუსტაციებში ქართული ბრენდების აქტიური მონაწილეობა. ეს ის ღონისძიებებია, რომელიც შეძლებისდაგვარად “ღვინის ეროვნული სააგენტოსა” და აქაური იმპორტიორების ძალისხმევით ხორციელდება. თბილისში “ღვინის ეროვნული სააგენტოს” საკმაოდ კომპეტენტური და ინოვატორი მენეჯმენტი ჰყავს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საზღვრებს გარეთ ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება. ჩემი მხრივ, მე მზად ვარ ამგვარ პროექტებში ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ჩავერთო.
მთავარ ფოტოზე: კონსულები ღვინის დაწურვისას “წითელ კომპასში“.
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment