სერიიდან: „შვიდი და მეტი მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ნიუ იორკი“
ნიუ იორკში წინასაახალწლოდ საარაკო სუსხი დადგა. აი, ისეთი, კანს რომ გტკენს, უფრო სწორედ, მგრძნობელობას ნელ–ნელა რომ გიკარგავს და გგონია, რომ სადაცაა თვალებიც გაგეყინება. და საერთოდ, ამ გლობალურ ჟრიამულში აქ და ამჟამად ცნება “ტკივილი” ვერ ეწერება – ისე ყინავს, რომ ვერაფერს გრძნობ. თუმცა რახან შენს გარშემო ქუჩის ანტურაჟი მოძრაობს, ე.ი. ყინულის სვეტად არ გადაიქეცი. მოძრაობის უნარის მნიშვნელობას ასეთ დროს ფიზიკურად გრძნობ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთ ადგილზე გაჩერება ძალიან ცუდი იდეაა. სამაგიეროდ, თბილ ალაგს, მაგალითად, „სტარბაქსში” „გესმის“, როგორ იწყებს მოძრაობას გაყინული სისხლი. რაღაცნაირი გრძნობაა. გაცოცხლების. ამბობენ, რომ ნიუ იორკში ახალ წელს -15 გრადუსი 1976 და კიდევ 1996 –ში იყოო.
ამიტომ ცდილობ ისე შეიფუთო, რომ მხედველობის ორგანოც არ გაგიქვავდეს. ხალხი მოსიარულე წითელცხვირება, ჭრელა–ჭრულა თივის ზვინებს და არც ისე არხეინად მოსეირნე პინგვინებს ჰგავს. რაღაც მანძილს გაირბენენ და მაღაზიაში (როგორ გადავეჩვიე ამ სიტყვას) შევარდებიან, გათბებიან. ანდა გზაში ფეხებს აბაკუნებენ, ხტიან. და ასე – დანიშნულების ადგილებამდე: როკფელერ ცენტრის, ბრაიანტ პარკისა და თაიმს სქვერის შარა–გზებსა და ბილიკებამდე. იმ ადგილებამდე, სადაც დიდი ვაშლის ქალაქის ახალი წელი უნდა მოხდეს. იქამდე თუ მიაღწიე, იქ ისეთი სიმჭიდროვეა, გიბრუნდება, როგორც მედიკოსები ვამბობთ, ვიტალური ნიშან–წყალი.
ნიუ იორკი, რბილად რომ ვთქვათ, ყველაზე უცნაურად ჩაცმული ადამიანების სამოთხეა. აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ, როცა დღისით -3 გრადუსი იყო, ჩემ წინ მიმავალ კაცს დიდი „დუბლიონკა” ეცვა, თავზე მაღალი „ციგეიკის” მსგავსი ქუდი ეხურა, კისერზე სქელი შარფი და ქვევით – საზაფხულო ბრიჯები. აი, მთლად შორტებიც რომ არაა. და ნაჭრის „კედები”. უსიამოვნებისგან შევკრთი. მაგრამ დღეს რაღაც ასეთი ეგზოტიკურები არ მხვდებიან. ე.ი. უნივერსალური, ყოველისმომცველი სიცივე დამდგარა. ჩემ თავსაც ვგულისხმობ. რახან ვიკადრე და თავზე დავიხურე ე.ი. ექსტრემალური გამყინვარება მართლაც დაწყებულა.
ჰოდა, მაინც და მაინც ახლა გადავწყვიტე ფოტოები გადამეღო და ფეხით გამესეირნა თუ ამას სეირნობა ჰქვია.
მედისონზე, მეხუთეზე და ლექსინგტონზე განლაგებულ ბრენდების მაღაზიების ვიტრინებით ვერასოდეს გაიგებ აქ სამოს – სამკაულ – ავეჯ – ტკბილეულ – სასმელის მაღაზია თუ გალერეა– მუზეუმი. ნიუ იორკის „ბუწიკებისა“ და „რეტეილერების“ ფანჯრები განსაკუთრებული ფენომენია. ეს დიდი ვაშლის ქალაქის გლამურის ნაწილი არაა. ესაა ნიუ იორკის სადღესასწაულო რუტინა.
აჰა, ხელთათმანებიდან ხელები ძლივს ამოვიღე და წამში გაწითლებულ–გალურჯებული თითი ტელეფონის ღილაკს მივაჭირე. კარგად არც დავკვირვებივარ, რას ვიღებდი… პირველსავე მაღაზია–გალერეას დავუმიზნე. და ისევ – ოდრი ჰეპბერნი. ნეტა რატომ თვლიან, რომ ოდრის პორტრეტი რომელიმე ფილმიდან, მაგალითად, „ჩემი მშვენიერი ლედიდან” კლიენტის/ტურისტის ყურადღების ისეთივე მუდმივმოქმედი მაგნიტია, როგორიც – ნიუ იორკის აურაცხელ, დიდ და პატარა არტექსპოებზე ენდი უორჰოლის სახის ორდინალური თუ ფანტასმაგორიული ინტერპრეტაციები.
არ შევსულვარ, ოდრის გარედან გადავუღე და ვიგრძენი, რომ ცოტაც და თითები უბრალოდ, მომძვრება.
მანჰეტენის დილაც, დღეც, შებინდებაც და ღამეს ასეთია: ვუდი ალენისეული ნიუ იორკის ლირიზმითა და მსუბუქ – ჯაზურ – ატმოსფერული ინტონაციით. ბრუკლინს ასეთ ოდას ვერ მივუძღვნიდი. ნიუ იორკის ცენტრის ეს აურა მაშინვე ქრება, როგორც კი ხალხმრავალ ადგილს უახლოვდები, სადაც სამართალდამცავები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მინის ბურთის ერთწუთიანი დიდების ცოცხლად ცქერის მოყვარულნი. -15 გრადუს სიცივეში დილიდან რიგში მანიაკის გარდა ვინ დადგება, რათა ამ ბრჭყვიალას გამონათება/ჩამოსრიალებას, ფერად–ფერადი ქაღალდის ნაკუწების გადმოყრას დილიდან ელოდოს და მერე, თუ აისის დადგომას სახლში შეხვდა, ადრენალინმოზღვავებულმა წარმოიდგინოს, როგორ ათვალიერებს მისი შვილიშვილი ბაბუა/ბებიის ფეისბუკის პროფილს და თავისთან აზიარებს სტატუსით WOW – 2017 –წლის 31 დეკემბრის უკანასკნელი და 2018 ის პირველი წამები…
მედისონ ავენიუს „ხაზზე” შემხვდნენ მუდამ ნაღვლიანი ჩარლი ჩაპლინი (ესეც ოდრივით პატარა თუ დიდი გელერეის ატრიბუტია) და ენტონი ჰოპკინსი – რომელიღაც ბრენდის შარფების რეკლამით რაღაცნაირი სექსუალური დენდის, მაგრამ მაინც ჰანიბალ-ლექტერული მზერით.
ნიუ იორკში, სადაც სულაც არაა საჭირო, სწორედ იქ შეხვდები საათების კოლექციას. სადაც აუცილებელია, მაგალითად, მეტროს სადგურებზე ანდა ავტობუსებში – ნურას უკაცრავად. 1900 წელს დასავლეთ ევროპაში ტაურნიუს ოჯახის/ძმების მიერ დაფუძნებული პატარა კომპანია, რომელიც მოგვიანებით ნიუ იორკში გადმოვიდა, ახლა ფუფუნების საგნების, კერძოდ, საათების წარმოება – გაყიდვა – მოდენიზაციითა დაკავებული. იგი ცხრამეტი ქვეყნის დროს შვეიცარული საათის სიზუსტით აჩვენებს.
მანეკენები ნიუ იორკის ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც აქაური ძეგლები. გაისეირნეთ მანჰეტენზე დილის ექვსზე ანდა ღამის პირველზე, როცა დღე–ღამის მიმდინარეობისთვის ჰორიზონტალური მდგომარეობა ყველაზე ადეკვატურია და მიმიხვდებით რასაც ვამბობ. განათებულ ვიტრინებში დაუღალავად მორიგე მანეკენები, ნიუ იორკის კრიმინალურ ყოველდღიურობას თუ გავიხსენებთ, ერთგვარი „ვოტჩდოგები” არიან. ვინ თქვა, რომ ნიუ იორკს არასოდეს სძინავსო. როგორ არა, განსაკუთრებით კვირა საღამოს, როცა ორშაბათს (და სხვა დღეებშიც, ცხადია) ძალიან ადრე უნდა ადგე, რომ ორი ან მეტი საათი მეტროთი იჩაქჩაქო, რათა სამსახურში არ დაგაგვიანდეს. რაც შეეხება ნიუ იორკის მატროს, არ მინდა ხასიათი გაგიფუჭოთ, ამიტომ ამ ჯერზე არც მასზე ვიტყვი რაიმეს და არც ფოტოებს დავდებ.
ბრაიანტ პარკი, რომელიც ქალაქის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს საგანძურს – საჯარო ბიბლიოთეკას ესაზღვრება, 330 წელზე მეტი ხნისაა და რა არ უნახავს, მათ შორის ომებიცა და ამბოხებებიც. ამბობენ, რომ თავად ჯორჯ ვაშინგტონიცო. ახლა ეს მშვიდი, ხალისიანი ტერიტორიაა, რომელიც სამი საუკუნის წინ უდაბნო იყო. მას ჯერ კიდევ მაშინ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა საჯარო სივრცის სტატუსი მიანიჭა. ახლა აქ ტერასა–ბაღია, დიდი მწვანე მინდორი, რომელიც ზამთარში საციგურაო მოედნად გადაიქცევა; სადაც უფასო კინოჩვენებები ეწყობა; სადაც პატარებსა და ზრდასრულებს ცხენების კარუსელი დაატრიალებთ; სადაც შეგიძლიათ უფასოდ ისწავლოთ ფარიკაობა, ტანგო; მოუსმინოთ ათასი ჯურის მქადაგებლებს, აღიარებულ/არაღიარებულ პოეტებს, მუსიკოსებს ანდა უბრალოდ მზის აბაზანები მიიღოთ; ცხელი თავი ცივ შადრევანში (რომელიც შარშან ზამთარში ლამაზად გაიყინა) გაიგრილოთ; ისაუზმოთ–წაიხემსოთ–ისადილოთ–ივახშმოთ ან უბრალოდ დაიძინოთ. წელიწადის ამ დროს აქ ტრადიციული საახალწლო ბაზრობაა. ორმოცდაათი შტატიდან აქ ჩამოდიან პატარ–პატარა სახელოსენოების/ბიზნესების მფლობელები და ჩვეულებრივთან შედარებით, ოდნავ ძვირად ჰყიდიან საქონელს. თუმცა შევაჭრებაც შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ორ–სამზე მეტს იყიდი. ბრაიანტ პარკში ყველაფერს ნახავთ – ვერცხლის მონეტებით შექმნილი სამკაულებიდან დაწყებული ვიდრე – ინდური სტილის კაშნეებამდე.
თორმეტი წელია ამ ბაზრობას ისე ვათვალიერებ, როგორც ხელოვნების ფესტივალს. წელს ჩემთვის სასიამოვნო სიახლე შევნიშნე. ამ ნაკეთობების გალერეაში თავისი ღირსეული ადგილი დამჟავებულმა ბოსტნეულმა დაიკავა. ჩემთვის მჟავე კიტრი, კომბოსტო (ჯონჯოლი აქაურებს არა აქვთ) და ა.შ. ნებისმიერი ნაციონალურ–ეთნიკური სუფრის ყველაზე სასურველი ნაწილია. ჰოდა, ახლა ბრაიანტ პარკშიც იყიდება. მგონი, ჩემი გემოვნება გაითვალისწინეს. დროა, ჩემი დიდი ხნისწინანდელი ჩანაფიქრი – „მჟავეს ბამბანერკა/ასორტი” შევქმნა/დავაპატენტო.
მიკვირს, ამ საშინელ სიცივეში ყინულის მოედანზე „ციგურული ფრიალი” როგორ უნდა მოგინდეს, მაგრამ – ფაქტია. დიდიან–პატარიანად ყველა გამონარნარდა…. ერთადერთი, რაც სიტუაციას ათბობდა, ეს იყოს ყინულის ზედაპირის „ციკლიოვკის” მანქანა, რომელსაც ენერგიით კომპანია „ცხელი შოკოლადი” ამარაგებს. უფრო სწორედ, ხარჯს უფარავს.
ბრაიანტზე ბაზრობის კიოსკებმა გერტრუდა სტეინის სკულპტურა დროებით დაჩრდილა. შვიდ იანვარს ბაზრობას აალაგებენ და ამერიკელი ფემინისტი, მწერალი და კოლექციონერი თავის თანაპარკელებთან – გერმანელ მწერალ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან, მექსიკელ ლიბერალ პოლიტიკოს ბენიტო ხუარეს გარსიასა და ბრაზილიელ ბუნებისმეტყველ პოეტ ხოსე დე ანდრადა ე სილვასთან და სხვებთან ერთად მთელი სიგრძე–სიგანით “სამალავიდან” გამოვა.
ბრაიანტ პარკის ტყუპისცალი ბაზრობა ჩემ საყვარელ ტერიტორიაზე – იუნიონ სქკვერზეც იმართება. ეს ადგილი ნიუ იორკის თეატრალური ხელოვნებისა და პოლიტიკური (მათ შორის, ექსტრემისტული) ცხოვრების ეპიცენტი იყო და არის. ლიტველმა მწერალმა და ანარქისტმა ემა გოლდმანმა 1893 წელს სწორედ აქ წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა „უფასო პური” და სწორედ აქ მოუწოდა ხელისუფლებას ქალებისთვის შობადობის რეგულირების უფლება მიეცათ; აქ იმართება ჭადრაკისა და შაშის ადგილობრივი ჩემპიონატები; უსახლკაროთა კარვებისა და „ბანერების” გამოფენიდან დაწყებული ვიდრე არტისტ რონდა შირერის სკულპტურა – კომპოზიციებით დამთავრებული. აქ ორი ათწლეულის წინ ცხენზე ამხედრებული ჯორჯ ვაშინგტონი ქალთა ფიგურებით იყო გარშემორტმული. ეს ქალები „ქალური საქმით“ იყვნენ დაკავებულნი. რეცხავდნენ, აუთოვებდნენ და ბავშვს კვებავდნენ. მოგინდებოდა ჯორჯისთვის შეგეძახა – „ჰეი, პრეზიდენტო, ჩამობრძანდი მაგ ცხენიდან და ბავშვს პამპერსი გამოუცვალე“.
იუნიონ სქვერზე ისევ დავინახე ქალი – მტრედი. ამ ქალს ასე შევარქვი. მტრედივით აცვია. სიცხე–სიცივეში მოდის, ჯერ იქ შეკრებილ მტრედებს აპურებს, მერე მაჰათმა განდის ძეგლის წინ კიბეებზე ჯდება და ქეჩისგან მტრედის ფორმის თოჯინების კერვას იწყებს. ორიგინალს ხელთნაკეთისგან ვერ გაარჩევ. ასე ზის ლამის მთელი დღე, იღიმის, გვიღიმის და მტრედებს „კერავს”.
ნიუ იორკის დიდი და მდიდარი მაღაზიების ვიტრინები ქალაქის არა მხოლოდ არტცხოვრების კომპონენტი, არამე – ფილოსოფიაცაა. თუ არსებობს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე (ითვლება, რომ იგი როკფელერ ცენტრშია, თუმცა მე მეტროპოლიტენ მუზუმისაც მიყვარს), არსებობს ქალაქის მთავარი განა ფანჯარა/ვიტრინა, არამედ – ფანჯრები/ვიტრინები: Macy’s -ის, Bergdorfgoodman-ის, Lord and Taylor –ის, Saks Fifth Avenue–ს, Tiffany–ის, Bloomingdale –სა და Barmeys–ის. ამათ სადღესასწაულო (არა მხოლოდ საახალწლო) მორთვას მთელი წელი პატარა ბავშვივით ველოდები და ისეთივე თვალებდაჭყეტილი ვუყურებ, როგორც პირველად ფოტოებსა და „იუთუბზე“ გრანდ და ანტილოპას კანიონები ვათვალიერე.
ზოგადად ცნობილია, რომ მანჰეტენის „ლაქშერი” მაღაზიების საფანჯრო პროფილზე მსოფლიოს ნომერ პირველი მუზეუმების/გალერეების თანამშრომლები/კონსულტანტები, ისტორიკოსები, კინოხელოვანები, მუსიკოსები, ბოტანიკოსები, არქიტექტორები, არტკურატორები, დიზაინერები, ცნობილი საწარმოო ბრენდები ზრუნავენ. ვინ მოთვლის დიდი, საშუალო და პატარა მაღაზიების დამაგიპნოზებელ ვიტრინებს და ფანტაზიის ავტორებს, რომლებიც „ჩარჩოებში” ატევენ იმ ხატებს, რომელიც არასოდეს გინახავს, მაგრამ იცოდი, რომ ოდესმე აუცილებლად გამოგეცხადებოდნენ.
ახალ წელს ქალაქი შენობების პირველ სართულებზე მოკალათებულ მხატვრულ ზმანებებს ჰგავს. წელს „მეისის” თემა ასეთი იყო: „სრულყოფილი საჩუქარი ადამიანებს აახლოვებს” (სანტა კლაუსი და მისი საჩუქრები), „ლორდ ენდ ტეილორის” თემა – „საუკეთესო და ყველაზე ნათელი” (თეთრი დათვებით); „ტიფანის” პერსონაჟები ყინულში თევზაობენ (ალბათ, იგულისხმება, რომ ანკესმა ბრილიანტის თვალი უნდა ამოიღოს. რაც დიდი, მით უკეთესი). „ბლუმინგდეილმა“ კი ფაქტობრივად, მაიკლ გრეისის გახმაურებული ფილმის, „უდიდესი შოუმანის“ კადრ–კადრ წარდგინება გამართა და რასთან ერთად? Swarovsky – ის თვლებთან და კინომუსიკასთან ერთად. ჩემთვის, ფილმზე მეტად მაღაზიის ვიტრინები იყო დასამახსოვრებელი. შეიძლება სიცივის ბრალია. „ბარნისმა” კი მხატვარი ძმების ჰაასების (თემა „ჰაასი დღესასწაულებისთვის”) „სოკოს განსაკუთრებულობა” წარადგინა, აი, ისეთი, განა ყვავილებში, არამედ ამ ჭრელა–ჭრულა სოკოებში ჩაკარგვა რომ მოგინდება. გემრიელ ლუკმად მოვიტოვე „საქსის” (თემა „ერთხელ დღესასწაულზე”) მართლაც საოცრება მინისმიღმა სამყარო „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”. აჰა, ვდგავარ, და რამდენადაც ყინვა ამის საშუალებას მაძლევს, თვალებს ვაფახულებ და მეცრემლება. ალბათ, სიცივისგან.
ნიუ იორკის დიდი და მდიდარი მაღაზიების ვიტრინები ქალაქის არა მხოლოდ არტცხოვრების კომპონენტი, არამე – ფილოსოფიაცაა. თუ არსებობს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე (ითვლება, რომ იგი როკფელერ ცენტრშია, თუმცა მე მეტროპოლიტენ მუზუმისაც მიყვარს), არსებობს ქალაქის მთავარი განა ფანჯარა/ვიტრინა, არამედ – ფანჯრები/ვიტრინები: Macy’s -ის, Bergdorfgoodman-ის, Lord and Taylor –ის, Saks Fifth Avenue–ს, Tiffany–ის, Bloomingdale –სა და Barmeys–ის. ამათ სადღესასწაულო (არა მხოლოდ საახალწლო) მორთვას მთელი წელი პატარა ბავშვივით ველოდები და ისეთივე თვალებდაჭყეტილი ვუყურებ, როგორც პირველად ფოტოებსა და „იუთუბზე“ გრანდ და ანტილოპას კანიონები ვათვალიერე.
ზოგადად ცნობილია, რომ მანჰეტენის „ლაქშერი” მაღაზიების საფანჯრო პროფილზე მსოფლიოს ნომერ პირველი მუზეუმების/გალერეების თანამშრომლები/კონსულტანტები, ისტორიკოსები, კინოხელოვანები, მუსიკოსები, ბოტანიკოსები, არქიტექტორები, არტკურატორები, დიზაინერები, ცნობილი საწარმოო ბრენდები ზრუნავენ. ვინ მოთვლის დიდი, საშუალო და პატარა მაღაზიების დამაგიპნოზებელ ვიტრინებს და ფანტაზიის ავტორებს, რომლებიც „ჩარჩოებში” ატევენ იმ ხატებს, რომელიც არასოდეს გინახავს, მაგრამ იცოდი, რომ ოდესმე აუცილებლად გამოგეცხადებოდნენ.
ახალ წელს ქალაქი შენობების პირველ სართულებზე მოკალათებულ მხატვრულ ზმანებებს ჰგავს. წელს „მეისის” თემა ასეთი იყო: „სრულყოფილი საჩუქარი ადამიანებს აახლოვებს” (სანტა კლაუსი და მისი საჩუქრები), „ლორდ ენდ ტეილორის” თემა – „საუკეთესო და ყველაზე ნათელი” (თეთრი დათვებით); „ტიფანის” პერსონაჟები ყინულში თევზაობენ (ალბათ, იგულისხმება, რომ ანკესმა ბრილიანტის თვალი უნდა ამოიღოს. რაც დიდი, მით უკეთესი). „ბლუმინგდეილმა“ კი ფაქტობრივად, მაიკლ გრეისის გახმაურებული ფილმის, „უდიდესი შოუმანის“ კადრ–კადრ წარდგინება გამართა და რასთან ერთად? Swarovsky – ის თვლებთან და კინომუსიკასთან ერთად. ჩემთვის, ფილმზე მეტად მაღაზიის ვიტრინები იყო დასამახსოვრებელი. შეიძლება სიცივის ბრალია. „ბარნისმა” კი მხატვარი ძმების ჰაასების (თემა „ჰაასი დღესასწაულებისთვის”) „სოკოს განსაკუთრებულობა” წარადგინა, აი, ისეთი, განა ყვავილებში, არამედ ამ ჭრელა–ჭრულა სოკოებში ჩაკარგვა რომ მოგინდება. გემრიელ ლუკმად მოვიტოვე „საქსის” (თემა „ერთხელ დღესასწაულზე”) მართლაც საოცრება მინისმიღმა სამყარო „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”. აჰა, ვდგავარ, და რამდენადაც ყინვა ამის საშუალებას მაძლევს, თვალებს ვაფახულებ და მეცრემლება. ალბათ, სიცივისგან.
სანამ მე ჯუჯებს დავემშვიდობე და „საქსის” მარცხენა კედელთან შევუხვიე, სადაც მანეკენს სამოსის ცნობილი ბრენდების ნამუშევარი (აი, „კაბასაც” ვერ ვუწოდებ. ნამუშევარი. მეტიც. ან როგორც აქ ამბობენ Masterpiece) ადამიანების წყალობის მოიმედე სუფთად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი მოვიდა ამ დიდ ვიტრინასთან, დიდ კარდონზე თავისი სიღარიბის „მოკლე ისტორია” მიაყუდა…რაღაც დაიფინა და „მოკალათდა”. ასე ზიან ხოლმე, მოკუნტულები, თვალებზე კაპიშონჩამოფხატულები… ხედავ კიდეც და უკვე ვეღარც ხედავ… არც მათ აიტერესებთ შენი სახე–განწყობა და არც არაფერი. ნეტა ამ კაცმა თუ იცის, რომ დღეს ახალი წელია…
აქა–იქ ზანზალაკებიანი მოხალისეები „ჯინგლ–ბელს” უკრავენ და უსახლკაროთათვის ფულის შეგროვებას გვთხოვენ. შარშან უფრო მეტნი იყვნენ, წელს კი – კანტი–კუნტად.
აქა–იქ ზანზალაკებიანი მოხალისეები „ჯინგლ–ბელს” უკრავენ და უსახლკაროთათვის ფულის შეგროვებას გვთხოვენ. შარშან უფრო მეტნი იყვნენ, წელს კი – კანტი–კუნტად.
როკფელერ პლაზა გაეროსავითაა, ყველა ქვეყნის დროშებითაა გარშემორტმული. რამდენიმე წლის წინ საქართველოს დროშა ვერ ვიპოვე და გული დამწყდა. წელს ქვეყნის დროშების მაგივრად ვერცლისფერი ნაჭრები ხმაურიანად ფრიალებენ. სანამ ვერცხლისფერ ანგელოზებს მივუახლოვდებოდი, რომ გადამეღო, ჩემმა ტელეფონმა დარეკა – საქართველოდან ჩემები მირეკავდნენ. „გოდივას” შოკოლადის მაღაზიასთან გავჩერდი, რომ მეპასუხა. მაგრამ სიტყვის წარმოთქმა გამიჭირდა. ჩემებს ძლივს გავაგებინე, რომ ისე ყინავს, ვერ ვლაპარაკობ და მოგვიანებით დაგიკერავთ-მეთქი. და ვხედავ, რომ ზუსტად ჩემ წინ ვიტრინის იქეთ, შოკოლადებთან, სხვა დროშებთან ერთად საქართველოს პაწაწკინტელა დროშა დგას.
ვერ ვიტყვი, რომ „დედამიწის ჭიპი” „თაიმს სქვერი“ მიყვარს. კი, დრო აქ კი ჩერდება, მაგრამ ჩემში ყოველთვის მორევის ასოციაციას იწვევს. თითქოს გაქრობს და თან უკვალოდ. ერთხელ, 2009 – ში მამა და მე კარგა გვარიან თოვლში თაიმს სქვერზე ვსეირნობდით. ბარაქიანად ბარდნიდა და თან საშინლად ციოდა. ვიღაც გოგონამ გაგვაჩერა და გვკითხა – ვეწეოდით თუ არა. ვუპასუხეთ, რომ არა. მაშინ ორი წუთს წაგართმევთო, ანტინიკოტინური კომპანიის საზოგადოებრივი კამპანიის პროექტის წარმომადგენელი ვარ, ფოტოს გადაგიღებთ და მერე თაიმს სქვერის ყველაზე მაღალ ცათამბჯენზე დამონტაჟებულ ეკრანზე გამოჩნდებითო. ოკ – მეთქი, ოდნავი ეჭვით ვუპასუხე. თუმცა ასეთ ამინდში რომ არა სოციალური „ბიზნესი”, ვინ შეგვაყოვნებდა ფოტოები გადაგვიღო. ორ–სამ ღილაკს დააჭირა და „ესეც ასეო”– გამოგვიცხადა. მერე თითით ზევით, რომელიღაცა შენობის ლამის მწვერვალზე მიგვითითა და თან ორი სავიზიტო ბარათი მოგვცა, რომელზეც Quit Smoking და რაღაც ციფრები ეწერა. გვითხრა, რომ ესაა ჩვენი პერსონალური ნომრები, რომლითაც ამ ორგანიზაციის ვებზე ჩვენი ფოტოები შეიძლება გვენახა. დავხედე ბარათს და მერე ზევით ავიხედე. ჩემი და მოგვიანებით მამის ფოტოც გამოჩნდა, თითოეულის ფოტო ასე ერთ–ერთი წუთი შეყოვნდა და გაქრა. მე და მამა კი მაინც ზევით ვიყურებოდით. ეკრანზე ადამიანების სახეები ერთმანეთს ცვლიდნენ… ჩვენ თვალებზე გვათოვდა და მაინც ცას ვუყურებდით. ის გოგონა კი იდგა, იცინოდა და მადლობას გვიხდიდა. რაღაცნაირი შეგრძნება იყო, თითქოს სხეულიდან გამოხვედი, ზევით გადაადგილდი და მერე ისეც დაფრინდი. ახლაც მაქვს შენახული ის ბარათები. მამა აღარაა ცოცხალი და მე კი უკვე უხმოდ გვერდს ვუვლი ათასგვარი კომპანიების კამპანიების წარმომადგენლებსა და მათ ბუკლეტებიან, წინგამოშვერილ ხელებს. ერთხელ უკვე დავხედე დროში დაკარგულ ადამიანებს იმ სიმაღლიდან, რომელიც აბსოლუტური არაა, მაგრამ თავისუფალი ვარდნის შეგრძნებისთვის საკმარისია.
თაიმს სქვერი სასწრაფოდ გავიარე. ქალაქის პოლიციას ისედაც გადაკეტილი აქვს ყველაფერი და თან ყოველ წამს გვაფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. ამ დღემ რომ მშვიდობიანად ჩაიაროს, ნიუ იორკმა ლამის საქართველოს რამდენიმე დიდი ქალაქის ერთი წლის ბიუჯეტი ერთ ღამეში დახარჯა. ფოტოები ტრამპსა და მიქალანჯელოს ცათამბჯენებზე გადავუღე. ერთ სივრცეში ორივე აქაური ჩვეულებრივი მეტაფიზიკაა და არაფერი განსაკუთრებული. ორივეს არსებობისთვის რეკლამაა საჭირო. ტრამპის ფოტოს მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა ეწერებოდა. ეს კაცი თეთრ სახლსა და ტელევიზორ–ტვიტერში ცხოვრობს, მიქელანჯელოს შედევრები კი მეტროპოლიტენ მუზეუმშია წარწერით: „მიქელანჯელო: ღვთაებრივი მხაზველი და დიზაინერი”. რამდენიმე კვირის წინ და ვინჩისაც გავეცანი ამავე მუზეუმის ექსპოზიციაში „ლეონარდოდან მატისამდე”. მისი ლომი ვნახე. პატარა ოთკუთხა ქაღალდზე ფანქრით ცხოველთა მეფის მკრთალი კონტური ძლივს დაიმზირებოდა. არც არავინ მიაქცევდა ყურადღებას, რომ არა მარჯვნივ, მოკრძალებით მიწერილი ავტორი და თარიღი.
ორმოცდამეორე ქუჩის მეტროში, „ბას ტერმინალის” გაჩერებაზე შევყვინთე. ახალ წლამდე ექვსი საათი რჩებოდა. მეგობრებთან მიმეჩქარებოდა. უცებ შევნიშნე დიდი დარბაზი, სადაც საოცრად ჭყეტელაფერებიანი, დაგრეხილი კამფეტებისგან „აშენებული“ ფიგურები ჩამწკვრივებულიყვნენ. ფრანგმა არტისტმა ლაურენს ჯენკელმა მაშინვე დამიწყო თავისი ამბების მოყოლა, როგორ დაებადა დაგრეხილი კამფეტებისგან მინის ფიგურების კეთების იდეა. ერთ მშვენიერ დღეს კარამელები გაზქურაში შევდე, რაიმე განსახვავებული გემოს ტკბილეულის გაკეთება მინდოდა, დადნა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს იყო სამყაროს მითითება, რა უნდა მეკეთებინაო. გიჟსა და არასერიოზულს მიწოდებდნენ და, აჰა… უკვე მანჰეტენის ცენტრში ამოდენა გამოფენაც გავმართეო. ქალაქის მერს კი პირადად მოუწვევია. მეჩქარება-მეთქი, ვეუბნები, ის კი ტელეფონს მთხოვს და ამ მინის ტკბილეულობის შექმნის ისტორიას მიგზავნის… ახალ წელს ვულოცავ, ფოტოს ვიღებთ და მინდა ვუთხრა, რომ ასე თბილად და ტკვილად დაბერდეს, როგორიც ეს კამფეტებია, მაგრამ მაშინვე შიდაცენზურა მერთვება, რადგანაც ამგვარი სიტყვათაშეთანხმება არასწორად შეიძლება იყოს გაგებული, ახსნა–განმარტებების დრო კი აღარ მრჩება.
მიწისქვეშ მეტროში კრიშნაიტები სხედან და ზანზალაკების ჟღარუნით „ჰარე–ჰარე კრიშნას” მღერიან. გავჩერდი, ფოტო გადავუღე. მაშინვე ჯგუფს მაღალი კაცი გამოეყო და ლამის მატარებლის ბაქანამდე მიმაცილა. თქვენი ჩანთა ინდური ხომ არაა და რომელი ქვეყნიდან ხართო. ინდოელს ძალიან ჰგავხართო. მადლობა გადავუხადე. მაშინვე წიგნი მომაწოდა პრიალა ყდაზე ბუდათი თუ შივათი, ბრაჰმათი თუ ვიშნუთი. ვერ ვერკვევი. გჩუქნითო, მაგრამ „დონეიშენი” მოგვეციო… დაახლოებით რამდენი –მეთქი და ახალი წელი მივულოცე. ასე ოციდან ოცდაათ დოლარამდეო. ან რამდენიც გინდაო. ოჰო, გავიფიქრე კრიშნა –კრიშნა უძახე და რა ოსტატურად– მარკეტინგულად სინდისზე შეგდება სცოდნია.
იქეთ ვიღაც კავარადოსის არიას მღერის. ჩვენთან იტყოდნენ, რომ „ნამეტანი იჭაჭება”, თან ისე, რომ პუჩინი საფლავში მრავალჯერ გადაბრუნდა.
აქეთ კი ბიტლომანები ბოლო ხმაზე ლენონისა და ონოს Happy Christmas–ს გაჰყვირიან. War Is Over –ს ტაქტში ვერ ამთხვევენ, თუმცა, მართალი გითხრათ, ამ სიმღერაში ყველაზე მეტად ჰარლემის ბავშვების სათემო გუნდის არამწყობრი „ბექ“ ფონი” War Is Over მიყვარს. მხატვრული უგერგილობით, ოდნავი რეჩიტიტავითა და „ოჩაფეხება“ ხმებით.
War Is Over, If You Want It
War Is Over, Aaa Aaa
ია მერკვილაძის ფოტოები.
ნეტგაზეთი.ge
No comments:
Post a Comment