ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გაცნობის ტრადიცია დიდი ხანია არსებობს. ამას წინათ, საკონსულოს შენობაში მხატვარ ლადო ფოჩხუას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – „წიგნი ახალი არისტოკრატიისთვის” გაიმართა. სოხუმიდან დევნილი, თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული არტისტი ახლა ნიუ იორკში ცხოვრობს, მისმა ნამუშევრებმა პრაღაში, ბუდაპეშტში, ლაიპციგში, თბილისში იმოგზაურეს და, ცხადია, დიდი ვაშლის ქალაქშიც.
ლადო ფოჩხუას ბოლო ხუთი წლის მნიშვნელოვანი გამოფენების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ოთხი წლის წინათ საქართველოს ეროვნულ გალერეაში – პერსონალური ექსპოზიცია. იგი თანამედროვე მხატვრებს შორის პირველია, ვინც ეროვნული გალერეის კედლებზე გამოიფინა; მერე ბაზრობა – „არტ–დუბაი”. იქ ლადო თბილისურმა გალერეამ – „პოპიაშვილი/გვაბარიძე” – წარადგინა. შემდეგ ქართული პროექტი “არტ ბითი” (Project ArtBeat); ბაზელში გამართული ბაზრობა “არტ – ვოლტა” და ასევე, აშშ–ის ტერიტორიაზე რამდენიმე გამოფენა.
„როცა სერიაზე – „წიგნი ახალი არისტოკრატიისთვის“ – დავიწყე მუშაობა, ისე ჩანდა, თითქოს, პროექტი ძალაუფლების მქონე იმ ხალხზე შექმნილი სატირული სკეჩების ალბომით შემოიფარგლებოდა, რომელთა ცხოვრება საკუთარ პომპეზურ მოკაზმულობასა და კოსტიუმებამდე დაიყვანება“ – მიყვება ლადო, „– ჩემი ამოსავალი წერტილი ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის „იმპერატორის ახალი სამოსის“ შესახებ თეორიის გადასინჯვა იყო, რისთვისაც დავსვი შეკითხვა: რა მოხდებოდა თუ შიშველი იმპერატორის ნაცვლად ძალაუფლების სიმბოლოდ მხოლოდ მისი კოსტიუმი აღიქმებოდა?“
ლადო ფოჩხუა
– დღეს ქვეყნისთვის, რომელსაც მეფე არასოდეს ჰყოლია, ეს თემა რამდენად აქტუალურია?
– „წიგნი ახალი არისტოკრატიისთვის”, როგორც დროებითი პროექტი, მოგვიანებით, ჩემი შემოქმედების ძირითად თემად იქცა. დღევანდელი პოლიტიკური რეალობა აშშ-ში ასეთია: ლინკოლნისა და რუზველტის კაბინეტები ეგზისტენციალური სიცარიელემ მოიცვა. ძალაუფლების საზარელი ტრანსფორმაცია კი მე, მხატვარს, მუშაობის გაგრძელებისკენ მიბიძგებს. ყოველთვის, როდესაც მგონია, რომ ჩემი აღმოჩენა ე.წ. „ახალი მდიდრების“ (Nouveau Riche) ცარიელი კოსტიუმების შესახებ უკვე ამოვწურე, მაშინვე ამ სერიების განახლების საჭიროებას ვხედავ. გამოფენისთვის, რომელიც თანამედროვე ძალაუფლების სიცარიელის იდეას ეხება, მსურს სალონის ინტერიერის სიმულაკრის შექმნა, რომლის კედლებზეც წინაპრების სურათები და პორტრეტები გამოიფინება.
– ეს ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია…
– ასაკის მატებასთან ერთად უკეთ ჩანს, თუ რა უნდა აკეთო და როგორ. ასევე ისიც, თუ რა არ უნდა აკეთო, როგორც ცხოვრებაში, ასევე – ხელოვნებაში. არაა საჭირო ზედმეტი ფუსფუსი და ვიღაცის მსახურება. და კიდევ, მეჩვენება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყო წერა – პუბლიცისტიკა და პროზა. როცა სიტყვების მაქმანებისგან ფულს იღებ, ეს ძალიან სასიამოვნო რამაა. გაყიდული სურათი – ჰყიდი ფიზიკურ ობიექტს. როცა ტექსტს ჰყიდი – ჰყიდი ჰაერს. გარდაქმნა ჰაერი და სიტყვები, მაგალითად, სადილად ან ჯინსებად, ფოტოფირად ან ჰოკეის ბილეთად – მართალი გითხრათ, დიდი კმაყოფილების მომგვრელი პროცესია.
– რომელ გალერეებთან მუშაობა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი?
– საკონსულოშიც და „ვოლტაში” მე გალერეამ Project ArtBeat წარმადგინა. იქ მომუშავე ახალგაზრდა და ამბიციურ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. რაც შეეხება საკონსულოში გამართულ გამოფენას: დამეხმარა დამოუკიდებელი კურატორი მარიამ ჩარლტონი და საქართველოს კონსული დიანა ჟღენტი.
– თქვენს ხელოვნებას რომელ სტილთან აიდენტიფიცირებთ?
– ჩემი სტილია პოსტ–მოდერნი. მე არ ვქმნი ახალ „იმიჯებს”, არამედ მინდა შევქმნა ვიზუალური ქსოვილის ახალი შეხამებები; ისეთი, როგორსაც სხვადასხვა, ერთმანეთისგან აბოსლუტურად ჟანრობრივად განსხვავებული მუსიკისგან დი ჯეი ქმნის. იგი ქმნის „ნაერთს”, რომელიც მანამდე არ არსებობდა და ამით ახალი ხმოვანების ავტორი ხდება. ქმნის იმას, რაც განა უბრალოდ არ არსებობს, არამედ თეორიულად თითქოს არც უნდა არსებობდეს. ხატვის დროს ვიყენებ ძველ გრავირებასა და პორტრეტებს. ჩემი მიზანია – სატირა. თუმცა ყველაფერი ძალიან მკაცრი და ზედმეტად ლამაზი გამოდის. რაც, ალბათ, კარგია.
– რატომ სატირა?
– ეს საქართველოში არსებულ არქაულობაზე ჩემეული კომენტარია. უფრო სწორედ, არქულობის ვნებაზე. სასაცილოა, როცა 2017 წლის საქართველოში მონარქიის აღდგენაზე მსჯელობენ, არისტოკრატული წარმომავლობით თავს იწონებენ და გვარის „გაკეთილშობილებას” ცდილობენ.
– თბილისს თქვენი გეგმები უკავშირდება?
– ცხადია, თბილისიც გეგმაშია. იქ ჩემი გამოფენა „ფაბრიკაში“ (2–12 მაისი) გაიმართება; მერე იქნება ბიენალე პეკინში. ასევე რამდენიმე სტატია მხატვრებზე. ასევე რომანზე მუშაობის გაგრძელებაც. მე დაკავებული ადამიანი ვარ, ორი შვილის მამა, რაც თავისთავად უკვე არის სრული დატვირთვით მუშაობის აღმნიშვნელი.
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment